საბჭოთა კავშირის დაარსების 100-წლისთავთან დაკავშირებით

გასული, 2022 წელი ბევრით იყო აღსანიშნავი, უპირველესად უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებით — სერიოზულ ომში გადაზრდილით;

კოლექტიური დასავლეთის ერთ მუშტად შეკვრით — უკრაინელთა მხარდასაჭერად; აგრესორი რუსეთის დასამარცხებლად; მის საბოლოო გასანადგურებლად; რუსეთის წინააღმდეგ ათასობით ეკონომიკური სანქციების დაწესებით და აქედან გამომდინარე მსოფლიოს, განსაკუთრებით ევროპის ენერგეტიკული კრიზისის გამოწვევით; ეკონომიკური განვითარების შეფერხებით, დეგრადაციით;

განვითარებული ევროპის, კოლექტიური დასავლეთის ეკონომიკურ-სოციალური მწვერვალებიდან, გასული საუკუნეების წყვდიადში დაბრუნებით; კოლექტიური დასავლეთის ლიდერის, აშშ-ს მსოფლიო ჰეგემონობისთვის წყლის შეყენებით;

ერთპოლუსიანი მსოფლიოს მრავალპოლუსიანობის ჩამოყალიბებისთვის პირველი  ნაბიჯების გადადგმით; უკრაინის ომის ფონზე დასავლეთ—აღმოსავლეთს შორის ბირთვული ომის გაჩაღებაზე ლაპარაკის დაწყებით;

კოლექტიური დასავლეთის მახინჯი, მატყუარა სახის გამოვლინებით; დასავლური ტყუილის მანქანის წარმოუდგენელი სისწრაფით ამუშავებით; ტყუილით, ტყუილით, ტყუილით — კოლექტიური დასავლეთის მთავარი საყრდენის დახვეწით;

მრავალი მანკიერების გამოვლინებით, რომელსაც დასავლეთი მანკიერებად არ მიიჩნევს, პირიქით ცხოვრებისთვის აუცილებელ ატრიბუტად თვლის;

და ბოლოს, 24 თებერვლით, რომელმაც კარდინალურად შეცვალა 2022 წლის 23 თებერვლამდე არსებული ცხოვრება.

2022 წლის 23 თებერვლამდე არსებული მსოფლიო ისე შეიცვალა, რომ კაცობრიობა, განსაკუთრებით ევროპა—ამერიკაში მცხოვრებნი დაუჯერებლად მიიჩნევენ თვალსადახელსშუა გაპარულ კეთილდღეობას, დღევანდელი გაუკუღმართებული ყოფის ფონზე.

განვლილმა არასრულმა ერთმა წელმა დაგვანახა კაპიტალიზმის უსუსური სახე, ესოდენ ნაქებ—ნადიდების იმავე კაცობრიობის მიერ.

კაპიტალიზმის თაყვანისმცემელ კაცობრიობას ეჭვი უჩნდება ამ სისტემის სტაბილურობის მიმართ თუ კაპიტალიზმს, კაცობრიობის უსუსურობის მიმართ ჯერც გამოსაკვლევია, სერიოზულად შესასწავლია. შესასწავლია იმდენად, რამდენადაც სავალალო შედეგი თერთმეტთვიანი გამოწვევისა, აიძულებს კაცობრიობას გადადგას ასეთი ნაბიჯი, რათა ერთხელდა სამუდამოდ გაეცეს პასუხი კითხვას — ფინანსებით აღსავსე, ეკონომიკურად ძლიერი, ისე, როგორც შეიარაღებით, იდეოლოგიური ბრძოლის მანქანით უზრუნველყოფილი, თანამედროვე ტექნიკა-ტექნოლოგიით აღჭურვილი, დემოკრატიის, ადამიანის უფლებების დაცვის, თავისუფლების ლოზუნგებით მოსიარულე სისტემის დაჩოქება რით არის გამოწვეული?!

