22.12.2024

ვინ დაიწყო ომი?

ვინ დაიწყო ომი? ეს კითხვა უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საქართველოში არ ისმება, ვინაიდან საქართველოს მოსახლეობის არცთუ უმნიშვნელო ნაწილი დარწმუნებით იტყვის — კრემლმა და პუტინმა. მიუხედავად ამისა, მაინც დავსვათ კითხვა — ვინ დაარწმუნა საქართველოს მოსახლეობა იმაში, რომ ომი უკრაინაში კრემლმა და პუტინმა დაიწყო?

ამ კითხვაზე პასუხის გაცემა იოლიცაა და ძნელიც. იოლია — იმ შემთხვევაში, როდესაც საერთაშორისო ცხოვრებაში ჩახედულ ადამიანთან ან ადამიანებთან გაქვთ საქმე. ასეთ დროს პასუხი მოკლე, ლაკონური და გასაგები იქნება, მაგრამ ძნელია, როდესაც პოლიტიკაში გაუთვითცნობიერებულ ადამიანთან (ადამიანებთან) გვაქვს საქმე, ასეთთა რაოდენობა დიდია, ჩვენდა და ქვეყნის სამწუხაროდ.

ასეთთან (ასეთებთან) (მაინც რამდენი არიან) ახსნა-განმარტებას აზრი არ აქვს, ვინაიდან ის (ისინი) უკვე დამონებული არიან ე.წ. ჰიბრიდული ომით — გასაგებ ენაზე, დასავლური პროპაგანდის და დასავლური პროპაგანდის მიერ დამონებული ადგილობრივი მედიით.

საქართველოს მოსახლეობას ორმაგი პროპაგანდა ახვევია თავს — კოლექტიური და ამ კოლექტიური დასავლურის მიერ წაქეზებული ადგილობრივი პროპაგანდისტული მანქანა.

ამ ორთა შეჯიბრში რომ ხშირად ადგილობრივი იმარჯვებს, გასაკვირი არ არის და არც საწყენია — კოლექტიური დასავლეთისთვის, რომლის მიზანი მასწავლებელზე უფრო მოხერხებული მოსწავლის გაზრდა, ანუ გამოყვანაა.

დასავლეთის პროპაგანდის „აკადემიამ“, ისეთი ქართული მედია გამოიყვანა, რომელიც ჭორების ტირაჟირებაში არათუ ტოლს არ უდებს სახელგანთქმულ დასავლეთს, არამედ ხშირად აჭარბებს კიდევაც. სიტყვა „გამოყვანა“ უდავოდ შეეფერება დასავლური ყაიდის მასწავლებელ-მოსწავლის ურთიერთობას.

სიტყვა „გამოყვანას“ იყენებენ სოფლის მეურნეობაში — ახალი ჯიშის გამოყვანისას — უკეთესის, წინამორბედზე მეტი ნაყოფის მომცემის. ნაყოფს, ამ შემთხვევაშიც აქვს ადგილი, ოღონდ უმწიფარს, უგემურს და მომწამვლელს.

მცენარის გამოყვანილი ნაყოფი, თუნდაც უვარგისი, ათეულებს და ასეულებს აუშლის კუჭს. დასავლური პროპაგანდის მიერ გამოყვანილი ნაყოფი ათასობით, მილიონობით ადამიანს უმღვრევს ტვინს და მათი სინამდვილეში დაბრუნება შეუძლებელი ხდება.

მართლები იყვნენ ჰიტლერის თანამებრძოლები — გებელსის მეთაურობით, როდესაც პროპაგანდისტულ მანქანას, სამხედროს უტოლებდნენ, ხშირ შემთხვევაში პირველ ადგილზეც აყენებდნენ, ვინაიდან თვლიდნენ, რომ ჯერ არის სიტყვა და შემდეგ იარაღი. სიტყვით გაბრუებული, იარაღს იღებს ხელში და მზადაა მტერთან საომრად, თუნდაც ეს მტერი თავისი ოჯახის წევრი იყოს.

სიტყვამ მომართა ის საკუთარი ოჯახის წევრის წინააღმდეგ. სიტყვამ უთხრა მას, რომ მამა, დედა, ძმა, და, მტრები არიან.

