გამარჯვების პარკში არსებული უცნობი ჯარისკაცის სასუფეველი საჯარო რეესტრი არ არის!
საქართველოში პოლიტიკურ-ეკონომიკური და სოციალური ვითარება ისეთია, არც ავად და არც კარგად მომზირალს რომ არ ენახვება. კატასტროფული ინფლაცია, კატასტროფული ფასების მატება ყველაფერზე, განსაკუთრებით კვების პროდუქტებზე, პირველადი მოხმარების საგნებზე, საწვავზე, მომსახურების სფეროზე, რომელი ერთი ჩამოვთვალო, არ უნდა აძლევდეს ხელისუფლებას მშვიდი ძილის საშუალებას.
ასეა ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც ხელისუფლებას ირჩევენ და არჩეულიც ტყავს იძრობს ხალხისთვის მიცემული დაპირებების შესასრულებლად. მაგრამ ასე არ არის აქ — ვინაიდან ხელისუფლება ხალხის მიერ არჩეული არ არის. აქ, ხელისუფლება თვით ირჩევს თავის თავს და დაძალებით, დაშინებით, შიგადაშიგ მოქრთამვით აიძულებს ამომრჩეველს მიიღოს მისი სურვილის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება.
ხელისუფლებაში მოსულ ადამიანთა ჯგუფს, რომ სახელმწიფო, ხალხი, ამომრჩეველი ფეხებზე ჰკიდია, არაერთხელ დამტკიცდა 30-წლიანი ე.წ. თავისუფალი, დამოუკიდებელი, დემოკრატიული ცხოვრების დროს. მათი მთავარი მიზანი დიდი ფულის მოხვეჭა, ელიტარული ბინების შეძენა, სასახლეების აშენება, ძვირადღირებული ავტოპარკის მოწყობა, ფუფუნების საგნების დაგროვება და სხვა ისეთი ოცნებების ასრულებაა, იქ, იმ დასავლეთში რომ მრავალწლიან ციხეს არ ააშორება მათ კოლეგა სახელმწიფო მოხელეებს.
„ბედნიერ“ საქართველოში ყოველივე აღნიშნული დაშვებულია. იკითხავთ — ვინ დაუშვაო? თვით ხელისუფლებაში მყოფებმა. ერთ ასეთ მაგალითს მოვიყვან საილუსტრაციოდ პარლამენტში ჩემი ყოფნის ისტორიიდან. ერთ-ერთი პარლამენტარის ინიციატივით განსახილველად შემოვიდა პარლამენტის წევრისთვის იმუნიტეტის მოხსნის საკითხი, რათა ადმინისტრაციულ ორგანოებს ხელი არ შეშლოდათ დამნაშავე დეპუტატის საქმის გამოძიებაში. ვიმსჯელეთ სასჯელის თაობაზეც და ქურდობით მოპოვებული ქონების კონფისკაციაზეც, თუმცა კონფისკაციას არვინ დაუჭირა მხარი. პარლამენტარები ამით არა მარტო საკუთარი ქონების გადარჩენაზე ფიქრობდნენ, არამედ შემდგომთა ქონებისაც.
მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა, მაგრამ პატიმრობაში მყოფი ყოფილი ან მოქმედი პარლამენტარი არვის უნახავს, მითუმეტეს ქონებაჩამორთმეული. და არის იდილია განუსაზღვრელი — შექმნილი, კორუფციული სქემებით ქონების დაგროვებისა.
თუ მავან ჟურნალიტს, მოხელის თვალისმომჭრელი უძრავ-მოძრავი ქონების შემყურეს, გაოცების კითხვა აღმოხდება, გაზულუქებული მოხელე უმალ მიახლის — დედამ თავისი დანაზოგი მომცა ან ქმარმა მაჩუქა, მეუღლის საქმიანობის შედეგად გამიჩნდა ფული და ა.შ.
კითხვის დამსმელმაც და პასუხის გამცემმაც კარგად იციან, რომ ამ „საამურ“ დიალოგს სერიოზული დაინტერესება სამართალდამცავთა მხრიდან არ მოჰყვება და გვესმის გაუთავებლად მდიდრული საჩუქრების შესახებ. მაგალითად ასეთი, ეკონომიკის მინისტრმა „მოკრძალებით“ რომ უპასუხა ჟურნალისტს — ბათუმში 4-ოთახიანი ბინა მეუღლემ მაჩუქაო ან სააკაშვილის საქმეში მონაწილე პროკურორმა ფეშენებელური სასტუმრო-აპარტამენტის აშენების ფული ჩემმა მეუღლემ გაიღოო.
