ამაო აღტყინება

პროცესები, რომლებიც მსოფლიოში თავბრუდამხვევი სისწრაფით ვითარდება, ისე იტოვებს უკან ყველას და ყველაფერს, თითქოს არც ყოფილიყო ან თუ იყო, მრავალი საუკუნის წინათ, ისტორიის სახელმძღვანელოებს რომ შემორჩათ.

სულ რაღაც 30 წლის განმავლობაში — კაცობრიობის ისტორიის ერთობ ხანმოკლე პერიოდში, სიღრმისეული ტრანსფორმაცია განიცადა ქვეყნებს შორის ურთიერთდამოკიდებულებამ, რიტორიკამ, ლექსიკამ, ურთიერთგანწყობამ — უარყოფითობისკენ.

სიტყვამ დაკარგა ფასი. სიტყვა, ჯენტლმენური დაპირება, გარიგება, შეთანხმება, თუნდაც ქაღალდზე გადატანილი, ბეჭედდასმული ახალ შეთანხმებას მოითხოვს, ასევე ბეჭედდასმულს, ადრე მიღებული შეთანხმების განსამტკიცებლად.

იქმნება ახალი კომისიები, მაკონტროლებელი ჯგუფები მიღებული შეთანხმებების მონიტორინგის მიზნით, რაც თავისთავად ზრდის ხარჯებს ბიუროკრატიული საქმიანობის განსახორციელებლად — ხშირ შემთხვევაში ისეთის, რომელიც არავის აინტერესებს, იმათ გარდა, ვინც „ვითომ“ საქმით არიან დაკავებულნი.

საქართველო, ამ ახალ „ფაციფუცში“ 30 წელია ჩართული — ჯერ პასიურად, შორიდან მაყურებლის როლში, შემდეგ ნაწილობრივ, უფრო ახლოდან მომზირალის ამპლუაში და ამ პოზიციით ისეა მოხიბლული, თავდავიწყებით ცდილობს ახლო მაყურებლის ფუნქცია — აქტიურად მოქმედის, ანუ მუდმივმოქმედის როლით შეცვალოს.

საქართველომ, შორიდან მაყურებლის ფუნქცია კარგა ხნის წინათ დატოვა და ახლო მაყურებლის, ანუ არასრული შემსრულებლის როლი შეითვისა. მას ევროკავშირის ასოცირებული წევრობა ჰქვია.

ასოცირებულ წევრად მიღებამ უდიდესი კმაყოფილება მოგვარა ქვეყნის ხელისუფალთ, ნაკლებად ხალხს, თუმცა უმადურობა იქნებოდა ისეთი სიკეთის არ გახსენება, როგორიცაა ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლა.

უვიზო მიმოსვლამ საქართველოს მოქალაქეებს გაუიოლა ევროპაში გამგზავრება და არა მოგზაურობა. მოგზაურობით მხოლოდ მოსახლეობის თითზე ჩამოსათვლელი რაოდენობაა დაკავებული — დიდი შემოსავლების მქონე. დანარჩენი — ასეთი, შემოსავლის არმქონენი, მოკლებული არიან ასოცირების სიკეთეს.

გარდა ამისა, უქონელთა ევროპის მონახულების სურვილი აუხდენელ ოცნებად რჩებათ.

ევროპაში ტურისტად გამგზავრების მსურველთა რაოდენობა გაცილებით ჩამოუვარდება ნაკლებშემოსავლიანთა, მაგრამ რისკზე წამსვლელთა რაოდენობას, რომელთა სურვილი მოგზაურობას კი არა, გამგზავრებას უკავშირდება. დავაზუსტებ —  ერთი მიმართულებით გამგზავრებას, იქ ბედის მოსასინჯად, სამუშაოს მოსაძებნად, იქ დასამკვიდრებლად; იქ ნაშოვნი ფულით, სამშობლოში დარჩენილი ოჯახის შესანახად; წლების განმავლობაში იქ ფეხის მოსაკიდებლად და სამშობლოში დარჩენილი ოჯახის იქ გადასაყვანად.

