მე-3, მე-4, მე-5 პრეზიდენტების ოინები

ელექტრონულმა მედიამ, რადიო-ტელევიზიის სახით, დილიდანვე გაგვიკეთა დოპინგი, რომელსაც ადამიანის აზროვნების იმ საინფორმაციო ტალღაზე დაყენება ჰქვია, ხელისუფლებას რომ აწყობს.

ნარკოტიკს, რომელსაც ჩვენ გვაწვდიან, გაბრუების ისთი ძალა აქვს, კარგა ხანს თუ არა, რამდენიმე დღეს დაკაიფებულს გვატარებს და შემდეგ სხვას, უფრო ძლიერს გაგვიკეთებენ — ხანგრძლივი დაკაიფების ძალისმქონეს.

დოპინგის კეთების პროცედურა მარტივი და ნაკლებად აღმაშფოთებელია, თან არც ლაბორატორიაში ან სპეციალურ პუნქტებში მისვლას გაიძულებთ, „კოვიდ-19“-ის მსგავსი აცრის ჩასატარებლად და არც მეზობლებთან, ახლობლებთან კონსულტაციების გავლას — ვაქცინის სანდოობის თაობაზე.

ჩართავ ტელევიზორს და აი ისიც — ქვეყანაში მომხდარი „ქართული ნიუსი“, ყველასთვის „საჭირო“ და „აუცილებელი“ — სააკაშვილის, ამჯერად პატიმრის, იმჯერად ქვეყნის პრეზიდენტის, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი სამუშაო დღის განრიგი, მიღების საათები.

სააკაშვილის თემა ქვეყნის ყოველდღიური ცხოვრების დღის წესრიგში ისე ორგანულად არის ჩამჯდარი, რომ დედამიწის ზურგზე, მითუმეტეს საქართველოში, არვინ არის ისეთი, ვინც ამ თემას ამოიღებს, უფრო ზუსტად ამოგლეჯს და სანაგვეზე მოისვრის.

რატომო? — არ იკითხოთ, ვინაიდან პასუხს გავცემთ მკვახეს, თქვენ რომ გაწყენინებთ, თუმცა ვეჭვობ, რომ გეწყინოთ, წყენის განცდის დაკარგვის გამო. ჩვენი განვლილი ცხოვრება გვიკარნახებს ამას და არა სხვას, მაგალითად რუსეთის „მზაკვრობას“, ჩვენს მიერ უმადურად ამოჩემებულის და 30 წლის განმავლობაში გათათხულ-გალანძღულის.

სააკაშვილის თემა უკვდავია საქართველოს მოსახლეობაში, ვინაიდან თვით მოსახლეობის დაბალი აზროვნება, გაუნათლებლობა, ტვინდაცლილობა იძლევა „უკვდავობის“ საფუძველს.

სააკაშვილისა და მისი ნაცების მხარდამჭერთა პროცენტული მაჩვენებელი, გამოკითხვისდა მიხედვით 30% ვერ აჭარბებს, დანარჩენთა რაოდენობა გაცილებით მეტია, ასეთია მარტივი არითმეტიკა, რომელიც სახეზეა, მაგრამ …

აი, ამ „მაგრამის“ შემდეგ რაც გვაქვს არათუ სავალალოა, არამედ ავის მომასწავებელიც.

მოსახლეობის უმრავლესობა, რომელიც ნეგატიურად არის განწყობილი სააკაშვილის მიმართ, ვერადავერ ახერხებს ნეგატიური მუხტის გამოხატვას, ვინაიდან არ სურს ასეთი, მიზეზთა გამო — უპირველესად ინდიფერენტულობის, „სხვისი ჭირი, ღობის ჩხირის“ ფილოსოფიიდან გამომდინარე.

მეორე — ვინ იცის რა მოხდება?

მათ მიერ თავიანთ ტვინებში დასმული კითხვა არ არის ხელწამოსაკრავი, ვინაიდან ხვალინდელზე ფიქრს ნიშნავს, შიშნარევ ფიქრს — ვაითუ, ნაცები მოვიდნენ ხელისუფლებაშიო.

