ახლო აღმოსავლეთი და მსოფლიო დიდი გამოწვევის წინაშე

2020 წელი აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ძვირადღირებული „საჩუქრით“ დაიწყო, რომელიც მან საკუთარ ხალხს და მსოფლიოს ხალხებს უსახსოვრა. ეს, ისეთი „საჩუქარია“ — მიმდინარე და შემდგომ წლებში ფასი რომ გაეზრდება, თანაც კატასტროფულად. იბადება კითხვა — იღებს კი დასაჩუქრებული, ესოდენ სახიფათო საჩუქარს, რომლის სიძვირე მას დააწვება?!

აშშ-ს  80 ქალაქის „დასაჩუქრებულმა“ მოსახლეობამ უმალ განაცხადა „ძვირფასი“ საჩუქრის მიღების აბსურდულობა იმ მრავალრიცხოვანი მიტინგებით, რომლებსაც ადგილი ჰქონდა და მომავალშიც ექნება.

შთამბეჭდავი იყო მიტინგი, „თეთრ სახლთან“ ცნობილი სახეების მონაწილეობით. გამომსვლელები კატეგორიულად მოუწოდებდნენ პრეზიდენტს და მის ადმინისტრაციას თავი დაანებონ ისეთი „საჩუქრების“ დარიგებას, მსოფლიო ომს რომ გამოიწვევს; შეწყვიტონ ირანის ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ ცხელ-ცხელი სანქციების დაწესება, მოხსნან დაწესებული და საკამათო საკითხები გადაწყვიტონ მოსალაპარაკებელ მაგიდასთან.

ამერიკელები, ვინც მიტინგებში იღებდნენ მონაწილეობას, აკრიტიკებდნენ პრეზიდენტ ტამპს ავანტიურისტული ნაბიჯის გადადგმისთვის და აცხადებდნენ, რომ მისი აგრესიული პოლიტიკა არა მარტო აშშ-ს სამხედრო მოსამსახურეების ხოცვას გამოიწვევს, არამედ სამოქალაქო პირების, მათ შორის პოლიტიკოსებისაც.

მკითხველი მიხვდა რა „საჩუქარზეა“ ლაპარაკი — არაფრით განსხვავებულის ჩვენთვის ცნობილი ტერორიზმისგან, ტერორისტული ორგანიზაციების „ალ-ქაიდას“, „ისლამური სახელმწიფოს“, „ჯებხატ ან-ნუსრას“, სხვა ტერორისტული ორგანიზაციების ხელწერით განხორციელებულის.

აშშ-ს ადმინისტრაციის „გულუხვობამ“ მკაცრი კრიტიკა არა მარტო რიგით ამერიკელებში გამოიწვია, არამედ პოლიტიკოსებში, მაღალი რანგის მოხელეებში, კანონმდებლებში, განსაკუთრებით დემოკრატებში, რომელთათვის რესპუბლიკელი ტრამპი რახანია საძულველი სამიზნეა.

კონგრესის დემოკრატიული უმრავლესობის ლიდერმა ნენსი პელოსიმ, ტრამპის ბრძანებით განხორციელებულ თავდასხმას, მიაყოლა კრიტიკული ცუნამი მტკიცებით, რომ ტრამპი შეუფერებელია აშშ-ს პრეზიდენტის სავარძლისთვის, ვინაიდან ერთპიროვნულად, კონგრესთან შეუთანხმებლად იღებს გადაწყვეტილებებს — ავანტიურისტულს, აგრესიულს, ქვეყნისთვის სახიფათოს, რასაც ამერიკელთა სიცოცხლე შეიძლება შეეწიროს, გააჩაღოს ახლო აღმოსავლეთში კიდევ ერთი ომი.

პელოსის განცხადებას სხვა დემოკრატებმაც შეუერთეს ხმა, თან საზოგადოებას შეახსენეს კონგრესში ტრამპის იმპიჩმენტისთვის მიღებული გადაწყვეტილების მართებულობა, მოუწოდეს სენატს (სადაც მალე დაიწყება ანალოგიური პროცესი) ისეთივე დასკვნის გამოტანისკენ, როგორიც წარმომადგენელთა პალატამ გააკეთა, ახალი, 2020 წლის დადგომამდე, რამდენიმე დღით ადრე.

