ახლა აჩქარებაა საჭირო, ჩრდილოეთისკენ აჩქარება!
„ეს, ერთადერთი რამ არის, რასაც სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტობის კანდიდატები იყენებენ. მათ სხვა არაფრის შეთავაზება არ შუძლიათ ცხინვალის რეგიონის მოსახლეობისთვის, გარდა რეფერენდუმისა, მაგრამ თვით რუსეთის ფედერაციისთვის მძიმე იქნება კიდევ ერთი ნაბიჯის გადადგმა საერთაშორისო სამართლის დარღვევის თვალსაზრისით.“ — საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ვოლსკი.
„უპირველეს ყოვლისა მინდა ვთქვა, რომ სამხრეთ ოსეთის შესვლა ან დაბრუნება რუსეთში არ უკავშირდება წინასაარჩევნო კამპანიას. არავითარი პოლიტიკური მომენტები არ ახდენენ ზეგავლენას ხალხის ისტორიულ არჩევანზე.“ — სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ბიბილოვი.
„რესპუბლიკის მოსახლეობისთვის რუსეთის შემადგენლობაში ყოფნა ისტორიული მისწრაფებაა, რომელიც არ უკავშირდება მიმდინარე მოვლენებს. 1991 და 2014 წლებში ჩვენ გვქონდა ისტორიული შანსი დავბრუნებულიყავით რუსეთში, მაგრამ მიზეზთა გამო არ იყო რეალიზებული. ახლა ჩვენი იურისტები მუშაობენ იურიდიული დეტალების შესაფასებლად. გვაქვს 1992 წლის რეფერენდუმი, რომელზეც ხალხმა ცალმხრივად მხარი დაუჭირა რუსეთთან კავშირს; გვაქვს 2006 წლის რეფერენდუმი, რომელმაც გადაწყვიტა რესპუბლიკის დამოუკიდებლობა.“ — ბიბილოვი.
ცნობისთვის, 2006 წლის 12 ნოემბრის რეფერენდუმი ფაქტიურად იმეორებდა 1992 წლის რეფერენდუმის საკითხს. მიზანი მისი იყო შემდეგი — კიდევ ერთხელ დამტკიცება იმისა, რაც ხალხმა 15 წლის წინათ გადაწყვიტა — დამოუკიდებლობა. რეფერენდუმის განსახილველი მეორე საკითხი — რუსეთის ფედერაციაში შესვლა, მოსკოვის თხოვნით ამოღებული იქნა.
ბიბილოვის განცხადებისდა მიხედვით, სამხრეთ ოსეთის სურვილია რუსეთში შესვლა და ჩრდილოეთ ოსეთთან შეერთება. „სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთის გაერთიანება შეესაბამება ორივე სახელმწიფოს ეროვნულ კანონმდებლობას და საერთაშორისო სამართლის პრინციპებს“, — განაცხადა სენატორმა კოვიტიდიმ — რუსეთის ფედერაციის საბჭოს საკონსიტუციო კანონმდებლობისა და სახელმწიფო მშენებლობის კომიტეტის წევრმა.
„რუსეთს ამ საკითხებთან დაკავშირებით არც იურიდიული და არც სხვა ქმედებები არ განუხორციელებია. საქმე ეხება ხალხის არჩევანს, რომელსაც რუსეთი პატივს სცემს.“ — პესკოვი, რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანი.
სენატორი კლიმოვი: „აჭარას შეუძლია მიბაძოს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს და გავიდეს საქართველოს შემადგენლობიდან — ისტორიული, რელიგიური, გეოგრაფიული ვითარების გათვალისწინებით, თურქეთთან შეერთების თვალსაზრისით. ანკარა ხელიდან არ გაუშვებს ასეთ შანსს, აჭარელი სეპარატისტების ზეგავლენის გაფართოებით“.
