30.12.2024

2008 წლის ომის მორიგი გახსენება

8 აგვისტოდან, 26 აგვისტომდე — თითზე ჩამოსათვლელი დღეებია, მაგრამ საქართველოსთვის სიავისა და უბედურების მომტანი, თანაც ისეთის, დღესაც რომ ლოგიკური პასუხი არ გაგვიცია. 2008 წლის აგვისტომ სააკაშვილის, ნაცების და მათი მხარდამჭერი ამერიკელების წყალობით ძნელად შესახორცებელი იარა დაუტოვა ქართველობას.

ისე, როგორც შარშან, შარშანწინ და წინა წლებიდან მოყოლებული, წელსაც გავიხსენეთ 8 აგვისტო. მთავრობამ და ოპოზიციამ ყვავილებით შეამკო 8 აგვისტოს ომში დაცემული ქართველი ჯარისკაცების საფლავები, რითაც რიტუალად ქცეული გლოვის დღე გადააგორა, მორიგ „გლოვამდე“ — 2022 წლის 8 აგვისტომდე.

სამგლოვიარო რიტუალებს შორის ერთწლიან პერიოდში 8 აგვისტოს იხსენებენ, მაგრამ საპიაროდ, მეტადრე რუსეთის სალანძღავად. სხვა გახსენებას — სერიოზულს, სიღრმისეულს, გაანალიზებულს არც გუშინ, არც დღეს და არც ხვალ ადგილი არ ჰქონია და არც ექნება, ვინაიდან მცდარი, გაუკუღმართებული პოლიტიკური კურსის წყალობით გაუკუღმართებულად ვაზროვნებთ.

რა არის საჭირო საღი აზროვნებისთვის — იკითხავს მკითხველი.

საღი აზროვნებისთვის აუცილებელია სინამდვილისთვის თვალის გასწორება და აღიარება იმისა, რომ დამნაშავენი ვართ. თუ ვინმეს საწინააღმდეგო აზრი აქვს და უდავოდ აქვს ჩვენს დანაშაულზე, ვეტყვი — ომი სააკაშვილმა და მისმა ხროვამ დაიწყო. ვის წარმოადგენდა სააკაშვილი თუ არა საქართველოს?!

ერი, ხალხი ომს არ იწყებს! ომს ხალხის არჩეული თუ ხელისუფლებაში ძალით მოსული მთავრობა იწყებს. სააკაშვილი 2008 წლის საყოველთავო, საპრეზიდენტო არჩევნების გამარჯვებულია. მან გაცილებით მეტი ხმები დააგროვა, ვიდრე მისმა კონკურენტებმა და ეს ხმები ხალხისა იყო. აქედან გამომდინარე ნებისმიერი ჩვენგანის წვლილი სააკაშვილის გამარჯვებაში, ისე, როგორც 2008 წლის 8 აგვისტოს აგრესიაში, განუზომელია.

მსოფლიო ისტორიაში ქვეყნის მეთაურის მოხსენიებასაც შეხვდებით და ხშირად მარტო ქვეყნისა, მაგალითად აშშ-ა დაიწყო ომი ვიეტნამში, ავღანეთში, სხვაგან (იმდენია, ფურცელიც არ მეყოფა). უმცროს ბუშსაც იხსენებენ, მაშინ ის იყო აშშ-ს პრეზიდენტი, მაგრამ უმეტესად აშშ-ს. ასე რომ, პასუხისმგებლობა ომის დაწყებაში ჩვენს კისერზეც არის და მისგან გაქცევა — სირაქლემას პოზაში ყოფნას ჰგავს.

ნუთუ ძნელი იყო 4-წლიანი მმართველობის შემდეგ იმის გარჩევა, რომ სააკაშვილი, როგორც ქვეყნის მმართველი მიუღებელი (რბილად ვამბობ) იყო?