ქვეყნის ყოფილი თუ მოქმედი სახელმწიფო მოხელეები, მაღალი რანგის სამხედრო მოსამსახურეები აცხადებენ, რომ ტრამპის გადაწყვეტილება უდავოდ გამოიწვევს ირანის მხრიდან  შურისძიებას და საფრთხის წინაშე დააყენებს ახლო აღმოსავლეთში განლაგებულ აშშ-ს სამხედრო ბაზებს. თვით აშშ-ი გაზრდის ტერორისტული აქტების საფრთხეს, რაც არ იქნება მარტო ირანის დაგეგმილი, არამედ იმ შიიტური ძალების, რომლებიც უხვად არიან, როგორც ახლო აღმოსავლეთში, ისე სხვაგან, მათ შორის აშშ-ი.

პრეზიდენტი ტრამპი აცხადებს — თუ შურისძიების აქტს ექნება ადგილი, აშშ-ი ყველაფერს იღონებს ირანის სამხედრო და სხვა სახის, მათ შორის კულტურის ობიექტების დასაბომბად. ირანის ხელისუფლებამ, კატეგორიული განცხადებით გამოხატა საკუთარი აღშფოთება გენერალ ყასემ სოლეიმანის მკვლელობასთან დაკავშირებით, თან ისიც თქვა, რომ საპასუხო ნაბიჯს აუცილებლად ექნება ისეთი შედეგი, აშშ-ს დიდხანს რომ დაამახსოვრდება.

ირანის  ქალაქ ყუმში — რელიგიის ცენტრში, არსებული ყველაზე მაღალი შენობის თავზე, წითელი დროშა აღიმართა — ბრძოლის, შურისძიების, პატრიოტული სულისკვეთების სიმბოლო. ირანის სულიერმა ლიდერმა, ქვეყნის მეთაურმა აიათოლა ალი ხამენეიმ დაგმო ტრამპის მოქმედება და ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა. მან და ირანის პრეზიდენტმა მოკლული გენერლის ოჯახი მოინახულეს და პირადად მიუსამძიმრეს ოჯახის წევრებს, რომლის დროსაც მოკლული გენერლის ქალიშვილმა კატეგორიული ტონით ჰკითხა ალი ხამენეის — „აგებს თუ არა პასუხს ამერიკა მამის მკვლელობაზე“, რაზეც პასუხი იყო მოკლე და კონკრეტული — უეჭველად.

ირანელები სიტყვებს დაუფიქრებლად არ ისვრიან, მითუმეტეს ირანის სულიერი ლიდერი, ქვეყნის მეთაური. ის, ვალდებულია პასუხი გასცეს არა მარტო ტერორისტული აქტის ჩამდენს, არამედ გლოვის ნიშნად შავებში შემოსილ მილიონობით ირანელს, რომლებმაც ირანის ქალაქების ქუჩები აავსეს, ახლო აღმოსავლეთსა და მსოფლიოს სხვა კუთხეებში მცხოვრებ შიიტებს.

ირანის მხრიდან გენერალ ყასემ სოლეიმანის მკვლელობის წაყრუება, მსოფლიო შიიტთა შორის ირანის პრესტიჟის უკიდურესი დაცემის ტოლფასი იქნება და არა მარტო შიიტებში, არამედ ახლო აღმოსავლეთისა და მსოფლიო ქვეყნებში. პასუხი კი ნიშნავს ამერიკელთა პასუხს, რაც თავისთავად ომია — არა მარტო რეგიონული, არამედ მსოფლიო, ვინაიდან ირან-ამერიკის სამხედრო „კინკლაობაში“ უდავოდ ჩაერთვებიან ირანის მოწინააღმდეგე ისრაელი, რომლის პრემიერ-მინისტრმა ნეთანიაჰუმ მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა ტრამპის მიმართ; საუდის არაბეთი — ირანის მტერი — ერთის მხრივ, მეორის კი რუსეთი, ჩინეთი, არაბული სამყაროს ქვეყნები — ლოიალურად განწყობილი ირანის მიმართ, სხვები.

მკითხველს შევახსენებ — ირან-ერაყის ათწლიან ომში, ინსპირირებულში დასავლეთის, კერძოდ აშშ-ს მიერ, ერაყის პრეზიდენტის სადამ ჰუსეინის მხარეზე (მაშინ ის აშშ-ს მოკავშირე იყო) მთელი მსოფლიო თუ არა, ნახევარზე მეტი იღებდა მონაწილეობას. ირანის ახალმა ხელისუფლებამ, აიათოლა ხომეინის მეთაურობით, წარმატებით გაართვა თავი უსერიოზულეს გამოწვევას და გამანადგურებელი ომი ისე დაასრულა, როგორც ამ ქვეყნის მრავალსაუკუნოვან ისტორიას შეეფერებოდა.

