18.07.2024

ჩვენს ქვეყანაში ნორმალური ცხოვრების საშუალებას გვაძლევენ?

გასულ შაბათ—კვირას ევროკავშირის წევრ ქვეყნებში გამართულმა მასობრივმა დემონსტრაციებმა, მიტინგებმა და ანტისამთავრობო გამოსვლებმა, რომლებიც მაღაზიების ვიტრინების და ავტომანქანების მსხვრა—დარბევით, დაწვით, პოლიციასთან შეტაკებით გაგრძელდა, დაადასტურა ურთულესი სოციალური ვითარება, რომელიც გასულმა წელმა მოიტანა.

რომ არ ყოფილიყო 2022 წლის 24 თებერვალი, არ იქნებოდა რუსეთის სპეციალური სამხედრო ოპერაცია უკრაინაში. არც მძიმე სოციალური ვითარება იქნებოდა, არც ენერგეტიკული კრიზისი, არც გაქანებული ინფლაცია და ფასების კატასტროფული მატება — კვების პროდუქტებიდან დაწყებული, თითქმის ყველაფერზე, მათ შორის პირველადი მოთხოვნილების საგნებზე.

რამ გამოიწვია 2022 წლის 24 თებერვალი?

ეს კითხვა სისტემატურად გაისმის პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც, თუმცა აქ პასუხიც გამზადებულია — უპასუხისმგებლო, დაუფიქრებელი, ანალიზს მოკლებული პასუხი. პასუხი ისეთი, რომელიც საქართველოს „პატრონებს“ აწყობთ, მაგრამ არ უნდა აწყობდეს საქართველოს მოსახლეობას —უტიფრობისა და ტყუილის შემცველი შინაარსის გამო.

საქართველოს „პატრონში“ საქართველოს ხელისუფლება არ მიგულისხმია, ე.წ. კოლექტიური დასავლეთი და მისი ლიდერი აშშ-ს ვიგულისხმე, ჩვენი ხელისუფლება — ოპოზიციის მიერ სტრატეგიულ პარტნიორად შერაცხული.

კოლექტიური დასავლეთი არის ქართული პოლიტიკური ელიტისთვის ის ერთადერთი მაკავშირებელი საკითხი, რომელშიც ისინი ერთსულოვანნი არიან.

დასავლეთი და მისი ლიდერი აშშ-ი რახანია, ხვთისმშობლის ხატივით ასვენია მათ გონებაში — მოკრძალებით, უდიდესი პატივისცემით. რელიგიური ფანატიზმის დონეზე აყვანით, შეჰყურებენ, შეჰხარიან მას, მზად არიან თავიც შესწირონ და სამშობლოც — ერთის შეხედვით, ვინაიდან ფანატიზმამდე ასულ თვითგვემას, ცინიზმის ელფერი დაჰკრავს — ქამელეონისეული.

ქართული პოლიტიკური ელიტისგან — ერთობ მიწიერისგან, სულიერება, სულიერი მაღლაფრენა, მითუმეტეს სულიერებით გამოწვეული თაყვანისცემა, ძნელი დასაჯერებელია.

ურწმუნოება გამოსჭვივის კოლექტიური დასავლეთისადმი თაყვანისცემაში და კიდევ ის, რასაც მსოფმხედველობის სწრაფი ცვლის უნარი ჰქვია.

შეიცვლება პოლიტიკური ორიენტირი — შეიცვლება სათაყვანებელი „ღმერთიც“. ვერ გეტყვით საიდან, რომელი მხრიდან მოგვევლინება ის და რომ მოგვევლინება, იქითკენ მივაბრუნებთ თავს, იმ მხარეს ვილოცებთ, ძველს დავივიწყებთ. არათუ დავივიწყებთ, გავლანძღავთ კიდეც.

საქართველოს ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე რამდენჯერ გაგვილანძღავს ძველი?!

მაშ რით იყო გამოწვეული 2022 წლის 24 თებერვალი?

მოდით ჯერ ამ კითხვას გავცეთ პასუხი და შემდეგ გავლანძღოთ ძველი, რომელმაც თანამედროვეთა განცხადებით სული ამოგვხადა, სისხლი გაგვიშრო, ისეთ დამპყრობლად იქცა, როგორც მტერი მუსლიმანური ქვეყნები (სააკაშვილის ახლებური ინტერპრეტაცია რუსეთის მიმართ, გაჟღერებული თავისუფლების მოედანზე აშშ-ს პრეზიდენტის ბუშის პატივსაცემად გამართულ მიტინგზე).

