18.07.2024

თავმოყვარე ერს ასეთი ავადმყოფობა არ უნდა სჭირდეს

როგორც მოსალოდნელი იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ღარიბაშვილის გაეროში გამოსვლამ დიდი ვნებათა ღელვა გამოიწვია ოპოზიციაში, რაც შეეხება ხალხს — არც არაფერი.

საზოგადოების უდიდესმა უმრავლესობამ არც კი იცოდა ღარიბაშვილის გამოსვლის თაობაზე. რატომო? რომ მკითხოთ, გიპასუხებთ მარტივად და გასაგებად —საზოგადოება თვლის, რომ გაეროს არ შესწევს უნარი გადაწყვიტოს ომისა და მშვიდობის საკითხები საკუთარი წესდებიდან გამომდინარე.

გაერო — მსოფლიოს ქვეყნების საკრებულო, მეორე მსოფლიო ომის პირმშო, ანტიჰიტლერული სამი მოკავშირის სსრკ-ს, აშშ-ს და დიდი ბრიტანეთის მიერ დაფუძნებული, ვერ ქმნის ისეთ პოლიტიკურ ატმოსფეროს, რომლის შესრულება, მეტადრე დაცვა სავალდებულო იქნება წესრიგის დამრღვევი ნებისმიერი მისი წევრისთვის — ზომის, გავლენის, საწევრო შენატანის სიდიდის გათვალისწინების გარეშე.

გაეროს რეორგანიზაციის თაობაზე მრავალი წლის განმავლობაში მიმდინარეობს სჯა-ბაასი. საკითხი რთული და ძნელად გადასაწყვეტია და წევრი სახელმწიფოების ერთსულოვან შეთანხმებას მოითხოვს, განსაკუთრებით უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრის.

მათი ერთმანეთთან დამოკიდებულება, ომისა და მშვიდობის საკითხებთან დაკავშირებით ისეთ ფაზაშია, უარესს რომ ვერასდროს იფიქრებდა დამფუძნებელი „დიდი სამეული“.

მათი შეთანხმების გარეშე ყინული არ გალღვება და რახან ასეა, უნდა დავყაბულდეთ იმას, რაც გვაქვს — დღესდღეობით 193 ქვეყნის საკრებულო, ცალ-ცალკე ყველა მათგანი, მსოფლიო მშვიდობის მსურველი, დარწმუნებული საკუთარ სიმართლეში, ხშირ შემთხვევაში სხვა წევრთა მიერ გაუზიარებელში.

გაეროს ტრიბუნა ყველა წევრს აძლევს სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობას. ყველა ქვეყანას შეუძლია მიმართოს სხვა წევრებს, მსოფლიოს საზოგადოებას.

გამომსვლელთა სიმრავლეს ახალი სესიის გახსნის პერიოდში აქვს ადგილი, როდესაც ყველა ქვეყანა აჯამებს სესიიდან, სესიამდე ერთი წლის განმავლობაში მის მიერ გაწეულ მუშაობას, აფასებს მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს, ომის და მშვიდობის საკითხებს, აცნობს სხვა ქვეყნებს საკუთარ დამოკიდებულებას აღნიშნულ საკითხებთან მიმართებაში, აანალიზებს დღის წესრიგით გათვალისწინებულ თემებს.

გაეროს სესიის სხდომაში მონაწილეობა ქვეყნების წარმომადგენლებს აძლევს ერთმანეთდან შეხვედრის და მოლაპარაკების გამართვის შანსს.

აღნიშნული წესების და რეგლამენტის გათვალისწინებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გაეროს მაღალი ტრიბუნიდან გამოსვლა ჩაჯდა გაეროს მიერ დაწესებულ ჩარჩოებში. საკითხებიც, რომლებიც მან გააჟღერა თავის სიტყვაში, იყო შესაბამისობაში მოსული დღის წესრიგთან. რა სიტყვებით და რა შინაარსით — სხვა  თემაა, რომელზეც კამათიც შეიძლება და საკუთარი მოსაზრების — ნეგატიურის თუ პოზიტიურის გამოთქმაც.

აქედან გამომდინარე სულაც არ არის გასაკვირი ოპოზიციის მიერ ღარიბაშვილის სიტყვის უარყოფითად შეფასება. ღარიბაშვილს, რომ ოპოზიციის მიერ დაწერილი სიტყვა წაეკითხა, ნეგატიურ შეფასებას მაინც ვერ ასცდებოდა.

