ომით გამოწვეული ეკონომიკური პრობლემები

დღევანდელი დღეც უკრაინის ჰიმნით დავიწყეთ — ჩავრთე რა რადიო „მაესტრო“. ბარაქალა მას, ხომ შეგვაყვარა სხვა ქვეყნის „ჰიმნი“?! ძალით შეყვარება ჰქვია ამას და მას არავითარი კავშირი არ აქვს მსმენელის ნებაყოფლობით არჩევანთან.

ან რა ნებაყოფლობითობაზე შეიძლება საუბარი, როდესაც ჰიმნს ყოველ საათში გვასმენინებენ?

თუ მოსმენა არ გსურს, სხვა არხზე გადართეო — მირჩევენ მავანნი. რჩევას მივყევი და იქაც იგივეს წავაწყდი. როგორც ჩანს, ისე შეგვიყვარდა უკრაინა, რომ მისი ხსენების გარეშე სიცოცხლეც არ შეგვიძლია.

ნუ აზვიადებო — მეტყვიან. არა, ბატონებო, არ ვაზვიადებ. ვამბობ იმას, რაც სინამდვილეა. სინამდვილე კი უკრაინის ჰიმნის გაშვებაა ეთერში, თანაც ყოველ საათში. ჰიმნიდან-ჰიმნამდე კი ცნობები უკრაინის ფრონტიდან.

ვიღას ახსოვს საქართველო. საკუთარ ჰიმნზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი? ის, ხომ არასდროს გაუშვიათ ეთერში?! ჰიმნის ეთერში გაშვებას, საბჭოთა კავშირის დამთავრებასთან ერთად, დაესვა წერტილი! 30 წელზე მეტია ქართული ელექტრონული მედია მაუწყებლობას ჰიმნით არც იწყებს და არც ამთავრებს.

შემეკამათებით, ვიცი. 24-საათიან საეთერო ბადეში რა დროს, როგორ უნდა მოხდეს საქართველოს ჰიმნის გაშვებაო? უკრაინის ჰიმნის გაშვება, როგორღა ხერხდება? არადა, ჩვენივე განცხადებით, თავგადაკლული პატრიოტები ვართ, თანაც ისეთი — ჩვენივე პატრიოტიზმს საკუთარი ქვეყნის ჩარჩოებში რომ ვერ ვატევთ და სხვის ტერიტორიაზე გადაგვაქვს.

მაგალითად, უკრაინის, სადაც ჩვენს პატრიოტიზმს უკრაინული პატრიოტიზმის მარილს ვაყრით, მასპინძლები რომ არ გაგვიჯავრდნენ, მაგრამ აფასებენ ისინი ჩვენს პატრიოტიზმს — უკრაინის თავისუფლებისთვის გამოვლინებულს, თანაც სისხლით შეღებილს?

ვეჭვობ, რომ აფასებდნენ. უკრაინის რადას წევრის არახამიას განცხადება მაეჭვებს, რომ აფასებდნენ. არახამია, რუსეთთან მოლაპარაკების უკრაინული დელეგაციის ხელმძღვანელი გახლავთ — ამ სტატუსით ერთობ პოპულარული. როგორც ჩანს მას ზელენსკის კარზე სიტყვა ეთქმის და ისიც ამბობს იმას, რასაც ზელენსკი აუცილებელ სათქმელად მიიჩნევს.

მერე რა, რომ მისი ნათქვამი შორს არის სინამდვილისგან? ამ თვალსაზრისით უკრაინის ხელისუფალთ პრობლემები არ აქვთ. მათ მამალი ტყვილის გაგორება იოლად შეუძლიათ — წარბის შეუხრელად, ვინაიდან შუბლის ძარღვი აქვთ გაწყვეტილი.

შუბლის ძარღვის გაწყვეტის შემდეგ, ყველაფერს კადრულობს კაცი.

არახამია ისეთ „სიმართლეზე“ საუბრობს, წინადადების დაწყებისთანავე რომ მსმენელს მიახვედრებს სიცრუეში. პოლიტიკაში ჩაუხედავისთვის, არახამიას ნათქვამი ჭეშმარიტებაა, მაგრამ მხოლოდ პოლიტიკაში ჩაუხედავთათვის და რახან საქართველოში ამ კატეგორიის ადამიანთა რაოდენობა აჭარბებს პოლიტიკაში ჩახედულთა რაოდენობას, ქართულ-უკრაინული „პატრიოტიზმი“ ყვავის.

