წინა სტატიაში შევეხეთ ამიერკავკასიაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს — მთიანი ყარაბაღის ომიდან გამომდინარე. განვიხილეთ აზერბაიჯან-სომხეთის მოლაპარაკებები, რომლებსაც ადგილი აქვს მოსკოვ-ბრიუსელ-ვაშინგტონში. გამოვთქვით ჩვენი ეჭვი დაპირისპირებულ მხარეებს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებაზე. ვისაუბრეთ აზერბაიჯანის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტზე, შევეხეთ კოლექტიური დასავლეთის დაინტერესებას ამიერკავკასიაში ახალი ცხელი წერტილის გაჩენასთან დაკავშირებით.

ზემოჩამოთვლილი საკითხები მკითხველისთვის მეტნაკლებად ცნობილია. ისიც ცნობილია, თუ რა ხარბი თვალით დაჰყურებს აშშ-ი ამიერკავკასიას და შანსს არ უშვებს ხელიდან იქ არსებულ პოლიტიკურ პროცესებში ხელის საფათუროდ.

აშშ-ს ადმინისტრაციის ინტერესი ჩვენი რეგიონისადმი დიდია, ვინაიდან თვით რეგიონია პოლიტიკური დაპირისპირების მრავალრიცხოვანი მსახიობის თეატრი, ერთმანეთისგან განსხვავებული აღმსარებლობით, წეს-ჩვეულებებით, ეკონომიკური პარამეტრებით და ა.შ. და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია პოლიტიკური შეხედულებებით, ორიენტაციით, სხვა მნიშვნელოვანი მომენტებით, რომლებიც რეგიონის დესტაბილიზაციის შესანიშნავი წყაროა.

ამიერკავკასია, მიმდებარე ტერიტორიები, კასპიის ზღვის აკვატორიითა და ამ ზღვის ირგვლივ მდებარე ქვეყნებით, ახლო აღმოსავლეთით, ჩრდილოეთ კავკასიით, რუსეთით, თურქეთით, ირანით იწვევდა და იწვევს არა მარტო რეგიონის პოლიტიკურ ვნებათა ღელვას, არამედ მსოფლიოს, რაც არ არის გასაკვირი საინტერესო პოლიტიკურ-ეკონომიკური, სატრანსპორტო პალიტრის გამო.

საქართველოს, ამიერკავკასიის წევრ ქვეყანას, არაცალსახა ურთიერთობები აქვს მეზობლებთან — ზოგიერთთან მეგობრულ-პრაგმატული, ზოგიერთთან — მტრულში გადასული, რაც არა მარტო მათთან ურთიერთობებით არის განპირობებული, არამედ არარეგიონულ ქვეყნებთან ურთიერთობებით, რომელთა აქტიურობა და რეგიონში საკუთარი პოლიტიკის გატარება ძაბავს ვითარებას.

არარეგიონული ქვეყნებიდან მთავარი აშშ-ა, მისგან მრავალი ათასი კილომეტრით დაშორებული, მუდავ სათავისოდ განწყობილი, მუდამ საეჭვო, მტრული ქსელების მქსოველი — ხარბი მიზნების მიღწევისთვის.

მსოფლიოს ჰეემონი ქვეყანა ხელგაშლილია რეგიონის ქვეყნების მოსახიბლად — ფინანსებით, შეიარაღებით, სხვადასხვა სახის დახმარებებით, ისე, როგორც მკაცრი ფასადური გამომეტყველებით შენიშვნის მიცემით, სხვადასხვა სახის სანქციების დაწესებით.

ჰეგემონი მუდამ მზადაა რეგიონის ქვეყნების  მიმხრობა — გადაბირებისთვის. მის მიერ შექმნილ საერთაშორისო ორგანიზაციებში რეგიონის ქვეყნების  შეყვანისთვის და საკუთარ თავზე სრული მიბმისთვის, რის შემხედვარენი ვართ ქართველები ბოლო 30-წლიანი ე.წ. დამოუკიდებლად არსებობის დროს.

ზემოთ ვახსენე, რომ ის მზადაა რეგიონის ქვეყნების საერთაშორისო ორგანიზაციებში შეყვანისთვის, თუმცა არც უცბათ და არც დაუფიქრებლად. მხედველობაში მაქვს ნატო და ევროკავშირი. ჰეგემონმა იცის, რომ საქართველო, სუსტი ეკონომიკით, სუსტი სამართლებრივი სისტემით, დაქუცმაცებული ტერიტორიით, მოსახლეობის მენტალობით, შორს არის ზემონახსენები ამ ორი ორგანიზაციის წევრობისგან.