ასოცირების ხელშეკრულება არ ითვალისწინებს საქართველოს მოსახლეობის ევროპის ქვეყნებში გადაბარგებას —  პირიქით, ეწინააღმდეგება ამას. რისკზე წამსვლელი ე.წ. ქართველი „ტურისტი“, ტურისტული ვიზიდან გამომდინარე, მხოლოდ ხანმოკლე ვადით სტუმრობს ევროპას. ვადის დამრღვევი გამოძევებით ისჯება, თუმცა სამშობლოში არსებული გაუსაძლისი სოციალური ვითარება ძალაუნებურად კრავს მას ხელს იქაური კანონის დარღვევისკენ.

ევროკავშირის ასოცირებული წევრობის აღნიშნულ სიკეთეს, ანუ ევროპაში უვიზოდ გამგზავრებას, ბევრი აქაური ნეგატიურად აფასებს და თვლის, რომ ასოცირება აუარესებს ქვეყნის დემოგრაფიას, ხელს უმართავს ხალხს საქართველოდან სამუდამო გამგზავრებაში, რაც სინამდვილეს შეეფერება.

საქართველოს ხელისუფლებას თავი მოაქვს იმით, რომ ეს სიკეთე მან მოუტანა ხალხს, რაც სიმართლეა, ვინაიდან სწორედ „ოცნების“ ხელისუფლების დროს მოეწერა ხელი ევროკავშირთან ასოცირებულ ხელშეკრულებას.

ქართული პოლიტიკისთვის ასოცირების ხელშეკრულება თავისი უვიზო მიმოსვლით არა მარტო საამაყოა, არამედ ასჯერ საამაყო რუსეთთან ნიშნის მოგებით ლაპარაკში — „აგრესორო რუსეთო, ჩვენი ტერიტორიების ოკუპანტო, არ გაფასებთ ევროპა, არ გაძლევთ ის უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობას. ჩვენ კი, ევროპაში, ჩვენს სახლში დაბრუნებულებს, ფართოდ გვიღებს კარს. ჩვენ, მალე ევროკავშირშიც მიგვიღებენ და ნატოშიც, თქვენ ამის შანსს არვინ მოგცემთო“.

თუ რამდენად მიილტვის ევროკავშირის წევრობისკენ რუსეთი —  არვინ ფიქრობს. ამ შემთხვევაში მთავარი, ნიშნისმოგებით წამოძახებაა. თქვენ არაფერს წარმოადგენთ. ჩვენ წარმოვადგენთ და ამიტომ გვაფასებენო.

ქართული პოლიტიკისთვის ევროპელთა მიერ საქართველოს „დაფასების“ პროცესი, უაღრესად ისტერიულ ფორმებს იღებს, თანაც ფანატიზმით გაჯერებულს —  ვშიშობ გონება არ დაკარგოს. საკმარისია ვინმე იქაურმა, ევროკავშირელმა ოდნავი პოზიტიური გამოისროლოს საკუთარ ბაგეთაგან, ქართულ პოლიტიკას ორგაზმი ემართება, ისეთი, რასაც სულ ახლახანს ჰქონდა ადგილი და რომლის შესახებაც ქართულმა მედიამ არაერთი დღე ილაპარაკა —  დიდი ვნებითა და სექსუალური აღტყინებით.

გაიგეთ რა ბრძანა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა?!

მან თქვა, რომ უკრაინა, საქართველო და მოლდოვა ევროკავშირში უნდა მივიღოთო! გერმანიის კანცლერის ნათქვამს ქართული პოლიტიკისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს და რატომ? უპირველესად იმიტომ, რომ ქართველ პოლიტიკოსთა წარმოდგენით, გერმანია ისეთი ქვეყანაა, როგორიც პანდემიამდე იყო —  განვითარებული, ეკონომიკურად ძლიერი, ევროპის ლოკომოტივი.