ეს პროკურორი მსჯავდებულ სააკაშვილს კოსტუმების შეძენასა და აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის პატივსაცემად მოწყობილი სადილის ანგარიშის გადახდის ფულს ედავება და მასთან ერთად სხვა წვრილმანებს, რითაც პროკურატურის არასერიოზული საქმიანობის გამომზეურებას უწყობს ხელს.
„ძვირფასო“ სამართალდამცავნო, სააკაშვილს წვრილმანებში ედავებით, მაგრამ მსხვილმანებს არ ხედავთ?! ამას შეგნებით აკეთებთ თუ არაპროფესიონალიზმით, უცოდინრობით?! გვერდზე გადადეთ „წვრილმანი“ ქურდობანი და ბრალი ომის გაჩაღებისთვის წაუყენეთ, რომლის შედეგად ქვეყანამ თავისი ტერიტორიის 20%-ი დაკარგა, რომ აღარფერი ვთქვათ მსხვერპლსა და ნგრევაზე.
მაგრამ მრუდე გზით მილიონების დაგროვებაზე ორიენტირებულ ხელისუფლებას რომ არც დაკარგული ტერიტორიები აწუხებს და არც დაღუპული მეომრები, მშვიდობიანი მოსახლეობა, ფაქტია. შიგადაშიგ, რომ 2008 წლის ომს გაიხსენებენ ისაა, გაგრძელება რომ არ ახლავს. და რატომ იცით? ეს გახსენება, უცხოეთის დელეგაციის მიერ აფხაზეთის ომში დაღუპულთა მემორიალის გვირგვინით შემკობის დღეს ხდება და მას პოლიტიკური დატვირთვა აქვს. არა გმირთა დაღუპვის წუხილი, გლოვა, სინანული, არამედ მტრის, ამ შემთხვევაში რუსეთის დადანაშაულება. პროტოკოლური ცერემონია უცხოელი სტუმრისთვის იმის შეხსენებაა, „აგრესორმა“ რუსეთმა, „უმანკო“ საქართველოს, როგორ შემოუტია, დაუხოცა მებრძოლები, წაართვა ტერიტორიები და ა.შ.
სტუმარ-მასპინძლის პროტოკოლური რიტუალი სიღრმისეული გრძნობებისგან, მითუმეტეს წუხილისგან შორსაა. თქვენ თვითონ განსაჯეთ, შორეული ქვეყნიდან ჩამოსულ სტუმარს, რომელმაც საქართველოს არსებობის ამბავი ვიზიტამდე ერთი-ორი დღით ადრე გაიგო, რა გულწრფელი გლოვის გამომხატველი გრძნობები უნდა ჰქონდეს აფხაზეთის ომში დაღუპულთა მიმართ?
მასპინძელიც ისეთივე პროტოკოლური გრძნობებითაა გამსჭვალული, როგორც სტუმარი, რაც არ არის გასაკვირი, ვინაიდან მასაც ისე, როგორც სტუმარს აფხაზეთის შესახებ ყურმოკრულის გარდა არაფერი გაუგია. მაგრამ ორივესთვის ამ „წვრილმანს“ არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. მათი მიზანი სხვაა — აფხაზეთის ომით სპეკულირება. უცხოელს სურს აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთთან ერთად ხშირად ახსენოს რუსეთის გასალანძღად, მსოფლიოს თვალში აგრესორად, ოკუპანტად წარმოსაჩენად. მასპინძელს მეტი სურს — უცხოელის დაყოლიება ფულის მოცემაზე, დახმარების გაწევაზე, იარაღის მოწოდებაზე.
აგრესიას, მითუმეტეს „მცოცავს“ (სამხრეთ ოსეთის საზღვრების გავლება მაქვს მხედველობაში) ხომ სჭირდება შეკავება?! და ვინ არის ევროპაზე, რუსული აგრესიის პირველი ბარიერი? საქართველო!
