18.07.2024

ირანის საპრეზიდენტო არჩევნები (08/07/2021)

გასული თვის მეორე ნახევრის პოლიტიკურმა და სპორტულმა მოვლენებმა (ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატი) ისე მიიპყრო ჩვენი ყურადღება, რომ ნაკლები ინტერესი გამოვიჩინეთ ირანის ისლამური რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნების მიმართ. არადა ირანი მუდამ იყო, არის და იქნება რეგიონის გავლენიანი პოლიტიკური მოთამაშე, თავისი სერიოზული ხედვით ამიერკავკასიაზე, კერძოდ საქართველოზე.

აშშ-ს ფრთებს ქვეშ შეყუჟულ საქართველოს პოლიტიკას, ცა ქუდათ არ მიაჩნია და დედამიწა ქალამნად, მაგრამ საკმარისი იქნება „სტრატეგიული პარტნიორის“ გვერდზე ოდნავი გაწევა ან ირანთან ურთიერთობების გამოსწორება, რომ ირანის თემა ისეთი ძალით დაგვიდგება წინ, დამოუკიდებლობის დასაწყისში რომ გვქონდა.

ვისაც ახსოვს ის კრიზისული წლები უშუქობა, უპურობა, უბენზინობა და სხვა პრობლემები, ისიც ემახსოვრება რა ძლიერი დახმარების ხელი გამოგვიწოდა ამ ქვეყანამ. ირანული ნავთქურები — სახლების გათბობის ერთადერთი საშუალება საკმაო ხნის განმავლობაში უზრუნველყოფდა საქართველოს მოსახლეობის სიცივისგან გადარჩენას.

აღარაფერს ვამბობ ბენზინზე, ავტომანქანების საპოხ მასალებზე, კვების პროდუქტებზე, ირანთან სპონტანურად განვითარებულ ვაჭრობაზე, ირანის ოფიციალური ხელისუფლების მტკიცე განცხადებაზე — საქართველოს ტერიტორიის მთლიანობასთან დაკავშირებით. ირანი იყო და არის ის ქვეყანა, რომელიც ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში მხარს გვიჭერდა და გვიჭერს ტერიტორიების საკითხში. ირანი ამ დარგში გაცილებით გულწრფელია მეზობელ თურქეთთან შედარებით, რომელსაც ვეთაყვანებით  და ისტორიულ მეგობრადაც მივიჩნევთ.

არადა, ამ ორიდან ვინ უფრო მეგობარია ყველამ კარგად ვიცით, მაგრამ ხმამაღლა არ ვამბობთ, ვაითუ თურქეთს ეწყინოსო.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხს თურქეთიც ისე განიხილავს, როგორც ირანი, თუმცა ჩვენდა სამწუხაროდ, თურქული მხარდაჭერა ფარისიველურია, ვინაიდან გამორიცხავს მის მიერ მიტაცებულ მსუყე ტერიტორიებს. აი, ამ მიტაცებული, ისტორიული ტერიტორიების გამოკლებით გვიჭერს მხარს ოფიციალური ანკარა, რაც დაგვიკანონა კიდევაც შევარდნაძის ბედოვლათი ხელისუფლების დაყოლებით და საქართველო-თურქეთის ჩარჩო ხელშეკრულების გაფორმებით. ამ ხელშეკრულების პრეამბულაში ჩაიწერა, რომ ორივე მხარე აღიარებს მათ შორის ისტორიულად ხელმოწერილ ყველა ხელშეკრულებას.

თურქეთ-საქართველოს სტრატეგიულ კავშირს ისიც განსაზღვრავს, რომ თურქეთი ნატოს წევრია, ჩვენ კი თავქუდმოგლეჯილი მივისწრაფით ნატოსკენ, რაშიც დიდ დახმარებას გვიწევს სტრატეგიული მეზობელი — სამხედროთა წვრთნის და ნატოს სტანდარტების შეთვისების საქმეში.

მართალია, აშშ-სა და თურქეთს შორის გარკვეული სახის ჯახიც არსებობს, მაგრამ ვაშინგტონისთვის ანკარა „ძაღლის შვილია“, ოღონდ მისი ძაღლის შვილი, რასაც ვერ ვიტყვით ირანზე.

