მინისტრების ცვლით — პოლიტიკა არ იცვლება
საქართველოს მთავრობაში ცვლილებებია — ეკონომიკის მინისტრმა ქალბატონმა თურნავამ პოსტი დატოვა. სარწმუნო წყაროებით, დაატოვებინეს. მას სოფლის მეურნეობის მინისტრი დავითაშვილი ჩაანაცვლებს. სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობას მინისტრის მოადგილე დაიკავებს.
სამთავრობო ცვლილებებს აჟიოტაჟი არ მოჰყოლია, რაც არ არის გასაკვირი, ვინაიდან საქართველოს მოსახლეობა მრავალი წელია კარგს არაფერს ელის აღმასრულებელი ხელისუფლებისგან.
თურნავას წასვლას ჩვეული ჟივილ-ხივილით ოპოზიცია და მედია შეხვდა, რაც ასევე არ არის გასაკვირი. მათი საქმე ხმაურიანი განცხადებების გაკეთებაა, სხვისის თავი ოპოზიციას არ აქვს.
მედია კი თავის ჩვეულ ამპლუაშია, ანუ ჩვეულებრივის თუ არაჩვეულებრივის სენსაციად წარმოჩინების. სხვა ფუნქცია ქართულ მედიას არ აქვს, დაბალი განათლების და სხვადასხვა პარტიისადმი სიმპათიების გამოვლენის გამო.
მას საკითხებისადმი ღრმა წვდენის საშუალება არ გააჩნია — ზედაპირულობაა მისთვის დამახასიათებელი, წინააღმდეგ შემთხვევაში მედია შეისწავლიდა სამთავრობო ცვლილებების საფუძველს, გაანალიზებდა ცვლილებების გამომწვევ მიზეზებს და მკითხველს, მსმენელს — ინდიფერენტულს, იმედდაკარგულს შეაჯანჯღარებდა, სინამდვილის აღქმის უნარს დაუბრუნებდა, საპროტესტოდ განაწყობდა.
ქართულ ანდაზასთან გვაქვს საქმე — „არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისი“, როდესაც ქართულ მედიაზე ვსაუბრობთ, თუმცა რაღა მედია, სხვა დარგები უკეთესად გამოიყურება? დილეტანტიზმი, არაპროფესიონალიზმი, უცოდინრობა სუფევს ყველგან და რახან ასეა, გასაკვირიც არაა მმართველი გუნდის დეპუტატების მიერ თურნავას შრომის შეფასება — დიდი პროფესიონალი, გამოცდილი მუშაკი, ეკონომიკის მცოდნე და ა.შ.
ისმენ თურნავასთვის სასიამოვნო, საზოგადოებისთვის კი არცთუ სასიამოვნო შეფასებას და ფიქრობ — თუ ასეთი პროფესიონალი და კარგი მუშაკი იყო, რატომ გაწირეს, რატომ ჩამოაშორეს საყვარელ საქმეს? ეკონომიკის სამინისტრო ხომ ისეთი მთავარი, მე ვიტყოდი უმნიშვნელოვანესი დარგია, რომელიც პროფესიონალებს საჭიროებს? რა გამოდის — პროფესიონალი, დილეტანტით ჩაანაცვლეს?
თურნავას შემცვლელი დავითაშვილი ისე იყო „გარკვეული“ სოფლის მეურნეობის საკითხებში, რომ საქართველოს მოსახლეობას, განსაკუთრებით სოფლისას, ტრაური აქვს გამოცხადებული — ეს რა კაცი დავკარგეთო.
გაივლის თვეები, შეიძლება წლებიც და დავითაშვილიც, როგორც „გამოცდილი“, „ფასდაუდებელი“, „პროფესიონალი ეკონომისტი“ დატოვებს ან დაატოვებინებენ თანამდებობას. მოვა სხვა დავითაშვილი, თურნავა, … წასულების სახელებს უმალ დაივიწყებს ქართველობა. პრემიერ-მინისტრების სახელებიც აღარ ახსოვს არავის და რიგითი მინისტრისას გაიხსენიებენ?
