ზიგზაგური პოლიტიკა დამღუპველია ქვეყნისთვის

ამ სტატიით მინდა მკითხველის ყურადღება მივაპყრო ორ ისეთ საკითხს, რომლებმაც ყველა ნორმალურად მოაზროვნე ადამიანში არასასიამოვნო განწყობილება შექმნა — განწყობილება ისეთი, რომელიც კარგა ხანს პირდაპირ თუ ირიბად იქონიებს გავლენას ჩვენს ცხოვრებაზე. რა გაეწყობა, ასეთია გლობალიზაცია და ზოგიერთთა ცუდი ქცევით მიღებული უმძიმესი შედეგები.

პირველი, ავღანეთია — ჩვენგან შორს მდებარე, მაგრამ იქ მიმდინარე პროცესების სიმწვავით — ახლოს მყოფი. დაულაგებელი, აბობოქრებული ავღანეთი მუდმივი თავსატკივარი იქნება მსოფლიოსთვის, განსაკუთრებით მეზობელი ქვეყნების, ევროპის, ამერიკის, რუსეთისთვის. და თუ მათ ექნებათ პრობლემა, ჩვენ როგორღა ვიქნებით მშვიდად და არხეინად ბობოქარ სიტუაციაში?

ყველაფერთან ერთად — მარტო იქაური ლტოლვილები რად ღირს? ჩვენი ე.წ. სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან ეს ხომ დიდი ხარჯების გაღებას მოითხოვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენთვის და ჩვენნაირი მათხოვარი ქვეყნების — უკრაინის, მოლდოვის, სხვათა მიმართ დასახმარებელი თანხების შემცირება გარდაუვალი იქნება.

არადა საქართველო, ამერიკა-ევროკავშირზე ჩამოკიდებული, ბიუჯეტსაც ვერ შეადგენს და თუ მაინც მოახერხა, მხოლოდ საკუთარი მოსახლეობის კიდევ უფრო თავხედური ძარცვის ხარჯზე. ასე, რომ ავღანეთი, ჩვენს მიერ შორეულად მიჩნეული, ყურის ძირშია. მისი ღრმა სუნთქვა კეფას წვავს.

მეორე, უკრაინაში გამართული ე.წ. ყირომის პლატფორმაა, რომელშიც 46 ქვეყანა იღებდა მონაწილეობას და რომლის მიზანი იყო, არის და იქნება ახალი ეკალი რუსეთის დუმაში. ოღონდ ერთია, რამდენად შეძლებს უკრაინის მწირი ბიუჯეტი მომავალი წლის აგვისტოში ძვირადღირებული ფორუმის გამართვას?

უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის აზრით, მომავალში ეს ღონისძიება საერთაშორისო ორგანიზაციებმა, ფონდებმა, ბიზნესმა უნდა დააფინანსონ, რაც მიუხედავად რუსეთის სიძულვილისა, არცთუ იოლი იქნება.

რუსეთის მიმართ აგორებული პროპაგანდა იმდენად მრავალმხრივი და ყოვლისმომცველია, რომ ახალი პლატფორმა დიდის არაფრის მომტანია ამ პროპაგანდის მამებისთვის. აი, რაც შეეხება კორუფციაში გამობრძმედილ უკრაინის ხელისუფალთ — ფულის მოტეხვის ახალი წყარო გაუჩნდებათ მომავალი პლატფორმის ჩატარების სახით.

ის, რომ უკრაინა კორუფციული ქვეყანაა, ფორუმის მონაწილე აშშ-ს ენერგეტიკის მინისტრმა თავის გამოსვლაში საგულდაგულოდ და ზელენსკის გულის დასაწყვეტად აღნიშნა.

