სსრკ დაიშალა და მასთან ერთად გაქრა სოციალური თანასწორობა, სამართლიანობა, იდეალებისთვის თავდადებული შრომა

პატივცემულო მკითხველო, მსურს კიდევ ერთხელ მივაპყრო თქვენი ყურადღება საბჭოთა კავშირის დაარსების მე-100-ე წლისთავს, რომელიც საზეიმო სხდომის გამართვის ღირსი უნდა ყოფილიყო გასული წლის 30 დეკემბერს საბჭოეთს, რომ მისი არსებობის ობიექტურად შემფასებელი მემკვიდრეები ჰყოლოდა.

სიტყვა „არსებობაში“ შევეცადე ყველა იმ წარმატების ჩატევა, საბჭოთა კავშირმა რომ მიაღწია, თავისი ხანმოკლე ცხოვრების განმავლობაში.

საბჭოთა კავშირის შექმნის ინიციატორები ბოლშევიკები იყვნენ, ბოლშევიკთა პარტია, რომლის შემადგენლობაში რუსი ეროვნების პარტიელებთან ერთად მეფის რუსეთში მცხოვრები სხვადასხვა ეროვნების ადამიანებიც მოღვაწეობდნენ, რომელთა ავტორიტეტული ხმა აშკარად სცილდებოდა რიგით პარტიელთა ხმას. ის ხმა გადამწყვეტი მნიშვნელობისა იყო. მას ქართული ჟღერადობა ჰქონდა.

დასავლურ რელსებზე შემდგარი დღევანდელი საქართველო არათუ ამ „ხმას“ ივიწყებს, არამედ საბჭოთა კავშირის არსებობასაც, რაც ისეთივე აბსურდია, როგორც საქართველოს ევროპელობა.

საბჭოთა კავშირი 1991 წლის 25 დეკემბერს დაიშალა — ოფიციალურად, საბჭოთა კავშირის პრეზიდენტის გორბაჩოვის სატელევიზიო გამოსვლით, თუმცა მას ბელოვეჟში (ბელორუსია) რუსეთ—უკრაინა—ბელორუსიას შორის დადებულმა ხელშეკრულებამ შეუყენა წყალი. ელცინმა, კრავჩუკმა და შუშკევიჩმა, საბჭოთა ხელმძღვანელობის, უმაღლესი საბჭოს გვერდის ავლით, გადადგეს ვოლუნტარისტული, არალეგიტიმური, მოღალატური ნაბიჯი, რამაც დაშალა საბჭოთა კავშირი.

ასედაამრიგად, ფუნქციონირება შეწყვიტა მსოფლიოს პირველმა სოციალისტურმა სახელმწიფომ, ხალხთა თანასწორობაზე ორიენტირებულმა, სამართლიანობასა და ადამიანთა კეთილდღეობსკენ მიმართულმა.

თუ ჩვემს მიერ გამოყენებული მაღალფარდოვანი სიტყვები შეუსაბამოდ მოგეჩვენებათ, გირჩევთ გაეცნოთ წინაპარი ქვეყნის ცხოვრებას, მის მიერ განხორციელებულ გრანდიოზულ გეგმებს, მათ შორის მშრომელი მასების სოციალური ყოფის გაუმჯობესების მიზნით.

„საბჭოთა კავშირი უპირველესად იყო მუშათა სახელმწიფო. დედაჩემი მუშაობდა მეტალურგიულ კომბინატში, უბრალო „კრანავშიცად“, მაგრამ ხელფასი ჰქონდა ინსტიტუტის რექტორის მსგავსი. ბიძაჩემი შემდუღებელი იყო და ჰყავდა ავტომანქანა „ГАЗ-24“ „ვოლგა“, ჰქონდა 3-ოთახიანი ბინა.“, — წერს სერგეი ნაციევსკი.

