აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ალიევის ვიზიტი საქართველოში

ქართულ მედიაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ხანმოკლე ვიზიტმა საქართველოში, ისე, როგორც ყოველთვის მოლაპარაკების არა მთავარ საკითხებზე ყურადღების გამახვილებით, არამედ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ სრული იგნორირებით.

ზურაბიშვილმა კოლეგა ალიევის ვიზიტის შესახებ პოსტფაქტუმ გაიგო და მედიაში გამოთქმული მოსაზრების მიხედვით, უკმაყოფილებაც გამოხატა.

უსუსური იყო თვით აღმასრულებელი ხელისუფლების განმარტებებიც ზურაბიშვილის ამ ვიზიტიდან „მოტეხვასთან“ დაკავშირებით, რამაც კიდევ უფრო დაძაბა ურთიერთობა საქართველოს პრეზიდენტსა და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის, რომელიც ლაიტმოტივივით გასდევს ქართულ პოლიტიკას ბოლო წლების განმავლობაში და რომელმაც უკიდურესად უარყოფითი სახე გამოავლინა ზურაბიშვილის პრეზიდენტად „არჩევის“ შემდეგ.

„არჩევას“ აჯობებდა სიტყვა „დანიშვნა“, ვინაიდან ზურაბიშვილის მოპოვებული ხალხის მხარდაჭერა შორს იყო მაღალი თანამდებობის დაკავებისგან.

ზურაბიშვილი თავის პრეზიდენტობას „ოცნების“ დამფუძნებელსა და საქართველოს ჩრდილოვან მმართველს ბიძინა ივანიშვილს უნდა უმადლოდეს.

ზურაბიშვილის კანდიდატურის შერჩევა ივანიშვილის მიერ, მთელ რიგ პარამეტრებს, მოსაზრებებს უკავშირდებოდა, მათ შორის ზურაბიშვილის მადლიერების გამოხატვასა და ხელისუფლების მიმართ ლოიალურობის გამოვლინებას, რასაც ხელისუფლების სამწუხაროდ, ადგილი არ ჰქონია.

ზურაბიშვილი გახდა ქართული ოპოზიციის საიმედო საყრდენი, გამოკვეთილი პროდასავლური პრეზიდენტი, რომელიც თავის პოზიციას, არის თუ არა საჭირო, მუდამ ხაზს უსვამს, განსაკუთრებით საერთაშორისო არენაზე, სადაც ნაკლებად იკავებს თავს საკუთარი მთავრობის კრიტიკისგან.

მოკლედ რომ შევაფასოდ ვითარება — ივანიშვილმა ზურაბიშვილისგან ვარდის ნაცვლად, ეკალი მიიღო.

ამ და სხვა ფაქტორებმა ხელისუფლება აიძულა თუნდაც პროტოკოლური ვიზიტის არგამართვა ალიევ-ზურაბიშვილს შორის. როგორც ჩანს ხელისუფლებამ გაითვალისწინა ზურაბიშვილის ნეგატიური ვიზიტი აზერბაიჯანში და მისი დიალოგი ალიევთან. მაშინ მასპინძელი უკმაყოფილო დარჩა ზურაბიშვილის ხედვით დავით გარეჯის კომპლექსთან დაკავშირებით.

ასე რომ ღარიბაშვილს და მის გუნდს არ სურდა რა ალიევის ხანმოკლე ვიზიტის დროს პატარა ინციდენტსაც ჰქონოდა ადგილი, ზურაბიშვილი ამოიღო მასპინძელთა რიგებიდან.

ზემოთმოცემული ჩემი მოსაზრება ახლოა სინამდვილესთან, მაგრამ მედიას ამაზე ნაკლები ყურადღება უნდა გაემახვილებინა და მოჭარბებული, მოლაპარაკების მთავარ საკითხზე, რაც დღესაც უგულებელყოფილი ხდება.

რით არის გამოწვეული მედიის ესოდენი იგნორირება უმთავრესი საკითხისადმი, რომელიც ალიევ-ღარიბაშვილის მოლაპარაკების დროს განიხილეს? უპირველეს ყოვლისა თვით საკითხის უცოდინრობით.

