ყველაფერს ვაკეთებთ აუტკივარი თავის ასატკივებლად

თანამედროვე ქართული ყოფის შემყურეს ერთი ძველი უცხოური ფილმი გამახსენდა, რომლის არც სათაური მახსოვს და არც მთავარი გმირების სახელები, მაგრამ მახსოვს შინაარსი — მთავარ გმირს საყინულეში დებენ და 100 წლის შემდეგ საყინულედან გამოტანილს ალღვობენ. ყინულოვანი სამყაროდან სააქაოს დაბრუნებული გმირი იწყებს ცხოვრებას, გაოცებული უყურებს სამყაროს, ესოდენ განსხვავებულს ძველისგან — საყინულეში განთავსების დღისგან.

საყინულედან გამოტანილს მაგონებს დღევანდელი საქართველო თავისი პოლიტიკოსებით, ხელისუფლება—ოპოზიციით, არასამთავრობო ორგანიზაციებით, ე.წ. ინტელიგენციით, საზოგადოებით და რაც მთავარია კოლექტიური აზროვნებით.

მკითხველი შემედავება — კოლექტიური აზროვნება არ არსებობსო. თუ ასეთს ჰქონდა ადგილი საბჭოთა კავშირის დროს იყოო და ა.შ. — იმ კავშირის ლანძღვითა და გინებით.

ვერ დაგეთანხმებით, ვინაიდან რასაც თანამედროვე საქართველოში ვხედავ და ვისმენ კოლექტიური აზროვნებაა, უფრო სწორად კოლექტიური უმეცრება, მას აზროვნებასთან არავითარი კავშირი არ აქვს.

ეს, უფრო სხვათა მიერ ჩაძახილის, ამოძახილია — ვითარცა ჭურიდან ამოსული ექო. შორიდან ჩაგვძახიან და საქართველოც, როგორც კოლექტივი — ერთ გუნდად შეკრული, ამოიძახებს იმ შორებელის საამებელს.

ამ ჩაძახება-ამოძახებას 30 წელი შევალიეთ — სრულ იზოლაციაში სხვებისგან, განსაკუთრებით მეზობლებისგან — ერთ წერტილს, ჰორიზონტს იქით უსასრულობასა და გაურკვევლობის ბურუსით მოსილს მიშტერებულებმა.

საქართველომ არ იცის რით და როგორ ცხოვრობს მის საზღვრებთან მდებარე ქვეყნები. არც აინტერესებს — მძიმე სოციალური ყოფით ტვინდამძიმებულს. ძნელია მეზობლის შეხედვა საზომიანი თვალით, როდესაც საკუთრი ორგანიზმი სიცოცხლისთვის აუცილებლის მოპოვებისკენ გკარნახობს. მას პური ჰქვია — თონეში, სახლში, ქარხანაში გამომცხვარი, უბრალო პური, ყოველგვარი თანმხლები მწვადების, ხაშლამების, საცივების, … გარეშე.

„თანმხლებზე“ ოცნება დაშვებულია, მხოლოდ ოცნება. შეხება, დაგემოვნება ბევრისთვის ისეთივე ოცნებაა, როგორც ჰორიზონტს იქიდან გადმოფრქვეული სიკეთე.

საქართველომ არ იცის მისი მეზობლების, მეზობლების და მათი მეზობლების ცხოვრების შესახებ. მას  ჰორიზონტს იქიდან ჩასძახეს — ბევრის ცოდნა ტვინის დამღლელია, გამოსალაყებელია და რომ ამას ადგილი არ ჰქონდეს, უმჯობესია გადამთიელის მიერ შერჩეულის ყურება, მოსმენა, კითხვა.

გადამთიელმა სხვებსაც, სხვა ქვეყნებსაც ჩასძახა — ჩემი რეკომენდაცია ბრძანების ტოლფასია და  გადასინჯვას არ ექვემდებარება — უყოყმანო შესრულებისთვის არის გამიზნულიო და ისინიც ასრულებენ.

ჩვენც და ისინიც საყინულიდან 100 წლის შემდეგ გამოსულებს ვგავართ — არ ვიცით რა ხდება ჩვენი ღობის იქით. ყურმოკრული ტყუილ-მართალით, მეტადრე ტყუილით ვიტვირთავთ თავს.