ასეთი გამონათქვამებით სავსეა ინტერნეტი. ზოგიერთ მათგანს ქვემოთ შემოგთავაზებთ. მანამდე კი გეტყვით ავტორიტეტულ „ხმაზე“, რომელმაც მტკიცედ გაიჟღერა 1922 წლის შემოდგომით, საბჭოთა კავშირის შექმნასთან დაკავშირებული განხილვების დროს.

გაიჟღერა, მაგრამ ბოლო მომენტში დათმო პარტიის ლიდერ ლენინთან პაექრობაში. სტალინის წინადადება ასეთი იყო — საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში კანდიდატი ქვეყნები შესულიყვნენ ავტონომიის სტატუსით. ამ წინადადებას მხარს უჭერდნენ კიროვი, ძერჟინსკი, მოლოტოვი, კუიბიშევი.

უკრაინელი და ქართველი კომუნისტები მოითხოვდნენ რესპუბლიკებისთვის დამოუკიდებლობის შენარჩუნებას, რასაც ემხრობოდნენ ბუხარინი და ტროცკი. მათ მიაჩნდათ, რომ რესპუბლიკებზე ზეწოლა მათში უკმაყოფილებას გამოიწვევდა, რასაც შეიძლება მოჰყოლოდა ნეგატიური პროცესები.

ლენინის წინადადება იყო ის, რომ შექმნილიყო ერთნაირად სრულუფლებიანი რესპუბლიკების ფედერალური სახელმწიფო.

საბჭოთა კავშირის პირველ შემადგენლობაში შევიდნენ: რუსეთი, უკრაინა, ბელორუსია და ამიერკავკასიის ფედერაცია — საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი. საბჭოთა კავშირის დეკლარაციაში ჩაიწერა — გზა კავშირისკენ გახსნილია ყველა სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკისთვის, არსებულის და მომავალში ასეთისთვის.

ლენინის წინადადება კავშირის სახელთან დაკავშირებით იყო ასეთი — ევროპისა და აზიის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი. ბელადი დარწმუნებული იყო მსოფლიო რევოლუციით, რაც არ იყო უსაფუძვლო. მაშინ ევროპაში აღინიშნებოდა სახალხო მღელვარება. შედეგი — ბავარიის, ბრემენის, საქსონიის, უნგრეთის საბჭოთა რესპუბლიკების შექმნა. ლენინსა და ბოლშევიკური პარტიის ზოგიერთი ლიდერისთვის მსოფლიო რევოლუციების გამარჯვება სულაც არ იყო ცხრა მთას იქით.

ლენინი, ავადმყოფობის გაუარესების გამო, ყრილობას ვერ დაესწრო. დეკლარაცია და საბჭოთა კავშირის შექმნის ხელშეკრულება რუსეთის საბჭოების I ყრილობაზე, 1922 წლის 30 დეკემბერს წაიკითხა სტალინმა.

100 წელი გავიდა საბჭოთა კავშირის შექმნის შემდეგ, მაგრამ ხინჯი, რომელიც მისმა შექმნამ გამოიწვია, სინანულს იწვევს ბევრში და ამ ნეგატიურ მოვლენას ლენინის გადაწყვეტილებას აწერს, ანუ იმას, რომ მან მხარი არ დაუჭირა სტალინის წინადადებას საბჭოთა კავშირში შესული ქვეყნებისთვის მხოლოდ ავტონომიის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.

გავიმეორებ — ლენინი მოითხოვდა კავშირში შემავალი ქვეყნების თანაფარდობას და საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან გასვლის შესაძლებლობას. ავტონომიებს ასეთი არ ექნებოდათ.

საბჭოთა კონსტიტუციაში ჩაწერილი პუნქტი — საბჭოთა კავშირიდან გასვლა, ლენინის მიხედვით, დემოკრატიის დემონსტრირება იყო, ამასთანავე საბჭოთა კავშირში შესვლის მსურველთა დარწმუნება, რომ გასვლა, თვით კავშირში შექმნილი უთანხმოებიდან გამომდინარე, ყოველგვარი პრობლემის გარეშე იქნებოდა შესაძლებელი.

