16.11.2024

შევეცადოთ ომმა ჩვენი საზღვრები არ გადმოლახოს, ჩვენივე ფსევდოპატრიოტული შემართების გამო

რუსეთის პრეზიდენტის პუტინისა და ფინეთის პრეზიდენტის ნიინისტოს სატელეფონო საუბრის შესახებ კრემლის ძუნწი ინფორმაციის მიხედვითაც კი ჩანდა რუსეთის პრეზიდენტის ტონალობის სიმკაცრე გამოწვეული ფინეთის ხელისუფალთა გადაწყვეტილებით, ნატოში გაწევრების თაობაზე.

პუტინის განცხადებით, ფინეთს არავითარი საფრთხე რუსეთის მხრიდან არ ემუქრებოდა — თავის გადასარჩენად რომ ბრიუსელისთვის მიეკითხა.

პირიქით, ნატოში გაწევრების შემდეგ ორ ქვეყანას შორის ძველი, კეთილი ურთიერთობები, ახლით ჩანაცვლდება, სადაც მტრობის ელემენტი, მითუმეტეს უსაფრთხოების საკითხისადმი აქტიური პოზიციის გამოვლინება, ნომერ პირველი მოთხოვნილების საგანი გახდება, რაც რუსთს აიძულებს გადადგას საკუთარი თავდაცვისთვის ისეთი სამხედრო ნაბიჯები, როგორიცაა სარაკეტო ან სხვა თავდაცვის სისტემების განლაგება საერთო საზღვართან.

ნატოში შესული ფინეთი რუსეთის შეიარაღებული ძალების სამიზნედ გადაიქცევა, რაც თავისთავად გულისხმობს ნატო-რუსეთის სამხედრო კონფლიქტის შემთხვევაში ფინეთზე რუსული რაკეტების თავდასხმას.

რუსეთ-ფინეთის ისტორიული ურთიერთობები მრავალი ნეგატიური და პოზიტიური მომენტების შემცველი თაიგულია, რომლის სურნელი მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლამდე საკმაოდ მიმზიდველი იყო, თან თითით საჩვენებელი,  კონსტრუქციული — პრაგმატული ურთიერთობების თვალსაზრისით დანარჩენი მსოფლიოსთვის.

ჩვენც არაერთხე გვითქვამს ქართველი პოლიტიკოსებისთვის, განსაკუთრებით რუსეთის მიმართ რადიკალურად განწყობილთათვის, გადმოეღოთ რუსეთ-ფინეთის სანიმუშო ურთიერთდამოკიდებულება სახელმძღვანელოდ.

მეორე მსოფლიო ომის, უფრო სწორად სამამულო ომის დაწყებამდე გაჩაღებულმა სსრკ-ფინეთის ომმა და მასში ფინეთის დამარცხებამ ბევრი რამ ასწავლა ორივე მხარეს, მაგრამ მიუხედავად ამისა ფინეთმა გერმანიის უძლეველობა მიიჩნია საკუთარი რევანშის მამოძრავებელ ძალად და ფაშიზმთან ერთად კვლავ შეუტია, ამჯერად მეორედ, მასზე გამარჯვებულ საბჭოთა კავშირს.

მისდა სამწუხაროდ, მეორედაც დამარცხდა, პარტნიორ გერმანიასთან ერთად, რამაც ფინეთის ახალ ხელისუფლებას გადაადგმევინა ნაბიჯი საბჭოეთთან — გუშინდელ მტერთან, კეთილმეზობლური, პრაქტიკული პოლიტიკის განხორციელებისა.

მოსკოვმა დადებითად შეაფასა ჰელსინკის გადაწყვეტილება და დაიწყო განსხვავებული იდეოლოგიისა და სახელმწიფო სისტემის მატარებელი ორი ქვეყნის თანამშრომლობა — ეკონომიკის, ვაჭრობის, კულტურის, სპორტის, … დარგებში, რომელიც არაფრით ჩამორჩებოდა, პირიქით აჭარბებდა კიდევაც სსრკ-სა და სოციალისტური ქვეყნების ურთიერთობას.