შედეგი? — მოსახლეობის 82% მხარს უკრაინას უჭერს და მას თავისუფლებისთვის მებრძოლად თვლის. არა ფაშისტად, არა ბანდერას მემკვიდრედ, არამედ თავისუფლებისთვის მებრძოლად, რომელიც წინ აღუდგა რუსეთის აგრესიას, ოკუპაციას, ბარბაროსობას, …, რითაც ფარივით გადაეფარა ევროპას.

აფსუს! აქაც გვაჯობა უკრაინამ, ლოზუნგიც წაგვართვა, რომელსაც ევროპას წლებია ცხვირწინ ვუფრიალებდით — საქართველო იცავს თქვენს სიმშვიდეს, ბედნიერ ცხოვრებას, უსაფრთხოებას და ა.შ.

რამდენჯერ მოგვისმენია მსგავსი განცხადება ნებისმიერი ჩვენი ხელისუფლებისგან? ესეც თვალსადახელსშუა აგვაწაპნეს ჩვენმა „ძმებმა“, თვალიც არ დაუხამხამებიათ, თან ქოქოლაც დაგვაყარეს არახამიას პირით, ასეთი შინაარსისა — საპარლამენტო დელეგაცია ფოტოსურათების გადასაღებად ჩამოვიდა ბუჩაში და მეტი არაფერიო.

შემდეგ იყო ულტიმატუმის მსგავსი განცხადება — ვიდრე ქართული მხარე რუსეთს სანქციებს არ დაუწესებს და ზელენსკის ნებას არ დართავს, საქართველოს პარლამენტის წინაშე გამოსვლაში, სააკაშვილს ციხიდან არ გამოუშვებს და უკრაინას არ გადმოსცემს, ჩვენს შორის შავი კატის სირბილი მუდამ იქნებაო. იყო სხვა საყვედურებიც.

აკი ხმამაღლა, საჯაროდ ვამბობდი — საქართველოს დელეგაცია ბუჩაში არ უნდა წავიდესთქო. ვინ გაიზიარა ჩვემი ნათქვამი?! არც არავინ. ახლა ხელისუფლება დაღვრემილია! ღირდა, ბუჩას სპეკტაკლში მონაწილეობა? არ ღირდა! ბუჩას ნაცვლად კი მოსკოვში წასვლა ღირდა და ღირს, ვინაიდან რუსეთის სანქციების კრიზისმა, მსოფლიოს ეკონომიკური კრიზისი გამოიწვია, რასაც ვერც საქართველო გადაურჩება და ვერც ე.წ. ჩვენი ევროპელ-ამერიკელი პარტნიორები.

აშშ-ს შემქმნელ ერთ-ერთ „მამას“, პრეზიდენტ ავრაამ ლინკოლნს უთქვამს: „ხალხის ნაწილის მოტყუება ყოველთვის შეიძლება, მთლიანად, მხოლოდ გარკვეული დროის მანძილზე, მაგრამ არა მუდამ“.

თანამედროვე ამერიკის „მამა“ პრეზიდენტი ბაიდენი აშშ-ი შექმნილ ენერგეტიკულ კრიზისს რუსეთის პრეზიდენტ პუტინს აბრალებს, მაგრამ, როგორც ჩანს, ნაკლები წარმატებით, ვინაიდან ბენზინგასამართ სადგურებთან გააკრეს ბაიდენის ხელგაშლილი პორტრეტი წარწერით — „ეს, მე გავაკეთე!“

ბენზინის ფასების მატებამ, სუპერმარკეტებში კვების პროდუქტების დეფიციტი გამოიწვია. ანალოგიური ვითარებაა ევროპის ქვეყნებში, სადაც არა მარტო ენერგორესურსების დეფიციტი შეინიშნება, არამედ სასოფლო-სამეურნეო ისეთი პროდუქტების, როგორებიცაა ხორბალი, მარცვლეული, ფქვილი. მარცვლეულის დეფიციტს, მზესუმზირის ზეთის დეფიციტიც ემატება, რაც ევროპელთა ცხოვრებას პრობლემებს უქმნის.

