რუსეთის პრეზიდენტის პუტინის სტატიის თაობაზე
ნაციონალები, რომლებიც სისტემატურად სდებენ ბრალს ხელისუფლებას დასავლეთთან ურთიერთობის ინერტულობაში, მეასე ცაზე არიან თეთრ სახლში პოლონეთის პრეზიდენტის ანჟეი დუდას განცხადების გამო. პრეზიდენტების ტრამპისა და დუდას პრეს-კონფერენციაზე, დუდამ ტრადიციულად ლანძღა რუსეთის ხელისუფლება და ამ (ნაცთათვის სანუკვარ) პროცესში ახსენა რუსეთის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ, რასაც ადგილი ჰქონდა 2008 წელს.
საქართველო, დუდას განცხადებით მთავარი საკითხი არ იყო. ის, უფრო მთავარი კერძის „გარნირად“ მოსჩანდა. მთავარი კი უკრაინის წინააღმდეგ 2014 წლის რუსული აგრესია იყო, რასაც მოჰყვა (მისი მიხედვით) ყირიმის ანექსია და დონბასში ომის გაჩაღება.
დუდა პოლონური პოლიტიკის იმ ნაწილს ეკუთვნის, რუსეთს რომ სისტემატურად აგინებს, თუმცა ძნელია მოძებნოს დღევანდელ პოლონეთში რუსეთთან, მიმართებაში, თუნდაც ნეიტრალურად განწყობილი პოლონელი პოლიტიკოსი ან პოლიტიკური პარტია.
პოლონეთი — მებაირახტრეა ყოველივე საბჭოურის წინააღმდეგ გაჩაღებულ ომში — საბჭოთა სიმვოლიკის აკრძალვით დაწყებული, ფაშიზმისგან პოლონეთის განმათავისუფლებელი საბჭოთა მეომრებისა და მხედარმთავრების ძეგლების მიწასთან გასწორებით დამთავრებული.
პოლონეთი, ის ქვეყანაა, რომელსაც თვალი ვერ გაუსწორებია ისტორიული სინამდვილისთვის და ჯერაც არ დაუგმია ფაშისტურ გერმანიასთან მჭიდრო თანამშრომლობა, რომელმაც ევროპა და მსოფლიო ჯერ მიუნხენის ხელშეკრულებამდე, ჩეხეთის დაპყრობამდე, შემდეგ კი მსოფლიო ომამდე მიიყვანა.
ისტორიის მცოდნეთათვის სასაცილოდ გამოიყურება პოლონელთა მხრიდან საბჭოთა კავშირის დადანაშაულება ფაშისტურ გერმანიასთან 1939 წელს დადებული ხელშეკრულებისთვის, რასაც ოფიციალური ვარშავა ისე, როგორც დასავლეთი ჰიტლერ-სტალინის გარიგებად მოიხსენიებენ. მათი მტკიცებით, სწორედ მოსკოვის ხელშეკრულებას მოჰყვა ევროპაში გავლენის სფეროების შემოხაზვა.
იმას აღარავინ ამბობს, გარდა საქმეში ღრმადჩახედული მსოფლიოს ისტორიკოსებისა, რომ მოსკოვის ხელშეკრულებამ კიდევ ერთხელ გააფრთხილა მსოფლიო მოსალოდნელი საშინელების თაობაზე და მისცა მას შანსი დაფიქრების, ფაშიზმისთვის განსხვავებული თვალით შეხედვისთვის, რაც ევროპამ დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, პოლონეთის, სხვათა სახით ვერ გამოიყენა.
ვერ თუ არ? საკითხავი ეს არის და რომ „არ“, ყველა იმათთვის კარგად არის ცნობილი, ვისაც ისტორიული დოკუმენტის ობიექტური წაკითხვის და აღქმის უნარი აქვს.
მეორე მსოფლიო ომი იდეოლოგიათა დაპირისპირების ომი იყო — უპირველეს ყოვლისა. მეფის რუსეთში, რევოლუციის შედეგად გამარჯვებული ბოლშევიზმი, ძვალივით იყო გაჩხერილი კაპიტალიზმის ყელში. რა არ იღონა მან ბოლშევიკური რუსეთის, შემდეგ საბჭოთა კავშირის მოსაშთობად, მაგრამ ამაოდ. და ამ დროს ახალი შანსი — ჰიტლერისა და ნაციზმის სახით.
