19.11.2024

ომისთვის გადმოგდებული კანდიდატობა?!

„23-24 ივნისს დაველოდები. მე მანამდე შევინარჩუნებ რეზერვაციას, რომ მეტი არ ვილაპარაკო ჩვენი ხალხის წინაშე. გადაწყვეტილება თუ იქნება ისეთი უსამართლო, ისეთივე შეურაცხმყოფელი ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ხალხისთვის, მე ვიტოვებ რეზერვაციას, რომ ყველაფერს ფარდას ავხდი და ჩვენს ხალხს ყველაფერს ვეტყვი“ — განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა.

პრემიერის ამ განცხადების შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, კონკრეტულად საქართველოსთვის, მაგალითად ევროკავშირის წევრობის კანდიდატის მოპოვების დარგში. იყო ევროკომისიის განცხადებაც, რომლის მიხედვით უკრაინა—მოლდოვას მიენიჭება კანდიდატის სტატუსი, საქართველოს — არა! თუმცა ევროკომისიამ მთლად არ გადაგვიწურა წყალი და თქვა, რომ კანდიდატობას მოგვცემენ, თუ მათ მოთხოვნებს შევასრულებთ ა.წ. ბოლომდე.

მოთხოვნები კი ისეთია, რომელთა შესრულება შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მმართველი „ოცნება“ 180 გრადუსით შეტრიალდება ევროპისკენ და რუსოფილურ განწყობას, ევროპულ ლიბერალიზმზე გაცვლის.

ასე მიიჩნევს ევროპა. სინამდვილეში ქვეყნის მმართველი „ოცნება“ 10 წელია ევროატლანტიკური ფილოსოფიით არის დაავადებული და მას არავითარი რუსოფილობა არ ეტყობა. 2012 წლიდან დაწყებული „ოცნების“ ხელისუფლება ჯიუტად უხვევს ხალხისთვის დანაპირებ გზას და ნაცვლად რუსეთთან ურთიერთობების დალაგებისა, ნატო—ევროკავშირს გაიძახის.

„თუ გადაწყვეტილება შეურაცხმყოფელი იქნება ჩვენი ხალხისთვისო“ — რომ აცხადებს ღარიბაშვილი იმას აღარ უწევს ანგარიშს, რომ 10-წლიანი დაპირების შეუსრულებლობაც შეურაცხმყოფელია ხალხისთვის. ხალხისთვის დაპირების შეუსრულებლობა გაცილებით შეურაცხმყოფელია, ვიდრე რომელიმე ორგანიზაციისთვის, თუნდაც ევროკავშირისთვის.

ხალხს არ მოუთხოვია ევროკავშირში შესვლა. ქართულმა პოლიტიკამ ჩათვალა, რომ მისთვის უმჯობესი იქნებოდა ევროკავშირის წევრობა, ვინაიდან მას და არა ხალხს, მეტი შანსი ექნებოდა ბრიუსელში ხეტიალის, ვირტუალურ სხდომებში მონაწილეობის მიღების, ევროპელ პოლიტიკოსებთან ჭუკჭუკს ისეთ თემებზე, ძალიან შორს რომ არის საქართველოს და მისი ხალხის პრობლემებისგან, აზროვნებისგან, ცხოვრების წესისგან, ტრადიციებისგან, …

გაევროპელებულ ქართულ პოლიტიკას, ევროპული ფასადური იერსახის მატარებელს, ნაკლებად აწუხებს საქართველოს მოსახლეობის პრობლემები, მითუმეტეს შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება მის მიმართ სწორედ პოლიტიკოსთა მხრიდან და არა ვიღაც გადამთიელი ევროპელის ან ამერიკელის მხრიდან, რომელთა მიზანი სულაც არ არის ქართველი ხალხის მოთხოვნების დაკმაყოფილება.

საკუთარი ხალხი ვერ დაუკმაყოფილებიათ და ჩვენსას დააკმაყოფილებენ?!

ქართული პოლიტიკა, ხელისუფლება—ოპოზიცა იშვიათად ეხება ან არ ეხება უმძიმეს სოციალურ საკითხებს, საქართველოს მოსახლეობის წინაშე არსებულს, რაც აშკარა მანიშნებელია იმისა, რომ ისინი შორს არიან ამ პრობლემებისგან. სხვაგვარად, როგორ იქნებოდა, როდესაც პარლამენტართა უდიდესი უმრავლესობა მილიონერია?! ხალხსა და ხელისუფლებას, ოპოზიციას შორის დიდი უფსკრულია, რომლის ამოვსება შეუძლებელია.