აშშ-ს, ირანი 1979 წლიდან — ისლამური რევოლუციის გამარჯვებიდან, მტერი სახელმწიფოა, ქვეყანა, რომელიც აგულიანებს ტერორიზმს. რომ იტყვიან ენას ძვალი არ აქვსო ამასთან გვაქვს საქმე. სამართლიანობა მოითხოვს ვაღიაროთ, რომ თუ მსოფლიოში, მითუმეტეს რეგიონში ვინმე იბრძვის ტერორიზმის წინააღმდეგ ირანის ისლამური რესპუბლიკაა. სწორედ რუსეთთან ერთად მოახერხა მან აშშ-ს მიერ შექმნილი ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ დანგრევა სირიასა და ერაყში. ორგანიზაცია კი დაინგრა, მაგრამ ამერიკელთა წყალობით ტერორისტული ჯგუფები დღესაც ფეთქავენ, თუმცა ნაკლები წარმატებით, ვიდრე წინათ.

ირანის შაჰის რეზა ფეჰლევის დამხობიდან (1979) საკმაო დრო გავიდა, ირანის ისლამური რესპუბლიკისთვის უმძიმესი გამოცდის წლები. მოკავშირე შაჰის დამხობა ვერ გადაიტანა აშშ-ს ადმინისტრაციამ, როგორც მაშინდელმა პრეზიდენტმა კარტერმა, ისე მის შემდეგ არსებულმა ყველა სხვა ადმინისტრაციამ.

შედარებით ნაკლები აგრესიულობით გამოირჩეოდა ობამას ადმინისტრაცია, რომელმაც მოახერხა ძველი წყენის ნაწილობრივი ჩაყლაპვა, რამაც გზა გაუხსნა ირანთან საერთაშორისო ხელშეკრულების ამუშავებას, რომლის მიხედვით ირანი უარს ამბობდა ურანის იმ დონემდე გამდიდრებამდე, რომელიც არასაკმარისი იქნება ბირთვული ბომბის დასამზადებლად. თავის მხრივ ირანს დასავლეთმა მოუხსნა ეკონომიკური სანქციების ნაწილი, მისცა სხვა შეღავათები და ა.შ.

ირანის სამწუხაროდ, ობამას შემდეგ მოსულმა ტრამპმა გაამკაცრა ურთიერთობა და გამოვიდა ხელშეკრულებიდან. დღევანდელი პრეზიდენტი ბაიდენი, ობამას დროს ვიცე-პრეზიდენტი, ცდილობს დაძლიოს რესპუბლიკელი ტრამპის მიერ განხორციელებული ანტიირანული გადაწყვეტილება და თუ ამას ექნა ადგილი, ვითარება უკეთესობისკენ შეიცვლება.

დღეს, ისეთი ატმოსფეროა შექმნილი ამერიკელთა მიერ, რომ ირანის ხსენება ლამის დანაშაულად ითვლება, რაც აშკარა დასტურია იმისა, რომ ირანი ქვეყანაა — ძლიერი, სუვერენული, საკუთარი პოზიციების მქონე და მეტოქე აშშ-ს არა მარტო ახლო აღმოსავლეთში, არამედ მსოფლიოში. მაინც რა შემართება უნდა გამოევლინა  ირანს იმისთვის, რომ გაეძლო დასავლური სანქციებისთვის, მის წინააღმდეგ ამოქმედებული ტერორისტული აქტებისთვის, თითქმის ათწლიანი ომისთვის, რომლის წამქეზებელი აშშ-ი იყო, ხოლო შემსრულებელი ერაყელი დიქტატორი სადამ ჰუსეინი.

დასავლური დახმარების გარეშე დარჩენილმა ირანმა, შეძლო არა მარტო თავის გადარჩენა, არამედ მრეწველობის, სოფლის მეურნეობის, მეცნიერების, განსაკუთრებით მედიცინის, კულტურის, ხელოვნების, სხვა დარგების განვითარება. ირანის არმია სამაგალითოა რეგიონში — ირანული წარმოების იარაღით აღჭურვილი.

საკუთარ თავზე დაყრდნობის პოლიტიკამ გაამართლა. 80-მილიონიანი ირანი მძლავრი ქვეყანაა. მის სიტყვას ანგარიშს უწევენ, რაც უნდა გაითვალისწინოს საქართველოს პოლიტიკამ, განსაკუთრებით ხელისუფლებამ. მაგრამ შეძლებს ამას ვაშინგტონზე მიჩერებული საქართველოს მთავრობა? — ვეჭვობ.