პირველ მსოფლიო ომში დამარცხებული გერმანია, რომელსაც აკრძალული ჰქონდა სამხედრო მანქანის შექმნა, სწრაფ და მიზანმიმართულ სამხედრო აღორძინებას იწყებს ამერიკული, დასავლური კაპიტალით.
ამერიკული კომპანიები — მჭიდრო თანამშრომლობაში შესული გერმანულ კაპიტალთან, არ ნაღვლობს ჰიტლერიზმის იდეებისა და დამპყრობლური გეგმების რეალობად ქცევაზე. პირიქით, ხელს უწყობს და აქეზებს მას ბოლშევიზმის, საბჭოეთის წინააღმდეგ. მათი მიზანი კლასობრივი მტრის, საბჭოთა კავშირის განადგურებაა — განადგურებულის სიმდიდრეების ხელში ჩაგდება — სხვისი, ამ შემთხვევაში არა ინგლისურ-ფრანგულ-ამერიკული ხელით, არამედ მანამდე, 20 წლით ადრე, მათ მიერ დაჩოქებული გერმანიის ხელით. ამიტომაც არ მიიწვიეს საბჭოთა კავშირი მიუნხენში, ჩეხეთის მიმართ ძალადობრივი ხელშეკრულების გაფორმების დროს.
ერთადერთი ქვეყანა, ვინც ჩეხეთის დაცვის სურვილი გამოთქვა სსრკ-ი იყო. ერთადერთი ქვეყანა, ვინც ლონდონს, პარიზს, სხვას მოუწოდა ფაშიზმის წინააღმდეგ ერთიანი ბრძოლის თაობაზე, საბჭოთა კავშირი იყო და როდესაც მან ვერაფერს მიაღწია — შეკრა გერმანიასთან კავშირი — მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის სახით.
რა მოუტანა მან საბჭოთა კავშირს? ღირდა თუ არა ჰიტლერთან ხელშეკრულების გაფორმება?
აი, ის კითხვები, რომლებიც სისტემატურად ჟღერს არა მარტო დასავლეთში, რუსეთშიც. გონიერმა ისტორიკოსებმა, პოლიტოლოგებმა, პოლიტიკოსებმა დიდი ხანია პასუხი გასცეს ამ კითხვებს — მშვიდი ცხოვრებისა და სამხედრო მშენებლობის თითქმის ორი წელი, რაც იმ კრიტიკულ და დაძაბულ ვითარებაში ცოტა არ იყო. საბჭოთა კავშირის ახალმა საზღვრებმა, რომლებმაც დასავლეთისკენ და ჩრდილოეთისკენ (ფინეთი) გადაიწიეს, ფაშისტურ გერმანიას წაართვა „ბლიც კრიგის“ განხორციელების შანსი. ძველ საზღვრებში გერმანელთა შეტევას სხვა ფინალი (უფრო სწრაფი) ექნებოდა.
მსოფლიო ექსპერტობა, მათ შორის რუსეთის, თვლის, რომ მოლოტოვ-რიბენტროპის ხელშეკრულება საბჭოთა დიპლომატიის ისეთი წარმატებული მონაპოვარია, მსოფლიო დიპლომატიის ისტორიაში რომ ანალოგი არ ჰყავს. და მიუხედავად ამისა დასავლეთმა —საბჭოეთის დანგრევის მსურველმა, არა მარტო ჰიტლერი, არამედ მასთან კოალიციაში მყოფ თითქმის მთელ ევროპას გზა დაულოცა აღმოსავლეთისკენ ომში.
მადაგამოღვიძებულ ჰიტლერს თვალი ინგლისზე რომ არ დაედგა, იაპონიას, ფაშისტური გერმანიის მოკავშირეს, არ დაებომბა, ამერიკული პერლ-ჰარბორი, ვინ იცის, როგორ განვითარდებოდა მოვლენები.
საბჭოთა ხელმძღვანელობის, პირადად სტალინის გონიერების, დიპლომატიური უნარის, შორსმჭვრეტელობის შედეგად განხორციელდა კლასობრივ მტრებთან, პირწავარდნილ იმპერიალისტებთან — ინგლისთან და აშშ-ან საერთო ენის გამოძებნა და ანტიჰიტლერული კოალიციის შეკვრა.
ვიყოთ რეალისტები, ობიქტურები და ვთქვათ, რომ არა სტალინის რკინისებური სიმტკიცე, სამხედრო საქმისა და მსოფლიო პოლიტიკის ღრმა ცოდნა, ჰიტლერის დამარცხება შეუძლებელი იქნებოდა. ისე, როგორც აღმოსავლეთით იაპონიის, სამხრეთით — თურქეთის დადუმება — თუნდაც დროებით.