ქართულმა პოლიტიკამ არ იცის, რომ პოლიტიკური მოვლენები, რაზეც ზემოთ აღვნიშნე, ისე სწრაფად შეიცვალა, რომ წარმატებული გერმანიის ნაცვლად, ენერგეტიკულ კრიზისში მყოფი ექს-წარმატებული ქვეყანა მივიღეთ. ენერგეტიკულმა კრიზისმა მძიმე დარტყმა მიაყენა მრეწველობით განთქმულ გერმანიას და როგორც თვით გერმანელი ექსპერტები აღნიშნავენ —  ეს მხოლოდ დასაწყისია. წინ ზამთარია —  ცივი თუ თბილი, არვინ იცის. მაგრამ ზამთარი, რომელიც თავისთავად მოითხოვს გათბობას, როგორც მოსახლეობისთვის, ისე ბიზნესისთვის.

საქართველოს პოლიტიკამ არ იცის, რომ დღევანდელ გერმანიასა და გუშინდელს შორის დიდი ზღვარია. პოლიტიკის თვალსაზრისით, ცუნამის მსგავს მოვლენას ჰქონდა ადგილი გერმანიის ცხოვრებაში.

კანცლერ მერკელის მტკიცე, პრაგმატული მმართველობა, შოლცის უსუსურმა, მერყევმა მმართველობამ ჩაანაცვლა, რომელმაც ნეგატიური შედეგი მოუტანა, როგორც გერმანიას, ისე ევროპას. არადა, შოლცის მიერ შეკოწიწებული მთავრობა უაღრესად ახალგაზრდაა სასიკვდილო განაჩენის გამოტანისთვის, თუმცა არც ესაა გამორიცხული, როდესაც კანცლერის რეიტინგი, გამოკითხვის შედეგად მიღებული, 20%-ს არ აჭარბებს.

გერმანიის ხელისუფლების წარუმატებლობაში თავისი წვლილი, ცხადია უარყოფითი, შეაქვს უკრაინაში მიმდინარე სპეცოპერაციას, ჩვენებურად — ომს და მასში გერმანიის ხელისუფლების პირდაპირ ჩართვას — უკრაინისთვის საბრძოლო იარაღის მიწოდების, ფინანსური დახმარების თვალსაზრისით, უკრაინის ნეოფაშისტური ხელისუფლების პოლიტიკური მხარდაჭერით.

კანცლერი შოლცის ნათქვამი ევროკავშირში საქართველოს შეყვანასთან დაკავშირებით მეტად სუსტი წინადადებაა, ისეთი, რომელსაც მოისმენენ, მაგრამ არ ჩაწვდებიან, ვინაიდან საქართველოსთან ერთად მან ისეთი ქვეყნებიც ახსენა, როგორებიცაა უკრაინა და მოლდოვა. უფრო სწორად  მან უკრაინასა და მოლდოვას გაწევრებაზე თქვა და საქართველოც, ანუ „ც“ მიამატა.

თუ უკრაინაზე ვინმე ევროკავშირელი მართლაც სერიოზულად ფიქრობს ევროკავშირში შეყვანის თვალსაზრისით, უდიდესი შეცდომაა, რასაც ბრიუსელი არ დაუშვებს. ბოლოსდაბოლოს ევროკავშირის წევრი 30 სახელმწიფოდან ვიღაცას მაინც ხომ ექნება საღი აზრი?

საღი აზრი კი ამ შემთხვევაში უკრაინის არა გაწევრებას, არამედ საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას მოითხოვს, ისეთს, რასაც ნიურნბერგში ჰქონდა ადგილი — მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ.

თუმცა ვინ იცის?!

დღევანდელი მსოფლიო პოლიტიკა ისეა შეცვლილი, ლამის ყველა ევროკავშირელმა, რუსეთის ჯიბრზე, თავიანთ სამუშაო კაბინეტებში ფაშისტი ბანდერას პორტრეტები ჩამოიკიდონ. არც იმას მიაქციონ ყურადღება, როგორ უკრაინას შეიყვანენ ევროკავშირში, როგორ ტერიტორიულ ჩარჩოებში და ა.შ.