კაცობრიობამ უნდა გასცეს პასუხი უმნიშვნელოვანეს კითხვას — იყო თუ არა სწორი 1991 წელს განხორციელებული გამანადგურებელი შეტევა კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე საოცნებო, სანუკვარ იდეოლოგიაზე და ამ იდეოლოგიის მატარებელ ქცეყანაზე, გონივრული?

იქნებ კაცობრიობის განვითარებისთვის აუცილებელიც იყო ერთმანეთის საწინააღმდეგო ორი იდეოლოგიის არსებობა?! მხოლოდ კონკურენციის პირობებში იბადება ჭეშმარიტებაო — ასე არ გვმოძღვრავდნენ მოწინავე, მათი გაგებით, მენტალურად ყველაზე მაღლა მდგომი დასავლელები?

მაღალი განვითარების, ჭკუიანი დასავლეთისთვის ხომ ყოველთვის იყო შესაძლებელი, საკუთარი ჭკუა-გონების საშუალებით, მუდმივი პრიორიტეტი ჰქონოდა დაბალი განვითარების ადამიანზე, როგორადაც ის აღმოსავლეთს მიიჩნევდა? და არა მარტო აღმოსავლეთს?

უდავოდ შეეძლო, ოღონდ იმ შემთხვევაში, ღმერთის მიერ ნაბოძები ჭკუა-გონება რომ მხოლოდ მისთვის, ანუ დასავლეთისთვის ყოფილიყო გამოყოფილი და არა აღმოსავლეთისთვის, სხვისთვის.

დასავლეთის უჭკუობაც იმაში გამოვლინდა, რომ მან ჭკუიანობა დაიჩემა, სხვაზე მეტი — გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიხედვით.

დასავლეთის მტკიცებით, ჭკვიანი არც რუსეთში, არც ჩინეთში, ინდოეთში, აფრიკის 50 ქვეყანაში და არც ლათინურ ამერიკაში არ იბადება, ჭკვიანი ამერიკა-ევროპაში ჩნდება, ცივილიზებულ ერებში.

მხოლოდ უჭკუო დასავლეთს მოუვიდოდა თავში მოპაექრე სისტემის — კომუნისტურის განადგურება. არადა იმ უჭკუო დასავლეთს, რომელმაც მე-2 მსოფლიო ომის დამთავრებისთანავე ხილულ-ფარული ომი დაუწყო საბჭოთა კავშირს, დღევანდელ პოლიტიკოსებთან შედარებით მართლაც ჭკვიანი პოლიტიკოსები მართავდა.

ტყუილია მტკიცება იმისა, რომ ომში გამარჯვებული საბჭოეთი — კომუნისტური სისტება ემუქრებოდა კაპიტალიზმს განადგურებით. მე-2 მსოფლიო ომის დროინდელმა სამოკავშირო ურთიერთობებმა გამოავლინა კაპიტალიზმთან საბჭოეთის მშვიდობიანი თანაცხოვრების სურვილი, რაც ჯეროვნად არ შეფასდა დასავლეთში. და ომის დამთავრებისთანავე მას და მის მოკავშირე აღმოსავლეთ ევროპის სოციალისტურ ქვეყნებს მტრობის ფარდა ჩამოაფარა — პოლიტიკური ტერმინოლოგიით „რკინის ფარდა“.

ასე გაიყო დასავლეთი და აღმოსავლეთი 2 მტრულ ბანაკად, რომელმაც 1991 წლის დეკემბრამდე იარსება — მოპაექრე იდეოლოგიის მატარებელი საბჭოთა კავშირის დაშლამდე.

და რა მოჰყვა მას? დაშლილი საბჭოთა კავშირის ადგილზე კაპიტალისტური სისტემის დაფუძნება. ერთ იდეოლოგიაზე ჩამოკიდებულმა კოლექტიურმა დასავლეთმა სხვა ვერაფერი მოიფიქრა და ახალ იდეოლოგიად ლგბტ-ს სთავაზობს კაცობრიობას, ანუ გადაშენებას.