ხალხმა, გაუწონასწორებელი (რბილად ვამბობ) მენტალიტეტის მქონე ადამიანი მეორედ აირჩია პრეზიდენტად და შედეგიც მიიღო — კატასტროფული. და როდესაც ამ კატასტროფული შედეგის წინაშე დადგა, ხალხმა, ნაცვლად საღი გადაწყვეტილებისა, ისევ მხარი სააკაშვილს დაუჭირა — გამოვიდა რა რუსთაველის პროსპექტზე, პარლამენტის შენობის წინ სახელდახელოდ აღმართულ ტრიბუნასთან „მიშა-სარკოს“ ბღავილით.

სცენაზე ჭინკებივით დახტოდნენ ნაცი „ბელადები“, მათთან ერთად „სანაქებო“ ინტელიგენციის წარმომადგენლები და შეკრებილ ხალხს აგულიანებდნენ — „დანებით, ჩანგლებით“ გვეომა კბილებამდე შეიარაღებულ რუსეთის ჯართან.

ხალხმა შეაგულიანა სააკაშვილი — დამფრთხალი, შეშინებული, დანაშაულის შესატყვისი გადაწყვეტილების მომლოდინე, რომელმაც უმალ შეწყვიტა ჰალსტუხის ღეჭვა და ისევ შეტევაზე, ამჯერად სიტყვიერზე გადავიდა, ამასთანავე საქმეზეც, თანაც ისეთზე, საქართველოს რომ მუდამ ემახსოვრება — გველის ნაკბენივით. მან გულდაგულ ამოშალა მედვედევ-სარკოზის ხელშეკრულებიდან პუნქტი, რომელიც მოუწოდებდა საქართველოს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან საქართველოს შემადგენლობაში ყოფნის სტატუსის სასწრაფო განხილვას.

რა გააკეთა ხალხმა? — აშშ-ს, „კოლექტიური დასავლეთის“ წყალობით, ბალტიისპირა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მსგავსად ანტირუსული ისტერია გამართა და ცოცხალი ჯაჭვი გააბა თბილისსა და სხვა საქართველოს შორის. ამ ისტერიას ლეიტმოტივად გასდევდა ხალხის და დასავლეთის მიერ შეგულიანებული სააკაშვილის მუქარა — ძალით დავიბრუნებთ აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს.

ასე გაგრძელდა 26 აგვისტომდე. და როდესაც რუსეთმა დაინახა, რომ 8 აგვისტოს ომს, სხვაც შეიძლება მოჰყოლოდა, ერთადერთ გამოსავალს მიაგნო — აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება.

უნდოდა თუ არა რუსეთს, იმჟამინდელს და სუსტს, საერთაშორისო ანტირუსულ ისტერიაში თავის გაყოფა?!

მხოლოდ პოლიტიკაში ჩაუხედავს შეუძლია თქმა იმისა, რომ უნდოდა. ჩახედული კი იტყვის, რომ საქართველომ აიძულა რუსეთი მოქცეულიყო საქართველოს საზიანოდ.

13 წელი გავიდა ამ სავალალო, კატასტროფული თარიღიდან — საკმაო დრო დაფიქრებისთვის, მაგრამ ქართული პოლიტიკა, საზოგადოება — მცირე ნაწილის გამოკლებით, ისე აზროვნებს, როგორც მაშინ. მათთვის 2008 წლის აგვისტო რუსეთის „აგრესიად“, „ოკუპაციად“ მოიხსენიება და მას მხარს უჭერს ის დასავლეთი, რომელმაც სააკაშვილს ჰკრა ხელი აგრესიისკენ. პოლიტიკოსები, საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი უგულებელყოფენ ევროკავშირის სპეცკომისიისა და გაეროს დასკვნებს, თვით ნაცთა მხრიდან ხელმოწერით დადასტურებულს, რომ აგრესია იყო საქართველოს მხრიდან და ამ აგრესიაში საქართველომ გამოიყენა აკრძალული იარაღი და ა.შ.

საქართველოს მოსახლეობამ შეუნდო სააკაშვილს და მის ხროვას, აპატია აგრესია, რომელმაც საკმაო მსხვერპლი გამოიწვია და საქართველოს ისედაც მცირემიწიან ტერიტორიას, მსუყე ნაწილი ჩამოაჭრა. ქართველმა ხალხმა ისიც ვერ გაბედა, რომ სააკაშვილი და მისი ხროვა ქვეყნის გამყიდველებად, მოღალატეებად გამოეცხადებინა, ეღიარებინა ევროკავშირის სპეცკომისიის დასკვნა.