უკრაინის ეკონომიკა, საბჭოეთის პირობებში აყვავებული, დღეს მიწასთან გასწორებული, ვერაფრით აკმაყოფილებს ევროკავშირის მოთხოვნებს, უპირველესად ეკონომიკის დარგში. შოლცის აზრით, ევროკავშირში უკრაინას შეიყვანენ იმ საზღვრებში, როგორიც მას რუსეთმა არგუნა 30 წლის წინათ, საბჭოთა კავშირის დაშლის დროს და როგორითაც ის გააწევრეს გაეროში?

ევროკავშირი თავის თავზე გადაიტანს ტერიტორიულ პრობლემებს, რაც აქვს უკრაინას და ხვალ უფრო მეტი ექნება? მოდით დავსვათ კითხვა — ევროკავშირი მაზოხისტია?! თუმცა არც ეს არის გასაკვირი იმ კავშირისგან, რომელიც საკუთარ მოსახლეობას უგაზოდ ამყოფებს, ნაცვლად კარზე მიმდგარი რუსული გაზის მოხმარებისა.

როდესაც ბრიუსელი აცხადებს, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი—2“-ს არ ჩართავს, რათა ამით რუსეთს ფული არ გააკეთებინოს, მაზოხიზმია.

ასეთი ევროკავშირი სამივეს გააწევრებს ამ ორგანიზაციაში ისე, რომ მათ სასაზღვრო პრობლემებს ყურადღებასაც არ მიაქცევს, რუსეთის ჯიბრზე. გადაწონის თუ არა საღი აზრი იმ უმსგავსობას, რასაც ევროკავშირში აქვს ადგილი — უახლოესი მომავალი გვიჩვენებს.

შოლცის განცხადება გაცილებით ადრე დალევს სულს, როგორც ევროკავშირისთვის არაკომფორტული და მიუღებელი, მაგრამ უკრაინა, მოლდოვა, საქართველოს გაწევრების თემაზე ლაპარაკი დარჩება, როგორც გახელებული ხარისთვის წითელი ნაჭრის საფრიალებელი, რაც ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა, პირიქით აძლიერებს პოლიტიკური მაზოხიზმის პროცესს.

ქართული პოლიტიკისთვის შოლცის განცხადება იმითაა გასახარი, რომ მერკელის ხელისუფლების შეხედულების აშკარა საწინააღმდეგოა. მერკელი იყო მთავარი ევროკავშირელი, ვინც თვლიდა, რომ ჩამოთვლილი ქვეყნები, განსაკუთრებით საქართველო, ევროკავშირის წევრობის ღირსი არ არიან. ანალოგიური მიდგომა ჰქონდა მას ნატოში შეყვანასთან დაკავშირებით.

მერკელის სიტყვას მაშინდელ ევროკავშირში უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა, მაგრამ დღევანდელი კანცლერის, შოლცის სიტყვას არ მიაქცევენ ყურადღებას — ნაკლები ავტორიტეტის გამო. მითუმეტეს მაშინ, როდესაც შოლცს არც ისე კატეგორიულად უთქვამს სამთა გაწევრების თაობაზე, როგორც აქაურმა პოლიტიკოსებმა და მედიამ გვახარეს.

მაინც რა თქვაო შოლცმა? — იკითხავთ. მოგახსენებთ. თავის გამოსვლაში, რომელიც პრაღის უძველეს უნივერსიტეტში გაიმართა, შოლცმა მოუწოდა ევროკავშირს გაფართოებისკენ და ამ კავშირში დასავლეთ ბალკანეთის, უკრაინის, მოლდოვას და პერსპექტივაში საქართველოს შეყვანისკენ.

შოლცს არ უთქვამს, არ დაუზუსტებია ინტეგრაციისთვის საჭირო ნაბიჯის თაობაზე. უბრალოდ თქვა, მაგრამ ისიც აღნიშნა — ამ წინადადებას რა ბარიერები შეხვდება. უმთავრესად მას მიაჩნია, რომ აღნიშნული ქვეყნების შეყვანას უნდა უსწრებდეს თვით ევროკავშირის განახლება, როგორსაც ის საჭიროდ მიიჩნევს — გადაწყვეტილების მიღების დროს ევროკავშირის წევრების მხრიდან ვეტოს გამოყენების უფლების გაუქმებას.