ფორუმზე სიტყვა წარმოთქვა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმაც, რომელმაც, რომ იტყვიან დედაბუდიანად ლანძღა და აგინა „აგრესორი“, „ოკუპანტი“ რუსეთი. დაინტერესებულთ, ვისაც არ მოუსმენია ღარიბაშვილის ნათქვამი, ვურჩევ მოისმინოს ან წაიკითხოს. განსაკუთრებით ვურჩევ იმათ, ვინც ღარიბაშვილი საქართველოსთვის თავდადებულ, პატრიოტ ლიდერად, დასავლეთთან მოპაექრედ, დასავლეთისთვის მტკიცე ქართული პოლიტიკის დემონსტრანტად ჩათვალა. ახლა მაინც იტყვით — ღარიბაშვილი გმირიაო?

გირჩევთ წაიკითხოთ ან მოისმინოთ მისი ნათქვამი, სადაც ხაზგასმულია მისი და მისი ხელისუფლების უცილებელი ევროატლანტიკური კურსი. რუსეთი — „მტერი“, „აგრესორი“, „ოკუპანტი“,  ევროატლანტიკური სივრცე — შვება, უსაფრთხოება, ედემი.

განვიხილოთ ავღანეთი. 1968 წელი — ავღანეთის მეფის ზაქირ შახის და ავღანეთის ლიდერის ბაბრაქ ქამალის — 1980 წლის ვიზიტები საქართველოში. ამ ორ სახელმწიფო დონის ვიზიტს შორის 10-ზე მეტი წელია. იმჟამად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო-საოქმო ანუ პროტოკოლის სამსახურს ვხელმძღვანელობდი და ორივე დელეგაციის საქართველოში ყოფნის პროგრამა ჩემი შედგენილია.

ორივე შემთხვევაში შთაბეჭდილება მქონდა უხვი, საინტერესო და რაც მთავარია ავღანეთში მიმდინარე პროცესების შემცველი. ორივე დელეგაცია ასზე მეტ წევრს (თითოეული) ითვლიდა და მათთან საუბარი ახალგაზრდა დიპლომატისთვის ჭკუისსასწავლოც იყო.

ავღანეთის მეფის ზაქირ შახის საქართველოში ვიზიტის დროს იმ მასპინძლებიდან, რომლებიც დილიდან-ღამემდე დელეგასიას ვახლდით, საგარეო საქმეთა მინისტრის თანაშემწე პროფესორი ილია ტაბაღუაც იყო. საუზმის დროს ბატონმა ილიამ მეფის ყურადღება მიაპყრო საქართველო-ავღანეთის ისტორიულ ურთიერთობებს, რამაც მეფეში ცხოველი ინტერესი გამოიწყვია. ბატონმა ილიამ ისიც თქვა, რომ ავღანეთის არქივებში ამ თემასთან დაკავშირებით უნიკალური მასალებია შემონახული.

ავღანეთის მეფემ ბატონი ილია მიიწვია თავის საცხოვრებელ აპარტამენტებში (მეფე ცხოვრობდა სახელმწიფო რეზიდენციის N1 სახლში), მეორე სართულზე. მოკლე დიალოგის შემდეგ, ჩვენთვის გახდა ცნობილი, რომ მეფემ ბატონი ილია დაპატიჟა ავღანეთში — არქივებში სამუშაოდ, სამი თვით. სტუმრობის ხარჯები ავღანეთის მთავრობამ თავის თავზე აიღო.

ბატონი ილია მალე გაემგზავრა ქაბულში და 3-თვიანი მუყაითი მუშაობის შედეგად იქ არსებული ქართული დოკუმენტების ასლები ჩამოიტანა.

ამით რისი თქმა მსურს. იმჟამინდელი ავღანეთი იყო სახელმწიფო — ძალიან შორს მყოფი ბობოქარი, ძმათამკვლელი ომისგან. ავღანეთის მეორე დიდი დელეგაცია 1980 წელს ეწვია სსრკ-ს და საქართველოს. მას ბაბრაქ ქარმალი ხელმძღვანელობდა. იმჟამინდელი ავღანეთი აღარ წარმოადგენდა მონარქიას. ის ქვეყანა სოციალიზმის აშენებას შეუდგა და ალბათ წარმატებასაც მიაღწევდა, რომ არა აშშ-ს და მისი მოკავშირეების მიერ წამოწყებული მორიგი ანტისაბჭოური ავანტიურა.