არაერთხელ მითქვამს და გავიმეორებ — ქართული მედია ევრო-ატლანტიკურ სივრცეზეა მიძუძგურებული და სხვა კონტინენტები, სხვა რეგიონები, სხვა საკითხები, თუნდაც კავკასიის სამეზობლოში არსებული, მას არ აინტერესებს. დაინტერესებას ხანდახან აქვს ადგილი — სპონტანურს, ხანმოკლეს, რომელთაც არც ერთი ჟურნალისტი, ე.წ. ექსპერტი აღარ იხსენებს, მაგალითად გარეჯის, ყარსის ხელშეკრულების, ფორმატი 3×3 და სატრანსპორტო კავშირების, აფხაზეთის რკინიგზის გახსნის და ა.შ.

რით არის გამოწვეული ყოველივე მოკლედ, აღვნიშნე, მაგრამ სიღრმისეულად თუ შევხედავთ ამ საკითხებს და მართლაც მოითხოვს სერიოზულობას. ჩემს მიერ ნახსენები თემები, ქართული მედიისა და ექსპერტების მთავარი საზრუნავი უნდა იყოს.

ქართული მედია, ცხადია ტრენინგ გავლილი ევრო-ატლანტიკურ სივრცეში, რუსეთის ზიზღით არის გამოკვებილი და ისეთ საზიზღრობებს წერს და ამბობს ამ ქვეყანაზე, უარესს რომ არვინ იკადრებდა. ლანძღავენ არა მარტო დღევანდელ რუსეთს, არამედ ყოფილ საბჭოთა კავშირს, რომლის რუსეთთან შედარება სრული უვიცობაა — დიდი განსხვავების გამო.

ის, რომ რუსეთი საბჭოთა კავშირის მემკვიდრეა, არ ნიშნავს, რომ მას კომუნისტური იდეოლოგია აქვს ან საბჭოთა იმპერიის აღდგენა სურს. რაც მას სურს არის მარტივი — მის საზღვრებთან მშვიდი ატმოსფერო, უკომფლიქტო ვითარება, რუსეთთნ ნორმალური პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურული ურთიერთობების ქონა.

როგორც ჩანს რუსთა სურვილები ყოველთვის წააწყდება ნეგატიურ ბარიერს ერთპოლუსიან მსოფლიოში, რომლის სტატუსს ბოლო 30 წლის განმავლობაში, კაცობრიობაში არსებული ყველა სახის ნეგატიური ხერხების გამოყენებით, აშშ-ი ინარჩუნებს და ჯერ-ჯერობით წარმატებით ახერხებს, მეტოქე რუსეთის ირგვლივ მდებარე ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების გადაბირებას, ანტირუსულად განწყობას.

პროცესი, რომელიც სრული სერიოზულობით მიმდინარეობს, კოლექტიური დასავლეთიდან მილიარდებს მოითხოვს, რასაც ის არ ერიდება, ვინაიდან რუსეთის დაჩოქების და დაქუცმაცების შედეგად ხელში ჩაიგდებს არა მარტო პოლიტიკურ გავლენას დაქუცმაცებულ რუსეთზე, არამედ უმდიდრეს წიაღისეულს.

მიზანი, კოლექტიური დასავლეთისა არის მეტად მომხიბლავი და მომავალში შემოსავლიანი. ამდენად აშშ-ს გათვლით, დღეს დახარჯული მილიარდები, ყოფილ საბჭოეთში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სხვადასხვა სახის ინსტიტუტებზე, არაფერია პერსპექტიულ ტრილიონებთან შედარებით, რომლის მოპოვების სურვილი კარგა ხანს კოლექტიურ დასავლეთს არ გაუნელდება.

რუსეთის დაჩოქება პოლიტიკური მოწინააღმდეგის დაჩოქებაა და გზიდან ჩამოშორება, ამასთანავე უპირველესი მოწინააღმდეგე ჩინეთისკენ ყოველგვარი დაპირისპირებისთვის მწვანე შუქის ანთება. დაპირისპირება უკვე სახეზეა, თუმცა სრული მასშტაბით ამოქმედება მხოლოდ რუსეთის დაჩოქებით გახდება შესაძლებელი.