ანალოგიური ჩანაწერი, საბჭოთა კავშირის ახალ კონსტიტუციაშიც დაფიქსირდა, მათ შორის ბრეჟნევისეულშიც.

1922 წელს, რევოლუციურ ეიფორიაში მყოფმა ბოლშევიკებმა, რომლებიც დარწმუნებული იყვნენ საბჭოთა კავშირის სისტემის მდგრადობაში, მხარი დაუჭირეს ბელადს. მათ შორის ისინიც იყვნენ, რომლებიც სტალინს უჭერდნენ მხარს, მაგრამ, რახან ლენინმა საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღო თან სტალინიც დაითანხმა, ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება.

აღნიშნულმა საკითხმა თავი წამოჰყო გასული საუკუნის 90-იან წლებში, განსაკუთრებით 1991 წელს, როდესაც ხელისუფლებისთვის ბრძოლაში გართულმა ელცინმა, კრავჩუკმა და შუკევიჩმა ბელოვეჟის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.

ხელმოწერის დროს წინა პლანზე წამოსწიეს საბჭოეთის კონსტიტუციის ის ადგილი, სადაც აღნიშნული იყო ამ კავშირიდან გასვლა. პუნქტი, რომელიც დასავლეთისთვის საბჭოთა კავშირის დემოკრატიული სახის დამადასტურებელი იყო და მრავალი ათეული წლის განმავლობაში უწყინარ, უმოქმედო ხასიათს ატარებდა, უმალ გადაიქცა მკაცრი, მტკიცე, შეუქცევადი გადაწყვეტილების წყარო — რაც მთავარია უდიდესი, უძლიერესი კავშირის დამანგრეველი.

30 წელია საბჭოთა კავშირი აღარ არის, მაგრამ მისი აჩრდილი ტრიალებს იმ ქვეყნების თავზე, რომლებიც იყვნენ საბჭოთა კავშირში. საბჭოეთის დაშლა განსაკუთრებულ გულისტკივილს იწვევს რუსეთის ფედერაციის პოლიტიკოსებსა და ექსპერტებში, ზოგიერთ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში, ცხადია არა ყველაში, რაც არ არის გასაკვირი, ვინაიდან დაშლით ყველაზე დიდი დანაკარგი რუსეთის ფედერაციამ იწვნია.

მარტო ის რად ღირს, როდესაც 1991 წლის 25 დეკემბერს გორბაჩოვის სატელევიზიო გამოსვლისთანავე რუსეთის ფედერაციის საზღვრებს გარეთ, ახალ საზღვარგარეთის ქვეყნებში, ანუ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში 25 მილიონი რუსი ეროვნების ადამიანი აღმოჩნდა — გაურკვეველი აწმყოთი და მომავლით.

რუსეთი, რომელიც საბჭოთა კავშირის მემკვიდრედ გამოცხადდა, ვეღარ იქნებოდა ორპოლუსიანი მსოფლიოს ერთი პოლუსი, ვეღარ იქნებოდა სუპერსახელმწიფო. ეს და სხვა მრავალი, ქვეყნის პრესტიჟთან დაკავშირებული, ისტორიას ჩაბარდა, თუმცა 30 წლის განმავლობაში რუსეთმა, ყველა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკასთან შედარებით, შეძლო კრიზისიდან გამოსვლა, წელში გასწორება და მსოფლიოში მისთვის შესაფერისი ადგილის დაკავებისთვის წარმატებული ბრძოლის განხორციელება.