გადამთიელები, რომ შორიდან, დისტანციურად ვერ მართავენ ქვეყანას (ქვეყნებს), ისტორიისთვის ცნობილი ფაქტია. დიდი თუ მომცრო დამპყრობელი ასეთი პოლიტიკის მიმდევარი იყო. ყველა მათგანმა შეიგნო — დაპყრობილის, დაპყრობილის ხელით მართვა.

დაპყრობილის გამოზრდა და დაპყრობილი უმრავლესობის სამართავად გამწესება თანამედროვე დამპყრობლის ნოვატორული ტვინის ჭყლეტვის ნაყოფი არ არის. ის, ისტორიის ტვინის ჭყლეტვის ნაყოფია — გადამთიელის მიერ მაქსიმალურად შეთვისებულის, თუმცა მანაც შეიტანა საუკუნოვან ისტორიაში ნოვაცია — არასამთავრობო ორგანიზაციების სახით.

ერთის შეხედვით, „არასამთავრობოს“ არავითარი კავშირი არ აქვს ხელისუფლებასთან. ის მოხალისეებისგან უნდა შედგებოდეს, თვითდაფინანსებას უნდა ეყრდნებოდეს — შემოწირულობებს.

რიგი არასამთავრობო ორგანიზაციის ყულაბა კეთილ განწყობასა და ფინანსურ შეშხაპუნებას უმადლის, თუმცა მასთან ერთად სახელმწიფოს ფინანსურ დახმარებასაც ეფუძნება — განსაკუთრებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის, ანუ ბიუჯეტის.

მსგავსი არასამთავრობო ორგანიზაციები საკმაო გავლენითაც სარგებლობენ არა მარტო აშშ-ი, არამედ საზღვარგარეთის ქვეყნებში — იქ გახსნილი ფილიალების წყალობით.

არასამთავრობო ორგანიზაციების სათავო ოფისებში ხელმძღვანელებად და ექსპერტებად, სახელმწიფო ორგანოებში მომუშავე ყოფილი თანამდებობის პირები არიან, საზოგადოებისთვის ცნობილი პიროვნებები, რომელთა მიზანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარებაა, სახელმწიფოს მიერ ჩაფიქრებულის გაჟღერება, ვითომ არასამთავრობო მოხელის და არა სახელმწიფოს მიერ, სახელმწიფო დავალების შესრულება.

თუკი ვინმეს გაუჩნდება ეჭვი ორგანიზაციის მიერ გაჟღერებულში, რომ ეს სახელმწიფოს დავალებაა და არასამთავრობო არაფერ შუაშია —  ის უბრალოდ პირია, რომელმაც თქვა, სახელმწიფო უმალ იტყვის საწინააღმდეგოს — ჩვენ არაფერ შუაში ვართო.

უფრო მარტივად, გასაგებ ენაზე გეტყვით. აშშ-ს ადმინისტრაციის წარმომადგენლები სისტემატურად გვეუბნებიან, რომ არასდროს უთქვამთ საქართველოს ხელისუფლებისთვის რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნის თაობაზე, რაც ცხადია სიცრუეა. მაგრამ დავუშვათ, ასეა. მაშ, ვინ გვითხრა, ვინ გვიჩიჩინა?

ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციების, სხვადასხვა ინსტიტუტების წარმომადგენლებმა, რომლებმაც შეასრულეს სახელმწიფოს დავალება. მათ შორისაა გადამდგარი გენერალი ჰოჯესი, თბილისის ხშირი სტუმარი და ქართული მხარის „მამაშვილურად“ დამრიგებელი — ქართველებო! თუ დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება გსურთ, ახლაა ამის შესანიშნავი პირობებიო.

განუმეორებელი სისულელეებით გამოირჩევა აქაურ-იქაური არასამთავრობო ორგანიზაციები. სისულელეებს რომ თავი დავანებოთ, რაც მათი თანდაყოლილი სენია, მსმენელს, საზოგადოებას ისეთ ინფორმაციას აწვდიან, ინფორმაციულობის ნიშანწყალიც რომ არ აქვს. რაც აქვს — ტყუილი და დეზინფორმაციაა. ერთს, ახლახანს, მანქანის საჭესთან მჯდომმა, მოვუსმინე ე.წ. თავისუფალ რადიოზე —„ რადიო თავისუფლებაზე“.

წამყვანი ჟურანლისტი გელაშვილი ისე ეჭუკჭუკებოდა ერთ-ერთი ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციის ფილიალის წარმომადგენელ ბაბუნაშვილს უკრაინაში მიმდინარე სისხლისმღვრელ ომზე, თითქოს ოსკარის დაჯილდოების ცერემონიალს გადმოსცემდა.