ვისაც მეორე მსოფლიო ომის დროინდელი დოკუმენტური კინოფილმები აქვს ნანახი ან ფაშისტური გერმანიის სამხედრო პარადები — აშოლტილი ჯარისკაცებით, გაყინული სახეებით, მტრის ხოცვით მოწყურებული თვალებით, მთავარსარდლის მოწოდებაზე გაშვერილი მარჯვენით და „ჰაილ“-ის შეძახილებით დამერწმუნება თუ რა ძალა აქვს სიტყვას.

აღნიშნულიდან გამომდინარე გავიმეორებ კითხვას — ვინ დაიწყო ომი? პასუხს აქვე გავცემ, უფრო სწორად გავიმეორებ ამერიკელი პოლიტიკოსის ქალბატონ ჰაბბარდის ნათქვამს — ბაიდენმა! დემოკრატიული პარტიის წევრი ქალბატონი ჰაბბარდი, ამერიკის პრეზიდენტის 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობდა და როგორც იქ ამბობენ, მომავალ არჩევნებშიც აპირებს მონაწილეობას. მაგრამ მანამდე საკმაო დროა დარჩენილი და მისი საჯაროდ გაკეთებული განცხადება ამ ეტაპზე უფრო საინტერესოა, ვიდრე სამომავლო გამარჯვებები, მითუმეტეს, როდესაც ამ ბრალდებას ქალბატონი ჰაბბარდი რუსეთის ირგვლივ შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარების ობიექტურ ანალიტიკურ მოსაზრებასაც ურთავს:

„ბაიდენს რომ პუტინის წინადადება გაეზიარებინა — უკრაინის ნატოში არმიღებასთან, ნატოს აღმოსავლეთით არგაფართოებასთან დაკავშირებით, ომს უკრაინაში ადგილი არ ექნებოდა“.

„პუტინი ითხოვს უსაფრთხოებას. მას საფრთხეს უქმნის რუსეთის საზღვრებთან ნატოს სამხედრო ბაზების განთავსება“.

თანამედროვე ამერიკულ პოლიტიკაში ქალბატონი ჰაბბარდის მსგავსი საღი აზრის მატარებლები ცოტანი არიან. უმრავლესობა, აგრესიით გაჟღენთილი პოლიტიკოსია, რუსოფობიით დაავადებული, პუტინის სიძულვილით აღვსილი.

მათთვის აშშ-ი უნიკალური, სხვა ერებისა და ხალხებისგან განსხვავებული ადამიანებით დასახლებული მოწინავე ქვეყანაა — ყველასგან გამორჩეული, ყველაზე მაღლა მდგომი ინტელექტით, ცხოვრების დონით, ეკონომიკურ-ფინანსური სისტემით და რაც მთავარია სამხედრო ძლიერებით.

ამ უკანასკნელით, რომ აშშ-ი თავს ვერ შეიქებს, დიდი მტკიცება არ სჭირდება.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გაჩაღებულ ომებში მას არსად მოუპოვებია წარმატება. დამარცხება კორეაში, ვიეტნამში, ერაყში, სირიაში, ავღანეთში. დიახ! აშშ-ს ჰყავს კარგად შეიარაღებული არმია, მაგრამ არა ძლევამოსილი.

აშშ-ს არმიის ძლევამოსილება, პროპაგანდის ნაყოფია, ისე, როგორც ამ პროპაგანდის ერთ-ერთი და მძლავრი ნაწილის ჰოლივუდის. ჰოლივუდი ქმნის გმირი ამერიკელი ჯარისკაცის სახეს — უძლეველის, შეუპოვარის, რომელიც ნებისმიერ მტერს ამარცხებს.

პროპაგანდამ გამოიყვანა თბილისში ხალხი უკრაინის მხარდამჭერ მრავალრიცხოვან მიტინგზე. პროპაგანდამ აიძულა რადიო „მაესტრო“ უკრაინის სახელმწიფო ჰიმნის სისტემატურ გადაცემაში; სარეკლამო დაფებზე უკრაინის დროშის გამოფენაში; რუსეთის წინააღმდეგ ლამის 30 წლის წინათ დაწყებული კამპანიის გაათკეცებაში, ვითომდა რუსული პროპაგანდის აღსაკვეთად, რუსული ტელეარხების გათიშვაში. ამ ბოლო ღონისძიების მოთავე სილქნეტის ხელმძღვანელობამ გათიშვის არგუმენტად ხალხი დაასახელა — ხალხმა მოითხოვაო.

