რა მოგვიტანა 30-წლიანმა უთავბოლო ხეტიალმა?

რადიო „მაესტროს“ გადაცემა „ხალხის აზრში“ — ერთმანეთს ეცილებოდნენ „მაგარი“ და „პატრიოტი“ ქართველი რესპონდენტები, რუსეთის ლანძღვა-გინებაში. გადაცემის თემაც ისეთი იყო, რუსეთის ლანძღვას რომ მოითხოვდა, ანუ უკრაინა და ქართველთა სოლიდარობა „საწყალი“ ქვეყნის დახმარებაში.

რუსეთის და მისი პრეზიდენტის, პუტინის ნეგატიურ (რბილი ნათქვამია) მოხსენიებას ისე მიეჩვია საქართველოს მოსახლეთა ყურები — ლანძღვა, იავნანასავით ჩაესმის, ყურს კი უგდებს, მაგრამ ვერ იგებს რადიოს მიერ შეთავაზებულ თემას.

რესპონდენტთა აქტიურობა რომ თვალშისაცემი იყოს, თან გადაცემის მნიშვნელობა ფასდაუდებელი, როგორც ამ რადიოს, ისე სხვას, დაქირავებულ „რესპონდენტთა“ არმია ემსახურება, რომლებიც ნებისმიერ საკითხზე რეკავენ რადიოში (რადიოებში) და თავიანთ „კომპეტენტურ“ აზრს გვიზიარებენ. „მაესტროს“, ავტომანქანის საჭესთან მჯდომი ვუსმენ, ამდენად უკვე იოლად ვარჩევ დაქირავებულ და ნამდვილ რესპონდენტებს ერთმანეთისგან.

დილიდან დაწყებული, შუადღისა და საღამოს ჩათვლით, სხვადასხვა რადიოში რეკვა, მაფიქრებინებს, რომ ისინი მარტო საკუთარი აზრის გამოხატვისთვის არ ირჯებიან. ეს, მათი სამსახურია. იმასაც აღვნიშნავ, რომ მათი ლაპარაკი ისეთია, როგორიც რადიოს რედაქციების პოლიტიკა, წინააღმდეგ შემთხვევაში არ მიეცემოდათ მათ, სხვა რესპონდენტებთან (ნამდვილ) შედარებით, მეტი ლაქლაქის საშუალება. წამყვანი უმალ გაუთიშავდა ეთერს, რასაც სისტემატურად აკეთებს ნამდვილ რესპონდენტთან მიმართებაში, რომელიც „თემას უხვევს“ და როგორც ხალხში იტყვიან „დაუკრეფავში გადადის“ — ხელისუფალთა ლანძღვის სახით.

აი, რა „ბედნიერება“, „სიტყვის თავისუფლება“ მოგვიტანა ე.წ. დამოუკიდებლობამ! რესპონდენტს რომ მოისყიდი, თანაც ყველა რადიო, „დემოკრატია“ არის?!

ჰოდა, ასეთ „დემოკრატიულ“ რადიოებს უსმენს საქართველოს მოსახლეობა. ამ „დემოკრატიულ“ „ბუკეტში“ განსაკუთრებული სურნელით გამოირჩევა „რადიო თავისუფლება“, რომელსაც ამოჩემებული სტუმრები ჰყავს და ასეთივე რესპონდენტებიც. „სიტყვის თავისუფლების“ „უყოყმანო დამცველ“ „რადიო თავისუფლებას“ მხოლოდ ერთი აზრი, ერთი მიმართულება, ერთი მსოფმხედველობა ხიბლავს.

თუ ჩემი არ გჯერად, მოუსმინეთ მის გადაცემებს და დარწმუნდებით ჩემს ნათქვამში. დასავლეთზე, აშშ-ზე მახვილდება რადიოს ყურადღება და აქედან გამომდინარე იმ ე.წ. პოლიტიკოსებსა და არასამთავრობო ორგანიზაციათა მუშაკებზე, რომლებიც რომის პაპზე უწმიდესნი არიან, ანუ ამერიკელზე, დასავლელზე უფრო დასავლელნი.

რახანია ვუსმენ ამ რადიოს გადაცემებს და ერთხელაც ვერ წავწყდომივარ ანტიდასავლელის გამოსვლას ან ისეთის, ვინც რუსეთს არ აგინებს. რუსეთის გინება ხომ მთავარი კოზირია ამ რადიოს გადაცემებში.