გახსენება მხოლოდ მაშინ ხდება, როდესაც თანამდებობაზე მყოფი, ცოდნას, გამოცდილებას, პროფესიონალიზმს, პატიოსნებას ავლენს და თავისი შრომით დარგის წარმატება მოაქვს. ასეთები საბჭოთა სინამდვილეში იყვნენ. წარმატებული მინისტრების, სახელმწიფო მოხელეების სახელები ჩემს მეხსიერებასაც შემორჩა და სხვისასაც. ვინმე რომ არ გამომრჩეს, თავს შევიკავებ ჩამოთვლისგან.
30-წლიანმა „დამოუკიდებელმა“ ცხოვრებამ თუ რა მოგვიტანა — სახელმწიფო მოხელეთა, პარლამენტართა დაწვრილფეხობაა. ისტორიას ჩაბარდა „დიდი“ სახელები — უსახელომ ჩაანაცვლა ისინი. დევალვაცია, სახელმწიფო თანამდებობების დევალვაცია ჰქვია ყოველივე იმას, რასაც თანამედროვე საქართველოს ხელისუფლებაში აქვს ადგილი.
ხელისუფლებაში მოსული პარტია, თავისი რიგებიდან აკომპლექტებს მთავრობას, შესაბამის სამთავრობო რგოლებს, ადგილობრივ მმართველობას და ა.შ. მოდით დავსვათ კითხვა — შეუძლია თუ არა რომელიმე პარტიას, სახელმწიფო რგოლების პროფესიონალებით დაკომპლექტება საკუთარი პარტიის რიგებიდან? რამდენად კომპეტენტური იქმება ერთი პარტიის „ყულაბიდან“ დაკომპლექტებული მთავრობა?
პარტიები უამრავია. ყველა მათგანში განაწილებულია ე.წ. პროფესიონალები, მაგრამ თუ პარტია ვერ გაიმარჯვებს, ისინი მთავრობაში ვერ მოხვდებიან.
კომუნისტურ წყობას ჰქონდა პრიორიტეტი — ქვეყანაში არსებული პროფესიონალების გამოყენების თვალსაზრისით. მათ ერთი პარტია იზიდავდა — მუდამ გამარჯვებული.
30-წლიანმა „დამოუკიდებელმა“ ცხოვრებამ მიგვაჩვია გამოუცდელ, ახალგაზრდა მავანთა მაღალ თანამდებობებზე დანიშვნას. მოდიან და მიდიან. მოდიან, საკუთარ ცხოვრებას იწყობენ, მდიდრდებიან და მიდიან. არავინ ეკითხება მათ რა განწყობით, რა ცოდნით, რა გამოცდილებით მოდიან. არც წასვლას ეკითხებიან — რატომ მიდიან, რა გააკეთეს თანამდებობაზე ყოფნის დროს? რის გაკეთება მოასწრეს და რისი ვერა?
მაღალ თუ დაბალ თანამდებობებზე დანიშვნა სუბიექტურ მოვლენადაა ქცეული. ერთი კაცი — ყველაზე ზემდგომი წყვეტს ამ საკითხს, სუბიექტური მოსაზრებიდან გამომდინარე. ამ კაცს საქართველოში პრემიერ-მინისტრი ჰქვია. წყვეტს ნაწილობრივ, ვინაიდან ქართულ სინამდვილეში ის ყველაზე ზემდგომი არ არის. მასზე ზემდგომიცაა — არა თანამდებობით, არამედ ქართული რეალობით.
ეს, ის კაცია, რომელიც პრემიერ-მინისტრსაც ნიშნავს, პრეზიდენტსაც, პარლამენტის თავმჯდომარესაც, ნებისმიერ მინისტრსაც და ა.შ.
ეს, ისაა, ვინც ქვეყანას რეალურად მართავს. მის მიერ დანიშნულნი, კონსტიტუციით განსაზღვრულ თანამდებობებს იკავებენ. თუ ქვეყანა გქვია, შესაბამისი თანამდებობებიც უნდა გქონდეს. ჰოდა გვაქვს კიდევაც — ქაღალდზე. სინამდვილეში არც ერთი მათგანი თავის სახელმწიფოებრივ სააქმეებში დამოუკიდებელნი არ არიან და ვერც იქნებიან, ვინაიდან იციან, რომ პირადი ინიციატივა შეიძლება ცუდად შემოუბრუნდეთ. ისინი მარიონეტები, ანუ თოჯინები არიან სხვის ხელში.