ბაბრაქ ქარმალის პროსაბჭოურმა მიმართულებამ გააცოფა აშშ-ი, დიდი ბრიტანეთი, ევროპის ქვეყნები. ხუმრობა ხომ არ იყო ცენტრალურ აზიაში სსრკ-ს მიერ პოზიციების გამყარება?

ავღანეთი, მართალია ცხოვრების დონით ყველა დანარჩენ ქვეყანასთან შედარებით თავს ბედნიერად ვერ ჩათვლიდა, მაგრამ წიაღისეულით, გეოგრაფიული მდებარეობით გამორჩეული იყო და არის. დღეს, როდესაც აშშ-ა ჩინეთი და რუსეთი მსოფლიოს ნომერ პირველ, მეორე მტრებად გამოაცხადა — ტერორიზმზე მეტად, ავღანეთის გეოგრაფიული მდებარეობა მიმზიდველია. მხოლოდ 100 კილომეტრი აშორებს ავღანეთს ინდოეთის ოკეანიდან.

ამერიკის მოკავშირე ავღანეთი მყარი პლატფორმა იყო ჩინეთ-რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ პოლიტიკურ ომში. იყო, მაგრამ … . როგორც ჩანს ისტორიას ბარდება, ისე, როგორც აშშ-ს მსოფლიო ჰეგემონობა.

ავღანეთში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საინტერესო სტატია გამოაქვეყნა პოლ რობინსონმა — ოტავის (კანადის) უნივერსიტეტის პროფესორმა. აი, რას წერს ის: „1979 წლის დეკემბერში საბჭოთა ჯარები შეიჭრნენ ავღანეთში, რათა დახმარებოდნენ ხალხში არაპოპულარულ ავღანეთის სახალხო-დემოკრატიულ პარტიას“.

აქვე აღვნიშნავ, რომ საბჭოთა ჯარი ავღანეთში არ შეჭრილა, ვინაიდან მას არაფერი ჰქონდა შესაჭრელი. ის მიიწვია მმართველმა პარტიამ, რათა თავი და ქვეყანა დაეცვა მოსალოდნელი აგრესიისგან. რას ნიშნავს შეჭრა და უკავშირდება თუ არა ის სისხლისღვრას, ქვეყნის დამცველებთან ომს?

ცხადია, უკავშირდება. ასეთს კი საბჭოთა ჯართან ადგილი არ ჰქონია. რასაც ადგილი ჰქონდა, ისაა აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის, მათი ნატოელი მოკავშირეების ძირგამომთხრელი, ანტისაბჭოური მოქმედება რომ ჰქვია. ფულით, მოქრთამვით წაახალისეს, ანტისაბჭოურად განაწყვეს მოჯახედები. შექმნეს ორგანიზაცია „თალიბანი“.

„დასავლეთმა ავღანეთი ფულით აავსო. შეიტანე ღარიბ ქვეყანაში უკონტროლოდ ფული, რომელსაც მოჰყვება მასობრივი კორუფცია. აი, ეს მოხდა ავღანეთში. ამან არა მარტო არალეგიტიმური გახადა ხელისუფლება, არამედ ფულის დიდი ნაწილი „თალიბების“ ხელში აღმოჩნდა.

ამერიკელი მოხელე ჯონ სოპკო, რომელიც ავღანეთში აშშ-ს ხარჯის აუდიტი იყო, წერდა — თუ გინდათ, რომ გაიგოთ, ვინ შეაიარაღა და გადაუხადა „თალიბებს“, პასუხი ასეთია — ეს აშშ-მა გააკეთა“.

„1988 წელს საბჭოეთმა ჩათვალა, რომ სისხლისღვრა საკმარისი იყო და მაისში დაიწყო ჯარის გამოყვანა, რომელიც 1989 წლის თებერვალში დაამთავრა.

30 წლის შემდეგ, საბჭოთა ჯარის გამოსვლის ექო დღესაც გაისმის, მაგრამ სიმართლე უნდა ითქვას, ვაშინგტონის მარცხი უფრო სერიოზულია“, — წერს რობინსონი.