იმ კოლექტიურ დასავლეთში ვერვინ იფიქრებდა დაჩოქილი რუსეთის ფეხზე წამოდგომას — ასეთი არ იყო მის გეგმებში, მაგრამ მისდა სავალალოდ ეს მოხდა — რუსეთის პრეზიდენტის პუტინის ძალისხმევით, რომელმაც არაერთხელ თქვა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა ტრაგედია იყოო.

არადა პუტინი არ ჩაითვლება საბჭოთა კავშირის, სტალინის გულშემატკივრად — პირიქით, მას მეფის რუსეთის სიმპატიები უფრო აქვს, მაგრამ, როდესაც არა სისტემაზე, არამედ ქვეყანაზეა ლაპარაკი, ის, როგორც პრეზიდენტი ვერ იქნება საბჭოთა მონაპოვარის, თუნდაც ტერიტორიულის მოწინააღმდეგე.

საბჭოთა კავშირმა რომ თავი ყველას შეახსენა — ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან არცთუ „საამური“ ურთიერთობების არსებობაა. საბჭოთა კავშირის შექმნის დროს ლენინის გადაწყვეტილებას, დღეს შეცდომად თვლიან, მათ შორის პუტინიც, რომელმაც გააკრიტიკა ლენინი და ისიც თქვა, რომ სტალინი წინააღმდეგი იყო, თუმცა ვერაფერს გახდაო.

2022 წლის მოვლენების ფესვები 1991 წლის დეკემბერში უნდა ვეძებოთ, ხოლო 1991 წლის — 1922 წელში. აი, რას წერს მიხეილ როსტოვსკი, რუსი პოლიტოლოგი — „ მე, არ მივეკუთვნები სტალინის მმართველობისა და პოლიტიკის თაყვანისმცემელებს, მაგრამ მოდით გავავარჯიშოთ ტვინი, გავიხსენოთ ლენინ—სტალინის ცნობილი კამათი, საბჭოთა კავშირის სახელმწიფო მოწყობასთან დაკავშირებით,  რისთვისაც მოვიხმოთ ისტორიკოს ოლეგ ხლევნიუკის წიგნიდან „ ერთი ბელადის ცხოვრება“ ასეთი ამონარიდი:

„სტალინი ყოველგვარი ზედმეტი ცერემონიისა და დიპლომატიის გარეშე მოითხოვდა კონსტიტუციურად განემტკიცებინათ რეალური ვითარება, ცენტრის ნამდვილი სურვილი. ამ წინადადებაში არაფერი განსაკუთრებული არ იყო. ის მთლიანად შეესატყვისებოდა პარტიის კურსს, რომელსაც მხარს უჭერდა ცენტრისა და რესპუბლიკების წარმომადგენლების უმრავლესობა. სტალინისთვის მოულოდნელად ლენინი წავიდა ავტონომიის წინააღმდეგ. მისი წინადადება იყო ფორმალური დამოუკიდებელი საბჭოთა რესპუბლიკების კავშირის შექმნა, ცხადია ლენინს მხედველობაში არ ჰქონია ნამდვილი დამოუკიდებლობა“.

მოდით ისევ გავავარჯიშოთ ტვინი და გავიხსენოთ სსრკ უმაღლესი საბჭოს 1956 წლის 16 ივლისის დადგენილება, რომლის მიხედვით, კარელია—ფინეთის სსრ გადაკეთდა ავტონომიურ რესპუბლიკად და შევიდა რუსეთის საბჭოთა ფედერაციული რესპუბლიკის შემადგენლობაში. საფუძველი — კარელია—ფინეთის  მოსახლეობის სურვილის გათვალისწინება და კარელია—ფინეთის სსრ უმაღლესი საბჭოს თხოვნის დაკმაყოფილება.

რა იქნებოდა, რა მოხდებოდა დღეს ეს დადგენილება რომ არ ყოფილიყო? საბჭოთა კავშირის დაშლას (1991 წ.) როგორ შეხვდებოდა კარელია—ფინეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა? და ეს ყველაფერი იმ ფონზე, როდესაც ფინეთი თავდავიწყებით მიილტვის ნატოსკენ და რუსეთის პოლიტიკის მკაცრი მოწინააღმდეგია?

