26.11.2024

დაძაბული იანვარი

10 იანვარს, ჟენევაში დაგეგმილი მოლაპარაკება, აშშ-ა და რუსეთს შორის, მოჭარბებულ ინტერესს რომ იწვევს მსოფლიოს პოლიტიკურ წრეებში, გასაკვირი არ არის.

რუსეთის პრეზიდენტის, პუტინის განცხადებით, ამ ქვეყნისთვის, უსაფრთხოების კუთხით, უმძიმესი ვითარებაა შექმნილი და თუ აშშ-ი, მისი  ნატოელი მოკავშირეები უკან არ დაიხევენ, სრული შესაძლებელია არა მარტო რუსეთის, არამედ აშშ-ს, ნატოს წევრი სახელმწიფოების, ზოგადად მსოფლიოს უსაფრთხოების ეჭვქვეშ დაყენება.

მიზეზი საფრთხისა მრავალია, თუმცა მთავარი, ნატოს აღმოსავლეთით გაფართოება და ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ნატოს სამხედრო ბლოკში ჩართვა, მათ ტერიტორიებზე სარაკეტო სისტემების განლაგებაა.

განსაკუთრებული განგაში აქვს ატეხილი მოსკოვს უკრაინის მიმართ, სადაც დღითიდღე ძლიერდება ფაშისტური სულისკვეთება, ბანდერიზმი, აგრესიული ნაციონალიზმი.

უკრაინაში, სადაც 2014 წლიდან ხელისუფლების სათავეში ულტრა-ნაციონალები მოექცნენ, რუსოფობია ბობოქრობს. რუსული ენის უკიდურესი შევიწროება, სკოლის ასაკიდან პატარა ბავშვების ანტირუსულად აღზრდა, ბავშვების ტვინში „მტერი რუსის“ იმიჯის ჩატენა, დაბალი კლასებიდანვე ბავშვებისთვის იარაღით რუსეთთან ბრძოლის ტექნიკის სწავლება, სასკოლო სახელმძღვანელოებში ყალბი ისტორიის ჩაწერა — აგრესორი, საზარელი, ოკუპანტი რუსის სახით — ჩვეულებრივ მოვლენადაა ქცეული.

არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ უკრაინაში სწრაფი ტემპით მიმდინარეობს ფაშიზმის რეანიმაცია და ამ პროცესს ხელს უწყობს კოლექტიური დასავლეთი, აშშ-ს ხელმძღვანელობით.

სწორედ აშშ-ს ადმინისტრაციის ძალისხმევით განხორციელდა 2014 წლის სისხლიანი სახელმწიფო გადატრიალება — ვაშინგტონის მიერ გამოყოფილი მილიარდებით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და უკრაინაში აშშ-ს საელჩოს აქტიური ჩარევით.

4 მილიარდი დოლარი დავახარჯეთო უკრაინის რევოლუციას, — ამაყად თქვა აშშ-ს საგარეო უწყებამ.

4 მილიარდი — აშშ-ს სახელმწიფო ბიუჯეტის ფული, ამერიკელთა მიერ სხვადასხვა სახის გადასახადებით შეგროვებული.

ეტყვის ამას აშშ-ს ადმინისტრაცია გადასახადის გადამხდელ რიგით ამერიკელს, რომ სახელმწიფომ 4 მილიარდი დოლარი უკრაინის მაიდნის რევოლუციას დაახარჯა? ან რომ უთხრას, გაიგებს რიგითი ამერიკელი — ერთობ მწყრალად განწყობილი გეოგრაფიისა და მითუმეტეს გეოპოლიტიკის მიმართ?

იცის ვინმემ რა არის უკრაინა, სად მდებარეობს ან ვინ არის უკრაინელი, რომლის მოჩვენებითი კეთილდღეობისთვის, დემოკრატიულად აღზრდისთვის — მან, რიგითმა ამერიკელმა გაიღო ფული?

ამერიკის პოლიტიკოსთა განცხადებას, რომ ეს ფული აშშ-ს ადმინისტრაციამ, აშშ-ს მოსახლეობის უსაფრთხოებას მოახმარა, ხომ ვერადავერ გაიგებს, ვინაიდან არ იცის სად მდებარეობს უკრაინა.

