19.07.2024

გაყალბებული წინასაარჩევნო კამპანია და საქართველოს გალუქსემბურგება

წინამდებარე სტატიაში იმ საკითხს შევეხები — ადგილობრივ არჩევნებს, რომელიც ჩვენს ცხოვრებას პირდაპირ უკავშირდება. ადგილობრივი არჩევნებისთვის პარტიათა ბრძოლა ახლა შედის აქტიურ ფაზაში, თუმცა „ოცნებამ“ რახანია თავს მიხედა და რაც თბილისში ბილბორდები იყო, ყველაზე ქალაქის მერის კახი კალაძის პორტრეტები გააწება.

ბილბორდების გარდა კალაძის უკიდეგანო პორტრეტებითაა „დამშვენებული“ საცხოვრებელი სახლების კედლები. ერთ-ერთს მრავალსართულიანსა და მერიის შესასვლელთან მდებარეს — სახურავიდან საძირკველამდე კალაძე „ამშვენებს“. ალბათ როგორ სიამოვნებს ორიგინალს საკუთარი პორტრეტის ხილვა სამსახურში მისვლა-მოსვლის დროს. ეს ნარცისიზმია და სხვა არაფერი, საკუთარი პორტრეტით ტკბობა. „ტკბობის“ შეგრძნება უასმაგდება პატივცემულ მერს, როდესაც ყველა ქუჩის თავში, ბოლოში, შუაში კალაძის ანუ თავის ღიმილშეპარულ სახეს უყურებს.

მერი, უდავოდ კმაყოფილია, რაც არაერთხელ გაგვანდო საჯარო გამოსვლისას — გაგვანდო „მორცხვად“, „თავმდაბლურად“, „მორიდებით“ 4 წლის განმავლობაში გაწეული „გიგანტური“ შრომა-გარჯის შეფასებისას. ავტოპორტრეტის მსგავსად, მერის განცხადება, საკუთარი თავის ქებით აპიპინებული (როგორც გურულები იტყვიან) ისეთივე „მოკრძალებულია“, როგორც მისი გამოსვლები.

ქების მეტი რა გვეთქმის და ვამბობთ კიდეც — ასეთი მერი თბილისს არ ჰყოლია, ისევ თქვენ იქნებით მერი, აბა სხვა ვინ?

მერი აღარც ექსპერტებს აწუხებს — მისი საქმიანობის შესაფასებლად, არც ისინი იწუხებენ თავს, ისე, როგორც ოპოზიციური პარტიები, რაც აშკარა დასტურია ინდიფერენტიზმის, არაპროფესიონალიზმის, უცოდინრობის და ყველა სხვა მანკიერების, რითიც ერია დაავადებული.

არვინ კითხულობს — ყველა ბილბორდი რატომ კალაძეს და არა სხვას? კალაძემ, რატომ მოახდინა ქალაქში არსებული სადემონსტრაციო დაფებისა და გამოსაჩენი ადგილების ოკუპაცია მაშინ, როდესაც სხვა პარტიებს საკუთარი „ყოჩები“ ჯერაც არ შეურჩევიათ?

ის, რაც ზემოთ მოგახსენეთ არის თუ არა არჩევნების ფალსიფიკაცია — ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების გზით?

როგორც ზოგიერთი ექსპერტი შიშშეპარული ხმით ამბობს — კალაძის მიერ დედაქალაქის ქუჩების საკუთარი პორტრეტებით „მორთვას“ სახელმწიფო ბიუჯეტის 10 მილიონი შეეწირა! არის თუ არა ესოდენ დიდი ფულის ფლანგვა წინასაარჩევნო მარათონისთვის დამახასიათებელი ერთი პატარა კომპონენტი კორუფციისა და ადმინისტრაციული ძალაუფლების გადამეტების მაგალითი?

მკითხველს კარგად მოეხსენება იმ უმძიმეს ეკონომიკურ-სოციალური ვითარების შესახებ, რასაც საქართველოში აქვს ადგილი. თითო თეთრის ყაირათიან ხარჯვაზე უნდა იყოს დაგეშილი მერი და საქართველოს მთავრობა. აქ კი უკუღმართობას ვაწყდებით. ის, ვინც უპირველესად უნდა უფრთხილდებოდეს საბიუჯეტო სახსრების ხარჯვას, უპირველესად ფლანგავს.

