24.07.2024

საიქიოს იამაყებენ ისინი ნეიტრალიტეტით?!

30 წელს ითვლის ახალი საქართველოს დამოუკიდებლობა, ამდენივეს ნეიტრალიტეტზე ლაპარაკი. არ დაგიმალავთდა მეც ნეიტრალიტეტს მივიჩნევდი საქართველოს არსებობის აუცილებელ სახელმწიფო დოქტრინად.

მეც და სხვასაც — ნეიტრალიტეტის იდეით გამსჭვალულთ, ამ იდეაზე ყურადღების გამახვილებას ქვეყნის გეოპოლიტიკური მდგომარეობა გვკარნახობდა.

საქართველოს 4 მეზობლის — რუსეთის, თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის და მეზობლის, მეზობლის — ირანის შემხედვარეს დიდი ფანტაზიის უნარი უნდა ჰქონოდა ევროატლანტიკური კურსის ამორჩევისთვის და არათუ ამორჩევისთვის, ქვეყნის დედა კანონში, კონსტიტუციად წოდებულში, ჩაწერისთვის.

რას ნიშნავს ევროატლანტიკური კურსი — ყველამ გავიგეთ, თუმცა ვერ გავითავისედ, გარდა ზოგიერთი მეტიჩარა ე.წ. პოლიტიკოსისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაკებისა — ევროატლანტიკური სივრცის მიერ მსუყედ დაფინანსებულებისა, რომლებიც იმ სივრცეს ემსახურებიან, იმ სივრცეს ეფიცებიან სიყვარულს და არა ამას, ჩვენთვის სამშობლოს სახელის მატარებელს. სულით-ხორცამდე ესენი იმათნი არიან და არა ამ ქვეყნისანნი. ასე რომ, მათი პოლიტიკური, სულიერი მიმართულება ევროატლანტიკურია და არა სხვა.

საბედნიეროდ, ესოდენ აბსტრაქტულად მოაზროვნე არსებათა რაოდენობა ჯერ-ჯერობით არ აჭარბებს საწინააღმდეგოდ მოაზროვნეებს. მაგრამ ჯერ-ჯერობით, ვინაიდან მათი დამრიგებლების მიზანმიმართული შრომის შედეგად ევროატლანტიკურად მოაზროვნეთა რაოდენობა იბარტყებს და იმ ყალბ სტატისტიკურ მონაცემებს გაუტოლდება, 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს, ამერიკელთა დაჟინებული მოთხოვნით, საარჩევნო ბიულეტენში ჩატენილ ნატოში შესვლის კითხვას რომ მოჰყვა — 70%-ი.

დაძალების მაგალითებიც არსებობს, თუნდაც არა პოსტსაბჭოთა სივრცეში, თუნდაც ისეთში, სკანდინავიის სივრცე რომ ჰქვია.

ფინეთი, რომელიც ჩვენთვის ცნობილია როგორც მყარი ნეიტრალიტეტის ქვეყანა, თვალსადახელსშუა იცვლება. რახანია ამ ქვეყანას ძერასავით დასტრიალებს აშშ-ი და პოპულარული ტერმინის „რბილი ძალის“ გამოყენებით ცდილობს ცივი გონების მქონე ფინელებს არჩეული სახელმწიფო ნეიტრალიტეტი ნატოზე შეაცვლევინონ.

შედეგიც სახეზეა — არცთუ დიდი ხნის წინათ თუ ფინელთა 71%-ი უარს აცხადებდა ნატოში შესვლაზე, დღეს მხოლოდ 51%-ია წინააღმდეგი.

ამ თემას ქვემოთ შემოგთავაზებთ, მანამდე გეტყვით, რომ ჩემს მიერ მხარდაჭერილი ნეიტრალიტეტი, ჩემი სუბიექტური აზრით, საქართველოს ვეღარ გადაარჩენს. მაშ რა, ისევ ევროატლანტიკური მიმართულება? — იკითხავთ.

