გორბაჩოვმა გათვალა ის, რაც გვაქვს!
გასულ შაბათს დაკრძალეს საბჭოთა კავშირის პირველი და უკანასკნელი პრეზიდენტი მიხეილ გორბაჩოვი, საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელთაგან მეორე, რომელიც თანამდებობაზე ყოფნის დროს არ გარდაცვლილა.
პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ მან მრავალი წელი იცოცხლა და 91 წლის ასაკში წავიდა ამ ქვეყნიდან.
გორბაჩოვი, ის პოლიტიკოსია, რომელმაც უდიდესი გავლენა იქონია მსოფლიოზე. ეს, არ გახლავთ გაზვიადებული შეფასება. ეს, სინამდვილეა — ვისთვის მწარე, ვისთვის ტკბილი.
გორბაჩოვი, ის პოლიტიკოსია, რომელმაც შეუძლებელი შეძლო — საბჭოთა კავშირის დაშლის თვალსაზრისით. მან, 1991 წლის 25 დეკემბერს, საკავშირო ტელევიზიით აუწყა საბჭოთა კავშირის მოსახლეობას, საბჭოთა კავშირის დაშლის თაობაზე და უსურვა სიკეთე, ბედნიერება ახალი ცხოვრების შენებაში.
გორბაჩოვის განცხადება იმდენად მოულოდნელი აღმოჩნდა საზოგადოებისთვის, რომ სიღრმისეულ აღქმას მისი სიტყვებისა ადგილი არ ჰქონია. მიზეზი ამისა მრავალია, მაგრამ უმთავრესი თვით გორბაჩოვის სიტყვების გაუფასურება, ანუ ხალხისთვის მიცემული დაპირებების შეუსრულებლობა და ამ შეუსრულებელი დაპირებების სიტყვაწყლიანი გადაფარვა, თუმცა უსარგებლო, ახსნა-განმარტებებით, ერთობ მომაბეზრებელით ხალხისთვის.
გორბაჩოვის სატელევიზიო მიმართვა — სხვა ადრეულ გამოსვლებთან შედარებით, იყო ლაკონური და კონკრეტული. მსმენელი კი უსმენდა, მაგრამ ვერ ისმენდა ამ განცხადების მნიშვნელობას, უფრო სწორად ვერ აღიქვამდა რა შეიძლება მოჰყოლოდა საბჭოთა კავშირის დაშლას.
ძნელად თუ მოიძებნებოდა ადამიანი საბჭოთა კავშირში, ვინც ასე მარტივად, რამდენიმე სიტყვაში ჩადებული შინაარსის მიხედვით წარმოიდგენდა უდიდესი, უძლიერესი, უმტკიცესი პოლიტიკური სისტემის დაშლას — სისტემისა, რომელსაც ვერაფერი დააკლო ვერც სამოქალაქო ომმა, ვერც ფაშისტურმა გერმანიამ, ვერც კოლექტიური დასავლეთის მიერ წამოწყებულმა „ცივმა ომმა“, ვერც კაპიტალიზმთან ჭიდილმა.
საბჭოთა კავშირი აღიქმებოდა როგორც გამარჯვებული ქვეყანა ომსა და მშვიდობიან ცხოვრებაში. აი, ასეთი წარმოდგენა ჰქონდა საბჭოთა ხალხს თავის ქვეყანაზე.
საბჭოთა ხალხი ვერაფრით წარმოიდგენდა, რომ რკინა—ბეტონის კონსტრუქციას, საბჭოთა კავშირად წოდებულს, ერთი ჩვეულებრივი, რიგითი ადამიანი, კომპარტიაში შეპარული და უმაღლესი პარტიული თანამდებობის ხელში ჩამგდები, რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად ისე შეაზანზარებდა პარტიას, მისი დამცველი აღარავინ იქნებოდა.
საბჭოთა კავშირის მმართველი და წარმმართველი ძალა, კომუნისტური პარტია, ვერტიკალური მართვის სისტემაზე დაფუძნებული, მიჩვეული ზემოდან წამოსული დირექტივების უყოყმანო შესრულებას, გახდა მთავარი სტიმული უზარმაზარი საბჭოთა სისტემის დაშლისა.
