27.12.2024

5 ივლისის გამოძახილი

თემა, რომელსაც წინა ორ სტატიაში შევეხე, იმდენად აქტუალურია, რომ მას ასე იოლად ვერ შეველიე. მკითხველს შევახსენებ, რომ უმთავრესი წყარო წინა სტატიებისა ლგბტ-სთან დაკავშირებული მოვლენები იყო და ის არასახარბიელო დაპირისპირება ორ ბანაკს შორის — ჟურნალისტთა ცემა-ტყეპით დამთავრებული. თუმცა აქვე დავაზუსტებ, 5 ივლისს ერთმანეთის წინაშე იდგნენ ორი ბანაკის წარმომადგენლები — ერთის, მეტი რაოდენობით, ანტი-ლგბტ-ლები რომ ჰქვიათ და მეორის, მცირე ჯგუფის, ლგბტ-ლთა მხარდამჭერების.

რაც შეეხება ბანაკს, ფართო გაგებით, უდავოდ აქვს ადგილი ჩვენს ცხოვრებაში, მაგრამ ჩვენდა საბედნიეროდ, ორად გაყოფილი საზოგადოების ერთმანეთთან შეხეთქებას 5 ივლისს ადგილი არ ჰქონია მარტივი მიზეზის გამო — ხალხი არ გამოვიდა ქუჩაში. მან საპატრიარქოს მოწოდებას არ მიაქცია ყურადღება და შინ დარჩენა ამჯობინა „პატრიოტობას“, ამ შემთხვევაში, ქართული გაგებით პედერასტებთან შეტაკებას. ვინც მიაქცია —  „ვაჟკაცთა“ მცირე ჯგუფი იყო, მაგრამ მათ საპატრიარქოს მოწოდება ჩათვალეს ყურადსაღებად თუ სხვისი?

როგორც ირკვევა მეტადრე სხვისი.

ძალისმიერ პროტესტს რომ ხელმძღვანელები ჰყავდა, ამას არც ხელისუფლება და ძალისმიერი ორგანოები უარყოფენ. აღარაფერს ვამბობ ოპოზიციურ ელექტრონულ თუ ბეჭდვით მედიაზე. ისინი 5 ივლისიდან დაწყებული დაბეჯითებით ლაპარაკობენ ამის თაობაზე. შსს იძიებს 5 ივლისის საქმეს, მასთან ერთად პროკურატურაც და ალბათ რაღაც შედეგამდე მივლენ, თუმცა ამის იმედი საზოგადოებას არ აქვს. ის დარწმუნებულია, რომ, როგორც ყოველთვის, დრო ჩაყლაპავს 5 ივლისს, მას ან სხვა 5 ივლისი დაემატება ან უარესი და 5 ივლისი მივიწყებას მიეცემა. მაგალითები ამისა მრავლად გვაქვს განვლილი ცხოვრებიდან, თუმცა 5 ივლისი, ვინაიდან ის ჟურნალისტების ცემას ეხება — სასტიკს და დაუნდობელს, ერთი ოპერატორის სიკვდილით, თვით ჟურნალისტებს არ დაავიწყდებათ და პერიოდულად შეახსენებენ ამის თაობაზე საზოგადოებას.

წინა სტატიაში ხაზგასმით აღვნიშნე, რომ ლგბტ-სთან ბრძოლა პრიმიტიული ხერხებით — ცემით და დაშინებით, ხანმოკლე შედეგს იძლევა, მაგრამ გრძელვადიან პერიოდში იწვევს უკურეაქციას, ვინაიდან 5 ივლისს ნაცემი ლგბტ-ლები არ ყოფილან, ისინი ახალი ხერხებით და შეუპოვრობით იწყებენ სამომავლო გეგმების განსახორციელებელ საქმიანობას. მათი შეუპოვრობა დასავლური მხარდაჭერით არის განპირობებული, განსაკუთრებით ფინანსური. როდესაც მშიერ და უმუშევარ ქვეყანაში ფულის იოლი გზით შოვნის შანსი ჩნდება, ფიზიკური შეურაცხყოფის ატანას რაღა უდგას წინ?

