ისტორიული ობიექტურობის გარეშე არ აეწყობა ქვეყანა

წინა სტატიებში ვწერდი, საქართველოს პოლიტიკური კურსის ძირფესვიანი შეცვლის თუ არა ნაწილობრივი შეცვლის თაობაზე და იმასაც აღვნიშნავდი, რომ დასავლეთიდან ჩრდილოეთისკენ შებრუნების ჩემეული და არა მარტო ჩემეული იდეა რუსეთის სიყვარულით კი არა, საქართველოს მოსახლეობის ფიზიკური განადგურების მოახლოებული პერსპექტივის — არა ზეგინდელის, არამედ დღევანდელის და ხვალინდელის თავიდან აცილების სურვილით იყო და არის გამოწვეული.

მსოფლიოში მრავალი პატარა, ზეპატარა სახელმწიფოებია, რომელთა ეკონომიკურ-სამხედრო პოტენციალი ვერასდროს გაუტოლდება საშუალო და დიდი სახელმწიფოებისას. მაგრამ პატარებს ახასიათებთ მეტი პოლიტიკურ-დიპლომატიური მოხერხებულობა, ლავირების ალღო — შექმნილი ისტორიული ვითარებით გამოწვეული.

საქართველოც პატარა ქვეყნების რიცხვს მიეკუთვნება, რაც თავისთავად მეტი დრეკადობის, პოლიტიკური ლავირების გამოვლინების აუცილებლობას უნდა კარნახობდეს მის ხელისუფლებას, პოლიტიკურ ელიტას, რასაც სამწუხაროდ ადგილი არ აქვს. რასაც ვხედავთ, ხელისუფლება-ოპოზიციის ფანატიზმამდე ასული ევროატლანტიკური სივრცისადმი თავდავიწყებული დამოკიდებულებაა, რამაც თავისთავად, პოლიტიკური ლექსიკონიდან განდევნა პოლიტიკური ვექტორის შეცვლის გაფიქრებაც კი,  უფრო მეტიც, დასჯადად გამოაცხადა აღნიშნულის მსურველთა განცხადებები.

30 წელია საქართველო დასავლური ინფორმაციული პროპაგანდის ტყვეა, ისე, როგორც დასავლელთა, კერძოდ ამერიკელთა მიერ ტვინგამორეცხილი ქართული პოლიტიკის, არასამთავრობო სექტორის, ჟურნალისტიკის, პოლიტოლოგიის.

დასავლური და  აქაური პროპაგანდა, რომელიც 30 წლის განმავლობაში ზემოქმედებას ახდენს საქართველოს მოსახლეობაზე უმაღლეს მწვერვალებს აღწევს დღეს — უკრაინის მოვლენებიდან გამომდინარე. პროპაგანდის, ცრუსა და ფალსიფიცირებულის ძალა განუსაზღვრელია, ვინაიდან ის ცალმხრივად ეფინება ხალხის ტვინებს მასობრივი ინფორმაციის ისეთი საშუალებებიდან, როგორებიცაა ტელევიზია, რადიო, ბეჭდური მედია — დასავლურად გამსჭვალული, დასავლეთის მონა-მორჩილი.

ინფორმაცია ცალმხრივია, არადა, გლობალიზაციის პირობებში ინფორმაციისადმი ესოდენ არაჯანსაღი მიდგომა, მე ვიტყოდი დანაშაულებრივი, ფართო საზოგადოებას ართმევს სხვა ინფორმაციის, სხვა აზრის მოსმენის უფლებას, რაც ადამიანის დეკლარირებული უფლებების უხეში დარღვევაა.