ერთნაირსქესიანთა ქორწინება, მათ მიერ ბავშვის აყვანა, გაზრდა, ტრანსვესტიტობისთვის ხელის შეწყობა, კაცობრიობისთვის სხვა მანკიერების თავს მოხვევა, ფაშიზმის რეანიმაცია, ფაშისტური იდეოლოგიისთვის არასახიფათო, კეთილი შეფერილობის მიცემის მცდელობა.

იდეოლოგიურმა აბრაკადაბრამ, დასავლელ პოლიტიკოსთა არაპროფესიონა­ლიზმმა, ხელმრუდეობამ, მე-2 მსოფლიო ომში განცდილი მარცხის რევანშიზმით კომპენსაციამ ააღორძინა „ყავისფერი ჭირი“ უკრაინაში.

მიზანი? ისე, როგორ მეორე მსოფლიო ომის დასასრულს, ომი აღმოსავლეთში, კერძოდ იქ არსებული ქვეყნის, რუსეთის მიმართ. დასავლეთმა თანამედროვე „დღის წესრიგი“ შექმნა, მსგავსი, მეორე მსოფლიო ომის.

„დღის წესრიგი“ — სიკვდილი რუსეთს. რუსეთის დაჩოქება—დაქცევის მსურველი და მეოცნებე დასავლეთი, თვით აღმოჩნდა დაჩოქილი.

2022 წლის 23 თებერვლამდე განვითარებული და ეკონომიკურად უზრუნველყოფილი ევროპა, რომ კაცს დანახვისთანავე, გაოცებით პირს დააღებინებდა, ფაქტია. პირდაღებული, რომ იტყოდა — ამაზე უკეთესი რაღა უნდა იყოსო, ახლა გაოცებით ამბობს — 11 თვეში რა ისეთი ეტაკა, ქვის ხანაში რომ დაბრუნდაო.

ზამთრით გაყინულ სახლებში მცხოვრები ევროპელები, ქარისა და მზის ფანტასტიკური ენერგიის ნაცვლად, ქვანახშირსა და შეშას დაუბრუნდნენ, თუმცა უსახსრობის გამო არც ამის თავი აქვთ.

კაპიტალიზმის სისტემურმა აუწყობლობამ ისე, როგორც არაერთხელ, კვლავ შეგვახსენა თავი და მასთან ერთად დასვა კითხვა — შეძლებს თუ არა ის უმძიმესი კრიზისიდან თავის დაღწევას?

კაცობრიობა ახალი გარდაქმნის წინაშე დგას, ახალი იდეოლოგიის შექმნის — არა ლგბტ-ს ან ფაშიზმის, არამედ ახლის. რა დაერქმევა მას ძნელი გამოსაცნობია, ისე, როგორც სახელის ქვეშ წარმოშობილი შინაარსის, ანუ იდეოლოგიის.

ახლის ძიებაში ისევ იბადება კითხვა — რას ერჩოდნენ, რას ებრძოდნენ მოპაექრეს — კომუნისტურად ცნობილს?!

ზემოთ მოგახსენეთ გასული წლის მოვლენათა თაობაზე, თუმცა მთავარზე არაფერი მითქვამს. მთავარი კი საბჭოთა კავშირის შექმნის 100 წლისთავი იყო. ამ თარიღთან დაკავშირებით არასათანადოდ ითქვა რუსულ მედიაში, არადა რუსეთი იჩემებს საბჭოთა კავშირის მემკვიდრეობას.

2021 წლის ბოლოს რუსეთის მედიამ ხმამაღლა გვაუწყა — 2022 წელი საბჭოთა კავშირის 100 წლის იუბილეს ფართოდ აღნიშვნის თაობაზე.