არამცდაარამც! სწორედ ამ მიმართულებამ გააჩანაგა ქვეყანა; ამ მიმართულებამ მათხოვრად აქცია ხალხი; ამ მიმართულებამ გაამდიდრა ერთი მუჭა ქართველობა, დასავლეთთან მონური კავშირის მქონენი; ამ მიმართულებამ შექმნა ერთი ციდა ქვეყანაში საზოგადოების უზომო, არათანაბარი დაყოფა — თითზე ჩამოსათვლელი მდიდრებად, დიდი რაოდენობის ღარიბებად, მათხოვრებად; ამ მიმართულებამ აიძულა საქართველო უარი ეთქვა სოფლის მეურნეობაზე, მრეწველობაზე, ნორმალურ განათლებაზე, სოციალიზმით მოპოვებულ სხვა სიკეთეებზე, რის შედეგადაც გაჩნდა სარეკორდო უმუშევრობა, სარეკორდო ელიტარული კორუფცია, სარეკორდო მენტალური დეგრადაცია, სარეკორდო თაყვანისცემა სხვისი ცხოვრების, ამ შემთხვევაში ამერიკულ-ევროპულის, სარეკორდო ზურგშექცევა საკუთარი კულტურის, ისტორიის, წეს-ჩვეულებებისთვის.

ამ მიმართულებამ აიძულა ჯანღონით სავსე ქართველობის მშობლიური მიწიდან აყრა და მშიერი კუჭის შევსების მიზნით, სხვის მიწაზე გადასახლება — უკან დაბრუნების არავითარი სურვილით.

ამ მიმართულებამ გააუარესა ქვეყნის დემოგრაფია. „საქსტატის“ მონაცემებით, 2020 წელს ქვეყანაში 41043 ბავშვი დაიბადა. ყოველდღიურად, საშუალოდ 123 ბავშვი იბადებოდა, 160 ადამიანი კი კვდებოდა. მოკვდავობამ ყველა რეკორდი მოხსნა. „ასეთ მკვეთრ დისბალანსს გარდაცვლილთა და დაბადებულთა შორის 30 წლის განმავლობაში ადგილი არ ჰქონია. გარდაცვლილთა რიცხვმა 2021 წლის იანვარ-ნოემბრის განმავლობაში 53,4 ათას ადამიანს გადააჭარბა, რაც 1994 წლის მონაცემების შემდეგ ყველაზე ცუდია“ — აცხადებს სააგენტო BMG.

დამოუკიდებლობის პირველ წლებში თუ საქართველოს მოსახლეობის ორიენტირად რუსეთი მიიჩნეოდა, მოგვიანებით ის თურქეთმა, საბერძნეთმა, ევროპის სხვა ქვეყნებმა, აშშ-ა ჩაანაცვლეს, რაც არ არის გასაკვირი, ვინაიდან ხალხს იზიდავს დასავლური ცხოვრების რეკლამა, ქართული მედიის, დასავლეთის მიერ მოსყიდულის, გამუდმებული ჩიჩინი დასავლურ კარგ ცხოვრებაზე.

ევროკავშირთან სავიზო ხელშეკრულების გაფორმებამ დააჩქარა ქვეყნის მოსახლეობის ევროკავშირის ქვეყნებში გამგზავრება, ხოლო რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტამ მინიმუმამდე დაიყვანა რუსეთში გამგზავრების მსურველთა რიცხვი.

არვინ იცის რამდენი ათასი ქართველი ცხოვრობს რუსეთში — ზოგი ამბობს ერთ მილიონს, ზოგი მეტს. ასევე უცნობია სხვა ქვეყნებში მცხოვრებ ქართველთა რაოდენობა.

არათუ ეს სტატისტიკური მონაცემებია ჩვენთვის უცნობი, არამედ ქვეყანაში დარჩენილი მოსახლეობის რაოდენობაც, რაც მოსახლეობის ცუდი აღრიცხვით არის გამოწვეული. ამ რამდენიმე წლის წინათ ჩატარებულმა აღწერამ არ მოგვცა ზუსტი შედეგი, რაც ხელისუფალთა წისქვილზე ასხამს წყალს.