ჩემი კომენტარი. საბჭოთა ჯარი ავღანეთიდან დამარცხებული არ გამოსულა. საბჭოთა ჯარი „თალიბებს“, მოჯახედებს, სხვა ტერორისტულ ორგანიზაციებს, რომლებიც უხვად იყვნენ და არიან ავღანეთში, საბჭოთა ჯარი არ დაუმარცხებიათ. საბჭოთა ჯარი სსრკ კპ ცკ-ს პოლიტბიურომ დაამარცხა, გობაჩოვის მეთაურობით. მან გასცა ჯარის გამოყვანის  ბრძანება — აშშ-ს და მისი დასავლელი მოკავშირეების ზეგავლენის შედეგად.

„მას შემდეგ, რაც საბჭოთა ჯარმა მეგობრობის ხიდი გადაკვეთა და უზბეკეთში გადავიდა, მოჯახედებმა შეუტიეს ავღანეთის სამთავრობო ძალებს, მაგრამ მათი შეტევა ჩაიშალა. ავღანეთის არმიამ შეინარჩუნა პოზიციები. არც ერთი მსხვილი დასახლება არ აღმოჩნდა მოჯახედების ხელში, მხოლოდ 2 წლის შემდეგ, რუსეთის მთავრობის ხელმძღვანელის ელცინის გადაწყვეტილებით შეწყდა ავღანეთის დაფინანსება, მისი ჯარის საწვავ-საპოღი მასალით, ტყვია-წამლით, იარაღით მომარაგება, რამაც გამოიწვია სახალხო-დემოკრატიული პარტიის დაცემა. ქვეყნის ლიდერი ნაჯიბულა საჯაროდ ჩამოახრჩვეს.

კონტრასტი იმასთან, რაც არის ამჟამად თვალშისაცემია. საბჭოთა ჯარის გასვლის შემდეგ ავღანეთის არმია, რომელიც მან გაწვრთნა, იბრძოდა თავგანწირვით, წარმატებით. ამჟამინდელი, რომელიც გაწვრთნეს აშშ-ა და ნატომ, აღჭურვეს მილიარდიანი იარაღით, ისე გაიფანტა, ვერვის უპოვია“, — წერს რობინსონი.

ჩემი კომენტარი. ახლახანს გამართულ პრეს-კონფერენციაზე აშშ-ს პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა, რომ ავღანეთის 300000 არმია ამერიკას დღეში 150-300 მილიონი დოლარი უჯდებოდა; რომ ავღანეთში აშშ-ს 2048 სამხედრომოსამსახურე დაიღუპა.

„აშშ-ს და ნატოს 20-წლიანი ომი ავღანეთში დამთავრდა — თავისმომჭრელი, სამარცხვინო მარცხით, სრული და აბსოლუტური ჩავარდნით. ის, ფაქტი, რომ საბჭოეთის მიერ მხარდაჭერილი ავღანეთის მთავრობა იბრძოდა უკეთ, ვიდრე მისი თანამედროვე ანალოგი, შეიძლება აიხსნას მხოლოდ ერთით — ავღანელები ნაკლებ პატივს სცემდნენ ღანის მთავრობას, ვიდრე სოციალისტური სახალხო—დემოკრატიული პარტიისას“ — ასკვნის პოლ რობინსონი.

ამ ავტორის გარდა სხვებიც აკრიტიკებენ აშშ-ს ადმინისტრაციას, პრეზიდენტ ბაიდენს, მაგრამ ამასთანავე როგორც წყალწაღებული ხავსს ისე ეჭიდებიან ამერიკას — საგონებელში ჩავარდნილნი, შეშინებულნი, ვითარცა დამრთხალი დიდყურა კურდღელნი. ვისი ეშინიათ მათ?

კითხვაც არ არის საჭირო — რუსეთის! და რომ ეშინიათ, კიდევ ერთხელ ითქვა გუნდურად 46 ქვეყნის მიერ კიევში გამართულ „შაბაშზე“, როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა შეარქვა ამ ფორუმს — ყირიმის პლატფორმას.

ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა ყირიმი არვის აინტერესებდა. მთავარი რუსეთის ლანძღვა იყო და მისთვის „ოკუპანტის“ „საპატიო“ ტიტულის მინიჭება. როდესაც ბალტიისპირა ანტირუსი ქვეყნები, ანტირუსი პოლონეთი, უკრაინა, საქართველო, მოლდოვა, სხვები მომაკვდავი ჰეგემონის ბრძანებით თავს იყრიან კიევში აბსტრაქტული თემის, ყირიმის ოკუპაციის გამო — აზრიანი პოლიტიკის აშკარა დეფიციტის დემონსტრაციაა. ამასთანევე ფაქტების გაყალბების. ყირიმის ოკუპაციას არ ჰქონია ადგილი. იქ მოსახლეობამ, რეფერენდუმზე მოახდინა საკუთარი თავის „ოკუპაცია“— ჯერ დამოუკიდებლობის გამოცხადებით, შემდეგ რუსეთთან შეერთებით.

დასავლეთი არ ცნობს ყირიმის მოსახლეობის მიერ ჩატარებულ რეფერენდუმს და ნაცვლად, თავის ტყუილს უკეთებს ტირაჟირებას. მაინც სადამდე უნდა იყაყანოს დასავლეთმა იმ თემასთან დაკავშირებით, რომელიც გადაწყვეტილი და ბეჭედდასმულია?!

ყირიმი რუსეთის ნაწილია, ისე, როგორც საუკუნეების განმავლობაში, სისხლით და ოფლით მოპოვებული, დროებით, ხრუშჩოვის ვოლუნტარიზმის შედეგად უკრაინისთვის გადაცემული, თანაც იმ უკრაინისთვის, რომელიც საბჭოთა კავშირის შემადგენელი ნაწილი იყო. რუსეთის იმპერატორის მდიდრული სასახლეები ვინ ააშენა ყირიმში? იქნებ უკრაინის მეფეებმა, რომლებიც უკრაინას არასდროს ჰყოლია და არც უკრაინა იყო მსოფლიო რუკქზე?!

უკრაინის შემადგენლობაში გადასულმა ყირიმმა კარგი ვერაფერი მიიღო კიევის ხელისუფლებისგან, გარდა შევიწროების, რუსული ენის დევნის და ა.შ. აი, ეს გახდა საბაბი და კიდევ  მრავალი სხვაც, რამაც ყირიმელები გამოიყვანა ქუჩაში საკუთარი თავის დასაცავად.

როდესაც „დემოკრატი“ დასავლეთი თვალს ხუჭავს უკრაინული ნაციზმის აღზევებაზე, როდესაც იტანს სვასტიკიანი უკრაინელების მარშებს, რუსული ენის დევნას, რუსული ენის ამოშლას ყოველდღიური ხმარებიდანაც კი, პერმანენტულ აგრესიას დონბასისა და ლუგანსკის მოსახლეობის წინააღმდეგ, მას დემოკრატს ვერ დავარქმევთ. ის ომის წამქეზებელი უფროა, ვიდრე დიპლომატიის.

ვწუხვარ, რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება თავფეხიანად არის ჩაფლული დამყაყებულ ევროატლანტიკურ ჭაობში. ისე არ დაგვემართოს, როგორც ნატოს გარეთ აშშ-ს უმთავრეს სტრატეგიულ პარტნიორს — ავღანეთს. ამერიკელები ისე გამორბიან ავღანეთიდან, აღარც ახსოვთ მილიარდობით დოლარის საღირალი, მძიმე სამხედრო ტექნიკა, თვითმფრინავები და შვეულმფრენები, სხვა იარაღი, ტყვია-წამალი. ეს სიმდიდრე „თალიბანის“ ხელშია. იმ „თალიბანის“, რომელიც აშშ-ა შექმნა სსრკ-სთან საომრად, ხოლო შემდეგ, შექმნილმა, შემქმნელს იარაღი მოუშვირა — სასიკვდილოდ გაიმეტა.