2022 წელმა ჩაიარა, თუმცა ამ საიუბილეო თარიღს შესაბამისი საზეიმო ღონისძიება არ მოჰყოლია. მთელი წლის განმავლობაში იშვიათად თუ ჟღერდა საბჭოთა კავშირის შესახებ რუსულ მედიაში. ამ თემასთან დაკავშირებით ფართომასშტაბიანი კონფერენციები, შეხვედრები არ ჩატარებულა, ისე, როგორც სატელევიზიო გადაცემები, თოქ-შოუები. გამონაკლისი ჟურნალისტ კისილევის მიერ შექმნილი დოკუმენტური ფილმი იყო — „საბჭოთა კავშირი“, რომელიც „როსია-1“-ის ეთერში გავიდა 2022 წლის 30 დეკემბერს, სსრკ-ს შექმნის დღეს.

დიდი აქტიურობა არ გამოუჩენია რუსეთის დუმის კომუნისტთა ფრაქციას, საერთოდ რუსეთის კომპარტიას. არადა, ის და მისი ლიდერი ზიუგანოვი უნდა ყოფილიყვნენ საბჭოთა კავშირის დაარსების 100-წლისთავის იუბილეს მაღალ დონეზე აღნიშვნის მთავარი ინიციატორნი.

ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს რაღაცის ეშინიათ დღევანდელ კომუნისტებს, სულით—ხორცამდე განსხვავებულებს 100 წლის წინანდელი ბოლშევიკებისგან. ეშინიათ არა მარტო მათ, არამედ პარტია „ერთიანი რუსეთის“ წევრებსაც, ანუ ყოფილ კომუნისტებს, ისე, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს, პრეზიდენტის აპარატსა და თვით პრეზიდენტსაც.

გარდაცვლილი საბჭოთა კავშირის ეშინიათ! ეშინიათ საბჭოური იდეოლოგიის, საბჭოური სინამდვილის, საბჭოური პატრიოტიზმის — ესოდენ მიუღებლის და უცხოს საბჭოეთის მემკვიდრე რუსეთის თანამედროვე, მომხმარებლური ცხოვრებისთვის.

თანამედროვე რუსული პოლიტიკა ნაკლებად იხსენებს ფესვებს, რომელზეც ის დგას, ქვეყანას, რომელიც მტკიცე ფუნდამენტია დღევანდელი რუსეთისა. პოლიტელიტა არ იხსენებს გუშინდელ დღეს, მაგრამ ხალხი იხსენებს და რაც უფრო მეტი დრო გადის საბჭოთა კავშირის დაშლიდან, სულ უფრო მეტად იხსენებს — ცხადია დადებითად!

თუმცა პოლიტელიტაც იხსენებს — უარყოფითად,  ხშირად ქილიკით. რეპრესიებს აბრალებს მას და მის სულისჩამდგმელს. არადა, სწორედ დღეს და ახლაა საჭირო საბჭოეთის სისტემატური გახსენება, სტალინთან ერთად — უკრაინაში მიმდინარე ომის დროს. ხალხიც ამას ითხოვს, პუტინისთვის არა მარტო წერილების მიწერით, არამედ საქმით — საბჭოთა კავშირის წითელი დროშის ფრიალით დონბასსა და ფაშისტებისგან განთავისუფლებულ ტერიტორიებზე.

ხალხი, განსაკუთრებით ვოლგოგრადში მცხოვრებნი რახანია მოითხოვენ ამ ქალაქისთვის ძველი სახელის, ანუ სტალინგრადის დაბრუნებას. ქალაქის ხელმძღვანელობის მიხედვით, თითქოს ყველაფერი რიგზეა — ქალაქის მოსახლეობისთვის ჩატარდება კენჭისყრა 2023 წლის გაზაფხულზე.

რუსეთის ხელისუფლების და პრეზიდენტის ე.წ. გაწონასწორებული პოლიტიკა, „ცივილიზებული“ სამყაროსკენ მუდმივი მზერა, შიშით — არაფერი დავაშავოთო, სერიოზულ ზიანს აყენებს ისედაც უიდეოლოგიოდ დარჩენილ ქვეყანას, მის შეკავშირებას.