ხალხმა მოითხოვა, რომ ჭურში იჯდეს და არ მოისმინოს, ნახოს ალტერნატიული მოსაზრება, ვიდეო-კადრები? გასაკვირია, ერთის შეხედვით, მაგრამ როდესაც ზოგიერთ რადიოში ყურს უგდებ რესპონდენტთა გამონათქვამებს, ხვდები, რომ გასაკვირი არაფერია.

30-წლიანმა ანტირუსულმა კამპანიამ სინამდვილის აღქმის შანსი მოუსპო საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს.

ქვეყნისთვის დამღუპველი მოქმედებაა, როდესაც მავანი რესპონდენტი, უდავოდ ჩაუხედავი ქვეყნის ეკონომიკაში და საერთაშორისო ცხოვრებაში, უკრაინელთა მიმართ სოლიდარობის გამოსახატავად, საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს შეწყვიტოს ყოველგვარი ეკონომიკური კავშირი რუსეთთან, უარი თქვას გაზზე, საწვავზე, პროდუქტებზე და ა.შ., ვინაიდან რუსეთი ოკუპანტი, აგრესორი ქვეყანაა.

სოლიდარობის გამოცხადება ერთი ქვეყნის მიერ, მეორის მიმართ არცთუ იშვიათია თანამედროვე ცხოვრებაში, მაგრამ არცთუ იშვიათად ვიღაცის მიერ მართული. ჩვენს შემთხვევაში რომ მართულია —  მტკიცება არ სჭირდება — ევროატლანტიკური სივრცის მიერ მართული.

წინააღმდეგ შემთხვევაში სხვა საბაბით უნდა გამოსულიყო ხალხი მიტინგზე და არა უკრაინის მხარდასაჭერად. საქართველოს მოსახლეობამ, რომელსაც სოციალურად არასდროს ისე არ გაჭირვებია, როგორც დღეს, მიზანშეწონილად მიაჩნია სხვისი დაცვა, ვიდრე საკუთარი თავის? დაუჯერებელია! და თუ მართლაც ასეა, ვერ ყოფილა ხალხის საქმე კარგად!

მთლად გადაუგვარებია ის დასავლურ და ადგილობრივ პროპაგანდას. ვის უცხადებს მომიტინგე ხალხი სოლიდარობას? უკრაინელ ხალხსო — მიპასუხებს მავანი. კეთილი, მაგრამ უკრაინელი ხალხი არ ცხოვრობს დონბასში? ის, რა სოლიდარობის ღირსი არ არის?

დონეცკსა და ლუგანსკში მცხოვრები, რომ უკრაინის არმიის ყოველდღიურ დაბომბვებს იტანს ბოლო 8 წლის განმავლობაში — სანუგეშო არ არის? მსხვერპლს, რომელსაც ის განიცდის 8 წლის განმავლობაში, გასახსენებელი არ არის?

არის, მაგრამ 8 წლის განმავლობაში საქართველოს „პარტნიორ“ კოლექტიურ დასავლეთს მიტინგის გამართვა არ დაუვალებია და ჩვენც აზრადაც არ მოგვსლია ასეთი.

აი, როდესაც დაგვავალეს, გავმართედ! გავმართედ, მაგრამ არც კი დავფიქრებულვართ, ვის ვუცხადებთ სოლიდარობას, უკრაინის ხელისუფლებას, აშკარად ფაშისტურს, რომელიც გერმანიის ფაშისტებთან კოლაბორაციაში მყოფ უკრაინელ ფაშისტებს, ბანდერასა და შუხევიჩს აღმერთებს; უკრაინის გმირის სახელს ანიჭებს; უკრაინის ქალაქების ქუჩებს მათი პორტრეტებით „ალამაზებს“?!

საქართველოს მოსახლეობის ნაწილმა, განსაკუთრებით ახალგაზრდობამ დაივიწყა ან არ იცის, რომ დიდ სამამულო ომში ფაშიზმთან ბრძოლას 350000 ქართველი მეომარი შეეწირა. ის საბჭოთა კავშირის ომი იყო და არა საქართველოსიო — მეტყვიან.

იმასაც იტყვიან, რომ საქართველოს მოსახლეობა ძალით გაყარეს სამამულო ომში. პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ვოლსკიმ არ ბრძანა — სხვის ომში გაგვყარესო!

ამ ლოგიკით, გერმანიის ფაშიზმი „მშვიდობის მტრედი“ ყოფილა, ომიც არ დაუწყია და არც საბჭოთა კავშირის 26 მილიონი ადამიანი არ გაუწყვეტია.