ზემომოყვანილი განცხადებებიდან გამომდინარე საქართველოს თავს შავი ღრუბლები ტრიალებს — ძლიერი წვიმის, წარღვნის მომასწავებელი, რასაც ხელისუფლება, მთლიანად ქართული პოლიტიკა, მისთვის დამახასიათებელი ზერელეობით უყურებს. ვოლსკის ნათქვამი ამის დასტურია.
მაშ ასე, წინა სტატიაში შეპირებულ თემას შემოგთავაზებთ, რომლის ინიციატორიც სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ბიბილოვია — რეფერენდუმის ჩატარების და რუსეთის ფედერაციაში შესვლის მოთხოვნით. ვოლსკისა არ იყოს, ყველა საპრეზიდენტო არჩევნების წინ, პრეზიდენტობის კანდიდატები რეფერენდუმს იშველიებენ.
შეეფერება თუ არა ვოლსკის ნათქვამი სინამდვილეს? საეჭვოა, ვინაიდან უკვე ჩატარებული 5 რეფერენდუმიდან, მხოლოდ ერთზე იყო ასეთი, დანარჩენი სხვადასხვა საკითხებს ეხებოდა, მაგალითად კონსტიტუციას; სამხრეთ ოსეთის სახელს — „ალანიას“; სახელმწიფო ენად რუსულის გამოცხადებას და სხვა.
დავუშვათ, რომ ისეა, როგორც ვოლსკი ამბობს, მაშინ ხალხის სურვილთან გვქონია საქმე, ვინაიდან ვერც ერთი პრეზიდენტობის კანდიდატი ვერ გაბედავს რეფერენდუმის ჩატარების გაჟღერებას, თუ ასეთს ხალხში მხარდაჭერა არ ექნება, ანუ სამხრეთ ოსეთის თითქმის 60000 მოსახლის უმრავლესობის მხარდაჭერა.
ბიბილოვმა ვოლსკიზე უკეთ იცის რით სუნთქავს სამხრეთ ოსეთი, ჩვენდა სამწუხაროდ არა „სრულიად საქართველოთი“ — პირიქით. სამხრეთ ოსეთის ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა რუსული ჰაერით ხდება და ხდება საუკუნეთა განმავლობაში, იმ იშვიათი 70 წლის გამოკლებით, როდესაც სამხრეთ ოსეთი ჩვენთან ერთად სუნთქავდა.
საბჭოთა 70 წელს, თანამედროვე საქართველო წყევლა-კრულვით მოიხსენიებს და ისტორიული ფაქტების სრული უცოდინრობით აცხადებს — რომ არა ბოლშევიკები, განსაკუთრებით სტალინი, ოსეთი ვერ მიიღებდა ავტონომიას საქართველოში და იქნებოდა ისე, როგორც გურია, სამეგრელო, კახეთი, …
სტალინმა მიანიჭა მას და აფხაზეთს ავტონომიის სტატუსი, რითაც სახიფათო ნაღმები ჩაუდო საქართველოს არსებობას. აღნიშნული ტყუილები სისტემატურად ისმის ქართულ ელექტრონულ მედიაში. მეტიჩარა გოგო-ბიჭები, ვითომ ექსპერტები, ვითომ ისტორიკოსები გაუთავებლად ტიტინებენ „ბარბაროსი“ სტალინის შესახებ, აგინებენ ყველას, ვინც დადებითად იხილავს ამ პიროვნებას. მოითხოვენ გორის სტალინის სახლ-მუზეუმის დახურვას და ა.შ.
სულ ახლახანს საზოგადოებრივი მაუწყებლობის რადიო-არხის ეთერში ყური მოვკარი ერთი „ექსპერტის“ განცხადებას — სტალინთან დაკავშირებულს. ექსპერტი უმტკიცებდა მსმენელს, რომ სტალინი ჯალათი, საზარელი ადამიანი იყო და ამის შესახებ არაფერი იცის ქართულმა საზოგადოებამ. უფრო მეტიც, რაც იცის დადებითია — ერთობ მიუღებელი თანამედროვე ცხოვრებისთვის.