დავუბრუნდეთ რადიო „მაესტროს“, რომლის რესპონდენტებმა ერთმანეთში სერიოზული პოლემიკა გამართეს უკრაინასთან მიმართებაში. ერთმა ბრძანა — ქართველს არაფერი ესაქმება მათ ჭიდილში — იგულისხმება რუსეთ-უკრაინა. ისინი ერთი სისხლისანი არიან და ერთმანეთს არ გაწირავენო, ისე, როგორც მათი პრეზიდენტები, ვინაიდან ებრაელები არიანო.

ამ მოსაზრების ავტორის შემდეგ ეთერში შემოსულმა მავანმა ბრძანა — ზელენსკის შესახებ ვიცი, რომ ებრაელია, მაგრამ პუტინის ებრაელობის, არაფერი გამიგიაო. თქვა თუ არა ეს, უმალ გადავიდა პუტინის ლანძღვაზე, თან რუსეთიც მიაყოლა — საუკუნეების განმავლობაში ქართველები რომ მონებად ვყავდით და დღესაც საშინელ დღეში გვაგდებსო. თავისი „სპიჩი“ ტრადიციული სიტყვებით „ოკუპანტი“, „აგრესორი“, „მტარვალი“ — დაასრულა.

შეგნებული მავანი, რომლის რაოდენობა კატასტროფულად მცირეა, მეტყვის — მოგცლია, რომ ამ სისულელეს უსმენო! არა, მეგობრებო, რადიოს მოსმენა ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე წარმოდგენას მიქმნის, ხალხის განათლების დონის, მეტყველების, აზრის გამოხატვის უნარის გაგებას. და უნდა გითხრათ, რომ რაც დრო გადის ეს ჩამონათვალი უარესდება.

ხალხი ვერ გამოხატავს აზრს, არ შეუძლია კონკრეტული ლაპარაკი, ვერ აწყობს წინადადებას და რაც მთავარია შორს არის თუნდაც პრიმიტიული განათლებიდან.

უსმენ და ფიქრობ — რა ვიყავით და რანი ვართ — 30-წლიანი დამოუკიდებლად ცხოვრების პირობებში?!

საბჭოური ცხოვრების დროს საქართველო მსოფლიოში მოწინავე ქვეყანა იყო საშუალო და უმაღლესი განათლების დარგში. ციფრებს შეგნებულად არ მოვიყვან, არ მინდა მკითხველს გული გავუხეთქო.

ქართველები განათლებას იღებდნენ არა მარტო საქართველოში, არამედ რუსეთში, სხვა საბჭოთა რესპუბლიკებში. ქართველი მეცნიერების, სპეციალისტების სახელები ცნობილი იყო მთელს საბჭოთა სივრცეში და არა მარტო.

საშუალო და უმაღლეს სასწავლებლებში ახალგაზრდები განათლებასთან ერთად აღზრდასაც იღებდნენ, პატრიოტიზმთან ერთად, ინტერნაციონალიზმს, ტოლერანტობას, ერთმანეთის პატივისცემას, მიუხედავად ეროვნებისა და წარმომავლობისა.

საბჭოთა ადამიანს თავში აზრადაც არ მოუვიდოდა შეურაცხყოფის მისაყენებლად ეროვნება გამოეყენებინა, მაგალითად სომეხი, ტაჯიკი, რუსი, … იყო ანეკდოტები, მაგრამ არა ბოღმიანი, სიძულვილის გამომხატველი.

დღეს, რასთან გვაქვს საქმე? სიძულვილის თესვა-გაღვივებასთან — ყოველდღიურად, დაუფიქრებლად, მიზანმიმართულად. 30 წელია ვაგინებთ რუსეთს, მის ხელისუფლებას, ვაგინებთ სხვებსაც და ამას ვაკეთებთ ხელისუფლების მითითებით, დახმარებით, ხელშეწყობით.

რუსეთის გინება დიდი ხანია დავიწყეთ — გასული საუკუნის ოციანი წლებიდან, არც მანამდე ვაკლებდით ხელს. ეს შეფარული გინება, აუგად მოხსენიება უცხო არ იყო ქართული მწერლობისთვის, ხელოვნების მუშაკთათვის, ისე, როგორც საქართელოს ისტორიის, წარსულის უზომო განდიდება, საზოგადოებაში ისეთი განცდის ჩანერგვა, რომ არა ქართველი და საქართველო, „გაუბედურებული ვანია“ სად იქნებოდა?