იმ ფაშიზმის გამოძახილია დღევანდელი უკრაინა.  იმ ომში, ფაშიზმთან მოთანამშრომლე უკრაინელების (რომლებიც მაშინ ამერიკელებმა და კანადელებმა შეიფარეს — სამომავლო მზაკვრული გეგმებისთვის) მემკვიდრეების, რევანშიზმის ბაცილით დაავადებულების ომია ბოლო 8 წლის განმავლობაში დონბასში, რომელიც წინ აღუდგა უკრაინულ ფაშიზმს საკუთარი, ანუ რუსული ენის დასაცავად; საკუთარი ოჯახის, სახლ-კარის დასაცავად.

 8 წლის განმავლობაში კოლექტიური დასავლეთი მორალურ, მატერიალურ, სამხედრო დახმარებას უწევდა ფაშისტური იდეოლოგიის მატარებელ უკრაინის ხელისუფლებას. დღესაც, როდესაც ფაქტიურად უკრაინის არმია და სახელმწიფო სტრუქტურა განადგურებულია, კოლექტიური დასავლეთი იარაღს აწვდის არარსებულ უკრაინულ არმიას. განადგურებულ სამხედრო-საჰაერო ძალებს ნატოს წევრი ქვეყნები თვითმფრინავებს უგზავნიან, მაგრამ სად განალაგებენ მათ?

ადგილიც გამოიძებნა — პოლონეთის სამხედრო ბაზა, საიდანაც განახორციელებენ დარტყმებს რუსეთის არმიაზე. ნაცვლად იმისა, რომ კოლექტიური დასავლეთი დღენიადაგ ზრუნავდეს ვითარების განსამუხტად, პირიქით მოქმედებს, გამალებით აწვდის რა ვირტუალურ უკრაინულ ჯარს ახალ-ახალ იარაღს და არა მარტო.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელიზაბეტ ტრასმა ინგლისელებს მოუწოდა იომონ უკრაინაში, რუსეთის წინააღმდეგ. ცნობილი გახდა ისიც, რომ აშშ-ი, მისი პარტნიორი ქვეყნები გამოიყენებენ უკვე გამოცდილ ხერხს — ისლამისტ ტერორისტებს, რომელთაც გადაისვრიან უკრაინაში.

დასავლეთის სურვილი მარტივია — ომის გაჭიანურება და ისეთივე ვითარების შექმნა, რასაც ადგილი ჰქონდა საბჭოთა კავშირის ჯარის ავღანეთში ყოფნის დროს.

პარალელურად, კოლექტიურმა დასავლეთმა, აშშ-ს ბრძანებით, მკაცრი ეკონომიკურ-ფინანსური სანქციები დაუწესა რუსეთს. უფრო მეტიც, სანქციები დაუწესდა რუსეთის სპორტს, კულტურას, ხელოვნებას, ჟურნალისტიკას, ანუ ყველა იმას, ვისი შევიწროებით ცდილობს დასავლეთი მათ მწყობრიდან გამოყვანას, საკუთარი ხელისუფლების წინააღმდეგ განწყობას, ამბოხებას, რევოლუციას.

ე.წ. დემოკრატიული დასავლეთის მიზანი მარტივია — რუსეთის ხელისუფლების დამხობა. ინგლისის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტრასმა, რუსეთში ვიზიტის შემდეგ განაცხადა — ჩემი ვიზიტის მიზანი იყო რუსი მოსახლეობისთვის მეთქვა, რომ დროა გამოვიდეს პუტინის ხელისუფლების წინააღმდეგ.

ანალოგიური იყო ბაიდენის — აშშ-ს პრეზიდენტის ერთ-ერთი ბრიფინგი, რომელზეც მან ასეთივე მოსაზრება გამოთქვა — მიმართა რა რუს ხალხს და არა მთავრობას.

პოლიტიკაში ჩახედულთათვის კოლექტიური დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ გაჩაღებული სანქციურ-მედიური ომი, სიცრუეს რომ ეფუძნება, გასაკვირი არ უნდა იყოს, ვინაიდან ანალოგიურ სიცრუეს ტირაჟირებდა დასავლეთი ყოველთვის — დასტურად მეორე მსოფლიო ომის წინა პერიოდიც კმარა — „აგრესიული“ საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ აგორებული პროპაგანდით.

მაშინ კოლექტიურმა დასავლეთმა ხელი კრა ფაშისტურ გერმანიას საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ომის გაჩაღებაში. ამჯერად, ის ხელს კრავს ნაცისტურ უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ომში.

