31.10.2024

აშშ-ს ჰეგემონიზმის დასასრული?

ნიუ-იორკის „ტყუპეპზე“ — სავაჭრო ცენტრზე ტერორისტული თავდასხმის შემდეგ 20 წელი გავიდა, ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში ტერორისტული თავდასხმიდან — რამდენიმე დღე. ორივე, ტერორისტული ორგანიზაციების ნახელავია. პირველი „ალ-ქაიდას“ და მისი ლიდერის უსამა ბენ ლადენის, მეორე — „ისლამური სახლემწიფოს“, რომლის ლიდერი ალ-ბაღდადი იყო. ორივე ტერორისტი და მათი ტერორისტული ორგანიზაციები აშშ-ს სპეცსამსახურების ძალისხმევით შეიქმნა მეტოქე საბჭოთა კავშირის და მისი მემკვიდრე რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად.

პირველ შემთხვევაში, აშშ-ა „ალ-ქაიდას“ და ბენ-ლადენს ავღანელი რადიკალი სტუდენტების ორგანიზაცია „თალიბანი“ დაახმარა — ახალი ტერორისტული ორგანიზაცია, აკრძალული, როგორც გაეროს, ისე რუსეთის, სხვა ქვეყნების მიერ. აშშ-ზე განხორციელებული ტერაქტით ძლიერი დარტყმა მიიღო ამერიკულმა დემოკრატიამ, მისმა ყოვლისშემძლეობამ, ქედმაღლობამ, მსოფლიო ჰეგემონიზმმა.

მეორე ტერაქტმა, ქაბულში მომხდარმა, 20 წლის წინათ ჰეგემონის მყარი საფუძველის ნგრევადაწყებულ პროცესს ახალი სული შთაბერა — ჰეგემონის გარდაცვალებისა.

ორივე ტერაქტმა დაანახა მსოფლიოს, რომ ვერავითარი იარაღი, ბირთვული თუ სხვა სახის, ვერც ერთ ქვეყანას ვერ დაიცავს, თუნდაც ავტომატ „კალაშნიკოვით“ შეიარაღებული ტერორისტებისგან. აშშ-ს უძლიერესი სამხედრო-სადაზვერვო ძალა, როგორც ხით ნაშენი ფარღალალა ქოხი, ფეხქვეშ გაიგდო ტერორისტულმა დაჯგუფებამ და ისეთი დღე აყარა, აშშ-ს, კონკურენტი ქვეყნები — რუსეთი და ჩინეთი ვერასდროს ინატრებდნენ.

20 წლის წინანდელ ტერაქტს აშშ-ა და მისმა მოკავშირე ქვეყნებმა, შურისძიებით აღვსილმა, აგრესიით უპასუხეს — ავღანეთში შეჭრით, რომლის მიზანი ტერორისტული ორგანიზაციების „ალ-ქაიდასა“ და „თალიბანის“ განადგურება იყო. აგრესორებმა რაც მოახერხეს, ისაა, „ალ-ქაიდას“ ლიდერი ბენ ლადენი რომ მოკლეს.

უსამა ბენ ლადენის ლიკვიდაციის ოპერაციაში მხოლოდ აშშ-ს სპეცსამსახურები იღებდნენ მონაწილეობას. მაშინ მსოფლიომ ტელეეკრანებზე იხილა ამ ოპერაციის პირდაპირი რეპორტაჟი — ვაშინგტონის საიდუმლო სარდაფში, პრეზიდენტ ობამას, სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის, სხვათა  გამარჯვებით აღფრთოვანებული სახეები.

ამერიკა ზეიმობდა ნომერ პირველი ტერორისტის უსამა ბენ ლადენის მკვლელობას — მისთვის ჩვეული PR-ით, რომელსაც მხარს უბამდა ნატოელი მოკავშირეები, სხვა თანამგზავრი ქვეყნები, მათ შორის საქართველოც.

მაშინ არვის უთქვამს — აღარ არის ბენ ლადენი, „ალ-ქაიდაც“ ფაქტიურად წელშია გატეხილი და რაღა აზრი აქვს ავღანეთში ყოფნას — ძვირად ღირებულს, აგრესორთა სამხედრო მოსამსახურეების ხოცვას?!

ავღანეთში შეჭრა საბჭოთა ჯარის გამოყვანიდან 12 წლის შემდეგ შედგა. იმ ჯარის, რომლის საწინააღმდეგოდ შექმნეს აშშ-ს სპეცსამსახურებმა ტერორისტული ორგანიზაციები. ვითომ მარტო ტერორიზმთან საბრძოლველად შეიჭრნენ ავღანეთში?