  კოლექტიურმა დასავლეთმა ამ ურთიერთობას „ფინლანდიზაცია“ დაარქვა, ანუ განსხვავებული, სპეციფიკური, არა სოციალისტური, მაგრამ ურთიერთობა სოციალისტურსა და კაპიტალისტურ ორ ქვეყანას შორის, რომელსაც მსოფლიოში სადარი არ ჰყავდა.

ფინეთმა უარი თქვა ნატოს სამხედრო ბლოკში შესვლაზე, თუმცა ურთიერთობები მასთანაც ჰქონდა, რაც ცხადია მოსკოვს აღიზიანებდა, მაგრამ არა ისე, რომ ფინეთისთვის მკაცრი გაფრთხილება გაეკეთებინა.

მოსკოვის დამოკიდებულება ფინეთის ევროკავშირში შესვლასთან დაკავშირებით არ ყოფილა ნეგატიური. ფინეთის ამგვარმა პოლიტიკამ, რომელსაც ხშირად უწოდებდნენ ნეიტრალიტეტს, ბევრი რამ მოუტანა ფინეთს — შეღავათიანი ენერგომატარებლები, კვების პროდუქტები, ინტენსიური ვაჭრობა და საკუთარი ნაწარმისთვის უკიდეგანო რუსული ბაზარი.

თითზე ჩამოსათვლელ წლებში ფინეთი გახდა მსოფლიოს მოწინავე ეკონომიკის ქვეყანა, ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მაღალი ეროვნული პროდუქტის წარმოებით. 5-მილიონიან ფინეთს ისეთი ეკონომიკურ-სოციალური ბაზა შეექმნა, უკეთესს რომ ვერ ინატრებდა ერთ დროს რუსეთის იმპერიაში შემავალი მხარე. და ეს ყველაფერი რუსეთთან ურთიერთობის წყალობით.

„ნეიტრალური“ ფინეთი, ნეიტრალური, კლასიკური გაგებით, არასდროს ყოფილა, თუმცა გასული საუკუნის 30-იან წლებში, მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე მას და შვედეთს ჰქონდათ ამის მცდელობა, ანუ ორივე ქვეყნის ნეიტრალურად გამოცხადება, მაგრამ მიზეზთა გამო ეს არ მოხდა.

ფინეთის „ნეიტრალიტეტი“ მხოლოდ საბჭოეთთან, ხოლო შემდეგ რუსეთთან ხორციელდებოდა.

კლასიკური ნეიტრალიტეტით შვეიცარია გამოირჩევა, მაგრამ მანაც უღალატა ნეიტრალიტეტის პრინციპს და ა.წ. 24 თებერვლიდან ისეთივე მკაცრი პოზიცია დაიკავა რუსეთის მიმართ, როგორიც ნატოს წევრმა ქვეყნებმა. შვეიცარიამ რუსეთს იმაზე მეტი სანქციები დაუწესა, ვიდრე ნებისმიერმა სხვა ქვეყანამ, ევროკავშირმა. ესეც თქვენი ნეიტრალიტეტი.

ასე რომ, დღევანდელ მსოფლიოში „ნეიტრალიტეტისა“ და „მიუმხრობლობის“ საკითხები ერთმანეთშია არეული ისე, თავსადაბოლოს რომ ვერვინ გაუგებს. როდესაც ნეიტრალური შვეიცარია გამოკვეთილად არღვევს ნეიტრალურობას და სხვაზე მიტმასნების პოლიტიკას, ამ შემთხვევაში ე.წ. კოლექტიურ დასავლეთზე პრიორიტეტულს ხდის, რა ნეიტრალიტეტზე შეიძლება ლაპარაკი?