რუსეთი განწირულია, ომს აგებსო — დუეტად გალობდნენ ბულბულები, ოღონდ ყვავის ხმით. არადა, რუსის ჯარი შეტევაზეა გადასული, მინი შეტევაზე, არა ფართომასშტაბიანზე და ნელ-ნელა ათავისუფლებს უკრაინელი ფაშისტების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს.

ორივემ ერთხმად გაიმეორეს რუსეთის ჯარის დანაკლისი, რომელსაც არვინ აცხადებს, ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის უოლესის გარდ — 190000, რაც დასავლელთა სურვილია და არა რეალობა.

უოლესმა, ციფრი უკრაინელი გენერლის ზალუჟნისგან ისესხა, აშშ-ი ვიზიტის დროს ნათქვამიდან, თუმცა იქ 275000 უკრაინულ მსხვერპლზე იყო ლაპარაკი და არა 190000 რუსულზე, თანაც დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცების სტატისტიკა გასული წლის ოქტომბრით თავდებოდა და არა დღევანდელი დღით, როდესაც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, ყოველდღიურ ბრძოლებში საშუალოდ 50-100 უკრაინელი ჯარისკაცი იღუპება.

„რადიო თავისუფლების“ გამომსვლელებმა ხაზგასმით აღნიშნეს რუსეთის ეკონომიკის უმძიმესი კრიზისის თაობაზე. არადა, თვით დასავლური წყაროების მიხედვით, რუსეთს ეკონომიკური სანქციებით ცოტა თუ დააკლდა, მაგრამ რაც შეეხება სანქციების დამწესებლებს — მათი მდგომარეობა, ყველა პარამეტრით სავალალოა.

განსაკუთრებით თვალშისაცემია ინფლაცია, უმუშევრობა, ფასების მატება, ენერგეტიკული კრიზისით  გამოწვეული სოციალური პირობების გაუარესება. აღნიშნულის თაობაზე ისინი ლაპარაკობენ, მაგრამ არა ესენი — აქაური არასამთავრობოები, რომელთაც სურთ თავი მოაჩვენონ დამრიგებლებს მათზე მეტი დასავლურობა.

გელაშვილ-ბაბუნაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებულ კანონპროექტსაც შეეხნენ და ხაზგასმით თქვეს, რომ რუსული კანონის იდენტურია და მას არაფერი აკავშირებს ამერიკულთან.

არადა, ამერიკული, გასული საუკუნის 30-იანი წლების ბოლოს მიღებული, აშკარად გამოირჩევა თავისი სიმკაცრით, ვიდრე რუსული. ქართულ არასამთავრობოებს არ მოსწონთ სიტყვა „აგენტის“ მათზე მიკერება, ვინაიდან მათი გაგებით ეს სიტყვა, რუსული სიტყვა „შპიონ“-თან ასოცირდება. თუ ამ კუთხით შევხედავთ საკითხს, მაშინ საინფორმაციო სააგენტო, საინფორმაციო-„საშპიონო“, ქართულად საჯაშუშო უნდა იყოს.

ქართული არასამთავრობოების საქმიანობა „აგენტის“, „შპიონის“, „ჯაშუშის“ სახელებს რომ იმსახურებს, მათაც კარგად იციან. რა განსხვავებაა ქართულ არასამთავრობოებში დასაქმულებსა და ჯაშუშებს შორის?

ერთიც და მეორეც ძირს უთხრის ქვეყანას, სადაც ისინი მუშაობენ, ამ შემთხვევაში საქართველოს.

არასამთავრობო მრავალი წლის განმავლობაში მუშაობს, მაგალითად „ახალგაზრდა იურისტები“, სხვები. მათ მიერ ქვეყნისთვის მიყენებულ მორალურ ზარალს და არა მარტო მორალურს რა დათვლის?!

ჯაშუშის მუშაობა — მრავალწლიანი და დამაზიანებელი ქვეყნისთვის, შეუძლებელია, ვინაიდან მისი გამოაშკარავება შესაძლებელია დროის მცირე მონაკვეთში. გარდა ამისა, ჯაშუშისთვის მიცემული დავალება, ქვეყნებს შორის პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე იცვლება, რაც თავისთავად იწვევს ქვეყნის მიერ ჯაშუშის გაწვევას.