დასავლეთმა კარგად იცის რა ზეგავლენა შეიძლება იქონიოს მოქრთამვამ „ზეტრადიციულ“ ქართველობაზე. ამის არაერთი მაგალითი უდევთ წინ და რაღა ლგბტ-ობაში უმუხთლებთ მცდელობა?!

ლგბტ-ე ფართო მხარდაჭერას იხვეჭს ყველგან. მართალია, იმ ქვეყნების რაოდენობა, სადაც ეს მოძრაობა ვერ იკიდებს ფეხს, უფრო ზუსტად უკანალს, აჭარბებს იმათ, ვინც დაემონა მას, მაგრამ დიდი ხნით?

ფული, გავლენა, აგრესიულობა ჯერ-ჯერობით უმცირესობის, ხვალ უმრავლესობად ქცევის გარანტიაა. ლგბტ-ს თავხედური ქცევა და მასში ბრძანების კილოს შერევა კარგის არაფრის მაუწყებელია, არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მსოფლიოსთვის. და თუ ვინმეს (ქვეყანა მაქვს მხედველობაში) სერიოზულად აწუხებს ამ რეალობასთან თვალის გასწორება, მხარდაჭერა უნდა ეძებოს საკუთარ ხალხში, სხვა ქვეყნებში. არ უნდა მოერიდოს სახელმწიფოთა შორის პოლიტიკურ აზრთა სხვაობას, რათა გაუმკლავდეს ამ უჩვეულ მოვლენას. მხოლოდ ქვეყნების ერთობა, ხალხთა ერთობა თუ აღუდგება წინ ლგბტ-ობას და არა გათითოკაცებული, თუნდაც პატრიოტული გამოხდომა, ისეთი, რასაც 5 ივლისს ჰქონდა ადგილი.

მსოფლიო სოლიდარობა კი ამ საკითხში არ არსებობს. რაც არსებობს პირიქითაა, ამის მაგალითად რუსეთი გამოდგება, რომელმაც კანონის დონეზე აღკვეთა ლგბტ-ს პრობაგანდა, გეი-პარადები და ა.შ. რა მიიღო რუსეთმა?

ეკონომიკური სანქციები, რომლებიც შეფარულად ლგბტ-ეობის წინააღმდეგ ბრძოლის გამო არის მიღებული. გარდა ამისა, ლამის ყველა დონეზე, ყველა საერთაშორისო ფორუმზე, რუსეთის ლანძღვა და მისი პოლიტიკის დაგმობა. რუსეთის მიერ მიღებული კანონის საწინააღმდეგო ისეთი ღონისძიებები გაატარა დასავლეთმა, რომელმაც სიცოცხლე გაუმწარა რუსეთის ხელისუფალთ.

არანაკლები პრობლემები შეუქმნა ჩინეთს, ირანს, სხვა ქვეყნებს. მიუხედავად ამისა არ ჩანს ანტი-ლგბტ-ური ერთიანი ფრონტი. არ ჩანს კოორდინირებული მოქმედება. არ ჩანს საერთაშორისო დონის შეკრება და მასზე მიღებული დეკლარაცია.

კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით და მისი დედამიწისთვის ზიანის მომტანი კოლექტიურად ხელმოწერილი დოკუმენტი არსებობს, ლგბტ-ობის წინააღმდეგ არა! რა, ლგბტ-ობას ნაკლები ზიანი მოაქვს კაცობრიობისთვის? უკვე სახეზეა ეს ზიანი — ერთნაირსქესიანთა მიერ ე.წ. ოჯახის შექმნა; კაცის, ქალად გადაკეთება; ბავშვებში აღვირახსნილი პროპაგანდით; 12/13/14 წლის ბავშვების მიერ სქესის შეცვლა და სხვა.

გაუარესებული კლიმატი თუ განადგურებით ემუქრება მსოფლიოს, ერთნაირსქესიანთა შეუღლება — შობადობის, დედამიწაზე სიცოცხლის გაგრძელების გარანტიაა? განა „დაორსულებული“ მამაკაცი, მართლაც დაორსულებულია და შვილის გამჩენია?

სულ ახლახანს აშშ-ს ერთმა ტელეარხმა, ამერიკელებს და მსოფლიოს წარუდგინა ფილმი, გეი-ოჯახის ცხოვრებაზე, სადაც „დაორსულებული“ მამაკაცი მშობიარობს — დამახასიათებელი ჭინთვებით, ტკივილით გამოწვეული ძახილით და პარტნიორის მიერ ნაყოფის მიღებით.