ჩემის აზრით, კანონით უნდა აიკრძალოს ფოტოსურათების დემონსტრირება — დუელი, ისეთი, რასაც აქ აქვს ადგილი. ყველა პარტიას შორის დაწესებული უნდა იყოს სურათების დემონსტრირების პარიტეტული წესი. მათი რაოდენობა არც თვალს უნდა ჭრიდეს და მითუმეტეს გონებას. ამომრჩეველში არ უნდა იწვევდეს ზიზღს. ასეთიც უხვადაა კალაძესთან მიმართებაში.

კალაძეს ჰყავს თავისი ამომრჩეველი — ვინ დალია ზღვაში ქვიშა ან „ოცნების“ მომხრეები?

მაგრამ მოწინააღმდეგებიც იმდენია, არათუ არჩევნებს ვერ მოიგებს, ახლოსაც ვერ მივა საოცნებო პროცენტებთან. მაგრამ ეს დემოკრატიულ გამჭვირვალე არჩევნების პირობებში, რასაც აქ არასდროს ჰქონია ადგილი და არც არასდროს ექნება. რატომ, იმიტომ რომ ქვეყანაა ასეთი — დემოკრატიისგან შორს მყოფი. ხალხი ვართ ასეთი, ცუდსა და კარგს ერთმანეთისგან რომ ვერ ვარჩევთ. რომ ვარჩევდეთ, პოპულარობით კალაძეს კათოლიკოს პატრიარქის შემდეგ განვამწესებდით?

იმ გამოკითხვის დროს, დავუშვათ გაყალბებულის, ვიღაცამ ხომ დადებითად ახსენა მისი სახელი? აი, იმ ვიღაცას მინდა ვკითხო რა მოგწონთ კალაძეში — ბლანჟე, თმის ვარცხნილობა თუ … .

საქმიდან გამომდინარე, ის რომ მიუღებელია, მტკიცება არ სჭირდება. დაელაპარაკეთ ჭავჭავაძის პროსპექტზე მცხოვრებთ, რომელთაც სიცოცხლე გაუმწარა მერის და მისი უვიცი, ფულზე დახარბებული თინეიჯერების მიერ შეთხზული პროექტის განხორციელებამ — ავტომანქანის სავალი ნაწილის შევიწროვებამ, საქალაქო ტრანსპორტის შუა ქუჩაზე გადატანამ, ქუჩის შუაგულში ბაღ-პარკების მოწყობამ — ძვირადღირებული ხელოვნური მცენარეებით, პლასტმასს რომ წააგავს და სხვა მრავლით.

კალაძის მიხედვით, მან ისეთი პროსპექტი გააკეთა, სილამაზით მსოფლიოში რომ პირველია. ვაჰ, მართლა?!

როგორც ჩანს მერს ამ პროსპექტზე მდებარე სახლების ფასადებისთვის არ შეუხედავს — წვიმის წყლით დაზიანებულზე, ბათქაშჩამოყრილზე, არც ძველი სტუდქალაქისთვის შეუვლია თვალი, ლტოლვილებით გადაჭედილისთვის, საცხოვრებლად უვარგისისთვის. ის 10 მილიონი, სურათების გამოკვრას რომ დაახარჯა, ერთ სახლს მაინც ააშენებდა ამ უბედურებისთვის.

თუმცა რაღა სტუდქალაქი, მერიის შესასვლელში არსებული დაუმთავრებელი შენობის ჩონჩხი ვერ აიღო, ფულის არ ქონის გამო; ვერც ძველ ქალაქში გადებული ორი „ტრუბის“ დაუმთავრებელი შენობა და ვერც სხვა დაუმთავრებელი შენობების დასრულებას დაადგა თავი.

ვაკე-საბურთალოს ქუჩის დასაწყისში დაუმთავრებელი საცხოვრებელი სახლი 30 წელზე მეტია „ეხვეწება“ ყველა მერს, მომხედე, დამამთავრეო, მაგრამ არა! პლეხანოვის პროსპექტზე მდებარე უნიკალური ორი შენობა — ყოფილი სასტუმრო „რუსთავი“ და კინოთეატრი „კომკავშირელი“ — უპატრონოდ მიტოვებული, ინგრევა.