ორ ფრონტზე ერთდროულად დაპირისპირებისთვის აშშ-ი მზად არ არის. ამიტომაც ჯერ რუსეთი, შემდეგ ჩინეთი. რუსეთისთვის ბრძოლა 8 თვეა მიმდინარეობს — უკრაინის გამოყენებით. თუმცა უკრაინის გადაკეთებისთვის და ანტირუსად განწყობისთვის აშშ-ი თითქმის 30 წელია მუშაობს, განსაკუთრებით 2014 წლის მაიდნის რევოლუციის შემდეგ, რომელშიც, მისივე განცხადებით, 5 მილიარდი დოლარი დახარჯა.

არანაკლები, თუ მეტი არა დახარჯა „ფერად-ყვავილოვან“ რევოლუციებში საქართველოში, სომხეთში, მოლდოვაში, ცენტრალური აზიის ქვეყნებში, ბელარუსში. შედეგიც სახეზეა — ყველგან მეტნაკლები ანტირუსული განწყობა, რუსული ენის შეზღუდვით, რუსი ეროვნების მოსახლეობის შევიწროებით და ისეთი გაუსაძლისი პირობების შექმნით, იძულებულს რომ ხდის მას დატოვოს ქვეყანა, სადაც დაიბადნენ და ისტორიულ სამშობლოს, ანუ რუსეთს დაუბრუნდნენ.

ამ განწყობიდან შორს იყო სომხეთი, რომელიც ისტორიული პარამეტრების გათვალისწინებით ყოველთვის აცხადებდა, რომ რუსეთი ისეთივე მტკიცე მეგობარია სომხეთის, როგორიც სომხეთია რუსეთისთვის. სომხეთის დღევანდელი ხელმძღვანელი პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სისტემატურად აცხადებს სომხეთ-რუსეთის მეგობრული, სტრატეგიული ურთიერთობების სიმტკიცეზე და მათ არარატის მთის სიმტკიცეს ადარებს, თუმცა როგორც ჩანს ერთია განცხადება და მეორეა ქმედება, რომელიც დიამეტრალურად განსხვავდება პირველისგან.

საფუძველს ამ განცხადებისა თვით სომეხი პოლიტიკოსები და მედია იძლევიან —  ფაშინიანის ორჭოფული პოლიტიკა ესოდენ შესამჩნევი გამადიდებელი შუშის გარეშეც.

რით შეიძლება აიხსნას სომხეთის ხელისუფლების კარდინალური ფერისცვალება რუსეთის მიმართ? — აშშ-ს მოჭარბებული აქტიურობით ამიერკავკასიასა და კერძოდ სომხეთში.

აშშ-ა მოახერხა რუს და სომეხ ხალხთა მტკიცე მეგობრობაში განხეთქილების ჩაგდება და სრულად თუ არა, ნაწილობრივ სომხეთის მოსახლეობისთვის ანტირუსული ბაცილის აკიდება. ამ საქმეში მან გამოიყენა და იყენებს აშშ-ში მცხოვრებ სომხებს — ამერიკელ სომხებს, რომლებიც სერიოზულ ზეგავლენას ახდენენ სომხეთში მცხოვრებ სომხებზე.

სომხური დიასპორა, რომელიც უცხოეთში ცხოვრობს, არცთუ პოზიტიურად არის განწყობილი რუსეთის მიმართ. მისი სურვილი მარტივია — სომხეთი უნდა გამოვიდეს რუსული გავლენიდან — დსთ-დან, ევრაზიული კავშირიდან, ოდკბ-დან,. რუსეთთან მჭიდრო პოლიტიკურ-ეკონომიკური თანამშრომლობიდან და გახდეს ევრო-ატლანტიკური სამყაროს ნაწილი, ანუ არა რუსული, არამედ დასავლური.

პერსპექტივა, საამურია, თუმცა ზერელე — არცთუ იოლი განსახორციელებელი.

მიზეზი უპირველესი, სომხეთ-თურქეთის ისტორიული დაპირისპირებაა, თურქთა მიერ სომეხთა გენოციდი, რასაც ადგილი ჰქონდა თურქეთში და რასაც თურქეთის ხელისუფლება არ აღიარებს, ისე, როგორც აზერბაიჯანის.

სომხეთ-თურქეთს შორის არ არის დიპლომატიური ურთიერთობები, თუმცა საუბარი აღდგენაზე კარგა ხანია მიმდინარეობს — ინტენსიურად ფაშინიანის გაპრემიერების შემდეგ.

