22.12.2024

პროვინციული ნაციონალიზმით გამოწვეული შედეგები

წინა სტატიაში პრეზიდენტი გამსახურდია ვახსენე მათი მომხრეებისთვის არცთუ სახარბიელო კონტექსტში, მაგრამ როდესაც ქვეყანა პოლიტიკოსის, მითუმეტეს მეთაურის ზემსუბუქი (რბილად ვამბობ) გადაწყვეტილებების გამო უმძიმესი შედეგის წინაშე დგება, მისი საქციელი გაფეტიშების ნაცვლად, დასაგმობია — ხალხის, საზოგადოების, ისტორიის.

სამწუხაროდ, ამას არასდროს ჰქონია ადგილი ჯეროვან დონეზე ქვეყნის ახალ და უახლეს ისტორიაში. კომუნისტებმა არ მიაქციეს ყურადღება (ცხადია სათანადო), მენშევიკების უნიათო და ქვეყნის გამაჩანაგებელი მმართველობის ფუნდამენტურ შეფასება-დაგმობას, თვალი დახუჭეს მწერლების იმ შემოქმედებაზე, რომელიც შეფარულად აღვივებდა ძველისადმი, ანუ მენშევიკურისადმი სიმპათიებს, ფსევდო პატრიოტიზმს, სხვა ისეთ მავნე თვისებებს, რომელბმაც თავი წამოყვეს გასული საუკუნის ხრუშჩოვური დათბობიდან დაწყებული — ბრეჟნევური „ზასტოის“ და გორბაჩოვის მოღალატური მმართველობის პერიოდში.

დღევანდელი გადასახედიდან კარგად ჩანს განვლილი „ახალი ისტორია“, რომელიც „უახლესით“ ჩანაცვლდა და დაგვანახა იმათ, ვისაც ობიექტურობის აღქმის უნარი აქვს, დანაშაულების კასკადი, ჩადენილი თვით სკკპ ცკ რიგებში.

პარტიამ რკინისებური დისციპლინის მოდუნების შემდეგ, რასაც ადგილი ჰქონდა სტალინის გარდაცვალების პირველსავე დღეებში, იქ გაჩენილმა ანტიპარტიულმა ანტისახელმწიფოებრივმა ბაცილამ მოადუნა ყურადღება და დასავლელ მტერს ნაკლები კრიტიკული თვალით დაუწყო ყურება, ხოლო მოგვიანებით ისე ჩაეხუტა, საკუთარი ქვეყანა, საკუთარ კეთილდღეობას გადააყოლა.

საბჭოთა სოციალისტური სისტემისა და მისი შემქმნელი სტალინის ლანძღვა-გინებამ, მის მიმართ ცრუ ინფორმაციების გავრცელებამ და პარტიის მიერ მისივე წარსულის არასამართლიანმა, ვოლუნტარისტულმა დაგმობამ არა მარტო კომპარტიას შეუყენა წყალი, არამედ სახელმწიფოს პოლიტიკურ სისტემას. და დაიწყო ნგრევა სისხლზე, ოფლზე, თავგანწირვაზე, ზეადამიანურ შრომაზე აშენებულის.

დასავლური ღირებულებების გადმოღებამ —  საბჭოეთში დასახლებულ უმრავლესობისთვის ერთობ მიუღებელმა, პატრიოტიზმი, სამშობლოს სიყვარული, მწვანე დოლარმა ჩაანაცვლა, რომელიც ყველა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის მცხოვრების სათაყვანებელი გახდა — ლამის ღმერთის სადარი.

დაიშალა საბჭოთა კავშირი და მასთან ერთად გაქრა მცნება საბჭოთა ხალხისა — დაშლამდე ერთმანეთთან ძმურ კავშირში მყოფის. უიდეოლოგიოდ, უკომპასოდ, ქვეყნის მართვის ცოდნის გარეშე საქართველოს ხელისუფლებაში მოსულმა ე.წ. ეროვნულმა ძალებმა თავიანთი უნიათობა თვით მათ ქვეყანაში მცხოვრებ არააბორიგენ მოსახლეობას გადააბრალეს, რასაც მოჰყვა სერიოზული შიდა დაპირისპირება.