მან თქვა, რომ სტალინი უყვართ საქართველოში და იმისთვის, რომ არ უყვარდეთ მას და მის არასამთავრობო ორგანიზაციას დასავლეთმა გამოუყო დაფინანსება, რათა მთელ საქართველოში იარონ კარდაკარ, მოსახლეობის გადასარწმუნებლად, რომ სტალინი კარგი კი არა, ცუდია.
ფულზე გაყიდული სამშობლო და მისი ისტორია ჰქვია ამას!
სტალინის გარდაცვალებიდან ლამის საუკუნე გავიდა ამ პიროვნების ლანძღვა-გინებაში. ხრუშჩოვის ძალისხმევით არა მარტო საარქივო მასალების გაყალბება მოხდა, არამედ მწერლების მიერ ანტისტალინური რომანების, სტატიების სტამბვაც. კინემატოგრაფისტთა მიერ ანტისტალინური მხატვრული კინოფილმების გადაღება. სტალინის პიროვნების კულტთან ხრუშჩოვის ინიციატივით გაშლილმა ბრძოლამ მთელს საბჭოთა კავშირისა და სოციალისტური ქვეყნების მოსახლეობას გრიგალივით გადაუარა, თანაც არაერთხელ და რა რეგვენი უნდა ყოფილიყო ქართველი, ისე, როგორც რუსი ან სხვა ეროვნების ადამიანი, რომ არ გაეგოთ სტალინის „ბოროტების“ შესახებ?
როგორც ჩანს, ვერ გაიგეს მარტივ მიზეზთა — სტალინის პიროვნებისადმი უდიდესი პატივისცემის გამო. ხალხი, ხალხები თვლიან, რომ სტალინი უდიდესი პოლიტიკოსი იყო და არის კაცობრიობისთვის, რომელთანაც პატარა ფინიების წკავ-წკავი რა მოსატანია.
ამასწინათ რუსეთში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, სტალინმა პირველი ადგილი დაიკავა მე-20 საუკუნის რუს და საბჭოთა სახელმწიფო მოღვაწეთა შორის, რაც სალანძღავი კი არა, გასახარია, მაგრამ დასავლურ დაფინანსებაზე მიშვებულ ქართულ ახალგაზრდულ ნახირს რაც იზიდავს ფულია, დოლარი, ქართველთათვის ხატად ქცეული.
კიდევ ერთ გამონათქვამს მოვიყვან ბატონი ონიანის, უფრო სწორედ მიმართვას სამხრეთ ოსეთის პარლამენტის თავმჯდომარე ალან თადტაევისადმი: „ბატონო ალან! თქვენ შეგიძლიათ და უფლებაც გაქვთ, სადაც გინდათ და ვისთანაც გინდათ წახვიდეთ და იცხოვროთ, მაგრამ ის ცხენი, რომელზეც თქვენ ზიხართ, მის პატრონს — საქართველოს უნდა დაუბრუნოთ“.
ბატონი გრიგოლის ამ მოსაზრებას საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა რომ იზიარებს — ფაქტია. ამასთანავე, ისიც ფაქტია, რომ ოსები, ტერიტორიას, რომელზეც ცხოვრობენ, თავისად მიიჩნევენ. და რომ ეს ასეა, არაერთხელ თქვა საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარის მოადგილე თამარ ქაბულოვმა — ცხინვალში დაბადებულმა და გაზრდილმა, დახვეწილი ქართულით მოლაპარაკემ — მიწა იმას ეკუთვნის, ვინც მას ამუშავებსო.
არის თუ არა მისი არგუმენტი საკმარისი იმისთვის, რომ ერთის ტერიტორია, მეორეს მიაკუთვნო — მკითხველმა განსაჯოს. მე კი მოვიშველიებ ისტორიას — მეტადრე ძველს, სადაც ოსთა და ქართველთა ურთიერთობა მჭიდრო იყო, ამასთანავე დადებითი და უარყოფითი მომენტებით გაჯერებული.
