18.07.2024

მძიმე დემოგრაფიული სურათი

„საქსტატის“ მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში საქართველოში 21000 ბავშვი დაიბადა, გარდაცვლილთა რაოდენობამ 25000 შეადგინა. საგანგაშო მონაცემებია, ისეთი, ხელისუფლება, არასამთავრობო სექტორი, საზოგადოება რომ პერმანენტულად ამახვილებს ყურადღებას და შესაბამის, სერიოზულ გადაწყვეტილებებს იღებდეს მდგომარეობის გამოსასწორებლად.

დემოგრაფია ყოველთვის იყო, არის და იქნება უმთავრესი, მცირე მოსახლეობის მქონე საქართველოსთვის. ეს, რომ ასეა, კომუნისტებმა იცოდნენ და მდგომარეობის გასაუმჯობესებლად რას არ აკეთებდნენ. შედეგიც იყო 5,5 მილიონი ადამიანი საბჭოთა კავშირის დაშლის დროს.

თავისუფალი, დემოკრატიული, სუვერენული საქართველოს ხელისუფლებამაც კარგად იცის პრობლემის არსი, მაგრამ მიზეზთა გამო ისეთს ვერაფერს აკეთებს, ქვეყანას რომ დაეტყოს.

დემოგრაფიული ვითარების პოზიტიურად წარმართვისთვის მთელი რიგი პრობლემებია გადასაჭრელი, რომელთა შორის სოციალური, უმთავრესია. სოციალური კი თავის მხრივ ეკონომიკას უკავშირდება, რომელმაც 30 წლის განმავლობაში ვერადავერ გაგვახარა. ეკონომიკა კი რაღას უკავშირდება?

ცოდნას, განათლებას, ღრმა ანალიზს, სიმართლეს და არა სიცრუეს — პატივცემულო მკითხველო. 30 წლის განმავლობაში „ნიჭიერმა“ ქართველობამ — ასე მოკრძალებულად მოვიხსენიებთ ჩვენს თავს, ეკონომიკას ვერაფერი დაატყო და აქედან გამომდინარე ქვეყნის კეთილდღეობას. სამწუხარო ფაქტია — დამოუკიდებლობის ჟამს რასაც ქვეყანამ მიაღწია ეკონომიკის სფეროში — კორუფციის გაახალგაზრდავებაა.

კორუფცია იყო ყოველთვის, საბჭოთა პერიოდშიც კი, განსაკუთრებით 80-90-იან წლებში, მაგრამ მასშტაბები დღევანდელთან შედარებით მიზერული, კორუფციონერი კი საშუალო ასაკს მიტანებული. დღევანდელი კორუფცია ლამის უმაღლესი სასწავლებლის ბოლო კურსიდან იწყება. 30 წლის ასაკში კი გუშინდელი კურსდამთავრებული ჩამოყალიბებული, გამობრძმედილი კორუფციონერია.

კორუფციის გაახალგაზრდავებას ხელს უწყობს ლამის 22-23 წლის ასაკის ახალგაზრდათა მაღალ თანამდებობებზე გამწესება — პრაქტიკული ცოდნა-გამოცდილების არმქონეთა სწრაფი დაწინაურება, ცხადია არა დამსახურების, არამედ ფრთაგაშლილი ნეპოტიზმის წყალობით.

დაირღვა თანამდებობისკენ მიმავალი გზის, უფრო სწორად კიბის ტრადიციული მცნება, რომელიც აკონტროლებდა საკადრო პოლიტიკას და იშვიათად იძლეოდა კიბის ბოლოდან თავში სწრაფი ახტომის შესაძლებლობას.

საბჭოთა კავშირში თუ კომკავშირი არ გქონდა გავლილი, შემდეგ, პირდაპირ თუ ირიბად არ იყავი გათვითცნობიერებული პარტიულ ცხოვრებაში, მაღალი თანამდებობის მიღწევის სურვილი, სურვილად რჩებოდა.

საზოგადოებაში არსებობდა ისეთივე სისტემა, როგორც ჯარში, დიპლომატიაში. ლეიტენანტი, სათანადო წოდების გარეშე, გენერალი ვერ გახდებოდა, ისე, როგორც დიპლომატიაში ატაშე, ელჩი. რანგიდან, რანგამდე დამწყებ დიპლომატს 3 წელი უნდა ემსახურა — ატაშე, მესამე, მეორე, პირველი მდივანი, შემდეგ მრჩეველი, დესპანი, ელჩი. საკადრო დიპლომატი — ეს ტერმინი ნაცნობია საერთაშორისო ურთიერთობებში გათვითცნობიერებული ადამიანისთვის და ნიშნავს დიპლომატს, რომელმაც დიპლომატიური სამსახურის საფეხურები გაიარა.