მერია დუმს, ისე, როგორც წინა წლებში ანუ 30 წლის განმავლობაში. აღარაფერს ვამბობ ვერეს საცურაო აუზზე და მიმდებარე ტერიტორიაზე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყოფილ შენობაზე, რომლის ფასადიღა შემორჩა და რომელსაც ვითომ „ჰილტონი“ აშენებს.

მიტოვებულია ისეთი უნიკალური შენობები, როგორებიცაა ყოფილი „ზაკვოს“ და მის გვერდით ფიზიკის ინსტიტუტის, ყოფილი საბურთალოს ბაზრის ტერიტორიაზე დაწყებული უზარმაზარი საცხოვრებელი სახლი. უამრავი შენობებია მიტოვებული და ამ დროს შენდება საზოგადოებრივი ტელევიზიის შენობა.

ნუთუ, ჩემს მიერ ჩამოთვლილი შენობებიდან რომელიმეში არ შეიძლებოდა ტელევიზიის გადაყვანა? ან რას ერჩით შენობას, რომელშიც საზოგადოებრივი ტელევიზიაა? იქ ფართიც საკმარისია და ბევრი სხვაც, რაც ტელევიზიისთვის არის საჭირო.

ეს შენობა გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებში აიგო ტელევიზიისთვის და თუ არ ჩავთვლით მთაწმინდაზე, სატელევიზიო ანძის გვერდით არსებულ, ტელევიზიის დროებით ორ ოთახს, დღევანდელი შენობა პირველია როგორც ამ დანიშნულების ობიექტი, უნიკალური და განუმეორებელი, თანაც ისეთი, მასთან ვერცერთი სხვა ტელეკომპანიის შენობა რომ ვერ მოვა.

რა ჭია შეგიძვრათ ისეთი ამ შენობაზე, რომ უარს ამბობთ და ახალს აშენებთ, თანაც სახელმწიფოს მწირი ბიუჯეტით? რომელ ნორმალურ ქვეყანაში აქვს ადგილი ფულის ასეთ ფლანგვას, რომელი დედაქალაქის მერი უყურებს ამ და სხვა მანკიერებას, რასაც ამ ქალაქში აქვს ადგილი, აუღელვებლად?

კალაძე უყურებს. მას ბაღ-პარკების ავადმყოფობა აქვს შეყრილი, ისე, როგორც ველოტრეკების და ავტომანქანებისთვის სავალი ქუჩების დავიწროების; სკვერებში წითელი ბურბუშელის დაყრის; საახალწლოდ ქალაქის განათებაში მილიონების ჩაყრის; მოუწესრიგებელი მიწისქვეშა კომუნიკაციების უყურადღებოდ მიტოვების; ვიღაც-ვიღაცაებისთვის „საჩუქრად“ მიწის ფართობების გადაცემის და ა.შ.

აქ ჩამოთვლილი მაგალითები არაფერია სხვასთან და უამრავთან შედარებით. ასეთ მერზე როგორ უნდა თქვა — საუკეთესო მერიაო, ანუ რაც თბილისი არსებობს კალაძეზე უკეთესი მერი არ ყოფილა? შეიშალეთ, ხალხნო?!

ოო, ალბათ კალაძის „ტკბილსიტყვაობა“ გხიბლავთ? აი, ასეთი — „მთაწმინდიდან გამოქანდით და დამახტითო“. ჰოდა, რახან ეს გამოთქმა მოგწონთ და მისი მერობის 4-წლიანი „შემოქმედება“, რაღა დამრჩენია — მშვიდობაში მოგახმაროთ.

ვიდრე ამ თემას დავუსვამ წერტილს, ვიტყვი — საარჩევნო კოდექსია შესაცვლელი, სერიოზულად და საფუძვლიანად. მინიმუმამდეა დასაყვანი საარჩევნო კამპანიისთვის გამოყოფილი ხარჯები. ყველა პარტიას თანაბარი ბიუჯეტი უნდა ჰქონდეს და ამას უნდა უზრუნველყოფდეს ხელისუფლება, არც ერთი თეთრი, შემოწირულობის სახით. ასეთი უნდა ისჯებოდეს — გამცემიც და მიმღებიც. წერტილი უნდა დაესვას ხელისუფლების მაღალი თანამდებობის, განსაკუთრებით პრემიერის, პარლამენტის თავმჯდომარის მიერ კანდიდატთა წარდგენას.