ოპოზიციონერობა მოითხოვს კრიტიკას, მაგრამ თუ კრიტიკა არაოპოზიციონერთა მხრიდან, ასევე იმსახურებს კრიტიკას, გასაკვირი არც ეს არის. და რახან ასეა, ჯერ ოპოზიციის კრიტიკაზე ვიტყვი, შემდეგ ღარიბაშვილის სიტყვაზე.

ოპოზიცია ღარიბაშვილს აკრიტიკებს იმაში, რომ მან გაეროს ტრიბუნიდან არ ილაპარაკა ევროკავშირის მიერ მოცემული 12-პუნქტიანი დავალების შესრულება-არშესრულებაზე, რითაც სრული უვიცობა გამოავლინა გაეროს არსის ცოდნასთან დაკავშირებით.

ღარიბაშვილს, რომ ევროპარლამენტის წინაშე გამოსვლისას არ ეხსენებინა 12-პუნქტიანი დავალება სხვა საკითხია, ანუ ასე თუ ისე საკრიტიკო, მაგრამ გაეროს სესია რა შუაშია? 193 ქვეყნიდან დამისახელეთ ერთი მაინც, ვინც იცის ამ ყბადაღებული 12-პუნქტიანი დავალების შესახებ? მხედველობაში არ მაქვს ევროკავშირის წევრი ქვეყნები, თუმცა დარწმუნებული ვარ არც მათ იციან ამ 12 პუნქტის თაობაზე. თუ ვინმემ იცის — ბრიუსელელი მოხელეა, ევროკავშირის შტაბ-ბინაში მომუშავე.

ოპოზიციონერთა კრიტიკული გამოსვლებიდან ყურადღება მიიპყრო ვაშაძის სიტყვებმა. ვაშაძემ ბრძანა, რომ ღარიბაშვილის სიტყვა იყო ისეთი, როგორიც საბჭოთა სისტემის მაღალჩინოსანთა გამოსვლა, ქვეყანას რომ უპატაკებდნენ ეს გავაკეთე, ის გავაკეთეო. მან ისიც თქვა, რომ ღარიბაშვილის სიტყვა რუსი მოხელეების სიტყვას ჰგავდა — ტყუილებით გაბერილს და ყველასთვის მიუღებელს.

ოპოზიციის, პირადად ვაშაძის განმარტებით, „ქართული ოცნება“, საქართველოს მთავრობა არის კრემლის მიერ მართული და მისი დავალებების შემსრულებელი.

ვაშაძემ, ასაკიდან გამომდინარე, არ იცის საბჭოთა კავშირის მაღალჩინოსანთა გამოსვლების, სიტყვების შესახებ. მას ვიღაცამ უთხრა — საკუთარი ქება-დიდებით გამოდიოდნენო და ისიც იმეორებს თუთიყუშივით, აზრის დაუტანებლად, თორემ ამ სიბრიყვეს არ იტყოდა, რამეთუ ცხოვრება, რომელიც მას, სხვა ოპოზიციონერს, საქართველოში მცხოვრებ ყველას მემკვიდრეობით ერგო, საბჭოელი ფუნქციონერების სიტყვების, გამოსვლების, მოხსენებების პირდაპირი ნაყოფია და როგორც ჩანს, ისეთი გემრიელი და გამძლე, არამალფუჭი, 30 წლის განმავლობაში ვაშაძეებმა და მისთანებმა ვერაფერი მოუხერხეს, ვერ დაანგრიეს, თუმცა დღენიადაგ ცდას არ აკლებენ. აშენებისა რა მოგახსენოთ.

თქვენც კარგად ხედავთ მკითხველო ახალი თაობის გაკეთებულ საქმეს. არადა, რაღაც ხომ უნდა გაეკეთებინა 30 წლის განმავლობაში?!

რაც შეეხება ღარიბაშვილს, მის მოკლე მოხსენებაში ხაზგასმით იყო ნათქვამი, ცხადია თავის ქებით, ეკონომიკური წარმატებების შესახებ. იყო პარალელები გავლებული სხვა ქვეყნებთან, მე ვიტყოდი ბრიყვული სიამაყით, მაგრამ არ იყო ნათქვამი, რამ გამოიწვია ეკონომიკური წინსვლა და აქვს თუ არა აღმავლობას მყარი ფუნდამენტი.

ეკონომიკური წარმატება მაშინ არის მყარი, როდესაც მრეწველობის, სოფლის მეურნეობის, თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებას უკავშირდება და არა სპონტანურ რუსულ ტურიზმს.