ვაშინგტონ-თეირანის ურთიერთობების გაუმჯობესების შემთხვევაში, ქართული პოლიტიკური ელიტა ქამელეონივით შეიცვლის ფერს, მაგრამ რა დონემდე — უცობია.

ქართულ-ირანული ურთიერთობების გაუარესების მიზნით ნეგატიურ როლს ასრულებს ირანის დაუძინებელი მტერი ისრაელი. არანაკლებად ნეგატიურად არის დამუხტული თურქეთიც — ირანის ისტორიული მოპაექრე. თურქეთი ის პარტნიორია, რომლის შიშით ხმის ამომღები არ ვართ!

ირანთან შეზღუდული ეკონომიკური კავშირები უარყოფითად აისახება საქართველოს ბიუჯეტზე. გაქრა ადრე არსებული სავაჭრო კავშირები, ნულამდე დავიდა ტურიზმი, არადა კვირის განმავლობაში არაერთი პირდაპირი ჩარტერული ფრენები ხორციელდებოდა ირანსა და ბათუმს შორის. ვაშინგტონმა თითი დაგვიქნია და ჩვენც დამფრთხალი ბაჭიებივით დავემორჩილეთ მას — საკუთარი ქვეყნის საზიანოდ.

საქართველოს ხელისუფლებამ არ მიიღო თურქეთის პრეზიდენტის ერდოღანის პროექტი — სამი ამიერკავკასიის სახელმწიფოს და რუსეთ-ირან-თურქეთის ეკონომიკური ბლოკის ჩამოყალიბების შესახებ. სხვათა შორის, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმაც ჯავად ზარიფმაც გააჟღერა ეს თემა საქართველოში ვიზიტის დროს ქართველ ხელმძღვანელებთან შეხვედრისას, რაზეც ასეთი პასუხი მიიღო — მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაერთვება საქართველო ამ პროექტში, თუკი მასში აშშ-ი და ევროკავშირი იქნებიან.

პასუხმა სტუმარი გააოცა და შემდგომში ამ საკითხით ჩვენი ბედოვლათები აღარ შეაწუხა, ნაცვლად, ვიზიტები ანკარასა და ბაქოში, ასევე მოსკოვში განახორციელა, თბილისის გვერდის ავლით. როგორც ჩანს ამ პროექტიდანაც ამოვარდა საქართველო, არადა პროექტი წმინდა ეკონომიკური ხასიათისაა.

კომუნიკაციის თვალსაზრისითაც ვერადავერ ჩავჯექით რეგიონის სისტემაში. მხედველობაში სამხრეთ-ჩრდილოეთის მარშრუტები მაქვს — საავტომობილო, სარკინიგზო. ირანის ტერიტორიის გავლით სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებიდან ტვირთების აზერბაიჯან-რუსეთის გავლით ევროპაში გადაზიდვა. თუ ირან-სომხეთის რკინიგზის მოკლე მონაკვეთის აღდგენა მოხერხდა, სრული შესაძლებელია საქართველოს რკინიგზის ჩართვაც, მაგრამ აფხაზეთის მონაკვეთის აღდგენა აუცილებელია, რათა ტვირთებმა გაიაროს რუსეთი და შევიდეს ევროპაში.

აფხაზეთის რკინიგზის აღდგენის თემა დაკონსერვებულია საქართველოს ხელისუფალთა მხრიდან, რაც დანაშაულია ქვეყნისა და ერის წინაშე — ჩადენილი მრავალი წლის განმავლობაში, მსუყე შემოსავალს რომ აკარგვინებს საქართველოს ბიუჯეტს, არ აძლევს აფხაზებსა და ქართველებს დაახლოების საშუალებას, ერთობლივი ბიზნესურთიერთობების ჩამოყალიბებას, ხალხთა დაახლოებას და ყოველივე ეს ეწირება ანტირუსი ამერიკელი პოლიტიკოსების ხუშტურებს.

გავიმეორებ — ირანი ძალაა, რომლის უგულებელყოფა უარყოფითად მოქმედებს საქართველოზე. ეს, ის ძალაა, რომელიც თავის საყრდენს პოულობდა და იპოვის საქართველოს მუსლიმ მოსახლეობაში. მასთან საჭიროა თანამშრომლობა და არა ვიღაცის მითითებით მის მიმართ ალმაცრად მზერა, ნეგატიური გადაწყვეტილებების მიღება.