თუმცა, როდესაც ადამიანის უფლებების პირველი დამცველი და მისი გაგებით დემოკრატი ქვეყნის პრეზიდენტი, დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი ბაიდენი ხმამაღლა, საჯაროდ აცხადებს, რომ რუსეთზე ჯერ-ჯერობით ვერ მოიპოვა ეკონომიკური სანქციების შედეგად ამ უკანასკნელის ეკონომიკური განადგურება, მაგრამ ანტირუსულმა კამპანიამ აშშ-სა და მის მოკავშირეებზე სერიოზულად იმოქმედა. საინფორმაციო ომში მან მოუგო რუსეთს, თანაც ისე, კარგა ხანს რომ წელში ვერ გაიმართება.

რა სახის მოგებასთან გვაქვს საქმე? არა ისეთთან, პატივცემულო მკითხველო, თქვენ რომ იფიქრეთ — აზრთა, ინფორმაციათა დემოკრატიული, თავისუფალი შეჭიდება, როდესაც ორი ინფორმაცია უპირისპირდება ერთმანეთს ეთერში, პრესაში, ხოლო მსმენელი, მკითხველი თვით აფასებს რომელია ტყუილი და მართალი.

სპორტის ენაზე რომ ვთქვათ, მაგალითად ფეხბურთის — ობიექტური მსაჯობის შედეგად მატჩს იგებს ის, ვინც ძლიერია. არაობიექტურობის დროს საწინააღმდეგოდ ხდება. ზუსტად თუ არა, დაახლოებით ასეთ ვითარებასთან გვაქვს საქმე დღეს, როდესაც „დემოკრატმა“ ბაიდენმა აუკრძალა ერთადერთ რუსულ ტელეკომპანია RT-ს აშშ-ში მაუწყებლობა და მოუწოდა მოკავშირეებს ანალოგიური მოქმედებისკენ.

ძალის გამოყენებით რუსული ინფორმაციის გადაკეტვა ევროატლანტიკური სივრცისთვის დიდი შედეგის მომტანი გამოდგა. ცალმხრივი ინფორმაციით, ცხადია ანტირუსულით გაბრუებული და ტვინგახურებული ამერიკა-ევროპის მოსახლეობა გაახელა რუსი ტურისტების, ხელოვნების მუშაკების, იქ მყოფი რუსი სტუდენტების, ბიზნესმენების, იქ მცხოვრები რუსების წინააღმდეგ და ლამის ყოველდღიურ ხელჩართულ შეხლა-შემოხლაში გადაიყვანა, რუსული მაღაზიების რბევაში; რუსი კლასიკოსების ტოლსტოის, დოსტოევსკის, ჩეხოვის, სხვათა ტომების ფეხით გათელვაში; რუსი მომღერლების, კომპოზიტორების, დირიჟორების ევროპა-ამერიკის თეატრალური ცხოვრებიდან მოკვეთაში; რესტორნებსა და სასტუმროებზე „რუსებს არ ვემსახურებით“ აბრების გამოკვრაში და სხვა.

რუსები გადაიქცნენ ფაშისტურ გერმანიაში მცხოვრებ ებრაელებად, რომელთაც სპეცსამკლაურებს უკეთებდნენ ტანსაცმელზე გერმანელთაგან გამოსარჩევად და დასასჯელად.

არის თუ არა ევროპის მოსახლეობის ერთობ აგრესიული გამოხდომა რუსი მოქალაქეების წინააღმდეგ გასაკვირი? უდავოდ, არა. და რატომ? როდესაც ქვეყნის პოლიტიკა, საინფორმაციო წყაროების საშუალებით დღენიადაგ გტენის ცალმხრივ ინფორმაციას — რუსი აგრესორები ბომბავენ უკრაინის ქალაქებს, კლავენ ქალებს და ბავშვებს; ანგრევენ სამშობიარო სახლებს და ა.შ. ნებისმიერი ევროპელი თუ ამერიკელი ამ ცრუ ინფორმაციას აყოლილი — სხვა ინფორმაციის მიღების საშუალება მათ წაართვეს, ანტირუსულად აინთება.