საბჭოთა სისტემის დაშლის შემდეგ, დამშლელთა და დაშლის ხელშემწყობთა აქტიური ლაყბობის შედეგად, საბჭოთა საზოგადოების უდიდესმა უმრავლესობამ დაიჯერა გორბაჩოვისა და გორბაჩოველების ცრუ ვერსია დაშლასთან დაკავშირებით — გორბაჩოვს ისეთი ძალაგამოცლილი ეკონომიკა დახვდა, ისეთი მოშლილი მმართველობა, რომ დაშლა გარდაუვალი იყოო.
ამ ვერსიის განსამტკიცებლად ისეთი მაგალითები მოჰყავთ, როგორებიცა მაღაზიების ცარიელი დახლები, ძეხვზე გრძელი რიგები, კვების პროდუქტების დეფიციტი და ა.შ., რასაც არ იზიარებენ საქმეში ღრმად ჩახედული ეკონომისტები. მათი აზრით, იყო პრობლემები, მაგრამ გონივრული მართვის შედეგად სრულიად შესაძლებელი — გამოსწორების თვალსაზრისით.
გორბაჩოვზე ბევრს ლაპარაკობენ, როგორც რუსეთში, ისე უცხოეთში. რუსეთში უარყოფითად, უცხოეთში — დადებითად. რუსს აქვს უფლება უარყოფითად ილაპარაკოს მასზე, ისე, როგორც უცხოელს — დადებითად. ორივე თავის მხრივ მართალია. პირველი, იმიტომ, რომ გორბაჩოვს საბჭოთა კავშირის დამშლელად თვლის; მეორეც იმიტომ, რომ ისიც ასე თვლის.
რუსი გულდაწყვეტილია საბჭოეთის დაშლით, უზარმაზარი ქვეყნის, რომელსაც საკუთარ სამშობლოდ მიიჩნევდა. მას, ის დიდი და უზარმაზარი, უკიდეგანო ქვეყანა აღარ აქვს, რომლითაც ამაყობდა. რუსეთის ახალგაზრდა თაობას არასაფუძვლიანად მიაჩნია საბჭოეთის დაშლის არგუმენტები, რომლებიც ეკონომიკას უკავშირდება. დაშლას, უთავობას, უპასიხისმგებლობას, მოღალატეობას უკავშირებს, ზოგი გორბაჩოვის მიამიტურ ოცნებას.
თანამედროვე რუსს ვერაფრით დაარწმუნებთ, რომ ცარიელი დახლების გამო დაიშალა საბჭოთა კავშირი, ამდენად მას გორბაჩოვი სულ სხვა ხელმძღვანელად მიაჩნია — ძალიან დაშორებულად პატრიოტობისგან, მეტადრე საწინააღმდეგო თვისების მქონე პიროვნებისკენ გადახრილად.
ასეთი, ვერაფრით გაიზიარებს იმ დადებით მოვლენებს, რასაც საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად ჰქონდა ადგილი. ვერ გაიზიარებს ნეგატიური მოვლენების გამო, საბჭოეთის მემკვიდრე რუსეთს რომ ყოველდღიურად ხვდება. ვერ გაიზიარებს, იმიტომ, რომ უკიდეგანო საბჭოთა კავშირი, ფართოდ ფესვგადგმული აზიის, აფრიკის, ლათინური ამერიკის კონტინენტებზე, ბირთვული სახელმწიფო, შიშის და რიდის გამომწვევი მის დასავლელ მოწინააღმდეგეებში — ლამის საჯილდაო ქვადაა ქცეული, თანაც ისეთად, ყველაფერს რომ აკადრებენ — ეკონომიკურ სანქციებს, ევროპა-ამერიკაში მოგზაურობის აკრძალვას, რუსული კულტურის, ხელოვნების, ლიტერატურის, სპორტის, სხვა მიღწევების ანტიჰუმანურად გამოცხადებას და ა.შ.
რუსი ვერაფრით შეეგუება კოლექტიური დასავლეთის მხრიდან მომდინარე დამცირებას, მეორე ხარისხოვან ადამიანად გამოცხადებას. რუსი ვერ შეეგუება ამერიკულ დიქტატს, ისეთს, რასაც დღეს აქვს ადგილი და რასაც მოთმინებით იტანენ აშშ-ს ე.წ. პარტნიორი და არა პარტნიორი ქვეყნები.