სამწუხაროდ, თანამედროვეობამ, მეტადრე, მოჭარბებულად დემოკრატიულმა ყოფამ, რომელიც ხშირად ქაოსში გადადის, საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროზე იქონია ნეგატიური გავლენა. ჩვენი საზოგადოება და მისი ნაშობი პოლიტიკა — არაპროფესიონალ ადამიანთა საკრებულოს უფრო ჰგავს, ვიდრე გამოცდილს, დაღვინებულს. ის, ვინც, ასაკიდან გამომდინარე დაღვინებული უნდა იყოს, სხვათა შემყურე, ისეთივეა, როგორც მისი ახალგაზრდა კოლეგები.

ახალგაზრდა კი, რომ იტყვიან იოლად გადის ფონს პარტიული კუთვნილების, გავლენიანი, შეძლებული მშობლების წყალობით. ასეთისთვის ეკონომიკა, სოციალური პრობლემა, დემოგრაფია რა მოსატანია, მითუმეტეს დემოგრაფია. ეს უკანასკნელი მისთვის სასიამოვნო სექსია და მეტი არაფერი. მისი გაგებით, ეკონომიკა ისაა, ჯიბეს რომ აუვსებს, შავ „ჯიპს“ რომ აყიდინებს, ისე, როგორც რამდენიმე ბინას ელიტარულ სახლში, სასახლეს რომ ააშენებინებს არაერთი საცურაო აუზით, ჩოგბურთის მოედნით, საქეიფო დარბაზებით და ა.შ.

ასეთს, რაც არ უნდა ვუჩიჩინოთ მძიმე დემოგრაფიული სურათის თაობაზე, ვერაფერს გავხდებით. გახდა რამეს პროფესორი ანზორ თოთაძე, რომელიც რაც თავი მახსოვს წერს და წერს, ყვირის ამ მძიმე პრობლემის თაობაზე?

ზემოთ ვახსენე საბჭოთა პერიოდის მიღწევები ამ დარგში. 1959 წელს საქართველოში 4 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა. 1989 წელს კი — 5,5 მილიონი. პროგრესი იყო უდავოდ იმასთან შედარებით, რაც გვქონდა საქართველოს რუსეთთან შეერთების ჟამს — ნახევარი მილიონი. მეზობელი მუსლიმანი ქვეყნების გამუდმებულმა შემოტევებმა, ძარცვამ, ნგრევამ, მოსახლეობის სისტემატურმა აწიოკებამ გამოიღო სავალალო შედეგი, მაგრამ რუსული ქოლგის ქვეშ შეყუჟულმა საქართველომ, მშვიდი ცხოვრებით, რუსთა მიერ გარანტირებულით, მიაღწია დემოგრაფიულ პროგრესს.

ათეული წლები, საუკუნეებია საჭირო ქვეყნის მოსახლეობის გასაზრდელად და როგორც ზემოთ აღვნიშნე თავდაუზოგავი შრომა იმის მხრიდან, ვისაც ხელისუფლება ჰქვია. ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში 3 მილიონ 700000 ადამიანი ცხოვრობს, ანუ დამოუკიდებელ, სუვერენულ, თავისუფალ ქვეყანაში, რომელმაც 30 წელია გადაიგდო რუსული „კოლონიალიზმის უმძიმესი უღელი“. რა გამოდის, 5,5 მილიონი მზაკვარი რუსეთის ბატონობის დროს და 3,7 მილიონი, ანუ გაცილებით ნაკლები აყვავებული დემოკრატიისა და თავისუფლების პირობებში?!

3,7 მილიონიც რომ ვიყოთ რა გვიჭირს, მაგრამ რეალურად, რომ ამაზე ნაკლები ვართ?!

სტატიის დასაწყისში მოყვანილი „საქსტატის“ მონაცემები — 21000 ახალშობილი ა.წ. 6 თვეში, რომელი რაიონებიდანაა? — ქვემო ქართლიდან და აჭარის მაღალმთიანი რაიონებიდან, ანუ იქიდან, სადაც მუსლიმანური მოსახლეობა ჭარბობს. მავანი იტყვის — მთავარია მოსახლეობა და არავითარი მნიშვნელობა არ აქვს რელიგიასო.

ჯერ ერთი, ქვემო ქართლში აზერბაიჯანული წარმოშობის მოსახლეობაა, მაგრამ არც ამას აქვს მნიშვნელობა ხელისუფლების მიერ საღი პოლიტიკის გატარების პირობებში, რასაც ვერადავერ ვხედავთ არა იმიტომ, რომ არ გვინდა დავინახოთ, არამედ რაც არ არის ვერ დავინახავთ.