ჰეგემონის აზრით, საქართველოს ნატოში გაწევრება ნატოს და მისი თავსატკივარი იქნება საქართველოს მეზობელ რუსეთთან კონფლიქტის გამო; ოკუპირებული ტერიტორიების გამო; საქართველოს მხრიდან რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული ერთიანობის აღსადგენად ავანტიურის მოწყობის გამო და ა.შ.

ჰეგემონს სურს საქართველოს სრული მორჩილება, რასაც მიაღწია. ამდენად მან იცის, რომ საქართველოს შეიყვანს თუ არა ნატოში, ევროკავშირში, და ალბათ ამ ეტაპზე ვერ და არც შეიყვანს, საქართველოს განაწყენება მას არ ავნებს. აი, რაც შეეხება შეყვანას — მისთვის რისკის შემცველია.

საქართველოს პოლიტიკამაც იცის ჰეგემონის მოსაზრება გაწევრებასთან დაკავშირებით და იშვიათი კნავილის გარდა არაფერს ავლენს. რომ იტყვიან  — „ძალა აღმართს ხნავს“ გამოთქმასთან გვაქვს საქმე.

პოლიტიკური ფლირტი, არცთუ სასიამოვნო, სახეზეა, მაგრამ დასჯერდება ჰეგემონი საქართველოს ტრადიციულ გამოყენებას, ისეთს, რასაც ბოლო 30 წლის განმავლობაში ვხედავთ? რა მაქვს მხედველობაში? ანტირუსული სადგისობა! აშშ-ა, საქართველოს კარგა ხანია განუსაზღვრა ანტირუსული პროპაგანდისტის როლი, ანუ 24-საათიან რეჟიმში რუსეთის ლანძღვა-გინება — შინ და გარეთ, საერთაშორისო არენაზე, ფორუმებზე. და საქართველოც პირნათლად ასრულებს დავალებას, უფრო სწორად ასრულებდა, მაგრამ ჰეგემონის აზრით, საკმარისი აღარ არის.

დასავლეთ-აღმოსავლეთის, კერძოდ კოლექტიური დასავლეთისა და რუსეთის დამოკიდებულება ბოლო 30 წლის განმავლობაში ძირფესვიანად შეიცვალა — გაუარესებისკენ, რაც თავისთავად ითხოვს ახალ პოლიტიკურ ხედვას, ახალ გააზრებას პოლიტიკური, ეკონომიკური, სამხედრო თვალსაზრისით; ახალ სურვილებს ამიერკავკასიის ისე, როგორც რუსეთის, შავი ზღვის, თურქეთის, ირანის, უკრაინის, ევროკავშირის და თქვენ წარმოიდგინეთ ჩინეთის მიმართ.

არის თუ არა პოლიტიკური ფერიცვალება მოსალოდნელი?

გულუბრყვილო უნდა იყოს ადამიანი, რომელიც მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს მდორედ, უცვლელად ჩათვლის და არხეინად, საღათას ძილს მიეცემა. მრავალფერად აჭრელებული მსოფლიო რუკა, რომ მხოლოდ ფერთა კაშკაშით გვიპყრობდეს, სადარდებელიც არაფერო იქნება, მაგრამ ფერთა ნათებას პოლიტიკურ-სამხედრო დაპირისპირების ავი ნათებაც ემატება — ერთობ დამაფიქრებელი, სახიფათო.

განა კაცობრიობაზე პოზიტიურად მოქმედებს რუსეთ-უკრაინის სამხედრო დაპირისპირება, რუსეთ-უკრაინის ომი, თუმცა მას რატომღაც ომს არ არქმევენ? ლოკალური ომი ამ ორის ომი რომ იყოს, მძიმე ასატანი იქნებოდა, მაგრამ ორივესთან მეზობლობა აასმაგებს ომის სიმძიმეს.