ყალბი აღწერის შედეგებს ის თავის სასარგებლოდ იყენებს ნებისმიერი სახის არჩევნების დროს. ასედაამრიგად ჩვენ არ ვიცით რამდენი ადამიანი ცხოვრობს საქართველოში. საბჭოთა კავშირის დაშლამდე ვიცოდით — 5,5 მილიონი, დღეს ვარაუდით ვამბობთ 3,5-ს, რაც გაზრდილია, სინამდვილესთან შედარებით.

ევროატლანტიკურმა მიმართულებამ ჩამოგვაფარა სახეზე ნაჭერი, ისე, როგორც მუსლიმან ქალებს და საშუალებას არ გვაძლევს დავინახოთ სახელმწიფო სისტემა, რაშიც ვცხოვრობთ.

ევროატლანტიკური პროპაგანდით საქართველო, რეგიონში „დემოკრატიის აკვანია“, მაგრამ სინამდვილეში რა არის, არც ის გვეუბნება და არც ჩვენ ვცდილობთ გავარკვიოთ რა ტრიალებს ჩვენს თავს. იმას კი ვგრძნობთ, რომ დემოკრატია ასეთი არ უნდა იყოს.

სიტყვა „დემოკრატია“ ლამის ბავშვობიდან გვესმის — საბჭოთა კავშირში ცხოვრების დროსაც და ყოველთვის ვთვლიდით, რომ სანატრელი რამ იყო.

ის დემოკრატია, რაც აქაა, უდავოდ განსხვავებულია, თანაც ძალიან იმისგან, რასაც საბჭოეთში აკრძალული „ამერიკის ხმის“, „რადიო თავისუფლების“, „BBC“-ს რადიოგადაცემებით ვისმენდით.

აქაური „დემოკრატია“ თუ ისაა, რასაც დასავლეთი ჩაგვძახოდა, ცუდი ყოფილა — უვარგისი. ცუდი რომ არის, შეუნიღბავი თვალითაც ჩანს, როდესაც ის „დემოკრატია“ შესანიშნავად იტანს, იმ „დემოკრატიას“, აქ რომ არის.

არ მითხრათ ვერ იტანსო, ვინაიდან დაუჯერებელია. იმ დემოკრატიისთვის აქაური თუ რამ არის მიუღებელი — სახელმწიფო სისტემაა. აქვს კი ასეთ აუტანლობას ადგილი მათი მხრიდან?

არა! ათასჯერ არა!!!

როდესაც დასავლური დემოკრატია მჭიდროდ თანამშრომლობს აქაურ ხელისუფლებასთან — პრეზიდენტთან, პრემიერთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, მინისტრებთან, პარლამენტარებთან, თან იცის, რომ ისინი თოჯინები არიან ერთი ადამანის, ინკოგნიტოდ მცხოვრების ხელში, რა დემოკრატიაა?

ის, დემოკრატია თუ იტანს ერთი კაცის ბატონობას, მაშინ ის, დემოკრატია, დემოკრატია არ ყოფილა. ერთი კაცის დიქტატურა, თანაც იატაკქვეშური, დახურული, ვერაფრით უკავშირდება დემოკრატიას. ის, ადრეული ფეოდალიზმის გამოვლინება უფროაა, ვიდრე 21-ე საუკუნისთვის დამახასიათებელი რამ.

ევროატლანტიკურ სივრცეს ამ სახის დემოკრატია, მარტო საქართველოში აქვს, თუ სხვაგანაც ჰქონდა  და აქვს? შორს რომ არ წავიდეთ, პოსტსაბჭოთა სივრცეში ასეთი მოლდოვაში ვიცით — მილიარდერ პლოხოტნიუკის, გაქნილი თაღლითის, ტრეფიკინგის მამის, სახელმწიფო ფულის მიმთვისებლის და ყაზახეთში, ყოფილი პრეზიდენტის ნაზარბაევის ოჯახის სახით.