არასამთავრობოთა მიმართ პარლამენტის გადაწყვეტილება აუცილებელია, თუკი გვსურს, რომ საქართველო ქვეყანას დაემსგავსოს და არა ქვევრს, რომელსაც ამერიკელი ჩასძახებს და ისიც, ჩამძახებლის საამებლად, ამოიძახებს. შეგნებულად არ აღვნიშნავ არასამთავროებს, რომლებიც აშშ-ნ ფინანსდებიან, ვინაიდან ყველა არასამთავრობო, რომელიც გამუდმებით ტივტივებს მედია სივრცეში, აშშ-ს ბიუჯეტიდან ფინანსდება და ემსახურება მის (აშშ-ს) ინტერესებს.

აშშ-ს ინტერესების გატარება საქართველოში ნიშნავს იმ  ურთულეს, ჩიხურ ვითარებაში ყოფნას, როგორშიც ვიმყოფებით. და  რომ მძიმე პოლიტიკურ-ეკონომიკურ, სოციალურ მდგომარეობაში ვართ, მოსახლეობის უმრავლესობა არ იზიარებს, მარტივი მიზეზის გამო, მას ინფორმაციის უქონლობა ჰქვია.

ინფორმაციის უქონლობას უნდა მიეწეროს უკრაინელთა მიმართ პოზიტიური განწყობის გამოხატვა, ხოლო რუსის მიმართ ნეგატიურის. არადა, ინფორმაციის — ნამდვილის და არა ფალსიფიცირებულის პირობებში განწყობა საწინააღმდეგო იქნებოდა.

საქართველოს მოსახლეობამ, რომ იცოდეს დღევანდელი უკრაინის ფაშისტური სახე ანდა ის, როგორ ხოცავენ ტყვედ ჩავარდნილ რუს ჯარისკაცებს, ხელ-ფეხ გაკოჭილს  უკრაინელი ფაშისტები ან რა გულმოდგინებით უშენენ ისინი „ჰაიმარსის“ ამერიკულ რაკეტებს ქალაქ დონეცკის საცხოვრებელ სახლებს, საავადმყოფოებს, საზოგადოებრივი თავშეყრის ობიექტებს, რომლებსაც არაფერი აკავშირებთ სამხედრო საქმესთან, სხვაგვარი წარმოდგენა ექნებოდა „სვასტიკიან“ უკრაინელებზე.

საქართველოს მოსახლეობამ, რომ იცოდეს ჰიტლერთან მოთანამშრომლე უკრაინელი ფაშისტების ბანდერასა და შუხევიჩის სახელები, როგორ „ალამაზებს“ უკრაინის ქალაქების ქუჩებს ან ამერიკა-კანადაში დაბეჭდილი სახელმძღვანელოების შინაარსი, სადაც ფაშისტი ფიურერები კეთილად არიან მოხსენიებულნი; საქართველოს მოსახლეობამ, რომ იცოდეს უკრაინის საშუალო სკოლის პირველი კლასებიდან დაწყებული, როგორ ატენიან ბავშვებს ფაშიზმის იდეოლოგიას; რომ უკრაინელი, ანუ ძველი უკრი მსოფლიო ცივილიზაციის საძირკველია და მისგან მოდის ქრისტე, ფრანგი, ინგლისელი, სხვა, მათი აზრით, განვითარებული ერები, რომ უკრაინელები გამორჩეულები არიან სხვა ერებისგან — გაცილებით მაღლა მდგომნი, მაშინ ქართველს გონება გაეხსნებოდა და უკრაინის მიმართ კეთილი განწყობა, არაკეთილად შეეცვლებოდა ანუ ისეთად, როგორსაც თანამედროვე ფაშისტური უკრაინა იმსახურებს.

ვინ გადაგვიკეტა გზა ნამდვილი, არაფალსიფიცირებული ინფორმაციის მიღებაში?

აშშ-ა და მისმა აქ არსებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა. აშშ-ს მიერ დაფინანსებულმა პოლიტიკურმა პარტიებმა, ყველა იმათ, ვინც უკრაინის დროშები გადმოაფენინა მოსახლეობას აივნებიდან, ვინც ავტომანქანებზე მიაკვრევინა ანტირუსული სტიკერები, ვინც მედიაში სისტემატურად როშავს ანტირუსულ ლოზუნგებს და უკრაინას გმირ ქვეყნად მოიხსენიებს, ვინც ბანკებს დაავალა თავიანთი ავტომატებიდან მოგესალმონ — „სლავა უკრაინე“.

