23.12.2024

ახალი მიტინგების ტალღა დაიწყო

23 ივნისი თანამედროვე უკრაინის ცხოვრებაში ღირსშესანიშნავ თარიღად შევა და არა მარტო უკრაინის, არამედ ევროპისა და მსოფლიოს ისტორიაში. მკითხველს ჩემი მოსაზრება გადაჭარბებულად მოეჩვენება, მაგრამ თუ სიღრმისეულად ჩავიხედავთ ამჟამინდელ პოლიტიკურ ცხოვრებაში, დავინახავთ რომ ეს ასეა.

23 ივნისს კოლექტიურმა დასავლეთმა გააკეთა ის, რასაც უდავოდ მოჰყვება ისედაც დაძაბული მსოფლიოს უკიდურესად დაძაბვა — ლამის კონფრონტაცია. ირიბი, ცხადია ევროატლანტიკური სივრცისთვის უკვე ძალაშია — რუსეთ-უკრაინის სამხედრო დაპირისპირების სახით, რომელშიც აშშ-ი, ევროკავშირი, ნატო და მათი მოკავშირეები არიან ჩართული.

რას ნიშნავს ირიბი ჩართვა?

უპირველეს ყოვლისა კონფლიქტის ერთი მხარისთვის, ანუ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას, მათ შორის ისეთის, რომელიც შორს არის თავდაცვითი სახის იარაღისგან.

დასავლეთის მიერ უკრაინისთვის მიცემული იარაღი დამკვრელურია, რასაც საკუთარ თავზე გრძნობს დონეცკისა და ლუგანსკის მშვიდობიანი მოსახლეობა, ისე, როგორც მეზობელი რუსეთის საზღვრისპირა დასახლებულ პუნქტებში მცხოვრებნი.

მეორე, არანაკლები მძიმე შედეგის მომტანი ეკონომიკური სანქციებია, დაწესებული რუსეთის წინააღმდეგ, რომელმაც რუსეთსაც ბევრი რამ დააკლო, მაგრამ არანაკლები თვით სანქციების დამწესებელ ამერიკა-ევროპას. არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ მათ უფრო მეტად, ვიდრე „დასჯილ“ რუსეთს.

ტელეკომპანია CNN-ზე გამოსული ამერიკელი ექსპერტი დამცინავად სვამდა კითხვას — ამიხსენით, ჩვენ დავუწესეთ რუსეთს სანქციები, თუ მან დაგვიწესა ჩვენო? შეკითხვა იმ რეალობამ გამოიწვია, რაც ამერიკა—ევროკავშირში—დიდ ბრიტანეთში ხდება, სანქციებით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის შედეგად. ცნობილი ფაქტია, მაგრამ უნდა გავიმეორო — „რწყილი და ჭიანჭველა“-ს იგავის მსგავსი, რაც ევროატლანტიკურ სივრცეს შეემთხვა, რუსეთის დასასჯელად შემოღებული სანქციებით.

აშშ-ა და მისი ბრძანებით ევროკავშირმა, სხვა ქვეყნებთან ამერიკას არ გაუვიდა, მინიმუმამდე დაიყვანეს რუსული ენერგომატარებლების, გაზის, ნავთობის, ქვანახშირის იმპორტი. შედეგი? — ენერგეტიკული კრიზისი არა მარტო ამ ქვეყნებში, არამედ მსოფლიოში.

კოლექტიურმა დასავლეთმა რუსეთის გემებს აუკრძალა ამერიკა—ევროკავშირის სხვა ქვეყნების პორტებში შესვლა, რითაც უმძიმესი პრობლემები შეუქმნა ნავთობმზიდ ტანკერებსა და მშრალი ტვირთის, კონტეინერების გადამზიდავ გემებს.

რუსული ნავთობისა და გაზის სანქცირებამ უმალ გაზარდა ფასები აშშ-სა და ევროკავშირის ბენზინგასამართ სადგურებზე და არა მარტო იქ, არამედ მთელ მსოფლიოში. გაძვირდა სატრანსპორტო ხარჯები, რასაც მოჰყვა სხვადასხვა სახის საქონელზე, მათ შორის კვების პროდუქტებზე, მედიკამენტებზე ფასების ზრდა.