რუსულ და უკრაინულ ხორბალზეა ჩამოკიდებული აფრიკის ქვეყნებიც. გაეროს გათვლით, უკრაინის კრიზისი ქმნის მსოფლიოს 1,7 მილიარდი მოსახლეობის შიმშილის საფრთხეს. გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერიშმა განაცხადა: „კრიზისმა მსოფლიო მოსახლეობის მეხუთედი შეიძლება ჩააგდოს ისეთ სიღარიბესა და შიმშილში, რასაც მსოფლიო ისტორიაში მრავალი ათეული წლის განმავლობაში არ ჰქონია ადგილი“.

რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები, აგრეთვე საზღვაო გადაზიდვებში პრობლემების შექმნა, პროვოცირებს კვების პროდუქტებზე ფასების ზრდას. რუსეთ-უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის შეწყვეტა მასობრივ შიმშილს გამოიწვევს ეგვიპტეში, იემენში, ლიბანში, ლიბიაში. ბენინი 100%-ით არის დამოკიდებული რუსულ ხორბალზე; სუდანი — 70%-ით; 65%-ით — რუანდა, ტანზანია, მადაგასკარი, კონგო, ბურკინა-ფასო, ბურუნდი.

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მედვედევმა განაცხადა: „სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას მივაწვდით მხოლოდ ჩვენს მეგობარ ქვეყნებს. ჩვენს არაკეთილმსურველს არაფერს მივაწვდით. არც მათგან ვიყიდით რამეს.“

მედვედევის განცხადება, ცხადია პუტინთან არის შეთანხმებული, რაც საქართველოს ხელისუფალთათვის არათუ დასაფიქრებელი, არამედ შესაბამისი დასკვნების გამოტანის საბაბიც უნდა იყოს.

2021 წლის მონაცემებით, რუსეთის აგროსამრეწველო კომპლექსის ექსპორტი 21%-ით გაიზარდა და 37 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

იმავე წლის მონაცემებით, ევროკავშირი იყო მთავარი იმპორტიორი რუსული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის. გასულ წელს ამ იმპორტმა გადააჭარბა 41%-ს, ანუ 4,7 მილიარდ დოლარს. მეორე ადგილზე იყო თურქეთი — 4,3 და მესამეზე  ჩინეთი — 3,5 მილიარდი დოლარი. მაგრამ წელს ხორბლის გატანის ტემპი მცირდება. ა.წ. აპრილში — 1,7—2,1 მილიონი ტონა, მაშინ, როდესაც მარტში იყო 2,2 მილიონი ტონა.

ხორბალი ყაზახეთშიც მზადდება და ეს ქვეყანა ექსპორტიორად არის ცნობილი, მაგრამ წელს ქვეყანამ გადაწყვიტა 15 ივლისამდე ექსპორტის  შეზღუდვა.

ზემომოყვანილი მაგალითების სინამდვილე თუ ვინმეში იწვევს ეჭვს, გადაამოწმოს ბოლო მონაცემები და შესაბამისი დასკვნები გააკეთოს. რაც შეეხება ჩემს მოსაზრებას — არაერთხელ დაწერილს და გამოქვეყნებულს ჩემსავე საიტზე, გავიმეორებ — კარდინალური პოლიტიკური გადაწყვეტილების დრო დაგვიდგა და მისი ხელიდან გაშვება არ წაგვადგება.

საქართველოს ეკონომიკა მჭიდროდაა დაკავშირებული 2 მეზობელ ქვეყანასთან და ერთ შორეულთან. პირველი ორი — თურქეთი და რუსეთია, მესამე კი — ჩინეთი.

სომხეთთან და აზერბაიჯანთან ჩვენი ეკონომიკური კავშირები სახეზეა, თუმცა მეტის გაკეთების შესაძლებლობა არის, ისე, როგორც მთავარ სამეულთან.

რეგიონში არის მოსახლეობით უდიდესი ქვეყანა — ირანის ისლამური რესპუბლიკა, რომელსაც საკმაოდ მძლავრი და საკუთარ თავზე დაყრდნობილი ეკონომიკა აქვს — საკუთარი ძალებით მომუშავე მრეწველობით, სოფლის მეურნეობით, მეცნიერებით, განათლებით, … მსოფლიოს ვერც ერთი ქვეყანა ვერ დაიკვეხნის სრული სუვერენიტეტით, ვინაიდან ყველა მათგანი მჭიდროდაა დაკავშირებული დასავლეთთან. დასავლეთის „მონობიდან“ გამოსვლას რუსეთი ახლა იწყებს და ამ პროცესს დრო სჭირდება.