რუსი იცავს საკუთარ დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს — ახლიდან, მან ეს სუვერენიტეტი გორბაჩოვის მმართველობის დროს დაკარგა. 30 წელია, რაც საბჭოეთი აღარ არსებობს. 30 წელია, რაც რუსეთი იბრძვის ფეხზე წამოსადგომად — უჭირს, მაგრამ ნაწილობრივ ახერხებს, თუმცა საბჭოეთის ავტორიტეტის დასაბრუნებლად ბევრია საჭირო.
გორბაჩოვის ხანამ დააჩვია აშშ-ი, მისი მოკავშირეები „დაბეჩავებული“ რუსეთისთვის თავზე ხელის წამორტყმას; დააჩვია იმას, რომ რუსეთის დასამცირებლად შეიძლება ისე მოიქცე, რასაც ვერასდროს გაუბედავდა საბჭოეთს; დააჩვია იმას, რომ რუსს წაართვა ფაშიზმზე გამარჯვება.
დააჩვია იმას, რომ ნატოს წევრი სახელმწიფოების შემორკალვით კრემლს ყოველწუთიერი საფიქრალი გაუჩინა; დააჩვია იმას, რომ ამერიკის და მისი მოკავშირების მიმართ რუსს შიში და მოკრძალება უნდა ჰქონდეს; რომ რუსი მათ უნდა ეთაყვანებოდეს და ამ შიშთან და რიდთან ერთად მონური მორჩილების გრძნობა ჩაუნერგა.
რუსთა საბედნიეროდ, ამ მზაკვრული გეგმის განხორციელება დასავლეთმა ბოლომდე ვერ შეძლო, მაგრამ რაც შეძლო — საგანგაშოა თანამედროვე რუსეთისთვის.
მაინც რა შეძლო დასავლეთმა? რუსული საზოგადოების გახლეჩა. დასავლეთისთვის მიუღებელი რუსული მმართველობისთვის საზოგადოების გარკვეული ფენების დაპირისპირება; ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მოსკოვის წინააღმდეგ ამხედრება — ზოგის პასიურად, ზოგის აქტიურად — „ცხელი ომის“ სახით; აღმოსავლეთ ევროპის ყოფილი სოციალისტური ბანაკის ქვეყნების მოსკოვის მტრულ ბანაკად გადაკეთება.
გორბაჩოვის ნოვოდევიჩის სასაფლაოზე დაკრძალვის დროს საპატიო-სამგლოვიარო ზალპს თან ახლდა ზაპოროჟიეს ოლქში უკრაინელი ნეოფაშისტების მორიგი შეტევა ბირთვული ელექტროსადგურის ხელში ჩასაგდებად. რუსულმა სამხედრო ძალებმა წარმატებით მოიგერიეს თავდასხმა, რამაც თავდამსხმელ უკრაინას ასეულობით მსხვერპლი მოუტანა.
არის თუ არა ორი მონათესავე ხალხის სისხლიანი დაპირისპირება გორბაჩოვის მმართველობის გამოძახილი? რომ არა ყბადაღებული „გლასნოსტი“ და „პერესტროიკა“, არ ექნებოდა ადგილი არც ამ შეტაკებას, არც სხვას, საბჭოთა კავშირის დაშლით გამოწვეულს — ყოფილ ძმებს შორის, არც სხვას ნეგატიურს, ზემოთ ჩამოთვლილს და უამრავ ჩამოუთვლელს, რომელთაც ერთი სტატია კი არა, ტომებიც არ ეყოფა.
ზოგან ამტკიცებენ, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა გარდაუვალი იყო, ხოლო მისი გადაკეთება შეუძლებელი. პირადად მიმაჩნია, რომ დაშლას, გადაკეთება აჯობებდა. გადაკეთება ნაკლებ მსხვერპლს მოიტანდა, როგორც ფიზიკურს, ისე მენტალურს.
ასეა თუ ისე, საბჭოთა კავშირის საიქიოს გამსტუმრებელი გვიან, მაგრამ მაინც იქაურ სამყაროს შეუერთდა. უკვდავი არავინაა, არც დასავლეთის მიერ ქება-დიდების შარავანდედით მოსილი გორბაჩოვი და არც რუსთა მიერ შერისხული.