აი, როდესაც მოსახლეობა გაიგებს უკრაინის მდებარეობას, მაშინ დაფიქრდება და უეჭველად იტყვის — სად ამერიკა და სად უკრაინაო? მაგრამ გაიგებს კი ამ ამბავს? ან ვინ გააგებინებს?

ამერიკული მედია, ჩვენ რომ დამოუკიდებელი და საკუთარი აზრის მატარებელი გვგონია?

ამერიკული, საერთოდ მთელი დასავლური მედია, რომ ამერიკული, დასავლური პოლიტიკის უყოყმანო შემსრულებელია, საქმეში ჩახედულთათვის რახანია ცნობილია. მიზანი მისი საზოგადოებაში დასავლური იდეოლოგიური ზეგავლენის გატარებაა, სადაც სხვა ვერ გაიჭაჭანებს, თუნდაც ოდნავი საპირისპირო სიტყვაც.

დასტურად ამისა რუსული ტელეკომპანია RT-ის ამერიკული ფილიალიც კმარა, რომელსაც აუარება პრობლემები შეუქმნეს ამერიკელმა მასპინძლებმა.

ესე იგი ამერიკელებმა, ამერიკელებს, ანუ იმ ამერიკელებს, რომლებიც RT-ს ფილიალში მუშაობენ; იმ ამერიკელებმა, რომლებიც ე.წ. ამერიკულ ცენზურას წარმოადგენენ.

იკითხავთ — რამ დააფრთხო ამერიკელი ცენზურელებიო?

RT-ს მიერ მსოფლიო ამბების მიუკერძოებელმა გაშუქებამ, რამაც ამერიკელ მაყურებელთა რაოდენობა გაზარდა, როგორც  RT ირწმუნება, საგრძნობლად.

 როდესაც ქვეყანაში უამრავი ტელეკომპანია აშშ-ს იდეოლოგიას ემსახურება, ერთი განსხვავებული აზრის მატარებელი RT რას დააკლებდა?

მათი აზრით, დააკლებდა, ამერიკელთა ტვინებს შეაჯანჯღარებდა და იმიტომაც მოუწია RT-ს ამერიკულ რედაქციას უამრავ ბარიერზე ხტომა, ისე, როგორც თარჯრბენაში მონაწილე სპორტსმენებს.

RT-ს არა მარტო აშშ-ი აქვს პრობლემები, არამედ დემოკრატიულ და სიტყვის თავისუფლების მოტრფიალე ევროპაში. მაგალითად, გერმანიამ გასული წლის ბოლოს საერთოდ აუკრძალა RT-ს მის ეთერში მაუწყებლობა. და როდესაც ესოდენ უსასრულო „სიტყვის თავისუფლებასთან“ გვაქვს საქმე, ვინ ჩააყენებს აშშ-ს, ევროპის ქვეყნების მოსახლეობას სინამდვილის საქმის კურსში?

არც არავინ, ვინაიდან ვინც უნდა ჩააყენოს ამის გამკეთებელი არ არის — იდეოლოგიური მოსაზრებიდან გამომდინარე და რომც იყოს, უვიცობის გამო, ისეთ სისულელეს იტყვის, როგორც ერთხელ ყველასთვის ცნობილმა ამერიკელმა, მაღალი სახელმწიფო უწყების პრეს-მდივანმა ფსაკიმ — არ მოეგებიან გონს, ბელორუსის ნაპირებს ამერიკულ სამხედრო გემებს მივაყენებთო.

ამერიკელებს ეუბნებიან, რომ აგრესორი რუსეთი შეჭრას აპირებს დემოკრატიის გზაზე დამდგარ უკრაინაში, აშშ-ს მეგობარ სახელმწიფოში და ამერიკის ვალია დაიცვას მოკავშირეო — ფინანსებით, შეიარაღებით, უკრაინელი სამხედროების გაწვრთნით და ა.შ. უკრაინის დაცვა ნიშნავს თვით აშშ-ს დაცვას რუსული აგრესიისგან — ე.ი იცავ უკრაინას, იცავ ამერიკას!