საქართველოს ახალმა და სათაყვანებელმა „ბელადმა“ დიდი კონსტანტინეს შვილმა (კონსტანტინე გამსახურდიას ავტორიტეტიდან გამომდინარე, მისი შვილიც მამასავით იყო აღქმული), ნადისიდენტალმა პრეზიდენტმა გამსახურდიამ, საქართველოს მოსახლეობის დემოგრაფიული და ეროვნული შემადგენლობის გაუთვალისწინებლად, ისეთი ნაცისტური ლოზუნგი ტყორცნა ხალხს, როგორიცაა — „საქართველო ქართველებისთვის“. შედეგი — უსერიოზულესი. დატაკება აზერბაიჯანელებით დასახლებულ რეგიონებში. ამბოხის ჩახშობა რის ვაივაგლახით მოხერხდა.

არანაკლები აგრესია გამოიხატა სამხრეთ ოსეთის მიმართ. ხელისუფლებაში მოსული ნაციონალისტების მიზანი, თუ სრულად არა, ნაწილობრივ მაინც, ისეთივე იყო, როგორიც მენშევიკების — სამხრეთ ოსეთში მცხოვრები ეროვნული უმცირესობის განდევნა საქართველოდან. ამ ამოცანის შესრულებას მარტო შინაგან საქმეთა სამინისტრო ვერ შეძლებდა, ხოლო ქართული ჯარი, გვარდიის სახით ჩანასახში იყო.

მოიძებნა გამოსავალი — ციხიდან კრიმინალების გათავისუფლება და მათი ცხინვალისკენ მიმართვა, ხშირ შემთხვევაში მილიციელის ფორმაში. შედეგი სავალალო — სისხლი, ხოცვა-ჟლეტა, ჯამში ოსეთის ფაქტიური დაკარგვა.

არანაკლები  დაძაბულობა თუ მეტი არა აფხაზეთში შეიქმნა. ახლაც თვალწინ მიდგას ღალიძგაზე შეიარაღებულ ქართველთა და აფხაზთა შეხვედრა მერაბ კოსტავას ძალისხმევით. მაშინ სისხლი არ დაღვრილა, მაგრამ მანამდე და შემდეგ დაიღვარა იმდენი, აფხაზს რომ სამუდამოდ ათქმევინა უარი საქართველოზე.

გავიხსენოთ აჭარაც. 1991 წლის აპრილში, გამსახურდიას მეცადინეობით ისე დაიძაბა ურთიერთობა აჭარასთან, რომ პატარა ნაპერწკალიც კი დიდ სისხლიან დაპირისპირებას გამოიწვევდა. მაგრამ თბილისიდან აჭარის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ მივლინებულმა ასლან აბაშიძემ (ის თბილისში საყოფაცხოვრებო მომსახურების სამინისტროში მინისტრის მოადგილედ მუშაობდა) შეუძლებელი შეძლო და აჭარელთა ამბოხი ჩააქრო.

რამ გამოიწვია ამბოხი? გამსახურდიას დაუფიქრებელმა, პოლიტიკაში, მითუმტეს საერთაშორისოში ჩაუხედავი საზოგადოების მიერ პატრიოტულად შეფასებულმა მოწოდებამ — აჭარის ავტონომიის გაუქმების თაობაზე. იყო სხვაც — აჭარელი მუსლიმანების ძალით გაქრისტიანება.

ხალხი ააღელვა ცენტრის მიერ აჭარის უზენაესი საბჭოს არჩევნების უგულებელყოფამ. არჩევნები კომუნისტებმა მოიგეს და თავმჯდომარეც კომუნისტი აირჩიეს. ხახავა თბილისში დაიბარეს უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომაზე, რომელსაც ვესწრებოდი — უზენაესი საბჭოს სამდივნოს უფროსის რანგში. მიზანი დაბარებისა იყო მარტივი — ახალი თავმჯდომარის მიერ თანამდებობის ნებაყოფლობით დატოვება.

