პუტინ-ბაიდენის სატელევიზიო მოლაპარაკების თაობაზე

არც ერთ პოლიტიკურ მოვლენას ისე არ ელოდებოდა მსოფლიო, როგორც პუტინ-ბაიდენის სატელევიზიო შეხვედრას. მხედველობაში მყავს ადამიანთა ის კატეგორია, საერთაშორისო ვითარებაში რომ არიან ჩახედულნი და არა საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა, მათ შორის პოლიტიკოსებიც, რომელთათვის მთავარი ხელისუფლება-ოპოზიციის კინკლაობა, სააკაშვილის გუნება-განწყობილება, მკურნალობა და კუჭის მოქმედებაა.

ერთადერთი, ვინც შეწუხდა საზოგადოების ღრმა პროვინციალიზმით, მსოფლიო საკითხებისადმი ინდიფერენტული დამოკიდებულებით, საქართველოს პრეზიდენტი ზურაბიშვილია, რომელმაც, რომ იტყვიან შეახურა ყველა, თუმცა შეხურდნენ თუ არა კრიტიკის ობიექტები, ძნელი გამოსაცნობია.

საქართველო სხვა ცხოვრებით ცხოვრობს — ორიგინალურით, ყველასგან განსხვავებულით, თუნდაც იმათგან, ვისთან ერთადაც „ერთ ოჯახში“ ვცხოვრობთ — ევროპად წოდებულში.

ჩვენ, სიტყვით, მხოლოდ სიტყვით ვართ ევროპა, ჩვენივე დაბეჯითებული მტკიცებით, საქმით რანი ვართ, 30 წელია ვერადავერ გაგვირკვევია. ვიმეორებ — სიტყვით თითქოს იქით ვართ, საქმით ვირტუალურ გარემოში — გამოცნობა სახელგანთქმულ მოგზაურს მაგელანსაც გაუჭირდებოდა, ცოცხალი რომ ყოფილიყო.

30 წლის წინათ, ანუ წინა სოციალისტურ ცხოვრებაში ვიცოდით რა გვინდოდა — კოლეგა საბჭოელების დახმარებით. ახლა კი არ ვიცით, ვინაიდან კოლეგა ამერიკას ან ევროპას, კოლეგასაც ვერ დაარქმევ — მოგერიდება, რამეთუ ისინი ჩვენთან კოლეგობაზე არ გვთანმხდებიან. და მართლებიც არიან, ვინაიდან კოლეგობა არა მარტო გარეგნულ მსგავსებას მოითხოვს, არამედ მენტალურს, უფრო სწორად მენტალურს, ვიდრე გარეგნულს. აი, აქ კი მართლაც ღრმა უფსკრულია ჩვენსა და მათ შორის, რომლის ამოვსებას ერთი ან ორი თაობა არ ეყოფა.

იცის ეს საფრანგეთში დაბადებულმა, გაზრდილმა, განათლებამიღებულმა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა? ვეჭვობ იცოდეს, თორემ ესოდენ კრიტიკულ განცხადებას არ გააკეთებდა. შეცვლის აქაურ აზროვნებას სალომეს კრიტიკა? ვერ შეცვლის, რამეთუ ნიადაგი შეცვლისა არ არსებობს, რაც არსებობს — დასავლეთში ნატრენინგალი გოგო-ბიჭების სახით, კალიებივით რომ შესსევიან საკანონმდებლო, აღმასრულებელ ორგანოებს, არასამთავრობო სექტორს. ისეთივე ფუნქციის მატარებელია, როგორიც თბილისის მერის კალაძის მიერ ავტომანქანების სავალზე სკვერ-ბაღების გაშენება, პლასტმასის მსგავსი, აპრიალებული, მაგრამ გამოუსადეგარი ხე-ბუჩქებით, დაბინძურებულ ჰაერს რომ არ ისრუტავს.

გარემოს, რომელშიც ვარსებობთ, არ გვაძლევს მსოფლიო არენაზე მიმდინარე პროცესების აღქმის საშუალებას, ამიტომაც არ ვაქცევთ ყურადღებას იმას, რასაც მსოფლიო აქცევს, თუნდაც პუტინ-ბაიდენის მოლაპარაკებას.

ქართული პოლიტიკა, ყურებდაცქვეტილი, ტელევიზორებს უნდა მიჯაჭვოდა, რათა რამე არ გამორჩენოდა ორი სუპერსახელმწიფოს მეთაურის ნათქვამიდან, მითუმეტეს, როდესაც ამ ორიდან ერთს „სტრატეგიულ პარტნიორს“ არქმევ, მეორეს კი — აგრესორს, შენი ტერიტორიის ოკუპანტს.