პატივცემულო მკითხველო, წამით თავი წარმოიდგინეთ რუსეთის პრეზიდენტად, რომელიც კითხულობს უკრაინელი გენერლის განკარგულებას — დონბასზე შეტევის მზადების 28 თებერვლისთვის დამთავრებასთან და 5-6 მარტს ფართომასშტაბიანი შეტევის დაწყებასთან დაკავშირებით, რა განწყობაზე დადგებოდით, რას იღონებდით დონბასში მცხოვრები რუსი ეროვნების ადამიანების (3 მილიონი) გადასარჩენად?

რას იღონებდით სპეცსამსახურების მიერ მოწოდებული ინფორმაციის შემდეგ, რომლის ნამდვილობას უკრაინელთა განცხადებაც ადასტურებდა?

ინფორმაცია კი იყო ასეთი — უკრაინის არმია არა მარტო დონბასზე აპირებდა იერიშის მიტანას, არამედ რუსეთის ქალაქებზე: როსტოვზე, ბელგოროდზე, ყირიმის  ნახევარკუნძულზე, სევასტოპოლზე, …

რას იღონებდით, როდესაც გაიგებდით, რომ უკრაინულმა თვითმფრინავმა „მრიამ“ — მსოფლიოში ყველაზე დიდმა, ბრიტანეთიდან „ბინძური“ ბირთვული იარაღი ჩაიტანა კივთან მდებარე აეროპორტ „გასტომილში“ (ტელეკომპანია „რენტვ“-ს ინფორმაციით)?

რას იღონებდით, როდესაც გაიგებდით, რომ უკრაინის ხელისუფლება „ბინძური“ ბირთვული ბომბის ჩამოყრას აპირებდა როსტოვსა და სხვა რუსულ ქალაქებში?

რა ხასითზე დადგებოდით 2022 წლის 7 თებერვალს მიუნხენის, საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც ყოველ წელს იმართება, უკრაინის პრეზიდენტის ზელენსკის გამოსვლის შემდეგ?

ზელენსკი შეეხო ბუდაპეშტის მემორანდუმს, რომლის მიხედვით, უკრაინა ვალდებულებას იღებდა ხელი აეღო საბჭოთა ბირთვული იარაღის შენახვიდან და გადაეცა მისი კანონიერი პატრონის სსრკ-ს მემკვიდრის რუსეთისთვის.

ზელენსკიმ თქვა, რომ გამოვა ბუდაპეშტის მემორანდუმიდან. თავდასაცავი ბირთვული იარაღის შექმნისთვის — ასეთი იყო მისი განცხადების შინაარში, ცხადია არა ისეთი პირდაპირი სიტყვებით, როგორიც მე მომყავს.

არის თუ არა ზელენსკის მიუნხენის განცხადება რამე კავშირში „მრიას“ მიერ კიევში ჩატანილ „ბინძურ“ ბირთვულ ბომბთან?

ძალიან ბრიყვი უნდა ყოფილიყო პრეზიდენტი, და პუტინი ასეთად უდავოდ არ მიმაჩნია, რომ ეს ორი მომენტი ერთმანეთთან არ დაეკავშირებინა.

ასეთ დროს, თქვენ როგორ მოიქცეოდით? თქვენ, როგორც პრეზიდენტი, ბირთვული იარაღის მქონე ქვეყნის პირველი პირი, რომლის ქვეყნის უსაფრთხოება საფრთხის წინაშე დგას?! ლოგინში გვერდს შეიცვლიდით და ძილს გააგრძელებდით?

თქვენ, როგორც მსოფლიო მშვიდობის მომხრე, მიპასუხეთ, ხომ დაუკავშირდებოდით აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის,  საფრანგეთის ხელმძღვანელებს, გაეროს, განგაშს ატეხდით და მოლაპარაკების გამართვას მოითხოვდით?

სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა, კოლექტიური დასავლეთი რომ პასუხისმგებლობით მოკიდებოდა 2022 წლის იანვარში რუსეთ—აშშ-ს, რუსეთ—ნატოს და რუსეთ—ეუთოს მოლაპარაკებებს, რომლებზეც განიხილეს რუსეთის უსაფრთხოების საკითხი — დაყენებული პუტინის მიერ 2021 წლის დეკემბერში.

დრო არ ითმენდა და პუტინმა გადადგა მილიტარისტული ნაბიჯი — საჯაროდ, პირდაპირი სატელევიზიო ეთერის გამოყენებით, რომლის დროს მან უშიშროების საბჭოს წევრებს სთხოვა გამოეთქვათ თავიანთი აზრი სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებასთან დაკავშირებით.

იურიდიული თვალსაზრისით, რუსეთის პრეზიდენტმა შეასრულა სპეცოპერაციის დაწყებისთვის რუსეთის კონსტიტუციით განსაზღვრული ყველა მოთხოვნა.

პუტინმა გადადგა იძულებითი ნაბიჯი, რასაც უსაფრთხოების, თავდაცვის ნაბიჯი უფრო შეეფერება, ვიდრე მილიტარისტული, მაგრამ ასეთად ინათლება კოლექტიურ დასავლეთში.