აი, რას წერს „სამხრეთ ოსეთის ოლქის სტატუსის შემსწავლელი კომისია“, რომელიც საქართველოს უზენაესი საბჭოს და მისი თავმჯდომარის ზვიად გამსახურდიას გადაწყვეტილებით შეიქმნა, რათა საზოგადოებას ნათელი წარმოდგენა ჰქონოდა ქართველი და ოსი ხალხების ურთიერთობაზე.
„ქართველ და ოს ხალხებს შორის ინტენსიურ ურთიერთობას ხელს უწყობს დინასტიური ქორწინებანი, რაც განსაკუთრებით გახშირდა XI-XII საუკუნეებში. მაგალითად, გიორგი I-ს (1014-1027) ცოლად ჰყავდა ოსი ალდე; ბაგრატ IV (1027-1072) — ოსთა მეფის ასული შორენა; დემეტრეს და, ოსეთში იყო გათხოვილი; დემეტრემ თავის ვაჟს, გიორგი III-ს ოსი ბურდუხანი შერთო ცოლად; თამარ მეფის მეუღლე დავით სოსლანი, ოსი იყო.
ოსებს საქართველო იზიდავდა თავისი მაღალი ეკონომიკური და კულტურული დონით. ბიზანტიიდან და საქართველოდან ვრცელდებოდა ალანია—ოსეთში ქრისტიანობა VI-X საუკუნეებში“.
„ოსთა გადმოსახლებას ქართლში თავისი არსებითი მიზეზები ჰქონდა. XIII-XIV საუკუნეებში მონღოლმა და თურქმანული მოდგმის დამპყრობლებმა დაარბიეს და გაანადგურეს ჩრდილო კავკასიის ველებზე მცხოვრები ოსები. გადარჩენილთა ერთი ნაწილი სამხრეთისკენ დაიძრა“.
უტყუარი ცნობა გვიან შუასაუკუნეებში საქართველოს ტერიტორიაზე ოსთა კომპაქტური დასახლების შესახებ განეკუთვნება XVII საუკუნის დამდეგს.
1770 წლის დემოგრაფიული აღწერის მიხედვით, დღევანდელ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე 2860 კომლი ოსი ცხოვრობდა. შიდა ქართლში ოსთა გადმოსახლებით თვით ქართველი მეფე-ფეოდალები იყვნენ დაინტერესებული. ოსები ქართულ ყოფა-კულტურას ადვილად ითვისებდნენ. ოსთა გადმოსახლებით ორი პრობლემა წყდებოდა — ეკონომიკური და დემოგრაფიული.
ზემომოყვანილი მაგალითები მიგვანიშნებს იმაზე, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ოსთა „მიჩვევა“, ქართველთა ხელშეწყობითაც ხდებოდა. რა იყო შემდეგ?
„1917 წლის თებერვლის ბურჟუაზიულ-დემოკრატიული რევოლუციის შემდეგ გაუქმდა მეფის ნაცვლის ინსტიტუტი და ამიერკავკასიის სამოქალაქო მართვა გამგეობის მიზნით შეიქმნა ამიერკავკასიის საგანგებო კომიტეტი, რომელიც შეცვალა ამიერკავკასიის სეიმმა. ამავე პერიოდში შეიქმნა სამხრეთ-ოსეთის სახალხო ყრილობა და ეროვნული საბჭო, რომლებმაც თავიანთ ხელში აიღეს პოლიტიკური ძალაუფლება“.
საქართველოს ხელისუფლებაში მენშევიკები მოვიდნენ, რომლებმაც თავიანთი პოლიტიკური ამბიციებისა და მეტწილად ფსევდო-პატრიოტიზმის გავლენით ვერ გამოძებნეს საერთო ენა სამხრეთ ოსეთის ეროვნულ საბჭოსთან. ცხადია, ამაში არა მარტო ცენტრია გაკიცხვის ღირსი, არამედ ეროვნული საბჭოც. ერთმაც და მეორემაც დროულად ვერ ალაგმეს წვრილმან თუ მსხვილმან საკითხებზე ქართველთა და ოსთა შორის გაჩენილი უთანხმოება, რომელიც ოსთა აჯანყებაში გადაიზარდა.