რუსთა გინებას ფართო გასაქანი მიეცა დისიდენტური მოძრაობის დროს, განსაკუთრებით ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ. იქიდან მოყოლებული ჩაუმუხლავად ვლანძღავთ და ვაგინებთ რუსს, ვამადლით მას საქართველოში 2-საუკუნოვან ყოფნას. ვლანძღავთ ერეკლეს, გეორგიევსკის ტრაქტატისთვის. ერთ სიტყვასაც არ წარმოვთქვამთ დიდი მეზობლის სასიკეთოდ.

ნუთუ 2-საუკუნოვანმა მჭიდრო, ხშირ შემთხვევაში ნათესაურმა ურთიერთობებმა მხოლოდ ცუდი გვარგუნა? ნუთუ, ერთი პატარა, დადებითი ფრაგმენტი არ ყოფილა ჩვენს ისტორიულ ურთიერთობებში, იშვიათად რომ გავიხსენოთ?

თუ ისტორიას გულდასმით, ობიექტურად გადავავლებთ თვალს 2-საუკუნოვანი ურთიერთობები აღსავსე იყო ჩვენი ერისთვის წარმატებების მომტანი მაგალითებით. ცხადია, ნეგატიურიც იყო, მაგრამ ისინიც კი ჩვენი, ასევე ნეგატიური ქცევით იყო გამოწვეული და არა რუსთა კოლონიური პოლიტიკით — ჩვენს წინააღმდეგ განხორციელებულით.

მსჯელობა იმაზე, რა მოგვიტანა რუსთან ურთიერთობამ ან რა დაგვიშავა, ერთ სტატიაში შეუძლებელია, მითუმეტეს საზოგადოებაში, უმადურობის ბაცილით დაავადებულში. მარტივად გეტყვით, უფრო სწორად ჩინეთის მაგალითს მოვიშველიებ — მაო ძედუნის მოღვაწეობის შესაფასებლად, რომ გამოთქვეს ჩინელმა ხელმძღვანელებმა: „მაო ძედუნმა 70% გააკეთა კარგი ჩინეთისთვის, დანარჩენი 30% არც ისეთი, როგორიც სასურველი იყო“.

მოდით, ამ საზომით მივუდგეთ ჩენს ურთიერთობებს — საქართველო-რუსეთის და არა ისე, როგორითაც დღეს — ცალსახა უარყოფითის. მოდით, დავეყრდნოთ ჩვენს აზრს, გამოცდილებას და არა სხვისას, ამ შემთხვევაში აშშ-სას, ვინაიდან მისი მიზანი არის ერთი — საქართველოში შექმნას რუსეთის სიძულვილი და არა მარტო საქართველოში, უკრაინაში, ბალტიისპირა ქვეყნებში, ცენტრალურ აზიაში, სომხეთში, აზერბაიჯანში, სხვაგან.

სამწუხაროდ, ამ ჩამონათვალში, უკრაინასთან ერთად, პირველები ვართ. რა შეიძლება ეწოდოდ ქვეყანას, სადაც სკოლის დაწყებითი კლასებიდან მოყოლებული ბავშვებს ზრდიან სხვა ერის, ამ შემთხვევაში რუსის მტრად. აზეპირებინებენ ანტირუსულ გამოთქმებს, ავარჯიშებენ სროლაში — სამიზნედ რუსეთის პრეზიდენტის პორტრეტის გამოყენებით. ამ ქვეყანას უკრაინა ჰქვია.

ერთხელ აშშ-ს საელჩოს დიპლომატმა გულახდილად მითხრა, რომ მისთვის რუსი არის მტერი; რომ რუსეთის მიმართ მას ასე ზრდიდნენ — სკოლიდან დაწყებული, უმაღლესით დამთავრებული. და ეს მშვიდობიანობის დროს — არა მარტო თანამედროვე, არამედ ისტორიულ ჭრილში. ამ ორ ქვეყანას შორის ომი არასდროს ყოფილა. და მიუხედავად ამისა, მას ასე ზრდიდნენ — ხვალინდელი დღისთვის, მეტოქედ შერაცხულ რუსეთთან დატაკების შემთხვევაში მორალურ-ფსიქოლოგიური მზადყოფნის მიზნით.