აი, იმ ომში გამოიწრთო ყასემ სოლეიმანი, რომელმაც თავდადებული, გმირული შრომით, ბრძოლით, გამჭრიახი სტრატეგიული ხედვით მიაღწია გენერლობას. ქვეყნის წინაშე გაწეული სამსახურისთვის ყასემ სოლეიმანი ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა მეთაურად დაინიშნა — სამხედრო ორგანიზაციის, რომელიც სპეცსამსახურის ფუნქციასაც ასრულებს და იბრძვის ტერორიზმის წინააღმდეგ.

სწორედ აღნიშნული ორგანიზაციის მეომრების და მათი მეთაურის ყასემ სოლეიმანის შეუპოვარი ბრძოლის წყალობით, ერაყსა და სირიაში წერტილი დაესვა ტერორისტული ორგანიზაციის „ისლამური სახელმწიფოს“, „ალ-ქაიდას“ ფილიალის „ჯებხატ ან-ნუსრას“, სხვა ტერორისტების პარპაშს.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა მეომრები, რუსეთის სამხედრო თვითმფრინავების მიერ, ტერორისტთა ბუნაგებზე მიტანილი თავდასხმების შემდეგ, სახმელეთო ბრძოლებში ერთვებოდნენ და თავიანთი სისხლის ფასად იცავდნენ რეგიონს ტერორიზმის გავრცელებისგან.

რუსეთთან, თურქეთთან ერთად ირანმა და უპირველეს ყოვლისა ირანის ისლამური რესპუბლიკის გუშაგებმა გადაარჩინეს სირია განადგურებისგან, მსოფლიო რუქიდან გაქრობისგან, ტერორიზმის, როგორც სახელმწიფო სტრუქტურად ჩამოყალიბებისგან — განა ეს „გენიალური“ აზრი არ იყო ჩადებული ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ დაარსებაში, მისი შემქმნელის აშშ-ს მიერ?

რამდენი ფული, ენერგია, სამხდრო ტექნიკა, წვრთნა დახარჯეს აშშ-ს სპეცსამსახურებმა „ისლამური სახელმწიფოს“ ჩამოსაყალიბებლად? განა, ამის შესახებ არ სდებდა ბრალს პრეზიდენტი ტრამპი, წინამორბედ ობამას?!

განა, ტრამპმა არ აღიარა აშშ-ს წვლილი ზემონახსენები ორგანიზაციის შექმნაში? „4 ტრილიონი დოლარი დახარჯეს ჩემმა წინამორბედებმა ახლო აღმოსავლეთის ავანტიურაში“, — იყო ნათქვამი ტრამპისა. მაშ, რამ გამოიწვია მისი ესოდენი გაგულისება ირანის მიმართ და ამით მთელი მსოფლიოს ყოფნა-არყოფნის საკითხის წინა პლანზე წამოწევა?

პასუხი — ცალსახა და ერთმნიშვნელოვანი არ და ვერ იქნება. თვით ამერიკელ ექსპერტთა მიხედვით, ტრამპის ნაბიჯი აშშ-ს ა.წ. საპრეზიდენტო არჩევნებსაც უკავშირდება; იმპიჩმენტის პროცედურის თავის სასარგებლოდ დასრულებასაც; აშშ-ს მოსახლეობის, საკუთარი პერსონის ირგვლივ შემოკრებასაც; ახლო აღმოსავლეთში დაკარგული პოზიციების დაბრუნებასაც; მოწინააღმდეგე დემოკრატების კრიტიკასთან დაპირისპირებასაც — ისინი ხომ ტრამპს მუდამ აკრიტიკებენ ახლო აღმოსავლეთში უნიათო პოლიტიკის წარმოებაში, რომლის შედეგადაც რუსეთმა მყარად გაიდგა ფესვი რეგიონში, ისე, როგორც ირანმა, შიიტური ირანის ერაყსა, სირიასა, იორდანიასა და სხვაგან გავლენის გაფართოებასაც და სხვა მრავალს.