ოსთა დაჟინებული მოთხოვნა იყო ის, რაც დღეს არის — რუსეთთან შეერთება, უარეს შემთხვევაში თბილისისგან დამოუკიდებელი, ავტონომიური პოლიტიკის წარმოება. ოსთა აჯანყება თბილისმა ჩაახშო — ისტორიული წყაროების მიხედვით, სასტიკად. აი, რას წერს კომისია:
„მოთმინების ფიალაავსებულმა ქართველმა მხედრობამ საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ სამჯერ აჯანყებული ოსების მიმართ სასტიკი ულმობლობა გამოიჩინა. სოფელ ყორნისის, როგორც აჯანყების ერთ-ერთი კერის, გადაწვის თაობაზე სპეციალური დადგენილება იქნა მიღებული. ყოველივე ეს ქართული წყაროებითაც მტკიცდება“.
მხოლოდ საბჭოთა ხელისუფლბის დამყარებამ მისცა საშუალება სამხრეთ ოსეთის ოლქს მშვიდი ცხოვრებისა და აღმავლობის — საქართველოს სსრ შემადგენლობაში. აქვე მინდა აღვნიშნო ავად-მოარული ჭორის თაობაზეც, თითქოს სტალინის გადაწყვეტილებით მოხდა სამხრეთ ოსეთისთვის ავტონომიის სტატუსის მინიჭება. სტატუსისა, რომელიც ამ ტერიტორიას და მასზე მცხოვრებ ხალხებს, განსაკუთრებით ოსებს არ ეკუთვნოდათ.
სინამდვილე, დაფუძნებული საარქივო მასალებზე გვეუბნება, რომ რუს ბოლშევიკებს, მათ შორის სტალინს დიდი ძალისხმევა დასჭირდათ ოსთა დასაყოლიებლად და იმ მოთხოვნებიდან ხელის ასაღებად, რომლებიც მათ ჰქონდათ. მათი მოთხოვნა კი საბჭოთა რუსეთთან შეერთება იყო და თუ ამას ადგილი არ ექნებოდა — საქართველოს შემადგენლობაში არა ავტონომიური ოლქის სტატუსის მოპოვება, არამედ სამხრეთ ოსეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის, ანუ ისეთის, როგორიც თვით საქართველოს ჰქონდა — საქართველოს სს რესპუბლიკა.
ოსი ბოლშევიკების გავლენა რუსეთში მნიშვნელოვანი იყო, ამდენად მათი დაყოლიება არცთუ იოლი გამოდგა, მაგრამ მიუხედავად ამისა — ხანგრძლივი დებატების შედეგად, სამხრეთ ოსეთი დათანმხდა სტატუსით დაბალ სახელმწიფოებრიობას — საქართველოს შემადგენლობაში ავტონომიურ ოლქობას.
სამხრეთ ოსეთის ძველმა იარებმა, მათ შორის მენშევიკთა გადაწყვეტილებით დაღვრილმა სისხლმა, თავი წამოჰყო 70 წლის შემდეგ, საქართველოში ჩატარებული უზენაესი საბჭოს არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ, როდესაც გაჩნდა ნიშნები იმისა, რომ სახელმწიფოებრივი სისტემის კარდინალური ცვლა შეიძლება მომხდარიყო.
საბჭოთა კავშირის კომპარტიის ცკ-ს გენერალური მდივნის გორბაჩოვის მიერ წამოწყებულმა ე.წ. „პერესტროიკამ“, „გლასნოსტმა“ წყალი შეუყენა თვით საბჭოთა კავშირის არსებობას, რაც განსაკუთრებით თვალშისაცემი იყო იმ საბჭოთა რესპუბლიკებში, რომელთაც ავტონომიური ფორმირებები ჰქონდათ.