ნეიტრალიტეტმა, ისე, როგორც მიუმხრობლობამ ფასი დაკარგა და ფასი დაკარგა არა მარტო სხვის თვალში, არამედ რუსეთის, ვინაიდან „ნეიტრალურთა“ პოლიტიკამ ა.წ. 24 თებერვლიდან მოყოლებულმა არათუ დააფიქრა რუსეთი, არამედ აზრი შეაცვლევინა ნეიტრალიტეტთან მიმართებაში.

ვის სჭირდება ისეთი ნეიტრალიტეტი, რომელიც ვიღაცის ზეწოლით იკარგება? აი, ასეთი ზეწოლით, პროპაგანდით მოხდა ფინეთ-შვედეთის „ნეიტრალიტეტის“ გაბათილება. არადა ორივენი, გასული წლის დეკემბრის ჩათვლით, მტკიცედ აცხადებდნენ, რომ არ აპირებენ ნატოში შესვლას. მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობაც მხარს უჭერდა ამ პოზიციას, მიუხედავად ამერიკა-ევროპის დაჟინებული, მრავალწლიანი პროპაგანდისა, რომელსაც ისინი აწარმოებდნენ ამ ქვეყნებში.

ანტირუსული პროპაგანდა და რუსეთით დაშინება მუდამ იყო კოლექტიური დასავლეთის მთავარი იარაღი ფინეთ-შვედეთის მოსახლეობის აზროვნების შესაცვლელად. და არა მარტო. საზოგადოების აზრის მანიპულირებისთვის გააქტიურდა არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობა, მათი გავლენა პოლიტიკურ პარტიებზე, ორივე ქვეყნის პარლამენტებზე — არჩევნებში იმათი მხარდაჭერა, ვინც რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობის წინააღმდეგი იყო. შედეგიც სახეზეა — ფინეთის ახალი აღმასრულებელი ხელისუფლება, რომელსაც სათავეში ქალბატონი სანა მარინი  ჩაუდგა, რუსოფობიურია.

ჩემის აზრით, როგორც შორიდან მაყურებლის, ფინეთ-შვედეთის შესვლა ნატოში ამ ქვეყნებს კარგს არაფერს მოუტანს, გარდა პოლიტიკური დაძაბულობისა და ვნებათაღელვებისა.

აქვე მინდა შევეხო „პატრიოტთა ალიანსის“ გასული წლის ინიციატივას — რუსეთის პრეზიდენტისადმი კოლექტიური წერილის მიწერას, რომელიც ამ პარტიისა და 53 არასამთავრობო ორგანიზაციის სურვილს აჟღერებდა. ისინი წერდნენ, რომ რუსეთის მიმართ ნეიტრალური პოზიციის დაკავება სურთ.

წერილი, რომ „ოცნებასა“ და პარლამენტში მყოფ სხვა პარტიებს გაეგზავნათ, კიდევ არაფერი, მაგრამ როდესაც არამმართველი პარტია აგზავნის, თან მხოლოდ ქაღალდზე და არა სინამდვილეში არსებული არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების ხელმოწერებით „დამშვენებულს“, არაჯანსაღ რეაქციას იწვევს.

მსგავსი საკითხით პარტიამ კი არ უნდა მიმართოს რუსეთის პრეზიდენტს, არამედ საქართველოს ხელისუფლებამ, ვინაიდან პოლიტიკური კურსის განსაზღვრის უფლება მას აქვს და არა პარტიას.

წინა წერილებში, რომელიც ამ ინიციატივას მივუძღვენი, აღვნიშნე, რომ ნეიტრალიტეტის საკითხი საქართველოშია სამსჯელო — პარტიებში, არასამთავრობო სექტორში, საზოგადოებაში, პარლამენტში. მხოლოდ მათ შორის თანხმობის მიღწევის შემდეგ პარლამენტმა ცვლილება უნდა შეიტანოს კონსტიტუციაში, სადაც შავით თეთრზე წერია — საქართველოს გზა ნატოსა და ევროკავშირში გაწევრებაა.