რა განსხვავებაა ამ ლოზუნგსა და ავღანეთიდან ამერიკელთა გამოგდებამდე არსებულ ლოზუნგს შორის? იბრძვი ავღანეთში ტერორიზმის წინააღმდეგ, იცავ ამერიკას ტერორიზმისგან.

საქართველოს პოლიტიკასაც მოეწონა ეს ლოზუნგი და ხშირად მიმართავდნენ მას. ანუ საქართველოს ჯარი იმიტომ ჰყავს ავღანეთში, რომ საქართველოში არ გავრცელდეს ტერორიზმიო.

და ამას ამბობდა ათას ბარიერზე გადამხტარი ნაცთა ხელისუფლებაც, რომელიც ისე იყო ჩახუტებული მსოფლიო ტერორიზმთან, თბილისში „ალ-ქაიდასა“ და „ისლამური სახელმწიფოს“ შეხვედრებსაც ატარებინებდა.

სააკაშვილის მმართველობის დროს ამ „კეთილშობილურ“ საქმეს მინისტრის მოადგილე ლორთქიფანიძე კურირებდა.

საქმეში ჩახედულთ ემახსოვრებათ რუსეთის სპეცსამსახურების სისტემატური ჩივილი —საქართველო, კერძოდ პანკისი, ტერორიზმის ბუდეაო, რომ გაიძახოდნენ, ჩვენი ხელისუფლება კი უკმეხად პასუხობდა — ტყუითო.

ამერიკა იცავს რუსეთის აგრესიისგან უკრაინას, ანუ იცავს თავის თავს — 12000 კილომეტრით დაშორებულ ტერიტორიაზე? ეს კითხვა ამასწინათ ერთმა ამერიკელმა კონგრესმენა დასვა. დასვა და ლამის მოღალატედ შერაცხეს. ყველამ, მედიიდან დაწყებული, სხვა კონგრესმენებით დამთავრებული.

კანტიკუნტად გაისმის იმათი ხმა, ვინც თვლის, რომ პუტინის მიერ ატეხილი განგაში, რუსეთის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, არ არის უსაფუძვლო. ამ იშვიათობას აქვს ადგილი, მაგრამ მას, უდავოდ აჭარბებს პუტინის აგრესიული პოლიტიკის თემა, სადაც საბჭოთა კავშირის აღდგენა ფიგურირებს.

ამერიკული ერთ-ერთი ტელეარხის ჟურნალისტის შეკითხვას აშშ-ს ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა პომპეომ უპასუხა, რომ პუტინის მიზანი საბჭოთა კავშირის აღდგენაა, რაც აშშ-ა არ უნდა დაუშვასო. არდაშვება კი ნიშნავს უკრაინის შეიარაღებას და ანტირუსულად დაქოქვას, თანაც მისთვის ხელის შეწყობას დონბასისა და ყირიმის დაბრუნებაში — თუნდაც სამხედრო გზით.

ამერიკელი აქაც პრაგმატულია — ის ეხმარება უკრაინას დაკარგულის დაბრუნებაში, მაგრამ თუ ამ პროცესში რუსეთი ჩაერთვება და დაიცავს დონბასს, ამერიკა უკრაინას სამხედრო ძალით არ დაეხმარება.

აშშ-ს პრეზიდენტმა გაიხსენა, რომ უკრაინა ნატოს წევრი არ არის და აქედან გამომდინარე ნატოს არავითარი ვალდებულება არ აქვს ჩაერთოს სამხედრო კონფლიქტში უკრაინის დასაცავად.

ბაიდენმა სხვაგვარად გადაწყვიტა რუსეთის დასჯა, თუკი ის გადალახავს უკრაინის საზღვარს, დონეცკისა და ლუგანსკის უკრაინის არმიის შეტევისგან დასაცავად. ის დააწესებს ისეთ მკაცრ ეკონომიკურ სანქციებს, რუსეთს ჯერ რომ არ უნახავს. რაზეც პუტინმა მიუგო ბოლო სატელეფონო საუბარში, რომ სანქციების შემთხვევაში, რუსეთი საერთოდ გაწყვეტს ამერიკასთან ურთიერთობებს, რაც უდავოდ კატასტროფის მომტანი იქნება თვით აშშ-ს და დასავლეთისთვის.