აჭარის უზენაეს საბჭოში ჩატარდა თავმჯდომარის ახალი არჩევნები, რომელშიც „გაიმარჯვა“ ასლან აბაშიძემ, არადეპუტატმა კანდიდატმა. მას აჭარის უზენაესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობა არ ჰქონდა მიღებული, ყოველივე ამას დაერთო აჭარაში პრეფექტობის ინსტიტუტის შემოღებისა და შსს-ს რეორგანიზაციის ღონისძიებებიც, რასაც მოჰყვა აჭარელთა „რევოლუცია“ (1991 წ . 23-24 აპრილი).

ამბოხებულნი შევარდნენ სამინისტროებსა და ადგილობრივი მმართველობის ორგანოების შენობებში და კატეგორიული მოთხოვნები დააყენეს თბილისის წინაშე — მიუღებელი გეგმების გაუქმება. აჭარის უზენაესი საბჭოს ახალი თავმჯდომარის აბაშიძის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მან წარმატებით გაართვა თავი იმ ამბოხებას და მის შემდგომ უმძიმეს ვითარებას.

აბაშიძემ მოახერხა აჭარის ადგილობრივი მმართველობის სისტემის ჩამოყალიბება, ეკონომიკურ-სოციალური პირობების გაუმჯობესება, ხალხის დასაქმება, პენსიებისა და ხელფასების დროული გაცემა, რაც დანარჩენი საქართველოსთვის უცხო იყო; სოფლის მეურნეობისა და მრეწველობის აღორძინება; კულტურისა და ხელოვნების განვითარება — აჭარაში მანამდე არ არსებული ოპერისა და ბალეტის თეატრის დაარსება, ბავშვთა ოპერის შექმნა. მან აჭარა გადააქცია თბილისში უსაქმოდ დარჩენილი და დამშეული ინტელიგენციისა და ხელოვნების მუშაკების თავშესაფარად.

პირდაპირი მნიშვნელობით უშუქოდ დარჩენილ საქართველოში მხოლოდ აჭარა იყო განათებული — აბაშიძის მოსკოვური კავშირების წყალობით. აჭარა თითით საჩვენებელი ავტონომიური რესპუბლკა გახდა თბილისთან მოპაექრე, რაც მიუღებელი გამოდგა ცენტრისთვის და ნაცვლად მისთვის ხელშეწყობისა, მასთან ბრძოლა გამოაცხადა უპირველეს ამოცანად.

საქართველოს მოყვარული, პატრიოტი აბაშიძე უმალ იქცა თურქეთის ფაშად, რუსეთის გენერლად, ადამიანად, რომელიც არ რიცხავს ფულს თბილისში, რის გამოც საქართველოს პენსიონერებს პენსიას უზღუდავს. ცენტრმა ანტიასლანური პროპაგანდა ისეთ ზენიტში აიყვანა, რომ ხალხი დაარწმუნა აბაშიძის მზაკვრობაში. ცენტრმა შეიარაღებული ლაშქარიც მიაყენა აჭარის ადმინისტრაციულ საზღვრებს და რომ არა რუსეთის სამხედრო ბაზის პოზიტიური ჩარევა, აჭარაშიც, აფხაზეთის მსგავსად, ბევრი სისხლი დაიღვრებოდა.

ამ ისტორიის გახსენება სისტემატურად თუ არა, იშვიათად მაინც გვმართებს, რათა საბედისწერო შეცდომები არ დავუშვათ. მაგრამ ჩვენი საზოგადოება, უმადურობით აღვსილი, არაფერს ითვალისწინებს და გარკვეული დროის გავლის შემდეგ, ძველს იმეორებს — სააკაშვილის მიერ ცხინვალში დაწყებული ომის სახით, აბაშიძის აჭარიდან გაძევებით აფხაზეთთან პროვოკაციების მოწყობით და ა.შ.

შედეგი? სავალალო — დაკარგული ავტონომიები, გავერანებული ქვეყანა, უმძიმესი სოციალური ვითარება, დასავლეთისადმი მონურ პოზაში ჩადგომა, ყოველივე ეროვნულობის მივიწყება, „ევრორემონტებისადმი“ თაყვანისცემა.