უკვდავი ისაა — საქმენი რომ ჰქვია. საქმენი, რომელმაც გამოამჟღავნა კაცი, ზოგთა მიერ პოზიტიურად აღქმულად, ზოგთა კი პირიქით. პირიქითთა შორის საკუთარი ქვეყნის შვილებია, რომელთა დამოკიდებულება აწუკვე გარდაცვლილ გორბაჩოვზე ნაკლებად, თუ არა სრულად, ნეგატიურია იქაურთა დამოკიდებულებაზე.
გორბაჩოვი, ისაა, რის შესახებაც ის წერს თავის წერილში: „ჩემი ცხოვრების მიზანი იყო კომუნიზმის დანგრევა, რომელიც არის ხალხებზე თავსმოხვეული აუტანელი დიქტატურა. ამის შესრულება მე შემეძლო უმაღლესი სახელმწიფო ფუნქციების გამოყენებით, ამიტომ მირჩევდა ჩემი მეუღლე, რაისა მუდმივად მებრძოლა მაღალი თანამდებობების მისაღწევად და როდესაც მე პირველად გავეცანი დასავლეთს, ჩემი გადაწყვეტილება იყო მტკიცე. მე უნდა ჩამომეშორებინა კომპარტიისა და საბჭოთა კავშირის ყველა ხელმძღვანელი. მე უნდა მომეშორებინა სოციალისტური ქვეყნების ხელმძღვანელები. ამ მიზნების მისაღწევად მოვიპოვე მხარდამჭერები. უპირველეს ყოვლისა ესენი იყვნენ იაკოვლევი და შევარდნაძე, რომლებმაც უდიდესი წვლილი შეიტანეს კომუნიზმის დანგრევაში. შეგიძლიათ მშვიდად იზეიმოთ შობა. საბჭოთა კავშირი აღარ არსებობს“. ეს წერილი აშშ-ს პრეზიდენტის ბუშის სახელზეა დაწერილი.
წერილის შინაარსიდან გამომდინარე ძნელად შეიძლება ვუწოდოთ ავტორს მეოცნებე იდეალისტი. ის უფრო მტრის ბანაკში შეგზავნილ ჯაშუშს ჰგავს, რომლის მიზანი ბანაკის განადგურებაა, რაც მოახერხა კიდევაც.
შედეგს ამ ნგრევისა საბჭოეთის მემკვიდრე რუსეთი იმკის და მასთან ერთად ყველა საბჭოთა რესპუბლიკა. განვლილმა 30 წელმა მათ მხოლოდ სიტყვით და არა საქმით მოუტანა დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი.
საქართველოს მსგავსად, კრემლიდან ნაბოძები დამოუკიდებლობა — უბრძოლველად მიღებული, ჯეროვნად არ შეფასდა და უმალ იქცა ვაჭრობის თემად.
საქართველომ უმალ მოძებნა მყიდველი — აშშ-ს სახით, სხვებმაც. მყიდველთა შორის აღმოჩნდნენ თურქეთი, ირანი, ჩინეთი, ევროკავშირი, სხვები. საოცნებო დამოუკიდებლობა ცენტებად გაიყიდა და ნაცვლად მშვიდობიანი განვითარებისა, მივიღეთ ღრუბლიანი ცა — წარღვნის მომასწავლებელი.
„ცივი ომის“ ლიკვიდატორის, გორბაჩოვის პოლიტიკამ ლამის „ცხელი ომის“ ნაყოფი დაისხას. ამის მომასწავლებელია გორბაჩოვის წყალობით გამხდარი მსოფლიოს ერთპიროვნული ლიდერის, აშშ-სა და ფეხზე დამდგარი რუსეთის დაპირისპირება; აშშ-სა და ჩინეთის სახიფათო პაექრობა.
ბოლომდე ვერ გათვალაო — ამართლებენ გორბაჩოვს მისი გულშემატკივრები. იქნებ, პირიქით? გათვალა ის, რაც გვაქვს!
ჰამლეტ ჭიპაშვილი,
პოლიტოლოგი
06/09/2022