საბჭოთა კავშირის ხსენებას რუსეთის მაღალი რანგის პოლიტიკოსები ერიდებიან. თუ ახსენებენ — კრიტიკით, თუმცა ზოგიერთი პოზიტიურად, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოებრივი კონსტრუქცია მაშინდელია, ოდნავ შეცვლილი ნიუანსებით.

ანტისტალინისტებმა, ანტისაბჭოელებმა, ე.წ. ლიბერალებმა დრო იხელთეს და ხრუშჩოვის მიერ გაჩაღებულ ანტისტალინურ მოძრაობას გვერდში ამოუდგნენ, ფასდაუდებელი სამსახური გაუწიეს. სტალინის მიერ შექმნილი წყობა იმდენად მტკიცე გამოდგა, რომ 1953 წლიდან დაწყვებული, 1991 წლის ჩათვლით გაჩაღებულმა ნგრევამ ვერაფერი დააკლო, თუმცა საბოლოო ჯამში, ახალი პარტიული ელიტის მეცადინეობით, არსებობა შეაწყვეტინა.

საბჭოეთის არსებობის შეწყვეტით სახელმწიფო კონსტრუქციის ნგრევა არ მომხდარა. მისი გადაკეთება მოხდა — ახალ ცხოვრებაზე მორგება.

საბჭოური იდეოლოგია, ისე, როგორც პატრიოტიზმი, ისტორიას ჩაბარდა. სოციალისტური სახელმწიფო, კაპიტალისტურად გადაკეთდა. საბჭოეთში არსებული სოციალური თანასწორობა, უწონასწორობით ჩანაცვლდა. საერთო იდეალებისთვის, სიკეთისთვის მებრძოლი ადამიანი, მომხმარებელმა შეცვალა.

რუსი ლიბერალების ოცნება ახდა, მაგრამ, როგორც ჩანს ბოლომდე არა. ბოლო, როგორც რუსი ლიბერალების, ისე, მათი დასავლელი დამრიგებლების და დამფინანსებლების მიხედვით, რუსეთის დაშლაა — კაპიტალისტური რუსეთის, რაც მიმანიშნებელია არა 1922-91 წლების კლასობრივ ბრძოლაზე, კოლექტიურ, კაპიტალისტურ დასავლეთსა და სოციალისტურს შორის, არამედ სახელმწიფოებრივზე, მტაცებლურზე.

გასული საუკუნის 90-იან წლებში დასავლეთს ჰქონდა რუსეთის დაშლის შანსი, თუმცა ვერ გამოიყენა. ერთ-ერთი საჯარო გამოსვლის დროს რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ახსენა ელცინის ხელისუფლებაზე აშშ-ს უდიდესი გავლენა სიტყვებით: „მეტი რაღა უნდოდათ, კრემლში, როგორც საკუთარ სახლში ისე დადიოდნენ“. უნდოდათ! რუსეთის სიმდიდრეების ხელში ჩაგდება უნდოდათ. ნაწილობრივ მოახერხეს კიდეც, მაგრამ პუტინმა  მიუსწროთ.

დღევანდელ ქართულ პოლიტიკაში ვინმე ბრაუდერის სახელის ტრიალს ფართო საზოგადოება ეჭვის თვალით უნდა უყურებდეს. მაგრამ სააკაშვილები აძალებენ მას, როგორც მხსნელს ისე შეხედოს და არა მარტო სააკაშვილის გადასარჩენად, ქვეყნის გადასარჩენადაც.  

