იქნებ, შეტევაზე გადასვლაა საჭირო?!

რომ იტყვიან, იმედი გაგვიცრუაო — პუტინზეა ნათქვამი — რუსეთის პრეზიდენტზე, რომელმაც 9 მაისის გამარჯვების დღე მისთვის ჩვეული აქტიურობით ჩაატარა — მოკლე, ომახიანი სიტყვაც წარმოთქვა და გვირგვინით, უცნობი ჯარისკაცის საფლავიც შეამკო.

მკითხველის კითხვა — იმედგაცრუებასთან დაკავშირებით რომ დავაკმაყოფილო, ვიტყვი თბილისში და არა მარტო, გავრცელებულ სენსაციურ ამბავზე — პუტინს პანკრიასიას კიბო აქვს და მკურნალობსო.

დაკვირვებით ვადევნებდი თვალს პუტინის მოქმედებას, სახის გამომეტყველებას, მიმოხვრას — ტელეობიექტივით დაფიქსირებულს, მაგრამ ვერც კიბოთი დაავადებული ადამიანის განცდა შევნიშნე მის სახეზე და ვერც პარკინსონით.

არადა რა დაჟინებით გვიმტკიცებდა ქართული მედია ამას!!!

მეორე იმედგაცრუება, რუსეთის თავდაცვის მინისტრ შოიგუდან მოდიოდა, უფრო სწორად შოიგუსკენ მიდიოდა — ინფარქტით გულგახეთქილი, საავადმყოფოს საწოლს არის მიჯაჭვულიო.

ინფარქტიანმა შოიგუმ, სამხედრო მოსამსახურის სადარი „სწორებით“ — სამხედრო პარადიც ჩაიბარა და სახელმწიფოს პრეზიდენტს, მთავარსარდალს პარადის მზადყოფნაც უპატაკა.

მესამე იმედგაცრუება ისაა, ვინც ამ 2, ზემომოყვანილს თხზავს და სხვასაც უმატებს — მაგალითად იმას, რომ 9 მაისის სიტყვაში პუტინი საყოველთაო სამხედრო მობილიზაციას გამოაცხადებდა და მთელს თუ არა, რუსეთის ნახევარ მოსახლეობას უკრაინის ფრონტზე უკრავდა თავს.

ამ „გენიალური“ მიგნების ავტორი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი პრაისი იყო.

არაერთხელ აღმინიშნავს აშშ-ს ადმინისტრაციების „განსწავლულობის“ შესახებ. განსაკუთრებით „მოხიბლული“ ვიყავი აშშ-ს თეთრი სახლის პრეს-სპიკერით, ქალბატონი ფსაკით. ყოველი მისი გამოსვლა პრესის წინაშე „მჭერმეტყველების“, მეტადრე „გონიერების“ შადრევანი იყო. სხვას ვერაფერს იტყვი, როდესაც ფსაკი ბელორუსს სამხედრო გემების მიყენებით ემუქრებოდა.

წავიდა ფსაკი, დაგვტოვა, სამწუხაროდ და მასთან ერთად წავიდა თეთრი სახლის „განსწავლულობა“, თუმცა ამ „თვისებით“ სხვაც ბევრია იქ. მარტო ფსაკის შემცვლელი ქალბატონი, მაპატიეთ — გარეგნობით ქალბატონი, სინამდვილეში ვაჟ-ბატონი, ანუ ლესბოსელი კარინ ჟან-პიერი რად ღირს?

ლგბტ-ს წარმომადგენელის დანიშვნას სულაც არ გამოუწვევია აზრთა სხვაობა თეთრ სახლში. აზრთა სხვაობა იმან გამოიწვია, რომ კარინის მეუღლე, თეთრკანიანი (კარინი შავკანიანია) ქალბატონი CNN-ს ჟურნალისტია.

პრაისის მსგავსად, ბევრი ამერიკელი პოლიტიკოსი ვარაუდობდა, რომ პუტინი 9 მაისის სიტყვაში საყოველთაო მობილიზაციას გამოაცხადებდა. ამერიკელთა გასაგონად ვიტყვი, თუმცა ჩემი ნათქვამი მათ არ მიუვათ, რომ არათუ მობილიზაციას, არამედ ომის გამოცხადებასაც კი სულაც არ სჭირდება წითელი მოედნის სამხედრო პარადი, თუნდაც გამარჯვების დღის აღსანიშნავი.