ცნობისთვის, რუსეთი აღიარებს სომეხთა გენოციდს. ამ მხრივ არც აშშ-ს პოლიტიკაა სხვა მოსაზრების მატარებელი. თვით ფაშინიანი და მისი ხელისუფლება  სოროსელები არიან, ამ ფონდის გამოზრდილნი და პროდასავლელები. ამერიკელებმა მოახერხეს თვით სომხეთში, სომეხ ახალგაზრდებთან მჭიდრო ურთიერთობების დამყარება.

ცნობისთვის, ამ რეგიონში აშშ ყველაზე დიდი საელჩო სწორედ სომხეთში ააშენა.

დიდ შენობაში ამერიკელ დიპლომატთა და სპეცსამსახურების მუშაკთა დიდი შტატიც არსებობს. საელჩოს კარი ღიაა, ისე, როგორც სომხეთში აშშ-ს ელჩის გულიც, რომელიც სისტემატურად ახერხებს ერევნის ბაღებში მყოფ სომეხ მოქალაქეებთან ჭადრაკის თამაშს.

რამდენად არის გახსნილი ელჩის გული, ძნელი გამოსაცნობი არ არის. ის, დავალებას ასრულებს, შედის რა კონტაქტში ადგილობრივ მოსახლეობასთან და იღებს ინფორმაციას, ისე, როგორც ანწყობს მოსახლეობას აშშ-ს საელჩოსა და ამერიკის მიმართ.

პოლიტიკურად, ცხადია ჭადრაკის თამაშის დროს რუსეთთან ურთიერთობის საკითხსაც ეხებიან, ისე, როგორც აზერბაიჯანთან, თურქეთთან, ირანთან. ამ უკანასკნელთან მიმართებაში ამერიკელთა ინტერესი დიდია — ამერიკა-ირანის მკვეთრი დაპირისპირების გამო — ერთის მხრივ, და მეორის მხრივ, ირან-სომხეთის კარგი ურთიერთობიდან გამომდინარე.

ერევანში აშშ-ს საელჩოს თანამშრომლებს, გარდა ამიერკავკასიისა, თვალი უჭირავთ ირანისკენ, ახლო აღმოსავლეთისკენ, აზერბაიჯან-ცენტრალური აზიისკენ და რაც მთავარია, რუსეთ-თურქეთისკენ. დიპკორპუსის რაოდენობაც ამით არის განპირობებული.

მრავალწლიანი მუშაობის შედეგად აშშ-ა მოახერხა სომხეთში მისთვის ლოიალური ოპოზიციის ხელისუფლებაში მიყვანა — ნაცადი მეთოდით — ქუჩის აქციებით, პერმანენტული დემონსტრაციებით, მთავარი ქუჩების ბლოკირებით — ერთი სიტყვით, ყველა  ცნობილი ხერხის გამოყენებით, რასაც ის ბოლო 30 წელია თანმიმდევრობით ახორციელებს არაბულ სამყაროში, პოსტსაბჭოთა სივრცეში, ყველგან, სადაც ხელი მიუწვდება. ხელი კი, უდავოდ ყველგან უწვდება — მთელს მსოფლიოში უამრავი სამხედრო ბაზების წყალობით.

სომხეთის მოსახლეობამ და პოლიტიკამ იცის პრემიერ ფაშინიანის აშკარა პროდასავლურობა, აპროტესტებს კიდეც, თუმცა მისი ჩამოგდება უჭირს ვაშინგტონის მხარდაჭერის გამო. ვაშინგტონი, ფაშინიანსა და მის გუნდს თავისად თვლის. თვით ფაშინიანიც ასეთი განწყობისაა და ეს ყველაფერი ხდება რუსეთის ხელისუფლების თვალწინ.

რას შეიძლება მიეწეროს ფაშინიანის ორმაგი თამაში — კარგ არტისტიზმს თუ რუსთა სიბრმავეს, მოჭარბებულ ლოიალურობას სომხეთის მიმართ? ალბათ, ერთსაც და მეორესაც.

რასაც ტელეეკრანიდან ვუყურებთ ფაშინიან-პუტინის შეხვედრებიდან გამომდინარე, ისეთი შთაბეჭდილება გვექმნება, რომ ფაშინიანი — დამოუკიდებელი ქვეყნის მეთაური, ისეთივე დამოკიდებულებაშია პუტინთან, როგორიც საბჭოთა სომხეთის კომტარტიის ცკ პირველი მდივნები სსრკ კპ ცენტრალური კომიტეტის გენერალურ მდივანთან. მაშინდელები მკაცრად იცავდნენ უმცროს-უფროსობის პოლიტიკას.