ცხადია, არა! აგრესიას უფრო მნიშვნელოვანი მიზანი ჰქონდა — ცენტრალურ აზიაში ფეხის მოკიდება, აშშ-ს მეტოქე ჩინეთისა და რუსეთის კონტროლი, ამასთანავე პაკისტანის, ინდოეთის, ცენტრალური აზიის ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების.

გეოპოლიტიკამ უკარნახა აშშ-ს ავღანეთში შეჭრა და 20-წლიან ომში თავის გაყოფა. თუმცა აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ აშშ-ი ხელმომჭირნეობით გამოირჩეოდნენ თავიანთი სამხედრო მოსამსახურეების სიცოცხლის მიმართ. ავღანეთის ომში მოკავშირეებს აომებდნენ, მათ შორის ქართველებს. ქართველები რატომ ომობდნენ ავღანეთში? რა მიზანს ემსახურებოდა საქართველოს მეომრების იქ ყოფნა?

ეს კითხვები დღეს არ გაჩენილა. დღიდან ავღანეთში შესვლისა წარმოიშვნენ ისინი. ერთობ უხერხემლო და ლოგიკურად ძნელად პასუხგასაცემი. საქართველოს ყველა ხელისუფალის და მთავრობის უსუსური ლუღლუღი, რომ საქართველო ავღანეთში იცავს ტერორიზმის იქიდან გამოდინებას და საქართველოში შემოღწევას — არადამაჯერებელი იყო ხალხისთვის, თუმცა სამხედრო მოსამსახურეთა მაღალი ხელფასებით დახარბებულმა აქაურობამ აღარ ინება ზემოდასმულ კითხვებზე პასუხის გაცემა. ფულმა წაშალა ყველაფერი და სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დააყენა.

ერთის შეხედვით, ფულის შოვნისადმი ესოდენ პრიმიტიული მიდგომა მშიერი სამხედროსა და მისი ოჯახისთვის გასაკვირი არ არის. გასაკვირი ისაა, აგრესიას პატრიოტიზმის საბურველში რომ ახვევდნენ. ეს რაც შეეხება რიგით სამხედრო მოსამსახურეებს, მაგრამ მათ ავღანეთში გამგზავნ ხელისუფლებას რა ამოძრავებდა?

საბოლოო ჯამში ფული. საქართველოს მთავრობა მაქსიმალურად ცდილობდა აშშ-ს ადმინისტრაციის უკანალში შეძრომას, მეგობრობის დემონსტრირებას და ამ გზით ისეთი ნდობის მოპოვებას, მის ყოფნას ხელისუფლებაში რომ გაახანგრძლივებდა. გახანგრძლივება კი ფულია, ანუ მისი მოპოვების უებარი გზა. გარდა ამისა, ხელისუფლებას სურდა საკუთარი ჯარისკაცების სისხლის ფასად ნატოსა და ევროკავშირში შესვლის სწრაფი აღსრულება.

პრიმიტიულმა აზროვნებამ ეშმაკობაში გამობრძმედილი დასავლეთის გული ვერ მოიგო. რაც მივიღეთ — მხარზე ხელის თათუნი და საქებარი სიტყვები იყო, რომელსაც მომავალში არვინ გაიხსენებს. აშშ-ა და მისმა მოკავშირეებმა ავღანეთის ომი წააგეს, რაც ყველასთვის თვალნათელია და წააგეს გამანადგურებელი ანგარიშით. ასეთი ომის გახსენება ვის მოუნდება? მხოლოდ აშშ-ს მოწინააღმდეგეებს — ჩინეთს, რუსეთს, ირანს, ჩრდილოეთ კორეას, სხვებს და არავითარ შემთხვევაში დამარცხებულ აშშ-ს.

აშშ-ს პრეზიდენტის ბაიდენის მონაცემებით, 20-წლიან ომში ამერიკამ დაახლოებით 2500 ადამიანი დაკარგა, გაცილებით ნაკლები ვიდრე სსრკ-მ 9-წლიან ომში — 14000. საბჭოთა კავშირის მიერ ავღანეთში წარმოებული ომი ისტორიას ჩაბარდა ისე, როგორც თვით საბჭოთა კავშირი. რა ბედი ეწევა აშშ-ს? დაიშლება თუ არა ის, ისე, როგორც საბჭოთა კავშირი?