იყო თუ არა ომი მოსალოდნელი? ცხადია, იყო, სხვაგვარად ვერ იქნებოდა, ვინაიდან ჰეგემონს სურდა ასე — უკრაინასთან 30-წლიანი ავანტიურისტული პოლიტიკით განპირობებული. მიზანი? — უკრაინისგან, ანტირუსეთის შექმნა. უკრაინელთა ანტირუსებად გარდაქმნა. ორი მოძმე ხალხის ერთმანეთზე სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადამტერება და საბოლოო ჯამში რუსთის დაშლა-დაქუცმაცება, მისი სიმდიდრეების ხელში ჩაგდება, პოლიტიკური მოწინააღმდეგის, მეტოქის გზიდან ჩამოშორება.

არის ამაში რამე გასაკვირი? ასე იყო და იქნება, ვიდრე იარსებებს კაცობრიობა! მსოფლიო მწერვალზე მყოფს მუდამ ექნება სურვილი გაიხანგრძლივოს პირველობა. მწვერვალს ქვევით მყოფთ მუდამ ენდომებათ მწვერვალზე ასვლა, იქ მყოფის ჩამოგდება. ადამიანის ბუნებაა ასეთი. მწვერვალზე მყოფისთვის, მწვერვალისკენ მცოცავთა მოწოდება  — შენც იყავი და ჩვენც ვიქნებით, გავიყოთ მსოფლიოო, იმდენად მიუღებელი და სასაცილოა, რამდენადაც უსიტყვო თანხმობა.

მისი აზრით და არა მარტო, სამხედრო ძალით, მსოფლიო ფულის საჭრელი აპარატით, მსოფლიოზე უკიდეგანო გავლენით ის თავს არხეინად გრძნობს, მეტოქის არ ეშინია. პირიქით, ისეთ იდეებს აფრქვევს, უწინ რომ მიუღებელი იყო, მისი თქმაც კი დაუშვებელი. რა? საამურად ჟღერს კაცობრიობის დაშინება ბირთვული ბომბებით?!

ჰოდა, სისტემატურად გვესმის მისგან, მისი პარტნიორებისა და უკრაინელი მარიონეტებისგან, ხან ბირთვული ბომბით რუსეთის დაბომბვაზე, ხან უკრაინის ტერიტორიაზე ბირთვული ე.წ. „ბინძური ბომბის“ აფეთქებაზე, ხან მოსკოვის წითელ მოედანზე უკრაინული ტანკების ჯირითზე და ა.შ.

უკრაინაში რუსეთის მიერ 8 თვის წინათ სპეციალური სამხედრო ოპერაციის წამოწყების შემდეგ კაცობრიობა შეაჩვიეს ბირთვული ბომბის ამ ომში გამოყენების თემას. იმასაც შეაჩვიეს, რომ ტაქტიკური ბირთვული ბომბის გამოყენება ნაკლებმსხვერპლიანი იქნება! ნეტავ, რას ნიშნავს ნაკლები მსხვერპლი?!

ტაქტიკური ბირთვული ბომბი, გაცილებით დახვეწილი, ხომ მეტ ადამიანს გაანადგურებს, ვიდრე იაპონიის ხიროსიმასა და ნაგასაკში აშშ-ს მიერ ჩამოგდებული ბომბები? იმ ბომბებმა, საერთო ჯამში 300000-ზე მეტი ადამიანი დახოცა!!!

უკრაინის სამხედრო მოქმედების თეატრზე დღეში ათასობით უკრაინელი იხოცება. ოფიციალური მონაცემებით, 700-დან 1000 კაცი. საბოლოოდ, როდესაც ომი დასრულდება, თუმცა მას ბოლო არ უჩანს, ორივე მხარის მსხვერპლი რამდენი იქნება? არც ჰეგემონს, არც მის მოკავშირე მარიონეტებს და ჰოი, საოცრებავ, არც უკრაინის ხელისუფალთ ეს არ აინტერესებთ. რაც მათ აინტერესებთ — ფულია, დიდი ფული.

ნათქვამია, ომმა დიდი ფული იცისო, მითუმეტეს ისეთმა, უკრაინის მსგავსმა — უხვი დასავლური იარაღით, რომელიც უკონტროლოდ იყიდება, თქვენ წარმოიდგინეთ ფინეთის „შავებზეც“, აღარაფერს ვამბობ ამერიკა-ევროკავშირიდან, მდინარის მსგავსი — დოლარის დინებაზე, რომელმაც ზელენსკი და მისი გუნდი მილიარდერებად აქცია, უცხოეთში უძრავი ქონების — ვილების მეპატრონეებად.