ასეთი, ვერ, უფრო სწორად არ გასწავლის სხვა ერების სიყვარულს, პატივისცემას, ტოლერანტობას, მიმტევებლობას. ასეთი, სიტყვით და ტყვიით კვლას გასწავლის, საზარბაზნე ხორცად გაგიმეტებს. რა? განა ამას არ ჰქონდა ადგილი ავღანეთში — მის ომში, როდესაც ლამის ნახევარი მსოფლიო, მათ შორის ჩვენც გაგვრეკეს იქ საომრად?!

ჩვენ ხომ მათ სიტყვებს თუთიყუშებივით ვიმეორებდით — ავღანეთში იმიტომ ვართ, საქართველო დავიცვათ ტერორიზმისგანო?!

აი, სწორედ ამერიკულმა „რბილმა ძალამ“, პროპაგანდამ შეუგნებლად ათქმევინა რადიო „მაესტროს“ რესპონდენტებს ზელენსკისა და პუტინზე — ესენი ებრაელები არიანო. აქაოდა, ებრაელები ისეთებია, მათგან ყველა სიბინძურე არის მოსალოდნელიო. მათი მიხედვით, რუსი ხომ ბოროტია და სისხლის მსმელი, მაგრამ რუსი-ებრაელი აღმატებულ ხარისხშია, უარესს რომ ვერც ერთ ერში ვერ მოიძევთ.

რუსეთი, საქართველოსთვის, შეფასებულია როგორც აბსოლუტური ბოროტება, რომელსაც კონკრეტული სახეც აქვს — რუსეთის პრეზიდენტის პუტინის. პუტინი არის ყველა საშინელი, ანტიქართული პროვოკაციის წამომწყები. ის, არის ანტიქართული გეგმების მთავარი სულისჩამდგმელი. პუტინი არის ცბიერი, დაუნდობელი, მტარვალი ქართველის და საქართველოს მიმართ.

პუტინი, თავისი ხელქვეითი ქართველი ხელისბიჭებით (იგულისხმება „ოცნების“ ხელისუფლება), ცდილობს მონად აქციოს საქართველო, წაართვას მას დამოუკიდებლობა, დააჩოქოს ის. რადიო „მაესტროს ერთ-ერთი რესპონდენტი ხმის ჩახლეჩამდე ბღაოდა — პუტინი ვერ დაგვაჩოქებს, მან არ იცის ქართველები რანი ვართ. არ დავიჩოქებითო და ა.შ.

პატივცემულო მკითხველო! ჩვენ, რომ მაგრები ვართ, ნუთუ ამას მტკიცება სჭირდება?! თანაც ისეთი მაგრები, ავ თვალს რომ არ ენახვება? მაგრები რომ არ  ვყოფილიყავით, შევძლებდით წინაპართა მიერ შრომით და ოფლით შექმნილი საამურო ცხოვრების (დღევანდელთან შედარებით ედემის) ჯოჯოხეთად გადაქცევას?

ჩვენი უნიათობის, ღორმუცელობის, სიზარმაცის, კორუმპირებულობის და კიდევ მრავალი ნეგატიური თვისების ბრალი არ არის ის, რაც დაგვემართა და გვემართება, და ნაცვლად შესაბამისი დასკვნების გამოტანისა, იოლ გზას ვძებნით — სხვაზე გადაბრალების, ამ შემთხვევაში რუსეთზე.

არადა, რა რიხით პირდებოდა ეროვნული მოძრაობა ხალხს ოქროს კოშკებს, საზიზღარი რუსეთის კლანჭებიდან თავის დახსნის შემდეგ? ქართველი ხალხის დასამონებლად „იმპერიის ცენტრის“ მრავალსაუკუნოვან მცდელობას, ხომ უნდა მოჰყოლოდა მონობისგან გათავისუფლებულთა აღმაფრენითი შრომა ახალი ცხოვრების შექმნისთვის? სუვერენული, დამოუკიდებელი საქართველოს ეკონომიკა, გაფურჩქნულ-აყვავებული ხომ უნდა ყოფილიყო, ისეთი, როგორიც წარმატებული ქვეყნებისა? ადამიანის უფლებები ხომ უნდა ყოფილიყო დაცული?

კონსტიტუციაში ჩაბეჭდილი ადამიანის უფლება მარტო ის არის მშიერ-მწყურველე იყოს, არ ჰქონდეს სამუშაო და ნაგვის ყუთებში ეძებოს საკვები ან უცხოეთს მიაშუროს კუჭის ამოსავსებად?