საბჭოთა კავშირის ყოფნა-არყოფნასთან დაკავშირებულმა რეფერენდუმმა ფედერალური მოწყობის საბჭოთა რესპუბლიკებში გამოააშკარავა სეპარატისტული სულისკვეთება. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ფორმირებების მოსახლეობამ მხარი საბჭოთა კავშირის შენარჩუნებას დაუჭირა.
ე.წ. ეროვნულმა ხელისუფლებამ, ნაცვლად იმისა, რომ მათთან კონსტრუქციული დიალოგი გაემართა, დაპირისპირების გზა აირჩია. მკითხველს ემახსოვრება ჩემს მიერ გამოქვეყნებული სტატიები, სადაც ხაზგასმით აღვნიშნავდი ეროვნული ხელისუფლებისა და მისი ლიდერის გამსახურდიას პოლიტიკას, დაფუძნებულს ვითომ პატრიოტულ, სინამდვილეში ქვეყნის დამანგრეველ ლოზუნგზე —„ საქართველო, ქართველებისთვის!“.
როგორც აფხაზებთან, ისე სამხრეთ ოსეთის მოსახლეობასთან ადგილი ჰქონდა ფიზიკურ და სიტყვიერ შეხლა-შემოხლას. დაიღვარა სისხლი. დაირღვა 70 წლის განმავლობაში რის ვაივაგლახით შეკოწიწებული ურთიერთობები, რამაც სერიოზული საფუძველი ჩაუყარა აფხაზთა და ოსთა რუსეთისკენ ყურებას. ორივემ ჩათვალეს, რომ ქართველთაგან ფიზიკური გადარჩენა მხოლოდ რუსს შეუძლია.
გარდა ამისა, ორივენი, საუკუნეთა განმავლობაში შეეჩვივნენ რუსეთთან ურთიერთობას, რაც არ არის გასაკვირი, ვინაიდან ერთიანი სახელმწიფოებრიობის დაკარგვის (1490) შემდეგ, უპატრონოდ დარჩენილმა საქართველოს მხარეებმა, გეოგრაფიული, მენტალური, ყოფითი კავშირების გათვალისწინებით, დიდ რუსეთში დაინახეს თავიანთი ადგილი და არა საქართველოში — დაქსაქსულსა და გაჩანაგებულში.
რომ არა ბოლშევიკები და სტალინი, საქართველო იმ ტერიტორიაზე იქნებოდა, როგორც დღეს — აფხაზეთ, სამხრეთ-ოსეთის გარეშე. ვიმეორებ, სტალინურმა მონდომებამ შემოიყვანა ისინი საქართველოს შემადგენლობაში — ავტონომიური სტატუსით. აფხაზეთი, როგორც საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა — თითქმის 10 წლის განმავლობაში, შემდეგ სტატუსდაქვეითებული — ავტონომიური საბჭოთა რესპუბლიკა; სამხრეთ ოსეთი — როგორც ავტონომიური ოლქი.
საბჭოთა სისტემამ უდიდესი საშუალება მისცა ავტონომიების პატრონ რესპუბლიკებს პოზიტიურად გამოევლინათ თავი მათთან მიმართებაში, რასაც უდავოდ ჰქონდა ადგილი, თუმცა საბჭოეთის არსებობის ბოლო წლებში არც კინკლაობა იყო უცხო, მაგრამ არა ისეთი, რასაც მოგვიანებით შევესწარით.
მივაკითხავ ისევ გრიგოლ ონიანს, რომელიც წერს: „სანამ თქვენ ქართველების უახლოესი ადამიანები იქნებით და სანამ თქვენი მოდგმა იარსებებს, უბატონოდ ხმას არვინ გაგცემთ“. არის თუ არა აფხაზისა და ოსის მიერ ამ სიტყვების დაჯერება იოლი?
