08.12.2024

მიტინგომანია

თუ კალენდარს გულმოდგინედ არ დავხედავთ, ვერაფრით გამოვიცნობთ რომელი საუკუნე ან რომელი წელია. მარჩიელობას მაშინ შევეშვებით, როცა თვალთა ყურადღებას დიდ ციფრებს მივაპყრობთ — 2021 წელი ყოფილა, თანაც მიწურული, 27 ოქტომბერი.

რა დრო გასულა? გულში გავიფიქრებთ. ჟამთა სვლას უდავოდ ამოვიცნობთ სარკეში არეკლილი ჩვენი სახიდან — სოლიდურ ასაკშეყრილიდან, დანაოჭებულიდან. რა ბიჭები ვიყავით, გულში ვიტყვით და გავუყვებით ცხოვრებას, ისეთივე აზროვნებით, თუმცა არა ისეთივე შემართებით, როგორც მაშინ.

წლები თავისას შვება, თავისას გვკარნახობს, მასთან ერთად ცხოვრების გამოცდილება. მაინც რა ცხოვრებისეული გამოცდილება დაგვიგროვა ჟამთა სვლამ? თანამედროვეობისთვის შეუფერებელი, ჩამორჩენილი, სიძველეში, მეტადრე ისტორიულში ჩამარხული.

ჩვენი და თანამედროვე ცხოვრების მოთხოვნების, გამოწვევების ერთმანეთთან შედარება, სასიკეთოს არაფერს გვეუბნება, თუმცა ჭკუის სასწავლებელს — უამრავს. ერთ-ერთი ჭეშმარიტებასთან დაძმობილებულია და გვირჩევს ისტორიულ წარსულში მუდმივ ხეტიალს, ისტორიული გმირობით ცხოვრებას თანამედროვეობა ზომიერად შევუფარდოთ. ძველი მაშინ არის წარმატების მომტანი, თუ თანამედროვეობა წინა პლანზეა წამოწეული და იმ ისტორიულზე მყარად დგას.

პრიორიტეტულობა, თანამედროვეობას ეკუთვნის და ამასთანავე ძველის არდავიწყებას. ვინც მარტო ძველით ცხოვრობს — წაგებულია. ვინც მარტო ახლით ცხოვრობს, ისიც წაგებულია. მოგებული ისაა, ვისაც ძველი ახსოვს, იცის, თან ახალს აშენებს. მარტო ძველი დიდება წინსვლას არ მოიტანს, არც გამუდმებით იმის მტკიცება, რომ ღმერთის წილხვედრი ქვეყანა ვართ.

გასული საუკუნის 1988-89 წლებიდან, 2021 წლის 27 ოქტომბრამდე დიდი დროა გასული. თითქმის ერთი თაობა. მსოფლიო მკვეთრად შეიცვალა ამ დროის განმავლობაში. ჩვენ, როგორც პიტალო, სალი კლდე ურყევად ვდგავართ იქ, სადაც ვიდექით და როგორც ჩანს, ასე ვიქნებით უახლოეს მომავალში.

ჩვენი მეზობელი რუსეთი უკვე კოსმოსში მხატვრულ ფილმს იღებს, სტრატეგიული „პარტნიორი“ ამერიკა ტურისტებს გზავნის კოსმოსში, უპილოტო საფრენ აპარატებსა და ავტომანქანებს ამზადებს. ორივე ერთმანეთს ეჯიბრება საბრძოლო იარაღის დახვეწაში, მეცნიერებაში, ხელოვნური ინტელექტის შექმნაში, ახალ ტექნოლოგიებში, მედიცინაში და არა მარტო ისინი, არამედ სხვებიც — ჩვენი ზომისა და სიდიდის ქვეყნები და პატარებიც.

ჩვენ კი ისევ იქ ვდგავართ, სადაც ვიდექით, ვითარცა პიტალო, სალი კლდე. პატარა ძვრასაც არ აქვს ადგილი, ვინაიდან „მაგრები“ ვართ, კარგები ვართ — იმ გამოთქმისა არ იყოს, რაც კარგები ვართ, ქართველები ვართ!!!