ჯანდაბას მათი თავი, — ვიტყვით ჩვენ, მაგრამ „ჯანდაბა“ რომ არ მოქმედებს და ჩვენი ხელისუფლებაც ამ გზას ადგას, მაშინ რა ვქნათ? ჩვენმა ხელისუფლებამაც გაგვითიშა რუსული ტელეარხები, ნამდვილი ინფორმაციის საშუალება მოგისპო. ნაცვლად გვასმენინებს ცრუ უკრაინულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, რუსეთის არმიამ 12000 ჯარისკაცი დაკარგა და მასთან ერთად „დაპყრობილი“ ტერიტორიების ნაწილი; რუსეთის ხელისუფლებაში დიდი ჯახია; პუტინის დღეები დათვლილია; რუსეთის ეკონომიკა განადგურებულია; რუსეთი შიმშილობს და სხვა მსგავსი ტყუილები, რომელთა მიზანი მარტივია — რუსი მოსახლეობის ტვინის გამორეცხვა და საკუთარი ხელისუფლებისთვის რევოლუციის მოწყობა.

უკრაინული საინფორმაციო მანქანა, ბრიტანეთის პირმშოა, ამ უკანასკნელის შექმნილი და დაპურებული. რა არის რეალობა? რეალობა ისაა, რომ მოსახლეობის გამოკითხვის მიხედვით, ის მხარს უჭერს პრეზიდენტ პუტინს — 75%. ანალოგიური გამოკითხვა, ოღონდ აშშ-ი გვაუწყებს პრეზიდენტ ბაიდენის პოპულარობის — 36,6%, რაც უნიკალურია აშშ-ს პრეზიდენტობის ისტორიაში, ანუ ძალიან დაბალი.

ახლა დავსვათ კითხვა — ვინ გაიმარჯვა საინფორმაციო ომში? დაინახავს ამ „გამარჯვებას“ საქართველოს ხელისუფლება? მეეჭვება და ამ ეჭვს მიძლიერებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პაპუაშვილის წერილი მისი უკრაინელი კოლეგისადმი, სადაც ჩვენი მხარის ზერევერანსული პოზიციაა ხაზგასმული.

არადა ბოლოდროინდელი (30-წლიანი) საქართველო-უკრაინის ურთიერთობები გვკარნახობს, რომ უკრაინასთან ენის მოჩლექვით ლაპარაკი არ გვამართებდა, არც თავის მართლებით, ვინაიდან თუ ვინმეს აქვს თავი გასამართლებელი — ეს უკრაინაა, რომელმაც თავს ლაფი დაასხა საქართველოს ხელისუფლებას და კრიმინალი სააკაშვილი, მისი ასევე კრიმინალი თანაგუნდელები დიდსულოვნად შეიფარა უკრაინაში. და არათუ შეიფარა, არამედ მოქალაქეობაც აჩუქა, მაღალ თანამდებობებთან ერთად.

უკრაინას, როდესაც გვიჭირდა, ჩვენთვის არც ფული შეუგროვებია და არც მედიკამენტები ან კვების პროდუქტები, სხვას აღარ ჩამოვთვლი. ჩვენ კი რა გვჭირს? ნუთუ ვერ ვხვდებით, რომ უკრაინის დღევანდელი ხელისუფლების დახმარება — ფაშიზმის დახმარებაა? ნუთუ ვერ ვხვდებით, რომ უკრაინელი ფაშისტების გვერდში იარაღით დგომა, დამღუპველია არა მარტო უკრაინისთვის, არამედ თვით ევროპის, მსოფლიოს, საქართველოსთვის?

ვინ იფიქრებდა, რომ მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმის განადგურებისა და ნიურმბერგის გასამართლების შემდეგ, ფაშიზმი დაიწყებდა აღმოცენებას?