პრეზიდენტმა პუტინმა მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას აღნიშნა იმ ყოველმხრივი ეკონომიკურ-ფინანსური, ჰუმანიტარული ბლოკადის შესახებ, რომელიც დასავლეთმა რუსეთს დაუწესა. მან ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ის საკუთარი მოსახლეობისა და მსოფლიო საზოგადოების თვალში ყოველივე აღნიშნულის გამართლებას ყალბი ინფორმაციების გავრცელებით ცდილობს და შედეგსაც აღწევს.

78 მილიონი დოლარი გამოუყო აშშ-ა უკრაინას ტყუილების გავრცელებაში და მანაც არ დააყოვნა — 3 მილიონზე მეტი ვიდეო-ფეიკით, სადაც საკუთარი დანაშაული, რუსეთის არმიის დანაშაულად წარმოაჩინა.

პროპაგანდას უდიდესი მნიშვნელობა აქვს მოსახლეობის ტვინებზე ზემოქმედების საქმეში. ის უმაღლეს მიზანს მაშინ აღწევს, როდესაც სახელმწიფო სხვა, ალტერნატიულ ინფორმაციას ბლოკავს და თავისთვის სასურველს უშვებს, რასაც ამჯერად აქვს ადგილი საქართველოში. საქართველოს მოსახლეობას წაართვეს რუსული ტელეარხების ყურების საშუალება.

ტყუილი ინფორმაციების გავრცელებაში შევარდნაძის ხელისუფლება უდავოდ გამოირჩეოდა. სწორედ მისი განკარგულებით საგარეო უწყებას დაევალა ამერიკული ჟურნალი „თაიმისთვის“ ინტერვიუს მიცემა ასლან აბაშიძის საწინააღმდეგოდ. მიზანი — უცხოეთის ჩართვა შიდა დაპირისპირებაში, საქართველოს მოსახლეობის ანტიასლანურად განწყობა — ხედავთ, რა ნაძირალასთან გაქვთ საქმე, ამერიკელებიც რომ შეშფოთებული არიანო.

კორესპონდენტს ინტერვიუ მისცა საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანმა, რომელმაც გვარის გამოქვეყნება არ ისურვა და რა დააწერინა მან ჟურნალისტს? დააწერინა, რომ ასლან აბაშიძე ნარკოტრეფიკორია, რომ მისი შვილიშვილი ნარკობარონი. და ეს მაშინ, როდესაც შვილიშვილი რიკარდო ორი თვისაც არ იყო. მაშინ, ჩემი მოთხოვნით, როგორც პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, პარლამენტის სხდომაზე მოვიწვიეთ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, პასუხის გასაცემად და ჟურნალ „თამიმ“-ში გამოქვეყნებული სტატიისთვის ჟურნალის მიერ ბოდიშის მოსახდელად.

ამ პროცედურას თითქმის ერთი თვე დასჭირდა. ჟურნალმა ბოდიში არ მოიხადა და მიღებულ ინფორმაციას გადააბრალა, თუმცა დაგვპირდა, რომ მომავალში მსგავსს ადგილი არ ექნებოდა.

მეორე შემთხვევასაც ჰქონდა ადგილი, როდესაც იმავე სამინისტრომ საფრანგეთის სახელმწიფო ტელევიზიას შეუკვეთა აჭარაში ნარკოტიკების „ბუმის“ შესახებ სიუჟეტის მომზადება და მანაც ერთსაათიანი გადაცემა გაუშვა საფრანგეთის ტელევიზიით, რომელიც აქაურობამ უმალ აიტაცა და საქართველოს მოსახლეობას აჩვენა აბაშიძის „შავი საქმენი“.

აბაშიძის მიერ შექმნილი იურიდიული კომისიის წევრები პარიზშიც ჩავიდნენ ტელეკომპანიის საქციელის გასამართლების მიზნით, რომელმაც ბოდიში მოიხადა, სასამართლოში საქმის აღძვრის სანაცვლოდ.

ზემოთ აღვნიშნე, რომ შიგადაშიგ არცთუ ისეთი შორეული წარსულის გადახედვა აუცილებელია, როდესაც ქვეყნის მართვის სადავეებთან დგახარ. სამწუხაროდ, ამას გვერდი აუარა ივანიშვილმაც და „ვარდების რევოლუციას“ მხარი დაუჭირა. რომ არა მისი ფინანსური დახმარება სააკაშვილისა და მისი ნაცებისთვის, ისინი ვერ გაძლებდნენ დიდხანს ხელისუფლებაში.