ვიქებთ თავს, ვბაქიბუქობთ, ვაქებთ ერთმანეთს და სუფრაზე ვმჭერმეტყველებთ. შემდეგ ერთმანეთზე ვიწევთ.

მეზობლებს ზემოდან დავყურებთ, ჩვენს ღირსადაც არ ვთვლით. ჩვენ მაღლა ვდგავართ, ლამის ღრუბლებს ზემოთ. ისინი, ვინ არიან, რას წარმოადგენენ? არადემოკრატები, ადამიანის უფლებების დამრღვევნი, ტოტალიტარიზმით დაავადებულნი, აგრესიული სულისკვეთებით გაჟღენთილნი, უვიცნი, უწიგნურნი, თეთრ დათვებთან ჩახუტებულნი.

ჩვენ, ევროპაში, ჩვენსავე ოჯახში დაბრუნებულებს, რა უნდა გვქონდეს საერთო ამ „ჩამორჩენილებთან“? ჩვენ რომ „ვეფხისტყაოსანს“ ვთხზავდით, ისინი კუდებით ხის ტოტებზე ეკიდნენ.

მოკლედ და კონკრეტულად — ჩვენ მაგრები ვართ, რაც არაერთხელ გვსმენია ჩვენივე მეგობრისგან, ნაცნობისგან, უცნობისგან. არაერთხელ გვსმენია — რით არიან რუსები ან სხვები ჩვენზე მაგრები?!

დასმულ კითხვაში პასუხიცაა გაცემული, ისეთი, კითხვის დასმაც რომ საჭიროებას არ მოითხოვს.

ჰოდა, ასეთი მაგრები ისევ იქ ვდგავართ, სადაც გასული საუკუნის 1989-90 წლებში ვიდექით. მკითხველი იკითხავს — სად ვიდექითო. გიპასუხებთ გადატანითი მნიშველობით — იმ საუკუნეში, ფიზიკურად, მიტინგზე. მკითხველი იკითხავს — რა არის ამაში გასაკვირი ან სასირცხვილო? არც არაფერი, ერთის შეხედვით, მაგრამ, როდესაც გასული საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლებიდან დღემდე, მიტინგებზე დგახარ სასირცხვილო კი არა, სატირალია — თანაც ისე, წინათ, სამეგრელოში, სახის ხოკვა რომ ახლდა თან.

ვიმეორებ, როდესაც ჩვენი მეზობელი კოსმოსში მხატვრულ ფილმს იღებს, სხვა წარმატებებთან ერთად და შენ ისევ მიტინგებზე დადიხარ, ტრაგედიაა, ერის დაკნინება, დეგრადაცია, დაცემაა.

მოდით დავსვათ კითხვა — რა გავაკეთეთ ქვეყნის სასიკეთოდ, რა გავაკეთეთ ეკონომიკაში, სოციალურ ყოფაში, სახელმწიფო სისტემის ჩამოყალიბებაში, კულტურაში, ხელოვნებაში, მეცნიერებაში ისეთი, სხვას რომ შეექო ჩვენი ტვინი და მარჯვენა?

მიტინგებში მოსიარულეთა ყურადღება, მიტინგებმა მიიტაცა, შემოქმედებითი ცხოვრების დრო ხელიდან გამოგვლიჯა, წამიერი ბედნიერება ჩაგვინერგა და ფულისადმი ტრფიალი. მამებთან ერთად მიტინგებზე მოსიარულე პატარები, დღეს ქვეყნის სათავეში არიან. ახლა ისინი ატარებენ თავიანთ შვილებს “აკადემიაში“.