არა, მეგობრებო! ეს სულაც არ არის კომედია. ფილმში მონაწილე მამაკაც მსახიობებს წამითაც არაფერი ეტყობოდათ კომიკოსობის. ისეთი შეგრძნება გამიჩინა ამ „ფილმმა“, თითქოს კაცობრიობა მოწყდა თავისი განვითარების ღერძს და უკიდეგანო გალაქტიკაში დაბნეული დაეხეტება.

ვიმეორებ! ლგბტ-ეობის წინააღმდეგ ბრძოლას ტრადიციული ქვეყნების ერთად დარაზმვა სჭირდება — რუსეთის, ჩინეთის, ირანის, სხვა ქვეყნების. მათ შორის უნდა იყოს საქართველოც, თუკი მის მიერ კონსტიტუციაში შეტანილი წინადადება — ოჯახი ქალის და კაცის ერთობა, მარტო დეკლარაცია არ არის. ის აუცილებელია, მისთვის გვერდის ავლა დაუშვებელია.

აქვე აღვნიშნავ, რომ ლგბტ-ს მიმდევრებთან ბრძოლა ძალისმიერი გზით მიუღებელია, ისე, როგორც ლგბტ-ეს ძალადობა მის მოწინააღმდეგე მხარეზე.

რა მოუტანა ქვეყანას 5 ივლისმა? უდავოდ, უარყოფითი შედეგი. ვერ გავიზიარებ იმათ ოპტიმიზმს, ვინც თვლის, რომ 5 ივლისმა სამარადისოდ დააშინა პედერასტები და გეი-პარადის ჩატარების სურვილი დააკარგვინა. პირიქით, 5 ივლისმა ერთ მუშტად შეკრა ლგბტ — აქაური და დასავლური და სამომავლო გეგმებიც დაისახა — მეტი აქტიურობის, მეტი თავხედობის, მედიის მეტი მხარდაჭერის მოპოვების და ა.შ. 5 ივლისის თემა და მასთან ერთად „დაჩაგრული“ ლგბტ-ეს, კარგა ხანს იტრიალებს მედიაში, კარდა ხანს შეახსენებს თავს პრობლემებით დახუნძლულ მოსახლეობას.

რა მოიტანა 5 ივლისმა? იმაზე მეტი რა უნდა მოეტანა, რასაც რიგითი მოქალაქეებისგან ვისმენ?! რა უნდა გამიკეთოს ლგბტ-მ (ცუდი) იმაზე მეტი, ვიდრე ეს ხელისუფლება მიკეთებს?!

გასაოცარია, მაგრამ სიმართლეა. ამ მოსაზრების მატარებლები ციდან არ ჩამოფრენილან. ხვალ, მედიის წყალობით გამრავლდებიან და შედეგიც სახეზე იქნება არა ისეთი, როგორიც ზოგიერთ ოპტიმისტს ჰგონია — 5 ივლისის შემდეგ, პეტერასტები შიშით გარეთ ვერ გამოვლენო, რომ ფიქრობენ.

კიდევ რა მოგვიტანა? ლგბტ-ელთა მხარდამჭერი გადაცემები ელექტრონულ მედიაში.

კიდევ? ანტირუსული პროპაგანდის გაასკეცება. დღეს, ვისაც არ ეზარება ყველა ამტკიცებს, რომ 5 ივლისი რუსეთის ხელისუფლების ძალისხმევის ნაყოფია; რომ ვასაძე, ხაბურზანია, ჭაჭია, რუსეთში მოღვაწე სხვა ქართველები — შეკრულნი კრემლთან, ასრულებენ პუტინის ბინძურ დავალებას, რომელსაც ფარულად მხარს უჭერს ივანიშვილი და „ოცნების“ ხელისუფლება. და რაც უფრო ვშორდებით 5 ივლისს, მით უფრო აქტიურდება ანტირუსული პროპაგანდა.

5-მა ივლისმა კიდევ ერთი საბაბი მისცა ოპოზიციას და საზოგადოების არცთუ უმნიშვნელო ნაწილს რუსეთის ლანძღვა-გინების. ამ კამპანიაში თავით გადაეშვა დასავლური მედია და პოლიტიკა. ეს უკანასკნელი არის დამკვეთი, ხოლო ქართული მხარე შემსრულებელი. შედეგი? იმაზე უარესი, რაც არის, რაღა უნდა იყოს?