არაერთხელ მითქვამს და გავიმეორებ ოპოზიციის გასაგონად — ხელისუფლების დადანაშაულება იმაში, რომ მან ცუდად იმუშავა და კანდიდატობის სტატუსის მიღებას ხელი არ შეუწყო, რითაც გააწბილა ხალხი — უსუსური არგუმენტია, ვინაიდან ხალხს საერთოდ არ აინტერესებს კანდიდატის სტატუსი, მას შია, სწყურია; კატასტროფულად გაზრდილი ფასები საწვავზე, კვების პროდუქტებზე, მედიკამენტებზე, მომსახურებაზე აწუხებს და რომ ეს ასეა, დაამტკიცა კიდევაც, როდესაც პრეზიდენტ ზურაბიშვილის მოწოდებაზე მიტინგზე მისულიყო, უყურადღებოდ დატოვა.

მაინც რა მიტინგზე ეპატიჟებოდა ქალბატონი სალომე, სრულიად საქართველოს? — ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის მიღების აქციაზე, რომელსაც ევროკავშირისთვის უნდა ეჩვენებინა ქართველი ხალხის ევროკავშირში შესვლის სურვილი.

ხალხი არ მივიდა! ზურაბიშვილმა — ქვეყნის პრეზიდენტმა, მთავარსარდალმა ხალხს დიდგორისკენ მოუწოდა, ქუდზე კაცის გამოსვლა მოითხოვა და ხალხმა არ უპასუხა. რატომ? — იკითხავთ. მარტივი მიზეზის გამო — მას არ აინტერესებს ის, რაც ხელისუფლებას, ქართულ პოლიტიკურ ელიტას აინტერესებს. მას დღევანდელი კვერცხი უნდა და არა ხვალინდელი ქათამი, მითუმეტეს, როდესაც „შავი“ მაგალითი წინ უდევს — 10-წლიანი დაპირებული უქათმობა.

ზურაბიშვილის მიტინგზე არ მივიდა ხალხი, მაგრამ ნაციონალური მოძრაობის მიტინგზე ტევა არ იყო. როგორც ამბობენ 100000 კაცი იღებდა მონაწილეობას ამ ღონისძიებაში, რომელშიც ნაცებთან ერთად სხვა ოპოზიციური პარტიებიც იყვნენ წარმოდგენილი. ნაციონალებმა მოახერხეს საკუთარი მხარდამჭერების სრული მობილიზაცია, რომელსაც ზურგს უმაგრებდნენ ევროპარლამენტარები — სააკაშვილის აშკარა გულშემატკივრები. მათი მიზანი ერთია — არსებული ხელისუფლებისთვის სრული დისკომფორტის შექმნა და ხელისუფლებიდან განდევნა.

განა, ამაზე არ მეტყველებს ოპოზიციის ლიდერთა ხმამაღალი განცხადებები, თუნდაც ისეთი, როგორიცაა ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბება და „ოცნების“ გვერდზე გაწევა, ივანიშვილის საქმისა და სახელის თანამედროვე ქართული ცხოვრებიდან ამოშლა? მოახერხებენ თუ არა ამას, მომავალი გვიჩვენებს, მაგრამ საყოველთაო დაპირისპირებისა და ქაოსის შექმნას უდავოდ შეძლებენ.

ესეც თქვენი ნანატრი ევროკავშირი — ავანტიურიზმის გენერატორი. რა შუაშია ამასთან კანდიდატის სტატუსის მიღება? ამ კითხვას დღეს არც ერთი მომიტინგე არ სვამს, მაგრამ ხვალ დასვამს — ევროკავშირით გაწბილებული. ხვალ დასვამს, მაგრამ ხვალ უკვე გვიან იქნება!

„ჯერ კიდევ დიდი იმედი მაქვს და ვინარჩუნებ ოპტიმიზმს, რომ ევროპაში გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებენ, რომელიც რა თქმა უნდა ევროპის ინტერესებშიც არის, ჩვენს ინტერესებშიც არის და ეს გადაწყვეტილება არ იქნება რუსეთის ინტერესებში“.