ივანიშვილმა დააფინანსა ჯარი, პოლიცია, ადმინისტრაციული ორგანოები, სახელმწიფო აპარატი და ბოლოს ისიც თქვა — თქვენ რომ სოროსი გეგონათ დაფინანსების წყარო, ის სოროსი მე ვიყავიო.

2004 წლიდან დაწყებული 2011 წლის ჩათვლით ივანიშვილი მჭიდროდ თანამშრომლობდა სააკაშვილთან და მის გუნდთან, და ყველაფერი კარგად იცოდა რა ხდებოდა ქვეყანაში, მაგრამ „კუკუ“-მალობანას პოზაში იყო ჩამდგარი, ვიდრე სააკაშვილისგან პირადი შეურაცხყოფა არ იგემა.

შეურაცხყოფილმა საჯაროდ, ტელევიზიით განაცხადა, რომ მოდის პოლიტიკაში, ვინაიდან ხედავს, რომ სამშობლოს კარგავს. 2004 წლიდან, 2011 წლამდე დიდი დრო იყო გასული, სრულიად საკმარისი სააკაშვილის საზიზღრობების დასანახავად, მაგრამ არა, ვიდრე პირადი შეურაცხყოფა არ მიიღო, „ვერ“ დაინახა.

სააკაშვილთან მიმართებაში ივანიშვილი დასაწყისში ისეთ გეგმებს ისახავდა, რაც მოგვიანებით ახალი პარტიის „ოცნების“ შექმნაში განივთდა. ივანიშვილი, ახალ პარტიას არ შექმნიდა, სააკაშვილი და ნაცები რომ ისეთ მორჩილებაში ყოფილიყვნენ მისდამი, როგორც „ოცნება“.

სააკაშვილი, ამბიციებით გაჟღენთილი და აშშ-ს მიერ მფარველობაში აყვანილი, ვერ დაუთმობდა ივანიშვილს ქვეყნის მართვის სადავეებს; ვერ ჩაიყენებდა თავს „ვარდების რევოლუციის“ ორგანიზატორი (აშშ-თან ერთად) ივანიშვილის მონად, ისეთად, როგორიც დღევანდელი ხელისუფლებაა.

გამსახურდიას დროს გაღვივებულმა პროვინციულმა ნაციონალიზმმა და რუსოფობიამ ფართო გასაქანი ჰპოვა სააკაშვილის დროს, რომელსაც დიდი დახმარება გაუწიეს აშშ-ს სპეცსამსახურებმა. მიზანი? — საქართველოს სამუდამო ჩამოშორება რუსეთისგან; საბჭოთა წარსულის კატეგორიული დაგმობა; სტალინზე იერიშის მიტანა; ქართველი ახალგაზრდების გადასავლეთელება, მათთვის რუსეთის შეძულება და ა.შ.

მილიონობით დოლარი დახარჯა აშშ-ა საქართველოს გადაგვარებაში. შედეგი სახეზეა. დღევანდელი საქართველო — ანტირუსულად აღზრდილ-განწყობილი, დასავლური ცრუ ინფორმაციით გამოკვებული, ხალხში თვით ამ სიცრუის გამავრცელებელი, ხედავს ერთს — რუსეთის მტრობას, აგრესიას, რუსეთის ოკუპანტობას არა მარტო საქართველოს ტერიტორიის, არამედ უკრაინის.

მოსახლეობის 82% მხარს უჭერს უკრაინას და მაქსიმალურად ეხმარება მას, თვლის რა ამ აქტს პატრიოტულ საქმედ. და ეს მაშინ, როდესაც საკუთარი უპოვარი, მშიერ-მწყურვალი, მათ შორის ბავშვები წლებია უყურადღებოდ ჰყავს მიტოვებული.

ის, არ კითხულობს — ვის ეხმარება. ის, არ თვლის უკრაინის დღევანდელ ხელისუფლებას ნეოფაშისტურად, ჰიტლერთან მოთანამშრომლე ბანდერა-შუხევიჩის პოლიტიკის გამტარებლად, ფაშისტური მეთოდებით საკუთარი ხალხისთვის გენოციდის მომწყობად.