ვინც ისტორია იცის, გაახსენდება, რომ საბჭოთა კავშირზე გერმანიის ფაშიზმის თავდასხმის ამბავი საბჭოთა ხალხს არა მიტინგზე ან რაღაც სპეციალურ თავყრილობაზე ამცნეს, არამედ რადიოთი.

მაშინ ეს ცნობა და მოკლე მიმართვა მოლოტოვმა გააკეთა. მოგვიანებით კი სტალინმა წაიკითხა მოხსენება, სადაც აღნიშნა მტერთან ბრძოლაში საბჭოთა ხელმძღვანელობის გეგმების თაობაზე.

ახლა რაც შეეხება საბჭოთა ყოფილი რესპუბლიკებისთვის ამ უაღრესად მნიშვნელოვან თარიღს, რომლის ჩაკვლას, დავიწყებას, წაშლას ესოდენ დიდი გულმოდგინებით ცდილობს კოლექტიური დასავლეთი და რატომ?

— უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ კოლექტიურმა დასავლეთმა მეორე მსოფლიო ომში დამარცხება იგემა.

კოლექტიურმა დასავლეთმა ფული, სამხედრო ტექნიკა არ დაზოგა გერმანული ფაშიზმის საბჭოთა კავშირისთვის მისაქსევად. და როდესაც დაინახა, რომ წამოყვინჩილებული ფაშიზმი მის არსებობას საფრთხეს უქმნიდა, თავისი გადაფურთხებული ალოკა და კრემლის კარი აატალახა.

სტალინგრადამდე ამერიკა-ინგლისს ყური არ შეუბერტყავთ სტალინის თხოვნაზე — ევროპაში მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით. ეს საკითხი ვერც თეირანის „სამთა“ კონფერენციამ გადაწყვიტა და ვერც არაერთმა წერილმა, მიწერილმა სტალინის მიერ ჩერჩილისა და რუზველტისადმი.

მეორე ფრონტი მაშინ გაიხსნა, როდესაც ფაშიზმის დამარცხება ნათელი გახდა და გაიხსნა იმისთვის, რომ წითელ არმიას ტრიუმფალური მარში ატლანტიკის ოკეანესთან არ დაემთავრებინა.

„თუ დავინახავთ, რომ ფაშიზმი იგებს ომს, საბჭოეთს დავეხმარებით; თუ დავინახავთ, რომ საბჭოეთი იგებს, გერმანიას დავეხმარებით. ასე, რომ ხოცონ ერთმანეთი“. — ეს სიტყვები აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტ ტრუმენს ეკუთვნის და ნათლად გამოხატავს მაშინდელი დასავლეთის პოლიტიკას.

ამ საკითხზე ბევრი დაიწერა და ითქვა. დღესაც, დამატებით ბევრის თქმა შეიძლება, მაგრამ ამ სტატიის თემა ეს არ არის. ამ სტატიის თემა ზეიმის გამართვის თარიღია — 8-ში თუ 9 მაისს? 8-ში უნდა ვიზეიმოთო — გაჰყვირიან ევროპელთა მეტად ევროპელი ქართველები, ევროპელებად გადაკეთებულები. ასეთები ბევრნი არიან ოპოზიციაში. მათი არგუმენტი, რომ იტყვიან, ქვას ხეთქავს!

აი, ისიც. ცივილიზებული ევროპა გამარჯვების დღეს 8 მაისს აღნიშნავს. საქართველოს გზა ევროპისკენაა და ამიტომ 9 მაისის ნაცვლა, 8-ში უნდა ვიზეიმოთო.

8 მაისს მოეწერა ხელი კაპიტულაციის აქტს და 8-ში უნდა ვიზეიმოთო და არა 9-ში, როგორც საბჭოთა კავშირში იყო, და როგორც მის მემკვიდრე რუსეთშიაო. არავითარი ახსნა-განმარტება მათზე არ ჭრის. არც ის, რომ აქტზე ხელმოწერის დროს, მოსკოვში არა 8 მაისი, არამედ უკვე 9 მაისის დილა იყო.

არაო! — ჯიუტობს ოპოზიცია. ჩვენ იქ უნდა ვიყოთ, სადაც ევროპული ფასეულობებიაო. კეთილი, მაგრამ ვინმემ იცის რა ფასეულობებია ევროპაში? თუნდაც იმ ევროპელმა იცის რა ფასეულობების მატარებელია ის?! ან როგორ უნდა იცოდეს აფრიკელი, ახლო აღმოსავლეთელი, სირიელი, ავღანელი, ახლა კი 5,5 მილიონი უკრაინელი ლტოლვილის შემყურემ? აღარაფერს ვამბობ ეკონომიკური წინსვლის პერიოდში გერმანიაში ჩასახლებული თურქების შესახებ.