ბოლო სატელეფონო საუბარში პუტინმა აუხსნა ბაიდენს რას ნიშნავს რუსეთის უსაფრთხოება, რომ ნატოს აღმოსავლეთით გაფართოება, უკრაინა-საქართველოს ნატოში შეყვანა, მათ ტერიტორიებზე დამკვრელური რაკეტების განლაგება რუსეთისთვის დიდი საფრთხის შემცველია, ისე, როგორც ამერიკისთვის იქნებოდა რუსეთს რომ კანადა-მექსიკაში განელაგებინა ამერიკაზე დამიზნებული რაკეტები.

პუტინმა ამით ბაიდენს მიახვედრა, რომ რუსეთს შეუძლია განალაგოს ბირთვული რაკეტები, ცხადია არა მექსიკასა ან კანადაში, არამედ კუბასა და ვენესუელაში. ასევე ამერიკის საზღვაო საზღვრის სიახლოვეს იყოლიოს ბირთვულიარაღიანი წყალქვეშა ნავები, ხოლო საჰაერო სივრცეში სტრატეგიული ბომბდამშენები.

ბოლო სატელეფონო საუბრის დროს მხარეები შეთანხმდნენ, რომ ჟენევის მოლაპარაკება პრეზიდენტების პირადი კონტროლის ქვეშ წარიმართება.

როგორც კრემლმა, ისე თეთრმა სახლმა ჩათვალეს, რომ საუბარი იყო კონსტრუქციული და საქმიანი, რამაც ცეცხლზე ნავთის დასხმის ეფექტი გამოიწვია, როგორც ნატოში, ისე ევროკავშირში. განსაკუთრებით აქტიურობენ ნატოს წევრი აღმოსავლეთ-ევროპელები, ანუ ყოფილი საბჭოთა ბლოკის ქვეყნები. ისინი შეშფოთებული არიან იმით, აშშ-ი რუსეთის წინაშე დათმობაზე არ წავიდეს.

ყველაზე აქტიურები ამ წივილ-კივილში ბალტიისპირა ქვეყნები არიან, მათთან ერთად პოლონეთი — რუსეთის ისტორიული მტერი, ჩეხეთი, რომელიც ბოლო 2 წელია ეწევა პოლონეთს რუსოფობიაში.

რუსოფობიას არც სხვები აკლებენ ხელს, ვინაიდან რუსოფობია მათთვის ის საქონელია, რომლითაც ვაჭრობენ, თუ ისინი რუსოფობიით ვერ ივაჭრებენ, სხვით რით უნდა ივაჭრონ?! რუსეთთან ნორმალური ურთიერთობების შექმნით, მათ მიმართ ბრიუსელის ინტერესი ხომ შემცირდება? მათივე პროპაგანდით, ისინი ხომ ფარის ფუნქციას ასრულებენ აგრესიულ რუსეთსა და ნატოს შორის?

სხვათაშორის, იმავეს ვბღავით ჩვენც და უკრაინაც. წარმოიდგინეთ რა დონეზე უნდა იყოს ევროპა, რომ უსუსური საქართველოს დაცვის იმედად იყოს?!

რუსოფობიას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ბალტიისპირა ქვეყნებისთვის. უამისოდ ძნელია ახსნა მათი დამოუკიდებლობის იდეის.  რუსოფობია არის მათი ნაციონალური იდეის შემკვრელი ძალა, რომლის გარეშე თვით იდეა გაცამტვერდება, მითუმეტეს, როდესაც ამ ქვეყნებში საკმაო რაოდენობით ცხოვრობენ რუსები და რუსულად მოლაპარაკე აბორიგენი მოსახლეობა.

ლატვია-ესტონეთში რუსები, უკრაინელები და ბელორუსები მოსახლეობის მესამედს შეადგენენ. მხედველობაშია მისაღები ისიც, რომ აბორიგენი მოსახლეობის ევროკავშირის ქვეყნებში გადინების მაჩვენებელი კატასტროფულად მატულობს.