8 წელიწადია უკრაინის არმია ცეცხლს უშენს დონეცკსა და ლუგანსკს, რათა დააჩოქოს ისინი, აიძულოს დატოვონ მშობლიური მიწა. და რატომ? — იმიტომ, რომ მათ სურთ მშობლიურ რუსულზე ილაპარაკონ, იშრომონ და იცხოვრონ თავისუფლად ყოველგვარი ფაშისტური პრესის გარეშე, მაგრამ შედის კი ასეთი, აშშ-ს, „კოლექტიური დასავლეთის“ გეგმებში? ცხადია არა!!!

მათ მიერ მოხდა და ხდება უკრაინული ნაციზმის აღორძინება, უკრაინის ანტირუსულად გადაკეთება, უკრაინის შეიარაღება და საბოლოოდ რუსეთთან დატაკება. მიზანი დასავლეთისა მარტივია — მეტოქე რუსეთის განადგურება სხვისი ხელით, ამ შემთხვევაში უკრაინელთა.

იმავე მიზანს ისახავდა 2008 წლის ცხინვალის ომიც, თუმცა ნაკლები მასშტაბებით, ანუ რუსეთის სამხრეთ საზღვრებთან მუდმივი ცხელი წერტილების აგიზგიზებით.

აშშ-ი, რომ უკრაინას რუსეთთან საომრად ამზადებდა, იქ ჩატანილი შეიარაღებაც მეტყველებს. ფაშისტებისგან განთავისუფლებულ საწყობებში, რუსეთის ჯარმა აუარება რაოდენობის „ჯაველინები“, სხვა ლეტალური იარაღი, ტყვია-წამალი აღმოაჩინა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 4000-ზე მეტი სამხედრო ობიექტია განადგურებული რუსეთის ჯარის მიერ. გამილიტარისტებული უკრაინა ნეტავ ვისთან აპირებდა ომს, თუ არა რუსეთთან? ნეტავ, რისთვის ამზადებინებდნენ მას ბირთვულ ბომბს? რისთვის განათავსეს ამერიკელებმა ბიოლოგიური იარაღის შექმნის ცდების მწარმოებელი 30 ლაბორატორია?  — რუსეთზე იერიშის მიტანისთვის.

არც ერთი სახელმწიფო, მითუმეტეს დიდი, არ დაუშვებდა მის წინააღმდეგ აგორებული საფრთხის რეალობაში გადაყვანას. რუსეთმა დაასწრო ამერიკულ-დასავლურ თავდასხმას, რაც გასაკვირი არ ყოფილა, ვინაიდან დონეცკ-ლუგანსკთან მიყენებული უკრაინული არმია მარტის შუა რიცხვებში გეგმავდა ამ რეგიონების გაცამტვერებას.

მოდით დავსვათ კითხვა — ვინ შეუწყო ხელი რუსეთის ოკუპანტობას საქართველო-უკრაინაში? სააკაშვილ-იუშჩენკო, პოროშენკო, ზელენსკის ხელისუფლებამ — პროვინციული ნაციონალიზმით გაჟღენთილმა, რუსოფობიით დაავადებულმა. ორივეს ერთიდაიგივე ბაცილა გვაქვს შეყრილი. ორივეს ეს ბაცილა მუდამ გვქონდა — მიძინებული, რითაც ისარგებლა ჩვენმა „სტრატეგიულმა“, „საყვარელმა“ პარტნიორმა (პარტნიორებმა) და ისე გამოაღვიძა, ისტორიაც დაგვავიწყა და თავიც. ისინი თავისაზე ფიქრობდნენ, თავიანთ გეგმებზე. ქართველები და უკრაინელები მათთვის ყოველთვის იყვნენ და იქნებიან რუსეთთან დაჭიდების იარაღად და არა მეტად.