ამ ფონზე გაოცებას იწვევს ფაშინიანის და მისი ხელისუფლების აშკარა ლაქუცი აშშ-ს მაღალჩინოსანთა მიმართ, რომლებიც სისტემატურად ჩადიან სომხეთში, ყარაბაღის ომის შემდეგ. მლიქვნელობის ზენიტი იყო ფაშინიანის შეხვედრა ნენსი პელოსისთან, რომელიც შემოდგომით სტუმრობდა სომხეთს. წელში მოხრილი ფაშინიანი, მონური ღიმილით, თაიგულით ხელში, მოკრძალებით მიესალმა პელოსის და მანაც გაუღიმა, შემდეგ ნიანგის ცრემლებიც ღვარა თურქეთის გენოციდის ამსახველ მემორიალზე. პელოსი ისე „გლოვობდა“ ერთი საუკუნის წინ დაღუპულ სომხებს, თითქოს ამ ტრაგედიას გუშინ ჰქონოდა ადგილი.

პელოსისა და მისი თანმხლები კონგრესმენების მთავარი მიზანი თითქოს ყარაბაღის პროცესისთვის ხელშეწყობა, სომხეთისთვის პოზიტიური გადაწყვეტილებით დამთავრება იყო და რაც მთავარია რჩევა ფაშინიანისთვის რუსეთისგან დისტანცირების თაობაზე.

რუსმა ჟურნალისტებმა ამ ვიზიტის დროს ყურადღება მიაქციეს თითქოს უმნიშვნელო დეტალს — ქუჩებიდან რუსეთის მეგობრობის ბანერების და პუტინის პორტრეტების ჩამოხსნას. არის თუ არა მიმანიშნებელი ეს „პატარა“ დეტალი რუსეთის მიმართ სომხეთის პოზიციის შეცვლის?

არანაკლებ ყურადღებას იწვევს სომხეთის მედიაში და საზოგადოებაში გაჩენილი ანტირუსული განცხადებები. სომხეთის მოსახლეობაში დიდი უკმაყოფილებაა ყარაბაღის ბოლო ომის შედეგად. ფაშინიანისა და მისი პროამერიკული გუნდის წყალობით სომხეთის მოსახლეობას აწოდებენ ცრუ ინფორმაციას რუსეთის ინერტულობასთან დაკავშირებით, რომ მოკავშირე რუსეთმა დახმარება არ გაუწია სომხეთს და ისიც დამარცხდა აზერბაიჯანთან ომში.

სომხები რუსეთს ადანაშაულებენ ორმაგ თამაშში, უფრო სწორად სამმაგში აზერბაიჯან-თურქეთ-რუსეთს შორის არსებულში, რომელმაც დაჩრდილა სომხეთთან მეგობრობა.

რუსეთი ინარჩუნებს აზერბაიჯან-თურქეთთან პარტნიორულ ურთიერთობებს, თანამშრომლობს ორივესთან ეკონომიკურად; აზერბაიჯანს ჰყიდის იარაღს, ისე, როგორც სომხეთს; აქვს ურთიერთობა რუსეთში, განსაკუთრებით მოსკოვში არსებულ არაერთმილიონიან აზერბაიჯანულ დიასპორასთან; არანაკლები რაოდენობის სომხები ცხოვრობენ რუსეთში და იკავებენ მაღალ თანამდებობებს, არიან რუსულ მედიაში, მეცნიერებაში და ა.შ.

თავის მხრივ აზერბაიჯანს გახსნილი აქვს რუსული სკოლები, რუსეთის უმაღლესი სასწავლებლების ფილიალები. აზერბაიჯანში არ იდევნება რუსული ენა, მაგრამ მიუხედავად პრაგმატული ურთიერთობებისა, აზერბაიჯან-რუსეთის კავშირები შორს არის აზერბაიჯან-თურქეთის კავშირებისგან, რომელსაც ორივე მხარე ასეთნაირად აფასებს — ერთი ხალხი, ორი ხელისუფლება.

აზერბაიჯან-თურქეთის ურთიერთობებზე ზეგავლენის მოხდენა რუსეთს არ შეუძლია, არც ცდილობს, იცის ამის მიღწევა შეუძლებელია, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე.