რომ არა ევროპის და სხვა ქვეყნების მიერ რუსი ტურისტებისთვის კარის ჩაკეტვა, საქართველოს არ მოაწყდებოდა; რომ არა ეკონომიკური სანქციები, დაწესებული რუსეთის წინააღმდეგ, რუსი სპეციალისტები არ ჩამოვიდოდნენ საქართველოში დროებით საცხოვრებლად; არ იქირავებდნენ, არ იყიდდნენ ბინებს, არ დააფუძნებდნენ ბიზნესს, არ დახარჯავდნენ ფულს კაფეებსა და რესტორნებში, სუპერმარკეტებში, …

ეს წარმატება დროებითია და უმალ დაესმება წერტილი, როდესაც სანქციები შერბილდება, უკრაინაში მიმდინარე სპეციალური სამხედრო ოპერაცია დასრულდება, დასავლეთ-რუსეთის ურთიერთობები მეტნაკლებად ჩადგება კალაპოტში.

ასე რომ, თავის ქება და სინგაპურთან, ნორვეგიასთან, შვეიცარიასთან გაჯიბრება ღიმილის მომგვრელია, ვინაიდან მათ ისეთი ეკონომიკა აქვთ, არათუ საქართველო, საქართველოზე დიდი და წარმატებული ქვეყნები, თანაც ერთად აღებული, ვერ მივლენ მათთან.

გარდა ამისა, გაეროს მაღალი ტრიბუნიდან ეკონომიკურ წარმატებებზე ლაპარაკი იმ ქვეყნის მხრიდან, რომელსაც არც იცნობენ, მთლად მისაღები არ არის.

დარწმუნებული ვარ 193 წევრი სახელმწიფოდან, თითო-ოროლას გამოკლებით, მსოფლიო რუკაზე საქართველოს ვერ მიაგნებს.

ისიც გასათვალისწინებელია, რომ ეკონომიკურ კრიზისში მყოფი გაეროს წევრი უმრავლესი ქვეყნის განწყობა, თუნდაც იშვიათი წარმატებული ქვეყნისადმი, შურის მომგვარებელია.

რაც შეეხება ე.წ. პარტნიორ ქვეყნებს, აშშ-ს მეთაურობით, კარგად იციან საქართველოს ეკონომიკური წინსვლის წარმომავლობის თაობაზე და რახანია ჩაგვჩიჩინებენ გადავკეტოთ ეს გზა, ანუ შევწყვიტოთ რუსული ტურიზმი, რამეთუ მას დიდი საფრთხე მოაქვს საქართველოსთვის.

ამერიკელი ექსპერტები, პოლიტიკოსები „გვიხელენ“ თვალს და გვარწმუნებენ, რომ ბევრი რუსი ტურისტი — საქართველოს ოკუპაციაა.

ვეჭვობ, რომ ასეთ სტრატეგიულ პარტნიორს გაუხარდეს საქართველოს ეკონომიკური აღმავლობა. ამერიკელმა იცის, რომ ამ ეკონომიკური წინსვლის სათავე რუსეთია — მისი მტერი ქვეყანა. ქვეყანა, რომლის ნაწილ-ნაწილ დაშლაზე სულ ცოტა 30 წელია ფიქრობს და არა მარტო, ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწევა ყოველგვარი მორიდების გარეშე.

შედეგი სახეზეა — ანტირუსული სახელმწიფოს შექმნა — უკრაინის სახელით.

გაეროს 77-ე სესიის დღის წესრიგიც უკრაინას ეძღვნება და ამერიკელთა მეცადინეობით ისე მიმდინარეობს, რუსეთი რომ საბოლოოდ გაშავდეს; გაეროს წევრ ქვეყნებში რუსეთის მიმართ მკვეთრად ნეგატიური ატმოსფერო შეიქმნას; 193-ა ქვეყანამ ზურგი შეაქციოს რუსეთს; გაწყვიტოს მასთან დიპლომატიური, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა; დააჩოქოს რუსეთი; ხელი ააღებინოს მას სიმწრით მოპოვებული სუვერენიტეტისგან; დააქუცმაცოს, დაშალოს ის და ისე დაიმონოს, როგორც ევროპის და სხვა კონტინენტის ქვეყნები.