მათზეა დამოკიდებული შენი ბედი, მათ უნდა გადაწყვიტონ ნატოში შენი გაწევრება. დიახ! მათ და არა მარტო ნატოს წევრმა სახელმწიფოებმა და ნატოში შესვლის მსურველმა ქვეყანამ.

რახანია კოლექტიური დასავლეთი, ნატოს შტაბ-ბინა ჩაგვჩიჩინებს, რომ რუსეთის ანტინატოურ განცხადებებს ყურადღება არ უნდა მივაქციოთ, ვინაიდან ნატოს არაწევრ რუსეთს არ შეუძლია ნატოში შესვლის დაბლოკვა.

ნატოს არც ერთ სამიტს — საგარეო საქმეთა მინისტრებისა თუ ქვეყნის მეთაურების დონეზე ისე არ ჩაუვლია, რომ ამ თემაზე ყურადღება არ გამახვილებულიყო.

ასე იყო ბოლო მინისტერიალზეც, რომელზეც ამ ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა სტოლტენბერგმა, მისთვის გენეტიკური სკანდინავური სიდინჯის დავიწყებით, გაღიზიანებულმა შეგვახსენა, რომ რუსეთს, ნატოში ვინმეს (ქვეყანა მაქვს მხედველობაში) მიღებას არავინ ჰკითხავსო.

სტოლტენბერგი სწორია, რუსეთს მართლაც არვინ ჰკითხავს, ცენტრალური ევროპისა თუ ყოფილი სოცქვეყნების ნატოში გაწევრებას. ჰკითხეს? სიტყვაც არ დაცდენიათ, ძაღლადაც არ ჩაუგდიათ სუსტი, ლამის დაშლის პირას მისული ელცინის რუსეთისთვის.

რომ ეკითხათ რა, ელცინი თავს გამოიდებდა და წინ აღუდგებოდა პროცესს?! კოლექტიურ დასავლეთს მაშინ გაუვიდა და თათარიახნად, პოლიტიკური მოსაზრებიდან გამომდინარე შეისრუტა აღმოსავლეთ ევროპის სოციალისტური ქვეყნები, საბჭოთა კავშირის ყოფილი სამი ბალიტიისპირა რესპუბლიკა. სხვასაც დაადგა თვალი, მაგალითად უკრაინას, ბელარუსს, მოლდოვას, საქართველოს. ბელარუსთან არ გაუვიდა — პრეზიდენტ ლუკაშენკოს პოლიტიკის გამო. მას ევროპის ბოლო დიქტატორიც შეარქვა. დანარჩენ სამთან უმალ გამოძებნა საერთო ენა, მაგრამ რუსეთის პრეზიდენტის პუტინის წინააღმდეგობამ თავისი გაიტანა.

უფრო მეტად კი თვით ამ ტრიოს შიდა პოლიტიკურმა მდგომარეობამ — ყველა მათგანში გაჩენილმა დაპირისპირებამ, სასამართლო სისტემის უვარგისობამ, კორუფციამ, ეკონომიკურმა ჩამორჩენილობამ და სხვა ნეგატიურმა ფაქტორმა.

ნატოს შტაბ-ბინამ იფიქრა, იფიქრა და გადაწყვიტა, რომ ნატოში გაწევრების შემდეგ სამივენი სერიოზული პრობლემების მომტანნი იქნებოდნენ მისთვის და უპირველესად ნატოს რუსეთთან სამხედრო დაპირისპირების დეტონატორად იქცეოდნენ.

ბრიუსელმა ჩათვალა, რომ ოფიციალური თბილისი, ნატოში შესვლის შემდეგ, შეეცდებოდა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას არა მოლაპარაკების, არამედ იარაღის გზით, რაც აიძულებდა ნატოს ქვეყნებს ჩართულიყვნენ ამ ომში, ვინაიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას უდავოდ მოჰყვებოდა მეზობელი რუსეთის მძაფრი რეაქცია.

საკითხის სპეციფიკიდან გამომდინარე, ბრიუსელმა ტრიოს სხვადასხვა სახის დავალებების შესრულება მოსთხოვა, თან დააყოლა — თუ შეასრულებთ, ნატოს კარს გაგიღებთო. პროცესი დღესაც გრძელდება, ვინაიდან დავალებები არცთუ იოლი შესასრულებელია, უფრო სწორად შეუსრულებელი.