ამ გაგანია პანდემიის პერიოდში პრემიერი ღარიბაშვილი, რომელიც თვით უნდა იცავდეს საზოგადოებრივ იზოლაციას, დღეს არ ტოვებს ქვეყნის რეგიონებში „ოცნების“ კანდიდატების წარსადგენად. წარდგენა შეკრებილი ხალხის წინაშე ხდება, რაც „კოვიდ-19“-ს გავრცელების შესანიშნავი პირობაა. დავუმატოთ ამას წარდგენის თანმდევი პურმარილი (პრემიერის პატივსაცემად) და მივიღებთ იმის საწინააღმდეგოს, რასაც ღარიბაშვილი გვეუბნება — არა თავშეყრა, არა ქორწილი, ქელეხი და სხვა.

ყველა წარდგენა გადაიცემა ტელევიზიებით. რა არის ეს, თუ არა ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება? არის თუ არა ეს არჩევნების გაყალბება?

უდავოდ არის. გაყალბება ყუთში ბიულეტენების ჩაყრამდე ხდება — დიდი რაოდენობით „ოცნების“ კანდიდატთა პორტრეტების გამოფენით, პრემიერის მიერ კანდიდატების წარდგენით, ამ ღონისძიების ტელევიზიებით გაშუქებით და სხვა, ვითომ წვრილმანით, რომელიც დიდ გავლენას ახდენს ამომრჩეველზე  — კვების პროდუქტების, ფულის ჩამორიგებასთან და საბიუჯეტო ორგანიზაციებში მომუშავეთა მკაცრ გაფრთხილებასთან ერთად — ხმა ჩვენ, ანუ „ოცნებას“ უნდა მისცეთო!

ღარიბაშვილი ისე, როგორც კალაძე თავს იქებს. კალაძე — ჭავჭავაძის პროსპექტით, ღარიბაშვილი — საქართველოს ეკონომიკის წარმატებული წინსვლით. ღარიბაშვილი, კანდიდატთა  უკვე მერამდენე წარდგენისას, ლაპარაკობს წარმატებებზე, რომლებიც მისი პრემიერობის დროს განახორციელა „ოცნებამ“. მისი ყველა გამოსვლა იწყება და თავდება იმით, რომ თურმე საქართველომ მსოფლიოს ყველა ქვეყანასთან შედარებით წარმატებით დაძლია პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური პრობლემები და პირველი ადგილი დაიკავა მსოფლიოში ეკონომიკური მაჩვენებლებით. საქართველოს უამრავი უცხოელი ტურისტი მოაწყდა. სასტუმროები გადაჭედილია და ა.შ. ამ დროს ვისმენთ გუდაურის, მესტიის, სხვა მხარეების სასტუმროების მეპატრონეების სასოწარკვეთილ განცხადებებს ტურისტების დეფიციტის თაობაზე, წინასწარ სასტუმროს დაჯავშნის არ არსებობაზე. თუ თითო-ოროლა ვიზიტიორია, ისიც აქაურიაო.

პრემიერს, მერების ხელფასებისა არ იყოს, ამ შემთხვევაშიც ცრუ ინფორმაციას აწვდიან ან სწორს, მაგრამ ადგილობრივ არჩევნებში გამარჯვების მსურველი მტვერს აყრის ხალხს თვალში. პრემიერის და მთავრობის ზიგზაგური გადაწყვეტილებები ხალხის სოციალურ ყოფაზე რომ მძიმედ აისახება, აინუნშიც არ აგდებენ. პრემიერი მართავს საჯარო შეკრებებს. საბაბი — დეპუტატობის კანდიდატების წარდგენა. სინამდვილეში წინასაარჩევო პროპაგანდის წარმოება, რაც ასახულია მის გამოსვლებში — ეს გავაკეთეთ, ის გავაკეთეთ, ამას გავაკეთებთ, იმას გავაკეთებთო.

არის თუ არა ასეთი ქმედება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება? აქვს თუ არა მსგავსი პროპაგანდის შესაძლებლობა რომელიმე სხვა პარტიას? ცხადია, არა! ისინი ხელისუფლებაში არ არიან.

იმოქმედებს თუ არა ხელისუფლების ასეთი ქმედება არჩევნების შედეგებზე? იმოქმედებს!