დისკუსია ამ თემაზე კარგა ხანია მიმდინარეობს, მაგრამ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. რატომ? იმიტომ, რომ შეთანხმება ნიშნავს წევრი ქვეყნების სუვერენიტეტის გაუქმებას და გადაწყვეტილების ხმათა უმრავლესობით მიღებას. დღეს, თითოეულ ევროკავშირელს აქვს უფლება მისთვის მიუღებელი კანონპროექტის დაბლოკვის — ვეტოს დადებით.

შოლცის მოწოდებას სკეპტიკურად შეხვდნენ ევროპის დედაქალაქებში, ჩათვალეს რა მიუღებლად. მასპინძელი ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ფიალამ კი განაცხადა: „ჩეხეთი თავშეკავებით, ფრთხილად უდგება წამოყენებულ იდეას — საერთო კონსენსუსიდან, უმრავლესობის პრინციპებზე გადასვლას. ვფიქრობ, რომ დისკუსიას ამ თემაზე არ ექნება მარტივი ხასიათი“.

ასე რომ, აღტყინებულ ქართველ პოლიტიკოსთა და მედიის გასაგონად, შოლცის ნათქვამი, თვით მისივე განმარტებით, ვერ განხორციელდება, ვიდრე ევროკავშირში რეფორმები არ გატარდება, ხოლო შოლცის რეფორმების გატარების სურვილი არავის აქვს.

შოლცის მიზანი ამ ქვეყნების ევროკავშირში გაწევრებასთან დაკავშირებით სულაც არ ყოფილა მისი გამოსვლის მთავარი თემა. მთავარი სხვა იყო, ანუ ევროკავშირის ლიდერობის მოპოვება. მერკელის პოლიტიკიდან გასვლის შემდეგ ევროკავშირის ლიდერის სავარძელი ცარიელია და შოლცმაც დრო იხელთა ამ სავარძელში ჩასაჯდომად.

ევროკავშირის შიდა ურთიერთობები ისეთია, შეხმატკბილებული რომ ვერ დაერქმევა. რადიკალური პოზიცია ფიქსირდება ბალტიისპირა ქვეყნების, პოლონეთის, უნგრეთის მხრიდან. განსაკუთრებით გამოსაყოფია უნგრეთი, რომლის პრემიერ-მინისტრი, ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნების ხელმძღვანელთა უკიდურესად ანტირუსული პოლიტიკისგან განსხვავებით, მჭიდრო ენერგეტიკულ ურთიერთობებს აგრძელებს რუსეთთან.

გარდა ამისა, უნგრეთი და პოლონეთი ეწინააღმდეგებიან ევროპაში ლგბტ-ს დომინანტურ პოზიციას, არ ატარებენ გეი-პარადებს და ა.შ. განსაკუთრებული ვითარებაა შექმნილი ა.წ. 24 თებერვლის შემდეგ, როდესაც რუსეთმა, უკრაინაში, წამოიწყო სამხედრო სპეცოპერაცია, რამაც გამოიწვია უკრაინის საკითხის ირგვლივ შეკავშირება. ევროპის იდენტურობასთან დაკავშირებით არსებული პოლემიკა შეიცვალა მოწოდებით და სიტყვებით, ევროკავშირის ერთობისა და გლობალური მისიის თაობაზე.

რუსეთთან დაპირისპირებისა და უკრაინისთვის სოლიდარობის გამოხატვის თემამ გადაფარა პოლონეთ-უნგრეთთან გაჩენილი უთანხმოება, ევროსკეპტიციზმი, ერთიანი პოზიციის შემუშავების შეუძლებლობა, ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელება, რეკორდული ინფლაცია, ენერგეტიკული კრიზისი, უმუშევრობა და სხვა. მაგრამ გავიდა 6 თვე და უკრაინის ომით გადაღლილი ევროპა ისევ დაუბრუნდა ძველ პრობლემებს, რომლებმაც თავი იჩინეს ახლებურად —  24 თებერვლის გავლენის შედეგად.