ვინ იფიქრებდა და აშშ—ევროპა, ჩვენ რომ დემოკრატიული იდეების მატარებლები და დამცველები გვგონია. დემოკრატიის, ადამიანის უფლებების დაცვის ლოზუნგებით მომარჯვებული ევროატლანტიკური სივრცე ფაშიზმის აღორძინებით, ახალ-ახალი ვირუსების გავრცელებით იბრძვის საკუთარი მორყეული პოზიციების განსამტკიცებლად.

ამ ბრძოლის უპირველესი მიზანი ისტორიული მტერი რუსეთია, რომლის დაჩოქების შემდეგ ჩინეთზე გადავა, პარალელურად იმ ქვეყნების განადგურებაზე, რომლებიც ისე არ აზროვნებენ, როგორც აშშ-ევროპა. მაგრამ აქვს კი ამის გააზრების უნარი ოქრუაშვილს და მისთანებს, რომლებიც უკრაინაში იბრძვიან?

ცხადია არა! ოქრუაშვილმა თავისი „დახვეწილი“ რუსულით უკვე ილაპარაკა უკრაინის ტელეჟურნალისტთან, რომელიც უმალ აიტაცა რუსულმა ტელეარხებმა. მერე რა? მერე ის, რომ საქართველომ დიდი მინუსი ჩაიწერა რუსეთის თვალში.

ღარიბაშვილის გადაწყვეტილების შემდეგ, რომ რუსეთს სანქციებს არ დაუწესებდა, ოქრუაშვილის პროვოკაციული გამოხდომა არ წაადგება ჩვენს ქვეყანას.

სრულიად ვიზიარებ ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელის გულბაათ რცხილაძის დადებით შეფასებას ღარიბაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით. ვიზიარებ იმასაც, რასაც ის ამბობს, რომ ეს ნაბიჯი, სხვა დადებითი ნაბიჯებით უნდა გამაგრდეს. ჩემის აზრით, მთავრობის წევრებმა მაინც წერტილი უნდა დაუსვან რუსეთის ლანძღვა-გინებას. ამ საქმეში ისინი ვერასდროს აჯობებენ ოპოზიციას, ხოლო საქართველოს სამომავლო საქმეს გააფუჭებენ.

ხელისუფლებამ მკაცრი გაფრთხილება უნდა მისცეს იმ ტელეოპერატორებს, ვინც ვოლუნტარისტულად გაუთიშა რუსული ტელეარხები მომხმარებლებს. ხელისუფლებამ უნდა ალაგმოს უკრაინული დროშების ფრიალი და მისცეს საშუალება იმათ, ვინც ობიექტურ ინფორმაციას მიაწვდის მოსახლეობას

ხელისუფლებამ ყური უნდა აუწიოს სასტუმროებისა და რესტორნების მეპატრონეებს იმ უწმაწური წარწერების გაკეთებისთვის, რუს ტურისტებს რომ შეურაცხყოფას აყენებს და არა მარტო მათ, არამედ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც თვალწინ უფრიალებენ უწმაწურ წარწერებს — „რუსკიე, იდიტე ნა ხ..ი“.

ჩვენ აინუნშიც არ ვაგდებთ უმნიშვნელოვანეს ჭეშმარიტებას, რომ საქართველო ტურიზმით ცხოვრობს. გავუშვებთ რუსს „ნა ხ..ი“ და ჩვენც იმავე გზას დავადგებით, ვინაიდან აქ ჩამოსული რუსი ტურისტები 3-ჯერ და 4-ჯერ აჭარბებენ სხვა ქვეყნებიდან ჩამოსულებს. გავუშვებთ რუსებს „ნა ხ..ი“ და შეგვეზღუდება ექსპორტი რუსეთში. ზოგი ტვინგაყინული ქართველი მოგვიწოდებს არ შევიძინოთ რუსული პროდუქცია და ამით დავარტყათ რუსეთის ეკონომიკას. და მერე რა? ეს დარტყმა ხომ ბუმერანგივით დაგვიბრუნდება — არაფრის მწარმოებელ და მხოლოდ მომნელებელ საქართველოს?