მიტინგების თემა, ორგანიზება, შინაარსი ისე დავხვეწეთ, აკადემიის სახელს უდავოდ  შეეფერება, თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ მაშინდელი მიტინგები, მომიტინგეთა სულიდან და შეგნებიდან წამოსული, ხალასი, გულწრფელი იყო. მომიტინგეს ვინ შეჰკადრებდა ფულს ან ტრანსპორტს ვინ გამოუყოფდა რაიონიდან თბილისში ჩამოსასვლელად?

მომიტინგეებს სჯეროდათ, რომ მიტინგზე გაჟღერებული ზემდგომის გონებას მიწვდებოდა, შეაწუხებდა და საქვეყნო ნაბიჯს გადაადგმევინებდა. დღევანდელი?

დღევანდელი მიტინგები რომ ფარსი და ხალხის რაოდენობის დაფიქსირებაა — ყველამ კარგად იცის. ფარსია, იმიტომ, რომ მომიტინგეთა უმრავლესობა ფულს გამოდევნებული ხალხია — მიზერულ ფულს, ვინაიდან მას ამ მიზერულის შოვნის შანსიც არ აქვს — საყოველთაო უმუშევრობის პირობებში.

თუ რაოდენ შემაშფოთებელი ფერიცვალება განიცადა საქართველოში მცხოვრებმა ადამიანმა, ყველამ ვიცით. ვიცით და ვთვლით, რომ ასეც უნდა ყოფილიყო. მაშინდელი საქართველო, საბჭოთა კავშირში მცხოვრები, უზრუნველყოფილი მყარი თვიური შემოსავლით, გამართული სოციალური მდგომარეობით, უამრავი სიკეთეებით, მატერიალურის ალმაცრად შემხედვარე, სიწმინდისა და არა ფულის მიმდევარი, იდეებით აღსავსე, 50 მანეთად მივიდოდა მიტინგზე?

დღეს, არათუ მიტინგზე მიდის, 50 ლარად საკუთარ ხმასაც ყიდის მისთვის მიუღებელი პარტიის სასარგებლოდ; დღევანდელი საქართველო ხმასაც ყიდის, სინდის-ნამუსსაც და ყველაფერს, რისი გაყიდვაც შეიძლება და არ შეიძლება.

ფულმა გადააგვარა ხალხი, რომლის ცხოვრების მიზანი იოლი გზით მილიონების შოვნაა. უმრავლესობის ოცნება, ოცნებად რჩება, მაგრამ მას სჯერა, რომ მრავალი მცდელობის შემდეგ დიდს თუ არა პატარა ფულს მაინც გამოკრავს ხელს. ამ იმედს მას მიტინგის ორგანიზატორი პარტია უსახავს, ხშირ შემთხვევაში ხელისუფლება. განა, ასეთთან არ გვაქვს საქმე დღეს?!

ხელისუფლებას, ამჯერად „საოცნებოს“, არაერთხელ მიუმართავს საყოველთავო „სახალხო მხარდაჭერის“ გამომხატველი თავყრილობის—მიტინგისთვის, რაშიც მნიშვნელოვანი თანხებიც დაუხარჯავს. ერთს ასეთს 27 ოქტომბერს ჰგონდა ადგილი, თბილისში, თავისუფლების მოედანზე.

დიდძალი ხალხი შეკრიბა ხელისუფლებამ, უმეტესობა რაიონებიდან, რომელთა ტრანსპორტირება, კვების ხარჯები, ჯიბის ფული — მოარული ხმების მიხედვით, 10 მილიონი ლარი დაჯდა. და ეს ქვეყანაში, რომელსაც უამრავი გადაუჭრელი პრობლემა აქვს, რომელთა გადაჭრა უფულობის გამო ვერ ხერხდება.

რას ემსახურებოდა ეს მიტინგი?

ხელისუფლების განმარტებით, 30 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურის მომზადებას. მიტინგების ისტორიაში ეს ახალი სიტყვაა. რით ჩამოუვარდება ეს ნოვაცია სხვა ქვეყნების მიერ სხვადასხვა დარგებში მოპოვებულ წარმატებებს?!

არათუ ჩამოუვარდება, აჭარბებს კიდევაც!