აშშ-ი რომ სხვადასხვა რესპუბლიკებისა და ხალხების კავშირი იყოს, ისეთი, როგორიც საბჭოეთი იყო, ალბათ დაიშლებოდა, მაგრამ ამერიკა სხვაა, თანაც ისეთი, რომლის დაშლა არცთუ იოლია. რაც შეეხება მის ჰეგემონობას — უბრალოდ აღარ იქნება. ამერიკა გადაიქცევა ისეთივე ქვეყნად, როგორიც სხვა დიდი ქვეყნებია, მათთან თანაბრად. ამერიკა აღარ იქნება მსოფლიო ჟანდარმი, ყველგან და ყველაფერში ცხვირის ჩამყოფი, ყველას ჭკუის დამრიგებელი, სხვისთვის საკუთარი ცხოვრების ძალით თავსმომხვევი, დემოკრატიის საფარით საკუთარი მზაკვრული პოლიტიკის გამტარებელი.

დეჰეგემონიზაციის პროცესი დაწყებულია, მაგრამ მისი სწრაფი დასრულება შეუძლებელია. ეს პროცესი რამდენიმე წელს გაგრძელდება, რომლის დროს დაჭრილ ჰეგემონთან ურთიერთობა, მითუმეტეს დაპირისპირება, კარგს არაფერს მოიტანს. ეს, ისე, ცნობისთვის, იმათ გასაგონად, ვინც პატრიოტულად გაიძახის —„ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეყუდნოდესო“.

გასული 2 წელი უმძიმესი იყო აშშ-სთვის. შიდა არეულობამ, გაყალბებულმა საპრეზიდენტო არჩევნებმა და ბოლოს ავღანეთიდან ჯარის გამოყვანამ დაანახა მსოფლიოს, თვით ამერიკას რა მძიმეა ის დაავადება, მას რომ სჭირს. ამერიკა ვერ გაუმკლავდა შავკანიანთა ამბოხს, ვერ შეძლო მისი მოთოკვა. რაც შეძლო სამარცხვინოა — თეთრკანიანთა მიერ საჯაროდ ზანგებისთვის ფეხის დაბანვა, მათ წინაშე დაჩოქება. დაჩოქებულთა შორის იყვნენ აშშ-ს პრეზიდენტი, კონგრესმენები, პოლიტიკოსები, ძალოვანი სტრუქტურები, … .

თეთრმა ამერიკამ ზანგებს არა მარტო დაუჩოქა, არამედ ზანგთა მოთხოვნით მიაფურთხა თავისსავე ისტორიას, კულტურას, ლიტერატურას, ხელოვნებას, ძირს დაანარცხა ისტორიული გმირების ძეგლები. ასეთ მაზოხიზმს არაფერი კავშირი აქვს დემოკრატიასთან. ეს ძალადობაა.

„ძლიერმა“ ამერიკამ ვერც „კოვიდ-19“-ს გაუძლო და არაორგანიზებულობით, უსუსურობით ნახევარმილიონზე მეტი ამერიკელი გაისტუმრა საიქიოს. 2019 წელს მოპოვებული მსოფლიო პირველობით, დღესაც პირველობს — „კოვიდთან“ სუსტ ბრძოლაში.

და ბოლოს ავღანეთი. 20 წლის აგრესიამ, აშშ-ს ბიუჯეტის ფლანგვამ, აღვირახსნილმა კორუფციამ შეუძლებელი გახადა აშშ-ს ავღანეთში ყოფნა. თვით პრეზიდენტ ბაიდენის განცხადებით, დღეში ავღანეთის ჯარის შენახვა აშშ-ს 150-300 მილიონი დოლარი უჯდებოდა. 20 წლის განმავლობაში ამერიკამ იქ 3 ტრილიონი დოლარი დახარჯა (ბაიდენის მონაცემებით). აშშ-ა ვეღარ გაუძლო მძიმე ხარჯს და დაიწყო ჯარის გამოყვანა — არაორგანიზებულად, ქაოტურად. შედეგი — ტერაქტი, რომელსაც 13 ამერიკელი სამხერო მოსამსახურე შეეწირა, 200 ადგილობრივი, თუმცა ამ უკანასკნელს ამერიკაში ვინ ახსენებს?

ავღანელები, ამერიკელთა გაგებით, ადამიანთა რიცხვში არ იწერებიან. ახსენებენ მარტო გარდაცვლილ ამერიკელებს.

რა შეიძლება ითქვას? აშშ-ი — დაუძლურებული და დემორალიზებული, ვეღარც ევაკუაციას უკეთებს ორგანიზებას და ეს მაშინ, როდესაც აშშ-ს უსაფრთხოებას 17 სპეცსამსახური უზრუნველყოფს. სტატისტიკის მიხედვით, ამერიკელებს ავღანეთში ასეთი დანაკარგი 2008 წლის შემდეგ არ ჰქონიათ. რა არის ეს, თუ არა ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ მხრიდან ამერიკელთა დაცინვა?!