ზემოთ ვახსენე პოლონეთის „კეთილი“ განწყობა უკრაინის მიმართ, საკუთარ აეროდრომებზე უკრაინისთვის ნაჩუქარი სამხედრო თვითმფრინავების განლაგებით.

როგორც ჩანს, ნატოს წევრი პოლონეთი ხელს შეუწყობს უკრაინელ მფრინავებს, პოლონეთის აეროდრომებიდან აწარმოონ საბრძოლო ფრენები რუსეთის არმიის წინააღმდეგ. არის თუ არა, ასეთი პოლონური „ხელგაშლილობა“ ნატოს ჩართვა ომში?

რუსეთი არა მარტო ამ თვითმფრინავებს შეებრძოლება, არამედ იმ აეროდრომებსაც დაბომბავს, სადაც ისინი იქნებიან განლაგებული. ეს კი, ომია — მესამე მსოფლიო ომი, რომლისკენაც ასე ქარაფშუტულად მიაქანებს მსოფლიოს, კოლექტიური დასავლეთი, ვითომ დემოკრატიული, ვითომ „საცოდავი“, „უმწეო“, „სუვერენული“, უკრაინის დამცველი. სინამდვილეში რუსეთის განადგურების მსურველი, მისი სიმდიდრეების ხელში ჩაგდებისთვის თავდავიწყებული მებრძოლი.

რუსული სიმდიდრეების ხიბლი იმდენად თვალშისაცემია, რომ გონებას უბინდავს დასავლეთს, რეალობის გრძნობას აკარგვინებს, ტყუილებით ბერავს მსოფლიოს, რათა საკუთარი აგრესია, რუსულით გადაფაროს — არ არსებული რუსული აგრესიით.

დასავლურ პროპაგანდას აყოლილი საქართველოს საზოგადოება ისეა ანთებული, უკრაინაში საომრად მიექანება, რუსეთთან შესაჭიდებლად. შორი გზით აპირებთ პატივცემულებო რუსეთთან ომს. თუ რუსის ჯართან გინდათ დაჭიდება, რა საჭიროა ასობით კილომეტრის გავლა, როდესაც ყურის ძირში გყავთ რუსული ჯარი?

გამძვინვარებული 30-წლიანი რუსოფობიის ფონზე გაზრდილ-გადაგვარებული საქართველოს საზოგადოება, პოლიტიკა ლანძღავს ხელისუფლებას და მოუწოდებს გადადგომისკენ არა იმიტომ, რომ უნიათო მმართველობით, გაუსაძლისი სოციალური ვითარებაა შექმნილი ქვეყანაში, არამედ იმიტომ, რომ საქართველომ სანქციები არ დაუწესა რუსეთს, არ გაუწია სერიოზული დახმარება უკრაინის ხელისუფლებას.

არასდროს გამომითქვამს თუნდაც ოდნავი დადებითი საქართველოს ხელისუფლების მიმართ, პირიქით სისტემატურად ვაკრიტიკებ მის არაპროფესიონალიზმს, უნიათობას, ელიტურ კორუმპირებულობას და ა.შ. მაგრამ ამ შემთხვევაში მივიჩნევ, რომ პრემიერ-მინისტრი მართალია თავშეკავებულ პოლიტიკაში.

ნაცისტური უკრაინის ხელისუფლების მიმართ საქართველოს ხელისუფლების დახმარება გაუმართლებელია, ვინაიდან ავნებს საქართველოს, მის აწმყოს და მომავალს.

შექმნილი ვითარება გვკარნახობს შიდა პოლიტიკური მდგომარეობის სერიოზულ რევიზიას, საგარეო პოლიტიკის გადახედვას, პოლიტიკური ვექტორის შეცვლას.

მოდით რეალურად და არა ზედაპირულად შევხედოთ საკუთარ თავს, ანუ მაკიაჟის გარეშე ჩავიხედოთ სარკეში და თუ ოდნავ მაინც შემოგვრჩა ობიექტურობის შეგრძნება, დავინახოთ რა უმძიმეს მდგომარეობაშია ჩვენი ქვეყანა — ადამიანებისგან დაცლილი, დაპატარავებული, მშიერ-მწყურვალი, გაუნათლებელი, სამეცნიერო-ტექნიკური პერსონალისგან დაცლილი, უბრალო „შავი“ მუშის გარეშე დარჩენილი, მუქთიმჭამელი პარტიებისა და არასამთავრობო სექტორის მიერ დამონებული, კოლექტიური დასავლეთის დაკრულზე მოცეკვავე, სინდის-ნამუს დაკარგული.