ადამიანის უფლების დაცვა, სამართლიანი კანონების მიღებით, ხომ უნდა გასცდომოდა დაბეჭდილ ფურცელს და ლაღად ენავარდა ცხოვრებაში? ნავარდისა რა მოგახსენოთ, მაგრამ წელგამართულს მაინც უნდა ევლო, მაგრამ ვერ იარა და რატომ?

შესაბამისი კადრების — განსწავლულისა და მუყაითის, საქმისადმი თავდადებულის არ არსებობამ ვერ გამართა წელში. საკუთარი უძლურება — ულტრა-ნაციონალიზმში გადაზრდილი, უმთავრესი გზა აღმოჩნდა აფხაზებთან, ოსებთან და აჭარასთან დასატაკებლად, რუსეთის წინააღმდეგ მუშტის და ბოღმის შესამართად. და რომ არა აჭარის მეთაური ასლან აბაშიძე, ვინ იცის საქართველოს სამხრეთ-დასავლეთის საზღვარი სად დამთავრდებოდა?

ამ მართლაცდა ისტორიული პიროვნების ძალისხმევამ დაუტოვა აჭარა საქართველოს — აყვავებული, დაპურებული, ელექტროენერგიით უზრუნველყოფილი, მაშინ როდესაც დანარჩენი ქვეყანა წყვდიადში იყო. რა გავაკეთეთ ჩვენ?

ვლანძღეთ და ვაგინეთ აბაშიძე, ქვეყნიდან განვდევნეთ და დღესაც მტრად მოვიხსენიებთ. აბაშიძის მტერს — სააკაშვილს, ძეგლს ვუდგამთ, ხოტბას ვასხამთ, სატელევიზიო ეთერს ვუთმობთ — დამნაშავეს, რომელმაც ისე დააქცია საქართველო, ვეღარასოდეს გასწორდება წელში. მხედველობაში დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება მაქვს.

პუტინი, რომ სააკაშვილის ციხეში გამომწყვდევია, სააკაშვილისგან გავიგეთ და როგორც სიმართლე, ისე მივიღეთ. არც ერთ პოლიტიკოსს, პოლიტოლოგს არ გაუბათილებია სააკაშვილის ეს სასაცილო ნათქვამი, არც ის, რომ ციხის მუშაკები „პუტინის მონები“ არიან.

30 წელია საქართველო ერთ მრუდე წრეზე ტრიალებს, სხვის დაკრულზე ცეკვავს, სხვის საქმეს აკეთებს და თვლის, რომ ქვეყნის პოლიტიკური ვექტორი ესაა და არა სხვა. გასაკვირი ამაში არაფერია, ვინაიდან ხელისუფლება, მთლიანობაში ქართული პოლიტიკა — აშშ-ს მიერ გამოზრდილი, მხოლოდ ასე მოიქცევა და არა სხვაგვარად.

გასაკვირი ისაა, რომ ხალხიც ასე იქცევა, ხოტბას ასხამს აშშ-ს, ევროკავშირს, ნატოს და მათი შეკვეთით ლანძღავს რუსეთს.

მაგრამ არის ასეთი პოლიტიკა აშშ-ს დღევანდელი ადმინისტრაციისთვის საკმარისი? როგორც ჩანს, მას რუსოფობია აწყობს, რომლის მეშვეობით ის ცდილობს პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის გავლენის შემცირებას, იმიჯის შელახვას, თუმცა თვლის, რომ საკმარისი არ არის.

უფრო უარესიც — „უკრაინა-საქართველო არასტაბილური ქვეყნებია“, — თვლის ის.

„ნატოს წევრობა მხოლოდ იმ ქვეყნებისთვის უნდა იყოს შესაძლებელი, რომლებიც დადებით მუხტს მოუტანენ აშშ-ს ეროვნულ უსაფრთხოებას. ნატოში საქათველოს ან უკრაინის გაწევრება არაფრით დაეხმარება აშშ-ს უსაფრთხოების განმტკიცებაში, პირიქით, უეჭველად გაზრდის სტრატეგიული სახის რისკებს“, — წერს ამერიკული The National Interest.

იყო დრო, როდესაც საქართველოს პოლიტიკური არასტაბილურობა დასავლეთის მიერ იხილებოდა „რუსეთის შესაკავებელ“ საშუალებად. ამჯერად, არასტაბილურობა კვალიფიცირდება როგორც აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხის მომტანი.