ირანის მიმართ, პრეზიდენტობის კანდიდატი ტრამპი, მუდამ იყო ნეგატიურად განწყობილი. იმთავითვე ნათელი იყო, რომ გაპრეზიდენტების შემდეგ უდავოდ შეცვლიდა წინამორბედი ობამას შემრიგებლურ პოლიტიკას, რამაც ამერიკას გადააყლაპვინა 40-წლიანი წყენა ისლამური რესპუბლიკის არსებობის პირველი დღეებიდან განცდილი, თეირანში აშშ-ს საელჩოს მრავალთვიან ალყაში მოქცევით, 52 ამერიკელი დიპლომატის გამომწყვდევით გამოწვეული.

ობამას ადმინისტრაციამ გადადგა საღი, მსოფლიოსთვის სასარგებლო ნაბიჯი და გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებთან, გერმანიასთან ერთად, ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, რომლის მიხედვით ირანი წყვეტდა ბირთვული კვლევის ლაბორატორიებში ურანის გამდიდრებას ისეთ დონემდე, რომელიც შორს იქნებოდა ბირთვული ბომბის შექმნისგან. ნაცვლად ამისა აშშ-ი და მისი მოკავშირეები მოხსნიდნენ ირანის წინააღმდეგ შემოღებულ ეკონომიკურ სანქციებს.

ხელშეკრულებამ ლამის ჭკუიდან გადაიყვანა ისრაელის ხელისუფლება — ირანის მტერი ქვეყანა, მაგრამ ობამას ადმინისტრაციას აზრი ვერ შეაცვლევინა. რაც შეეხება ობამას შემცვლელ ტრამპთან, ისრაელმა თავისი გაიტანა, თუმცა გასატანიც იოლი ჰქონდა, თვით ტრამპის ანტიირანული პოზიციიდან გამომდინარე, ისე, როგორც პრეზიდენტის ოჯახის.

ტრამპის სიძე, ივანკას მეუღლე, ორთოდოქსი იუდეველია, ქალიშვილმაც შეიცვალა აღმსარებლობა. ტრამპის, მისი ოჯახის, ისრაელის პრემიერ-მინისტრის ნეთანიაჰუს, აშშ-ი მცხოვრები გავლენიანი ებრაელების პოლიტიკური პლატფორმა ერთ სიბრტყეზე განთავსდა — მას ანტიირანული პლატფორმა ჰქვია. ბოლო სამი წელია უტევენ ისინი ირანს — უწესებენ ახალ-ახალ სანქციებს, უწოდებენ ტერორისტულ ქვეყანას და სხვა.

მართლაც, დიდი ფარისევლობაა ტერორიზმის წინააღმდეგ სიტყვით, საქმით მებრძოლ ქვეყანას ტერორიზმი დასწამო და ამ საბაბით საიქიოს გაისტუმრო თანამედროვე მსოფლიოს უსერიოზულესი გამოწვევა — ტერორიზმის წინააღმდეგ მებრძოლი ყასემ სოლეიმანი.  უფრო მეტიც, საკუთარი ბოსის დასაცავად აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ყველგან ჩამორეკა — მოკავშირეთა დარწმუნების სურვილით, რომ გენერალი სოლეიმანი იმიტომ მოიშორეს თავიდან, ტერორისტულ აქტებს გეგმავდა ევროპასა და აშშ-ი; რომ ტრამპმა გადაარჩინა ევროპა სოლეიმანისეული ტერორისტული თავდასხმებიდან.

 ცინიზმიც ამას ჰქვია. საჰაერო თავდასხმამ, რომელმაც ყასემ სოლეიმანი შეიწირა, აზრთა მკვეთრი განსხვავება გამოიწვია მთელს მსოფლიოში, განსაკუთრებით აშშ-ს ევროპულ მოკავშირეებში. მათ, აშშ-ს მოქმედება ისე არ შეაფასეს, როგორსაც ტრამპი ისურვებდა. უფრო მეტიც, შეშფოთება გამოთქვეს რეგიონსა და მსოფლიოში მშვიდობისათვის ფუნდამენტის შერყევაში. დიალოგი და მხოლოდ დიპლომატიური დიალოგი დაპირისპირებულ მხარეთა შესარიგებლად — ასეთია მათი მოწოდება.

აშშ-ს ადმინისტრაციის დაუფიქრებელმა მოქმედებამ, რომელმაც პრეზიდენტ ტრამპისადმი დამოკიდებულება ნეგატიურობისკენ გადახარა, აიძულა „თეთრი სახლი“, სახელმწიფო დეპარტამენტი, მათთვის ჩვეული ზეწოლით, დიდი თუ მცირე ქვეყნების დაყოლიება ტრამპის ქმედების მხარდასაჭერად. სწორედ მას უნდა მივაწეროთ ზოგიერთთა მხრიდან ირანის „ტერორიზმის“ აღიარება-დაგმობა.