აზერბაიჯანიც უკმაყოფილოა რუსეთის მიმართ, ვინაიდან შუამავალმა რუსეთმა ვერ მოახერხა აზერბაიჯან-სომხეთს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებისთვის ხელშეწყობა. სულ ახლახანს, მოსკოვში არსებულმა აზერბაიჯანის საელჩომ საპროტესტო ნოტაც გადასცა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, სადაც ის საყვედურს გამოთქვამს რუსეთის საზოგადოებრივი ტელეკომპანიის გადაცემა „ბოლშაია იგრა“-ს ერთ-ერთ თოქ-შოუს მიმართ, რომელშიც მიწვეული იყვნენ რუსეთში მცხოვრები სომეხი პოლიტოლოგები და რომლებმაც ნეგატიურად ისაუბრეს აზერბაიჯანზე, სომხეთის რუკის დემონსტრირებით, ეჭვს რომ იწვევს ოფიციალურ აზერბაიჯანში.

აზერბაიჯანმა, ნოტით დაბეჯითებით მოსთხოვა რუსეთს დაუყოვნებლივ გაატაროს გადაუდებელი ზომები მედიის პროვოკაციული ქმედებების აღსაკვეთად.

რუსეთს აქვს პრეტენზიები აზერბაიჯანის მიმართ. ევროპა-ახლო აღმოსავლეთიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ბაქო არა მარტო ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს უკრაინას, არამედ აწვდის იარაღსაც. არის ინფორმაცია აზერბაიჯანელი მოხალისეების მონაწილეობის შესახებ უკრაინის მხარეზე.

აზერბაიჯანული მედიის ზედაპირული თვალის გადავლებითაც ჩანს, ვის უჭერს მხარს აზერბაიჯანის საზოგადოება, დასტური ამისა ანტირუსული პუბლიკაციებია.

ზემომოყვანილი ფაქტები ორი მეზობელი ქვეყნის რუსეთთან ურთიერთობებიდან გამომდინარე, ნეგატიური სახისაა და ერთმანეთის მიმართ ეჭვის გაზრდის შანსს იძლევა, განსაკუთრებით ბოლო ომის შემდეგ.

სამ ქვეყანას, რუსეთ-აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის 2020 წლის 20 ნოემბრის შეხვედრიდან 2 წელი გავიდა. ამ ხნის განმავლობაში არაერთი მოლაპარაკება გაიმართა. მუშაობს კომისია ვიცე-პრემიერების დონეზე საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაციასთან დაკავშირებით, მაგრამ კონკრეტული შედეგები არ ჩანს იმ საკითხების გადასაწყვეტად, რომლებიც ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების მიღმა დარჩნენ. აზერბაიჯანი მოითხოვს ზანგეზურის დერეფნის გახსნას, რომელიც მას დააკავშირებს ნახიჩევანის ოლქთან.

ერევანს სხვა მარშრუტი აქვს. პრეზიდენტი ალიევი ნახიჩევანის სატრანსპორტო დერეფნის გახსნას, ლაჩინის დერეფნის დებლოკირებას უკავშირებს — მათიან ყარაბაღს რომ სომხეთთან აკავშირებს. სომხეთი ამ შეთავაზების წინააღმდეგი არ არის.

დასავლეთ აზერბაიჯანის ნახიჩევანთან ზანგეზურის დერეფნით დაკავშირება ხელსაყრელია თურქეთისთვის, მას მიეცემა მოძმე აზერბაიჯანთან პირდაპირი საავტომობილო კომუნიკაციით დაკავშირება, კასპიის ზღვაზე გასვლა. რუსეთისთვის და არა მარტო მისთვის, არამედ ირანისთვის თურქეთის, ანუ კასპიის ზღვის არაწევრი ქვეყნის ყოფნა კასპიის ზღვაში, კასპიის ზღვის ქვეყნების შეთანხმების მიხედვით დაუშვებულია.

ირანი, ისე, როგორც რუსეთი, არ დაუშვებენ თურქეთის, როგორც ნატოს წევრი ქვეყნის კასპიის ზღვაზე გამოჩენას, რაც ნატოს არა მარტო კასპიის ზღვის აზერბაიჯანულ ნაწილზე კონტროლის დამყარების შანსს გაუჩენს, არამედ ცენტრალური აზიის სახელმწიფოებზეც და რაც მთავარია ირან-რუსეთსზეც. გარდა ამისა, გაურკვეველია მთიანი ყარაბაღის საკითხიც. აი, ასეთ ვითარებაში აქტიურობენ ევროკავშირი და აშშ-ი.