ირანისა და საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობა დამოუკიდებლობის პირველსავე დღეებში აღინიშნა და მრავალი წლის განმავლობაში, მათ შორის სააკაშვილის მმართველობის ჟამსაც წარმატებით ვითარდებოდა, რასაც ვერ ვიტყვით „ოცნების“ მმართველობის ათწლიან პერიოდზე.

აშშ-სა და ისრაელის პრესის შედეგად ორი ქვეყნის აქტიური, ყოველმხრივი კავშირები, მათ შორის ტურიზმის დარგში, პასიურში გადავიდა. თბილისსა და სხვა ქალაქებში წარმატებით მომუშავე ირანულმა ბიზნესმა გუდანაბადი აიკრა და საქართველო დატოვა.

დატოვა თუ დაატოვებინეს? როგორც ჩანს დაატოვებინეს, ანუ აიძულეს წასულიყო. არადა, საქართველოს უდავოდ არ აწყენდა ამ ქვეყანასთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენა-განვითარება. ირანი, ის ქვეყანაა, რომელსაც სიტყვა ეთქმის კავკასიაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე. ირანი სატრანზიტო ქვეყანაა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და რუსეთს, ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის, ისე, როგორც ევროპის. საქართველოს აქვს ისეთი პროდუქცია, რომელიც გაიყიდება ირანის ბაზარზე.

საქართველოს სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში საგარეო ვაჭრობის ბრუნვამ 3,866 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 38%-ით აჭარბებს გასული წლის იმავე პერიოდის მონაცემებს. აქედან ექსპორტმა 1,171 მილიარდი შეადგინა, რაც წინა მონაცემებზე 43,3%-ით მეტია, ხოლო იმპორტმა — 2,695 მილიარდი, ანუ 35,8%-ით მეტი.

საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან 562,4 მილიონი დოლარით თურქეთი; 461,9 მილიონით ჩინეთი და 383,3 მილიონით რუსეთი.

ამ სამიდან 2 პრიველირებულ მდგომარეობაშია, ვინაიდან მათთან საქართველოს აქვს დიპლომატიური ურთიერთობები და აქედან გამომდინარე ყველა სხვა სიკეთეები, რაც ოფიციალურ, გახსნილ და არა ფარულ ურთიერთობებს ახასიათებს. რუსეთს ასეთი არ აქვს. ორი ქვეყნის ურთიერთობები იატაკქვეშურს ჰგავს, თუმცა შექმნილ ვითარებაში, დასაფასებელს.

სტატისტიკის სამსახურს ევროატლანტიკურ სივრცესთან მსგავსი კავშირების მონაცემები რომ ჰქონოდა, თუნდაც მიახლოებითი, აუცილებლად გვახარებდა, მაგრამ არ აქვს და ვერც გაგვახარებს.

რატომ ვამბობ ამას? იმიტომ, რომ 30-წლიანმა „დამოუკიდებლობამ“ თუ რამე შეგვასწავლა, უსაგნო, ტყუილი ლაქლაქი და კოლექტიური დასავლეთის გაფეტიშებაა. პარალელურად რუსეთის დაგმობა და ახალგაზრდა თაობის ანტირუსულად აღზრდა.

რუსეთი რომ დიდია და ძლიერი ნათლად გამოჩნდა 24 თებერვლის შემდეგ, როდესაც კოლექტიურმა დასავლეთმა მსოფლიო ისტორიაში არნახული სანქციების კორიანტელი დაახვია ამ ქვეყნის ეკონომიკას, საბანკო სისტემას, თითქმის ყველა დარგს, ბიზნესს, რიგით მოქალაქეებს, მაგრამ ვერაფერს გახდა. რუსეთი უძლებს და ახალ პოლიტიკურ-ეკონომიკურ-საფინანსო სისტემას ქმნის და მასთან ერთად მრავალპოლუსიან მსოფლიოს — ერთპოლუსიანობის მესაფლავეს.