არის თუ არა ეს ავის მომასწავებელი? უდავოდ, არის! ხალხი, რომელიც უნდა ფიქრობდეს, რომ ხელისუფლების მოსვლა მასზეა დამოკიდებული და არა რაღაც ზეძალაზე, ვერაფრით ჩაითვლება შეგნებულად. და რახან მის შეგნებასთან გვაქვს საქმე, უფრო სწორად შეუგნებლობასთან, სააკაშვილის პორტრეტი უკვდავია. და ასეც იქნება მომავალში, თუ რაღაც ძალამ არ წალეკა და მიწისგან არ აჰგავა.

30%-ს მიერ დაშინებული 70%, ვერც მიწისგან აღგვის და ვერც ქვეყნის ყოველდღიურ დღის წესრიგში შეტანილ სააკაშვილის თემას წაშლის, რაც იმას ნიშნავს, რომ სისტემატური დოპინგის მიღებაში ვიქნებით, კარგა ხნის განმავლობაში.

მედიამ გვამცნო, რომ 27 დეკემბერს გაიმართა საქართველოს მე-3 და მე-4 პრეზიდენტების შეხვედრა — ჰოსპიტალში, სადაც სააკაშვილია გამომწყვდეული. მე-4 პრეზიდენტს, გვარად მარგველაშვილს, გასჩენია ასეთი სურვილი. გვარს იმიტომ მოვიხსენიებ, რომ ცოტას თუ ახსოვს მისი გვარი, უღიმღამო, არაფრით დასამახსოვრებელი რომ იყო. აფსუს, რა ტიტული გააფუჭა?

თუმცა არც მე-5-ეა დასამახსოვრებელი, გარდა „ჩიქორთული“ ქართულისა და ასეთივე „ჩიქორთული“ აზროვნებისა. ამ ქალბატონის აზროვნების დინება, 180 გრადუსით არის განსხვავებული, მოსახლეობის აზროვნებისგან, რაც არ არის გასაკვირი. გასაკვირი ისაა, საფრანგეთში დაბადებულ, გაზრდილ, ნასწავლ, მოხუცებულობის ასაკს მიკაკუნებულ ადამიანს დანიშნავ პრეზიდენტად.

სიტყვა „დანიშვნა“ შეგნებულად შევარჩიე, ვინაიდან მის გაპრეზიდენტებაში ლომის წილი უგვირგვინო „იმპერატორს“ ივანიშვილს მიუძღვის — ხალხის ის 70%-ი, რომ მხსნელად მიიჩნევს და მის ნებისმიერ დაძახებაზე, მორჩილ ფინიასავით უკანა თათებზე დგება.

მედიამ ისიც გვამცნო, თუ როგორ მიიღო მარგველაშვილმა სააკაშვილთან შეხვედრის უფლება, როგორ მიმართა მან წერილობით იუსტიციის მინისტრს და ამ უკანასკნელმა, დიდსულოვნად დართო ნება.

მარგველაშვილს, მიძინებულს და საზოგადოებრივი სივრციდან გამქრალს, უცბათ თავის გამოჩენა მოუნდა და მედიას მიმართა საკუთარი სურვილის შესახებ, თან მე-5 პრეზიდენტთან საუბრის სურვილიც გამოთქვა, ვიდრე მე-3 შეხვდებოდა.

მკითხველი, რომ არ დავაბნიო პრეზიდენტთა ნომრებით, შევახსენებ — მე-3, პატიმარი სააკაშვილია; მე-4, ყველასგან მივიწყებული მარგველაშვილი; მე-5 კი ქალბატონი ზურაბიშვილი გახლავთ, ანუ მოქმედი, რომლის მოქმედებასაც რომ ვერ გვრძნობთ და ვერც ვიგრძნობდით, ვიდრე თვით არ შეგვახსენებდა თავს ე.წ. ეროვნული შერიგების იდეით.