ვინ მოიფიქრებდა არჩევნების ორგანიზებულად შესახვედრად, არჩევნებამდე 3 დღით ადრე მრავალრიცხოვანი მიტინგის მოწყობას?

არც არავინ! ჩვენმა ხელისუფლებამ არათუ მოიფიქრა, დიდძალა საბიუჯეტო ფულიც დახარჯა, თან ისიც თქვა — ხალხს ფული დავურიგეთ, შიმშილით ხომ არ დავხოცავდითო.

რჩევისთვის — შემდეგში, მსგავსი მიტინგის მოწყობა უმჯობესია არჩევნების დღეს, რათა მომიტინგეები, იქვე თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირზე ჩალაგებული ხმის მიცემის კაბინებში შეყარონ. არჩევნებამდე დარჩენილ დღეებში მომიტინგემ ხომ შეიძლება გადაიფიქროს „ოცნებისთვის“ ხმის მიცემა?

27 ოქტომბრის მიტინგს სიტყვით მიმართეს „ოცნების“ ლიდერებმა — პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის „წინამძღოლობით“. თითოეულ სიტყვას, რაც მან თქვა, რომ სიტყვის თქმის შანსი ჰქონოდა უდავოდ იტყოდა  — ბატონო ირაკლი, თქვენს ბაგეთგან ნასროლს, თქვენი ტვინი კარნახობს იყოს ტყუილი? რაც თქვენ ბრძანეთ, შორსაა ამ სიტყვების ნამდვილი შინაარსისგან, ამიტომ აღიქმება ტყუილად.

პრემიერმა ბრძანა, რომ არ დაუშვებს ჯალათების ხელისუფლებაში დაბრუნებას. კეთილი. მას, როგორც პრემიერს, აქვს ბოდვის უფლება — ძილში, სიზმარში, ცხადია კოშმარულში, მაგრამ არა ცხადში, ვინაიდან ერთი ხმით, რაც მას გააჩნია, ვერ აღუდგება ჯალათი თუ საყვარელი პარტიის არჩევნებში გამარჯვებას.

პრემიერს უკვე შეახსენეს, რომ დღეს სხვა დროა და დემოკრატია, რომელიც მან თავის გამოსვლაში ახსენა, არ ითვალისწინებს პრემიერ-მინისტრის მიერ ვინმესთვის, რომელიმე პარტიისთვის ხელისუფლებაში მოსვლის გზების ჩახერგვას. ასეთს მხოლოდ დიქტატორი, ხელისუფლების უზურპატორი აკეთებს და არა დემოკრატი.

რატომ არ დაუშვებს ღარიბაშვილი ოპოზიციის გამარჯვებას?

მარტივი მიზეზის გამო! მას და მის პარტიას, „ოცნებად“ წოდებულს, სურთ ხელისუფლებაში ყოფნის გახანგრძლივება, რათა 9 წლის განმავლობაში ხარბად მირთმეულს, ერთი იმდენი დაუმატონ. ამ მიზნის მქონე, ნებისმიერ ორგანიზაციას ჯალათად მონათლავს, თუმცა მოსანათლი ნაცმოძრაობას არაფერი აქვს. ის, დიდი ხანია ხალხმა ასეთად მონათლა. მაგრამ ხალხის ერთმა ნაწილმა, მეორემ?

მეორემ, სულში ჩაიძვრინა და მზადაა ქვეყნის სადავეები ისევ მას ჩააბაროს. ვინ-ვის დაუჭერს მხარს — არჩევნებზე გამოჩნდება და შედეგიც ის იქნება.

ერთხელდასამუდამოდ ხელისუფლებამ უნდა შეიგნოს, რომ ხმების ყიდვით, არჩევნების გაყალბებით, ამომრჩევლის დაშინებით დემოკრატია არ აშენდება. მაგრამ ვის უნდა დემოკრატია, მითუმეტეს ხვალინდელი?