შეზღუდული სავაჭრო კავშირები რუსეთთან უდავოდ არ იძლევა საქართველოს ეკონომიკური განვითარების შანსს. არადა, ის ვაჭრობა, რაც რუსეთთან გვაქვს ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. ჩვენი საექსპორტო პროდუქცია — ღვინო, იქ გაცილებით მეტი (34 მილიონი ბოთლი) იყიდება, ვიდრე ე.წ. სტრატეგიული პარტნიორების ქვეყნებში. რუსეთში გაყიდული ღვინო 2-ჯერ აღემატება ყველა სხვაგან გაყიდულს, ისე, როგორც რუსეთიდან გამოგზავნილი ფული.

ფულადი გზავნილებით რუსეთი პირველ ადგილზეა, შემდეგ იტალია, საბერძნეთი, … . რუსეთი პირველ-მეორე ადგილზეა საერთო ეკონომიკურ ურთიერთობებში. სხვა სიკეთეების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. ასე, რომ მოჭარბებულმა ლანძღვამ ხომ შეიძლება კრემლის კედლებშიც შეაღწიოს და იქაურთა გულისწყრომა გამოიწვიოს? და თუ ამას ექნა ადგილი, სად გავყიდით ჩვენს პროდუქციას?

სულ ახლახანს რუსეთის პრეზიდენტმა დაავალა მთავრობას ყველაფერი იღონოს ცენტრალური აზიისა და სხვა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მიერ მოწეული ჭარბი ხილისა და ბოსტნეულის რუსეთში შესატანად — გაიოლებული პროცედურებით. საქართველო არვის უხსენებია.

არადა, გლეხებს ატმები ულპებათ. ხელისუფლებამ, არათუ მოსკოვთან სავაჭრო კავშირები ვერ უზრუნველყო მალფუჭი პროდუქტების იქ სწრაფი შეტანის თვალსაზრისით, თბილისში ჩამოტანასაც ვერ მოაბა თავი. თბილისიდან 50 კმ-ში ვაშლატამა ლპება, ქლიავი დაუკრეფავია, ისე, როგორც სხვა ხილი და ამ დროს თბილისში ვაშლატამას, გარგარის, ქლიავის ფასი 4-5 ლარია; კიტრის 1.5 ლარი, პომიდვრის 4-5 ლარი და ა.შ.

კატასტროფუად ძვირია ბენზინი და აქედან გამომდინარე კვების პროდუქტები, პირველადი მოხმარების საგნები, მედიკამენტები, ტრანსპორტი, სამედიცინო და სხვა სახის მომსახურება, რომელთა ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. ერთადერთი რაზეც ხელისუფლებას გადასახადი არ დაუწესებია ჰაერია. დარწმუნებული ვარ ამ საკითხსაც მიხედავს — ფულის შოვნის მიზნით.

იშვიათად მოიძებნება ხელისუფლება, რომელიც თავისი ქცევით მუდმივად ცდილობდეს ხალხის სოციალური მდგომარეობის გაუარესებას და ამაზე ხალხი ხმას არ იღებდეს — მიტინგით, დემონსტრაციით, ხმამაღალი მოთხოვნებით, ისე, როგორც ამას ადგილი აქვს ევროპის ქვეყნებში.

საქართველოს ხელისუფლება დაბეჯითებით აცხადებს, რომ დავბრუნდით ევროპულ ოჯახში. ასეთივე განწყობა აქვს მოსახლეობას, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, რომლებიც თავს ევროპელებად თვლიან. ნუთუ საზოგადოების ამ ნაწილს, ვითომ ევროპელებს, აწყობთ საქართველოში არსებული უმძიმესი სოციალური ვითარება?

ნუთუ მარტო ლგბტ-ეობაა ჩვენი მტერი და არა უკიდურესი სიღარიბე, შიმშილი? ერთხელ მაინც კოლექტიურად შეუძახეთ ხელისუფალთ — გვშია, გვწყურია და გვიშველეო?