ავღანეთის მეფის ზაქირ შაჰის და თუნდაც ავღანეთის სოციალისტი ლიდერის ბაბრაქ ქარმალის დროს ავღანეთი მშვიდი ქვეყანა იყო, რომელიც აშენებდა სოციალიზმს, სსრკ-ს დახმარებით. სწორედ აშშ-ა და მისმა თანამგზავრმა ქვეყნებმა, რომლებიც შეიჭრნენ ავღანეთში, მოიტანეს ის უბედურება, რასაც იქ აქვს ადგილი, უბედურება, რომელიც უდავოდ იქონიებს გავლენას მსოფლიოზე.

სტატიის დასაწყისში ღარიბაშვილის გამოსვლა ვახსენე „ყირიმის პლატფორმაზე“, რით იყო ეს გამოსვლა განსხვავებული სხვა გამოსვლებისგან?

რუსეთის მოჭარბებული ლანძღვა-გინებით, დასავლეთის ქებით, მისი დემოკრატიისა და ცივილიზაციის ხოტბით, რომლის დანგრევა სურს რუსეთს, საქართველო კი, უკრაინასთან ერთად, მტკიცედ იცავს ევროპულ ცივილიზაციას. ისინი არიან პირველი ბარიერები, რუსული აგრესიის შემაკავებლები, რაც კარგად უნდა იცოდეს დასავლური ფასეულობების მატარებელმა ევროპამ.

აჰა! რახან საქართველო-უკრაინა ევროპის სადარაჯოზე დგანან, მეტი ყურადღებაა საჭირო ევროპელთა მხრიდან მათ მიმართ. რა იგულისხმება ყურადღებაში? მარტო ხმამაღალი შეშფოთება, აღშფოთების გამომხატველი ლოზუნგები? არა, ეს ხომ ორივეს ყელში გვაქვს ამოსული? იგულისხმება ფული!

ღარიბაშვილის ნათქვამში ვაჭრობა იგულისხმება. ჩვენ გიცავთ, რისთვისაც ფულია საჭიროო. ღარიბაშვილი ვაჭრობს ქვეყნით, ანუ საქართველოთი. სხვა სავაჭრო პროდუქტი „ოცნების“ 9-წლიანი მმართველობის პირობებში მას არ შეუქმნია და რომც შეექმნა, ვინ შეუშვებდა ევროკავშირის ბაზარზე? ამიტომ პრემიერი საქართველოთი ვაჭრობს.

დავუშვათ, დასავლეთი გაბრიყვდა და იმ მსუყე თანხებს, რასაც ანტირუსულ პროპაგანდაში გვაძლევს და რაც ამ ღორმუცელა მთავრობას საკუთარი კუჭის ამოსაყორად აღარ ყოფნის, დამატებითი თანხები მოგვცა. ვინ მოახმარს მას ქვეყანას და ხალხს?!

ახლა, რაც შეეხება ცივილიზებულ ევროპაზე რუსეთის „სავარაუდო“ აგრესიას, რომელსაც საქართველო, როგორც სალი კლდე, ისე იცავს. რომ იტყვიან „ტარანი თვლითაა“. რომელ ევროპულ ცივილიზაციას ემუქრება რუსეთი, საქართველო რომ იცავს?

ღარიბაშვილს, როგორც ჩანს თურქეთი მიაჩნია ევროპული ცივილიზაციის მატარებლად ან ბულგარეთ-რუმინეთი, შავი ზღვის მეორე მხარეს მდებარე, რომელთაც საქართველო, როგორც ბუფერული ქვეყანა ვერაფრით დაიცავს. შავ ზღვაზე გასასვლელი ღარიბაშვილის გასაკვირად რუსეთსაც აქვს გაცილებით მასშტაბური, ვიდრე საქართველოს. ანდა, რა თავში იხლის რუსეთი ბულგარეთ-რუმინეთს, არცთუ დიდი ხნის წინათ მის მფარველობაში მყოფ სოციალისტურ ქვეყნებს? იქნებ რუმინეთ-ბულგარეთის დაპყრობის შემდეგ შეუტიოს ნამდვილ ევროპულ ცივილიზაციას?