თუ სახელმწიფო სიმდიდრეების დატაცებასთან გვაქვს საქმე, როგორღა ჩავთვლით ამ სახელმწიფოს პოლიტიკურ სისტემას დემოკრატიულად, მაშინ, როდესაც ამავე სახელმწიფოს პარტიული პლიურალიზმი, ათასობით პროდასავლური არასამთავრობო ორგანიზაცია, მედია ეგუება ერთი კაცის განუზომელ ბატონობას, მის და მის ხელქვეითთა მიერ სახელმწიფო სიმდიდრეების დატაცებას? და ეს ყველაფერი ევროატლანტიკური სივრცის თვალწინ ხდება.

დასკვნა. ოღონდ ჩვენ მათი დავალებები შევასრულოთ და მნიშვნელობა არ აქვს რა სახის ცხოვრება გვექნება —  დემოკრატიული თუ ქურდულ კანონებზე დაფუძნებული.

აი, აქედან გამომდინარე, თუ ადრე ვთვლიდი, რომ ნეიტრალიტეტი საქართველოს სტაბილურობას და უსაფრთხო ცხოვრებას მოუტანდა, დღეს ვთვლი, რომ ნეიტრალიტეტი ჩვენთვის არაფრის მომტანი არ იქნება.

მაშ, რა გზას დავადგეთ? გიპასუხებთ — დსთ-ში გაწევრების და რუსეთთან სამოკავშირო ხელშეკრულების გაფორმების — იმაზე მჭიდროს, ბელორუსს რომ აქვს რუსეთთან.

ევროატლანტიკურ პროპაგანდას მიჩვეული ყურები, იხამუშებს ჩემს ნათქვამს, მაგრამ გამეორების შემთხვევაში მიხვდება მართალი ვარ და იმიტომ, რომ ქვეყნის გადარჩენის სურვილი მალაპარაკებს.

30 წლის ევროატლანტიკური გზა დამანგრეველი აღმოჩნდა ქვეყნისთვის და თუ გავაგრძელებთ, ჩვენს ისტორიულ არსებობას წერტილი დაესმება. ჩვენ ისეთივე პრობლემის წინაშე ვართ, როგორც დიდი ერეკლე! მან მიიღო გადაწყვეტილება და საქართველო გადარჩა. ჩვენ ჯერ არ მიგვიღია, მაგრამ თუ გადარჩენა გვსურს, უნდა მივიღოთ, ისე, როგორც ერეკლემ. ასე, რომ ნეიტრალიტეტი აღარ გვიშველის!

ზემოთ, ფინეთის ნეიტრალიტეტი ვახსენე და გაგრძელებას დაგპირდით. მაშ, ასე, რა არის ნეიტრალიტეტი, არა ფინური, არამედ საერთოდ?

დიპლომატიური სამართლის მიხედვით, ლათინური სიტყვა „neuter“ — „არც ის, არც ეს“ („საშუალო“), არის სახელმწიფოს საგარეო კურსი, რომლის მიხედვით სახელმწიფო უარს აცხადებს სხვა სახელმწიფოსთან (სახელმწიფოებთან) ომზე, ასევე სამხედრო დახმარებაზე მეომარი ქვეყნებისთვი; მშვიდობიან პერიოდში სამხედრო ბლოკებში გაწევრებაზე. ნეიტრალიტეტი ითვალისწინებს ნეიტრალური სახელმწიფოს უფლებას საკუთარი ტერიტორიის ხელშეუხებლობის დაცვის საქმეში, აგრეთვე საკუთარი მოქალაქეების, ვისაც მონაწილეობა არ მიუღია მეომარი ქვეყნების ომში და მათი ქონების დაცვას.