რუსი ლიბერალების მიმართ კოჭის გორებამ, სავალალო შედეგი გამოიღო უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებისთანავე. ლიბერალებმა, არა  მარტო ქვეყნის პოლიტიკის წინააღმდეგ გაილაშქრეს, არამედ დატოვეს ქვეყანა და ლანძღვა—გინების კორიანტელში აქცევენ მას — უცხო ქვეყნებში მოკალათებულნი.

უკრაინის ომმა გამოავლინა ის, რისი გამოვლენა, ამოცნობა არ უნდა გასჭირვებოდა რუსეთის ხელისუფალთ, განსაკუთრებით პრეზიდენტ პუტინს — სსრკ-ს და რუსეთის სპეცსამსახურების ყოფილ მუშაკს. მისი ლოიალური დამოკიდებულება კოლექტიური დასავლეთისადმი ჯეროვნად არ შეფასდა დასავლელ პოლიტიკოსთა მიერ და არათუ არ შეფასდა, ხელსაყრელი ვითარების შექმნისთანავე, აგრესიაც გამოვლინდა — რევანშიზმით გაჯერებული.

როგორც ჩანს მეორე მსოფლიო ომში დამარცხებულმა ევროპის ქვეყნების იმჟამინდელი პოლიტიკოსების შვილებმა და შვილიშვილებმა, 80 წლის წინანდელი მარცხის ჩამორეცხვა გაიხადეს უპირველეს მიზნად — სსრკ-ს მემკვიდრის, რუსეთის განადგურების სახით — უკრაინის ფრონტზე.

ნეოფაშისტური უკრაინის იარაღით მომარაგება, მისთვის მილიარდობით დოლარის გამოყოფა, „აგრესორი“ რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესება, სხვა არაფერია, თუ არა საყოველთაო ანტირუსული პოლიტიკის გაშლა.

საბჭოთა კავშირი, ჩამოყალიბებისთანავე, მიუღებელი იყო ბურჟუაზიული, კაპიტალისტური მსოფლიოსთვის. 100 წელი გავიდა საბჭოთა კავშირის შექმნიდან დღემდე, უფრო სწორად 2022 წლის 30 დეკემბრამდე. 100 წლის წინათ რუსეთის საბჭოთა ფედერაციულმა რესპუბლიკამ, უკრაინამ, ბელორუსიამ და ამიერკავკასიის ფედერაციამ (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი) სამოქალაქო ომის დამთავრების და უცხო ქვეყნების ჯარების გასვლის შემდეგ, ხელი მოაწერეს სამოკავშირო ხელშეკრულებას, რომლის 26-ე პუნქტი აცხადებდა მოკავშირე რესპუბლიკების კავშირიდან თავისუფალი გასვლის უფლებას.

26-ე პუნქტის შინაარსის ავტორი ლენინი იყო. ამ პუნქტს ბევრი რუსი პატრიოტი შეცდომად მიიჩნევს და აქვე სვამენ კითხვას — რატომ არ შეასწორეს ეს შეცდომა მისმა თანამებრძოლებმა?

ლენინმა გადაწყვიტა საქართველოს ამიერკავკასიის ფედერაციაში შეყვანის საკითხი, რასაც ეწინააღმდეგებოდნენ ქართველი ნაციონალ—კომუნისტები, მდივანის ხელმძღვანელობით. ისინი მოითხოვდნენ, რომ საქართველოს ცალკე მოეწერა ხელი სამოკავშირო ხელშეკრულებისთვის, რაც მას მისცემდა საშუალებას ამიერკავკასიის ფედერაციის თანხმობის გარეშე გასულიყო საბჭოთა კავშირიდან.

მოგვიანებით, 1936 წელს საქართველომ ეს უფლება მოიპოვა. რაც შეეხება სტალინს — 1922 წლის ზამთრამდე მომხრე იყო ავტონომიზაციის,  ანუ საბჭოთა კავშირის, რომლის შემადგენლობაში უნდა ყოფილიყვნენ საბჭოთა რესპუბლიკები  — მხოლოდ ავტონომიის სტატუსით. ავტონომიებს კი კავშირიდან გასვლის უფლება არ ჰქონდათ. კონსულტაციების შედეგად სტალინი დათანხმდა ლენინის წინადადებას, რასაც თანამედროვენი ხსნიან სტალინისთვის ლენინის ავტორიტეტისადმი უდიდეს პატივისცემას.