თუ ევროპას — დემოკრატიის აკვანს, აქვს სურვილი ასეთად დარჩეს სამარადისოდ, მსუყე ფული უნდა გამოუყოს მისი მშვიდი ძილის გარანტორ პატარა, მაგრამ „გმირული შემართების“ მატარებელ საქართველოს.
რიტუალი, რიტუალად, მაგრამ, როდესაც ესოდენ „შეძრული“ ხარ მეზობელი მტარვალი ქვეყნის აგრესიით, ტერიტორიების მიტაცებით და ხალხის დაკარგვით — მეომრებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის სახით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან ძირძველი მოსახლეობის აყრით და დედაქალაქის სიახლოვეს იძულებით გადმოსახლებულის ბედით, იმითაც უნდა იყო შეძრული, ყასიდად მაინც, ომში დაღუპულ გმირებს (აფხაზეთის ომი მაქვს მხედველობაში), რომ მეტი შეეფერება, ვიდრე გმირთა მოედნის გზაჯვარედინზე, სახელდახელოდ აგებული თეთრი კედელი და უცხო ქვეყნის დელეგაციის მიერ მემორიალის გვირგვინით შემკობის ცერემონიალის დროს საპატიო ყარაულის „გამოფენა“.
გლოვის გამომხატველი შინაგანი განწყობა მოითხოვს ამას და მასთან ერთად ქვეყნის ხელისუფალთა დამოკიდებულება საკუთარი გმირების მიმართ.
შეუფერებელი ადგილიაო — იფიქრეს ზევით და პირველმა, პრეზიდენტმა გაგვანდო თავისი გულის ნადები: „შეიქმნას საქართველოს დამოუკიდებლობის და ტერიტორიული მთლიანობისთვის ასწლიან ბრძოლაში დაღუპულ მებრძოლთა ერთიანი მემორიალი ვაკის პარკში, რომლის რეაბილიტაციაც დღეს მიმდინარეობს“.
ერთის შეხედვით, რა უნდა ჰქონდეს კაცს ასეთი მემორიალის შექმნის საწინააღმდეგო? არც არაფერი! ერთხმად უნდა ავიტაცოთ და ხოტბა შევასხათ იდეის ავტორს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, მაგრამ … ეს ისეთი სიტყვაა („მაგრამ“), საწინააღმდეგო აზრის გამოთქმის ფართო შესაძლებლობას რომ იძლევა, ცხადია არა გმირთა მემორიალის შექმნის იდეის მიმართ, არამედ ტერიტორიის მიმართ, სადაც ზურაბიშვილს სურს 100-წლიან ომში დაღუპულთა მიტმასნება.
სიტყვა „მიტმასნება“ შეუფერებელია გმირებისთვის, მაგრამ ზურაბიშვილი ხომ სხვა შანსს არ გვიტოვებს, როცა სხვის მემორიალზე ყველას მიტმასნებას აპირებს, თანაც 100 წლის განმავლობაში დაღუპულების. აქ არ შეიძლება შემდეგი სახის კითხვა არ დაგებადოს — საქართველოს ისტორია მარტო ას წელს მოიცავს? იქნებ ას ერთს ან ცოტათი მეტს? და ის „ცოტათი მეტი“ მარტო დროსტარებისა და საამური გრიალის წლები (საუკუნეები) იყო, თუ მუდმივი ომების, თავგანწირვის, სამშობლოსთვის თავის დადების?
თემასთან დაკავშირებით თავისი კომპეტენტური, მოსაზრება გამოთქვა გულბაათ რცხილაძემ — მოძრაობა „საქართველოს უკვდავი ჯარისკაცის“ დამფუძნებელმა, ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა ქალაქის მერის კალაძისადმი გაგზავნილ მიმართვაში, რომელიც გამოქვეყნდა გაზეთ „საქართველო და მსოფლიოში“ ა.წ. 21-30 ნოემბრის ნომერში.
მკითხველის ყურადღებას არ გადავღლი ჩემი მოსაზრებით 100-წლიან გმირებთან მიმართებაში, ვინაიდან დარწმუნებული ვარ გაეცნობა ბატონი გულბაათის მიმართვას, რომლის შინაარსს თავიდან-ბოლომდე ვიზიარებ და მხარს ვუჭერ. ვიტყვი მხოლოდ ერთს — ყველა გმირის ერთ ტერიტორიაზე, მითუმეტეს ლამის ნახევარი საუკუნის განმავლობაში დიდ სამამულო ომში დაღუპული უცნობი ჯარისკაცის ნეშტს აქვს დაკავებული — უზნეობაა.