კითხულობ ღარიბაშვილის ამ განცხადებას და ფიქრობ — რა შუაშია ეს წინადადება „არ იქნება რუსეთის ინტერესებში“ კანდიდატის სტატუსის მიღებასთან? რა უნდოდა ეთქვა პრემიერს ამ წინადადებით, ის, რომ ხელისუფლება რუსოფილური არ არის? თუ ის, რომ რუსეთი მართლაც კატეგორიული წინააღმდეგია საქართველოს ევროკავშირში შესვლის?

რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა არაერთხელ თქვა, რომ რუსეთი წინააღმდეგია მეზობელი ქვეყნების, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ნატოში შესვლის, მაგრამ არ არის ევროკავშირში შესვლის წინააღმდეგი.

ანალოგიური რამ მან გაიმეორა სანკტ-პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე, როდესაც ჰკითხეს უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.

ევროკავშირის პრეტენზიები საქართველოს მიმართ არც ახალია და არც გასაკვირი, ვინაიდან ის სხვაგვარად ცხოვრობს, სხვაგვარად აზროვნებს, სხვაგვარი ცხოვრების წესს არის მიჩვეული და სურს საქართველო ისეთივე იყოს, როგორც თვითონ. მას ვერ წარმოუდგენია, რატომ უნდა იყოს ქართველი ხალხი ლგბტ-ს ან გეი-პარადების წინააღმდეგი.

ევროკავშირის გაგებით, დემოკრატია, სიტყვის თავისუფლება, ლიბერალიზმი და მრავალი სხვა „—იზმი“ არის მთავარი მამოძრავებელი კაცობრიობის განვითარებისა. ევროკავშირი მიიჩნევს, რომ საქართველოშიც ისეთივე დემოკრატია უნდა იყოს, როგორიც ევროპა—ამერიკაში; აქაც სიტყვის ისეთივე თავისუფლება უნდა იყოს, როგორიც იქ. ადამიანის უფლებების დარღვევას ადგილი არ უნდა ჰქონდეს, არ უნდა იდევნებოდეს ენა, სარწმუნოება, ხელოვნება, მწერლობა, კულტურა, სპორტი და ა.შ.

რა სჯობს ამასაო — იტყვის ქართველი, მაგრამ როდესაც დაფიქრდება, დააკვირდება რეალობას, უმალ დაინახავს, რომ ყოველივე ზემოთთქმული კეთილი სურვილების რახარუხია. მიზანი მათი — მაღალი რასის, ანუ ევროატლანტიკურის დომინირებაა მთელს მსოფლიოზე — პრიალა, ფერად ქაღალდში შეხვეული.

ევროატლანტიკური „დემოკრატიული“, ვითომ ჰუმანური მოწოდებები, რჩევის სახით წარმოდგენილი კეთილი რეკომენდაციებია და არა ბრძანება, მაგრამ ხელში ბრძანებად გვრჩება. და არა მარტო ხელში, ტვინში. შედეგიც სახეზეა.

დასავლეთთან ურთიერთობამ ჯერ-ჯერობით რაც მოგვიტანა, 70 წლის განმავლობაში სისხლით, გარჯით, ოფლით, შრომით შექმნილი მრეწველობის, სოფლის მეურნეობის, მეცნიერების, ხელოვნების დეგრადაციაა. წინსვლის, პროგრესის გზა არ ჩანს. გვირაბის ბოლოს უკუნეთია.

მატერიალური დოვლათი არ იქმნება. იქ შექმნილით ვკმაყოფილდებით — მდარე ხარისხის კვების პროდუქტებით, მეორადი ტანსაცმლით, უფასო კვების სასადილოებით, ყოველივე იმ „სიკეთით“, რითაც ისინი „ხარობენ“ — მათი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი.

30 მილიონზე მეტი ამერიკელია სიღარიბის ზღვარს ქვევით — საცხოვრისის ფასის გადაუხდელობის გამო ქუჩაში გარეკილი, ქუჩაში დასახლებული.

საბჭოური 70-წლიანი ცხოვრების დროს რომელი ქართველი იკადრებდა მეორად ტანსაცმელს, უფასო სასადილოს? რომელი ქართველი იტყოდა სამსახური ვერ ვიშოვეო? ადამიანის დასაქმება უმთავრესი იყო, ისე, როგორც მუყაითი შრომით სამსახურეობრივი წინსვლა.