აღნიშნულს დაემატა მომსახურების სფეროში ფასების აწევა, ისე, როგორც საწარმოების, განსაკუთრებით საშუალო და მცირე ბიზნესით დაკავებულთა მუშაობის შეჩერება, მოცულობის შემცირება, ხშირ შემთხვევაში გაკოტრება და დახურვა.

ყოველივე აღნიშნულმა ნოყიერი ნიადაგი შეუქმნა უმუშევრობის ზრდას, გაჭენებულ ინფლაციას. ნახევარი საუკუნის განმავლობაში ესოდენ მაღალი ინფლაცია არ ყოფილა არც აშშ, არც დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. საშუალო მონაცემები 9-10%-ია. ზოგან, მაგალითად ევროკავშირის წევრ ქვეყნებშიც კი 19-20%; დიდ ბრიტანეთში ელოდებიან 11%-ს. ინფლაციის მაჩვენებელი ისაა, პროდუქტებზე, განსაკუთრებით კვების, მედიკამენტებზე, მომსახურებაზე, ტრანსპორტზე ფასების აწევას რომ ნიშნავს.

ევროკავშირი არ მოელოდა გვალვიან ზაფხულს — ესპანეთში, იტალიაში, საფრანგეთში, სხვა ქვეყნებში, მათ შორის გერმანიაში — 35-40-გრადუსიან სიცხეს, რამაც ამ ქვეყნების მოსახლეობა აიძულა გაზის მოხმარების გაზრდაში, კონდიციონერების ჩასართავად.

სიცხით შეწუხებული ევროპელისთვის ხელისუფალთა მოწოდება — გაზის მომჭირნეობით ხარჯვისკენ, მოწოდებად რჩება, რაც თავისთავად იწვევს გაზსაცავებში არსებული გაზის მარაგების კლებას. წინ ზაფხულის 2 თვეა და შემდეგ ზამთარი, რომელიც ტრადიციულად მეტ გაზს მოითხოვს.

საიდან მიიღებს გაზს ევროპა? იქედან, საიდანაც ლამის ნახევარი საუკუნე იღებდა — ჯერ საბჭოთა კავშირიდან, შემდეგ მისი მემკვიდრე რუსეთიდან. მაშ, რა უშლის მას ხელს გააგრძელოს მიღება?

პოლიტიკა, რუსოფობიაზე დაფუძნებული, ამასთანავე იმპერიალიზმის, ნეოლიბერალიზმის დიქტატურის ყველგან დამყარების სურვილი და სხვა მრავალი.

დევიზი ასეთია — არ ვიყიდოთ რუსული გაზი, ნავთობი, ნავთობპროდუქტები და ამით რუსეთს არ მივცეთ ფულის კეთების საშუალება. საგარეო ვაჭრობაში დამარცხებული რუსეთის ეკონომიკაც დამარცხდება; დამარცხებული ეკონომიკა ვერ უზრუნველყოფს რუსეთის შეიარაღებისა და არმიის განვითარებას; გაზრდის მოსახლეობის უკმაყოფილებას.

სოციალური პირობების გაუარესებით უკმაყოფილო მოსახლეობა ქუჩებში გამოვა და დაამხობს დასავლეთისთვის საძულველ პუტინის რეჟიმს.

„ვაშას“ ძახილი აკლია ამ პრიმიტიულ გეგმას, მაგრამ სოციალურად ღონგამოცლილ კოლექტიურ დასავლეთს ამის ძალაც არ აქვს. არადა, 24 თებერვლიდან, უკრაინაში სპეცოპერაციის დაწყებიდან მხოლოდ 4 თვეა გასული. სად გაქრა ევროატლანტიკური სივრცის უმდგრადესი ეკონომიკა, პოლიტიკური შემართება, აწყობილი სოციალური კეთილდღეობა?

მთელმა მსოფლიომ დაინახა რა მოჩვენებითი ყოფილა ე.წ. ევროატლანტიკური „სამოთხე“, განსაკუთრებით მისმა მეტოქეებმა რუსეთმა, ჩინეთმა, ინდოეთმა, ირანმა, სხვა ქვეყნებმა — იმ 130, რომელმაც მონაწილეობა მიიღო სანქცირებული, რეზერვაციაში მოქცეული, მთელი მსოფლიოდან მოკვეთილი რუსეთის, სანკტ-პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმში.