ამდენად თანამდებობებზე დანიშვნა-გათავისუფლება ამ ერთი კაცის ხუშტურებზეა დამოკიდებული; კანდიდატის შერჩევაც მის ახლომყოფთა წრიდან ხდება, ყოველგვარი პროფესიონალური თვისებების გათვალისწინების გარეშე. მათი პროფესიონალური თვისება იმ ერთი კაცის სამსახურში გამოიხატება, ანგარიშვალდებულიც მის წინაშეა და არა ქვეყნის, მისი პარლამენტის.
თვით პარლამენტიც — უმრავლესობის სახით, ხომ მის წინაშეა ანგარიშვალდებული?! და როდესაც ამგვარ სახელმწიფოებრივ სისტემასთან გვაქვს საქმე, ზედმეტია ლაპარაკი იმაზე, მინისტრი რატომ ტოვებს თანამდებობას ან რა გააკეთა თანამდებობაზე ყოფნის დროს?!
რა გააკეთა და როგორ, იმ ერთმა იცის. ისიც იშვიათად, გაგვანდობს საკუთარი გადაწყვეტილების პერიპეტიებს.
აღნიშნული სავალალო რეალობიდან გამომდინარე სულაც არ არის გასაკვირი მაღალი თანამდებობის პირის მიერ ხალხისთვის ახსნა-განმარტების გაკეთება თანამდებობიდან წასვლის დროს. მისი მუშაობა იმ ერთმა შეაფასა და რახან ასეა, რაღა საჭიროა პარლამენტის შეფასება? ვის წინაშეც იყო ის ანგარიშვალდებული, იმან შეაფასა. ხალხის წინაშე ხომ არ ყოფილა?!
სახელმწიფო მართვის სისტემა, ქართული გაგებით, გულის ამრევად მიუღებელი უნდა იყოს ქართული საზოგადოებისთვის, მაგრამ საზოგადოება, რომელიც თითქმის 10 წელია ასეთ ვითარებაში ცხოვრობს და ცხოვრობს ყოველგვარი საპროტესტო რეაქციის გარეშე, მიგვანიშნებს თვით საზოგადოების პოლიტიკურ-საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის არ არსებობაზე.
უპასუხისმგებლო საზოგადოება კი სახელმწიფოს ვერ ააშენებს — აშენებულის ან თუნდაც მშენებარე სახელმწიფოს რა ნიშანთვისება აქვს დღევანდელ საქართველოს? არც არაფერი. საქართველო ის ქვეყანაა, რომელმაც არ იცის რას აშენებს, საით მიდის, რისი გაკეთების სურვილი აქვს და ა.შ. და არ იცის იმიტომ, რომ არ იცის იმ ერთი კაცის სურვილი — რა უნდა, რას აპირებს, რას უპირებს ქვეყანას და ა.შ.
ვიმეორებ, საქართველოს სახელმწიფოებრივი სისტემა, რომელიც ერთ მდიდარ ადამიანზეა ჩამოკიდებული, როგორც შინ, ისე გარეთ, პროტესტს უნდა იწვევდეს, მაგრამ არ იწვევს. რატომ?
იმიტომ, რომ საზოგადოებას არ აქვს პროტესტის გრძნობა. ოპოზიციასაც იგივე დაავადება სჭირს. უამრავი ოპოზიციური პარტიის პატრონი საქართველო, ოპოზიციონერთა უთავობით, ობოლა.
ყველა მათგანს საკუთარი საკითხების, მეტადრე მერკანტილურის მოგვარება გაუხდია მიზნად და არა საქვეყნო საქმის კეთება. ყველა ერთად ჟივჟივებს იმ ერთი კაცის და მისი მმართველობის საწინააღმდეგოდ, მაგრამ იმდენად უგეგმოდ, ზერელედ, დაბალი შემართებით, უსუსურად, რომ „ვაი პროტესტი“ — დემოკრატიული ცხოვრების არსებობის ელფერს ძენს იმ ერთ კაცს და მის მიერ პრივატიზებულ ქვეყანას.
ვინ თქვა, საქართველოში დემოკრატია არ არისო?! შეხედეთ ოპოზიციის ქცევას, მას ანტისამთავრობო განცხადებებს, რით ჩამოუვარდება სხვა ქვეყნის დემოკრატიას?! — ბრძანებენ იმ ერთი კაცის ირგვლივ მყოფნი.