პუტინი მსხვერპლია კოლექტიური დასავლეთის ცინიკური პოლიტიკისა, რომელმაც ლამის მასხრად აიგდო დასავლეთის წინაშე დაყენებული წინადადებებისთვის რუსეთის პრეზიდენტი. წინადადებებს დასავლეთმა ულტიმატუმი უწოდა და ისიც დააყოლა, თითო—ოროლა თუ იმსახურებს ყურადღებასო, „თითო—ოროლაში“ რუსეთის უსაფრთხოება არ მიოაზრებოდა.

კოლექტიური დასავლეთის პოლიტიკოსებმა და ექსპერტებმა პუტინის ნაბიჯი ხრუშჩოვისას შეადარეს, როდესაც ხრუშჩოვმა კუნძულ კუბაზე ბირთვული იარაღი ჩაიტანა.

ხრუშჩოვის გულშემატკივარი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ მისი გადაწყვეტილება — ერთობ დიდი რისკის შემცვლელი, გამართლებული იყო.

მხოლოდ ძალის დემონსტრირებამ აიძულა აშშ-ი გაეტანა თურქეთიდან საბჭოთა კავშირზე დამიზნებული ბალისტიკური ბირთვული რაკეტები, შეეწყვიტა აგრესიული მუქარა, გამოხდომები კუბის მიმართ.

საქართველოში პუტინის გადაწყვეტილებას ჰგმობენ, უფრო მეტიც აგრესიად ნათლავენ, ლანძღავენ, აგინებენ, შენობა—ნაგებობების კედლებზე უწმაწურ სიტყვებს — „პუტინ ხუილოს“ წერენ და უკრაინასთან სოლიდარობის ნიშნად უკრაინის დროშას ხატავენ.

პუტინის სალანძღავ სიტყვებს ავტომანქანებზეც აწებებენ — სტიკერების სახით, რაც იმას ნიშნავს, რომ სტიკერების დასამზადებელ ფულს ვიღაც იღებს, ვიღაც უწევს ყოველივე ამას ორგანიზებას.

საქართველოს მედიასივრცე ხომ ანტირუსული ისტერიით არის შეპყრობილი. ვერ ნახავთ ვერც ერთ ელექტრონულ მედიას, გარდა „ალტ—ინფოს“-ი, რომელიც უშვერი სიტყვებით არ მოიხსენიებდეს პუტინსა და რუსეთს. კულტურის თემაზე მიძღვნილ გადაცემებშიც ჟღერს რუსეთის გინება. პარალელურად კი გაისმის კოლექტიური დასავლეთის ქება, მასზე მოკრძალებით, პატივისცემით ლაპარაკი.

ქართული მედია ზედმიწევნით კარგად ასრულებს კოლქტიური დასავლეთის დავალებას რუსეთთან მიმართებაში, რითაც ანგარიშს არ უწევს ქვეყნის ინტერესებს, მის აწმყოსა და მომავალს.

დავუშვათ, რუსეთმა — ქართველთა ლანძღვა—გინებით მოთმინებიდან გამოსულმა, უარი თქვა ჩვენთან სავაჭრო—ეკონომიკურ ურთიერთობებზე, რას ვიღონებთ, სად, რომელ ქვეყანაში მოვახერხებთ შეღავათიან ფასებში ხორბლის, ზეთის შეძენას; ვინ მოგვაწვდის ზამთრის სეზონზე ელექტროენერგიას; ვინ, რომელი ქვეყანა შეიძენს ჩვენს მინერალურ წყლებს, ღვინოს, ბოსტნეულს, ხილს?

რომელი ქვეყნიდან მივიღებთ ფულად გზავნილებს, ჰაერივით რომ წელში მართავს საქართველოს ბიუჯეტს?

ხელისუფლებამ, რომელსაც თავი მოაქვს ბიუჯეტის შევსებით, უნდა განუმარტოს მოსახლეობას, რომ ლომის წილი ამ საქმეში რუს ტურისტებზე მოდის და რუსეთში მცხოვრები ქართველების შრომაზე.

რომ არა ისინი, საქართველოს ბიუჯეტში არა 4, არამედ 2 მილიარდი დოლარი შევიდოდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიხედვით, საქართველოს საერთაშორისო რეზერვებმა 2022 წლის 31 დეკემბრის მონაცემების მიხედვით 4 მულიარდ 900,6 მილიონი დოლარი შეადგინა.

უკრაინაში მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტიდან გამომდინარე, საქართველოში, რუსეთის მოქალაქეების ემიგრაციამ პროვოცირება გაუკეთა რუსეთიდან ფულადი გადმორიცხვების 5-ჯერ გაზრდას. 12 თვის განმავლობაში საქართველოს საბანკო ანგარიშებზე გადმოირიცხა 1,75 მილიარდი დოლარი, რაც მთელი გადმორიცხვების 60% შეადგენს.