არის თუ არა ასეთი ქმედება არჩევნების გაყალბება? არის!

პრემიერმა და მისმა მთავრობამ 4 სექტემბრამდე შეაჩერეს საქალაქო ტრანსპორტის მოძრაობა, შემოიღეს სხვა შეზღუდვებიც. შედეგი? სავალალო. სამედიცინო, საყოფაცხოვრებო, საზკვების ობიექტების, დაწესებულებების ხელმძღვანელობა იძულებულია თანამშრომლების სამსახურებში მოყვანა-მიყვანისთვის ტრანსპორტი დაიქირაოს. დახარჯული ფული კი ვაჭრობისა და მომსახურების სფეროს საფასურის გაზრდიდან შეავსოს, ასევე ყველა სახის კვების პროდუქტებზე ფასების გაზრდით, ისე, როგორც მედიკამენტებზე.

შეზღუდვების პირობებში თუ ვინმე თავს კომფორტულად გრძნობს ტაქსის მძღოლებია, რომლებიც უმალ აძვირებენ მგზავრობას.

დროებითი შეზღუდვები რომ დაავადების გავრცელებას ნაკლებად ზღუდვას ან თუ ზღუდავს, მხოლოდ დროებით, ერთხელ უკვე გამოვცადეთ და რაც მივიღეთ — დაქცეული ეკონომიკაა. მაგრამ ხელისუფლების მიზანი ეკონომიკის გაჯანსაღება არ არის. თუ არის, მხოლოდ სიტყვით, მიზანი — არჩევნების მოგებაა. მოგებას, თანაც 43%-ზე მეტით, ცხელ-ცხელი დაპირებები და პროექტები სჭირდება — ღარიბაშვილის გაგებით და ისიც მზადაა ამ საქმისთვის.

აჭარაში ყოფნის დროს მან რიხით გაგვანდო გონიოს ახალი ქალაქის მშენებლობა — კაზინოებით, ბანკებით, რესტორნებით, ბარებით, გასართობი ადგილებით და ა.შ. უკრაინაში გადახვეწილმა სააკაშვილმა იმ წამსვე იყვირა — ეს ჩემი პროექტია, ღარიბაშვილმა მომპარაო, რაც არ არის გამორიცხული. სააკაშვილი ხომ ვირტუალური პროექტმახერი იყო — ლაზიკით, ანაკლიით, თბილისის გმირთა მოედნით, ქუთაისში პარლამენტის გადატანით, ბათუმის ტექნიკური უნივერსიტეტით, თბილისის ძველ უბანში უფუნქციო ხიდით და გაუგებარი დანიშნულების ხორთუმისებური ორი რკინის შენობით, … .

არც მას და არც „მეოცნებე“ ღარიბაშვილს არაფერი უკითხავთ სპეციალისტებისთვის — შეიძლებოდა ან შეიძლება თუ არა ამ პროექტების განხორციელება. ღარიბაშვილის ბოდვას უმალ მოჰყვა აჭარელთა საპროტესტო განცხადებები. ორნიტოლოგები კი თვლიან, რომ გონიოს შენობებით ჩახერგვა აღკვეთს ფრინველთა მიგრაციას. გონიოს ისინი დასასვენებლად და ენერგიის აღსადგენად იყენებენ ხანგრძლივი გადაფრენის წინ.

ის, რომ გონიო ამით არის გამორჩეული ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაშია ჩაწერილი. მისი მიხედვით, საქართველოს მთავრობამ გონიოს ბუნებრივობა უნდა დაიცვას. როგორც ჩანს ღარიბაშვილმა არ იცის ასოცირების ხელშეკრულება და არც ბევრი სხვა რამ. აი, მაგალითად ის, რომ საქართველო და გონიო ლუქსემბურგს უნდა დაემსგავსოს. რით, პატივცემულო პრემიერო? — კაზინოებით, ბანკებით თუ ცხოვრების დონით?

