30.12.2024

24 თებერვალი, მსოფლიოს ახალი წესრიგის შექმნის მომასწავებელია

აშშ-ს თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა უკრაინაში ბოლო ვიზიტის დროს განაცხადა ის, რაც პოლიტიკაში ჩახედულთათვის ისედაც ცნობილი იყო. თუმცა ამჯერად მინისტრის განცხადება იყო საჯარო, ყოველგვარი ფარული აზრების გარეშე — შიშველი და პირდაპირი, რასაც აშშ-ი ბოლო 30 წლის განმავლობაში არასდროს მიმართავდა.

ბოლო 30 წლის მანძილზე აშშ-ი თანმიმდევრულად ახორციელებდა ანტირუსულ პოლიტიკას — მშვიდობისა და თანამშრომლობის საბურველით დაფარულს. სინამდვილეში, აშშ-ი აგრძელებდა იმ ძირგამომთხრელ მოქმედებას, რომელსაც საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ახორციელებდა.

საბჭოთა ნანგრევებზე გაჩენილმა ახალმა ქვეყანამ — ისეთივე კაპიტალისტურმა, როგორიც აშშ-ა, დასაწყისში თითქოს გარკვეული გაგება და მხარდაჭერა ჰპოვა აშშ-ს მხრიდან, რაც აღინიშნა კიდევაც რუსეთის პრეზიდენტის ბორის ელცინის აშშ-ს კონგრესში გამოსვლისას. „ღმერთმა დალოცოს აშშ-ი“, — თქვა ელცინმა. ამასთანავე მან უპატაკა იმპერიალიზმის სავანეს საბჭოთა კავშირის დაშლა, ანუ „ბოროტების იმპერიის“, როგორც მას აშშ-ს პრეზიდენტი რონალდ რეიგანი უწოდებდა.

ელცინსა და აშშ-ს პრეზიდენტ ბილ კლინტონს შორის არა მარტო საქმიანი, არამედ პირადი ურთიერთობებიც ჩამოყალიბდა, რამაც გულუბრყვილო რუს პოლიტიკოსებს აფიქრებინა, რომ რუსეთ-აშშ-ს მეგობრული ურთიერთობა გაჩარხულია და მას წინ არაფერი დაუდგედბა.

თითქოს მიღწეულიქნა შეთანხმება მსოფლიოში ინტერესთა სფეროების თაობაზე, შეიარაღების კონტროლის შესახებ, რომელიც სცდებოდა 2 ქვეყნის მოქმედების არეალს და საერთაშორისოში გადადიოდა.

ამერიკელთა „შარმით“ მოხიბლულმა რუსმა პოლიტიკოსებმა ფართოდ გაუღეს კარი ამერიკელ სპეციალისტებს, ბიზნესის წარმომადგენლებს საკუთარი საშინაო საქმეებისკენ, რითაც დააზარალეს ქვეყანა, მაგრამ არა საკუთარი თავი.

ელცინის პერიოდს უკავშირდება რუსეთის უნიკალური ქარხნების, საწარმოების, მათ შორის სამხედროს, მიზერულ ფასებში გაყიდვა სწორედ იმათზე, ვინც მოჩვენებით თამაშობდა რუსეთის მეგობრობას.

აშშ-ა მოახერხა რუსეთის ეკონომიკის დაშლა, შეიარაღებული ძალების დაშლა, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის დაშლა, რუსეთის არმიის, ძალოვანი სტრუქტურების დაუძლურება.

ფარისიველურმა „მეგობრობამ“ რუსეთი მესამე ქვეყნების დონემდე დაიყვანა და რეალური საფრთხე შეუქმნა მის, როგორც მსოფლიოს უდიდესი სახელმწიფოს არსებობას.

ამერიკელთა წაქეზებით გათავხედებულმა რუსმა ე.წ. პოლიტიკოსებმა, რუსეთის პატარ-პატარა სახელმწიფოებად დაქუცმაცების იდეაც აიტაცეს და რომ არა რუსეთის პოლიტიკის მაღალ ეშელენობში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის გამოჩენა, რა დღეში ჩავარდებოდა რუსეთი ან მის ირგვლივ მდებარე ქვეყნები, მსოფლიო, არვინ იცის.

და ეს ყველაფერი ხდებოდა კლინტონ—ელცინის „მყარი“ მეგობრობის ფონზე. კლინტონის დროს ჩაეყარა საფუძველი ევროპის ყოფილი სოციალისტური ქვეყნებისა და საბჭოთა ყოფილი რესპუბლიკების ნატოსთან თანამშრომლობას, იმ ორგანიზაციაში გაწევრებას.