ხედავთ, ქართველო პოლიტიკოსებო, რაში გაყავით თავი? ხედავთ, როგორ შეიცვალა პოლიტიკური ვითარება, თქვენ რომ სამარადისო გეგონათ?!

ჭირსაც წაუღია თქვენი თავი, მაგრამ რა ეშველება ხრამში გადაჩეხილ ქვეყანას? ქვეყანაც და მისი ხალხიც, რომ ფეხებზე გკიდიათ, კარგა ხანია გავიგეთ — ზოგიერთებმა. დანარჩენებმა, უმრავლესობამ ვერადავერა და ისევ დასავლეთზე ამოსდით მზე და მთვარე.

მათ გასაგებად დავსვამ კითხვას — 30 წლის განმავლობაში რა სახის და რამდენი ინვესტიცია განახორციელა აშშ-ა საქართველოში? ტვინის ჭყლეტას ნუ მიეცემით, ვინაიდან არც ერთი, გარდა ლუგარის ავადსახსენებელი ბიოლოგიური ლაბორატორიისა, რომლის მიზანიც კვლევების ჩატარებაა. ვისზე? პასუხი თქვენ გაეცით.

არც ერთი ქარხანა, საწარმო, სერიოზული პროექტი მას აქ არ აუშენებია, არ განუხორციელებია. ფული მოგვცა — გრანტების, სესხის, დახმარების სახით, რომლის გარკვეული ნაწილი უკან დაიბრუნა — „ხელი, ხელს ბანს“ პრინციპიდან გამომდინარე. თუ რა ჰქვია ამ დაბრუნებას — კარგად მოგეხსენებათ.

ახლა თვალი შევავლოთ ჩვენს „მწვალებელ“ რუსეთს. რომ არა მისი ინვესტიციები, წყალსაც ვერ დავლევდით, სახლებს ვერ გავანათებდით, ვერ გავათბობდით, პურს ვერ შევჭამდით და ა.შ. ხელისუფლებას ლანძღავენ ესოდენ საგრძნობი რუსული ინვესტიციების დაშვებისთვის, მაგრამ წამითაც არ ფიქრობდნენ, რომ არა ის, ვინ გარისკავდა ამ არშემდგარი ქვეყნის ეკონომიკაში ინვესტიციების ჩადებას?

 რომ არა რუსეთის ბაზარი, სად გაიტანდა საქართველო თავის პროდუქციას გასაყიდად — არა ცალობით, არამედ ტონობით?! მაგრამ ჩვენ, უმადურად, სათვალავში არ ვაგდებთ ტონებს და ნაცვლად ცალებს ვადიდებთ.

წყალი რომ წყალია, იმასაც რუსეთში, გაცილებით მეტს ვყიდით, ვიდრე სხვაგან. რუსეთში — 107429 ტონას, 60,9 მილიონი დოლარი; აშშ-ი 2593 ტონა, 2,4 მილიონი დოლარი; სხვა ქვეყნებში გაყიდული წყალი (მინერალური და მტკნარი) ერთად აღებული ახლოსაც ვერ მივა რუსეთში გაყიდულთან. ღვინისა და ხილის გაყიდვა ხომ რეკორდებს ხსნის — საერთო პროდუქციას 75-80%. სხვაზე აღარაფერს ვამბობ. და ეს ყველაფერი მაშინ, როდესაც რუსეთთან გაწყვეტილი გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობა, დღენიადაგ ვლანძღავთ და ვაგინებთ.

დასასრულს. საქართველომ განვლილი 30 წლის განმავლობაში დაამტკიცა, რომ საკუთარი თავის შენახვის შესაძლებლობა არ აქვს. საქართველომ, დასავლელთა კარნახით, დააქცია საკუთარი „სახალხო მეურნეობა“, რითაც თავი განსაცდელში ჩაიყენა. საქართველო, სხვისი დახმარების გარეშე ვერ ამოვა გაუსაძლისობის ჭაობიდან. მას დახმარება სჭირდება.

არის კი ვინმე, ჩვენი დამხმარე?  დასავლეთზე ლაპარაკი და მის იმედად ყოფნამ რა მოგვიტანა — სახეზეა.

გამოსავალი ერთია, გამოცდილი, ისტორიული ჯაჭვებით გადაბმულის აღდგენა, ჟანგისგან გაწმენდა, რიტორიკის შეცვლა, ქვეყნისთვის სასიკეთო პოლიტიკის წარმოება.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი

07/02/2022