რატომ თვლით, რომ ხელისუფლებამ თქვენი პრობლემები კარგად იცის? და თუ იცის, რატომ არაფერს ღონობს?

ხელისუფლება ხომ თქვენი მოყვანილია ხელისუფლებაში იმიტომ, რომ თქვენ გემსახუროს. მას სხვა საქმე არ აქვს. მისი საქმე თქვენი სამსახურია, ხალხის და ქვეყნის საქმის კეთება. თქვენი საქმე თვალყურის მიდევნება და კონტროლია, რათა თქვენს მიერ არჩეულმა ხელისუფლებამ დაპირებულ გზას არ გადაუხვიოს.

ნუთუ თქვენთვის პატრიოტული საკონსტიტუციო ჩანაწერი — ოჯახი ქალის და კაცის ერთობაა, უზრუნველყოფს თქვენი სოციალური მდგომარეობის გამოსწორებას, სიღარიბის ჭაობიდან ამოყვანას?

ნუთუ მარტო ლგბტ-ობას თვლით თქვენს მიერ პირველ მტრად და არა გაძაღლებულ ცხოვრებას, ლუკმა-პურის საძიებლად უცხოეთში გადახვეწას და იქ უმძიმესი შავი სამუშაოების შესრულებას?

და თუ ლგბტ-ობა გაწუხებთ, მასთან ერთად მისი მხარდამჭერი ევროპა-ამერიკის საქციელი, რატომ არ შეუძახებთ ხელისუფლებას ჩაატაროს რეფერენდუმი იმის დასადგენად რა რაოდენობის მოსახლეობას სურს ევროატლანტიკური კურსი?!

რეფერენდუმის ჩატარება, ცხადია გაყალბების გარეშე, ნათელს მოჰფენს ბურუსში გახვეულ საზოგადოებას, რომელსაც ეჭვი ეპარება 2008 წელს ჩატარებული გამოკითხვის შედეგებზე.

პედერასტთა ცემა-ტყეპა არასერიოზულ, წამიერ შედეგს იძლევა. რეფერენდუმის გამართვის მოთხოვნა სერიოზული საქმეა. მისი ჩატარების შემდეგ, თქვენთვის დადებითი შედეგის მიღება თავისთავად დაუსვამს წერტილს დასავლურ, თქვენთვის მიუღებელ პოლიტიკურ ორიენტაციას, ლგბტ-ობას და სხვას მრავალს, თუნდაც მამლაყინწურ სტატიებს სათაურით „თვალში ხომ არ გეპატარავებით“ (მიმართვა საქართველოში მომუშავე უცხოელი დიპლომატებისადმი).

იქნებ გეფიქრათ და გადაგეღოთ უნგრეთ-პოლონეთის მაგალითები. ორივენი ხომ ლგბტ-ს პროპაგანდის წინააღმდეგ გამოდიან?

უნგრეთმა კანონიც მიიღო, რომელმაც რისხვა დაიმსახურა ევროკავშირის შტაბ-ბინაში. „გავრიცხოთ ევროკავშირიდან“ — ომახიანად მოითხოვეს ევროკავშირის სხვა წევრმა სახელმწიფოებმა. რის პასუხად უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა რეფერენდუმი დანიშნა, ანუ უნგრელთა მხარდაჭერა მოითხოვა.

რა მოიმოქმედა ბრიუსელმა? პირველ ეტაპზე უნგრეთ-პოლონეთს შეუწყვიტა „კოვიდ-19“ წინააღმდეგ გამოყოფილი მილიარდების ჩარიცხვა. საქართველოს მილიარდებს არვინ ურიცხავს, მოკრძალებული მილიონების იმედზე ვართ, თუმცა მილიონები იმ მილიარდების ტოლფასია ჩვენი მშიერი ქვეყნისთვის.

პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის მკაცრი პასუხები უცხოელი პოლიტიკოსების მოწოდებებზე მაგულიანებს ვთქვა, რომ ის და მისი ხელისუფლება უნდა იყვნენ რეფერენდუმის დანიშვნის ინიციატორები. ამ ნაბიჯით მას უდავოდ შეუქმნიან პრობლემებს ე.წ. სტრატეგიული პარტნიორები, რომლებიც ეჭვობენ, რომ შედეგი ისეთი არ იქნება, როგორიც 2008 წელს იყო, მაგრამ საშვილიშვილო საქმე გაკეთდება — ხალხისა და ქვეყნისთვის.