„თანამშრომლობა მშვიდობისთვის“ ერქვა პროექტს, რომელშიც საქართველომ, ერთ-ერთმა პირველმა შეჰყო თავი. აშშ-ს პოლიტიკოსთა მიზანი იმთავითვე იყო რუსეთის ირგვლივ ნატოს სამხედრო ბლოკის წევრი ქვეყნების განლაგება, რუსეთის განეიტრალება, მისი ისეთ მორჩილ ქვეყნად გადაქცევა, როგორიც ნატოს წევრი სახელმწიფოებია.

„მათ ყველაფერი გააკეთეს, მეტი რაღა უნდოდათ“, — თქვა პუტინმა. მადა ჭამაში მოდისო და აშშ-ს მადაც აღმოსავლეთით ნატოს გაფართოებასთან ერთად, კიდევ უფრო გაიზარდა.

მიუხედავად ამ პროცესის აგრესიულობისა, ვაშინგტონი საჯაროდ, დაშაქრულ სიტყვებს ხმარობდა, რუსთა ეჭვების გასაფანტავად. ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების მიზანი სულაც არ არის რუსეთისთვის საფრთხის შემცველიო, მაგრამ რომ იტყვიან — ჭირმა თავი არ დამალა და მოხდა ის, რასაც 2022 წლის 24 თებერვალი ჰქვია.

ეს დღე უდავოდ შევა მსოფლიო ისტორიაში, როგორც უმნიშვნელოვანესი, რომლიდანაც მსოფლიოს ახალი წესრიგის ჩამოყალიბების ათვლა იწყება.

აი, ამ ათვლის შემადგენელი ნაწილია ოსტინის განცხადებაც, ამჯერად ღია და არა დაფარული, რომელიც აშშ-ს პოლიტიკას ხდის ფარდას. მაინც რა თქვა ოსტინმა? ოსტინმა ბრძანა — უკრაინამ მანამ უნდა იომოს რუსეთთან, ვიდრე რუსეთი არ დამარცხდება; რომ აშშ-ს მიზანია რუსეთის დასუსტება, თანაც ისე, რომ არაფრის თავი არ ჰქონდეს; აღარ იყოს რუსეთი დემოკრატიისა და სუვერენული ქვეყნების წინააღმდეგ მებრძოლი.

არის რამე ახალი ოსტინის განცხადებაში? არც არაფერი! ამაზე ოცნებობდა აშშ-ი ყოველთვის და არა მარტო ოცნებობდა, არამედ ამ ოცნებასაც ფრთებს ასხამდა.

ოსტინის განცხადებაში ახალი თვით განცხადების გასაჯაროებაა, ანუ აშშ-ს პოლიტიკური კურსის და მიზნების გამჟღავნება. ოსტინის განცხადებიდან იწყება აშშ-სა და რუსეთის ურთიერთდამოკიდებულების ახალი ეტაპი, რომელსაც მეგობრულს ვერ ვუწოდებთ. ის უფრო კონფრონტაციული, ურთიერთ დაპირისპირებული, სახიფათო იქნება, ვიდრე აქამდე.

ოსტინმა ფაშისტური უკრაინა დემოკრატიულად, თავისუფლებისთვის მებრძოლად მოიხსენია, რითაც თვალი დახუჭა ფაშიზმზე — აყვავებულზე თანამედროვე უკრაინაში. რას უპირებს აშშ-ი დაძაბუნებულ რუსეთს, უკრაინასთან ომში დამარცხებულს, ეკონომიკურად დაქცეულს, პოლიტიკურად ქაოსში მყოფს, პატარა მხარეებად დაშლილს, ანუ ისეთად, როგორიც დღევანდელი უკრაინაა?

აშშ-ი დარწმუნებულია, რომ ყოველივე აღნიშნულს მიაღწევს უკრაინელთა ხელით. უკრაინას დააშლევინებს რუსეთს. უკრაინელთა ხელით ააბუნტებს რუსეთის მოსახლეობას პუტინის წინააღმდეგ. პარალელურად რუსეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩანერგავს რუსეთის ფარგლებს გარეთ მოქმედ მეხუთე კოლონას, რომელიც ქვეყნის შიგნით მყოფ მეხუთე კოლონასთან ერთად დაამხობს ქვეყნის ხელისუფლებას.

ასეთი რუსეთი აწყობს აშშ-ს. რუსეთი, რომელიც ვაშინგტონის დაკრულზე აცეკვდება. აშშ-ს, რუსეთის სახით აღარ ეყოლება მეტოქე. მაგრამ დასჯერდება ამას აშშ-ი? არ დასჯერდება, ვინაიდან მის მიზნებში მთავარი მეტოქის ჩინეთის განადგურებაა.