„პატრიოტთა ალიანსი“ კი ამას გვერდს უვლის და რუსეთის პრეზიდენტს მიმართავს. როგორ მიიღო „პატრიოტთა“ „კეთილი“ სურვილი ადრესატმა, ცნობილია. არა ისე, როგორც წერილის ხელმომწერნი მოელოდნენ.

მაინც რას ფიქრობდნენ ისინი, რომ პუტინი ძალით მოახვევდა თავს საქართველოს ნეიტრალიტეტს?

დავუბრუნდეთ დღევანდელ ვითარებას და უკრაინის თემას, რომელიც დომინირებს მთელს მსოფლიოში, როგორც პოლიტიკაში, ისე საფინანსო სისტემაში, სამხედრო საქმეში და თქვენ წარმოიდგინეთ კულტურაშიც. განა ამის გამოვლინება არ არის უკრაინული ვოკალის „გამარჯვება“ ევროვიზიის კონკურსზე?!

უკრაინელებმა კი არ გაიმარჯვეს, არამედ რუსეთის წინააღმდეგ აქოჩრილმა მთელმა ევროპამ, რომელმაც ფეხებზე დაიკიდა კონკურსის მოთხოვნები და საშუალოზე დაბალი დონის ვოკალისტებს პირველობა არგუნა.

პრობლემებში ჩაფლულ რუსეთს ამისთვის სულაც არ მიუქცევია ყურადღება. თუ რას მიაქცია, ზემოთ მოგახსენეთ. ახლა კი შევეხები — უკვე მერამდენედ, საქართველოში გაშლილ ანტირუსულ პროპაგანდას, რომელიც ტვინს უბურღავს საქართველოს ახალგაზრდას და ძველგაზრდას, და აშკარად მიაქანებს იმ გზით, რომელიც ცუდის მეტის არაფრის მომტანია საქართველოსთვის, მაგრამ ვის აინტერესებს ქვეყანა, როდესაც სიცრუის გავრცელებისთვის დასავლეთი ფულს იძლევა, მსუყეს?

ქართული ჟურნალისტიკა — ვითომ პატრიოტული, სინამდვილეში პროვოკაციული, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ისეთ ანტირუსულ ზღაპრებს გვიყვება, ყვავს, გაოცებულს, ხიდან ჩამოაგდებს.

ქართველ ჟურნალისტებს ტოლს არ უდებენ ქართველი ე.წ. ექსპერტები, პოლიტოლოგები, პოლიტიკოსებიც და ნიაღვარივით გადმოდის ელექტრონული მედიიდან უკრაინაში რუსეთის მარცხი — რომ რუსეთმა ამ ომში 25000 ჯარისკაცი დაკარგა, ამასთანავე აურაცხელი სამხედრო ტექნიკა; რომ რუსეთი ტოვებს ტერიტორიებს, ადრე დაპყრობილს; რომ უკრაინის ჯარი ამარცხებს რუსეთისას და ა.შ.

ლაპარაკობენ იმასაც, რომ კოლექტიურმა დასავლეთმა ეკონომიკური სანქციებით გაანადგურა რუსეთი; რომ რუსეთში შიმშილია და ა.შ. დავუშვათ, ეს ასეა? ჩვენ რა? ამით გვეშველება? აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს დავიბრუნებთ? დაუძლურებულ რუსეთთან მეზობლობა უკეთესია თუ ძლიერთან, წელგამართულთან? დაუძლურებული ხომ არაადეკვატური პოლიტიკური თუ სამხედრო გადაწყვეტილების მიღებისკენაა გადახრილი, ვიდრე დამშვიდებული და ძლიერი?