ზემომოყვანილი მაგალითები უნდა ყოფილიყო ერთ-ერთი დამაინტერესებელი ფაქტორი ირანის საპრეზიდენტო არჩევნებისადმი. მაგრამ ჩვენი პოლიტიკა, ისე, როგორც საზოგადოება ვიწრო, კუთხური კინკლავით უფროა დაკავებული, ვიდრე გლობალურით. ამდენად ირანის არჩევნებისადმი ყურადღება არათუ ნაკლები, საერთოდ არ ყოფილა. სწორედ ეს მიბიძგებს გავაკეთო აქცენტი იმაზე, რაც მიზეზთა გამო ჩვენი ინტერესის არეალში დღეს არ ხვდება, მაგრამ ხვალ მოხვდება, ვინაიდან რეგიონის ინტერესები მოითხოვს ამას, მედასავლეთელთა ინტერესებისგან განსხვავებით.

ვიდრე ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევნებს შევეხები გაგაცნობთ ირანის ისლამური რევოლუციის სულისჩამდგმელის, ირანის სულიერი ლიდერის აიათოლა რუჰოლა ხომეინის ანდერძიდან ამონარიდს, სადაც ის მიმართავს ირანელ პოლიტიკოსებს, ბიზნესმენებს, საზოგადოებას, რომელიც გავლენით სარგებლობს ხალხში:

„ჩემი ანდერძი პარლამენტისადმი, კონსტიტუციის საზედამხედველო საბჭოსადმი, მთავრობის, პრეზიდენტისა და სასამართლოს უმაღლესი საბჭოსადმი შემდგომში მდგომარეობს — იყავით მორჩილი ღვთის უზენაესი კანონების წინაშე და ნუ მოექცევით მძარცველი კაპიტალიზმის ყაჩაღური პოლუსისა და კოლექტივისტურ-კომუნისტური უღვთო პოლუსის უშინაარსო გავლენის ქვეშ. პატივი ეცით კერძო საკუთრებასა და კაპიტალს შარიათის მიერ დაშვებულ და განსაზღვრულ ისლამურ ფარგლებში. მდიდრებს, რომლებმაც ფული და ქონება მოიპოვეს შარიათის შესაბამისად ვუანდერძებ — სამართლიანად შეძენილი თქვენი სიმდიდრე კეთილ საქმეს მოახმაროთ, შეუდექით სასარგებლო შემოქმედებით საქმიანობას რაიონებში, სოფლებში, ფაბრიკა-ქარხნებში, რაც თავისთავად, ღირსეულ ღვთისმსახურებას წარმოადგენს“.

აიათოლა რუჰოლა ხომეინის ანდერძი ის მანათობელი გზამკვლელია, რომელსაც მიჰყვება ირანელი ხალხი. 1979 წლიდან დაწყებული გარე ძალები ცდილობენ ამ გზიდან გადაიყვანონ ირანელები, რისთვისაც არაფერს იშურებენ — არც ფულს, არც ანტიირანულ ძირგამომთხრელ მოქმედებას, თუმცა უშედეგოდ.

არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ რა არ იწერებოდა და იწერება ირანის პოლიტიკურ ცხოვრებაზე. ზოგი მართალი, უმეტესობა ტყუილი — ირანის დისკრედიტაციისთვის გამოზნეული, რომლის მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნები, არჩევნებისგან შორსაა და დანიშვნების სადარია; რომ არჩევნები, სადაც შერჩეული კანდიდატები ვითომ ეპაექრება ერთმანეთს, შორსაა თავისუფალი არჩევნებისგან.

არჩევნები, რომლის უკან პოლიტიკური პარტიები არ დგანან, თავიანთი კანდიდატებით, ვერ ჩაითვლება არჩევნებად და სხვა მრავალი, რაც მართალია. ირანში არ არის პოლიტიკური პარტიები, თუმცა საზოგადოებისთვის ცნობილია კონსერვატული ძალები და მათთან მოპაექრე ლიბერალები — ხშირად რეფორმატორებად მოხსენიებულნი. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილს ასეულობით ადამიანი აცხადებს და რომ არა კანდიდატთა შემრჩევი საბჭო, რომელიც ყველა კანდიდატურას გულდასმით ეცნობა და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, წარმოიდგინეთ რა ქაოსი იქნებოდა.