სულ ახლახანს, 3 ნოემბერს მოსკოვმა აღნიშნა უცნობი ჯარისკაცის მემორიალის გახსნის დღე კრემლის კედელთან, ალექსანდრეს ბაღში, საპატიო ყარაულით, გვირგვინებით, შესაბამისი ცერემონიალით.
კარგად მახსოვს ის ცივი, წვიმიანი დღე და ქვემეხის ლაფეტზე დასვენებული დიდ სამამულო ომში დაღუპული ქართველი უცნობი ჯარისკაცის კუბოს სამგლოვიარო მსვლელობა რუსთაველის, ჭავჭავაძის პროსპექტებზე, ვაკის პარკში, შემდეგ დაკრძალვა, ვაკის პარკისთვის, გამარჯვების პარკის სახელის მინიჭება.
სხვათაშორის, შეხსენებისთვის, გმირთა მოედნის სახელიც დიდ სამამულო ომში დაღუპულთა ხსოვნის აღსანიშნავად დაერქვა მოედანს და არა აფხაზეთის ომში. მოედნის ცენტრში აღმართულ უსახო, უგემოვნო სვეტზე აფხაზეთის ომში დაღუპულთა სახელები კი არა, დიდ სამამულო ომში დაღუპულთა სახელები უნდა იყოს ამოტვიფრული.
ვეთანხმები ბატონ გულბაათს, რომ ზურაბიშვილის, ხოლო შემდეგ კალაძის განცხადებები შორს მიმავალ გეგმებს ემსახურება — საბჭოეთის და მისი გმირების წაშლას.ზურაბიშვილი თუ შეგნებულად, მზაკვრულად ცდილობს ქართველი ხალხისთვის მიუღებელი სურვილების ცხოვრებაში აღსრულებას, ვითომდაც პატრიოტული სულისკვეთების საბურველში გახვევით, კალაძე შეუგნებლობით, რაც მისი საერთო განათლების უქონლობის და განსაკუთრებით ისტორიის უცოდინრობის გამო სულაც არ არის გასაკვირი.
ზურაბიშვილი, საფრანგეთში მენშევიკების ოჯახში დაბადებული, საბჭოთა კავშირის სიძულვილში აღზრდილი, სხვას რომ ვერ მოიფიქრებდა, გასაკვირია? ქართული პოლიტიკა, ხელისუფლება, საბჭოთა კავშირის მემკვიდრე რუსეთის მიმართ ანტაგონისტურად განწყობილი, რომ საბჭოთა უცნობი ჯარისკაცის, თუნდაც ქართველის სამარადისო სასუფეველს შეაწუხებდა, გასაკვირია? გასაკვირი ისაა, რომ 30 წლის განმავლობაში თავი შეიკავა საზოგადოებისთვის ამ მიუღებელი საქმისგან, მაგრამ ახლა გადაწყვიტა, რომ უცნობი ჯარისკაცის საკითხი მომწიფდა.
ერთის ხელის დაკვრით ხელისუფლება ამ საკითხს ვერ გადაწყვეტს, მაგრამ ზურაბიშვილის წინადადებით შეძლებს ისტორიული მნიშვნელობა დაუკარგოს— სხვა გმირთა მემორიალად გადაქცევით.
კალაძის განცხადებაც ამ შინაარს შეიცავს: „ჩვენ გვაქვს წინადადება, რომ ვაკის პარკის ტერიტორიაზე მოეწყოს საქართველოს გმირების მემორიალი, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი გმირების პატივისცემისა და მათი სულების უკვდავსაყოფად“.
ხელისუფლება, რომელიც საზოგადოების მინიმალურ მოთხოვნებსაც ვერ აკმაყოფილებს, უცნობი ჯარისკაცის მემორიალის ბედს უყოყმანოდ გადაწყვეტს — არ მიაქცევს რა ყურადღებას დიდი სამამულო ომის ხანდაზმული ვეტერანების პროტესტსა და გულისტკივილს. მათ ხომ (ასაკიდან გამომდინარე) აღარაფრის თავი არ აქვთ, ხოლო ფართო საზოგადოება ამ გადაწყვეტილებას ერთი ყურიდან მეორეში გაატარებს.
საზოგადოების გარკვეული ნაწილი, ქართული მედიის მიერ მოწამლული ხომ სისტემატურად აცხადებს, რომ დიდი სამამულო ომი, საქართველოს ომი არ იყო. რაღა შორს წავიდეთ, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ვოლსკიმ არ თქვა — ქართველები ამ ომში ძალით გაგვრეკესო?
ერთადერთი ვინც საკითხს სრული სერიოზულობით უდგება და კბილებით იცავს გულბაათ რცხილაძე და მისი ორგანიზაციაა, მაგრამ შეძლებს ის უთანასწორო ბრძოლაში უცნობი ჯარისკაცის მემორიალის დაცვას? გაუჭირდება, ძალიან გაუჭირდება — თქვენი, ფართო საზოგადოების გარეშე. გამოფხიზლდით, ერთხელ მაინც გადადგით პატრიოტული ნაბიჯი, რაც ესოდენ გვაკლია 30-წლიანი დამოუკიდებლად ცხოვრების დროს.
შეიგნეთ — ეს ხელისუფლება ისეთივე აგრესიულია რუსეთის, საბჭოეთის მიმართ, როგორც ნაცები. მას ისეთივე გულმოდგინებით სურს საბჭოეთის დროს აშენებული მონუმენტური შენობა-ნაგებობების საქართველოს ისტორიიდან ამოშლა, როგორც ნაცებს. განა, ამის მაგალითი არ არის კოსტავას ქუჩაზე მდებარე სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყოფილი უნიკალური შენიბის გაპარტახება, მისგან მხოლოდ ფასადის დატოვება და სასტუმროს აშენება, რომლის დამთავრებას საშველი არ დაადგა? ან „იმელის“ შენობის გაუპატიურება? რუსთაველის კინოთეატრის დახურვა და მისი სასტუმროდ გადაკეთება?
აღნიშნული ფუნდამენტური შენობები, საბჭოთა პერიოდში აშენებული, რომ თბილისს ამშვენებდა, მტკიცება არ სჭირდება.
ახლა მიადგნენ და „ზაკვოს“ ყოფილ შენობას ანგრევენ — პარკი უნდა გავაკეთოთო. თბილისის კვალობაზე უზარმაზარი შენობა, მტკიცედ ნაგები, უტვინო ხელისუფალთა უგუნურების მსხვერპლად არის ქცეული — საზოგადოება კი ინდიფერენტულად უყურებს ამ საშინელებას, თითქოს არაფერი და იმით კმაყოფილდება, ვიღაც მავანმა მოხელემ რომ ბრძანა — რუსების აშენებულია და იმიტომ ვანგრევთო.
ისტორიის უცოდინარნო! რუსეთის აშენებულია თბილისი, ჯერ მეფის რუსეთის, შემდეგ საბჭოთა კავშირის. და თუ ამ ლოგიკას გავყვებით, დასანგრევია მთავრობის კანცელარია და პარლამენტის შენობები, ვინაიდან საბჭოთა კავშირმა ააშენა; უფრო მეტიც, დასანგრევია მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე, სოლოლაკი, პლეხანოვი, ვინაიდან მეფის რუსეთის დროს არის აშენებული, ოპერისა და ბალეტის თეატრი, რუსთაველის თეატრი, რომელი ერთი ჩამოვთვალო? დავუმატოთ ამას ვაკე, საბურთალო, დიღომი, გლდანი, ვარკეთილი და მივიღებთ მოტიტვლებულ ქალაქს. აი, მაშინ კი გაიხარებენ კორუმპირებული მოხელეები და ე.წ. ბიზნესმენები — დეველოპერების სახით და დაიწყებენ საკუთარი ახალი სასახლეების მშენებლობას.
მიდით, ბიჭებო, აბა თქვენ იცით! ანგრიეთ მამა-პაპათა ნახელავი, ხმას არვინ გაგცემთ. თქვენს მიერ გაუპატიურებულ ხალხს, შიმშილის პირას მიყვანილს, ხმის ამოღების უნარიც დააკარგვინეთ და მასთან ერთად სახელმწიფოებრივი შეგნებაც.
ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი
10/12/2021