უდავოდ, არა, ვინაიდან საქმენი, ჩადენილი ცენტრის მიერ უკუგანწყობას ბადებს. დამადასტურებელი ამისა გამსახურდია, შევარდნაძის, სააკაშვილის აგრესიული პოლიტიკაა — ძალადობაზე დაფუძნებული.
მენშევიკების მიერ გაჩაღებული აგრესია 70 წლის განმავლობაში ახსენებდა თავს ოსებს. სააკაშვილის აგრესია რამდენი წლის განმავლობაში ემახსოვრებათ? როგორც ჩანს ორივეს მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი ნავთსაყუდელის რუსეთში გამოძებნა. არის თუ არა გასაკვირი მათი არჩევანი? ამ კითხვაზე პასუხი თქვენთვის მომინდვია.
დიახ! მათ რუსეთთან ურთიერთობა ამჯობინეს, ჩვენთან კავშირს. ჩვენ? რა გავაკეთეთ იმისთვის, რომ მათი აზრი შეგვეცვალა? არც არაფერი! ჩამოვეკიდეთ არაფრის მიმცემ ჟენევის მოლაპარაკებას და მაღალფარდოვანი სიტყვების რახარუხს — „საერთაშორისო თანამეგობრობა“, „ევროატლანტიკური სივრცე“ და ა.შ.
ისეთი შთაბეჭდილება შევქმენით, თითქოს ურთიერთობის მოუწესრიგებლობით ჩვენ ვართ დაინტერესებული. აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, რომ რუსეთთან ურთიერთობის მოწესრიგებაზე გადის — ახალია ჩვენთვის?
დავსვათ კიდევ ერთი კითხვა — რა გააკეთა თბილისმა, მოსკოვთან ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად? პასუხი მოკლე და ნეგატიურია — არც არაფერი! თბილისმა, რაც გააკეთა ნეგატიურის თვალსაზრისით უამრავია და მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, მაგრამ ზოგიერთის გახსენება ღირს! მაგალითად, საერთაშორისო არენაზე რუსეთის გამუდმებული ლანძღვა; საქართველოს ტერიტორიაზე ნატოს სამხედრო მანევრების მუდმივი გამართვა; ჟენევის მოლაპარაკების ფორმატში ანტირუსული პოზიციის გატარება და ა.შ.
საქართველოს ხელისუფალთ, როგორც ჩანს აწყობთ ყოფილ ავტონომიებთან შექმნილი ვითარების გაგრძელება და არა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა უძრაობის ასამოძრავებლად, ცხადია, კარგი გაგებით და არა იარაღის გამოყენებით.
ე.წ. ევროატლანტიკური პარტნიორები არა მარტო რუსეთთან პოლიტიკური კავშირების დამყარებას გვიკრძალავენ, არამედ აფხაზეთ—სამხრეთ-ოსეთთნ პირდაპირი დიალოგის წარმოებასაც.
ქართული მხარე, დასავლელთა დაკვეთით, რასაც აკეთებს, ისაა, უცხოელი მაღალი რანგის სტუმრები ჩაიყვანოს საქართველო-სამხრეთ ოსეთს შორის არსებულ საზღვართან. აი, იქ გავლებულ მავთულხლართებთან იდგეს და იტიროს — რუსებმა საზღვრები გადმოწიესო.
ეს არის და ეს. ჩვენც კმაყოფილი ვართ და ისინიც. ისინი იმიტომ, რომ მავთულხლართებთან დაფიქსირებულ ვიდეომასალას ავრცელებენ სხვადასხვა მედიასაშუალებებში — რუსული მზაკვრობის ამსახველი კომენტარებით.
თუ საქართველოს ხელისუფალთ მართლაც აინტერესებთ ამ და სხვა პრობლემების მოგვარება, რუს პოლიტიკოსებთან არის საჭირო კონტაქტების დამყარება. ისინი ამისთვის რომ მზად არიან, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა რამდენჯერმე თქვა ტელევიზიით. პასუხად — ჩვენგან უარი მიიღო.