საბჭოს მუყაითი შრომის შედეგია მრავალასეული კანდიდატის სიის დახვეწა და ისეთ დონეზე დაყვანა, რომ არჩევნების ჩატარება პრობლემად არ გადაიქცეს. საბჭო სწავლობს კანდიდატის, როგორც შემოქმედებით საქმიანობას, ისე მისი ჯანმრთელობის საკითხებს, ფსიქიკურ მდგომარეობას, პოლიტიკურ თუ საზოგადო აქტიურობას და ა.შ. საბოლოო ჯამში არჩევნებში მონაწილეობის უფლება მხოლოდ ერთეულებს ეძლევათ.

აქვე აღვნიშნავ, რომ ირანის პრეზიდენტი ქვეყნის მეთაური არ არის. ის აღმასრულებელ ხელისუფლებას მეთაურობს, ანუ პრემიერ-მინისტრია. ქვეყნის მეთაური სულიერი ლიდერია — ამჟამად 82 წლის აიათოლა ხამენეი, რომელიც საბჭოს მიერ იქნა შერჩეული ქვეყნის უმაღლეს მმართველად, რახბარად აიათოლა ხომეინის გარდაცვალების შემდეგ.

ირანის მეთაურის არჩევა საყოველთაო არჩევნების გზით არ ხდება. მას სპეციალური საბჭო ირჩევს. ირანის მეთაურად საბჭოს მიერ არჩევამდე აიათოლა ხამენეი ირანის პრეზიდენტი იყო.

ირანული წყაროების მიხედვით, ირანის მეთაური აიათოლა ხამენეი მხარს უჭერდა დღეს უკვე ხალხის მიერ არჩეულ პრეზიდენტს ულტრაკონსერვატორ, 60 წლის პოლიტიკოსს იბრაჰიმ რაისის, რომელიც უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარე იყო. სასამართლო სისტემაში რაისი 80-იან წლებში გამოჩნდა, ჯერ სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ, შემდეგ თავმჯდომარედ.

აიათოლა ხამენეი დიდი ხანია იცნობს რაისის. ორივენი მეშხეთიდან არიან. მეშხეთი ირანის შიიზმის ცენტრად ითვლება და კონკურენციას უწევს საქვეყნოდ ცნობილ ყუმს — ირანის შიიზმის დედაქალაქს — საერთაშორისო უნივერსიტეტებითა და სკოლებით სახელგანთქმულს. ამ ქალაქმა და იქ გავლილმა სწავლების კურსებმა, ირანულ შიიზმთან დაკავშირებით ფართო შესაძლებლობა გაგვიხსნა მე და ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელს გულბაათ რცხილაძეს თანამედროვე ირანის ობიექტურ აღქმაში, რისთვისაც მადლობას ვუხდი ირანულ მხარეს ჩვენი მიწვევისთვის.

ოფიციალური ცნობების მიხედვით, რაისი სისტემატურად ესწრებოდა ხამენეის ლექციებს. ხშირად ჰქონდა მასთან ლაპარაკი, სჯაბაასი ისლამის მოძღვრებასთან დაკავშირებით. იბრაჰიმ რაისის უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეობა, შემდეგ თავმჯდომარეობა საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა, განსაკუთრებით დასავლურმა და იმათ, ვინც ირანელები არიან, მაგრამ 1979 წლიდან უცხოეთში ცხოვრობენ, ნეგატიურად შეაფასეს.

გასული საუკუნის 80-იან წლებში, როდესაც ირანის ახალგაზრდა ისლამურ რევოლუციას შიდა და გარე მტრებთან დაუნდობელი ბრძოლა უწევდა, რაისი შედიოა იმ ოთხეულში, რომელსაც „სასიკვდილო კომისიასაც“ უწოდებდნენ. თუ რამდენად მართალია ის, რომ ამ კომისიას 5000 სასიკვდილო განაჩენი აქვს გამოტანილი, ძნელი სათქმელია და სერიოზულ, საფუძვლიან შესწავლას საჭიროებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ბრალდება ჭორის დონეს ვერ ასცდება.

ასეთი და უარესი ბრალდებები სისტემატურად ისმის „დემოკრატიული“ დასავლეთის მხრიდან და მის მიერ მომართული არასამთავრობო ორგანიზაციების პირით.  ასეთს, ირანისთვის სერიოზული ზიანი არ მიუყენებია. თუ რაისი ესოდენ მძიმე წარსულის მქონე პიროვნებაა, მაშ რატომ შეარჩია ქვეყნის მეთაურმა ასეთი და მის პრეზიდენტობას დაუჭირა მხარი? რა გამოდის, სულიერი ლიდერიც ისეთია, როგორიც რაისი?