14000 ექსპერტის, ეკონომისტის, სახელმწიფო მოხელის, ჟურნალისტის მონაწილეობა ხომ არ ნიშნავს ევროატლანტიკური სივრცის მიერ დაწესებული ეკონომიკური ბლოკადის სრულ უსუსურობას?

ევროკავშირი მძიმე ამოცანის წინ დგას — უგაზოდ, უნავთობოდ ცხოვრება თუ ატომური ენერგიითა და ქვანახშირის გამოყენებით თავის გადარჩენა.

გერმანიის ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-კანცლერი ჰაბეკი მოუწოდებს გერმანელებს — 5 წუთზე მეტი არ დახარჯონ აბაზანაში. „მე 5 წუთიც მყოფნის დაბანვისთვის“, — აცხადებს ის. ამასთანავე კარდინალურ განცხადებებს აკეთებს დაკონსერვებული ქვანახშირის მაღაროების ასამოქმედებლად.

ჰაბეკი — მწვანეთა პარტიიდან არის. იმ პარტიიდან, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში მოითხოვდა ქვანახშირზე, ატომურ ელექტროსადგურზე უარის თქმას და მათ ნაცვლად მზის და ქარის ენერგიის გამოყენებას. არ გამოვიდა! არც ევროკავშირის ქვეყნები და არც აშშ-ი არ დაინდო განვლილი ზამთრის სუსხმა.

მომავალი ზამთარიც შორს არ არის — გრილი ბინებით, ავტოგასამართ სადგურებზე გაზრდილი ფასების „კეკლუცით“, სუპერმარკეტების შეთხელებული, ძვირი დახლებით — ყველა იმ „სიკეთით“ რაც ეკონომიკურ-ენერგეტიკულ კრიზისს მოაქვს.

იმ რაოდენობის გაზი, რაც ევროკავშირის ქვეყნებს დააკმაყოფილებს, იოლი მოსაპოვებელი არ არის. მსოფლიოში არსებობს ქვეყნები გაზით ცნობილი და გაზით მოვაჭრე, მაგრამ ტერიტორიულად შორს ევროპის კონტინენტიდან. ევროპასთან გაზსადენი მილებით შეერთებას (ყატარი, ჩრდილოეთ აფრიკა, …) მილიარდები და დიდი დრო სჭირდება.

აი, ასეთ ჩიხურ მდგომარეობაში მყოფი ევროპა, უარს რომ იტყვის სახლში მიყვანილ რუსულ გაზზე — უპასუხისმგებლობის ზეიმია. უპასუხისმგებლობა საკუთარი მოსახლეობის წინაშე. იმისთვის, რომ რიგითი ევროპელი არ გამოფხიზლდეს, არ აიღოს ხელში კეტი და არ გარეკოს მის მიერვე არჩეული ხელისუფლება, ბრიუსელი ახტება საკუთარ ყბადაღებულ ლოზუნგს — სიტყვის თავისუფლება, მას ინფორმაციის მიღების, ცხადია ალტერნატიულის შესაძლებლობას — უთიშავს რა ხალხს რუსული ტელეკომპანიების გადაცემებს.

ხალხმა არ უნდა იცოდეს გაზის ისტორია. მან ის ისტორია უნდა იცოდეს, ბრიუსელს რომ აწყობს. ამ ისტორიის მიხედვით, რუსეთი აგრესორი, ფაშისტური ქვეყანაა.

გერმანიის კანცლერმა შოლცმა ბუნდესტაგში გამოსვლისას განაცხადა, რომ გერმანია თავისუფლდება ისტორიული პასუხისმგებლობისგან და თავს მოვალედ თვლის დაიხსნას ყველა ევროპული ქვეყანა რუსეთის მოსალოდნელი აგრესიისგან.

მეორე მსოფლიო ომის გაჩაღებიდან 82 წლისთავზე გერმანია სამხედრო ძალის გამოყენებით ევროპის გადარჩენას აპირებს. კანცლერის სიტყვის თარიღსაც ჩავაკვირდეთ — 22 ივნისი, ფაშისტური გერმანიის თავდასხმა საბჭოთა კავშირზე.