ასეთი, მოლაპარაკებაზე არ წავა, ანდა რატომ უნდა წავიდეს, როდესაც თითო დღე შემოსავლიანია. ომის დამთავრება არც ჰეგემონს სურს და არც მის მოკავშირე ევროკავშირ-ნატოს. სიტყვით, ისინი მშვიდობაზე ღაღადებენ — პარალელურად ეს „მშვიდობის მტრედები“ უამრავ იარაღს აწვდიან უკრაინას  — მშვიდობის დასამყარებლად? იქნებ, მშვიდობის საწინააღმდეგოდ?!

ომი, ხოცვა-ჟლეტვა, ნგრევა ერთია; და მეორეა, ომისთვის რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული დასავლური ეკონომიკური სანქციების შედეგები.

მძიმე დღეშია ის, ვინც სანქციები დააწესა. ევროპის ქვეყნების ინფლაცია კარგა ხანია გადასცდა 10%-ს ნიშნულს და ზოგან 24/25/28% შეეთამაშა, აქედან გამოწვეული „სიკეთეებით“ — უმუშევრობით, საწარმოების დახურვით, სოციალური პირობების გაუარესებით, ქუჩებში საპროტესტოდ გასული ხალხით, …

მსოფლიო თვალსადახელსშუა  იცვლება. წყალშეყენებული ჰეგემონი ამაოდ ცდილობს გარდაქმნების წინ აღდგომას. რეცესიამდე მისული ქვეყანა, გონგამოცლილი პრეზიდენტი, ბოროტი ადმინისტრაცია ნაკლებ საიმედოს ხდის ხვალინდელ ცხოვრებას. ჰეგემონი განსაცდელშია და ახალ-ახალ ხერხებს იგონებს პირველობის შესანარჩუნებლად. ამ ხერხთა შორის ამიერკავკასიაც მოიაზრება თავისი ცხელი წერტილებით, განსაკუთრებით აზერბაიჯან-სომხეთის ბოლო ომით, რომელსაც 2 წლის წინათ ჰქონდა ადგილი და რომელიც მხარეთა შორის სამშვიდობო ხელშეკრულებამდე შორსაა.

წინა სტატიაში ავღნიშნე, რომ ე.წ. სამშვიდობო ინიციატივით ვაშინგტონიც გამოდის. ვაშინგტონის პროექტი, ხელშეკრულებაზე ხელის მოწერას გულისხმობს და სომხეთის მიერ მთიანი ყარაბაღის, აზერბაიჯანისთვის დაბრუნებას — უსტატუსოდ, ავტონომიის გარეშე, აზერბაიჯანში მცხოვრებ სხვა ეროვნებათა დონეზე.

მათ ბედს ბაქო გადაწყვეტს და არა საერთაშორისო არენა. რუსთს რა? არც არაფერი! ვინაიდან ყარაბაღის, აზერბაიჯანისთვის გადაცემა უაზროს ხდის რუსი სამშვიდობოების იქ ყოფნას. პერსპექტივაშია გიუმრის რუსული სამხედრო ბაზის გაუქმებაც.

ვაშინგტონის პროექტით, აზერბაიჯან-სომხეთ-თურქეთს შორის მჭიდრო პოლიტიკურ-ეკონომიკური კავშირები შეიკვრება და იქნება მშვიდობა, საამური ცხოვრება — ვაშინგტონის პროექტით, ცხადია ქაღალდზე და არა ცხოვრებაში, იქნება ყარაბაღის ამბიციური სომხების ბრძოლა თავისუფლებისა და თვითგამორკვევისთვის, სახელმწიფოებრივი სტატუსის მოპოვებისთვის. ანუ ისევ ომი, დაპირისპირება. მერედა ვერ ხვდება ამერიკა? ხვდება, ძალიან კარგად ხვდება და ამიტომაც ლობირებს ე.წ. ვაშინგტონის გეგმას — შეგნებულად კავკასიის ახალი ომის ასაგიზგიზებლად, რომელიც რუსეთსაც ჩაითრევს.

გეგმის მიხედვით, ჰეგემონს რუსეთის ამიერკავკასიიდან განდევნა სურს. ასეთივე, თუ არა მიახლოებითი სურვილები აქვთ სომხეთ-აზერბაიჯანს, უფრო სწორად ამ ქვეყნების ხელისუფალთ — აშშ-ს, ევროკავშირის გამუდმებული ჩიჩინით.