არიან თუ არა ნეიტრალური სახელმწიფოები აგრესიისგან დაცული? როგორც პირველი, ისე მეორე მსოფლიო ომების მაგალითების მიხედვით — არა. პირველი მსოფლიო ომის დროს ანტანტა მაქსიმალურ ზეწოლას ახორციელებდა ევროპის ნეიტრალურ ქვეყნებზე, რათა ჩაეთრია ომში.

1914 წელს დაირღვა ბელგიის და ნიდერლანდების ნეიტრალიტეტი. 1915 წელს — საბერძნეთის.

მეორე მსოფლიო ომის დროს ესპანეთის ნეიტრალიტეტი სამთა კავშირის მიმართ გამოიხატა მხოლოდ იმაში, რომ ეს ქვეყანა არ იღებდა მონაწილეობას ომში ფაშისტების მხარეს, მაგრამ სხვა მხრივ აქტიურად ეხმარებოდა მათ. იყო სხვა მაგალითებიც, რომელთა ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს.

რაც შეეხება ჩვენთვის საინტერესო თემას — ფინეთის ნეიტრალიტეტს, ზემოთ მოგახსენეთ ფინელთა დამოუკიდებულებაზე ამ საკითხთან დაკავშირებით და აღვნიშნე, რომ თუ წინათ ფინელთა 71% კატეგორიული წინააღმდეგი იყო ნატოში გაწევრების, დღეს ასეთთა რაოდენობა 51%-ია. ანტი-ნატოელთა კლება უპირველესად გამოწვეულია აშშ-ს, ნატოს სისტემატური პროპაგანდით, რომ მხოლოდ ნატოს ძალუძს ფინეთის, შვედეთის უსახრთხოების დაცვა რუსეთის აგრესიისგან.

ანტირუსულმა პროპაგანდამ თავისი გაიტანა, რაც პროცენტებშიც აისახა. დღეს, სისტემატურად გაისმის ზოგიერთი პოლიტიკური პარტიისგან, რომ ფინეთის უსაფრთხოება საჭიროებს გადამჭრელი ზომების მიღებას. ზომები კი ნატოში შესვლაა.

ფინელთა ნატოურ განწყობას აღვივებს აშშ-ს დღევანდელი ადმინისტრაციაც, რომელმაც ჟენევაში მიმდინარე მოლაპარაკების (აშშ-რუსეთს შორის) დროს, სრულიად უადგილოდ, გააკეთა შემდეგი განცხადება, რომლის ავტორი გახლდათ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე ნულანდი — „ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრების საკითხი, თუკი ისინი მოგვმართავენ“. „5 ადმინისტრაციაში, რომლებშიც ვმუშაობდი, ყოველთვის ვლაპარაკობდით ფინეთსა და შვედეთზე, ნებისმიერ დროს, როდესაც თქვენ ისურვებთ ჩვენთან ლაპარაკს გაწევრებაზე, ჩვენ მზად ვიქნებით ამისთვის“.

ნულანდი, ისე, როგორც მისი კოლეგები თვლიან ფინეთსა და შვედეთს დემოკრატიულ სახელმწიფოებად, სადაც დაცულია ადამიანის უფლებები, ეკონომიკური თვალსაზრისით ისინი ძლიერი ქვეყნები არიან. აქედან გამომდინარე, მათ ნატოში შესვლის პრობლემები არ ექნებათ. ნულაბდმა თქვა ფასეულობათა ასპექტთან დაკავშირებით აშშ-ს ფინეთ-შვედეთის მიმართ პრობლემები არ აქვს, მაგრამ  უკრაინა-საქართველოს მიმართ აქვს, სადაც სერიოზული პრობლემებია — კორუფცია, ეკონომიკური რეფორმები, დემოკრატიული სტაბილურობა და ა.შ.