ვაი, ჩვენს პატრონს!

ღარიბაშვილმა თავისი გამოსვლა წაიკითხა, თანაც ინგლისურად. ტექსტი თბილისში დაიწერა თან იმასთან შეთანხმდა, ვისი დანიშნული არის ღარიბაშვილი. ორივეს ტვინის ზიგზაგური გადაწყვეტილებები სახეზეა, თანაც საქართველოსთვის ზიანის მომტანი.

რუსეთმა გულისყურით მოისმინა „ყირიმის პლატფორმის“ გამოსვლები და აღშფოთება გამოთქვა ელექტრონულ თუ ბეჭდვით მედიაში. რუსმა პოლიტიკოსებმა და ექსპერტებმა მოუწოდეს მთავრობას, პრეზიდენტს მკაცრი ზომების გატარებისკენ იმათ მიმართ, ვინც რუსეთი ლანძღა — „ყირიმის პლატფორმაზე“.

მოდით ვნახოთ ვის ლანძღავს პრემიერი? სავაჭრო-ეკონომიკურ პარტნიორს, რომელთანაც დიპლომატიური ურთიერთობები სააკაშვილმა გაწყვიტა 2008 წელს აგვისტოს ომის შემდეგ, მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც თანამშრომლობს ჩენთან თან როგორ?

„საქსტატის“ მონაცემებით საქართველოს ექსპორტში დსთ-ს ქვეყნების წილმა 46,7% შეადგინა, ევროკავშირთან — 15,3%. იმპორტში — 29,1% დსთ, ევროკავშირი — 23,1%.

ა.წ. იანვარ-ივლისში საქართველოსთან სავაჭრო პარტნიორ 10 ქვეყანას შორის მთლიანმა ტვირთბრუნვამ 77,9% შეადგინა. პირველ ადგილზეა თურქეთი — 1,1 მილიარდი დოლარი, მეორეზე რუსეთი — 868 მილიონი, მესამეზე ჩინეთი — 830 მილიონი. ცივილიზებული აშშ-ი მეოთხე ადგილზეა — 422 მილიონით, გერმანია მეშვიდე — 279 მილიონი, იტალია მეცხრე — 155 მილიონი დოლარით.

რუსეთი პირველია ფულად გადმორიცხვებშიც, რომელსაც იქ მცხოვრები ქართველები ახორციელებენ. ვიმეორებ აღნიშნულს ადგილი აქვს მაშინ, როდესაც საქართველო-რუსეთს შორის გაწყვეტილია დიპლომატიური ურთიერთობები.

რაც შეეხება ტურიზმს — რუსეთის ტურისტების რაოდენობა აჭარბებს სხვა ქვეყნების ტურისტებისას და ეს მაშინ, როდესაც ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლა შეწყვეტილია. ახლახანს რუსეთის მხრიდან გამოითქვა სურვილი საჰაერო მიმოსვლის აღდგენის და ღარიბაშვილის გამოსვლა. იმოქმედებს თუ არა ამ კავშირის აღდგენაზე ეს გამოსვლა, მკითხველმა თვითონ განსაზღვროს.

ერთი ხელით საქართველო ეძებს რუსეთის ხელისუფლებასთან მისასვლელ გზებს და როდესაც რაღაც ნაბიჯს დგამს, მეორე ანგრევს. სულ ახლახანს ივანიშვილი, მისი ოჯახი და ღარიბაშვილის ცოლის ძმა გულუხვი მასპინძლები იყვნენ რუსეთში ცნობილ  მომღერალ ლეშჩენკოსი. მიზანი მასპინძლობისა  — რუსეთთან მომღერლის დახმარებით კავშირების აღდგენა. და უცბათ ღარიბაშვილის ანტირუსული გამოსვლა. ზიგზაგური, დაუფიქრებელი პოლიტიკა რომ დამღუპველია ქვეყნისთვის მტკიცება არ სჭირდება. სადამდე?!

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი

26/08/2021