სტატისტიკის მიხედვით, შემცირებულია ქორწინების რაოდენობაც და როგორც ამბობენ დემოგრაფები, უფრო მეტად შემცირდება. მიზეზი ამისა ისევ და ისევ ეკონომიკური სიდუხჭირე, გაუსაძლისი სოციალური პირობებია. განქორწინება ისეთი ჩვეულებრივი რამ გახდა, როგორც სურდოს მოხდა.

30-წლიანმა დამოუკიდებლობამ რაც მოგვიტანა ისაა, დასავლური თავისუფლება რომ ჰქვია. სწორედ ის ესხმის თავს ტრადიციებს, წეს-ჩვეულებებს, ოჯახს, ეკლესიას, ქართულ მენტალიტეტს. ე.წ. დასავლური ფასეულობები თავიანთი ემისრებით, ანუ არასამთავრობო ორგანიზაციებით შეტევაზე არიან გადმოსული და მიზნის მისაღწევად ყველაფერს იკადრებენ, მათ შორის ქვეყნის დანგრევას. მედიაში გახურებული ლგბტ პროპაგანდა განა ამის მიმანიშნებელი არ არის?

დღეს, ისე ვლაპარაკობთ ერთნაირსქესიანთა ქორწინებაზე, ვითომც არაფერი. ჩვენი ყური უკვე მიაჩვიეს ამ საშინელებას. საშინელებას, მითუმეტეს ისეთი, მცირე მოსახლეობის მქონე ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა. ისტორიის მანძილზე არაერთმა ერმა იცოცხლა, იხარა, შემდეგ დაკნინდა, ძალა გამოეცალა, არსებობა შეწყვიტა. განა ეს სამაგალითო არ არის ჩვენთვის?

არის! უფრო სწორად უნდა იყოს, მაგრამ არ არის. მიზეზი მრავალია, მათ შორის პოლიტიკურიც. დასავლური „მომხიბლველობა“, რომელიც მეტადრე იქაური ფულით არის გამოწვეული, ძნელად უგულებელსაყოფია. მაგნიტივით იზიდავს ის ჩვენს მედასავლეთე ხელისუფლებას, ოპოზიციას, არასამთავრობო ორგანიზაციებს და რაღა დარჩა?

შიმშილით ღონგამოცლილი ხალხი? ასეთს რა შეუძლია?

მას ისღა დარჩენია დაეთანხმოს ხელისუფლებას და ამ თანხმობის საფასურად ორი თეთრი იშოვოს. მისთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება ხელისუფლებაში. ვინც ფულს და კვების პროდუქტებს ჩამოურიგებს მას დაუჭერს მხარს. ამას ხელისუფლება ახერხებს. და იმასაც, რასაც ამორჩევლის დაშინება ჰქვია.

ქართული „დემოკრატიის“ ნამდვილი სახე კარგად ჩანს არჩევნების დროს, როდესაც ხელისუფლება ნიღაბს იხსნის და თავგანწირვით ეშვება საარჩევნო ორომტრიალში, ძალაუფლების შესანარჩუნებლად. ვის და რას არ გვადარებს ის, რას არ გვპირდება, ხან ლუქსემბურგობას, ხან ელისეის მინდვრობას, ხან თვალწარმტაც ქვეყნობას — იმ შემთხვევაში, თუკი ხელისუფლებას მივცემთ ხმას. და ჩვენც ვიჯერებთ, მეტი რა გზა გვაქვს ფიზიკურად და გონებრივად დასუსტებულებს. შემდეგ ამას, ის დასავლეთი შეაჯამებს — იტყვის დარღვევებზეც, მაგრამ დაუმატებს, რომ ამან არჩევნებზე ზეგავლენა ვერ მოახდინაო.

ჩამთავრდება არჩევნები და ცხოვრება ძველ კალაპოტში გაგრძელდება, მიუხედავად იმისა, ვინ იქნება ხელისუფლებაში. მომავალ არჩევნებამდე ყველა საკითხი, ეკონომიკიდან დაწყებული, დემოგრაფიით დამთავრებული მივიწყებას მიეცემა. ისევ დაწერს თოთაძე კატასტროფულ დემოგრაფიაზე. ისევ მოუწოდებს ხელისუფლებას — გაინძერიო და ისიც აკადემიური სიმშვიდით, გააგრძელებს ქვეყნის ჭამას.

უნდა მას თოთაძე?!

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი

18/09/2021