რას ამბობს ფინეთი? საახალწლო გამოსვლაში ფინეთის პრეზიდენტმა ნიინისტომ განაცხადა: „ნატოს კარი ჩვენთვის ღიაა, რაც ნულანდმაც დაადასტურა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ფინეთი ნატოში შესასვლელად ემზადება“. ა.წ. 9 იანვარს ანალოგიური რამ ბრძანა შვედეთის პრემიერ-მინისტრმა ქალბატონმა ანდერსონმა: „შვედეთი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში იცავდა თავის უსაფრთხოებას. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ნატოსთან. მთავრობის პოზიცია ასეთია — ჩვენ არ ვაპირებთ ნატოში შესვლას“.

ფინეთი იყენებს ნატოსთან პარტნიორობისა და თანამშრომლობის პროგრამებს, საკუთარი ეროვნული თავდაცვის პოტენციალის გასამყარებლად.

1917 წლიდან, ანუ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე, გამუდმებით გამოხატავს დამოუკიდებლობას საკუთარი უსაფრთხოების პოლიტიკის არჩევანში. მე-2 მსოფლიო ომის დროს ფინეთი სსრკ-ს წინააღმდეგ იბრძოდა გერმანიასთან ერთად, არ იყო რა გერმანიასთან სამხედრო-პოლიტიკურ კავშირში. ფინეთი, იყო სამთა კავშირის თანამებრძოლი და არა მოკავშირე. 1941 წლის 25 ივნისს ფინეთი ჩაება სსრკ-ს წინააღმდეგ ომში, ჰქონდა რა მას მარტო ზეპირი თანხმობა გერმანიასთან — გენერალური შტაბების დონეზე.

ფინეთში, თავისი გეოგრაფიული მდებარეობიდან — დიდი რუსეთის ჩრდილქვეშ და რუსეთის იმპერიაში თითქმის 100-წლიანი (1809-1917 წ.წ.) ავტონომიური სტატუსიდან, აგრეთვე შვედეთთან, სკანდინავიის ქვეყნებთან კულტურულ-ცივილიზაციული კავშირებიდან გამომდინარე ჩამოყალიბდა უსაფრთხოების საკითხებისადმი საკუთარი სპეციფიკური მიდგომა, რომელიც პარტნიორულ ორმხრივ ურთიერთობებს ეფუძვნება, ფიქსირებული მოვალეობების და მუდმივ მრავალმხრივ სამხედრო კავშირებში მონაწილეობის გარეშე.

ამ ტრადიციის დასარღვევად საზოგადოების აზროვნების შეცვლაა საჭირო, რაც არცთუ იოლი საქმეა.

თანამედროვე პოლიტიკაში ცნობილია ტერმინი „ფინლანდიზაცია“, რაც გულისხმობდა ფინეთსა და სსრკ-ს შორის მე-2 მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბებულ ურთიერთობებს. „ფინლანდიზაციას“ ხშირად ნეიტრალიტეტსაც უწოდებდნენ, რაც სპეციალისტთა მიხედვით არ არის სწორი.

სპეციალისტები ამბობენ, რომ ნეიტრალიტეტი ორი სახისაა. პირველი — წინასწარ გამოცხადებული და მუდმივი; მეორე — გამოცხადებული სამხედრო კონფლიქტთან მიმართებაში. დღეს, მუდმივი ნეიტრალიტეტის მატარებელი ქვეყანა არის შვეიცარია. რაც შეეხება ფინეთს, ის მე-20 საუკუნეში იყო მეორე სახის ნეიტრალიტეტის მატარებელი — გამოცხადებული, კონფლიქტის გამო.

მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე, 1938 წლის 3 ივნისს ფინეთმა მიიღო დადგენილება ქვეყნის ნეიტრალიტეტზე, რომელიც ვერ ეღირსა რეალიზაციას. ანალოგიური ნაბიჯი გადადგეს დანიამ, ნორვეგიამ, შვედეთმა.