ევროკავშირის გაერთიანების მთავარი იდეოლოგი, საფრანგეთის პრეზიდენტი მაკრონი, საკუთარი ქვეყნის პრობლემებში ჩაფლული, ძველი აქტიურობის მსგავსად, ვეღარ ახერხებს ევროკავშირის საკითხებში ჩაღრმავებას. გარდა ამისა, მისი პარტია „რენესანსის“ ა.წ. ივნისში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხებამ, მაკრონის პოზიცია სერიოზულად შეასუსტა. და აი ამ ვითარებაში შოლცმა, დრო იხელთა, მაგრამ წარუმატებლად.

ვითარების შესაცვლელად და საკუთარი პოპულარობის მოსაპოვებლად კანცლერს, პრაღის კარლის უნივერსიტეტი ახალ სორბონად უნდა გადაექცია, საიდანაც მაკრონმა, 2017 წელს, მოუწოდა ევროპას გარდაქმნისკენ.

როდესაც მაკრონმა „ნატოს ტვინის“ სიკვდილი ახსენა, გამოიწვია ხანგრძლივი დისკუსია არა მარტო კოლეგებში, არამედ საზოგადოებაში, რამაც გარკვეული შედეგი მოიტანა.

„დღევანდელ ევროკავშირსაც „ტვინის სიკვდილი“ აქვს და არა მარტო მიგრაციის პოლიტიკაში. ევროპის მომავლისთვის სასურველი იქნებოდა შოლცის მიერ პრობლემების ჩამოთვლა და მათი გადაჭრის გზების თაობაზე საკუთარი პროგრამის გაჟღერება.“ — წერს გაზეთი „დერ შპიგელი“ (Der Spiegel).

შოლცმა ვერ მოახერხა ცარიელ სავარძელში ჩაჯდომა. რაც არ არის გასაკვირი, ვინაიდან ევროკავშირის პრობლემების დასაძლევად რიგითი, უღიმღამო პოლიტიკოსის ტვინი არ გამოდგება. მას ნიჭიერი, გამოცდილი პოლიტიკოსის ტვინი სჭირდება, რაც დიდი დეფიციტია დღევანდელ ევროატლანტიკურ სივრცეში.

 უკანასკნელმა წლებმა რითიც „გაახარეს“ ამ სივრცეში მცხოვრებნი, უჭკუო, ამბიციური, აგრესიული პოლიტიკოსებია, განსაკუთრებით ქალები. საითკენაც არ გაიხედავთ, ყველგან ქალ პრემიერს დაინახავთ — უცოდინარს, ამბიციებით გაჟღენთილს.

უვიცთა თაიგულს დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერი ტრასიც შეემატა. პოლიტიკოსი, რომელმაც განაცხადა, რომ უყოყმანოდ დააჭერს თითს ბირთვულ ღილაკს, ნაცვლად მოლაპარაკებისა.

სტატიის დასაწყისში აღვნიშნე იმ არასასურველი ტრანსფორმაციის შესახებ, მსოფლიო პოლიტიკამ რომ განიცადა ბოლო წლებში. ამ პოლიტიკის წყალობით, ისეთმა სიტყვამ, როგორიცაა „დემოკრატია“ თავისი ფასი დაკარგა. სხვა შედეგი არ იქნებოდა, როდესაც არადემოკრატიული ევროპა—ამერიკა იჩემებენ დემოკრატიულობას, ამასთანავე აშკარად საწინააღმდეგოდ მოქმედებენ.

დემოკრატია — ნიშნავს სიტყვის თავისუფლებას, ინფორმაციის შეუფერხებელ მიღებას, შეუფერხებელ მგზავრობას და მრავალი სხვას, რაც უჭკუო ხელისუფალთა ძალისხმევით დეფიციტად იქცა.

კოლექტიური დასავლეთის ე.წ. დემოკრატია ისე შეიცვალა, ფაშიზმს წააგავს. როდესაც დემოკრატი მხარს უჭერს ფაშისტურ სახელმწიფოს — უკრაინის სახით, დემოკრატობას ვერ დაიკვეხნის.

ასეთი ევროკავშირელობა, რისი მსურველებიც ვართ, რამდენად მისაღებია, თვითონ განსაჯეთ!

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი

11/09/2022