საბჭოთა კავშირის შექმნის ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოების წინაშე მოხსენებით სტალინი გამოვიდა.

საინტერესოა თავისუფალი ჩინეთის პირველი პრეზიდენტის სუნ იატსენის წერილი გაგზავნილი საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელებისთვის 1925 წელს, სადაც ის წერს:

„თქვენ ხელმძღვანელობთ თავისუფალი რესპუბლიკათა კავშირს — იმას, რაც ჩაგრულ ხალხებს დაუტოვა უკვდავმა ლენინმა… გემშვიდობებით რა ძვირფასო მეგობრებო. მინდა გამოვთქვა იმედი, რომ მალე დადგება დღე, როდესაც სსრკ მიესალმება მძლავრ, თავისუფალ ჩინეთს, როგორც მეგობარსა და მოკავშირეს, და ჩაგრულ ხალხთა განთავისუფლებისთვის ბრძოლაში ორი მოკავშირე ხელი-ხელ ჩაკიდული ერთად გააგრძელებს გზას“.

საბჭოთა კავშირი 1922 წლიდან 1953 წლის მარტამდე, სტალინის სიკვდილამდე, მართლაც იყო მსოფლიოს ჩაგრულ ხალხთა უდიდესი იმედი. საბჭოთა კავშირმა უდიდესი წვლილი შეიტანა მსოფლიოს დეკოლონიზაციის საქმეში. საბჭოთა კავშირი იყო ქვეყანა, რომელმაც ქალის როლი სახელმწიფო მშენებლობაში მწვერვალებზე აიყვანა და მამაკაცისას გაუთანაბრა. ქალთა ემანსიპაციის თემა უპირველესი საკითხი გახდა ცენტრალური აზიის საბჭოთა რესპუბლიკებისთვის.

საბჭოთა კავშირი გამოწვევა იყო კაპიტალიზმისთვის თავისი პროგრესიული ნაბიჯებით: 8 საათიანი სამუშაო დღით, უფასო განათლებით, უფასო ჯანდაცვის სისტემით; ხელფასების სისტემატური მატებით, მანამდე არ არსებული სოციალური სიკეთეებით; გიგანტური ჰიდროელექტროსადგურებით, მდინარეებისთვის კალაპოტის შეცვლით, გრანდიოზული პროექტებით, ინდუსტრიალიზაციით, მეცნიერებით, ხელოვნებით, შეიარაღებით, ატომური და წყალბადის ბომბებით, საბჭოთა ადამიანის შექმნით.

საბჭოთა კავშირში შემავალი რესპუბლიკებისთვის უცხო იყო ერთმანეთთან ტერიტორიულ ან სხვა საკითხებზე დაპირისპირება, ერთმანეთის სიძულვილი. კომუნისტური იდეოლოგია არ იძლეოდა შიდა ქიშპის შესაძლებლობას.

საბჭოთა ხალხი აშენებდა ახალ ქვეყანას — ადამიანთა სოციალური თანაფარდობის პრინციპზე დაფუძნებულს, მრავალეროვანი ქვეყნის შეკავშირებით. სოციალური სახელმწიფო — მტკიცედ შეკრული, უმთავრესი საყრდენი გახდა მსოფლიოს მშვიდობისმოყვარე ხალხებისთვის. ერთად დგომამ და საბჭოურმა პატრიოტიზმმა მთელს მსოფლიოში გაითქვა სახელი.