მანაც, ისე, როგორც მარგველაშვილმა, გადაწყვიტა მედიისა და საზოგადოების ყურადღების არეალში მოქცევა, ვინაიდან სხვა „სათამაშო“ პრეზიდენტს კონსტიტუციით არ აქვს. ერთი, რაც ჰქონდა და მიმართავდა, უცხოეთში ვიზიტებია, თუმცა „კოვიდ-19“-ა ბარიერი შეუქმნა და რა ქნას, თავი ხომ უნდა გაირთოს? და აი, ისიც — ეროვნული შერიგება, ხომ კარგი თემაა?!

რა სჯობს ეროვნულ შერიგებას? მაგრამ, როდესაც საკითხი 2 პარტიის შერიგებას ეხება, რა შუაშია პატრიოტული „ეროვნული შერიგება“? თუ უნდათ ქოცებს და ნაცებს შერიგება, ვინ უშლით? შერიგდნენ! ერი რა შუაშია?

დავუშვათ, მოხდა ამ ორი პარტიის შერიგება, მას ერის შერიგება დაერქმევა? ბევრს ხომ არ იღებთ თქვენს თავზე მე-4 და მე-5 ნომრებო?!

ორი პარტიის შერიგება რას ნიშნავს? იმას ხომ არა, რომ ორივენი მოუწოდებენ თავიანთ ფანებს — ჩვენ შევრიგდით და თქვენც უნდა შერიგდეთო? და ისინიც, როგორც უტყვი ფარა, ისე ჩაეხუტებიან ერთმანეთს?

რა პრიმიტიული აზროვნებისანი უნდა იყვნენ მე-4 და მე-5, რომ ასე იფიქრონ? ისინი, რომ პრიმიტიული აზროვნებისანი არიან. მე-4 უკვე დაგვანახა, მე-5 კი ახლა გვაჩვენებს თავის თავს. მათ ზომაზე მეტად გულშემატკივრობს მე-3 — ერის ბედიღბლით დაინტერესებული, ერისა და ქვეყნის სამსახურში ჩაფერფლილი.

ის და მისი მომხრეები გაჰყვირიან — ერის აწმყოსა და მომავალს სჭირდება ეროვნული შეთანხმებაო. კეთილი, მაგრამ ახსოვდათ მათ და მათ ლიდერს ერი თითქმის 10-წლიანი დიქტატორული მმართველობის დროს? არ ახსოვდათ!!! მათთვის ერი და ქვეყანა მეწველ ძროხასავით იყო. ის ტკბილი დრო ახსოვთ — მათთვის საამური.

ამდენად, უკვირს ვინმეს მე-3-ს დაბეჯითებული მოწოდება ერის შერიგებაზე? ერის შერიგება ხომ მისი აზრით ციხიდან გამოსვლა და აქტიურ პოლიტიკაში ჩართვაა, ამასთანავე ხელისუფლების დაბრუნება?!

მე-5 თქვა, რომ მე-3-ს არ შეიწყალებს. კეთილი. არ შეიწყალებს, მაგრამ ისიც, იმ 70%-ს მსგავსად, ხვალინდელ დღეზე და ტკბილ მოხუცებულობაზე ფიქრობს და რახან ფიქრობს — შეწყალების სხვა ფორმატს იყენებს — ეროვნულის საბურველში გახვეულს. მე არ ვიწყალებ, მაგრამ ერის შერიგებისთვის ყველა ერთად ვდგამთ ამ ნაბიჯს, ანუ მე-3, მე-4, მე-5 და მათი გულშემატკივარი პარტიები.

იკითხავთ ალბათ, ხალხი? ხალხი, ისე, როგორც ყოველთვის თამაშგარე მდგომარეობაშია. მას არჩევნების წინ გაიხსენებენ — კარტოფილით, ხახვით, ნივრით, 20-30 ლარით, … და ისიც (ხალხი) მიიღებს ამ „სიკეთეებს“ — „ყვავს კაკალი გააგდებინეს“ — ფილოსოფიაშესწავლილი. სხვა მეტი გამოსავალი მას არ აქვს, ჯიბგირი, ჯიბეში ხელისჩამყოფი ხელისუფლების შემხედვარეს.