თანამედროვე ევროპელმა თუ რამე იცის — ლგბტ-ა, ერთნაირსქესიანთა ქორწილია, ბავშვთა მიერ სქესის არჩევა და შემდეგ ოპერაციის ჩატარებაა — გოგონებს, ბიჭად გადასაკეთებლად და პირიქით.

რომელი ევროპელი იკლავს თავს გერმანელი, ფრანგი, იტალიელი, ესპანელი, … კლასიკოსების კითხვით ან ვერდის, ვაგნერის, პუჩინის, სხვათა და სხვათა მოსმენით; ფილოსოფოსების, მეცნიერების ნაშრომების გაცნობით. არადა, ამის  გარეშე ევროპული ღირებულებები შეიძლება არსებობდეს?

საბჭოთა კავშირი იყო ის ქვეყანა, რომელმაც დაამარცხა ფაშიზმი. საბჭოთა კავშირი და მისი მეთაური სტალინი — გამარჯვების სულისჩამდგმელნი იყვნენ, გამარჯვების დღის 9 მაისის დამდგენნი. ევროპას აქვს უფლება 8 მაისს იზეიმოს, მაგრამ არვის აქვს უფლება, რომ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს ფაშიზმზე გამარჯვება 9 მაისის ნაცვლად, 8 მაისს აზეიმოს.

ახლა რაც შეეხება პუტინის სიტყვას, წარმოთქმულს 9 მაისის სამხედრო პარადზე. სიტყვა, როგორც ყოველთვის მსგავს პარადებზე, იყო მოკლე და კონკრეტული. იყო მიძღვნილი ფაშიზმზე გამარჯვებაზე და სპეციალურ სამხედრო ოპერაციაზე უკრაინაში.

სიტყვაში არ იყო გამოკვეთილი უკრაინის ნეოფაშიზმის დემილიტარიზაცია—დენაციფიკაცია. პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა გამარჯვება, მაგრამ ვადა, დრო არ დაუსახელებია.

რუსეთი იბრძვის ნეოფაშიზმის წინააღმდეგ, მაგრამ არ ჩანს მომავლის სტრატეგიული სურათი, კონკრეტულად რა სურს რუსეთის ხელისუფლებას. რა გზით აპირებს განვითარებას სამხედრო ოპერაციის დამთავრების შემდეგ.

ფაქტია, რომ რუსეთი ძველ ვითარებას, ანუ 24 თებერვლამდე არსებულს ვერ დაუბრუნდება, ვინაიდან უკუსვლა რუსეთისა და მისი ხელისუფლებისთვის კატასტროფა იქნება. არადა, აი ამ კატასტროფისთვის იღვწის კოლექტიური დასავლეთი აშშ-ს დირიჟორობით. მათ იმედი აქვთ, რომ რუსეთი ვერ გაუძლებს დასავლურ სამხედრო-ფინანსურ-ეკონომიკურ პრესს და წაიქცევა.

რას ფიქრობს რუსეთის ხელისუფლება — ძნელი გამოსაცნობია, მაგრამ რას ფიქრობს ხალხი — ადვილი. ხალხის 80% მხარს უჭერს ხელისუფლებას და თვლის, რომ სამხედრო ოპერაცია ბოლომდე, ანუ სრულ გამარჯვებამდე უნდა წარიმართოს — კიევის კაპიტულაციით და ნეონაცისტური ხელისუფლების დასჯით.

ხალხს აოცებს რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკება და თვლის, რომ ასეთს ადგილი არ უნდა ჰქონდეს, ვინაიდან ზელენსკი და მისი ხელისუფლება დამნაშავეა და დამნაშავესთან მოლაპარაკება მიუღებელი.

ხალხი სვამს კითხვას — რა მნიშვნელობა აქვს მოლაპარაკებას, როდესაც კიევმა მინსკის ხელშეკრულება ფეხებზე დაიკიდა და 2015 წლიდან მოყოლებული, 2022 წლის 24 თებერვლამდე მოსკოვს თვალში ნაცარი შეაყარა ტყუილი დაპირებებით.