საქართველოს ყველა ხელისუფალს აჩემებული ჰქონდა და აქვს ქვეყნის სხვაზე დამსგავსება. მაგალითად, შევარდნაძე გვეუბნებოდა, რომ საქართველო მალე დაემსგავსებოდა ბელგიას. მაშინ არვის უკითხავს რატომ ბელგიას და არა საფრანგეთს ან გერმანიას. თუ თვალში ნაცრის შეყრაა, წონიანი მაინც იყოს. შევარდნაძის პასუხად ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში ვთქვი — ჩვენ მაშინ დავემსგავსებით ბელგიას, თუ ქართველებს გადავასახლებთ ბელგიაში, იმათ კი საქართველოშითქო. ჩემმა ნათქვამმა გაანაწყენა პატივცემული ედუარდი, რასაც ქმედებაც მოჰყვა, მაგრამ წარსულის ამ მონაკვეთის გახსენება ამ სტატიის მიზანი არ არის და თავს შევიკავებ.

შევარდნაძის შემდეგმა მმართველმა სააკაშვილმა სინგაპურით დაიწყო ბოდვა — აი, ისეთი უნდა გახდეს საქართველოო. სინგაპურის მოსახლეობის უმრავლესობა ჩინური წარმოშობისაა. იქ ინდოელებიც ცხოვრობენ, მალაელებიც, სხვებიც, სხვათა შორის სომხებიც, რომლებსაც ეკლესია აქვთ აშენებული. ყველა ისინი მტკიცე დისციპლინით გამოირჩევიან. მუყაითი შრომა, პატიოსნება, არაკორუმპირებულობა, თავდადება გამოარჩევს ამ 5-მილიონიან ქალაქ-სახელმწიფოს სხვა ქვეყნებისგან.

ქართველები, თავიანთი შინაგანი ბუნებით — ხაშით, ყანწით, სადღეგრძელოთ, პახმელიით, სიზარმაცით, ზედაპირულობით, მოჩვენებითი ფასადური ქცევით ახლოსაც ვერ მივლენ სინგაპურელებთან. ან რატომ უნდა მივიდნენ? ქართველებმა თვით უნდა შექმნან — ტრადიციებსა და ცხოვრების მისეულ წესზე დაფუძნებული ცხოვრება.

ღარიბაშვილს ლუქსემბურგი მოსწონს, ამიტომ სურს, რომ ისეთი იყოს საქართველო. ფუჭი სურვილია, აუსრულებელი ოცნება.

სხვათაშორის ლუქსემბურგმა გამახსენა 1975 წელს ამ ქვეყნის მეთაურის დიდი ჰერცოგის ჟანის საქართელოში ვიზიტი — საბჭოთა საქართველოში. მაშინ საქართველოს საგარეო უწყების პროტოკოლს ვხელმძღვანელობდი და ლუქსემბურგის დიდი ჰერცოგის ჩვენთან ვიზიტიც ჩემი დაგეგმილია. იმ წელს საქართველოს სტუმრობდნენ იტალიის პრეზიდენტი ჯოვანი ლეონე, დანიის დედოფალი მარგარეტ II, გფრ-ს ბუნდესტაგის დელეგაცია, სხვა ქვეყნების მაღალი რანგის დელეგაციები.

არა მარტო 1975 წელი იყო საქართველოს სსრ-სთვის უხვსტუმრიანი, არამედ სხვა წლებიც და რატომ? უპირველესად იმიტომ, რომ საბჭოთა საქართველო არა მარტო საბჭოთა კავშირში იყო წარმატებული და სამაგალითო რესპუბლიკა, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. ნეტავ იმ ცხოვრების დონისთვის მიგვეხწია და სხვა სანატრელი — ბელგიობის, სიგაპურობის, ლუქსემბურგობის აღარ დაგვჭირდებოდა. მაგრამ გაფრინდა ის წლები, მათი უკან მობრუნება შეუძლებელია, ისე, როგორც მაშინდელი უზრუნველი ცხოვრების.

დამოუკიდებლობამ — ტყუილმა და აბსტრაქტულმა, ჩაყლაპა ის წლები და მასთან ერთად კაცობრიობის უდიდესი მონაპოვარი — სოციალისტური რომ ერქვა.

უნებლიედ იბადება კითხვა — ვინ ააშენებს გონიოს? ამ რეგიონში გარდა თურქეთისა არვინ ჩადებს ფულს. თურქეთი ჩადებს, ვინაიდან გონიოსა და აჭარას ის თავისად თვლის. რიონის ხეობას ღარიბაშვილი გონიოსაც ამატებს თურქეთის სასარგებლოდ. ვაშა, „დამოუკიდებელ“ საქართველოს.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი

21/08/2021