სომხეთო, რუსეთის საუკუნოვანი მეგობარი, სოროსელი პრემიერის ფაშინიანის ფარული თანხმობით, მზად არის ჩაუშვას რუსეთი და ძმობა შეჰფიცოს საუკუნოვან მტერს თურქეთს, აზერბაიჯანის სტრატეგიულ მოკავშირეს. მომავალზე ის არ ფიქრობს, უფრო სწორად სომხეთის მომავალზე. მას ისეთი ხედვა აქვს, როგორიც უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის — ჯერ თავო და თავო, შემდგ ცოლო და შვილოო. იკითხავთ ალბათ — რით არის გამოწვეული ამიერკავკასიაში, საერთოდ დსთ-ში რუსეთისდამი ესოდენ ზერელე, უშიშარი დამოკიდებულება?

მარტივი მიზეზით. გუშინდელი თოვლივით გაქრა საბჭოთა კავშირის დროს არსებული რიდი, მოკრძალება, შიში.

30-წლიანმა დამოუკიდებელმა ცხოვრებამ მოსკოვი და ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები ისე დააშორა ერთმანეთს, როგორც ცა და დედამიწა. ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში რუსეთის ადგილი იდეოლოგიურად, პოლიტიკურად, ეკონომიკურად აშშ-ა, თურქეთმა, ევროკავშირმა დაიკავეს. ამ ქვეყნებში რუსეთი უცხო სახელმწიფოდ იქცა, რომელსაც ნაკლები ეკონომიკური ხიბლი აქვს,  ნაკლები გრანტები, ნაკლები ფინანსური დახმარებები.

ყოფილ საბჭოელებს აღარ ეშინიათ რუსეთის. „შიში შეიქმნის სიყვარულსა“ — აღარ მოქმედებს.

რუსეთთან დამოკიდებულებაში, რუსეთისთვის არასასიამოვნო შედეგი მოიტანა და მოაქვს უკრაინაში გაჭიანურებულმა ომმა: ყოფილ საბჭოელებს და არა მარტო მათ, ექმნებათ შთაბეჭდილება, რომ რუსეთი ომს ვერ უგებს უკრაინას, რითაც იმსხვრევა (მათ გაგებაში) რუსეთის არმიისა და იარაღის უძლეველობა. მათ თვალში, რუსეთი საშუალო სამხედრო ძლიერების მქონე ქვეყანაა, რომელთანაც გამკლავება შესაძლებელია.

უკრაინა ხომ უმკლავდება?

უკრაინა, რომლის დამარცხებასაც ყოველი რუსი ან ყოფილი საბჭოელი ომიდან, ორი კვირის განმავლობაში რეალობად მიიჩნევდა, 8 თვეზე მეტია გრძელდება — რუსთა ნაკლები წარმატებით. უძლეველი რუსის მითი ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში, მათ შორის ამიერკავკასიაშიც, იმსხვრევა. შედეგი? სოჭის სამეულის ბოლო შეხვედრაზე აზერბაიჯან-სომხეთის ხელმძღვანელების თავდაჯერებული გამომეტყველება, მთელ რიგ საკითხებში პუტინთან გაჩენილი უთანხმოება — სოჭის შეხვედრის ლამის უშედეგო პროტოკოლურ რიტუალში გადაყვანა.

აზერბაიჯან-სომხეთი თვლის, რომ რუსეთი სუსტია. ეს, რომ ასე არ იყოს, გაუძლებდა უკრაინა?!

დაახლოებით ანალოგიურად აზროვნებს საქართველოც. მართალია, მას ჯერ ეშინია რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნის, ეკონომიკური სანქციების დაწესების, მაგრამ ჯერ-ჯერობით. მისი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ ძირფესვიანად იქნება შეცვლილი უკრაინაში რუსეთის მოქმედებაზე და თუ ამას არ ექნა ადგილი?