ხელისუფლების, რომელსაც 10 წლის განმავლობაში ხალხის, ქვეყნის ძარცვის გარდა არაფერი გაუკეთებია. „არაფერში“, საკუთარი კეთილდღეობა არ შედის. ამ მხრივ ის მოწოდების სიმაღლეზეა და მეტზეც — ახალ-ახალი ინიციატივებით, ხალხის ჯიბეში ხელის ფათურით, იქ დარჩენილი თეთრების ამოღებით და საკუთარ ჯიბეში გადადებით. და ყოველივე ამის ხალხის ზრუნვის საბაბით გაჟღერებით.

საახალწლო „საჩუქარი“ არ არის საქალაქო ტრანსპორტზე ფასების მატება ან ავტოსადგომებზე ასტრონომიული გადასახადის დაწესება? როდესაც დედაქალაქის ნებისმიერ უბანში წყლით, ელექტროენერგიით მომარაგებას სისტემატური პრობლემები აქვს; როდესაც ზედაპირულ, მოჩვენებით, ფასადურ საკითხებს ამჯობინებ, ქალაქის მიწისქვეშა, გაუმართავი, მოძველებული კომუნიკაციების მოწესრიგებას, ფასადებდაზიანებული სახლების უყურადღებოდ მიტოვებას, ქალაქისთვის სხვა მნიშვნელოვანი სამუშაოების ჩატარებას — ძნელია ილაპარაკო ხელისუფლებაზე დადებითად. ან საერთოდ მიიჩნიო ის ხელისუფლებად.

მერედა, ვისი ბრალია, რომ ასეთი ხელისუფლება გვყავს? მერედა, ვისი ბრალი იყო, ისეთი ხელისუფლება რომ გვყავდა მე-3 პრეზიდენტის ბატონობის სახით? თქვენი, პატივცემულო საზოგადოებავ!

მე-5 პრეზიდენტთან შეხვედრიდან გამოსულმა „ოცნების“ ლიდერმა კობახიძემ თქვა, რომ პრეზიდენტს პარტიების შერიგება არ აქვს მხედველობაში, მას ორად გახლეჩილი საზოგადოების შერიგება სურს და ამიტომ ხვდებაო პარტიების წარმომადგენლებს.

დასაწყისში შებრუნებით იყო, შეიძლება ვცდები, სხვაგვარად მომესმა. პარტიების ლიდერებთან შეხვედრებს რა კავშირი აქვს დაყოფილი ხალხის შერიგებასთან? პარტიები ხალხს ნამდვილად არ წარმოადგენენ, მითუმეტეს თითოკაციანი პარტიები!

შერიგებული პარტიები რას ნიშნავს? ერთ აზრს, ერთ გადაწყვეტილებას და არა პოლიფონიურობას. და თუ ამას ექნა ადგილი, 200-ზე მეტი პარტიის არსებობა ხომ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება? იქნებ, შეპარულად მივდივართ იქითკენ, სადაც 30 წლის წინათ ვიყავით?

ვეჭვობ, რომ ასე იყოს. ამბიციური, თავის თავში უზომოდ დარწმუნებული ბრიყვი ლიდერი პარტიისა ასე იოლად შეეშვება პირველობას, თუნდაც საქათმისას?

ზურაბიშვილი, რომელსაც თავისი შეგნებული ცხოვრება საქართველოს ფარგლებს გარეთ აქვს გატარებული და ქართველის აზროვნება მისთვის ისეთივე ამოუცნობია, როგორც საქართველოში დროებით აკრედიტებული უცხოელი დიპლომატისთვის, არის შემრიგებელი? მოდით, დავსვათ კითხვა, ცხადია ერთობ უხერხული ზურაბიშვილისთვის — რატომ ჩათვალა მან, რომ ხელეწიფება ხალხის შერიგება, გაერთიანება? ზურაბიშვილი ამ ხალხისთვის არ არის ავტორიტეტი და მედიამ რაც არ უნდა „იჩალიჩოს“ მისთვის ავტორიტეტის მიკერებაზე, არაფერი გამოუვა.