გაეროს ტრიბუნიდან ე.წ. მოწინავე კაპიტალისტურმა ქვეყნებმა, თავიანთი მეთაურების პირით ლანძღეს და ლანძღეს რუსეთი უკრაინაში ომის გაჩაღებისთვის, უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციისთვის, უკრაინელთა გენოციდისთვის, ყველაფერი იმისთვის, რაც რუსეთს არ ჩაუდენია.

არც ერთ მათგანს გაკვრითაც არ უთქვამს, რამ გამოიწვია რუსეთის აგრესიული ნაბიჯი. არც ერთს არ უხსენებია უკრაინული ფაშიზმი, რომელმაც ბოლო 30 წლის განმავლობაში ისე მოიკიდა ფეხი უკრაინაში, რომ მისი ამოძირკვა ურთულესი პრობლემა იქნება. არც ერთს არ გახსენებია უკრაინის მიერ დონბასის 8-წლიანი შევიწროება, პერმანენტული საჰაერო თუ სახმელეთო თავდასხმები, ყველა ის უკუღმართობა, რამაც აიძულა რუსეთი სამხედრო  ნაბიჯის გადადგმაში.

ღარიბაშვილმა თავისი მოხსენების ნაწილი უკრაინის საკითხს მიუძღვნა და სხვათა ნეგატივს, საკუთარიც დაუმატა — არსებული ვითარების გათვალისწინებით და „სტრატეგიული“ პარტნიორების მოწოდების შესრულების მიზნით.

„ოცნების“ დღევანდელი პოლიტიკური კურსიდან გამომდინარე სხვაგვარ გამოსვლას არვინ ელოდა. სხვაგვარი ნიშნავდა უკრაინისთვის ზურგის შექცევას, თქმას იმისა, რასაც აშკარად იმსახურებს ფაშისტური უკრაინა; თქმას სიმართლისა, მაგრამ ღარიბაშვილისგან სიმართლის თქვა შეუძლებელია ორი მიზეზის გამო. პირველი — ის სრულად თუ არა, ნაწილობრივ დარწმუნებულია უკრაინის სიმართლეში და მეორე — მას ისე არ უყვარს რუსეთი, როგორც ნეონაცისტ უკრაინელებს და თუ მეტნაკლებად, რაღაც პოზიტივს ინარჩუნებს რუსეთთან მიმართებაში, ივანიშვილის რიდითაა გამოწვეული, გარდა ამისა არსებული რეალობით.

არ იქნება რუსეთთან პრაგმატული ურთიერთობები და არ იქნება წარმატებული ეკონომიკა. იქნება ქართული წარმოშობის ანტირუსული სანქციები და იქნება საქართველოს ჩამოქცეული ეკონომიკა, როგორიც იყო.

იქნება ანტირუსული მეორე ფრონტის გახსნა საქართველოს მხრიდან დაკარგული ტერიტორიების უკან დაბრუნებისთვის და იქნება თბილისში აფეთქებული რუსული ბომბები, უმძიმესი ეკონომიკურ-მორალური კრიზისი, ხალხის უკიდეგანო აღშფოთება.

სხვათაშორის ეკონომიკური სანქციებისა და მეორე ფრონტის გახსნის აგიტატორი აშშ-ია და მისი წაქეზებული უკრაინის ხელისუფლება.

აშშ-ს არ აინტერესებს რა მოჰყვება ამ ორი თემის შესრულებას. არც ის აინტერესებს, რომ ომში ჩართვა დაკარგულ ტერიტორიებს ვერ დააბრუნებს, პირიქით, სხვა ტერიტორიების დაკარგვით დასრულდება. აღარაფერს ვამბობ მსხვერპლზე, რასაც უდავოდ ექნება ადგილი.

ღარიბაშვილმა გაუძლო ამერიკულ პრესს, რაც, როგორც „ოცნების“ ხელისუფლების, ისე ქვეყნისთვის შვება და უბედურებისგან თავის დახსნაა, რისთვისაც ის მადლობის ღირსია.

დასავლეთთან მჭიდრო ურთიერთობაში მყოფი საქართველო თავს უფლებას ვერ მისცემდა არ გაეკრიტიკებინა რუსეთი და მან ეს გააკეთა 2008 წლის ომის გახსენებით. „2008 წელს რუსეთი შემოიჭრა ჩემს ქვეყანაში, რამაც გამოიწვია ქვეყნის ტერიტორიის 20%-ს ოკუპაცია“, — თქვა ღარიბაშვილმა, რითაც შეასრულა აუცილებელი პროგრამა — ფიგურულ ციგურაობაში გავრცელებული ტერმინის მსგავსად.