24 თებერვლიდან, დღემდე არცთუ დიდი დროა გასული, მაგრამ საკმარისი რუსეთის დაჩოქების მოსურნის დასაჩოქებლად. ეკონომიკური თვალსაზრისით, დაჩოქილია აშშ-ი და მისი მოკავშირე ევროკავშირი — აუარება პრობლემით, მათ შორის კვების პროდუქტების დეფიციტით. ევროპაში კვების პროდუქტებზე ფასები ისეთი ტემპით იზრდება, ექსპერტები დათვლასაც ვერ ასწრებენ. საქართველო პროდუქტს ევროპაში ყიდულობს, მაგრამ იგივეს 10-ჯერ მეტ ფასად შეისყიდის, ვიდრე დღეს, ვინაიდან მასაც უჭირს.

ძვირად შეძენილი, შინ ძვირად უნდა გაიყიდოს, მაგრამ ჯიბეგაფხეკილ აქაურს, აქვს ამის თავი? ამ შემთხვევაში ღარიბაშვილის ნათქვამი — უნდა შეეგუოთო, აღარ გაჭრის. მან ეს თქვა ბენზინზე ფასების გაზრდის დროს — რა ვქნათ, ფასებმა მოიმატა ევროპაშიო. მაგრამ ამას ვერ ეტყვის მოშიებულ ხალხს. მაშ, რა გზას უნდა დაადგეს საქართველო? — ჩრდილოეთის გზას!!! რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის გზას. სავაჭრო-ეკონომიკური ახალი ურთიერთობების ჩამოყალიბების გზას.

ზემოთ მოვიყვანე მედვედევის სიტყვები, რომ რუსეთი შეღავათს გაუწევს მის მიმართ კეთილად განწყობილ ქვეყნებს, ხოლო მტრულად განწყობილს არც არაფერს გაუკეთებს. რუსეთი მზადაა ნავთობის შეღავათიან ფასებში მოწოდებისთვის, ისე, როგორც ხორბლის, თუკი იქ, თუნდაც ფარულად, ხელისუფლების წარმომადგენელი ჩავა, თუნდაც დღეს, როდესაც არ გვაქვს მასთან დიპლომატიური ურთიერთობები.

საქართველოს საურთიერთობო არეალი მისი სამეზობლოა და არა ევროპა—აშშ-ი. ისინი, ჩვენ ჩამორჩენილ ადამიანებად გვთვლიან, ისეთებად, რომელთა გამოყენება მხოლოდ ანტირუსულ პროპაგანდასა და პროვოკაციაში შეიძლება.

შიმშილით დაოსებული ქვეყნისთვის ვირტუალური ევროპა რა მისაღებია? მითუმეტეს დღევანდელი — სინდის-ნამუს  გარეცხილი, მატყუარა, ფაშიზმის წამახალისებელი. დღეს რომ პოლიტიკოსი იტყვის — ამ ომში უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს და გაიმარჯვებს კიდევაცო ან გადაქანებულია, ან მატყუარა. გერმანიის კანცლერ შოლცს გადაქანებულს ვერ ვუწოდებთ, ვინაიდან დიდი და ძლიერი ქვეყნის — მესაჭეა, ჯერ-ჯერობით, მაგრამ მატყუარა რომ არის, ფაქტია.

როგორც ჩანს, გერმანიის კანცლერში გენების ყივილია. შოლცის ბაბუა ფრიცი, ჰიტლერის თანამებრძოლი იყო, გერმანიის სს-ის გენერალი. ის 1944 წელს დაიღუპა ომში. პატარა შოლცი 1958 წელს დაიბადა, სხვა გერმანიაში, მაგრამ ბაბუაც ახსოვს და ის გერმანიაც.

ჰიტლერის თანამებრძოლი უკრაინელი ფაშისტების შესახებაც იცის და მათი ლიდერების ბანდერასა და შუხევიჩის შესახებ. როგორც ჩანს, გარკვეული სიმპათიებიც აქვს მათ მიმართ გულის კუნჭულში, თორემ ასეთ მამალ ტყუილს არ გააგორებდა.

შოლცთან დაკავშირებით ერთ ძველ ანეკდოტს გეტყვით. აღმოსავლეთის ფრონტზე აშკარა დამარცხების მომლოდინე ჰიტლერი პარიზში, ნაპოლეონის მაუზოლეუმში მიდის რჩევის საკითხავად — რა გზას დავადგე, როგორ გავუმკლავდე რუსეთსო. ნაპოლეონი სიმწრით იღიმება და ამბობს — გვერდზე მომიწექი, თავისუფალი ადგილიაო!!!

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი

26/04/2022