გარდა ამისა, ვისთან არიგებს ზურაბიშვილი ხალხს — სააკაშვილთან და მის ნაცებთან? ე.ი. პრეზიდენტთან, რომელმაც ომი გააჩაღა, ხალხი დახოცა, ტერიტორიები დაკარგა, სახელმწიფო თანხა ჩაიჯიბა, ხელისუფლების შტოებს სოლიდურობა დააკარგვინა უცოდინარი, უმწიფარი გოგო-ბიჭების მაღალ თანამდებობებზე დანიშვნით?

როგორ უნდა გამოხატოს ხალხმა, რომ სააკაშვილს აპატია? სად გამოჩნდება ეს? ერთადერთი გზა ამისა რეფერენდუმია — მსოფლიოში ჯერ-ჯერობით უცნობი, შერიგების თემიდან გამომდინარე.

დამნაშავე პრეზიდენტები სასჯელს იხდიან. ასეთთა რაოდენობა საკმაოა. ქვეყნებიც ერთმანეთისგან მენტალურად განსხვავებული, ტერიტორიით ერთმანეთისგან დაშორებული. არც ერთს თავში აზრად არ მოსვლია დამნაშავე პრეზიდენტის ციხიდან გამოშვება პარტიების ერთმანეთთან შეთანხმებით, ანდა რეფერენდუმით. არის თუ არა ზურაბიშვილის მოწოდება უტოპია?

არის! ამასთანავე დანაშაულიცაა, როდესაც მშიერ-მწყურვალე ხალხს შვების მიცემის და დახმარების გაწევის ნაცვლად, რაც მას ესოდენ ესაჭიროება, რაღაც ზღაპრებით უტენი თავს, თან ჯიბეში უყოფ ხელს და უკანასკნელ თეთრებს გლიჯავ. მისი ყურადღება უმძიმესი სოციალური პრობლემებიდან, გაუგებარ შერიგებაზე გადაგაქვს.

იცით, რას მაგონებს ზურაბიშვილის ქმედება? საქალაქო ტრანსპორტში ჯიბის ქურდებს — ერთი რომ მხარს გაგკრავს და თქვენს ყურადღებას სხვაზე გადაგატანინებს, მეორე კი ჯიბიდან ფულს გაცლის.

მე-3 და მე-4 პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ საავადმყოფოდან გამოსულმა მე-4 ბრძანა — ვგონებ, სააკაშვილის პატიმრობა არც ივანიშვილს და არც „ოცნებას“ სურს. ეს გეოპოლიტიკური პროცესია. ხედავთ, მკითხველო, სად გავიდა მარგველაშვილი? სააკაშვილი გეოპოლიტიკური პროცესი ყოფილა — თანაც ავისმომასწავებელი, საქართველოს თავს შავი ღრუბელივით რომ დასტრიალებს.

ვუსმენდი გაოცებული მე-4 პრეზიდენტის აზროვნების დინებას და ვფიქრობდი, რომ მარილი აკლდა, უგემურად მომეჩვენა მისი გონებაგამჭრიახობა, თუმცა შევცდი. სიტყვის ბოლოს მან გაგვანდო ის საშინელი „სინამდვილე“, რომელიც რახანია თვით სააკაშვილმა გვითხრა — სააკაშვილი პუტინის პირადი პატიმარია!!!

არც მეტი, არც ნაკლები — პუტინის პატიმარია. ივანიშვილის და ქოცების პატიმრობა მისთვის შეუფერებელია — ამ ბუმბერაზი, მსოფლიოს გიგანტი პოლიტიკოსისთვის. მიკვირს მე-3 და მე-4 ერთად ნაპოლეონი რომ არ ახსენეს. მათგან არც ეს არის გასაკვირი. მომავალში იტყვიან.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი

29/12/2021