მსოფლიო ისტორიაში არასდროს ჰქონდა ადგილი დროის უმცირეს მონაკვეთში უზარმაზარი სახელმწიფოს შექმნას, რომელმაც ყველაზე დიდი ომი მოიგო და ამ მოგებით აღმოსავლეთ ევროპის, აზიის ქვეყნები მოკავშირეებად გაიხადა.

კომუნისტური იდეოლოგიის მატარებელი საბჭოთა კავშირი 1953 წლამდე არასდროს ყოფილა დასახული მიზნების შეუსრულებლობის წყარო. პირიქით, ის ყოველთვის იყო ხუთწლედების ვადაზე ადრე შესრულების გენერატორი.

საბჭოთა კავშირი, კომუნისტური იდეოლოგია, დღეს რომ ზოგიერთს უტოპია ჰგონია — შესრულებული საქმით, პროგრესით, წარმატებებით ამტკიცებდა საწინააღმდეგოს.

საბჭოთა კავშირი იყო ის, რამაც აიძულა კაპიტალიზმი მისი იდეოლოგიის საწინააღმდეგოდ, ჰუმანური ნაბიჯები გადაედგა, რათა საბჭოეთის წარმატებების შემხედვარე ხალხს არ გადაეღო იქაური სახელმწიფოებრივი სისტემა, რევოლუციის გზას არ დადგომოდა.

გარდა პლაგიატობისა, კაპიტალიზმმა გააგრძელა პირდაპირი თუ ირიბი ბრძოლა სოციალისტური ახალი ფორმაციის წინააღმდეგ, რაც წარმატებით 1991 წლის დეკემბერს დაასრულა. მას შემდეგ კოლექტიური დასავლეთი გამარჯვებას ზეიმობს, თითქოს მან გაიმარჯვა და არა კომპარტიაში გაჩენილმა ჭირმა.

ციხესიმაგრე შიგნიდან გატყდა — ასე დასრულდა დედამიწაზე არსებული უდიდესი ქვეყნის ისტორია.

ჰამლეტ ჭიპაშვილი,

პოლიტოლოგი

P.S. ყველაზე უფრო დაუჯერებელი, ამაზრზენი არის საბჭოეთის დაშლის შემსწრეთა უგუნური განცხადება, ხშირად მტკიცება იმისა, რომ საბჭოთა კავშირი, ფეხზე მდგარი, დაიშალა, ჩამოიშალა. იდგა და უცბათ, მოულოდნელად განუტევა სული.

დაუჯერებელი რამ არის მსგავსი დიაგნოზის დასმა ქვეყნისთვის — ადამიანისთვის მისაღებია, მაგრამ ქვეყნისთვის?! თუ კაცს ტყვიას დაახლი შუბლში — გარდაიცვლება. გარდაცვალება არ იქნება ავადმყოფობით  გამოწყვეული. გარდაცვალება გამიზნული მკვლელობის შედეგი იქნება.

საბჭოთა კავშირის ჩამოშლა მკვლელობით იყო გამოწვეული. წინასწარ მომზადე ბული მკვლელობით. ის მოკლეს გაფურჩქვნის ჟამს, მაშინ, როდესაც საბჭოელმა, მეტნაკლებად  უზრუნველყოფილი ცხოვრება დაიწყო, წყნარად, აუღელვებლად,   მსოფლიოს საზომით უდავოდ არაღარიბულად.

საბჭოთა კავშირი მოკლეს მისმა შიდა მტრებმა, მოღალატეებმა, გამყიდველებმა — დასავლურ ჭინჭებზე დახარბებულებმა — ჯინსებზე, საღეჭ რეზინებზე,  გერმანულ ლუდზე, …

შიდა მტრების მოთავეები ამჟამად იმ ქვეყანას არიან, მაგრამ მათი მიმდევრები ამტკიცებენ, რომ საბჭოთა კავშირი დაიშალა, ცენტრალიზებული ეკონომიკის კრიზისის გამო. ხუმრობენ, ეს გარეწრები? — ალბათ!