ბრიუსელთან მოლაპარაკების ინიციატორი არა მარტო ბრიუსელია, არამედ ფაშინიანიც. შარლ მიშელმა ბრიუსელში მიიწვია ფაშინიანი და ალიევი. სამთა შორის დიალოგი არაჩვეულებრივიდან, ჩვეულებრივში გადადის. მას დაემატა პრაღის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის ჩარჩოებში შეხვედრებიც თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანსა და ალიევ-აშინიანს შორის და საფრანგეთის პრეზიდენტ მაკრონსა და ალიევ-ფაშინიანს შორის.

მოლაპარაკების საგანი ისეთივეა, როგორიც რუსეთ-აზერბაიჯან-სომხეთს შორის, თუმცა არის ნიუანსებიც, რომელთა უყურადღებოდ დატოვება მომავალი კონფლიქტის გამომწვევი მიზეზი შეიძლება გახდეს. როგორც ჩანს, კოლექტიურ დასავლეთს მომავალი კონფლიქტის წამოჭრის პრობლემა არ აწუხებს, პირიქით გულში მიესალმება, ვინაიდან ის (კონფლიქტი) დაძაბავს სიტუაციას ამიერკავკასიაში, ჩართავს მასში ირანს, ისრაელს, რუსეთს, რითაც პრობლემები შეექმნებათ უპირველეს ყოვლისა რუსეთსა და ირანს, აღარაფერს ვამბობ კონფლიქტში, მონაწილე მხარეებზე.

27 სექტემბერს აშშ-ს სამუშაო ვიზიტით სტუმრობდა სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი გრიგორიანი, რომელიც იყო აშშ-ს ცსს შტაბ-ბინა ლენგლიში და გამართა მოლაპარაკება აშშ-ს უშიშროების საბჭოს მდივან სალივანთან. ამ მოლაპარაკებას ესწრებოდა აზერბაიჯანის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელი გაჯიევიც. შედეგი — სომხეთის პრესის მიხედვით, თითქმის გამზადებული სამშვიდობო ხელშეკრულება ე.წ. ამერიკულ-ევროპული ვარიანტი, რომელსაც ხელს მოაწერს ფაშინიანი.

ამ ხელშეკრულებიდან გატანილია ყარაბაღის სტატუსის საკითხი. ყარაბაღში მცხოვრები სომხები ჩაითვლებიან აზერბაიჯანის ერთ-ერთ ნაციონალურ უმცირესობად, რომელთა მიმართ არ გავრცელდება რაიმე სახის საერთაშორისო ვალდებულება. ყარაბაღელ სომხებთან ბაქო გამართავს მოლაპარაკებას არა როგორც სტატუსის მქონე მხარესთან, არამედ თავის შემადგენელ ნაწილთან.

აპრიორი შეიძლება ითქვას, როგორ წარიმართება ეს მოლაპარაკებები — დასაწყისში ინტენსიურად, რომელიც იშვიათობაში გადაიზრდება, საბოლოო ჯამში ნაკლებად მისაღებში ყარაბაღელი სომხებისთვის. უკმაყოფილება, გაჩენილი სომეხთა შორის ახალი კონფლიქტის აგიზგიზების საშუალება იქნება.

აღნიშნულის თავიდან აცილების მიზნით, მოსკოვის შეთავაზებით ყარაბაღის სტატუსის საკითხის თაობაზე მოლაპარაკება ცალკე უნდა გაიმართოს — საკითხის სერიოზულობის გამო, თუმცა, როგორც ჩანს ფაშინიანი ასე არ თვლის. მას წლის ბოლომდე სურს ხელშეკრულების გაფორმება. ანალოგიურად არის განწყობილი ალიევიც და თურქეთიც, რომ აღარაფერი ვთქვათ ევროკავშირზე.

რას იღებენ მხარეები ხელშეკრულების გაფორმებიდან?

აზერბაიჯანი დაიბრუნებს მთიან ყარაბაღს — უსტატუსო, საკუთარ რეგიონად, დაუკავშირდება ავტომაგისტრალით, სომხეთის ტერიტორიის გავლით, თავისსავე ავტონომიურ ოლქ ნახიჩევანს.