მკითხველმა განსაჯოს — შეძლებს თუ არა საქართველო ყოფილი ავტონომიების დაბრუნებას, ანუ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას? მეზობელ ქვეყნებთან საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაციას? სასამართლო სისტემის რეფორმირებას? ეკონომიკური პრობლემების მოგვარებას?

ვიდრე თქვენს პასუხს გავიგებ, გულახდილად გეტყვით — ვერ შეძლებს! ერთადერთი გამოსავალი ნატოს წევრი სახელმწიფოების პოლიტიკური გადაწყვეტილება ან რუსეთის, როგორც ერთიანი სახელმწიფოს დაშლაა. არის ერთი ვარიანტიც, რასაც დასავლელი ექსპერტები გვთავაზობენ — ნატოში შესვლა აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის გარეშე. ამ ვარიანტს ქართული პოლიტიკა უმალ გაიზიარებდა, რაც ნათლად გამოჩნდა ოპოზიციური პარტიების განცხადებებში. ხელისუფლებაც დათანხმდებოდა, მაგრამ ოპოზიციის ეშინია, ისე, როგორც საზოგადოების გარკვეული ნაწილის.

რას აძლევს ნატოს, აღმოსავლეთით გაფართოვება?

რუსეთთან მიახლოვებას. რუსეთის სამხედრო-სტრატეგიულ ობიექტებამდე მანძილის შემცირებას, რუსეთის რკალში მოქცევას და განადგურების მუქარით რუსეთის მთელ რიგ საკითხებში დაყოლიებას.

ნატოს და აშშ-ს სურვილია მორჩილი, დაკოდილი რუსეთი, მისი სიმდიდრეების დაპატრონება, საბოლოო ჯამში აშშ-ს კონკურენტი ქვეყნის, მეორეხარისხოვან ქვეყნად გადაქცევა. დაახლოებით ისეთად, ელცინის დროს რომ იყო.

ელცინის შემდეგ არაერთი წელი გავიდა. რუსეთის დღევანდელი პრეზიდენტი, მსოფლიოში რუსეთის პრესტიჟის აღმდგენი, ყოველმხრივ ცდილობს კონკურენცია გაუწიოს აშშ-ს, რისთვისაც დიდ ყურადღებას აქცევს სამხედრო ძლიერების მშენებლობას, ახალი იარაღის შექმნას და ამ იარაღით რუსეთის არმიის აღჭურვას.

თანამედროვე რუსეთის არმია მსოფლიოში უძლიერესად არის მიჩნეული. რაც შეეხება პოლიტიკურ სტაბილურობას, აქაც მყარი შიდაპოლიტიკური ცხოვრება დომინირებს და მას ვერც ციხეში მყოფი ნავალნი და ვერც ემიგრაციაში მოქმედი, დასავლური ფულით ზურგგამაგრებული ლიბერალური ოპოზიცია ვერ შეარყევს.

პუტინმა მოახერხა ისეთი პოლიტიკურ-ეკონომიკურ-სამხედრო ძლიერების ჩამოყალიბება, რომელსაც უპრობლემოდ და მწვავედ შეუძლია წინ აღუდგეს დასავლეთის შენიღბულ თუ შიშველ აგრესიას.

დასავლეთში სისტემატურად გაისმის საბჭოთა კავშირის აღდგენის მსურველი პუტინის რევანშისტული პოლიტიკის თაობაზე, მაშინ, როდესაც მილიონობით დოლარი იხარჯება ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების გადაბირებისთვის, მათი მოსახლეობის, განსაკუთრებით პოლიტიკური ელიტების რუსოფობებად გადაქცევისთვის.

მიზანი მარტივია — რუსეთის ირგვლივ ანტირუსული ქვეყნების ჯაჭვის შეკვრა, თვით რუსეთში ანტისამთავრობო, ანტისახელისუფლებო განწყობილების ჩამოყალიბება, მასობრივი დემონსტრაციებისა და მიტინგების მოწყობა, ანტიპუტინური პროპაგანდით პუტინის ხელისუფლებისთვის წყლის შეყენება და დამხობა.

დასავლეთისთვის პუტინი მიუღებელია და დიდი სიამოვნებით შეუწყობდა ხელს ნებისმიერ სუსტ, ოღონდ დასავლურად განწყობილი პიროვნების გაპრეზიდენტებას. დასავლეთი ხანგრძლივ პოლიტიკურ თამაშშია ჩართული, რომლის ერთ-ერთი კომპონენტი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ანტირუსულად დამუხტვაა. ამ თვალსაზრისით მან წარმატებას მიაღწია უკრაინა-საქართველო-მოლდოვაში.