გარედან მაყურებლის პოზიციიდან და რუსეთის ხელისუფლების მოქმედებაზე დაკვირვებიდან გამომდინარე შეინიშნება ორმაგი პოლიტიკა. ერთის მიხედვით, რუსეთს არ უნდა ომის აღიარება, რომ ის ნაწილობრივ მაინც, არის ამერიკული მსოფლიო წესრიგის ნაწილი. მეორის მხრივ, ის ებრძვის ამერიკას, საკუთარი სუვერენიტეტისთვის. აქედან გამომდინარეობს კრემლის მიერ განხორციელებული, ერთმანეთის საწინააღმდეგო პოლიტიკა. მაგალითად დონბასისთვის მხარდაჭერა და მეორის მხრივ მინსკის ხელშეკრულების ზენიტში აყვანა; კიევის ხელისუფლების კრიტიკა, დაწყებული მაიდნის 2014 წლის გადატრიალებიდან და იმავე ხელისუფლების ცნობა და არავითარი მცდელობა მისი დამხობისა; ომის წარმოება, მაგრამ მისთვის სპეცოპერაციის დარქმევა; ხმამაღალი განცხადება, რომ რუსეთს ებრძვის არა მარტო უკრაინა, არამედ ნატო, მაგრამ ნატოს წევრი ქვეყნებისთვის ნავთობისა და გაზის მიწოდება და ა.შ.

რუსი ექსპერტების მიხედვით, მსგავსი ორმხრივობა სახელმწიფოზე მსხვილი ბიზნესის გავლენის შედეგია. მას არ სურს დასავლეთთან კონფრონტაცია. სჯერა, რომ კომპრომისი შესაძლებელია. მას სურს წარსულში დაბრუნება, როდესაც საერთო ენა ჰქონდა გამოძებნილი დასავლურ კორპორაციებთან.

რუსულ ბიზნესს, მსხვილი მაქვს მხედველობაში, თუმცა არც საშუალო აკლებს ხელს, მხოლოდ ერთი ამოძრავებს — ფულის შოვნა, დიდი ფულის. ამით ის ისეთივეა,როგორიც დასავლური. მისთვის სამშობლოს ინტერესები ბოლო პლანზეა.

რუსული ბიზნესი სულაც არ იწვის პატრიოტული სურვილით იმპორტის ჩანაცვლების თაობაზე ან ქვეყნის ინდუსტრიალიზაციაზე. რუსმა ბიზნესმა უცბათ შეითვისა მომსახურის როლი, რაც იოლი და ადვილი შესასრულებელია, ვიდრე წარმოების შექმნა. რაც მათ კარგად შეითვისეს — წარმოების დაშლა და დაშლილზე სავაჭრო ცენტრების აშენებაა, ისე, როგორც საცხოვრებელი სახლების.

რუსეთი აცხადებს, რომ ნატო გაფართოვდა აღმოსავლეთით და უკრაინის ჩათრევით, საფრთხე შეუქმნა მის უსაფრთხოებას. ამ არგუმენტით ცდილობს სამხედრო სპეცოპერაციის გამართლებას — ჩვენ სხვა არჩევანი არ დაგვიტოვეს, იძულებული გაგვხადეს გვეღიარებინა დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობა; გამოვსულიყავით ამ რეგიონებში მცხოვრები ადამიანების გენოციდისგან გადასარჩენად, დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის განსახორციელებლად.

რა გამოდის — რუსეთმა დონეცკი და ლუგანსკი აღიარა არა გაეროს დოკუმენტის მოთხოვნის გამო, რომელიც შავით თეთრზე ღაღადებს ხალხთა თვითგამორკვევას, არამედ იმიტომ, რომ აშშ-ს მიერ წაქეზებულმა უკრაინულმა ნეოფაშიზმმა განადგურების კვერთხი დაუქნია დონბასს?

რუსეთის პოლიტიკა სანგრებში მყოფი მეომრების მიერ მტრის შეტევის მოგერიებას ჰგავს; მუდმივ თავისმართლების პოზაში დგომას. დროა შეტევაზე გადასვლა — უკანმოუხედავად, რაც გაჟღერდა პუტინის 24 თებერვლის განცხადებაში. მან საბჭოთა ხელისუფლების მაგალითი მოიყვანა ასეთი ფორმულირებით — საბჭოთა ხელისუფლებამ, რომელმაც იცოდა ფაშისტური გერმანიის ზრახვები საბჭოეთის მიმართ, ომის პირველ დღეებში, არაფერი იღონა გერმანიის აგრესიის შესაკავებლად, რამაც დიდი ზარალი მიაყენა ქვეყანას — მილიონობით მსხვერპლით და ქვეყნის ევროპული ნაწილის ნგრევით. ჩვენ ამას არ გავაკეთებთ. ჩვენ პირველები დავარტყამთ.