ამერიკა-ევროპის სანქციების დაწესებამ არა მარტო რუსეთს გაუჩინა პრობლემები, არამედ თვით მათ. აშშ-ში გალონი ბენზინის ფასმა ზოგ შტატში 8 დოლარს გადააჭარბა, ევროკავშირში — 2.5 ევროს. ხოლო გაზის ფასმა დიდი ხანია გადალახა 4000 ევროს ზღვარი 1000 კუბ.მეტრზე და ეს მაშინ, როდესაც რუსეთს კონტრსანქციები არ დაუწესებია. ის, ძველებურად აწვდის ენერგომატარებლებს ევროკავშირის ქვეყნებს.

მძიმე მდგომარეობაა ხორბლით მომარაგებაში. მარტის ბოლოს ევროკავშირს ეწურება ხორბლის მარაგები, რომელსაც ის რუსეთისგან იღებს და იმ შემთხვევაში თუ რუსეთი უარს იტყვის ხორბლის მიწოდებაზე, რა მოხდება? მარტივი რამ — შიმშილი! ვინაიდან ხორბლის ბაზარი შეზღუდულია და ყველა მიმწოდებელი ფასებს გაზრდის.

რის იმედზე ვართ ჩვენ? ხელისუფალთა ოპტიმიზმი რომ საფუძველს არის მოკლებული, ბენზინზე ფასების აწევაც ადასტურებს და მასთან ერთად მედიკამენტებსა და პირველადი მოთხოვნილების კვების პროდუქტებზეც — დასავლეთში ძვირადშეძენილი პროდუქცია, რომ საქართველოში ათჯერ ძვირად გაიყიდება — ეჭვი არვის ეპარება, ჩვენი ბიზნესმენების წყალობით.

დასაწყისში ვახსენე პოლიტიკური ვექტორის შეცვლა. რას ვგულისხმობდი? მარტივ რამეს — ქვეყნის შიმშილისგან გადარჩენას. რუსეთის, დსთ-სთან ურთიერთობების ძველ დონეზე აღდგენას, რის გარეშე გამოუვალ დღეში ჩავვარდებით.

დასავლეთთან 30-წლიანმა დამოკიდებულებამ გაანადგურა ქვეყანა — საბჭოეთის დროს მოწინავე მთელს კავშირში და არა მარტო. 30 წლის განმავლობაში თუ ამერიკულ-ევროპული ინვესტიციებით აშენებულ თუნდაც ერთ მსხვილ საწარმოს დამისახელებთ, მადლობას გეტყვით.

30 წელი ცოტა არ იყო სერიოზული პროექტების განხორციელებისთვის, მაგრამ მსგავსი მათ თავში არ მოსვლიათ. რაც მოუვიდათ — ლუგარის ბიოლოგიური ლაბორატორიაა აქაურებზე ექსპერიმენტების ჩასატარებლად. 30 წლის განმავლობაში რაც მათ მოახერხეს, არსებული მრეწველობის, სოფლის მეურნეობის, კულტურის, ხელოვნების, მეცნიერების, განათლების, მენტალიტეტის განადგურება და მოშლაა. ნაცვლად — ლგბტ-ს იდეების თავსმოხვევა, ერთნაირსქესიანთა ქორწინების პროპაგანდა, ტყუილების ტირაჟირებაა. საქართველო გადააქციეს არამწარმოებელ ქვეყნად, დასავლური, ჩაწოლილი, მდარე პროდუქციის მომნელებლად.

საქართველოს ინტელექტუალური ნაწილი ევროპელი კლასიკოსების, მწერლების, მხატვრების, მეცნიერების, ხელოვანთა ნაწარმოებებზე გაზრდილნი ვერაფრით მიმხდარან, რომ ის ყველაფერი ისტორიას ჩაბარდა. და იქაც უცხოა ის ფართო მასებისთვის.