რას ნიშნავს ევრო—ამერიკულად სიტყვის თავისუფლება? თავისუფლება, თავისუფლებაა და არა ბარიერების შექმნა ან თავისუფლების აღკვეთა, რასაც იქ, ზოგიერთ ქართველთა სანატრელ „ნაკრძალში“ აქვს ადგილი — სიტყვის თავისუფლებაა ჩვენთვის მთავარიო, რომ გაიძახიან, მარტო საკუთარი სიტყვა აქვთ მხედველობაში, თუ სხვათა სიტყვა? მარტო მათი ხელისუფლებისთვის სასიამოვნო მოსასმენ სიტყვებზეა ლაპარაკი თუ ობიექტურზეც? ტყუილებზე თუ სინამდვილეზე?

ჩნდება ეს კითხვები, როდესაც იმ „დალოცვილთა“ ყოველდღიურობას აკვირდები — სიმართლის ნაცვლად, ტყუილებს ისმენ, დადგმულ სპექტაკლებს უყურებ, რომლის მიზანი მოწინააღმდეგის გაშავება, მისი იმიჯის შელახვაა — ნებისმიერი გზით, თუნდაც არასწორით, გონიერი, ობიექტური, სამართლიანი საზოგადოებისთვის მიუღებლით.

სასოწარკვეთილებამდეა მისული იმ „ბედნიერთა“ ქცევა, ჩვენ რომ ვეტრფით. სასოწარკვეთილება კი მაშინ იპყრობს სულიერს, როდესაც საკუთარ უსუსურობას გრძნობს და ხედავს. საკუთარმა უსუსურობამ ათქმევინა ევროატლანტიკურ სივრცეს სხვა კულტურაზე უარი, მისთვის ბარიერების შექმნა, 145 მილიონი ადამიანის მტრად შერაცხვა, მისი იზოლირების მცდელობა. ჩვენც ამ სივრცით მოხიბლულნი და მის საამებლად ვლანძღავთ და ვლანძღავთ მეზობელს, ძლიერსა და შემნდობს, რომლის გარეშე საქართველოს ეკონომიკის არსებობა ეჭქვეშ დადგებოდა.

მოტიტინე პოლიტიკოსებს ქვეყნის მართვა ენის ტრიალი ჰგონიათ — მხარზე გადადებული, რუსეთის სიძულვილით დუჟმორეული. ქვეყნის მართვა სხვა რამეა, რაც დღევანდელებმა არ იციან. რომ იცოდნენ, ისეთ საშინელებას არ ჩაიდენდნენ, როგორიც ოპოზიციონერმა ხაზარაძემ, რომელმაც სახელმწიფოსგან ნაყიდ „ზაკვოს“ ფუნდამენტურად ნაშენ შენობას, წირვა გამოუყვანა და მიწასთან გაასწორა.

არც არავინ დაინტერესებულა — რატომ აკეთებდა ის ამას. მერიაც, დუმილით შეხვდა საზარელ ქმედებას. შენობა აღარ არის. არადა, რამდენი სამინისტროა განთავსებული ამორტიზებულ შენობაში? თუნდაც საგარეო საქმეთა სამინისტრო ავიღოთ!

მეურნე ხელისუფლება მისცემდა უფლებას ვიღაც ვიგინდარა ბიზნესმენს ასე მოქცეულიყო? ვიგინდარაა ის, ვინც ოფლითა და შრომით ნაშენს, შექმნილს ანადგურებს. წარმოიდგინეთ, ოპოზიცია რომ ხელისუფლებაში იყოს, ხომ დაანგრევდა აშენებულს? მათ შენება არ იციან. რაც იციან — ნგრევაა.

კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით რადიო „მაესტროს“ ეთერს ერთი ბედოვლათი ე.წ. პოლიტოლოგი „ამშვენებდა“, რომელმაც ბრძანა — თუ საქართველოს კანდიდატობას არ მისცემენ, ისეთივე მოჩანჩალე იქნება, როგორებიც აზერბაიჯანი და სომხეთია.

ეს პიროვნება ერთ დროს დიპლომატობდა, თუმცა, როგორც ჩანს ამ შესანიშნავი პროფესიის საგანმანათებლო წყალი მას არ გადასხმია.

დიპლომატიაში ნათესაობით შეპარული, ნათესავების დონეზე დარჩა, თორემ მეზობელ ქვეყნებს, ურომლისოდაც საქართველოს გაუჭირდება — „მოჩანჩალის“ დამამცირებელი სახელი არ უნდა აკადრო. ამ მავანისთვის ამიერკავკასიაში საქართველოს პირველობა ცრუ დემოკრატიაშია, ცრუ სიტყვის თავისუფლებაში და უსაგნო ენის ტარტარში.