მან სხვაც თქვა, რუსეთის კრიტიკის შემცვლელი.

მისი მიდგომა დაკარგული ტერიტორიებისადმი ისეთივე იყო, როგორც წინათ, 2008 წლიდან მოყოლებული დღემდე. არაფერი შეცვლილა, უფრო მეტიც არსებული ვითარება გვკარნახობს, რომ არაფერი შეიცვლება. საქართველოს მეთაური ასე ილაპარაკებს გაეროს 2023 წლის 78 სესიაზე, მომდევნო სესიებზეც. ილაპარაკებს, მაგრამ ჩვენს მიერ ღმერთთან გათანაბრებულ „საერთაშორისო საზოგადოებას“ ვერ გამოაფხიზლებს, ვერც გაააქტიურებს საქართველოსთვის დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებისთვის ბრძოლაში. ვერც გაეროს შეანჯღრევს ამ საქმისთვის შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად.

დავუშვათ, რაღაც პრაქტიკული ნაბიჯი გადაიდგა — გაითვალისწინებს რუსეთი? ვეჭვობ, ამას ჰქონდეს ადგილი. მაშინ რა გზას უნდა დაადგეს საქართველო?

ძალით, დაკარგულს ის ვერ დაიბრუნებს — შესაბამისი ძალის არ არსებობის გამო. ნატოს მიერ გაწვრთნილი ქართული ჯარი სამხედრო პარადების დროს თუ გამოდგება.

დიპლომატიური მოლაპარაკებების გზაც არაფერს მოიტანს, ვინაიდან დავაგვიანეთ. ასეთი, წარმატებას მოიტანდა 2008 წლის ომამდე, ნაკლებად ომის დამთავრების პირველ წლებში, მაგრამ არა დღეს, როდესაც არაერთმა წელმა განვლო და დაკარგულ ტერიტორიებზე მცხოვრებნი უსაქართველოდ არსებობას შეეჩვივნენ — დამოუკიდებელი ქვეყნის სტატუსით.

დამოუკიდებლობის სტატუსიდან საქართველოს შემადგენლობაში თუნდაც ფართო ავტონომიაზე ჩამოქვეითება დიდი ვერაფერი შეღავათია.

ერთადერთი გზა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა და სავაჭრო, ეკონომიკური, კულტურული, სამეცნიერო, სხვა კავშირების ჩამოყალიბება—გაფართოებაა, რის შემდეგაც დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებაზე ნიადაგის მოსინჯვა.

რუსეთის პასუხი იქნება ისეთი, როგორიც ადრე — მოილაპარაკეთ აფხაზებთან და ოსებთან. და როდესაც ის გვეტყვის ამას, უნდა ვთხოვოთ შუამავლობა დიალოგის დასაწყებად, იმისთვის, რომ აღვადგინოთ მათთან ყველა სახის ურთიერთობები, წავიდეთ გარკვეულ დათმობებზე მათი თხოვნის პასუხად, შევქმნათ ურთიერთნდობის სულისკვეთება, შევეცადოთ ადამიანთა შორის ნორმალური დამოკიდებულების ჩამოყალიბება.

პროცესი ხანგრძლივია, მაგრამ ნაყოფის მომტანი.

ურთიერთობის აღდგენის პროცესში სიტყვა არ უნდა დავძრათ პოლიტიკურ საკითხებზე, ტერიტორიულ მთლიანობაზე.

მჭიდრო ურთიერთობამ უნდა აფიქრებინოს მათ ერთად ცხოვრების აუცილებლობა.

ვიმეორებ! ყოველივე აღნიშნულის განხორციელებას დრო ესაჭიროება, დიდი მოთმინება და საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური ცხოვრების ისეთი წინსვლა, რითაც ისინი მოიხიბლებიან.

ამ პროცესში დასავლეთის, განსაკუთრებით აშშ-ს ჩართვა ცუდის მეტს არაფერს მოიტანს. ცუდი კი ისეთი იქნება, როგორიც 2008 წლის ომი — აშშ-ს დაკვეთით და წაქეზებით წამოწყებული სააკაშვილისა და მისი ნაცების მიერ.

დროა საქართველოს მოსახლეობამ მოიშოროს კოლექტიური დასავლეთის მიმართ კერპთაყვანისმცემლობა. თავმოყვარე ერს ასეთი ავადმყოფობა არ უნდა სჭირდეს.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი

26/09/2022