სამივე ქვეყანაში მოქრთამა პოლიტელიტა, მარიონეტი არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით შეძლო საზოგადოების საგრძნობ ნაწილში დასავლეთისადმი ლოიალური განწყობის შექმნა და რაც მთავარია რუსეთისადმი მტრულად მომართვა.

საქართველო-უკრაინაში „ფერად-ყვავილოვანი“ რევოლუციების მოწყობით — პირველში, ააღორძინა პროვინციული ნაციონალიზმი, მეორეში, ფაშიზმი — ბანდერულ-შუხევიჩური ჩამოსხმის. ეს ორი ხომ ფაშისტურ გერმანიასთან თანამშრომლობდა?!

დასავლეთმა, უკრაინის ხელში ჩაგდებით, დაასუსტა რუსეთი, პერმანენტული განცდა შეუქმნა  ანალოგიურის რუსეთში განხორციელების; გაააქტიურა პროპაგანდა ნატოში უკრაინის შესვლასთან მიმართებაში; გაუჩინა უკრაინის მარიონეტულ ხელისუფლებას ნატოში გაწევრების იმედი და იმ ზომამდე მიიყვანა ოფიციალური კიევი, ყელგამოწვდილი რომ ეხვეწება ბრიუსელ-ვაშინგტონს  — თუ ნატოში არ მიმიღებთ, დამკვრელური სარაკეტო სისტემა მაინც განალაგეთ უკრაინის ტერიტორიაზეო.

სხვათაშორის, ანალოგიურ სურვილს ქართველი პოლიტიკოსებიც გამოთქვამენ.

არის თუ არა სახიფათო რუსეთისთვის უკრაინა-საქართველოს ნატოში შეყვანა, მათ ტერიტორიაზე ნატოს ჯარების განლაგება ან თუნდაც გაუწევრებლად აშშ-ს დამკვრელური სარაკეტო სისტემების განლაგება?

კრემლი მიიჩნევს, რომ არის, ვინაიდან იქ განლაგებული რაკეტები 5 წუთში დაფარავენ რუსეთის სამხედრო ობიექტებამდე საფრენ მანძილს, რაც ზღუდავს რუსულ რაკეტსაწინააღმდეგო სისტემას სწრაფ რეაგირებაში.

პუტინი, დასავლეთის მოქმედებას „წითელი ხაზების“ დარღვევად თვლის და კატეგორიულად მოითხოვს უკრაინა-საქართველოს ნატოში არშეყვანას.

პუტინი „წითელი ხაზების“ დარღვევაზე მაშინ ალაპარაკდა მკაცრად და კატეგორიულად, როდესაც რუსეთის არმიის ხელში ზებგერითი იარაღი გაჩნდა, ისეთი, რომელიც წამებში მოუღებს ბოლოს ნებისმიერ ტერიტორიაზე განლაგებულ სამხედრო ობიექტს და არა მარტო მას. პუტინმა განაცხადა, რომ თუ უკრაინაში განლაგდება ამერიკული სარაკეტო სისტემა, მოსკოვი გაანადგურებს მას და მასთან ერთად იმასაც, ვინც ამ იარაღის განლაგების ბრძანება გასცა. ბრძანებას კი აშშ-ი გასცემს და არა სხვა.

პუტინ-ბაიდენის საუბრამდე ცხარე განცხადებები გაკეთდა აშშ-ს კონგრესში, ამერიკულ მედიაში, აშშ-ს მოკავშირე ქვეყნებში. ყველა განცხადება იყო ანტირუსული, აგრესიული, ომის მომასწავებელი. ერთმა ამერიკელმა სენატორმა ისიც ბრძანა, რომ აშშ-ს სამხედრო გემები შევლენ შავ ზღვაში და ბირთვული რაკეტებით დაბომბავენ რუსეთს. რაღა დაგიმალოთდა, დასავლეთმა ისეთი წივილ-კივილი ატეხა უკრაინაზე რუსეთის მოსალოდნელ თავდასხმაზე და მის მიერ არა მარტო უკრაინის, არამედ ევროპის ქვეყნების დაპყრობაზე, თითქოს შეტევის ბრძანებულება, პუტინის მიერ ხელმოწერილი ხელში ჭეროდა.