საქართველოს ბევრი აქვს გასაკეთებელი ჩვენი მეზობლების აზერბაიჯან—სომხეთის დონემდე მისაღწევად, განსაკუთრებით აზერბაიჯანის, რომელიც საქმით არის დაკავებული და არა ლაქლაქით.  იანვარ-მაისის მონაცემებით ერთიანი ეროვნული პროდუქტის წარმოებით — 30 მილიარდი დოლარი, აზერბაიჯანმა ყველა წინა რეკორდები მოხსნა. ეს ახალი მონაცემები 7,2%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მონაცემებზე, აქედან 54,7% მოდის მრეწველობაზე; 7,6% — ვაჭრობაზე; 6,1% — ტრანსპორტზე და სასაწყობო მეურნეობაზე; 3,8% — მშენებლობაზე; 2,9% — სოფლის მეურნეობაზე, მეთევზეობაზე და სატყეო მეურნეობაზე; 1,4% — ტურისტების განთავსებასა და საზოგადოებრივ კვებაზე; 1,3% — საინფორმაციო სფეროზე და კავშირგაბმულობაზე; 14,5% — ეკონომიკის სხვა დარგებზე. აზერბაიჯანია ჩამორჩენილი?!

დავუბრუნდეთ კანდიდატობას. შეუნიღბავი თვალითაც კარგად ჩანს, რისთვის მისცემენ უკრაინას კანდიდატობას? — ომისთვის! რუსეთთან ომის გაგრძელებისთვის. კოლექტიურმა დასავლეთმა იცის, რომ უკრაინა, რაც არ უნდა შეაიარაღო, ომს ვერ მოიგებს, მაგრამ გაჭიანურებას შეძლებს. ის რომ, გაჭიანურებული ომი მეტი მსხვერპლი და ნგრევაა — დასავლეთს არ აინტერესებს. მისთვის ზელენსკის ნათქვამი მსხვერპლთან დაკავშირებით, სტატისტიკაა და არა ტრაგედია.

ტრაგედია ზელენსკისა და მისი ხელისუფლებისთვის უნდა იყოს, მაგრამ, როდესაც სასწორის ერთ პინაზე დიდი ფული დევს, სწორედ ომის გასაჭიანურებლად გამოყოფილი და მეორე მხარეს ტრაგედია, ზელენსკი პირველს ირჩევს, ანუ ჯერ-ჯერობით 24 საათში 300-დან 1000 სამხედროს დაღუპვას. არის თუ არა ეს გენოციდი?!

აი, ასეთ პერსპექტივას გვისახავდა დასავლეთი ჩვენც, როდესაც ხელს გვკრავდა „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ. არ გახსნა ღარიბაშვილმა და არ გვაძლევენ კანდიდატობას. ალბათ, ამის თქმას აპირებდა პრემიერი, თუმცა, როგორც ჩანს გადაიფიქრებს, ვინაიდან მოსატყუებლად, რაღაც გეგმა შესთავაზეს — დაპირებით, თუ შეასრულებთ, წლის ბოლოს მოგანიჭებთო.

დასავლეთი, აშკარად არადემოკრატი, სიტყვის თავისუფლების ფეხებზე დამკიდებელი, მატყუარა და გაიძვერა არ არის ღირსი საქართველოს ევროკავშირში ყოფნის. ეს კავშირი ათასჯერ მძიმეა, ვიდრე ის, სადაც ვიყავით.

იმ კავშირმა საუკუნეთა განმავლობაში, პერმანენტულ ომებში დაქანცული, დაძაბუნებული საქართველო ქვეყნად აქცია, ამ სტატუსისთვის აუცილებელი ყველა ატრიბუტით.

ევროკავშირი რას გვთავაზობს? — ომს რუსეთთან! ქვეყანასთან, ურომლისოდაც ვიქნებოდით თუ არა ძნელი გასარკვევი ან გამოსაცნობი არ არის. ასე რომ, 23-24 ივნისს ნეგატიური გადაწყვეტილება მალამოსავით მოეფინება საქართველოს, რომელმაც მეზობლებთან ურთიერთობების განმტკიცებაზე უნდა იფიქროს და არა მტრობაზე, ისეთზე, როგორსაც მას ევროატლანტიკური სივრცე სთავაზობს.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი

21/06/2022