და როდესაც ის რუსეთს გაანეიტრალებს, დაიწყებს მის წაქეზებას ჩინეთის წინააღმდეგ, გამოიყენებს რა იმ რუსულ ძალებს, რომლებიც რახანია ჩინურ საფრთხეზე ქადაგებენ.

ამ ძალების დახმარებით აშშ-ი იოლად მოახერხებს რუსეთის ჩინეთთან დატაკებას, უკრაინის მსგავსად. ამ დაპირისპირებაში აშშ-ს პირდაპირი მონაწილეობის არც ერთ მაგალითს ადგილი არ ექნება.

აშშ-ი გაჰყვება მისთვის ნაცად გზას — სხვისი ხელით ომის წარმოებას. აშშ-ი მის სასარგებლოდ მებრძოლ მხარეს იარაღითაც დაეხმარება და ფულითაც, სხვა საშუალებითაც, რაც აუცილებელია ომის წარმოებისთვის.

აი, ეს გაგვიმხილა ოსტინმა, მაგრამ გამართლდება თუ არა აშშ-ს მოლოდინი და გეგმები, სხვა საკითხია.

ბოლო 30 წლის განმავლობაში აშშ-ი თავს თვლიდა მსოფლიოს უკონკურენტო ბატონ-პატრონად, მსოფლიოს ჰეგემონად, მსოფლიოს ჟანდარმად. ეს „სიკეთეები“ მას საბჭოთა კავშირის დაშლამ მოუტანა და მსოფლიოს მბრძანებლის როლში ყოფნამ ისე გაუზარდა მადა, რომ ეშხში შესული აღარავის და აღარაფერს აქცევს ყურადღებას.

მისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა ერთპოლუსიანობის შენარჩუნება—განმტკიცება. ამ პროცესში ის იძულებულია ცხოვრებაში გაატაროს ახალ-ახალი იდეები.

ერთ-ერთი ასეთი იდეა ლგბტ-ობაა — ანტიადამიანური მიმდინარეობა, მიმართული კაცობრიობის განადგურებისკენ.

ხელოვნური გზით შობადობის შემცირებაა ჩადებული ლგბტ-ს გამოგონებაში — ერთნაირსქესიანთა ქორწინების წახალისებით დაწყებული, ლამის ჯგუფური ოჯახის შექმნით დამთავრებული. ლგბტ-ს პროპაგანდით გაბრუებული საზოგადოება, რომ სიცოცხლის გაგრძელებას წერტილს უსვამს, ფაქტია.

ამ სენით დაავადებული საზოგადოება რომ მხოლოდ მომხმარებლად იქცევა და არა შემქმნელად — ესეც ფაქტია. ასეთი საზოგადოება, ქვეყანა ადვილი დასამორჩილებელია ჰეგემონისთვის.

ლგბტ-ობას კოლექტიურმა დასავლეთმა „კოვიდ-19“-იც დაუმატა — ამის თქმის უფლებას მსოფლიოს ცნობილი ვირუსოლოგების დასკვნები მაძლევს. 2-წლიანმა „კოვიდობამ“ მსოფლიოს ქვეყნები დააშორა ერთმანეთს, ხოლო თვით ქვეყნებში — ხალხი, ჩაკეტა რა ის საკუთარ ნაჭუჭში — შეშინებული, დათრგუნული.

ხალხს მხოლოდ ერთადერთი საფიქრალი გაუჩინა — თავის გადარჩენა.

პარალელურად ხელი მიჰყო ძველის აღორძინებას, ფაშიზმის სახით. იქ, სადაც მეტოქე ეგულება, ანუ რუსეთთან მეზობლად, უკრაინაში.

უკრაინული ფაშიზმი არა მარტო რუსეთისთვის არის გამოგონილი, არამედ სხვისთვისაც, მაგალითად მეზობელი ევროპისთვის. უკრაინის 30-წლიან ფაშიზაციას დამანგრევებელი შედეგი მოჰყვა, რაც გონივრულად არის აღსაქმელი და არა ზერელედ, ქარაფშუტულად.

ამერიკელთა დაფინანსებით და ძალისხმევით უკრაინაში ფეხი მოიკიდა ნაციზმის იდეოლოგიამ. სხვას რას მოელოდა რუსი, უკრაინელი, ბელარუსი, სხვა ერების წარმომადგენლები, როდესაც უკრაინის სკოლებში პირველი კლასიდან ბავშვებს ჰიტლერს და მის თანამებრძოლ ბანდერას აყვარებდნენ?