გეთანხმებით! ძნელია დამნაშავის როლში ყოფნა, მაგრამ სიმართლის თქმა ასჯერ მნიშვნელოვანია და მას ალტერნატივა არ აქვს. მოვიყვან ფინეთის მაგალითს. ფინეთი, ფაშისტური გერმანიის მხარეზე მეომარი სსრკ-ს წინააღმდეგ, მარცხდება ამ ომში. ტერიტორიებსაც კარგავს, მაგრამ გონსმოსული, საკუთარ ხელისუფლებას პოლიტიკურ სანაგვეზე ისტუმრებს და ახალი ხელისუფლებით სასწრაფოდ იწყებს სსრკ-სთან მოლაპარაკებას და ისეთ ურთიერთკავშირს ქმნის, საკუთარ ქვეყანას რომ მსოფლიო მოწინავე ქვეყნების რიგში აყენებს.

ფინეთი, ის ქვეყანაა, ვისაც ნატო ყელგამოწვდილი ეხვეწება გაწევრებას, მაგრამ უარზეა — რუსეთის ნეგატიური რეაქციის გამო. რას მისცემდა ფინეთს ნატოში შესვლა?

ნეგატივის მეტს არც არაფერს. ფინეთს ურჩევნია ის ეკონომიკურ-სავაჭრო მჭიდრო კავშირები, რომლებიც რუსეთთან აქვს, ყოველგვარ ნატოზე. აი, ეს არის პრაგმატული აზროვნება და არა ის, რასაც აქ აქვს ადგილი.

მივადექით მთავარ საკითხს, რომელიც გადასაჭრელია, თან რაც მალე, უკეთესი — რუსეთთან ურთიერთობების აღდგენა. საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ითხოვს ამას, თუმცა ხელისუფლება ჯიქურ უარზეა. ის ხელისუფლება, რომელმაც 2012 წელს დაპირდა მოსახლეობას რუსეთთან ურთიერთობის დალაგება.

რაც ჩანს — რუსეთის გაუთავებელი ლანძღვა-გინებაა. მე მესმის ხელისუფლების, ისე, როგორც ოპოზიციის, ვინაიდან მათ ათეულ მილიონებს აძლევენ ანტირუსულ პროპაგანდაში. რუსული „რბილი ძალის“ წინააღმდეგ საბრძოლველად მარტო წელს 88 მილიონი დოლარია გამოყოფილი. წინა წლებში გამოყოფილი თანხები ხომ ლამის მილიარდს ეთამაშება?!

ვინ გაუძლებს ასეთ „ხიბლს“?

ვერავინ! მითუმეტეს ისეთი სუსტი ნებისყოფის მქონე პარტია, როგორიც „ოცნებაა“ — დახარბებული თითოეულ დოლარზე. საქართველოს ფულს უხდიან ანტირუსული პროპაგანდისთვის. საქართველო დაასაქმა დასავლეთმა და დაასაქმა არა მწარმოებლურ შრომაში, არამედ რუსეთის კრიტიკასა და შეურაცხყოფაში. ასეთი საქართველო, ასეთი პოლიტიკა არასდროს დაიწყებს რუსეთთან დიალოგს, ვინაიდან ამ დიალოგით ქვეყნის მდგომარეობის გაუმჯობესება დაიწყება, მაგრამ ეს რომ დაიწყოს, ვინღა მისცემს ქართულ პოლიტიკას, არასამთავრობოებს ფულს რუსეთის საგინებლად?

ფულის დაკარგვის შიში აქვს ამ ხელისუფლებას, ისე, როგორც წინას. მას არ აინტერესებს ქვეყანა, მისი აწმყო და მომავალი. მას ის ფული უნდა — დასავლეთიდან მომდინარე და ერთ ადგილას ჰკიდია საკუთარი ქვეყანა და ხალხი.

და მაინც დავუშვათ, რომ ხელისუფლებამ გადადგა ნაბიჯი და გადაწყვიტა რუსეთთან დალაპარაკება, ვინ უნდა აწარმოოს უმაღლეს დონეზე ასეთი?