რატომ დროებით? იმიტომ, რომ სტალინგრადის ჩაბარებასთან ერთად დაიწყებოდა იაპონურ-თურქული აგრესია. თვით მოკავშირეებში გაჩნდებოდა ბზარი და დაჩაჩანაკებულ საბჭოეთს, ფაშისტური არმიით დამარცხებულს, როგორც აფთრები, ისე შეესეოდნენ.
მხოლოდ სტალინის გენიამ, წითელარმიელის თავგანწირვამ იხსნა კაცობრიობა დაქცევისგან. და ეს არ არის გადაჭარბებული შეფასება. ვისაც ჰიტლერის „მაინ კამფი“ წაუკითხავს ან ქაღალდზე გადატანილი მისი და ფაშისტი ფიურერების სამომავლო გეგმებისთვის გადაუვლია თვალი, დამეთანხმება რას უმზადებდნენ ისინი საბჭოთა, ევროპის, მსოფლიოს ხალხებს. მაღალი რასის, არიული წარმოშობის გერმანელთა ფეხთქვეშ მთელი მსოფლიო ფიანდაზად უნდა გაგებულიყო. საბჭოეთის ნახევარი მონა, ნახევარი ციმბირში, ნახევარი საიქიოს, მათ შორის ბალტიისპირელები, ამიერკავკასიელები, პოლონელები, სხვები. მასობრივი ხოცვა გაზის კამერებში, კატორღულ სამუშაოებში.
პოლონეთის პრეზიდენტ დუდას, თუ მას ისტორიის ელემენტარული გაგების უნარი აქვს, თავს უფლებას არ უნდა აძლევდეს, ლანძღოს რუსეთი, რომელმაც მილიონობით საბჭოელის სიცოცხლე შესწირა ფაშიზმისგან პოლონეთის გათავისუფლებას. მაგრამ მარტო ის ვერ ხედავს ისტორიას?
კოლექტიური დასავლეთი არ და ვერ ხედავს ისტორიას. ისე, როგორც 1938 წლის მიუნხენის სერობის დროს, ისინი დღესაც გაერთიანებული ძალებით უტევენ რუსეთს. მიზანი ისეთივე, ოღონდ არა კლასობრივი, არამედ დამპყრობლური. სურვილი დასავლეთის მარტივია — რუსეთის დაშლა, მისი სიმდიდრეების ხელში ჩაგდება. ტყუილად ხომ არ უთქვამს აშშ-ს ყოფილ სახელმწიფო მდივანს მადლენ ოლბრაიტს — აუარება სიმდიდრეები ერთ ქვეყანას ანუ რუსეთს არ უნდა ეკუთვნოდესო.
დღეს უკვე კაპიტალისტური რუსეთი ისე აქვს დასავლელ კაპიტალისტებს ყელში გაჩხერილი, როგორც მაშინ, მიუნხენის ხელშეკრულების გაფორმების დროს. ისინი თანმიმდევრულ, მაგრამ შეუნელებელ პოლიტიკას ახორციელებენ — ნატოს მიერ რუსეთის რკალში მოქცევის, ეკონომიკური სანქციებით დასუსტების, ე.წ. ლიბერალების ხელით ქვეყნის შიგნით ხალხის უკმაყოფილების აგორების, პუტინის ხელისუფლების დამხობის, გასული საუკუნის 90-იანი წლების შემობრუნების, რუსეთის დაშლისთვის.
აღნიშნულის განსახორციელებლად საჭიროა საზოგადოების აზრის შეცვლა, მეორე მსოფლიო ომის ისტორიის კორექტირება, საბჭოთა კავშირის მაშინდელი პოლიტიკის განქიქება, სტალინისა და ჰიტლერის ერთ სიბრტყეზე დაყენება. დასავლეთი აცხადებს, რომ კაცობრიობის წინაშე ორივე დამნაშავეა, ვინაიდან მათ დაიწყეს ომი. და აი აქ მივედით სტატიის მთავარ თემასთან — პუტინის წერილთან, რომელიც გამოქვეყნდა ამერიკულ The National Interest-ში.