მოზრდილებს სისტემატურად უტარებდნენ ნაცისურ ტრენინგებს, როგორც შინ, ისე პოლონეთსა და ბალტიისპირა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში. უკრაინელებს შთააგონეს, რომ ზეადამიანები არიან, ხოლო რუსები არაადამიანები, გაუგებარი სახის, დაბალი ინტელექტის მქონენი. უკრაინელებს შთააგონეს, რომ ძველი „უკრი“ კაცობრიობის ცივილიზაციის შემქმნელია. უკრაინელებს ჩააგონეს, რომ მათი მტერი რუსებია, რომლებიც უნდა გაიჟლიტოს.

30 წლის განმავლობაში თუ რამე შეიქმნა უკრაინაში — მხოლოდ ანტირუსულია. აშშ-ა მოახერხა ფაშიზმის იდეოლოგიით გადაეგვარებინა მთელი უკრაინა და ის აშკარა „ანტირუსულ“ პროექტად გადაეიქცია.

ფაშიზმის იდეოლოგიით გაჟღენთილმა უკრაინამ, ამერიკელთა გასახარად, წარმატებით წარმოაჩინა თავი სამხედრო ოპერაციის დროს. არ გამართლდა ზოგიერთი რუსი პოლიტიკოსისა და ექსპერტის ვარაუდი უკრაინელი ხალხის რუსეთის ჯართან ყვავილებით დახვედრის თაობაზე. არადა, უკრაინაში რუსულენოვანთა რაოდენობა 80%-ს აღემატება, ხოლო რუსული წარმოშობის ადამიანთა რაოდენობა 20-25 მილიონს შეადგენს.

მაშ, როგორ მოახერხეს ერთმა მუჭა ნაცისტებმა მოსახლეობის უმრავლესობაზე ესოდენ დიდი ზეგავლენის მოპოვება?

მაიდნის რევოლუცია კოლექტიურმა დასავლეთმა 2014 წელს მოაწყო. 2014-დან 2022 წლამდე არცთუ დიდი დროა ერის გადაგვარებისთვის, მაგრამ გადაგვარება ხომ გაცილებით ადრე დაიწყო, თუნდაც საბჭოთა პერიოდში?

ცნობილი ქართველი საოპერო მომღერალი ლამარა ჭყონია, რომელიც კიევის ოპერისა და ბალეტის თეატრშიც მოღვაწეობდა, თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში წერს იმ აგრესიულ ნაციონალიზმზე, რომელიც კატეგორიულად მოითხოვდა იტალიური ოპერების უკრაინულ ენაზე შესრულებას და არა მარტო იტალიურის, სხვა ქვეყნებისაც.

მსგავს მოთხოვნას გამსახურდიას ხელისუფლების დროსაც ჰქონდა ადგილი, როდესაც უზენაესი საბჭოს ზოგიერთი წევრი სხვა ქვეყნის ოპერის გაქართულების ინიციატივით გამოდიოდა.

ანტირუსულმა პროპაგანდამ ყოვლისმომცველობა დამოუკიდებლობის პირველსავე დღეებში შეიძინა. ტელეგადაცემები, ბეჭდური მედია, სკოლის სახელმძღვანელოები, წიგნები, ბროშურები გაჟღენთილი ფაშისტური იდეოლოგიით და ანტირუსობით უდავოდ შეძლებდა ფართო საზოგადოების გადაგვარებას.

მარტო პრეზიდენტ კუჩმას წიგნი რად ღირს, ასეთი სათაურით „უკრაინა რუსეთი არ არის“.

30 წლის განმავლობაში უკრაინელს თავში უტენიდნენ ლოზუნგს — „უკრაინა, რუსეთი არ არის!“. მაშ რა არის უკრაინა? — იკითხავს მკითხველი. უკრაინა მაღალი რასის ქვეყანაა — ყველაზე მაღალი მსოფლიოში, გაცილებით მაღალი, ვიდრე რუსეთი — იყო პასუხი.

სიტყვა „იყო“ რატომ წარსულში? დღეს, სამშობლოდან სხვა ქვეყნებში გაქცეული უკრაინელების ქცევა — ერთობ გამომწვევი, მასპინძელთა მიმართ ქედმაღლური, განა ამის დასტური არ არის? სტუმარი, რომ მასპინძელს პასპორტს უჩვენებს და უფასო მომსახურებას მოსთხოვს, იმიტომ, რომ უკრაინელია, ანუ ევროპელთა გადამრჩენელი „მაღალი რასის“ წარმომადგენლის შესაფერისი ქცევის დასტური არ არის?