ჩვენდა სავალალოდ ვიტყვი, რომ ასეთი, „ოცნების“ ხელისუფლებაში არავინ მეგულება. წამით წარმოვიდგინოთ პუტინთან პირისპირ მჯდომი ღარიბაშვილი, ზურაბიშვილი, კუჭავა ან ნებისმიერი სხვა — რა სასაცილო რამ იქნება! უსუსური ქვეყნის, ასჯერ უსუსური მომლაპარაკებელი, თანაც ვისთან — მსოფლიოში ყველაზე გამოცდილ და გონიერ პოლიტიკოსთან, პუტინთან. არადა, რუსეთთან დიალოგის აღდგენის გარეშე შეუძლებელია აფხაზებთან და ოსებთან დალაპარაკება.

დავუშვათ, მომლაპარაკებელიც გამოვნახეთ და დიალოგიც დავიწყეთ, როგორ შეხედავს ამას აშშ-ი? დაუფიქრებლად გეტყვით — უარყოფითად!

აშშ-ს არ სურს ასეთი დიალოგი. მას ისეთი სურს, როგორიც ჟენევაშია — მოლაპარაკება, მოლაპარაკებისთვის და არა შედეგისთვის. მას სურს, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან ისიც იყოს, რაზეც ცხადია რუსეთი არ დათანხმდება.

დავუშვათ, აშშ-ი დაგვთანხმდა და დავიწყეთ მოლაპარაკება. ნურავინ იფიქრებს, რომ მას უმალ ან ოდესმე მოჰყვება რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების უკან წაღება. რუსეთი ამას ვერ და არ გააკეთებს, საკუთარი ხალხის მოსალოდნელი მკვეთრი რეაქციიდან გამომდინარე.

აბსტრაქციის სფეროა ისეთი ვაჭრობა, როგორიცაა — დაგვიბრუნეთ აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი და ჩვენ გპირდებით ნატოსა და ევროკავშირში არ შესვლას. პუტინი გაგვიმეორებს იმას, რაც თქვა — დაელაპარაკეთ სოხუმს და ცხინვალს.

გამოდის, რომ ჩიხში ვართ. ვართ, ბატონებო და ამას გაგება სჭირდება. მაშ რა გზას დავადგეთ? დაველოდოთ საერთაშორისო პარტნიორების ისეთ მომძლავრებას, რომ მათ აიძულონ რუსეთი უარი თქვას აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობაზე? დაველოდოთ, რუსეთის დაშლას?

სასაცილო რამ არის. რუსეთი, პირიქით არათუ იშლება, არამედ ყოველდღიურად ძლიერდება. ეს, რომ ასე არ იყოს განა, აშშ-ს პრეზიდენტი იტყოდა მსოფლიოს 3 გიგანტ სახელმწიფოზე — აშშ, ჩინეთსა და რუსეთზე, რომელთა ხელშია მსოფლიოს მშვიდობა?!

სულ ახლახანს დასავლეთმა კოლექტიური წერილით მიმართა რუსეთს აფხაზეისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების უკან წაღებისთვის. შედეგი?

ნული. და რატომ? შარშანაც მიმართა, შარშანწინაც და ა.შ. მსგავს მიმართვებს დიდი ხანია შეეჩვია რუსეთი. აი, დასავლეთი, რომ დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ნამდვილი დამცველი იყოს, მაშინ სხვა სურათი იქნებოდა, მაგრამ თვით აგრესორი, მრავალი ქვეყნისა და ხალხის გამანადგურებელი, ათეულ-ათასობით სიბინძურის ჩამდენი, რომ კეთილშობილებისკენ მოგიწოდებს, სასაცილო რომაა. მაშ, რა გვრჩება დაკარგულის დასაბრუნებლად?

ომით დაკარგულის, ომით დაბრუნება! მაგრამ არის საქართველოს ჯარი მზად ომის მოგებისთვის, უფრო მეტიც მოგების შემთხვევაში პოზიციების შენარჩუნებისთვის?