გულუბრყვილობაა და მეტი არაფერი, როდესაც ბრაუდერს — აღიარებულ ქურდსა და თაღლითს, სთხოვ დახმარებას. გულუბრყვილობაა, როდესაც „საწოლს მიჯაჭვული, დაავადებული“ სააკაშვილი მაგნიტსკის სიის მსგავსის შედგენას, ანუ სააკაშვილის სიის, სთხოვს ბრაუდერს — 90-იანი წლების რუსეთის მძარცველ გარეწარს.

დასავლეთმა მაშინ ვერ შეძლო რუსეთის დაშლა, მაგრამ ეს გეგმა სეიფში არ შეუნახავს, მეთოდურად გააგრძელა მასზე მუშაობა. ხან ფერად—ყვავილოვანი რევოლუციებით, რუსეთის მოსაზღვრე ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში, ხან პატარ—პატარა ომებით. ის, რაც ამჟამად უკრაინაში ხდება იმ გეგმის შემადგენელი ნაწილია — ამჟამად, უკრაინის გავლით და მისი გამოყენებით — რუსეთის განადგურება.

ამჟამად კოლექტიური დასავლეთი იატაკქვეშურად კი არ ეომება რუსეთს, არამედ გახსნილად და ეომება არა მარტო იარაღით, „ბოევიკებით“, არამედ პროპაგანდით, ტერორისტული აქტებით, ეკონომიკური სანქციებით, თუმცა ჯერ—ჯერობით  წარუმატებლად.

სულ ახლახანს თბილისში მყოფმა გადამდგარმა ამერიკელმა გენერალმა ჰოჯესმა სანატრელი, რეალობად მოგვაჩვენა — უკრაინა გაიმარჯვებსო. გენერალი ვერ აცნობიერებს, რომ საბჭოეთის მემკვიდრე რუსეთი, საბჭოურ ფუნდამენტზე დგას, რომლის დანგრევა ვერც გერმანულმა ფაშიზმმა შეძლო და ვერც რუსმა ლიბერალებმა, რუსეთისთვის, ფაშიზმზე არანაკლებმა მტრებმა.

დაპირებისდამიხედვით, შემოგთავაზებთ ინტერნეტში გამოქვეყნებულ გამონათქვამებს საბჭოთა კავშირის შესახებ.

„უპირველეს ყოვლისა საბჭოთა კავშირი იყო — სახელმწიფო, რომელმაც დაამარცხა ფაშიზმი. დარწმუნებული ვარ საბჭოთა კავშირს შეუძლებელი რომ არ გაეკეთებინა, მსოფლიო სხვანაირი იქნებოდა!

მსოფლიოს ყოველთვის უნდა ახსოვდეს საბჭოთა ხალხის გმირული თავგანწირვა, უდიდესი მსხვერპლი, რომელიც მან გაიღო ფაშიზმთან ომში.

საბჭოთა კავშირმა შექმნა მძლავრი მრეწველობა. საბჭოთა კავშირმა, პირველმა გაუშვა ადამიანი კოსმოსში. საბჭოთა კავშირის მიერ შექმნილმა ატომურმა ბომბმა გააწონასწორა მსოფლიო ურთიერთობა. საბჭოეთი გამოდიოდა მსოფლიო მშვიდობის გარანტად.“ — წერს სოციალური კონფლიქტების დარეგულირების ცენტრის ხელმძღვანელი ოლეგ ივანოვი.

„უპირველეს ყოვლისა, შრომასა და სამუშაო ურთიერთობებთან დაკავშირებით საბჭოეთს შეეძლო ეამაყა — შრომის უფლებების დაცვით, მშრომელი ადამიანის პატივისცემით, რაც ჩაწერილი იყო შრომის კოდექსში. ეს ეხებოდა ყველა კატეგორიას. საბჭოთა კავშირში იყო შესანიშნავი განათლების სისტემა, რომელსაც აღიარებდნენ უცხოელი სპეციალისტებიც.