შეძლებს ასეთი, მიწასთან გასწორებული ყოფის ფეხზე დაყენებას? ვეჭვობ რომ შეძლოს! მას დახმარება, მორალურ-ფიზიკური დახმარება, მხარდაჭერა სჭირდება, რასაც კოლექტიური დასავლეთისგან ვერ მიიღებს.

30-წლიანი დასავლური გამოცდილება განა ამას არ ადასტურებს?! არც ნეიტრალიტეტი გვიშველის — ადვილად სათქმელი, ძნელად შესასრულებელი. ხსნა მხოლოდ ერთშია — რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაში, დსთ-ში შესვლაში, ყველა იმ კავშირში, რომელიც არის ყოფილ საბჭოთა სივრცეში. ის თუ დაგვეხმარება, თორემ სხვა არვინ შეიწუხებს თავს.

რუსოფობია, რომელიც საქართველოს მოახვია თავს კოლექტიურმა დასავლეთმა აშშ-ს მეთაურობით, სამუდამოდ შეგვაძულებს მეზობელს, რომლის გარეშე საქართველო წელში ვერასდროს გაიმართება.

უკრაინაში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტი ერთის შეხედვით რუსეთ-უკრაინის ომად არის მსოფლიოში და საქართველოშიც წარმოჩენილი დასავლური პროპაგანდისტული მანქანის მიერ, უფრო სწორად ტყუილების, სიცრუის მანქანის მიერ, მაგრამ სინამდვილეში ეს არის კოლექტიური დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ გაჩაღებული ომი.

უკრაინა ამ ომში საბრძოლო მოქმედებების არენაა, საბაბია. არ იქნებოდა უკრაინა, სხვა უკრაინა გამოიძებნებოდა. დასტური ამისა აშშ-ს პრეზიდენტის ბაიდენის კონგრესში გამოსვლაა, სადაც მან მოუწოდა დამსწრე კონგრესმენებს, ამერიკელებს, მსოფლიოს იბრძოლონ პუტინისა და რუსეთის წინააღმდეგ; გაანადგურონ რუსეთის ეკონომიკა, მორალურად, ფიზიკურად გატეხონ რუსეთის ხელისუფლება; დააჩოქონ რუსი ხალხი.

დემოკრატიაც ამას ჰქვია! პირველი დემოკრატი ქვეყნის პრეზიდენტი, რომ სხვა ქვეყნის განადგურებით იმუქრება, უფრო მეტიც ეკონომიკურ-ფინანსურ ნაბიჯებს დგამს მოწინააღმდეგის მოსასპოპად, მოწინააღმდეგის, რომელმაც საკუთარი უსაფრთხოების დაცვა მოითხოვა და არა მეტი — დემოკრატიის მებაირაღედ არ გამოდგება.

მან და მისმა მოკავშირეებმა რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის იარაღად გამოჩორკნას ლამის 30 წელი დაახარჯა — მილიარდობით დოლარით, სამხედრო იარაღით, სამხედრო სპეციალისტებით, ტრენინგებით და ა.შ. და როდესაც ჩათვალეს, რომ მათ მიერ „გამოყვანილი“ ფაშისტური უკრაინა ბოლოს მოუღებდა იმას, ვისი უპირველესი დამარცხება ჰქონდათ დაგეგმილი — მწარე მარცხი იგემეს.

უკრაინა მარცხდება რუსეთთან კონფლიქტში, მაგრამ სინამდვილეში მარცხდება კოლექტიური დასავლეთი. უკრაინის დამარცხებას უკრაინელი თუ გაიხსენებს, მაგრამ დასავლეთის დამარცხებას უდავოდ მოჰყვება ახალი მსოფლიოს წესრიგის ჩამოყალიბება, მრავალპოლუსიანობა, სადაც რუსეთს უდიდესი გავლენა და ავტორიტეტი ექნება.

დასავლეთის მიერ გაჩაღებულ ომში დასავლეთი მარცხდება, რომელიც იძულებული იქნება ძლიერს, გამარჯვებულს თავი დაუხაროს, ისე, როგორც ფაშიზმზე გამარჯვებულ საბჭოთა კავშირს — მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი

03/03/2022