ამერიკელთა ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე გაჭრის, რასაც მოჰყვება ის, რისი წინააღმდეგია საქართველოს მოსახლეობა — 70% რუსეთთან ომის დაწყების. მაგრამ  ვინ ჰკითხავს ხალხს? 2008 წელს სააკაშვილმა ჰკითხა ხალხს ომის დაწყება? ხალხი ასეთ შემთხვევაში თამაშგარე მდგომარეობაშია. საქართველოში არათუ ომისა და მშვიდობის თაობაზე, მარტივ სოციალურ საკითხებზე არ ეკითხებიან ხალხს. მას ფაქტის წინაშე აყენებენ.

ასე რომ, სულაც არ გამიკვირდება მეორე ფრონტის გახსნაზე პრემიერ ღარიბაშვილის პოსტფაქტუმ განცხადება. სულ ახლახანს, რუსულმა მედიამ ფართოდ იმსჯელა მეორე ფრონტის გახსნის საკითხზე და მივიდა დასკვნამდე, რომ ამერიკელთა წყალობით ასეთის გაკეთება სრულიად შესაძლებელია.

პოსტსაბჭოთა სივრცეში ასეთი ცხელი წერტილების შექმნის რეალური საფრთხე არსებობს დნესტრისპირეთში, კალინინგრადში, ჩრდილოეთ ყაზახეთში, მაგრამ ყველაზე შესაფერისი რეგიონი მაინც ამიერკავკასიაა, სადაც (ციტატა): „ჩვენს წინააღმდეგ მორიგ პროქსი-ომში ჩაერთვება   ნატო — საქართველოს წინ წამოწევით“.

„ის, რომ საქართველო, უკრაინასთან ერთად, რუსეთისთვის წითელ ნაჭერს წარმოადგენს, ყველასთვის ცნობილია. ორივე დიდი ხანია მიილტვიან ნატოსკენ. ორივესთვის რუსეთი ოკუპანტია. მეორე ფრონტის საქართველოდან გახსნა სწორედაც ახლაა შესაძლებელი, როდესაც რუსეთის გამარჯვება უკრაინაში საეჭვო ხდება. საქართველოს შეუძლია წამოიწყოს ტერიტორიული გამთლიანობისთვის ომი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, რაც თავისთავად რუსეთის არმიის ყურადღებას გადაიტანს ამიერკავკასიაზე, შეასუსტებს მის პოზიციებს უკრაინის ფრონტზე.

კოლექტიური დასავლეთი უყოყმანოდ გაუწევს დახმარებას საქართველოს.“ — ამონარიდი რუსული პრესიდან.

საქართველოს ხელისუფლება მეორე ფრონტის გახსნის კატეგორიული წინააღმდეგია, მაგრამ ეს ხელისუფლება. ხელისუფლებათა ცვლა საქართველოში უცხო არ არის. თუ რა გზით — ცნობილია. გადატრიალებით! ახალი კი რას იტყვის, ისიც ცნობილია — გადამტრიალებელს, ანუ აშშ-ს აუბამს მხარს, ხელისუფლებაში მოსვლისთვის მადლობის გადახდის მიზნით.

 ოფიციალური თბილისის მიერ მშვიდობის მუდმივი დეკლარირება რუსეთის პოლიტიკურ წრეებში არ იწვევს ილუზიებს, ვინაიდან ქვეყანა, რომელმაც დაკარგა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, ანგლოსაქსურ ბრჭყალებშია და გააკეთებს იმას, რასაც მას უკარნახებენ.

დღესაც კარნახობენ, მაგრამ არა მკაცრად, ვინაიდან საქართველოს მეორე ფრონტის გარდა, აზერბაიჯან-სომხეთის სამშვიდობო ხელშეკრულებას აგორებს, რომელიც არათუ მეორე ფრონტის გახსნის მსგავსი იქნება, არამედ ფართომასშტაბიანი — ამიერკავკასიური ომის. მანამდე კი მზადებაა საჭირო და აი ისიც.

თბილისმა დაიწყო სამხედრო ძალების გადამზადება უკრაინის ომის გათვალისწინებით, რომელსაც ხელმძღვანელობს ნატოელი სპეციალისტები და რომლის მიზანია თავდაცვისუნარიანობის გაზრდა რუსეთ-უკრაინის ომის გათვალისწინებით.

მოკლედ და კონკრეტულად, ნატომ დაიწყო საქართველოს ჯარის მომზადება იმისთვის, რომ საქართველომ დაიბრუნოს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები. ცხადია, ასეთს ადგილი არ ექნებოდა, რუსეთს რომ უკრაინაში ჯეროვნად გამოეჩინა ბრჭყალები, მაგრამ ბრჭყალები არ ჩანს და სკეპტიციზმი რუსთა უძლეველობის მიმართ იზრდება.