ასეთთა რიცხვში საქართველოც არის. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ზალკალიანმა გამოხატა ქვეყნის პოზიცია აღნიშნულთან დაკავშირებით, დაგმო ტერორიზმი (იგულისხმება ირანული), ხაზგასმით აღნიშნა აშშ-ს „სამართლიანი“ ბრძოლის თაობაზე ტერორიზმის საწინააღმდეგოდ. თქვა ისიც, რომ საქართველო, აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორია, რითაც აგრძნობინა ირანს, რომ ის (საქართველო) მუდამ იქნება სტრატეგიული პარტნიორის გვერდით.

სტრატეგიული პარტნიორობა ცალ კარში თამაშს არ ნიშნავს, ხანდახან თავის გაწირვასაც მოითხოვს. ამ შემთხვევაში პარტნიორობა თავის გაწირვის ტოლფასია? ჯანდაბას ხელისუფლების თავი, ხალხმა რა დააშავა? რა ხანია ოკეანის გადაღმელ სამხედროთა და პოლიტიკოსთა მხრიდან ვისმენთ საქართველოს სამხრეთში, იქ სადაც საბჭოთა ჯარის ნაწილები იდგა, სირიიდან გამოსული ამერიკელი სამხედროების განთავსების თაობაზე. ისიც გვესმის, თუ რა საჭირო იქნება ვაზიანის აეროდრომი ირანზე საჰაერო იერიშისთვის და ა.შ.

მოყვანილი ამერიკული ვარიანტები, მხოლოდ ვარაუდია, მაგრამ რა იქნება ირანთან ომის შემთხვევაში?

საქართველო-ირანის დღევანდელ ურთიერთობებს საუკეთესოს ვერ ვუწოდებთ. „სტრატეგიულმა“ თანამშრომლობამ შეამცირა საქართველოში ირანული ტურიზმი, სავაჭრო კავშირები. შემცირდა ირანიდან შემოსული ფულიც — შეზღუდული ეკონომიკური ურთიერთობებიდან გამომდინარე. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ისიც ბრძანა, რომ ეკონომიკური ურთიერთობების სამომავლო გაუარესება დიდი დანაკლისი არ იქნება საქართველოს ბიუჯეტისთვის.

როგორც ჩანს პატივცემული პროფესორი ორი ქვეყნის ურთიერთობების გაუარესებას მოელის, ამერიკა-ირანის ომის შემთხვევაში ის მარტო ეკონომიკას შეეხება? საქართველოს ხელისუფლება, ისე, როგორც აშშ-ს ადმინისტრაცია მოჭარბებული ზედაპირულობით ხომ არ აფასებს თანამედროვე ირანის შესაძლებლობებს?

ჩვენი რა გითხრათ, მაგრამ ამერიკის ადმინისტრაციას რომ მსუბუქი წარმოდგენა აქვს 80-მილიონიან ირანზე, ფაქტია. წინააღმდეგ შემთხვევაში ტრამპი სხვაგვარად მოიქცეოდა, დაახლოებით ისე, როგორც მისი წინამორბედი ობამა — გააგრძელებდა ამ ქვეყანასთან ურთიერთობებს, ააღორძინებდა სავაჭრო კავშირებს, რითაც კარდინალურად შეუცვლიდა სახეს რეგიონში არსებულ ანტიამერიკულ განწყობას.

ნაცვლად, მან ძველებურ, უვარგის გზას მიმართა — ირანის ძალისმიერ დაჩოქებას, სანქციებით, ირანის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუარესების, ქვეყნის შიგნით ბუნტის მოწყობის, რევოლუციის გამოწვევის, არსებული ხელისუფლების დამხობის. ვითომ ასე იოლი იქნება 1979 წელს რევოლუციის გზით მოსული ხელისუფლების დამხობა?

ცხადია, სანქციები მოქმედებს ირანელთა ცხოვრებაზე. ირანელები წუწუნებენ საკუთარი ხელისუფლების მიმართ, მაგრამ ისინი თვლიან, რომ ვითარება დროებითია და შეიცვლება. ერთი რამ, რაც ადუღაბებს ირანის ხელისუფლებასა და ხალხს — გარე გამოწვევებია. გენერალ ყასემ სოლეიმანის მკვლელობა სწორედ ასეთად შეიძლება ჩაითვალოს.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი