დაძაბულობა შავ ზღვაში და ყარსის ხელშეკრულების ისტორია

ვიდრე ქართული მედია დღენიადაგ ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის „თავგადასავლების“ მოთხრობით არის დაკავებული, რომელსაც ლეიტმოტივად გასდევს რუსეთის პრეზიდენტის, პუტინის გინება, შავ ზღვაში ვითარება ისე იძაბება, გამორიცხული არ არის სამხედრო დაპირისპირება.

სააკაშვილის შიმშილობის, რუსთავის საპატიმროდან, გლდანის სპეცდანიშნულების საავადმყოფოში ძალით გადაყვანის ვიდეო-კადრების დემონსტრირებით „დამტკბარ“ მოსახლეობას წამიც არ რჩება თვალი შეავლოს შავ ზღვაზე მიმდინარე პროცესებს, რომელსაც უდავოდ მოჰყვება შავი ზღვის ქვეყნების უსაფრთხოების უკიდურესი გაუარესება, შესაბამისი შედეგებით, როგორც რეგიონის, ისე მსოფლიოსთვის, რამეთუ დაპირისპირებულ მხარეთა შორის ბირთვული იარაღის მქონე სახელმწიფოებია.

დაძაბულობას აღვივებს აშშ-ს გადაწყვეტილება შავი ზღვა გადააქციოს რუსეთის წინააღმდეგ საკუთარი და ნატოს სამხედრო კუნთების დემონსტრირების ადგილად.

მკითხველს ახსოვს აშშ-ს თავდაცვის მდივნის ოსტინის ამასწინანდელი ვიზიტი საქართველოსა და უკრაინაში, მისი მოლაპარაკება ამ ორი ქვეყნის ხელმძღვანელებთან. მთავარი თემა იყო შავი ზღვა და იქ „დემოკრატიული“ სამყაროს მიერ მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვა.

გარდა ამ ორი ქვეყნისა ოსტინი ნატოს წევრ შავი ზღვის ქვეყნებსაც ესტუმრა — იგივე მიზნით. ვიდრე აშშ-ს ამ აკვიატებულ თემას ფართოდ შევეხებოდე, დავსვამ კითხვას — ვისგან აპირებს აშშ-ი დაიცვას შავი ზღვის ქვეყნების უსაფრთხოება? პასუხი ნათელია — რუსეთისგან.

ვინ მოიაზრება დემოკრატიულ სამყაროში? ცხადია, აშშ-ი და მისი ნატოელი მოკავშირეები, აშშ-ს თვალებში შემციცინე სხვა ქვეყნები, მიუხედავად მათი მწირი დემოკრატიისა. მათ რიცხვში უკრაინა და საქართველოცაა.

კოლექტიური დასავლეთის აზრით, დაძაბულობა შავ ზღვაზე რუსეთის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულის „ოკუპაციამ“ გამოიწვია, რასაც მოჰყვა ყირიმისა და სევასტოპოლის სწრაფი მილიტარიზაცია.

დასავლურ პოზიციას აბათილებს რუსეთის განმარტება, რომ არავითარ ოკუპაციას არ ჰქონია და აქვს ადგილი, ვინაიდან ყირიმის მოსახლეობამ, რომელმაც საკუთარ თავზე გამოსცადა რას ნიშნავს სხვა გარემოში, უპირველესად არამშობლიურში ცხოვრება, გადაწყვიტა მშობლიურში დაბრუნება.

ახლა დავსვათ კითხვა — როდის გადაწყვიტა ყირიმმა სამშობლოში დაბრუნება?

პასუხი — 2014 წელს, აშშ-ს და უკრაინელი ნაცისტების მიერ განხორციელებული სახელმწიფო გადატრიალების დროს, რომელსაც მოჰყვა უკრაინის მაშინდელი პრეზიდენტის იანუკოვიჩის ქვეყნიდან გაქცევა და ხელისუფლების დამხობა.

აშშ-ს მიერ შერჩეული ახალი ხელისუფლების უმთავრესი დავალება ანტირუსულობა და რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა იყო, რომელიც დღემდე წარმატებით მიმდინარეობს.

რა იყო და არის აშშ-ს მიზანი?

სამხედრო-ეკონომიკური თვალსაზრისით მომძლავრებული რუსეთის შეკავება, სუპერ-სახელმწიფოობაზე პრეტენზიის მქონე რუსეთის დასუსტება. რუსეთის ხელისუფლების იძულება მეტი ფული დახარჯოს მოსალოდნელი აგრესიის შესაჩერებლად.

საიდან უნდა აიღოს რუსეთმა ფული?

სხვა პროგრამებს, მათ შორის სოციალურს უნდა მოაკლოს. ეს კი უკმაყოფილებას გამოიწვევს მოსახლეობაში და მას ხელისუფლების წინააღმდეგ განაწყობს ფიქრობენ ვაშინგტონში, რომელსაც არ მოსწონს „დერჟავნიკი“ პუტინი, მას აწ განსვენებული „დემოკრატი“ ელცინი ერჩივნა ან მისი მსგავსი, მაგრამ სხვაგვარად შეტრიალდა რუსეთის ისტორიის ჩარხი.

აშშ თავს უფლებას აძლევდა და აძლევს ისე ჩაერიოს სხვა ქვეყნების საშინაო საქმეებში, როგორც ჭკუის მკაცრი დამრიგებელი. პუტინის მიმართ ასეთს ადგილი ჰქონდა ბაიდენის ვიცე-პრეზიდენტობის დროს, როდესაც მან მოსკოვში ვიზიტისას  გააფრთხილა პრემიერ-მინისტრი პუტინი, რომ აშშ-ს ადმინისტრაცია უარყოფითად განიხილავს პუტინის პრეზიდენტობას. პუტინმა მოისმინა ბაიდენის მოსაზრება, თუმცა არ გაითვალისწინა „რჩევა“. მაშინ აშშ-ს პრეზიდენტი ობამა იყო.

მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა. დემოკრატები ისევ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში. ბაიდენი კი პრეზიდენტი გახდა. ხანშიშესულ და დემენციით დაავადებულ ბაიდენს, მართალია სხვა საკითხები დაავიწყდა, მაგრამ პუტინთან საუბარი არ დავიწყებია, თუმცა  გარკვეულწილად შეცვალა პუტინთან ურთიერთობის პოლიტიკა და მიუხედავად იმისა, რომ პუტინს მკვლელი უწოდა, სურვილი გამოთქვა დიალოგის დასაწყებად.

ჟენევის მოლაპარაკებამ ოდნავ შეარბილა აშშ-რუსეთს შორის არსებული დაძაბულობა, მაგრამ არც იმ დონეზე, საყოველთაო ხასიათი რომ შეეძინა. როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, დაგეგმილია მეორე შეხვედრა, რომლის მოსამზადებელ სამუშაოში აქტიურად არიან მხარეები ჩართული. აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ვიქტორია ნულანდის ამასწინანდელი ვიზიტი მოსკოვში სამიტის მოსამზადებელი სამუშაოს ნაწილი იყო.

ჟენევის სამიტის შემდეგ მსოფლიო პოლიტიკამ, განსაკუთრებით აშშ-ს, სერიოზული რყევები განიცადა. ავღანეთიდან აშშ-ს და მისი მოკავშირეების ჯარების გამოყვანა, „თალიბანის“ ხელისუფლებაში დაბრუნება; ბაიდენის რეიტინგის დაცემა; უკრაინელი ნაცისტების სისტემატური პროვოკაციები დონბასსა და ლუგანსკთან; რუსული გაზსადენის „ჩრდილოეთის ნაკადის“ მშენებლობის დასრულებით გამოწვეული უკმაყოფილება აშშ-სა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში; ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთისა და სხვა ქავეყნების ენერგეტიკული კრიზისი, ენერგომატარებლებზე ფასების კატასტროფული ზრდა; ახლო აღმოსავლელი ლტოლვილების მიერ ბელორუს-პოლონეთის საზღვარზე სერიოზული პრობლემების შექმნა; ნატოს სამხედრო-საზღვაო ძალების პერმანენტული სამხედრო წვრთნების მოწყობა შავ ზღვაში, მიმართული რუსეთის წინააღმდეგ აი, ის მოკლე ჩამონათვალი, რომელმაც შეაწუხა მსოფლიო პოლიტიკა და აუცილებელი გახადა ამერიკა-რუსეთის პრეზიდენტების მეორე შეხვედრის გამართვა.

რუსულ-ამერიკული წყაროების მიხედვით, შეხვედრა მომავალი წლის იანვარ-თებერვალში შეიძლება გაიმართოს. მანამდე კი ორივე მხარე, განსაკუთრებით აშშ-ი ზომაზე მეტად აქტიურობს. სპეციალისტების მიხედვით, ამ არასახარბიელო და საშიშ აქტიურობას  ასეთი მიზანი აქვს — სამიტამდე პოზიციების განმტკიცება გაიოლებული პოლიტიკური ვაჭრობისთვის.

არადა, ბელორუს-პოლონეთის საზღვარზე ისეთი ვითარებაა შექმნილი, ლამის ჩახმახშემართულმა პოლონეთის ჯარმა ბელორუსთა წინააღმდეგ იარაღს მიმართოს. ევროკავშირი ყოველგვარი დიპლომატიური ეტიკეტის დაცვის გარეშე ბელორუსის პრეზიდენტ ლუკაშენკოს დიქტატორად, ჯალათად, პროვოკატორად, პოლონეთის საზღვრებთან ახლო აღმოსავლეთის ლტოლვილების ორგანიზებულ გადამყვანად მოიხსენიებს. შენდობა არც რუსეთის პრეზიდენტს აქვს. მასაც ისე მოიხსენიებენ, როგორც მოკავშირე ლუკაშენკოს.

ამ ვაკხანალიას ნავთს აშშ-ს ადმინისტრაცია ასხამს, რომელიც საჯაროდ ავრცელებს ინფორმაციას უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის თაობაზე. ბელორუსის დასაცავად რუსეთის ბომბდამშენი თვითმფრინავები დაფრინავენ ბელორუსის საჰაერო სივრცესა და ბალტიის ზღვაზე, ხოლო აშშ-ს მზერავი თვითმფრინავები შავ ზღვაზე, ყირიმის ნახევარკუნძულის სიახლოვეს.

სისტემატიურ ხასიათს იღებს აშშ-ს სამხედრო გემების შავ ზღვაში ყოფნის როტაციული სისტემა — ჯერ-ჯერობით მონტროს ხელშეკრულების გათვალისწინებით.

თუმცა, რა იქნება მას შემდეგ, რაც თურქეთი ბოსფორისა და დარდანელის სრუტეების პარალელურად მიმდინარე მშენებლობას დაასრულებს? არვინ იცის გავრცელდება ახალ არხზე მონტროს ხელშეკრულება?

ეს კითხვა აწუხებს უპირველესად რუსეთს, ვინაიდან ე.წ. პარტნიორი თურქეთისგან რუსეთის ზურგში ხანჯლის ჩაცემა, სულაც არ არის გასაკვირი. მას არაერთხელ გაუკეთებია მსგავსი რამ. კოლექტიურ დასავლეთს, ნატოს სახით მონტროს ხელშეკრულება ზღუდავს. სრული შესაძლებელია, მან ზეწოლა განახორციელოს თურქეთზე, რათა ახალ არხს მონტროს ხელშეკრულება არ მიუსადაგოს.

ასეათუისე, თურქული ახალი არხი, ახალ თავსატკივარს გაუჩენს რუსეთს, რომელიც შეეცდება მონტროს ხელშეკრულების ძალაში დატოვებას ან ახლის  შემუშავებას, რაც გაჭირდება დაინტერესებულ მხარეებს შორის კარდინალურად განსხვავებული მოსაზრებების გამო.

საბჭოთა კავშირს შავი ზღვის აუზი პრობლემად არასდროს გასჩენია, ვინაიდან შიდა ზღვად იყო მიჩნეული. ზღვაზე გამავალი ქვეყნები — ბულგარეთი, რუმინეთი სოციალისტური  ბანაკის, ვარშავის ხელშეკრულების წევრი სახელმწიფოები იყვნენ; უკრაინა და საქართველო საბჭოთა კავშირის რესპუბლიკები. ყირიმის ნახევარკუნძული, რომელიც უკმაყოფილების უმთავრესი გამომწვევია, რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შედიოდა, ვიდრე საბჭოთა ლიდერმა ხრუშჩოვმა ვოლუნტარისტულად უკრაინას არ აჩუქა.

ერთადერთი ქვეყანა, ნატოს წევრი თურქეთი კრემლისთვის პრობლემას არ წარმოადგენდა, საბჭოთა კავშირის მსოფლიო ავტორიტეტიდან გამომდინარე. ეს ავტორიტეტი სამხედრო ძლიერებით იყო გამყარებული.

რუსეთის სამწუხაროდ, გასული საუკუნის 90-იან წლებში განვითარებულმა პოლიტიკურმა მოვლენებმა, საბჭოთა, შემდეგ რუსეთის ხელისუფლებაში გორბაჩოვ-ელცინის გამოჩენამ დაანგრია საბჭოთა კავშირი, სოციალისტური ბანაკი, ვარშავის პაქტი. დანგრევის პირას მიიყვანა საბჭოეთის მემკვიდრე რუსეთი და რომ არა პუტინი, რუსეთი, აშშ-ს ისეთივე მორჩილი ვასალი იქნებოდა, როგორებიც არიან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, სხვები.

პუტინმა კარდინალურად შეცვალა საშინაო და საგარეო პოლიტიკა — ტერიტორიით მსოფლიოს ერთი მეექვსედის შესაფერისად; მაღალ დონეზე აიყვანა სამხედრო მშენებლობა და დასავლეთს აგრძნობინა, რომ პრეტენზია აქვს სუპერ-სახელმწიფოობაზე.

აშშ-ს სერიოზული მეტოქე გაუჩნდა რუსეთის სახით, რასაც ის არ მოელოდა. პუტინის რუსეთი ვაშინგტონისთვის მიუღებელია და რომ არა ბირთვული ბალანსი — ორ ქვეყანას შორის არსებული, კარგა ხანია შეეცდებოდა მის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენებას.

მსოფლიო ისტორია აღსავსეა იმპერიების ტრიუმფისა და დაცემის, უმეტესობა შიდა დაპირისპირებით, კინკლავით, გარე ომებით განპირობებული, ნაკლებად, ხელისუფალთა უუნარობით, უმეცრებით, პირადი ბედნიერების გამდევნებით. ამ ჩამონათვალიდან მეორე, აშკარად მიესადაგება გორბაჩოვ-ელცინის მმართველობას. პირველმა, დაშალა საბჭოთა კავშირი, მეორემ — გააჩანაგა რუსეთი.

საბჭოეთის დაშლამ გაააქტიურა აშშ-ს ამბციური ლტოლვა მსოფლიოს ერთპიროვნული მმართველობისკენ, რისთვისაც საჭირო იყო დაშლილი საბჭოეთის გავლენის სფეროების დასაკუთრება, აღმოსავლეთ ევროპის ნატოს სამხედრო ბლოკში შეყვანა, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ნატოს გავლენის ქვეშ მოქცევა.

დასავლურ ორბიტაზე მოტრიალე საქართველო-უკრაინა — ნატოთი მოხიბლულნი, ძალას არ იშურებენ ამ ორგანიზაციაში გასაწევრებლად. ყოფილი სოცბანაკის წევრები რუმინეთ-ბულგარეთი, რახანია ნატოს წევრები არიან. და რა მიიღო რუსეთმა?

გორბაჩოვ-ელცინის მოღალატური მმართველობით რუსეთის შიდა ზღვად წოდებულის, ნატოს ზღვად გადაკეთება.

თურქეთი, რუმინეთი, ბულგარეთი — ნატოს წევრი ქვეყნები და უკრაინა-საქართველო ნატოსთან მჭიდროდ მოთანამშრომლენი, ანტირუსულად განწყობილნი, მზად არიან პენტაგონის ნებისმიერი დავალების შესასრულებლად, იმისდა მიუხედავად რას მოუტანს მათ ქვეყნებს ბირთვულ სახელმწიფოსთან დაპირისპირება.

აშშ-ი ტერიტორიულად შორსაა მოსალოდნელი სამხედრო მოქმედების თეატრისგან. მის  საზღვრებს არაფერი ემუქრება. რა ჰქვია იმ პოლიტიკას, რომელიც შავ ზღვაში აშშ-ს სისტემატურ სამხედრო წვრთნებს წარმართავს?

მსოფლიოში დემოკრატიასა და უსაფრთხოებას ვიცავთო — აცხადებენ ამერიკელი პოლიტიკოსები და სამხედროები. და ამ ვერსიის განსამტკიცებლად გაჰყვირიან უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მოსალოდნელ აგრესიაზე.

საინტერესოა, ვაშინგტონის მაგალითი რომ გადაიღოს რუსეთმა და ისეთი სისტემატური სამხედრო-საზღვაო წვრთნები გაახუროს კარიბის ზღვაში, როგორიც აშშ-ს აქვს შავ ზღვაში — რა ხასიათზე დადგებოდა ვაშინგტონი? ან თუნდაც კუბაზე სამხედრო ბაზის აღდგენას როგორ შეაფასებდნენ მეზობელ აშშ-ი?

შავ ზღვაზე შექმნილ დაძაბულობას ადგილი არ ექნებოდა, 1945 წლის პოტსდამის „სამეულის“ შეხვედრას საბჭოთა ლიდერის სტალინის პრეტენზიები რომ მხედველობაში მიეღოთ და გაეზიარებინა. ისტორიის მიმართ ვარაუდობა არაფერის მომტანია. ერთადერთი რისი შესაძლებლობაც გვაქვს, არის ისტორიის კიდევ ერთხელ გადახედვა და სინანულის გამოთქმა. პოტსდამს რომ გაეთვალისწინებინა სტალინის წინადადება, სხვა სურათი გვექნებოდა, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ კრემლში ხრუშჩოვის, გორბაჩოვის, ელცინის მსგავსნი არ იქნებოდნენ.

შავი ზღვის სრუტეების საკითხი მწვავედ დადგა მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობის დროს. ინიციატორი საბჭოთა ხელმძღვანელი სტალინი იყო, რომელსაც არ მოსწონდა და უსამართლოდ მიიჩნევდა ყარსის ხელშეკრულებას, რასაც მოჰყვა თურქეთის მიერ სომხეთისა და საქართველოს, განსაკუთრებით სომხეთის გარკვეული ტერიტორიების მიტაცება.

ყარსის ხელშეკრულება ყოველთვის იწვევდა და იწვევს საქართველოს მოსახლეობის ცხოველ ინტერესს, რამაც მედიაში ისტერიული ატმოსფერო შექმნა ბოლო ორი წლის განმავლობაში.

ისტერიის საბაბი იყო და არის ის, რომ ხელშეკრულებას 2021 წელს გასდის ვადა, რაც გამოიწვევს ხელშეკრულებამდე არსებული გეოპოლიტიკური რეალობის აღდგენას.

რას ნიშნავს ხელშეკრულების ვადის ამოწურვა საქართველოსთვის? აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ისევ თურქეთისთვის დაბრუნებას. ამას მოთქვამდნენ ე.წ. ექსპერტები და პოლიტოლოგები. მათი და საზოგადოების დამშვიდების მიზნით, არაერთი სტატია გამოვაქვეყნე, სადაც აღვნიშნე, რომ ხელშეკრულებაში არსად არის მინიშნებული მისი მოქმედების ვადა. 100 წელი არ იძლევა ხელშეკრულების გაუქმების საფუძველს და ა.შ.

ახლაც, ვიდრე ჩავყვები ხელშეკრულების დადების ისტორიასა და მოვლენებს კიდევ ერთხელ გულდასმით ვათვალიერებ მოსკოვისა და ყარსის ხელშეკრულებებს, თუმცა ისე, როგორც ადრე, ვერ ვპოულობ ვადის ამოწურვის მიმანიშნებელ თარიღს.

აქვე მკითხველს შევახსენებ, რომ საქართველოს მეთაურის, პარლამენტის თავმჯდომარე ედუარდ შევარდნაძის დროს ხელი მოეწერა საქართველო-თურქეთის ჩარჩო ხელშეკრულებას, რომლის პრეამბულაში, თურქული მხარის მოთხოვნით, ჩაიწერა, რომ მხარეები აღიარებენ ორ ქვეყანას შორის დადებულ ყველა ხელშეკრულებას, მათ შორის ყარსისაც.

ახლა კონკრეტულად ყარსის ხელშეკრულებაზე, რომელსაც ხელი მოაწერეს სომხეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს სსრ ერთის მხრივ, და თურქეთმა 1921 წლის 13 ოქტომბერს, რუსეთის საბჭოთა ფედერაციული რესპუბლიკის წარმომადგენლის თანდასწრებით.

ყარსის ხელშეკრულება იყო ერთ-ერთი იმ ხელშეკრულებათა შორის, რომელიც გაფორმდა სამხრეთ კავკასიაში პირველი მსოფლიო ომის, რუსეთის და თურქეთის რევოლუციების, ეთნიკური მცირე ომების შედეგად.

ყარსის ხელშეკრულებას წინ უძღოდა 1921 წლის გაზაფხულზე დადებული მოსკოვის ხელშეკრულება, აგრეთვე თურქეთ-სომხეთის, ბოლშევიკურ-ქემალისტური ბლიც ომები.

ყარსის ხელშეკრულება იმეორებს მოსკოვის ხელშეკრულების სულისკვეთებას „მეგობრობასა და ძმობაზე“.

ყარსის ხელშეკრულებით თურქეთმა მიიღო ქალაქები ყარსი, არდაღანი და მიმდებარე სოფლები, არარატის მთა და მის ირგვლივ დაბლობი, ყოფილი ბათუმის ოლქი (ართვინი), ყოფილი ერევნის გუბერნიის ტერიტორია, სარიკამიში, ბაიაზეთი, ილდირი, რომლებსაც  პირველი მსოფლიო ომიდან ოსმალეთის გამოსვლისას რუსეთის ჯარი აკონტროლებდა.

თურქეთმა მიიღო პროტექტორობა დღევანდელ ნახიჩევანის ოლქზე და პრეფერენცია ბათუმის პორტის გამოყენებაზე.

რევოლუციების შედეგად გაჩენილ ახალგაზრდა სახელმწიფოებს რუსეთსა და თურქეთს შორის ჩამოყალიბდა მეგობრული ურთიერთობა. ნახიჩევანის დერეფნის გამოყენებით, ბოლშევიკური რუსეთი იარაღს აწვდიდა ქემალისტებს, გარდა ამისა ოქროს (700 კგ), რათა ისინი გამკლავებოდნენ ბერძენთა შემოტევას.

რაც შეეხება 1919-20 წლების სომხეთს, ისინი ეიფორიაში იყვნენ აშშ-ს პრეზიდენტის ვუდრო უილსონი დაპირებიდან გამომდინარე. დაპირება კი ასეთი იყო — თუ სომხეთი ჩაერთვებოდა ომში ანტანტის მხარეს, პრეზიდენტი უზრუნველყოფდა  შეიარაღების და ფულის მიწოდებას, გარდა ამისა სომხეთის საზღვრების დადგენისთვის ამერიკული არბიტრაჟის მონაწილეობას.

იყო ასეთი ვარაუდიც, რომ ამერიკელები დაეხმარებოდნენ სომხეთს დასავლეთით და სამხრეთით ტერიტორიების გაფართოებაში. ამერიკელთა მიერ გამხნევებულმა სომხებმა დაიწყეს თურქეთის ტერიტორიების დაკავება, რასაც უდავოდ ხელი შეუწყო ბერძენთა არმიის მიერ სტამბოლის, იზმირის დაპყრობამ.

ქემალ-ფაშა აცხადებს აღმოსავლეთ ვილაითებში მობილიზაციას. მას დიდ დახმარებას უწევს გენერალი კარაბექირ ქიაზიმ-ფაშა 30000-იანი არმიით, რომელიც იწყებს სომეხთა მიერ დაკავებული ტერიტორიების გათავისუფლებას.

სომხეთის 15000-იანი ჯარი კატასტროფის წინაშე აღმოჩნდა და მასთან ერთად სომხეთის არსებობაც. ლენინმა, სტალინის რჩევით, ქემალ-ფაშასთან მოსალაპარაკებლად ნესტორ ლაკობა და ეფრემ ეშბა აფრინა. ორივენი აფხაზები იყვნენ და სტალინის გათვლით მათ არ უნდა გასჭირვებოდათ მლადათურქებთან საერთო ენის გამოძებნა, ვინაიდან მლადათურქებს საპასუხისმგებლო თანამდებობებზე ჩერქეზები ჰყავდათ, რომელთა შორის იყვნენ აფხაზები — მოჰაჯირების შთამომავლები.

ლაკობა-ეშბას დიპლომატიურმა მისიამ ვერაფერი გააწყო ქემალ-ფაშასთან, რომელიც კატეგორიულად მოითხოვდა მთელ რიგ ტერიტორიებს და არ თანხმდებოდა სომხებთან საზღვრების გავლებას. გაჯიუტდა სომხეთის დაშნაკური ხელისუფლებაც — აშშ-ს დაპირებებით გაბრიყვებული.

1920 წლის 24 ოქტომბერს თურქეთმა სომხეთს ოფიციალურად გამოუცხადა ომი. კარაბექირ ქიაზიმ-ფაშა ანადგურებს სომხეთის ჯარს და იკავებს ყარსს, არდაღანს, ართვინს, იგდირს, ბაიაზეთს, სადაც იწყებს ეთნიკურ წმენდას, ანუ სომეხთა ხოცვას. თურქეთის ჯარი იკავებს ალექსანდრაპოლს, დღევანდელ გიუმრის. სომხეთის არმია წყვეტს არსებობას. სომხეთისგან რჩება მხოლოდ ერევანი, შემოგარენით, სევანის ტბის მთიანი ნაწილი. თვალნათელი ხდება სომხეთის სახელმწიფოებრიობის და სომეხთა, როგორც ერის გაქრობა.

1920 14 სექტემბერს ალყაში მოქცეულ ერევანში ჩადის საბჭოთა დელეგაცია ბორის ლეგრანის მეთაურობით, რომელიც ულტიმატუმს უყენებს დაშნაკებს — უარი თქვან სევრის ხელშეკრულებაზე (მისი მიხედვით, გათვალისწინებული იყო ოსმალეთის იმპერიის დაშლა), დერეფანი გაუხსნან რუსეთის ჯარს, სომხეთის საზღვრებთან დაკავშირებული  მოლაპარაკებები აწარმოოს მოსკოვმა.

მე-11 არმია იწყებს ზანგეზურისა და ყარაბაღის დაცვას, თურქებისგან წმენდს გიუმრის. 4 დეკემბერს წითელი არმია შედის ერევანში, ხოლო 15 დეკემბერს დაშნაკები მიდიან გიუმრიში კარაბექირის შტაბში ზავის გასაფორმებლად.

რაც შეეხება ხელშეკრულებას, შემდგომში ყარსად წოდებულს, ხანგრძლივი ვაჭრობა გამოიწვია თურქებსა და რუსებს შორის. თურქები თავგანწირვით იბრძოდნენ თითო მტკაველი მიწისთვის. კატეგორიულები იყვნენ სტალინი და ორჯონიკიძე. ისინი მოითხოვდნენ ყარსის ხელშეკრულებაში 1878 წლის ხელშეკრულებით დადგენილი გადაწყვეტილების დაფიქსირებას, მაგრამ არ გამოუვიდათ ინტერნაციონალიზმით დაავადებულ ბოლშევიკებთან, რომელთაც მხარს ლენინი უჭერდა.