თურქეთი, ნახიჩევანის და ზანგეზურის გზის გახსნით გადის კასპიის ზღვაზე. ირანი და რუსეთი მიიღებენ სამომავლო ცხელ წერტილს, გაჩენილს მთიანი ყარაბაღიდან  გამომდინარე.

სომხეთი აზერბაიჯანს ფაქტიურად აბარებს მთიან ყარაბაღს; აღადგენს თურქეთ-აზერბაიჯანთან ყველა სახის ეკონომიკურ საკომუნიკაციო კავშირებს, რაც სომხეთის აზრით, განავითარებს სომხეთის ეკონომიკას.

რას იღებს ამერიკა-ევროკავშირი?

რუსეთის კავკასიიდან გაძევების პერსპექტივას. რუსი სამშვიდობოები, რომლებიც ამჯერად ყარაბაღს იცავენ, აღარ იქნებიან საჭირონი, ვინაიდან ყარაბაღი აზერბაიჯანის ნაწილად იქცევა. კითხვის ნიშნის ქვეშ დგება სომხეთში, რუსეთის სამხედრო ბაზის არსებობაც, ვინაიდან ბაზა სომხების უსაფრთხოებას იცავს, მაგრამ თურქეთ-აზერბაიჯანთან მეგობრული დამოკიდებულებების შედეგად, ბაზა დაკარგავს თავის მნიშვნელობას.

არ არის გამორიცხული სომხეთის ოდკბ-დან გასვლაც — ამას ჩასჩიჩინებენ დასავლელები სომხებს.

დასავლეთმა იმდენად გააძლიერა ანტირუსული პროპაგანდა, რომ რიგით სომხებსაც კი გაუჩინა ეჭვი რუსეთის მიმართ ასეთი სახის — რუსეთი სპეციალურად აჭიანურებს ხელშეკრულების გაფორმებას, რათა არ გაიყვანოს სამშვიდობოები ყარაბაღიდან.

სომხებს არწმუნებენ იმაში, რომ რუსეთის დიპლომატია არ არის  მოწადინებული საკითხის დადებითად გადაჭრაში. აი, ასეთი პოლიტიკური ტვირთით მივიდნენ მხარეები სოჭის ბოლო შეხვედრამდე. შედეგი?

მოლაპარაკების დასრულებისთანავე პუტინმა პრეს-კონფერენციისას აღნიშნა — რომ საკამათო საკითხები, (როგორც ჩანს ყარაბაღი) არ არის საბოლოო შეთანხმებამდე მიყვანილი. დერეფნების, საზღვრების დადგენის თემებიც საჭიროებენ დამატებით კონსულტაციებს.

ნოემბრის შუა რიცხვებში ალიევ-ფასინიანს აქვთ შეხვედრა ბრიუსელში შარლ მიშელთან. რას მოიტანს მოლაპარაკება ან შეძლებს თუ არა ბრუსელ-ვაშინგტონის პროექტი, მოსკოვის პროექტის დაჯაბნვას ამ შეხვედრის ბოლოს გამოჩნდება.

საქართველოს პოზიცია, როგორც შუამავლის, ნეიტრალურის, ნარჩუნდება, რისი დასტურიც ალიევის ვიზიტია. ღარიბაშვილმა მოახერხა სომეხი და აზერბაიჯანელი ტყვეების გათავისუბლებაში პოზიტიური წვლილის შეტანა; სომხეთ-თურქეთს შორის დიალოგის დაწყებაში ხელის შეწყობა.

შუამავლის როლი პატივსაცემიცაა და საპასუხისმგებლოც. ოდნავი გადახრა, კონფლიქტში მონაწილეთა უნდობლობას გააჩენს. გარდა ამისა საქართველოს სიფრთხილეს უნდა აძლიერებდეს თვით საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანულ—სომხური დიასპორების არსებობა. ორივე მხარესთან სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაცია—დემარკაცია და რაც მთავარია რუსეთის ფაქტორის გათვალისწინება.

მართალია საქართველოს ანტირუსული მოკავშირეებიც ჰყავს — კოლექტიური დასავლეთის სახით, მაგრამ რუსეთი მეზობელია, რაც მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი

02/11/2022