1940 წელს სსრკ-სთან ომის დროს ფინეთი მივიდა დასკვნამდე, რომ სამართლიანობის პრინციპმა, საერთაშორისო სამართალმა, მსოფლიო საზოგადოების თანაგრძნობამ ვერ დაიცვეს ფინეთის ნეიტრალიტეტი. აქედან გამომდინარე 1941 წლის პირველ ნახევარში ფინეთს არც უცდია შეესრულებინა ნეიტრალიტეტით განსაზღვრული მოვალეობები.

ანალოგიურ მდგომარეობაში აღმოჩნდა შვედეთი, რომელიც იძულებული იყო განეხორციელებინა თავის ტერიტორიაზე გერმანიის ტრანზიტი, რითაც სერიოზულად დააზიანა საკუთარი ნეიტრალიტეტი.

1948 წელს სსრკ-ფინეთს შორის დადებული ხელშეკრულების „მეგობრობის, თანამშრომლობის და ურთიერთდახმარების“ მიხედვით, ომის შემთხვევაში ფინეთი იბრძოლებდა საბჭოთა მხარეზე, თუ ფინეთის ტერიტორია აღმოჩნდებოდა საფრთხის ქვეშ. ამ შემთხვევაშიც ფინეთი იომებდა თავის საზღვრებში, საბჭოთა კავშირის დახმარებით. აქედან გამომდინარე სსრკ-ს მიმართ ფინეთი არ ყოფილა ნეიტრალური.

„ფინლანდიზაციის“ დროს ფინეთი არ შედიოდა ვარშავის ხელშეკრულებაში, არ იყო სსრკ-ს სამხედრო მოკავშირე, მაგრამ ორმხრივობის საფუძველზე ქმნიდა სსრკ-თვის უსაფრთხოების ზონას.

1992 წლის იანვარში, სსრკ-ს დაშლიდან ერთ თვეში, ფინეთმა უარი თქვა 1948 წლის ხელშეკრულებაზე და შეცვალა ის რუსეთ-ფინეთის ხელშეკრულებით. ამ ხელშეკრულების მე-4 პუნქტით: „მხარეები არ გამოიყენებენ ან სხვას არ გამოაყენებინებენ თავიანთ ტერიტორიას სხვა ქვეყნის წინააღმდეგ აგრესიაში“.

აი, ასეთია ფინეთის „ნეიტრალიტეტი“, თუმცა მისი ნატოში შეყვანა, რაც ესოდენ სურთ აშშ და ნატოს, დღესდღეობით გაჭირდება, თვით ფინელთა ანტინატოური პოზიციიდან გამომდინარე. გარდა ამისა, ფინეთის პრეზიდენტის ნიინისტოს განცხადებით, გაწევრებისთვის საჭირო იქნება რეფერენდუმის ჩატარება.

რა სახის ნეიტრალიტეტს სთავაზობენ ჩვენს ქვეყანას პარტიები, რომლებმაც სულ ახლახანს გააკეთეს ამის თაობაზე განცხადება — გარკვევას მოითხოვს. საქართველო აქტიურად თანამშრომლობს ნატოსთან, ბოლო 20-25 წლის განმავლობაში; თავის ტერიტორიას უთმობს ნატოს სამხედრო წვრთნებს; იღებს მონაწილეობას სამხედრო ოპერაციებში და როგორც ხელისუფლება აცხადებს დღე-დღეზე ელოდება ამ ორგანიზაციაში გაწევრებას და ამ დროს ნეიტრალიტეტი?

ხომ არ დარჩება ეს განცხადება უდაბნოში ძახილის მსგავსი? რამ აიძულა 40 პარტია აღნიშნულის, დღეს განცხადებაში? ჟენევაში რუსეთის ხელისუფლების მტკიცე პოზიციამ ხომ არა? კითხვები ბევრია. პასუხები — კეთილი სურვილების დინეზე.

„ნეიტრალიტეტი“ — ეს მარტივი და გასაგები სიტყვა რომ სერიოზული დატვირთვის მატარებელია, მტკიცება არ სჭირდება.