ოპოზიცია, რომ სააკაშვილის პატიმრობას ბაირაღად გაიხდის, პოლიტიკურ ბაირაღად, მაშინ, როდესაც ქვეყნის მოსახლეობა შიმშილით სულს ღაფავს, არის ხალხის ინტერესებზე მომართული? შეუძლია მას ძალა არ დაიშუროს მოსახლეობის აუცილებელი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად? დღემდე, ხალხს მინიმალური განცდაც არ ჰქონია იმისა, რომ ოპოზიცია მისთვის რამეს გააკეთებს. ხალხში განცდა ოპოზიციის მიმართ ასეთია — ხელისუფლებაში მოსვლა, საკუთარი ინტერესების დაკმაყოფილების მიზნით, არა ქვეყნის, არა ხალხის, საკუთარი თავის.
არის თუ არა ოპოზიციის მიმართ ხალხის ნეგატიური განწყობა მართებული? უდავოდ, არის და რატომ? თანამდებობიდან წასული თურნავას განმარტებით — საქართველო რომ ეკონომიკურად მართლაც წარმატებული ქვეყანა იყოს, თუნდაც რეგიონში, ჩვენს ბედს ძაღლიც არ დაჰყეფდა, მაგრამ ასე რომ არ არის? და რომ არ არის, არ იცის ოპოზიციამ? თუ არ იცის, მაშინ ის არც პარტიაა და არც არაფერი. ერთი პარტია, რომ არ იყოს საქმის კურსში, თუ რა ხდება ეკონომიკაში, ძნელად, მაგრამ მაინც გასაგები იქნებოდა. მაგრამ ოპოზიცია ხომ მრავალი პარტიისგან შედგება? მრავალი პარტია უცოდინარია ქვეყანაში მიმდინარე მძიმე ეკონომიკურ-სოციალური ვითარებისა?
თუ არ იციან, რა პარტიები არიან? რა უნდათ ხალხისგან? რატომ არ აყენებენ ხალხისთვის უპირველესი ინტერესის საკითხებს ხელისუფალთა წინააღმდეგ ბრძოლის უმთავრეს თემად? საზოგადოებამ იცის დასავლეთში როგორ იბრძვიან საკუთარი უფლებების დასაცავად, განსაკუთრებით სოციალური მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. აქ კი მსგავსს არასდროს ჰქონია ადგილი, ვინაიდან ოპოზიციას არასდროს უბრძოლია ხალხის ცხოვრების პირობების გასაუმჯობესებლად.
ოპოზიცია იბრძვის უკრაინის სოლიდარობის გამოსახატავად, ნატოსა და ევროკავშირში შესასვლელად, რუსეთის ოკუპაციის ვითომ აღსაკვეთად, რუსეთის საგინებლად, მაგრამ არ იბრძვის საკუთარი ხალხის სოციალური პირობების გამოსასწორებლად.
ოპოზიცია, ისე, როგორც ხელისუფლება და მისი პატრონი ერთი კაცი არ ფიქრობს იმაზე, რომ ნატოსა და ევროკავშირში შესვლა უხალხოდ არაფრის მომტანია. გადაურჩება შიმშილს ქვეყნის მოსახლეობა?
ყოფნა-არყოფნის საკითხი დგას ერის წინაშე — უმწვავესად და არა ნატოში შესვლა-არშესვლა! სოციალური პრობლემები აწუხებს ქვეყანას და არა ევროატლანტიკურ სივრცესთან თანამშრომლობა. ფასების ზრდა კვების პროდუქტებიდან დაწყებული, ბენზინზე, ელექტროენერგიაზე, გაზზე, წყალზე, მედიკამენტებზე, … რომელი ერთი ჩამოვთვალო, აწუხებს ხალხს და არა ვიღაცის თანამდებობაზე დანიშვნა ან გათავისუფლება.
ხალხს არც ხელისუფალთა მიერ გაშენებული ხელოვნური სკვერები და ბაღები ხიბლავს დეკორატიული მცენარეებით, ისეთით, თავს რომ იწონებს თბილისის მერი კალაძე. ჰაერს მაინც რომ ასუფთავებდეს ძვირადღირებული „პლასტმასის“ „მწვანე ნარგავები“, კიდევ არაუშავს, მაგრამ მათ მოჩვენებითი, ფასადური ფუნქცია აქვთ, ისეთი, როგორიც მთავრობას — ადამიანთათვის მიუღებელი.
ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი
13/02/2022