1941 წლის თავშეკავებას სერიოზული საფუძველი ჰქონდა — აგრესორის სახელის ფაშისტური გერმანიისთვის მიკუთვნება. გერმანიის აგრესია ოპტიმალურად გამოიყენა სტალინმა და შესაძლებლობა მისცა მას დაზარალებულის პოზიციიდან წარემართა მოლაპარაკებები ინგლის—ამერიკასთან. სტალინმა იმ „დაყოვნებით“ შეძლო ანტიჰიტლერული კოალიციის შექმნა.

პუტინის დარტყმამ უკურეაქცია გამოიწვია, ანუ კოლექტიური დასავლეთის ერთ მუშტად შეკვრა რუსეთის წინააღმდეგ. რუსეთს, ფაშისტის, უფრო სწორად რაშიზმის ტიტული არგუნეს და ცრუ, გამოგონილი ამბებით ისე გაუტეხეს სახელი მთელს მსოფლიოში, ვერვინ რომ ვერ წარმოიდგენდა.

რუსეთზე შეტევა გრძელდება — ფინანსური, სამხედრო, ჰუმანიტარული და ა.შ. მის გამოსწორებას მრავალი წელი დასჭირდება.

რუსეთმა უკან დასახევი გზა მოიჭრა. მას ერთი მიმართულება დარჩა — წინ, გამარჯვებისკენ. აი, სწორედ ამას ვერ ხედავენ აქაური, რუსი თუ უცხოელი პოლიტიკოსები და ექსპერტები. რასაც ხედავენ, გაჭიანურებული ომია. გაჭიანურება კი თავისთავად აჩენს რუსეთისთვის სხვა თვალით შეხედვის შანსს, ანუ ისეთით, რომელიც სანატრელია კოლექტიური დასავლეთისთვის — სუსტი რუსეთი.

სუსტი რუსეთი სხვა აზრსაც აჩენს, მაგალითად დაჯაბნვას, დამორჩილებას.

ჩნდება კითხვა — როგორ უნდა მოახერხოს თუნდაც სუსტი რუსეთის დაჯაბნა აშშ-ა და მისმა ევროპელმა მოკავშირეებმა? ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებით!

მცირე სიმძლავრის ბირთვული იარაღის გამოყენებაზე აშშ-ი სისტემატურად ლაპარაკობენ. გამოუცდელ, ყვინჩილა მენტალურად და არა ასაკით, პოლიტიკოსებს, რატომღაც ჰგონიათ, რომ მცირე სიმძლავრის ბირთვული ბომბის ძალა ცოტათი თუ აღემატება ხელყუმბარისას. უმეცრებას მძიმე გადაწყვეტილება შეიძლება მოჰყვეს. შედეგი მისი აუწერელია და უმჯობესია მისი თავიდან არიდება, ყველა ხერხით და გზით.

და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ. რუსი პოლიტიკოსები დაბეჯითებით აცხადებენ, რომ აშშ-ი ისწრაფვის მსოფლიო ჰეგემონობისკენ, რაც სრულიად შეუფერებელია რეალობასთან. აშშ-ი 30 წელია ჰეგემონობს, რაც საბჭოთა პოლიტიკოსების დამსახურებაა. მაშინდელმა ლიდერებმა ჯერ გორბაჩოვმა, შემდეგ ელცინმა ვერ გაუძლეს დასავლურ ხიბლს და მისი გაპრიალებული ვიტრინის მსგავსის გადმოღების სურვილით დაანგრიეს სსრკ-სა და შემდეგ რუსეთი.

მათ ვერ გათვალეს, რომ საბჭოთა ხალხისთვის — ისტორიულ-კულტურული თვითშეგნებიდან გამომდინარე, იქაური ყოფა მიუღებელი იქნებოდა, უფრო სწორად მათ ფესვებთან, მენტალიტეტთან შეუთავსებელი.

ამ ორმა, ყველაფერი იღონა კოლექტიური დასავლეთის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. ეს ორი ფიქრობდა, რომ საბჭოთა კავშირი, შემდეგ რუსეთი ისეთივე იქნებოდა — დასავლელთა თანხმობით, როგორებიც ძლიერი დასავლური ქვეყნები.