ის, რომ უკრაინა ფაშისტურია, უფრო ხშირად გაისმის ამერიკულ ტელეარხებზე. ტელეკომპანია CNN — დემოკრატიული პარტიის საინფორმაციო მანქანაც კი შიგადაშიგ ზელენსკის აკრიტიკებს, როგორც თავგასულ „შავ“ ლიდერს, კორუფციაში ჩამხრჩვალს. ჩვენ რაღა დაგვემართა?

ზელენსკისა და მისი ხელისუფლების მოკრიტიკე ამერიკული მედია, ამერიკული არ არის? იქნებ მარტო ის ამერიკული ტელეკომპანიებია ამერიკული, ვინც ზელენსკის დადებითად მოიხსენიებს?

როგორც ჩანს არა მარტო ფართო მასას არ აქვს ნამდვილი ინფორმაცია, არამედ პოლიტიკოსებსაც და არასამთავრობოების მუშაკებსაც, თორემ ესოდენ პიტალო ტყუილს, როგორ ეტყოდნენ საზოგადოებას?!

ფულის გამო რას არ იკადრებენო — მეტყვიან. გეთანხმებით. ფულის გამო ყველაფერს იტყვიან. დღევანდელი კვერცხივით, ხვალინდელ ქათამზე არც არავინ ფიქრობს. რომ ფიქრობდეს, რუსეთს უზომოდ არ გალანძღავდა, უკრაინელს უზომოდ არ შეიყვარებდა.

საქართველო, რომ ის ქვეყანა იყოს — აწმყოსა და მომავალზე ფიქრობდეს, სხვა სურათი გვექნებოდა, რაღაც მაინც შეგვაჩერებდა და გვეტყოდა — სდექ, ქართველო! ლანძღვა-გინებასაც აქვს საზღვარი!

ჩვენ ვლანძღავთ რუსეთს და არ ვფიქრობთ იმ ეკონომიკურ კავშირებზე, რომელიც რუსეთთან გვაქვს. არ ვფიქრობთ გაუთავებელი ლანძღვით რუსეთმა, რომ გაგვიწყვიტოს სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები, რა დღეში ჩავვარდებით.

მაინც რა დიდსულოვანი ყოფილა რუსეთი, მოჭიჭყინეს და მაგინებელ საქართველოს თავზე ხელს რომ უსვამს, წამორტყმის ნაცვლად.

ცდება ყველა ის, ვინც ფიქრობს, რომ რუსეთს უკრაინით ჩაანაცვლებს. ზელენსკი და მისი წინამორბედების წყალობით უკრაინა, როგორც ამერიკელები ამბობენ „ფეილდ სტეიტია“ (A failed state), ანუ არშემდგარი, წარუმატებელი სახელმწიფო.

ერთ დროს, საბჭოეთის სამაგალითო ქვეყანას, დღეს მიწასთან გასწორებულს, ვინ მოუხერხა ესოდენ დიდი „ბედნიერება“?

ამერიკამ, ევროკავშირმა, ნატომ, საკუთარმა უკანალის მოქანავე პოლიტიკოსებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, მედიამ.

დღეს, რომ შეწყდეს ომი და უკრაინის აღსადგენად ასეულობით მილიარდი დოლარი გამოიყოს, უკრაინას ამ საუკუნის ბოლომდე არაფერი ეშველება, ვინაიდან სხვა ზელენსკი მოვა და გამოყოფილ დოლარებს ჯიბეში ჩაიდებს, უძრავ ქონებას შეიძნს საზღვარგარეთ, ისე, როგორც ამას აქვს ადგილი კორუმპირებული ზელენსკისა და მისი გუნდის მიერ.

საქართველო საყინულედან გამოსულს მაგონებს, რომელმაც არ იცის რა მოხდა საუკუნის განმავლობაში; არ იცის ვის და რას უნდა დაუჭიროს მხარი; არ იცის, რომ ერთ მშვენიერ დღეს ჩვენმა მხარდაჭერამ გაეროს გენასამბლეის ანტირუსული რეზოლუციისთვის, რუსთა განაწყენება შეიძლება გამოიწვიოს, შესაბამისი გადაწყვეტილებით, რასაც უდავოდ მოჰყვება ქართველთა აუტკივარი თავის ატკივება!

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი

26/02/2023