ხელისუფლებას რომ არ უნდა, ცხადია. არც ოპოზიციას უნდა. განა ხელისუფლებაში ყოფნის დროს არ აცხადებდა 30 წლით მოვედითო?

2012 წელს ნაცთათვის მოულოდნელი დამარცხების შემდეგ, მათმა ბელადმა საჯაროდ თავი შეიქო — ნახეთ რა დემოკრატი ვარ, დავმარცხდი და ხელისუფლებას ოპოზიციას გადავცემო.

ამას ამბობდა დემოკრატი პრეზიდენტი — დემოკრატიის შუქურა. მისი აზროვნებისთვისაც უცხო იყო ხელისუფლების დათმობა მაშინაც კი, როდესაც ხალხს არ სურდა მისი ხილვა.

ანალოგიური ვითარებაა დღეს. ახლა „ოცნებას“ და ივანიშვილს არ უნდათ ძალაუფლების ხელიდან გაშვება და არა იმიტომ, რომ ქვეყნისთვის სასიკეთო პროექტების განხორციელება დაიწყეს და ბოლომდე უნდათ მიყვანა, არამედ 2012 წლიდან დაწყებული ქვეყნის ბიუჯეტის ღრნის გაგრძელება სურთ ბოლომდე, ვიდრე ფსკერამდე არ ჩავლენ.

ამომრჩეველს ორივე საამურ ცხოვრებას პირდება. იმ ამომრჩეველს, რომელმაც ორივეს მმართველობა საკუთარ თავზე გამოსცადა და მათ დანახვაზე გული ერევა, მაგრამ სხვა ძალას ვერ ხედავს, იძულებულია ამ ორი განავლიდან გააკეთოს არჩევანი — აყროლებული სუნით ღონმიხდილმა,  პირბადეც რომ ვერაფერს ხდება.

წინასაარჩევნო პერიოდი ისეთივე კურიოზებით იყო აღსავსე, როგორიცაა მიტინგების შეჯიბრი, ოღონდ ამჯერად დისტანციურად, სხვადასხვა დროს გამართული.

ორი საპირისპირო მიტინგი გამსახურდიას მმართველობის დროს გაჩნდა და ისეთი საყოველთავო კმაყოფილება გამოიწვია მომიტინგეებში, რომ დღემდე შემორჩა ქართულ პოლიტიკას. მაშინ, პარლამენტის შენობის წინ გამართული პერმანენტული მიტინგი, ეპაექრებოდა სამხატვრო გალერეის წინ მოწყობილ მიტინგს.

საქართველოში იმჟამად მყოფ ამერიკელ კონგრესმენებს რუსთაველის გამზირი ოპოზიციური პარტიების ჰოსტელად შეეგება. ყველა შენობის წინ გაშლილ ლეიბებზე, წვერშეყრილი „რევოლუციონერები“ იყვნენ გაშოტილნი. თავისუფლების მოედანზე ვიღაც მთვარელიძე კუსტარულად დამზადებულ ქართულ პასპორტებს ურიგებდა გამვლელ-გამომვლელს.  მაშინ გაგანია საბჭოთა კავშირი იყო, საბჭოთა პასპორტით და მთვარელიძის ნახელავი ეგზოტიკურ შედევრად გამოიყურებოდა.

იმ კონგრესმენებს, თუკი ცოცხლები არიან, ალბათ დღესაც თვალწინ უდგათ ქართული პოლიტიკის ნოვატორული მიგნებანი. მე-20 საუკუნის 1991 წლის ზაფხულის მიწურული იდგა ბედკრულ საქართველოში. დღეს, 21-ე საუკუნის 2021 წლის ოქტომბრის მიწურულია — ორი მიტინგით, ერთმანეთთან დაპირისპირებული პოლიტიკოსებით, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ჯერ-ჯერობით რუსთაველზე არ წვანან, თუმცა ვინ იცის, ჯერ ხომ მეორე ტურის შედეგები ცნობილი არ არის?

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი

31/10/2021