„საქართველო უწინდებურად ორიენტირებულია ნატოზე. ქვეყნის ხელმძღვანელობა მიმართავს თავის პატრონებს აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს, რომ საქართველო იქნება ქვეყანა, რომელიც მოიმართება ნატოს ბლოკით საქართველო-რუსეთის კონფლიქტის დროს.“ — განაცხადა რუსეთის სამხედრო ექსპერტმა ლეონკოვმა.

უკრაინის მიმართ პუტინის არაკატეგორიული, თავშეკავებული მიდგომა უკმაყოფილებას იწვევს რუსეთში და გაუგებრობას იმ დასავლეთში, რომელიც „ქორებთან“ შედარებით, არცთუ აგრესიულად არის განწყობილი ამ ქვეყნის მიმართ. ერთ-ერთი მათგანია პოლ კრეიგ რობერტსი, ეკონომიკური მეცნიერების დოქტორი, პრეზიდენტ რეიგანის მთავრობის წევრი, პოლიტოლოგი. მის მიერ პუტინის მიმართ გამოთქმული მოსაზრებები საინტერესოა, რამეთუ ასახავს მწარე სინამდვილეს, რომელიც მძიმედ მოქმედებს რუსეთ-უკრაინის სამხედრო დაპირისპირებაზე. აი, რას ამბობს ის:

„პუტინის შეზღუდული სამხედრო ოპერაციის საშიშროება და მისი ნელი ტემპი დასავლეთს აძლევს ძალთა მოკრების და ინიციატივის ხელში ჩაგდების შესაძლებლობას. მიუხედავად პუტინის მიერ დაწესებული „წითელი ხაზებისა“, ამერიკა-ევროპა იარაღს აწვდის უკრაინას, ვინაიდან ეფექტური რუსული პასუხი არ ჩანს. დასავლეთი აქტიურობს — უკრაინას ეხმარება ერთიან საინფორმაციო-სადაზვერვო მონაცემების მიწოდებით, შორი მანძილის იარაღით.

ყირიმის ხიდის და გაზსადენის აფეთქება ხომ ყოველგვარ საზღვრებს შორდება?! ახლა ლაპარაკია „ბინძურ ბომბზე“, რომელიც აშშ-ა შეიძლება გამოიყენოს უკრაინაში შეჭრის საბაბად — რუმინეთში განლაგებული თავისივე ჯარით, რომელსაც შეეძლება ხერსონის განადგურება, ისე, როგორც იქ არსებული რუსული ჯარის.

კრემლს პასუხი არ გაუცია კითხვაზე — რუსეთი რატომ თანხმდება დამცირებაზე, როდესაც მას იოლად შეუძლია ომის მოგება?

ვაშინგტონის პროვოკაციები ფართოვდება, პასუხი პუტინისა ამაზე არ არის, ისე როგორც ძალის დემონსტრირება. ნაცვლად, არის მოწოდება მოლაპარაკებისკენ. რუსეთის ყოყმანმა ხელი ჰკრა ვაშინგტონს კაცობრიობა არმაგედონის წინაშე დააყენოს.  აშშ-ა და მისმა ნატოელმა მარიონეტებმა დაკარგეს შიში რუსეთის მიმართ, ვინაიდან პუტინს არც ერთი „წითელი ხაზი“ არ დაუცავს. ვაშინგტონი თვლის, რომ მას ასეთი არ აქვს.

ლიდერის მოთმინება კარგი დამახასიათებელია, მაგრამ ვაშინგტონში თვლიან, რომ პუტინს არ აქვს პრობლემათა გადაჭრის თავი. თუ პუტინის მოთმინების ინტერპრეტაცია შეცდომა აღმოჩნდა, ვაშინგტონი გადალახავს „წითელ ხაზებს“, რაც მიგვიყვანს არმაგედონამდე“.

სრულიად ვეთანხმები პოლიტოლოგის აზრს და მივიჩნევ, რომ უკრაინის ფრონტზე, რუსეთის სასარგებლოდ მდგომარეობის შეცვლა ომის დამთავრების გარანტია იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მივიღებთ მსოფლიო არეულობას, შესაბამისი შედეგებით.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი

06/11/2022