რუსოფობიამ ფართო გასაქანი ჰპოვა ამ ქვეყნების ნატოსა და ევროკავშირში გაწევრებასთან ერთად. რუსული აგრესიის თემა გახდა მათთვის ის „ბრენდი“, რომლითაც ისინი ჯერ-ჯერობით წარმატებით ვაჭრობენ. რუსოფობიურ ყვირილში იღებენ ისინი ევროკავშირულ ფინანსურ დახმარებებს, ნატოურ მხარდაჭერას იარაღით და სამხედრო კონტინგენტით.

აი, ამ „კეთილდღეობის“ ზეიმზე, როგორც მეხის გავარდნამ, ისე იმოქმედა მათზე პუტინ-ბაიდენის მოლაპარაკების გამართვამ, ამერიკა-რუსეთის 10 იანვრის დაგეგმილმა დიალოგმა, მოლაპარაკებამ ნატოსა და ეუთოსთან. მათ უმალ გამართეს დიალოგი ევროკავშირელ კოლეგებთან. საქათმეში მოქოთქოთე ქათმების საქციელს ჰგავს მათი უაზრო კრიახი — წამდაუწუმ იმის ძახილი — თუ რა გასაჭირშია უკრაინა, რომ ამ ქვეყანას დახმარება სჭირდება რუსული აგრესიის შესაკავებლად და ა.შ.

 რას მოგვიტანს 10 იანვრის ჟენევა? შეძლებს რუსეთი იმ პოზიციების დაცვას, რაც მან აშშ-ს გააცნო? შეძლებს აშშ-ი რეალურად აღიქვას რუსული შეშფოთება უსაფრთხოებასთან დაკავშირებით?

ძნელი სათქმელია, ვინაიდან რეალური აღქმა ნიშნავს უკან დახევას, ბუქარესტის ნატოს სამიტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გაუქმებას. სწორედ ბუქარესტში შეპირდნენ საქართველოსა და უკრაინას ნატოში მიღებას.

რა მოხდება, თუ აშშ-ი არ გაიზიარებს მოსკოვის წინადადებებს?

პუტინის მკაცრი და კატეგორიული განცხადებებიდან გამომდინარე კარგი არაფერი.

პუტინი თვლის, რომ ნატომ რუსეთი ჩიხში მოაქცია და თუ ნატო გააგრძელებს აღმოსავლეთით გაფართოებას, რუსეთს ძალის გამოყენების გარდა აღარაფერი დარჩება.

წინა წერილში ნათქვამს გავიმეორებ. რუსეთი დღეს არის სამხედრო თვალსაზრისით პრიორიტეტულ პოზიციაში, რადგან მას ზებგერითი ახალი იარაღი აქვს, რაც აშშ-ს არ აქვს, მაგრამ ცდილობს ჰქონდეს. 2 წლის შემდეგ, როდესაც აშშ-ს ექნება ასეთი იარაღი, მაშინ სამხედრო თანასწორობა აღდგება, რომ იტყვიან პარიტეტი შეიქმნება. და თუ ამას ექნა ადგილი, რუსეთი ამერიკისთვის სახიფათო აღარ იქნება.

ასე რომ, პუტინს დღეს და ახლა სურს ვაშინგტონის დაყოლიება.

სად ვართ ჩვენ? — იკითხავს მკითხველი. ჩვენ არცთუ სახარბიელო ვითარებაში ვართ, თანაც ისეთში, ნატოში შესვლაც რომ ვერ გვიშველის.

თუ ნატოში შევალთ — უკრაინასთან ერთად, რუსეთის რისხვას ვერ გადავურჩებით. თუ ვერ შევალთ, მაგრამ ჩვენს ტერიტორიაზე აშშ-ს და ნატოს სამხედრო ბაზის გახსნის ნებას დავრთავთ — რუსეთის რისხვას ვერც მაშინ გადავურჩებით.

ასე რომ, ბრიუსელში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ღარიბაშვილის უხვსიტყვაობა, საქართველოს მიერ ნატოს დავალებების პირნათლად შესრულებასთან დაკავშირებით, დავიწყებას მიეცემა, ისე, როგორც სტოლტენბერგის, ნატოს გენერალური მდივნის (ჯერ-ჯერობით) არაერთხელ ნათქვამი — საქართველოსთვის ნატოს კარი ღიაა.

ჰამლეტ ჭიპაშვილი,

პოლიტოლოგი

04/01/2022