უკრაინის ომი აშშ-ა მსოფლიო ომად გაბერა და მასთან ერთად ეკონომიკურ ომად გადააქცია.  ხედავთ, რამხელა მნიშვნელობას ანიჭებდნენ აშშ-ი ანტირუსულ უკრაინას, რომ მილიარდებსაც არ იშურებენ უკრაინის დასახმარებლად, მისთვის იარაღის მისაწოდებლად? მათ აამუშავეს ყველა ხერხი მოკავშირეების ანტირუსულად დასარაზმად და ფეიკ-ინფორმაციით ისე გამოულაყეს ტვინი, რომ ყველამ, რუსი, ლამის მსოფლიო რუკიდან განდევნა, მაგრამ რუსეთის შეჭმის პროცედურა ყელში გაეჩხირათ და ჰაერის უკმარისობით სულს ღაფავენ.

ვაშინგტონ-ბრიუსელ-ტოკიომ, სხვებმა ვერ გათვალეს, რომ მსოფლიო ტერიტორიის ერთი მეექვსედის გარიყვა, მისი იზოლაციაში მოქცევა შეუძლებელია, მითუმეტეს როდესაც მთელი მსოფლიოს მრეწველობა, სოფლის მეურნეობა რუსეთის წიაღისეულზე და მარცვლეულის მოსავალზეა ჩამოკიდებული.

ამერიკელთა მიერ რუსეთის ეკონომიკის დანგრევის გეგმამ ბუმერაგივით შეუტია თვით ამერიკას, ევროპის ქვეყნებს, მსოფლიოს, რასაც თან ახლავს საწვავზე, მედიკამენტებზე, კვების პროდუქტებზე ფასების კატასტროფული მატება. აშშ-ი ინფლაციამ 8% გადააჭარბა, ისე, როგორც ბენზინის ფასებმა — ზოგ შტატში 8 დოლარს.

ევროპაში გაზის ფასმა — 4000 დოლარს ათას კუბურ მეტრზე. იხურება საწარმოები, გაჩნდა უმუშევრობა და მასთან ერთად მოსახლეობის უკმაყოფილება. ცხადია, რუსეთიც შავ დღეშია, მაგრამ ისტორიულად ის გაცილებით გამძლეა, ვიდრე ნაზი დასავლეთი.

უკრაინის კრიზისმა საბოლოოდ დაასამარა გლობალიზაცია — ესოდენ ნალოლიავები ამერიკელების მიერ და ამერიკულად გადაკეთებული. შექმნა მსოფლიო კრიზისი, რომლიდან გამოსვლა ყველას გაუჭირდება, მითუმეტეს თუ რუსეთის ბლოკადა გაგრძელდება. გაწყდება აქამდე არსებული რუსეთ-დასავლეთის ეკონომიკურ-ფინანსური ურთიერთობები, რაც მსოფლიოს არ წაადგება.

რუსეთი შექმნის თავის ეკონომიკურ-საფინანსო სისტემას, აამუშავებს რესურსებს, აქამდე გამოუყენებელს, ამის ისტორიული გამოცდილება აქვს.

სტალინის მაგალითი წინ უდევს — კავიდან, ატომურ ბომბამდე და კოსმოსში გაჭრამდე. 10 წელიწადში მოახერხა სტალინის საბჭოთა კავშირმა ისეთი პოლიტიკურ-ეკონომიკური სისტემის შექმნა, რომელმაც დაამარცხა კაცობრიობის შავი ჭირი — ფაშიზმი. ფაშიზმის დამმარცხებელი რომ ვერ აიტანდა მის მეზობლად ფაშიზმის აღორძინებას, განა ძნელი გამოსაცნობი იყო?

უდავოდ, არა. მაგრამ, როდესაც გონგამოცლილი პოლიტიკოსების რაოდენობა საღად მოაზროვნეებს აჭარბებენ აშშ-სა და მის თანამგზავრ ქვეყნებში, შედეგიც ისეთი იქნება, როგორიც დღეს! — მსოფლიოს კრიზისი.

და ჩვენ, აბსოლუტურად ჩაუხედავი საერთაშორისო ცხოვრების ყოველდღიურ რეალობაში, უკრაინის დროშის ფრიალით, ჰიმნის დაკვრით, პრეზიდენტის მიერ უკრაინის ხელისუფლებისადმი და დასავლეთის ანტირუსული პოლიტიკისთვის მხარდაჭერით ვაპირებთ ფონს გასვლას?!

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი

19/03/2022