„დიდმა“ ამერიკამ ისე დააკნინა, გამოაჩლუნგა — ცუდსა და კარგს, სიცრუესა და სინამდვილეს ვერ არჩევს ერთმანეთისგან. წინა პლანზე წამოსწია რევანშიზმის, ფაშიზმის იდეები, რაც არ არის გასაკვირი, ვინაიდან მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმის დამარცხება, მათ საკუთარ დამარცხებად მიიჩნიეს. ისინი ხომ ჰიტლერის არმიის გვერდით ებრძოდნენ საბჭოთა კავშირს?!

ხშირად გვესმის — გაერთიანებული ევროპა, ევროპული ფასეულობები, მაგრამ რას ნიშნავს — ახსნა არ გვესმის, რაც გვესმის მდარე და პრიმიტიულია — ე.წ. ისტორიკოს მასხარაშვილის დონის.

დიახ! ევროპას ჰქონდა ფასეულობები, მაგრამ მასთან ერთად რეაქციონიზმი, ფაშიზმი. არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ ევროპამ მარტო მეოცე საუკუნეში 2 დამანგრეველი ომი „აჩუქა“ კაცობრიობას — მილიონობით მსხვერპლით, ქალაქების ნგრევით, ადამიანთა გაუბედურებით. და როდესაც სრულიად დაუფიქრებლად რაღაც გაურკვეველ ფასეულობებზე ვღაღადებთ, ეს ორი ომიც არ უნდა დავივიწყოთ, არც საუკუნეების მიღმა წარმოებული ჯვაროსნული. ვგონებ საკმარისია, რომ გავაგრძელო ფურცელი არ მეყოფა.

გაფეტიშება ცუდის მომასწავებელია, უპირველესად ქვეყნისა და მისი მოსახლეობისთვის. პოლიტიკოსის, ნაკლებად გათვითცნობიერებულის ისტორიასა და თანამედროვეობაში ტრაგედიაა ქვეყნისთვის, ამ შემთხვევაში ჩვენი ქვეყნისთვის. მაგრამ მსოფლიოს ტრაგედიაა უვიცი პოლიტიკოსების მომრავლება ამერიკა-ევროპაში, რომელთა უგუნურების ნაყოფია რუსეთ-უკრაინის დაპირისპირება; უკრაინის ტერიტორიის საომარ თეატრად გადაქცევა; ორად გაყოფილი ერთი ხალხის ერთმანეთთან დატაკება.

კოლექტიური დასავლეთის ხელწერაა საქართველოში ცენტრისა და რეგიონების დაპირისპირება; საქართველოსთვის ორი ყოფილი ავტონომიის ჩამოშორება, დარჩენილზე — აჭარაზე იერიშის მიტანა; სამეგრელოში სხვაგვარი აზროვნებისთვის ხელის შეწყობა. ტყუილად არ დადიოდა იქ სააკაშვილის მეუღლე, ჰოლანდიელი ქალბატონი რულოესი, რომელსაც  მეგრულიც შეასწავლეს, აქ ჩამოსვლამდე.

დასავლეთის ხელი იგრძნობა სომხებით და აზერბაიჯანელებით დასახლებულ რეგიონებში და არვინ იცის, როდის იფეთქებს მათი ამბიციური მოთხოვნები, ერთ დროს გამსახურდიას ხელით გაღვივებული და საბედნიეროდ სასწაულად შეწყვეტილი.

მაგრამ ამაზე შემდეგ წერილში. დასასრულს, ვურჩევდი ჩვენს ხელისუფლებას გონიერებას და რაც მთავარია ისტორიულ ობიექტურობას, ურომლისოდაც არ აეწყობა თანამედროვე ცხოვრება.

ჰამლეტ ჭიპაშვილი,

პოლიტოლოგი

15/03/2022