ამ ტერაქტთან დაკავშირებით ბევრი ვერსიაა, მათ შორის ისეთიც, თითქოს ის თვით ამერიკელებმა მოაწყვეს ავღანეთში დარჩენის მიზნით. ანუ აშშ-ს გაავებული ადმინისტრაცია ჯარს კი არ გამოიყვანს ავღანეთიდან, არამედ შეიყვანს, „ისლამურ სახელმწიფოზე“ შურის საძიებლად.

ამ ვერსიას აქვს არსებობის უფლება, ვინაიდან აშშ-ში არიან ძალები, რომლებიც მოითხოვენ ავღანეთში ყოფნის გაგრძელებას. ასეთთა რიცხვში სამხედროებიც არიან. ვეჭვობ, რომ მათ შეძლონ პრეზიდენტ ბაიდენის გადაწყვეტილების შეჩერება, რომლის მიხედვით, აშშ-ს ჯარმა 31 აგვისტომდე უნდა დატოვოს ავღანეთი. ამას ითხოვს დღევანდელი დე-ფაქტო ხელისუფლება „თალიბების“ სახით, რომლებიც გმობენ ტერაქტს.

ამერიკა დატოვებს ავღანეთს, მაგრამ მისდამი ყურადღებას არ მოადუნებს. გააგრძელებს ავღანეთის ხელისუფლების საწინააღმდეგო, ძირგამომთხრელ მოქმედებას; შექმნის ახალ ტერორისტულ ორგანიზაციას და ა.შ., რომლის დახმარებითაც მართულ ქაოსს დააწესებს რეგიონში, მიმართულს რუსეთ-ჩინეთის წინააღმდეგ. ეს ვერსიაა, მაგრამ სინამდვილესთან დაახლოებული.

ავღანეთი ფულის კასრი აღმოჩნდა, რომელშიც ხელს არა მარტო ამერიკელი სამხედროები აფათურებდნენ, არამედ პოლიტიკოსებიც. დახარჯული 3 ტრილიონიდან ნახევარი მათ ჯიბეებში დაილექა, დანარჩენი ბაგრამის სამხედრო ბაზის მოწყობას მოხმარდა — შესანიშნავი საცხოვრებელი პირობებით. ოაზისი უდაბნოში — ასეთი იყო ბაგრამი.

85 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო იარაღი დატოვეს ამერიკელებმა „თალიბების“ განკარგულებაში ისე, თვალიც არ დაუხამხამებიათ. არის თუ არა ეს ღალატი?

ამერიკელებმა არაფრად ჩააგდეს მათთან მოთანამშრომლე ავღანელების სიცოცხლე და ისე მიატოვეს ისინი, ვითომც არაფერი, რაც ჰუმანიზმისგან შორს არის. ისინი ასე იქცევიან ყოველთვის და რაღა ავღანეთში მოიქცეოდნენ სხვანაირად?!

კატასტროფა ავღანეთში — ეს არის აშშ-ს, ნატოს, ევროკავშირის მორიგი კრახი. ასეთს ადრეც ჰქონდა ადგილი, მაგრამ ბოლომ ყველას გადააჭარბა. „დროა ამერიკა დაემშვიდობოს გლობალურ ბატონობას და საკუთარ პრობლემებს მიხედოს“ — განაცხადა პრეზიდენტმა ტრამპმა. მაშინ მან ნატოს გაუქმებაზეც თქვა და იქიდან გამოსვლაზეც, მაგრამ მსოფლიომ ჯეროვანი ყურადღება ამ ნათქვამს არ მიაქცია. მას (მსოფლიოს) ამერიკა ისევ „დიადად“ მიაჩნდა. ახლა?

ჩანს, ტრამპს რეალური წარმოდგენა ჰქონდა დასუსტებულ ამერიკაზე, განსხვავებული დღევანდელი ადმინისტრაციისგან, რომელიც ტერაქტის შემდეგაც გაიძახის — ჩვენს ჰეგემონობას ვერაფერი შეარყევსო.

ცდებით, ბატონებო — ჰეგემონობას მომაკვდინებელი დარტყმა მიაყენა თქვენივე გამოზრდილმა „ისლამურმა სახელმწიფომ“ და თქვენეულმა დემოკრატიამ, სხვის საქმეებში ჩარევამ, ქედმაღლობამ და ა.შ.

ჰამლეტ ჭიპაშვილი,

პოლიტოლოგი

29/08/2021