ნეიტრალიტეტი საქართველოსთვის ნიშნავს პოლიტიკური კურსის კარდინალურ ცვლას და დღევანდელი სტრატეგიული პარტნიორების წინააღმდეგ დადგომას. ყველა იმ კავშირის გაწყვეტას, მათ შორის ფინანსურის, რომელზეც არის ჩამოკიდებული ქვეყანა.

ნეიტრალიტეტი ნიშნავს რუსეთთან ურთიერთობების აღდგენას, განმტკიცებას; რუსეთით, დასავლეთის ჩანაცვლებას — ეკონომიკურ-ფინანსური თვალსაზრისით.

იცის ამის შესახებ რუსეთმა? ფაქტის წინაშე დაყენება კარგის მომტანი ნამდვილად არ იქნება.

ნეიტრალიტეტის გამჟღერებლებმა იციან რა პრობლემების გადალახვა მოუწევს ქვეყანას, თუკი ნეიტრალიტეტი განხორციელდება?

არიან ეს პარტიები საზოგადოების სურვილების გამხმოვანებლები? და თუ არიან, სად იყვნენ აქამდე?

სურს საზოგადოებას ნეიტრალიტეტი? როგორ გავარკვიოთ რამდენს სურს და რამდენს არა? რეფერენდუმმა უნდა გასცეს პასუხი ამ კითხვას და არა პარტიამ ან პარტიების კრებულმა, რასთანაც ამჯერად გვაქვს საქმე, თანაც ისეთებმა, რომლებიც თითო-ოროლა მხარდამჭერის იმედზეა და ქაღალდზე დაფიქსირებული არსებობით იქებს თავს.

ხმამაღალი განცხადებები ქვეყანას არ აკლია, რაც კარგად გავიგეთ 30-წლიანი დამოუკიდებელი ცხოვრებით. ისიც გავიგეთ, რომ მსგავსი, ყურადღების მისაპყრობად კეთდება — კომპოზიტორ ცაბაძის სიმღერის „ცოცხალი ვარ, ცოცხალის“ გაზიარებით.

ვაშა ნეიტრალიტეტს! საქმით თუ არა, სათქმელად ხომ კარგია?!

P.S. რატომღაც მგონია, რომ გამოცხადებელი ნეიტრალიტეტი იმ მძიმე სოციალური პრობლემებიდან ყურადღების გადატანას ემსახურება, რომელიც მუსრს ავლებს ქვეყნის მოსახლეობას. ფასების უკიდეგანო მატება ყველასა და ყველაფერზე ისეთ მასშტაბებს იძენს, არათუ ჯიბეგაფხეკილი ქართველი, არამედ დაპურებული ევროპელიც ვერ გაუძლებს.

ბიზნესის და ხელისუფლების დაუოკებელი მომხვეჭელობა ყოველგვარ საზღვრებს სცილდება და ამ დროს ნეიტრალიტეტი?

ბენზინზე ფასების მორიგი მატების შემდეგ ყველასთვის ცნობილმა ბატონმა ვალერი კვარაცხელიამ ტელეეთერში თქვა — ბენზინს ავტომანქანაში, კონიაკივით ვასხამო. საინტერესოა ახლა რას იტყვის, როდესაც მინერალური წყლის „ბორჯომის“ ფასმა რეკორდები მოხსნა. მას არც სხვა წყლები ჩამორჩნენ და ასეთ დროს ნეიტრალიტეტი?

ნეიტრალიტეტის „მიმდევარო“ 40-ო პარტიავ, უმჯობესი იქნებოდა მთავრობისთვის შეგეძახათ  დუხჭირი ცხოვრების გამოსწორების მოთხოვნით, რომელიც ზემონახსენები, მოკვდავობის რაოდენობას უდავოდ გაზრდის. საიქიოს იამაყებენ ისინი ნეიტრალიტეტით?!

ჰამლეტ ჭიპაშვილი,

პოლიტოლოგი

27/01/2022