22 ივნისის გამოსვლაში შოლცმა ამაყად განაცხადა უკრაინის ფაშისტური რეჟიმისთვის იარაღის ახალი პარტიის მიწოდების თაობაზე. უკრაინის ომში არა მარტო გერმანია, სრულიად ევროკავშირია ჩართული, აშშ-ს დირიჟორობით. რა იარაღი არ იგზავნება უკრაინაში, რა ეკონომიკურ-ფინანსურ დახმარებას არ უწევენ ისინი უკრაინის ხელისუფლებას, მაგრამ უკრაინელთა გამარჯვება ჰორიზონტზეც არ ჩანს. პირიქით, რაც ჩანს, კატასტროფული მარცხია.

უკრაინამ უკვე დაკარგა თავისი ტერიტორიის 20%-ზე მეტი. „დაპყრობილ“ ტერიტორიებზე მცხოვრებნი რუსული პასპორტების მიღების რიგში დგანან, რუსული რუბლით ვაჭრობენ და გახარებულები იმედს არ კარგავენ, რომ დონბასი რუსეთის ნაწილი გახდება.

ესოდენ დიდი ტერიტორიული დანაკარგების შემყურე კოლექტიური დასავლეთი სხვაგვარად უნდა ფიქრობდეს, სხვაგვარად უნდა ეპყრობოდეს თავის შეგირდ უკრაინას. ის ვალდებულია შეაგნებინოს უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის, რომ ყოველდღიურად, ფრონტზე 1000 სამხედრო მოსამსახურის დაკარგვა კატასტროფული დანაკარგია და რუსეთთან მოსალაპარაკებლად ხელი უნდა კრას მას.

უკრაინის სამწუხაროდ, რას ვხედავთ? წასახალისებელ გადაწყვეტილებას — სიმბოლიურს, არაფრის მომტანს — ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.

რა დამსახურებისთვის? — იკითხავთ. რუსეთთან ომისთვის. უკრაინამ ომი უნდა გააგრძელოს — რუსეთის დაღლამდე, ძალის გამოცლამდე.

კორუმპირებული უკრაინა — 122 ადგილზე მყოფი მსოფლიოში, ოლიგარქიული, ფაშისტური სახელმწიფო, დანგრეული ეკონომიკით, არათუ კანდიდატობას, არამედ იზოლაციას იმსახურებს, მაგრამ ის ანტირუსეთია — ევროატლანტიკური სივრცის „ძაღლის შვილი“.

ევროკავშირი მზადაა ორივე ხელი მოიჭრას, თვალები დაითხაროს, ოღონდ რუსეთს რაიმე ავნოს. ის მზადაა სიცივისთვის, შიმშილისთვის და სხვისი ხელით რუსეთთან ომისთვის. იკითხავთ — რამ გაამწარა ის?

რუსეთის გაძლიერებამ და რუსთა მიერ საკუთარი სუვერენიტეტის დაცვამ. რუსთის დაჩოქება, მორჩილ ქვეყნად გადაქცევა და მისი სიმდიდრეების ხელში ჩაგდება შორეულ, აუსრულებელ ოცნებად რჩება. სულ უფრო ხშირად გაისმის, თუნდაც აშშ-ი, რომ რუსეთი მატერიალური ეკონომიკის ქვეყანაა, აშშ-ი კი მომსახურების ეკონომიკის.

მატერიალური ეკონომიკა — წიაღისეულის ამოღება, ფოლადის გამოდნობა, ჩარხმშენებლობა, მანქანათმშენებლობაა. მომსახურების ეკონომიკა — ფულის ბეჭდვაა, რაშიც აშშ-ს ბადალი არ ჰყავს, ისე, როგორც ვალში — 30 ტრილიონი დოლარი.

რა არ იღონა ევროატლანტიკურმა სივრცემ, რომ მთელი მსოფლიო დაეყოლიებინა რუსეთისთვის სანქციების დაწესებაში. არ გამოუვიდა! მსოფლიო ქვეყნების მხოლოდ 15% დაუწესეს რუსეთს სანქციები, 85% — არა!  