კოლექტიური დასავლეთი სხვაგვარად ფიქრობდა, ანუ შებრუნებით. მას დამოკიდებულება არ შეუცვლია რუსეთის მიმართ. მას თავში აზრადაც არ მოსვლია რუსეთის, როგორც ძლიერის გვერდში დაყენება. მისი მიზანი იყო ძველი, უძველესი, მრავალი საუკუნის განმავლობაში ჩამოუყალიბებელი, არაცივილიზებული რუსეთის განადგურება, რასაც ნაწილობრივ მიაღწია კიდეც ელცინის პრეზიდენტობისას.

პუტინმა, ელცინის შემცვლელმა, წაქცეული რუსეთი ჩაიბარა, ისეთივე განწყობით, როგორიც წინამორბედს ჰქონდა — დასავლეთთან მჭიდრო თანამშრომლობა. პუტინის პროდასავლურ პოლიტიკას კვერს რუსი პოლიტიკოსები და ოლიგარქებიც უკრავდნენ. ამ უკანასკნელთ, რუსეთის ძარცვით უკვე დიდი ფული ჰქონდათ დაგროვილი და კოლექტიური დასავლეთის საბანკო სტრუქტურებში დაბინავებული.

ცხონებულმა ბჟეზინსკიმ ერთხელ თქვა — რუსი ოლიგარქები, რომლებსაც ფული ამერიკულ ბანკებში აქვთ გადანახული და ამერიკულ ბიზნესში აქვთ ჩადებული, რუსები კი არა, ამერიკელები არიანო.

მხოლოდ პრაგმატულმა ცხოვრებამ დაანახა პუტინს დასავლეთის ნამდვილი სახე — მისი გეგმები რუსეთთან მიმართებაში — საბოლოო მიზნით, რუსეთის დანგრევით.

პუტინმა დაინახა, რომ აშშ-ი არის მძლავრი იმპერიალისტი, მსოფლიო ჰეგემონი, რომელმაც თავის კლანჭებში მოაქცია მთელი მსოფლიო, რათა იქიდან ამოტუმბოს რესურსები, აკონტროლოს ფინანსები, ვაჭრობა, კაპიტალის მოძრაობა და დათრგუნოს ყოველგვარი სუვერენიტეტი.

მიზნის მისაღწევად ის ნატოსაც იყენებს, აფართოებს რა მას აღმოსავლეთით. ნატოს აღმოსავლეთით გაფართოება სულაც არ არის სპონტანური, ანდა ზედაპირულ ვნებებზე დაფუძნებული. ეს გათვლილი, გონივრული სტრატეგიაა, რომელიც, როგორც მტვერსასრუტი, ისე ისრუტავს აღმოსავლეთ ევროპას, ასხვაფერებს რა მას — სუსტი სახელმწიფოებრივი მშენებლობის მქონეს, ნამდვილი სუვერენიტეტის არ მცოდნეს; ჰეგემონის მორჩილ, მონა სუბიექტად — სახელმწოფოებრიობისგან დაცლილად.

რა მიიღო მტვერსასრუტგამოვლილმა საქართველო-უკრაინამ ბოლო 30 წლის განმავლობაში? გარდა სრული ეკონომიკურ-სოციალური ნგრევისა, არც არაფერი. დაუსაქმებლობა, მძიმე დემოგრაფიული ვითარება, გაძვირებული ცხოვრება, ლუკმა-პურის საძიებლად სხვაგან გაქცევა არის ის, რის წინაშე 30 წლის წინ არ ვიდექით.

დღეს ვდგავართ!

პუტინმა დაინახა, მაგრამ ის ჯერაც არ დგამს კარდინალურ ნაბიჯებს — შესაბამისს ჰეგემონისთვის. ჯერაც იმედი აქვს, რომ  ის კეთილად შემოუბრუნდება. ჯერაც უწოდებს მას „პარტნიორს“— რუსეთის გამოკვეთილ მტერს. ჯერაც ცალი ხელით ომობს უკრაინაში, რაც უკრაინასა და კოლექტიურ დასავლეთს უქმნის რუსეთის სისუსტის განცდას.

იქნებ, იერიშია საჭირო — სწრაფი, ძალდაუშურებელი. მხოლოდ სწრაფი გამარჯვების და უკრაინის ხელისუფლების კაპიტულაციის თემა უნდა ტრიალებდეს რუსი პოლიტიკოსებისა და სამხედროების თავებში და არა „პარტნიორები“ — სრულიად მიუღებელი სიტყვა პუტინის რუსეთისთვის.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი

13/05/2022