აქ უდავოდ ცილისწამებასთან გვაქვს საქმე და ირანის საშინაო ცხოვრების სხვაგვარ, გაუკუღმართებულ აღქმასთან!

ხამენეი-რაისის ურთიერთდამოკიდებულებაში უმთავრესი შეხედულებათა თანხვედრა და ერთობლიობაა. იბრაჰიმ რაისის გამარჯვებაში ზოგი სხვას ხედავს — სხვა ჩანაფიქრს, ანუ ტრამპლინს რახბარობისკენ.

ცნობილი ფაქტია, რომ 82 წლის ირანის მეთაური ხამენეი, რომელიც სიცოცხლის ბოლომბე ასრულებს ირანის მეთაურის ფუნქციას, ავად არის. მას პროსტატის კიბო აქვს და აქედან გამომდინარე არჩევს შემცვლელს. ასეთი კი ახლადარჩეული პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი იქნება.

კონსტიტუციის მიხედვით, ქვეყნის მეთაურობას სულაც არ სჭირდება პრეზიდენტად ყოფნა, ისე, როგორც რახბარის მიერ შერჩეული სამეთაურო კანდიდატი აუცილებლად გახდება მეთაური. ამის მაგალითია ირანის პირველი მეთაური, იმამი ხომეინი, რომელიც 1989 წელს გარდაიცვალა. გარდაცვალებამდე მან შეარჩია კანდიდატი, თუმცა ექსპერტების საბჭომ ხანგრძლივი განხილვის შედეგად კანდიდატთა შორის მე-14 ადგილზე მყოფი ხამენეი შეარჩია.

ასე, რომ წინასწარმეტყველება იმისა, ვინ იქნება მომავალი მეთაური შეუძლებელია, მითუმეტეს მაშინ, როდესაც მოქმედი ჯერაც ასრულებს თავის მოვალეობას.

საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ არის ლაპარაკი იმაზე, რომ რაისის საპრეზიდენტო ბრძოლაში სუსტი კანდიდატები დაუყენეს. და მართლაც, სპეციალურმა საბჭომ არჩევნებში მონაწილეობისთვის არ დაუშვა ყოფილი პრეზიდენტი ახმადინეჟადი და პარლამენტის ყოფილი სპიკერი ლარიჯანი. მათი პოლიტიკური წონა საკმაოდ დიდია და არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში ისინი სერიოზულ კონკურენციას გაუწევდნენ გამარჯვებულ რაისის.

ირანის კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტს 4 წლით ირჩევენ, რის შემდეგ მას უფლება აქვს კიდევ ერთხელ მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა. მიყოლებით, მესამე მცდელობის უფლება მას არ აქვს. ორჯერ არჩეულ პრეზიდენტს უფლება აქვს კვლავ იყაროს კენჭი საპრეზიდენტო ერთი/ორი ან მეტი ვადის გავლის შემდეგ.

ყოფილმა პრეზიდენტმა ახმადინეჟადმა დაიცვა კონსტიტუციის მოთხოვნები და გადაწყვიტა არჩევნებში მონაწილეობა, თანაც ორჯერ, თუმცა ორივე შემთხვევაში საბჭოს გადაწყვეტილება მის მიმართ იყო ნეგატიური. რაც შეეხება ლარიჯანის, მას ნაკლად ჩაუთვალეს შვილის აშშ-ი სწავლა.

18 ივნისის არჩევნებმა უზრუნველყო პოლიტიკური ტრადიციის გაგრძელება, რომლის მიხედვით ლიბერალებს, კონსერვატორები ცვლიან და პირიქით. წინა, ლიბერალური მთავრობა შეცვალა ულტრაკონსერვატორმა იბრაჰიმ რაისიმ. კონსერვატორთა პოლიტიკიდან გამომდინარე დასავლეთთან ურთიერთობები უფრო მკაცრი იქნება, ვიდრე ლიბერალი პრეზიდენტის დროს, თუმცა დასკვნების გაკეთება ნაადრევია.

ჰამლეტ ჭიპაშვილი,

პოლიტოლოგი