არაერთხელ დამისვამს კითხვა და ახლაც ვსვამ — რატომ არის უკრაინელი, საქართველოსთვის მისაღები, ვიდრე რუსი? იმიტომ ხომ არა, რომ 2008 წელს სააკაშვილის მიერ წამოწყებულ ომს უპასუხა?

პატივცემულო მკითხველო, მოდით  გულწრფელად გაეცით ამ კითხვას პასუხი თუნდაც თქვენს გონებაში — არა საჯაროდ, საქვეყნოდ, თქვენს  გულში — როგორ მოიქცეოდით თქვენ რუსეთის ხელმძღვანელობის ადგილზე? ყურადღებას არ მიაქცევდით რუსი მშვიდობისმყოფელების დახოცვას? პასუხს არ გასცემდით სააკაშვილის აგრესიას?

პატივცემულო მკითხველო, მეორე კითხვას დაგისვამთ — რუსეთის ადგილზე აშშ-ი რომ ყოფილიყო, რას მოიმოქმედებდა ის? ამ კითხვაზე მე გიპასუხებთ — აშშ-ს ავანტიურაში მეტნაკლებად გარკვეული.

ქვეყანა, რომელიც 1991 წლის შემდეგ 240-ზე მეტ აგრესიულ სამხედრო ოპერაციაში იღებდა მონაწილეობას და რომელსაც 1991 წლიდან დაწყებული, 2022 წლის ჩათვლით 16 მილიონი ომის ვეტერანი ჰყავს, მიწასთან გაგვასწორებდა.

რუსეთმა დაგვინდო — თბილისში არ შემოვიდა, არ დაამხო სააკაშვილის ხელისუფლება. პირიქით, სარკოზი—მედვედევის გეგმაში ჩაგვიწერა სოხუმთან და ცხინვალთან მოლაპარაკებების დაწყება — საქართველოს შემადგენლობაში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სტატუსის განსაზღვრის მიზნით, რაზეც პასუხად სააკაშვილის მუქარა მიიღო და მასთან ერთად ამ პუნქტზე უარი.

კოლექტიური დასავლეთის მიერ წაქეზებული სააკაშვილი, ომის გაჩაღების და მასში დამარცხების შემდეგაც არ ცხრებოდა და ახალი ომით იმუქრებოდა, რასაც მოჰყვა რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლ ქვეყნებად აღიარება.

სააკაშვილმა აიძულა რუსეთი ამ გადაწყვეტილების მიღებაში. ესოდენ სავალალო ისტორიის შემდეგ, რატომ არის რუსეთი აგრესორი და ოკუპანტი?

ყოველივე აღნიშნულზე შესაბამისი რეაგირება ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს. მან უნდა აუხსნას მოსახლეობას, რომ რუსეთთან ნორმალური ურთიერთობების გარეშე საქართველოს ნორმალური არსებობა შეუძლებელია, მიუხედავად კოლექტიურ დასავლეთთან „ძმური“ ურთიერთობებისა, მაგრამ შეძლებს ხელისუფლება ამას? 10 წლის მანძილზე ვერ შეძლო და ახლა შეძლებს?

და რომ ვერ შეძლო, შიშის ბრალია — აშშ-ს შიშის, რომელიც თავხედურად ერევა ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკაში. არ აძლევს ხელისუფლებას დამოუკიდებელი ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობას. უბუნტებს ოპოზიციას — დასავლურ ფულზე მიბმულს.

მდგომარეობას, რაშიც საქართველო იმყოფება, ვერაფრით დავარქმევთ დამოუკიდებელს—თავისუფალს—სუვერენულს. საქართველო, აშშ-ზე, ევროკავშირზე დამოკიდებული ქვეყანაა — ვაშინგტონ—ბრიუსელის თვალში შემციცინე. არც ერთს და არც მეორეს არ ანაღვლებს საქართველოს განუვითარებლობა მრეწველობაში, სოფლის მეურნეობაში, ნებისმიერ  დარგში. მათი ინტერესი მარტივია — რუსეთის მხარეს თავმიბრუნებული ქვეყნის მუდმივი ყეფა, რუსეთის სამხრეთ საზღვრებთან დაძაბულობის შექმნა, სხვა ნეგატიური გამოხდომები რუსეთის გასაღიზიანებლად.

ამას წინათ რუსეთის სახალხო არტისტმა, მომღერალმა ნიკოლაი ბასკოვმა თქვა — ჩვენს ქვეყანაში ნორმალური ცხოვრების საშუალებასაც არ გვაძლევენო.

ჩვენ გვაძლევენ?!

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი

19/01/2023