რაც არ გამოუვიდათ მაშინ, მის რეალიზაციას სტალინი მოგვიანებით შეეცადა, ანუ 1945 წლის მარტში, როდესაც წითელი არმია ბერლინს უტევდა. მან დენონსაცია მოახდინა 1925 წლის საბჭოთა-თურქეთის „მეგობრობის და ძმობის“ ხელშეკრულების, რომელიც იურიდიულად ამყარებდა 1921 წლის მოსკოვის ხელშეკრულებას.

მოსკოვში, თურქეთის ელჩს სელიმ სარპერს მიეცა შესაბამისი განმარტება.

1945 წლის მიაისში სარპერი აწვდის მოლოტოვს თურქული მხარის წინადადებებს. მისი მიხედვით, თურქეთი თანახმაა ომის შემთხვევაში სრუტეების შეუფერხებელი გავლის ნება დართოს საბჭოეთის ჯარს და ფლოტს. წინადადება არ მიიღო მოსკოვმა.

მოლოტოვმა არაოფიციალურად აცნობა სარპერს შემდეგი: „საბჭოთა ჯარი სამარადისოდ უნდა გადაისხას სტამბოლში სამხედრო ბაზის შესაქმნელად, რომელიც გააკონტროლებს სრუტეებს. მას მაგალითად მოჰყავს უნკარ-ისკელიის 1833 წლის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, 30000-იანი რუსული სამხედრო კორპუსი, 8 წლის განმავლობაში იდგა სტამბოლში და აკონტროლებდა სრუტეებს, თურქეთის სულთანის მაჰმუდ II-ს თხოვნით, რომელსაც სურდა მეამბოხე ეგვიპტის მმართველის მეჰმედ ალის აგრესიისგან დაცვა.

1841 წელს დატოვა რუსეთის ჯარმა სტამბოლი ლონდონისა და პარიზის ზეწოლით.

სარპერთან და სხვა თურქ დიპლომატებთან მოლაპარაკების დროს მოლოტოვი მოსკოვისა და ყარსის ხელშეკრულებებს არასამართლიანს უწოდებს.

პოტსდამის კონფერენციაზე სტალინი აცხადებს შემდეგს: „საბჭოთა კავშირმა უნდა დაიბრუნოს ყველა ის ტერიტორია, რომელიც 1878 წლიდან ეკუთვნოდა რუსეთის იმპერიას ამიერკავკასიაში: ყარსის ოლქი, ერევნის გუბერნია, ბათუმის ოლქის სამხრეთი ნაწილი ტრაპიზონის ჩათვლით, არარატის მთა“.

სტალინის მოთხოვნა მოკავშირეებმა არ დააკმაყოფილეს, თუმცა ნერვიულობა თურქულ მხარეს არ განელებია, ვიდრე სსრკ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე კოსიგინმა ხელი არ მოაწერა თურქეთთან მეგობრობის და საკამათო სასაზღვრო საკითხების მოწესრიგების ხელშეკრულებას.

ყარსის ხელშეკრულებამ, რომელიც იზიარებდა 1921 წლის მოსკოვის ხელშეკრულების პათოსს, შეაკავა სომხეთის წინააღმდეგ მიმართული ქემალ-ფაშას აგრესია, გადაარჩინა ის ფიზიკური განადგურებისგან, სომხეთს და მთლიანად ამიერკავკასიას მოუტანა მშვიდობა, ცხადია გარკვეული ტერიტორიული დანაკარგებით, მაგრამ იმ დაძაბულ, ქაოტურ ვითარებაში, რაც ამიერკავკასიაში სუფევდა, ეს იყო ერთადერთი გამოსავალი, თუმცა ლენინს, რომ სტალინ-ორჯონიკიძის პოზიცია გაეზიარებინა, ყარსის ხელშეკრულება სხვაგვარ სახეს მიიღებდა.

რა გაეწყობა — ეს ისტორიაა, მისი შეცვლა საუკუნის შემდეგ შეუძლებელია, მითუმეტეს ისეთი სუსტი სახელმწიფოების ზეგავლენით, როგორებიც სომხეთი და საქართველოა.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი

15/11/2021