რას უპირისპირებს უკრაინული ნაციზმის იდეოლოგიას რუსეთი? არც არაფერს, გარდა რაღაც გაურკვეველი იდეოლიგიის მსგავსისას.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთი შეუდგა ისეთივე ცხოვრებას, როგორც დასავლეთი, ოღონდ ერთის განსხვავებით — იდეოლოგიის გარეშე. მან რატომღაც ჩათვალა, რომ იდეოლოგია საჭირო არ არის. მთავარია „კარგი ცხოვრება“, ისეთი, როგორიც დასავლეთშია, უფრო სწორად მის ვიტრინაში.

თანამედროვე რუს პოლიტიკოსებს, საბჭოთა იდეოლოგიით გაბეზრებულებს, აღარ სურდათ ახლის მშენებელი საბჭოთა ადამიანის იდეით ცხოვრება. მათ საღეჭი რეზინები და ჯინსები ხიბლავდათ, მდიდრულ რესტორნებში ქეიფი, ძვირი ავტომანქანებით გადაადგილება, ფეშენებელური ვილების მშენებლობა და ა.შ.

მათ პირადი ყოფა ხიბლავდათ, საერთოს ნაცვლად. პატრიოტიზმი, ქვეყნის სიყვარული, დასავლური ბრენდების, ფუაგრას თაყვანისცემამ ჩაანაცვლა და როდესაც სამშობლომ პატრიოტიზმი მოითხოვა, სამშობლო მიატოვა.

ფაშისტურ უკრაინაში რუსეთი უალტერნატივო იდეური სიმბოლოებით შევიდა, ისევ ძველის გამოყენებით, ანუ საბჭოთა კავშირის წითელი დროშით. მაგრამ შეძლებს კი მის წინააღმდეგ აფრიალებულ უკრაინულ, ამერიკულ, ევროკავშირულ დროშებთან ბრძოლას?

საბჭოთა წითელ დროშას, რომელიც რეიხსტაგზე აფრიალდა და ფაშიზმის დამარცხება ამცნო მსოფლიოს, დღესაც დიდი ძალა ჰქონია. სწორედ ის არის მთავარი მამოძრავებელი უკრაინის ამჟამინდელ ფრონტზე. დღესაც, ისე, როგორც 77 წლის წინ ის ფაშიზმს ებრძვის და მასთან ერთად გაფაშისტებულ კოლექტიურ დასავლეთს, უკრაინის ფრონტზე რუსეთის წარმატებებით საგონებელში ჩავარდნილს.

კოლექტიური დასავლეთი ტყავს იძრობს, რათა უკრაინამ გააგრძელოს ომი რუსეთის დამარცხებამდე, მაგრამ, როდესაც საწინააღმდეგოს ხედავს, ნაცვლად სიმართლისა და მასთან შეგუებისა ტყუილებით ბერავს საკუთარ მოსახლეობასაც და სხვასაც.

„უკრაინა იგებს ომს“, — აცხადებს ის და აიძულებს სხვასაც იგივეს გამეორებას, მათ შორის ჩვენც და ჩვენც უსირცხვილოდ ვიმეორებთ, თვალს ვხუჭავთ რა ნეოფაშიზმზე, ამჯერად უკრაინულზე, მაგრამ გამარჯვების შემთხვევაში საყოველთაოზე.

რუსეთის წინააღმდეგ ევროპელთა აგრესიულობამ კულმინაციას მიაღწია, თანაც ისეთს, როდესაც აღარავინ აქცევს ყურადღებას რამდენად დამანგრევებელია ეს აგრესიულობა თვით ევროპისთვის. მთავარი არის რუსეთისთვის ძლიერი დარტყმის მიყენება, ნებისმიერი საშუალებით.

რუსეთ—დასავლეთის დაპირისპირება მიგვანიშნებს იმაზე, რომ ის გადავიდა „ურთიერთგანადგურების“ სტადიაში. განა ამაზე არ მეტყველებს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ჯონსონის, საგარეო საქმეთა მინისტრის ტრასის, თავდაცვის მინისტრის უოლესის, სხვათა განცხადებები?

რით დამთავრდება ეს შერკინება და იქნება თუ არა ომის შემდგომი პერიოდი მსოფლიოს ახალი წესრიგის მომასწავებელი, ანუ ახალი იალტის, მომავალი გვიჩვენებს — არა შორეული და ვირტუალური, არამედ უკვე ხვალინდელი და რეალური.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი

29/04/2022