და კიდევ ერთი არცთუ უმნიშვნელო საკითხის შესახებ — მას რუსეთი ჰქვია, უფრო სწორად იქ მყოფი ზოგიერთი ქართველის საქციელი, რომელიც ჩემის აზრით სერიოზულად აზიანებს ორი ქვეყნის ურთიერთობას, წყალს ასხამს დასავლურ ანტირუსულ კამპანიას.

ქართველთა გარკვეული ნაწილი პოლიტიკურ არენაზე ტიკ-ტიკის მოყვარული, აქაური საზოგადოების თვალში ნაცრის შესაყრელად, მეტადრე იმისთვის, ვინც ჯერაც პოზიტიურად იხილავს რუსეთს. ჟურნალისტთა შეკითხვაზე — მათ კავშირებზე რუს პოლიტიკოსებთან და კრემლთან — ისეთ აბდაუბდას აფრქვევენ, თითქოს მართლაც ჰქონდეთ მათ ასეთი კავშირები.

არც ერთი მათგანი კატეგორიული ტონით არ აცხადებს, რომ ისინი არც კრემლთან და არც პუტინთან არავითარ კავშირში არ არიან. მათი პასუხებიდან ჩანს, რომ გულის სიღრმეში კმაყოფილნი არიან, რომ საზოგადოებაში ტრიალებს ასეთი აზრი, რაც მათი პრესტიჟის გაზრდის საწინდარია საზოგადოების გარკვეული ნაწილის თვალში.

მოგვწონს თუ არა რუსეთის პრეზიდენტი, მსოფლიოს პოლიტიკოსთა შორის გამორჩეულია თავისი ავტორიტეტით და ასეთთან ურთიერთობა, მეტადრე მისგან სამოქმედო დავალების მიღება დიდ რამეს ნიშნავს რუსეთში მცხოვრები ქართველისთვის — საქართველოს პოლიტიკაში აქტიურად ჩართვის მსურველისთვის.

სულაც არ არის გამორიცხული, რომ თვით ისინი ავრცელებდნენ ამ ჭორებს. ამის მაგალითებიც იყო — პეტერბურგში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენის ებრალიძის მხრიდან, საქართველოს პრეზიდენტად გახდომის მსურველისგან. ვითომ ის, ისე მჭიდრო კავშირში იყო პუტინის ოჯახთან ლამის ყოველ დილით პუტინის ოჯახში ჩაის მიირთმევდა.

ერთ მშვენიერ დღეს, როდესაც ჭორმა მაღალ ეშელონებში შეაღწია, ებრალიძე ისე გააფრთხილეს ჭორის გავრცელებისთვის, რომ ერთ-ერთ საჯარო განცხადებაში მან გულწრფელად აღიარა, რომ არც პუტინს, არც მის ოჯახს არ იცნობს და მათთან არავითარი ურთიერთობები არასდროს არ ჰქონია. ვიდრე ამჯერადაც ანალოგიურს არ ექნება ადგილი სხვა ებრალიძეების მიმართ ჭორები იტრიალებს საქართველოში, თანაც რუსეთში მცხოვრებ იმ ოდიოზურ ქართველობაზე, ერთობ არასანდოსა და არასერიოზულზე, რომლებიც ამ ჭორებით ცდილობენ ქართულ პოლიტიკაში ფონს გასვლას.

რაც უფრო სწრაფად მოახერხებს რუსული მხარე ამ საკითხის მოგვარებას, მით უფრო სწრაფად ამოიწურება ვითომ მისი „შემოგზავნილების“ თემა და რუსეთის აუგად მოხსენიების საბაბიც შემცირდება.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთისთვის საქართველო არც პოლიტიკურად და არც ეკონომიკურად არაფერს საინტერესოს არ წარმოადგენს ამ ეტაპზე, ე.წ. პუტინის „აგენტებს“, „შემოგზავნილს“ საქართველოში ყურის აწევა თუ შეაჩერებს, რაც თავისთავად ანტირუსლი პროპაგანდის საწინააღმდეგოდ გადადგმული არცთუ უმნიშვნელო ნაბიჯი იქნება.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი

29/07/2021