ა.წ. 24 თებერვლიდან დაიწყო ახალი მსოფლიო წესრიგისთვის ბრძოლა, სადაც ერთპიროვნული ბატონობის ნაცვლად, მრავალპოლუსიანობა იქნება. შეეგუებიან ამას აშშ-ი და მისი მოკავშირეები?

რომ არ შეეგუებიან, ნათლად ჩანს უკრაინაში მიმდინარე ომიდან.

ევროპის 5-საუკუნოვან ბატონობას მსოფლიოზე, წყალი შეუდგა. წყლის შემყენებელი რუსეთია. აიტანენ პოზიციების დაკარგვას ევროპა—ამერიკა?

რომ ვერ იტანენ, ამიტომაც არიან გამწარებულები; ამიტომაც მოუწოდებენ უკრაინას ომის გაგრძელებისკენ; ამიტომაც ახალისებენ მას ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის სტატუსით.

იკითხავთ — სხვა ქვეყნები, ევროპაში მდებარენი, არაევროკავშირის წევრები, არიან თუ არა კანდიდატები? არიან — თურქეთი, სერბეთი, სხვები. მაგალითად, თურქეთი 23 წელია ვერ ეღირსა კანდიდატობიდან წევრად გახდომას, სერბეთი — 10 წელია ასეთ მდგომარეობაში. ასე, რომ კანდიდატობა სულაც არ ნიშნავს სწრაფ გაწევრებას, მითუმეტეს კანდიდატი ქვეყნებისთვის ფინანსური დახმარების გაწევას, რის შესახებაც საქართველოს ოპოზიცია ხმამაღლა აცხადებს — ხელისუფლების დადანაშაულების მიზნით.

ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა, კანდიდატობის მისაღებად, რითაც საქართველოს მოსახლეობას არ მისცა ფინანსური დახმარების მიღების საშუალებაო — აცხადებს ოპოზიცია.

არადა, კანდიდატობისთვის ბრიუსელი ითხოვდა საქართველოს მიერ რუსეთისთვის სანქციების დაწესებას, ისე, როგორც მეორე ფრონტის გახსნას. ცხადია, ორივე უმძიმესი შედეგით დასრულდებოდა საქართველოსთვის, რაც არ დააღონებდა კოლექტიურ დასავლეთს.

ბრიუსელმა ბრძანა — კანდიდატობას მოგანიჭებთ, თუკი საშინაო დავალებას შეასრულებთო, თან ოპოზიცია წაახალისა ანტისამთავრობო მიტინგებში. 2 უკვე გაიმართა — ღარიბაშვილის და ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით, ევროკავშირის დროშების ფრიალით, „ქართველები— ევროპელები ვართ!“ შეძახილებით.

ვინ იცის წინ რამდენი ასეთი მიტინგი გველის ან რა შედეგს გამოიღებს „სახალხო“ პროტესტი?

დასავლეთმა 2012 წელს ხალხის გამოსვლით გარიყა ნაცმოძრაობის ხელისუფლება და „ოცნებით“ ჩაანაცვლა. დღეს, „ოცნების“, ნაცთა ჩანაცვლებაზე ფიქრობს. ხალხი დამუხტულია, ევროკავშირული სიცრუით გაჯერებული, რუსოფობიით გაჟღენთილი. ასეთის წაღმა-უკუღმა ტრიალი იოლია. ის მზადაა, როგორც ჭურში მყოფი, შეითვისოს კოლექტიური დასავლეთის ჩაძახილი — „ბედნიერი“ ევროკავშირის შესახებ, ხელისუფლების ანტიევროპელობის შესახებ, რუსეთის მოსალოდნელი აგრესიის შესახებ, …

არადა, 10 წლის განმავლობაში „ოცნებას“, რომ თუნდაც მცირედი მაინც შეესრულებინა 2012 წლის დაპირებებიდან, ხალხი ქუჩაში არ  გამოვიდოდა. ხალხის ქუჩაში გამოსვლა ევროკავშირის კანდიდატობას უკავშირდება, მაგრამ სინამდვილეში გაძაღლებულ ცხოვრებას, რომლის გამოსწორებას „ოცნებამ“ თავი ვერ ან არ დაადგა.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი

26/06/2022