„ხუმრობენ“ იმიტომ, რომ დაშლა მათ არ დააბრალონ და ჩვენც დაუჯერებელს, სინამდვილედ აღვიქვამთ — გაუანალიზებლად, სხვასთან პარალელების გაუვლებლად.

მძლავრი საბჭოთა კავშირი დაიშალა, მაგრამ არ დაიშალა სუსტი, პატარა კუბა — ნახევარ საუკუნეზე მეტი, ამერიკის ეკონომიკურ სანქციებში მყოფი. არ დაიშალა ვიეტნამი, ჩრდილო კორეა. პირიქით, უმკაცრესი ეკონომიკური ბლოკადის პირობებში ბირთვული ბომბების შემქმნელი, ისე, როგორც ბალისტიკური რაკეტების. ჩინეთზე რომ აღარაფერი ვთქვათ.

მოდით, ნუ ავყვებით მოღალატეთა განცხადებებს და თვალი შევავლოთ ოფიციალურ სტატისტიკას — 1985 წელს საბჭოთა კავშირზე მოდიოდა მსოფლიო წარმოების 20%. ეკონომიკური განვითარების პარამეტრებით საბჭოთა კავშირი მეორე იყო მსოფლიოში. უსაფრთხოების თვალსაზრისით — პირველი; მეცნიერების, განათლების, კულტურის, სულიერი განვითარების — პირველი.

სამხედრო თვალსაზრისით საბჭოთა კავშირს, ისე, როგორც მის მოკავშირე შორეულ ქვეყანას საფრთხე არ ემუქრებოდა.

სსრკ-ს ეკონომიკური განვითარების ტემპი 3,9%-ს შეადგენდა, მხოლო 1950-88 წლამდე ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლის ზრდის ტემპმა 2-ჯერ მეტი სისწრაფე გამოავლინა, ვიდრე აშშ. მაშინ, როდესაც სამუშაო კვირა 48 საათიდან 40 საათამდე შემცირდა.

ამას ჰქვია უძრაობა?!

ეს სიტყვა „პერესტროიკამ“ მიაკერა ბრეჟნევის მმართველობის პერიოდს. იმ „პერესტროიკამ“, რომელმაც შეგნებულად ჩამოშალა საბჭოთა კავშირი.

მსოფლიოსთვის საბჭოთა კავშირის მნიშვნელობა შეუფასებელია. საბჭოელისთვის,  მათ შორის საქართველოსთვის, საბჭოთა კავშირი იყო სამშობლო. სამშობლოს დაკარგვა უახლოესი ადამიანის დაკარგვის ტოლფასია. საბჭოეთის დაკარგვით საბჭოელი დაობლდა, მაგრამ არანაკლები განიცადა მსოფლიომაც. მან დაკარგა ალტერნატივა. საბჭოთა კავშირს ჰქონდა პრობლემები, მაგრამ დღევანდელთან შედარებით, სასაცილო.

საბჭოელები მარტო იმაზე არ ფიქრობდნენ, როგორ აეწიათ საკუთარი ცხოვრების დონე. საბჭოეთი იყო  დედამიწაზე ყველასთვის სამოთხის შექმნის იდეა. უპირველესად იმათთვის, ვინც კაცობრიობის ისტორიაში ნათელი ცხოვრება ვერ იხილა.

სამოთხეში პირველობა სულიერებას ენიჭება და არა მომხვეჭეობას. მსოფლიოს არც ერთი რელიგია არ პირდება სამოთხეში ბოვარიულ ლუდს, „მერსედეს“-ს, სხვა მიწიერ სიამოვნებას.

საბჭოთა კავშირი თავის დაბადების დღიდან ფინანსებს არ იშურებდა ადამიანის სულიერი განვითარებისთვის — ბიბლიოთეკებისთვის, ბავშვთა სხადასხვა სახის წრეებისთვის, მხატრული თვითშემოქმედებისთვის. საბჭოთა კავშირმა შეძლო გამოევლინა სახალხო ძლიერება, ჭეშმარიტი ტალანტი ადამიანისა.

ჰ.ჭ. 04/01/2023