ჩვენი ხელისუფლების ინდიფერენტიზმი უდავოდ დაარწმუნებს მეორე მხარეს, რომ ჩვენ კმაყოფილი ვართ შექმნილი ვითარებით; კმაყოფილი ვართ ევროატლანტიკურ სივრცესთან თანამშრომლობით, განსაკუთრებით ნატოსთან. ვიმედოვნებთ ამ ორგანიზაციაში უახლოეს წლებში გაწევრებას და ა.შ.
ყოფილ ავტონომიებს და რუსეთს რომ ალერგიას გვრით საქართველოს ნატოში შესვლა, არახალია. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა არაერთხელ თქვა ამის თაობაზე. მაშ, რატომ გვიკვირს ბიბილოვის განცხადება რეფერენდუმის ჩატარებასთან დაკავშირებით? შეშინებულ ბიბილოვს, ისე, როგორც სამხრეთ ოსეთში მცხოვრებთ რომ რუსეთი ჰყავდეთ ამორჩეული მშვიდ, უსაფრთხო ნავთსაყუდლად, გასაკვირია?
დასავლეთის მოიმედებამ სრულიად შესაძლებელია ქვეყნის დაშლა გამოიწვიოს — უარესი, ვიდრე ამას ადგილი ჰქონდა 2008 წლის ომის შედეგად.
თვალი შეავლეთ სტატიის დასაწყისში კლიმოვის განცხადებას სამხრეთ ოსეთის რეფერენდუმის დანიშვნით გამოწვეულს და ვარაუდს, რომელიც აფხაზეთის მხრიდან ანალოგიური ნაბიჯის გადადგმას არ გამორიცხავს, ხოლო აჭარასთან დაკავშირებით — თურქეთის შემადგენლობაში შესვლას.
სამხრეთ ოსეთის რეფერენდუმი ახალ ტალღას გააჩენს საქართველოში — საქართველოდან გასვლის ტალღას, მითუმეტეს, როდესაც აზერბაიჯანული და სომხური მოსახლეობით დასახლებულ რეგიონებს დიდი ძალისხმევა არ დასჭირდებათ და მტკიცება იმისა, რომ ეს ტერიტორიები სომხეთისა და აზერბაიჯანისაა.
თემა არახალია და ათეული წლების განმავლობაში პრაქტიკულად მოთელილი არა მარტო შიდა ქართლსა და სამხრეთ საქართველოში, არამედ მეზობელ სახელმწიფოებშიც.
დღევანდელ მსოფლიოში მოვლენები ელვისებური სისწრაფით ვითარდება. ვერც ერთი ნათელმხილველი ვერ იწინასწარმეტყველებდა ა.წ. იანვრის პირველი დეკადის შემდეგ მსოფლიო რომ ასე ამოყირავდებოდა; დასავლეთი და აღმოსავლეთი არა მარტო სიტყვით, არამედ იარაღითაც გაიწევდა ერთმანეთის წინააღმდეგ. მაგრამ ეს მოხდა ბოლო 4 თვის განმავლობაში.
მსოფლიოში შექმნილმა ვითარებამ სხვაგვარად უნდა აამუშაოს ხელისუფალთა ტვინი — ახლებურად, პრაგმატულად. ძველებური აზროვნება მტკვარს უნდა გაატანოს. მაგრამ ტვინისგან დაცლილ ხელისუფალთ ძნელია რამე მოვთხოვოთ, მათ შორის რუსეთთან პოლიტიკური ურთიერთობების აღდგენა, ეკონომიკურ-საფინანსო-სავაჭრო კავშირების დამყარება სახელმწიფოებრივ დონეზე და არა იატაკქვეშურად, რასაც დღეს აქვს ადგილი.
ახლა აჩქარებაა საჭირო, ჩრდილოეთისკენ აჩქარება!
ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი
17/04/2022