საბჭოთა კავშირი ამზადებდა მსოფლიო ნომენკლატურის 80%, პროდუქციას, პროფესიონალი, განათლებული, მაღალი კვალიფიკაციის მქონე ადამიანების წყალობით.“ — წერს რუსეთის მთავრობასთან არსებული საფინანსო უნივერსიტეტის პრორექტორი ალექსანდრე საფონოვი.

„საბჭოთა კავშირი იძლეოდა სრული სოციალური სამართლიანობის შეგრძნებას, რასაც ადგილი არ აქვს დღეს. პოლიტკულტურის კვლევის შედეგად დადგინდა, რომ მხოლოდ 2-3%-ია დარჩენილი საბჭოური სამართლიანობისა. სამუშაოსთან დაკავშირებით არავითარი პრობლემა არ არსებობდა. ყველამ იცოდა, რომ თუ უფროსი შეეცდებოდა მოსამსახურის უფლებების შებღალვას, მოსამსახურის მხარეს დადგებოდა პარტიის რაიონული კომიტეტი, განსხვავებით დღევანდელი ადმინისტრაციისა.

რაც არ უნდა ვილაპარაკოთ, რომ თანამედროვე რუსეთში პროდუქტების სიუხვე ისეთი არასდროს ყოფილა, როგორც დღეს, ხარისხი გაცილებით დაბალია საბჭოურთან შედარებით. ტყუილად ხომ არ იხსენებენ „დოქტორსკაია“-სა“ და „ლიუბიტელსკაიას“ ძეხვებს — 2,20 და 2,80 რუბლის ფასად? მაშინდელი ძეხვი ხარისხიანი ინგრედიენტებისგან იყო დამზადებული და არა ქიმიით გაჯერებული, ხელოვნურისგან. დღეს, ცნობილი ბრენდები ტყუილად ხომ არ აწერენ პროდუქტებს — „გემო ისეთი, როგორც საბჭოთა კავშირში“. — წერს პოლიტმეცნიერების დოქტორი ალექსეი ობუხოვი.

საბჭოთა კავშირი იყო მოვლენა, რომლის მსგავსი მსოფლიოში არც მაშინ და არც მანამდე არ არსებობდა — ადამიანთა სოციალურ თანასწორობაზე აწყობილი სახელმწიფო, მსოფლიო კაპიტალიზმისა და იმპერიალიზმისთვის უდიდესი გამოწვევა.

კაპიტალიზმ—სოციალიზმს შორის გაშლილმა დაპირისპირებამ, კუთხეში მიიმწყვდია კაპიტალიზმი და ალბათ, რომ არა თვით კომპარტიაში გაჩენილი მოღალატეობა, სტალინის მემკვიდრეთა შორის მომხმარებლური გრძნობების მიერ სამომავლო იდეალებისთვის კვანტის გამოდება, დღეს სხვა ცხოვრება იქნებოდა.

მსგავს დასკვნებს აკეთებენ, როგორც რუსი, ისე უცხოელი ისტორიკოსები — პოლიტიკურ—სახელმწიფოებრივ სტრუქტურაში ღრმად ჩახედული ექსპერტები.

ჩვენმა წინაპრებმა, რომლებმაც უდიდესი წვლილი შეიტანეს საბჭოეთის რეალური შემქმნელის სტალინის გეგმების განხორციელებაში, ვერაფერი გააწყვეს უსტალინოდ დარჩენილ ქვეყანაში დაწყებული ანტისაბჭოური მოძრაობის მიმართ.

სსრკ დაიშალა და მასთან ერთად გაქრა სოციალური თანასწორობა, სამართლიანობა, იდეალებისთვის თავდადებული შრომა.

საზოგადოება, შემქმნელისგან, მომხმარებლად იქცა — ბალახზე მიშვებულ ნახირად, გართობისა და კურტუმოს მოქანავე არსებად, კოლექტიური დასავლეთისკენ ხელგაშვერილად, სინდის—ნამუს გარეცხილად. აფსუს, საბჭოთა კავშირო!

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი

13/01/2023