ვეჭვობ, რომ ასე იყოს. მართალია, საქართველოს ჯარს არაერთი ტრენინგი აქვს გავლილი სხვადასხვა სახის სამხედრო მანევრებში, ავღანეთშიც ომობდა და სხვაგანაც, ამერიკელი სამხედრო სპეციალისტებიც წვრთნიდნენ და ნატოელებიც, მაგრამ … ვეჭვობ!

ომი არ არის სამხედრო წვრთნები. ომი მსხვერპლს მოითხოვს, თავდადებას, პატრიოტულ შემართებას, მოტივაციას. ამ ყველაფერს ქართულ ჯარს ვერ ვატყობ. იქნებ ვცდები?

ღმერთმა ქნას ვცდებოდე. დავუშვათ, მენტალურად ყოველივე ჩამოთვლილით აღჭურვილი ვართ. რა ვუყოთ რუსეთს, ჩრდილოეთ კავკასიას, დასავლეთის იმ დემოკრატიულ ძალებს, რომლებიც ხმას ამოიღებენ და 2008 წლის აგრესიას წინ დაგვიდებენ — ახალთან ერთად?

დავუშვათ, ყველაფერი ისე წარიმართა, როგორც გვსურს — ვართ თუ არა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის სამართავად მზად? აჭარის მაგალითი მაფიქრებინებს, რომ არა. რუსეთის სამხედრო ბაზის აჭარიდან გასვლის შემდეგ მთელი აჭარა რომ თურქეთმა ჩაიგდო ხელში, განა იმის დასტური არ არის; რომ აჭარაში ცენტრალური, თუნდაც ადგილობრივი ხელისუფლების გავლენა ნულის ტოლია? აფხაზეთშიც იგივე არ იქნება, თუ მეტი არა, ვიდრე აჭარაში? ვინ აღუდგება წინ თურქულ ბიზნესს და „რბილ ძალას“?

ოფიციალური თბილისი რომ ამას ვერ გააკეთებს, ფაქტია! მაშ, რაღა დაგვრჩა, რა ვიღონოთ?

ისევ რუსეთთან დიალოგის დაწყება — ყოველგვარი ულტიმატუმების გარეშე. ქართული მხარე მზად უნდა იყოს ხანგრძლივი ლაპარაკისთვის. მიზანი უნდა იყოს კავშირურთიერთობების აღდგენა, როგორც რუსეთთან, ისე აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან; უნდა მოვახერხოთ სავაჭრო-ეკონომიკური, ჰუმანიტარული ურთიერთობების დამყარება. უნდა გავუჩინოთ აფხაზებსა და ოსებს ერთობლივი ბიზნესის წარმოების შედეგად მოპოვებული დივიდენდების სიკეთის გრძნობა. უნდა დავანახოთ მათ, რომ ჩვენ არ ვართ ისინი, ვინც 2008 წელს იყვნენ. ჩვენ, სხვები ვართ, საქმიან ურთიერთობებზე ორიენტირებულები.

დიახ! ხანგრძლივი პროცესია. შესაძლოა მას ერთი თაობაც არ ეყოს, მაგრამ სხვა გამოსავალი არ არის. მხოლოდ ხალხთა დაახლოებამ შეიძლება მოაშუშოს ის ღრმა ჭრილობა, რომელიც 2008 წლის აგვისტოს აგრესიამ გამოიწვია. მზად არის ამისთვის საქართველო?

პასუხი არის მოკლე — არა! ეს რომ ასეა, დაადასტურა საქართველოს საგარეო უწყებამ, ახლახანს გაკეთებულ თავის განცხადებაში, სადაც ვკითხულობთ: „13 წლის წინათ რუსეთის ფედერაციამ სწორედ საქართველოში განახორციელა სუვერენული ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისოდ აღარებული სახელმწიფო საზღვრების შელახვის აგრესიული პოლიტიკის აპრობირება, რამაც სერიოზული საფრთხე შეუქმნა ევროპულ და ტრანსატლანტიკურ უსაფრთხოებას და ძირი გამოუთხარა წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს. …“.

ვგონებ, კომენტარი ზედმეტია.

ჰამლეტ ჭიპაშვილი,

პოლიტოლოგი

14/08/2021