არაერთხელ მითქვამს და გავიმეორებ, ესოდენ დაძაბული ვითარების დროს ხანძრის გასაჩენად პატარა ნაპერწკალიც საკმარისია.

აი, ასეთ ატმოსფეროში გაიმართა პუტინ-ბაიდენის მოლაპარაკება. რა მოგვიტანა მან? — იკითხავს მკითხველი. დაძაბულობის განელება. დროებით მაინც.

ორივე პრეზიდენტი კმაყოფილია შედეგით, რაც მნიშვნელოვანია. ორივემ ძუნწად, მაგრამ მაინც აღნიშნეს მოლაპარაკების თემებიც, რომელთა შორის იყო უკრაინაც, სხვაც — რეგიონალური საკითხების ჭრილში.

პუტინმა თქვა, რომ „წითელი ხაზები“, ანუ ნატოს აღმოსავლეთით გაფართოება იყო უმთავრსი თემა, რომელმაც ბოლოსდაბოლოს მიაღწია დასავლეთის ლიდერის, აშშ-ს პრეზიდენტის ყურებამდე. და რომ მიაღწია, გავიგეთ ბაიდენისგან, რომელმაც მიზანშეწონილად ჩათვალა, ნატოელ პარტნიორებთან და რუსეთთან ერთად (იგულისხმებოდა დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, იტალია) ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების საკითხის შემსწავლელი კომისიის შექმნა.

ბაიდენმა ისიც ბრძანა, რომ უკრაინაზე, რუსეთის აგრესიის შემთხვევაში აშშ-ი ან ნატო არ დადგება უკრაინის მხარეს, არ იომებს რუსეთის წინააღმდეგ, ვინაიდან უკრაინა არ არის ნატოს წევრი. ნატოს მე-5 პუნქტი კი მას არ ავალდებულებს უკრაინის იარაღით დაცვას. აშშ-ი რუსეთის დასასჯელად გამოიყენებს მხოლოდ ეკონომიკურ სანქციებს.

მკითხველის ყურადღებას არ გადავღლი მკითხაობით — სხვა რაზე ილაპარაკეს ორმა პრეზიდენტმა. ამის შესახებ ცნობილი არ არის და შესაძლოა არც არასდროს გახდეს ცნობილი. მაგრამ მთავარი არის ის, რაც გითხარით — ნატოს აღმოსავლეთით არგაფართოება. აქვე იმასაც გეტყვით, რომ დიალოგის დამთავრებისთანავე ერთ-ერთმა ამერიკულმა საინფორმაციო სააგენტომ გაავრცელა სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნის ნათქვამი, რომ უკრაინას ნატოში მინიმუმ 10 წლის განმავლობაში არვინ მიიღებს.

რაღა საინფორმაციო სააგენტო, თვით ბაიდენმა ბრძანა, რომ 2030 წლამდე უკრაინა ვერ შევა ნატოში.

მკითხველი იტყვის — თავში ქვა უხლია უკრაინას, ჩვენი საქმე როგორ იქნებაო? გეტყვით — ისე, როგორც უკრაინის.

ასე რომ, ვიფიქროთ რეალურად, მიწიერად და არა ვირტუალურად. როგორც ჩანს უკრაინა-საქართველო ნატოს ვერ იხილავს, თუ რაღაც დამანგრეველმა ბუნებრივმა მოვლენებმა არ შეარყია მსოფლიო.

P.S. წინა სტატიაში აღვნიშნე, რომ პუტინი „წითელ ხაზებთან“, ანუ ნატოს აღმოსავლეთით არგაფართოებასთან დაკავშირებით, მოლაპარაკებამდე ერთიკვირით ადრე ტყუილად არ მოითხოვდა აშშ-ნატოსგან იურიდიულ დოკუმენტს აღნიშნულის თაობაზე. მაშინ, თითქმის ყველა რუსმა ექსპერტმა, სხვებმაც პუტინის ნათქვამი აბსტრაქციად მონათლეს. მე კი დავწერე, რომ ენაძუნწი პუტინი მსგავსს არ იტყოდა, თუ წინასწარ არ ჰქონდა შეთანხმებული აშშ-ს პრეზიდენტთან. ბაიდენამდე კი პუტინის ნათქვამი აშშ-ს ცსს ხელმძღვანელემა ბერნსმა მიიტანა, რომელიც ბაიდენის დავალებით ეწვია მოსკოვს.

ჰამლეტ ჭიპაშვილი,

პოლიტოლოგი

12/12/2021