რა რეალობას ეყრდნობა ქართული მედია, რომ რუსეთი აგებს ომს? უკრაინის ხელისუფლებამ, მისმა და ჩვენმა ევროპელმა, ამერიკელმა დამრიგებლებმა და ქართველმა ჟურნალის-ექსპერტობამ ივარაუდეს რუსეთის დამარცხება? სულ მალე, როდესაც უკრაინას, როგორც სახელმწიფოს წერტილი დაესმება იმ საზღვრებში, რომლებშიც ის ა.წ. 24 თებერვლამდე იყო, მაშინ რას იტყვიან ისინი? დარწმუნებული ვარ ახალ ანტირუსულ ზღაპარს გამოიგონებენ და თეთრზე, შავს იტყვიან.

მსგავსი დეზინფორმაციული პოლიტიკა იმ ქვეყანაში ჭრის, სადაც საზოგადოება ცალმხრივად არის ინფორმირებული და ისეთი ინფორმაციით გამოკვებილი, ხელისუფლებას რომ აწყობს.

მაგრამ მარტო საქართველოა ასეთ დღეში? სხვაც, მაგალითად ევროპა-ამერიკაც ტყუილი ინფორმაციის საბურველშია გახვეული. ცრუ ინფორმაცია საზოგადოების ნეგატიური პოზიციის გამოხატვისთვის უებარი წამალია. დოპინგით გაბრუებული ასეთი, მზადაა შეეჭიდოს ცრუ ინფორმაციის მთავარ სამიზნეს — ამ შემთხვევაში რუსეთს.

საქართველოს საზოგადოებისთვის, რუსეთის წინააღმდეგ აგორებული ყალბი ინფორმაცია სახიფათოცაა, ვინაიდან „სუსტ“, უკრაინასთან ომში „დამარცხებული“ რუსეთი აღძრავს სუსტზე გამარჯვების სურვილს და ამჯერად მაინც 2008 წლის წაგებული ომის, ახალი, ომით, ამ შემთხვევაში მოგებულით ჩანაცვლებას. საქართველო რით არის ნაკლები უკრაინაზე? თუ მან დაამარცხა რუსეთი, ჩვენ ვერ დავამარცხებთ?

ყალბი ინფორმაციის გავრცელებას სხვა მძიმე შედეგებიც მოჰყვება, მაგალთად დიდი მეზობელი ქვეყნის ეკონომიკურ-სავაჭრო პოტენციალის შეუფასებლობა. არადა, როგორც ვხედავ რუსეთთან ეკონომიკური კავშირების გაწყვეტა ან შემცირება საქართველოს არ წაადგება.

მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ი ძალას არ იშურებს მსოფლიოს ქვეყნების ანტირუსულ სანქციებში ჩასართავად, დიდი წარმატება არ ჩანს. 197 დამოუკიდებელი ქვეყნიდან, რომლის მოსახლეობა 7,9 მილიარდი ადამიანია, ანუ მსოფლიო მოსახლეობის 85%, ანტირუსულ სანქციებს არ იზიარებს ქვეყნების 80%. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიხედვით, ამ ქვეყნების წილი მსოფლიო ქვეყნების ეროვნული პროდუქტის წარმოებაში 56,9%-ია.

რაც შეეხება სპეცოპერაციას — აქაც მეთოდურად მიმდინარეობს უკრაინის ქალაქების და დასახლებული პუნქტების უკრაინელი ნაცისტებისგან განთავისუფლება. უმჯობესი იქნებოდა პროცესი სწრაფი ტემპით წარმართულიყო, მაგრამ ომს თავისი წესები აქვს და აჩქარებას შესაძლოა მეტი მსხვერპლი მოჰყვეს.

წიწილებს შემოდგომით ითვლიანო — უთქვამთ ჩვენს წინაპრებს. ასე რომ, დაველოდოთ მოვლენებს, ყურადღებით ვადევნოთ თვალი სხვათა ომს და შევეცადოთ მან (ომმა) ჩვენი საზღვრები არ გადმოლახოს, ჩვენივე ფსევდოპატრიოტული „შემართების“ გამო.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი

17/05/2022