წერილმა, როგორც მოსალოდნელი იყო, ნეგატიური ყაყანი გამოიწვია დასავლეთში, რაც ცხადია მოსალოდნელი იყო, არადა ის, რაც ავტორმა გააჟღერა მანამდეც არაერთხელ თქვა. საქართველოში თითო-ოროლა ექსპერტმა თუ შეიწუხა თავი პუტინის წერილის შესაფასებლად. და ისიც უგუნურად, ზედაპირულად, უცოდინრომისა და დასავლეთისადმი ბრმა ტრფიალით გაჟღენთილმა. ისე, როგორც ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა ვალერი კვარაცხელია. მან, ჩვეული სიღრმისეულობით გააანალიზა პუტინის წერილი და მკითხველს სულ სხვა კუთხით დაანახა იქ ჩაწერილი საკითხები.
ვიზიარებ ბატონი ვალერის მოსაზრებას და ვთვლი, რომ წერილი აუცილებელი, მაგრამ უკვე დაგვიანებულია. თან მას აკლია (ცხადია შეგნებულად) ის მარილი, რაც უგემურობას მატებს და დაუმთავრებლის, ნახევრადთქმულის შთაბეჭდილებას ქმნის.
კონკრეტულად — როდესაც ავტორი ამართლებს მოსკოვის ხელშეკრულებას, მაგრამ დასავლელთა საამებლად ამბობს, რომ ჩვენ დავგმეთ ხელშეკრულების საიდუმლო პროტოკოლებიო, მარტივად რომ ვთქვათ შეცდომაა, ვინაიდან ხელშეკრულების მთავარი აქცენტი სწორედ საიდუმლო პროტოკოლია, თორემ თვით ხელშეკრულება არაფრით განსხვავდება სხვა მსგავსი ხელშეკრულებებისგან. სწორედ, იმ პროტოკოლით გათვალისწინებულმა გავლენათა სფეროების განსაზღვრამ, არ მისცა გერმანიას საბჭოეთის ძველ საზღვრებამდე მისვლის სწრაფი საშუალება.
კვარაცხელიასი არ იყოს, წერილში ყურით მოთრეულს ჰგავს სტალინისა და სტალინიზმის გახსენება, დაგმობა, რეპრესიები და ა.შ. პუტინი აქაც გუნდრუკს უკმევს დასავლეთს.
საბჭოთა კავშირი და სტალინი ისეა შესისხლხორცეული ერთმანეთთან, რომ მათი დაშორება შეუძლებელია. როგორ შეიძლება დააშორო მას სისტემა, სახელმწიფო, რომელსაც სული სტალინმა ჩაუდგა. მართალია, ის ლენინმა შექმნა, მაგრამ მისი შექმნილი სულ სხვანაირი იქნებოდა(განუზომელი რეპრესიებით), ხელისუფლების სათავეში ტროცკი რომ მისულიყო. სტალინი იყო ის მთავარი მამოძრავებელი ძალა, რომელიც ხალხს აერთიანებდა, გმირობისკენ უბიძგებდა, როგორც ფრონტზე, ისე ზურგში. სტალინი იყო ყველგან — მოსკოვის დაცვაში, სტალინგრადში, კურსკში, კავკასიაში, ვარშავაში, ბერლინში.
სტალინი იყო კოალიციის წევრებთან მძიმე მოლაპარაკებების დროს თეირანში, იალტაში, პოტსდამში. სტალინი იყო რუზველტთან და ჩერჩილთან ეპისტოლარულ მოლაპარაკებებში ჩართული.
სტალინი იყო საბჭოთა კავშირის ზურგში, მრეწველობაში ჩართულ თანამემამულეთა 24-საათიანი შრომის ორგანიზატორი და სულის ჩამდგმელი.
სტალინი იყო გაეროს შემქმნელი, მისი უშიშროების საბჭოს წესდების ჩამომყალიბებელი.
სტალინი იყო საბჭოთა ბირთვული ბომბის შემქმნელი. როდესაც ვამბობთ საბჭოთა კავშირს, ვგულისხმობთ სტალინს და პირიქით. პუტინი კი აშორებს მათ. მას ცოტა აკლია აუგად მოიხსენიოს საბჭოთა კავშირი, ისე, როგორც ამას გორბაჩოვი და ელცინი აკეთებდნენ, რითაც ქულებს იწერდნენ დასავლეთის თვალში. იმ დასავლეთის, რომელსაც ორივე სძულს — საბჭოთა კავშირიც და სტალინიც. ან როგორ შეეძლოთ მათი კლასობრივი, იდეოლოგიური მტრის შეყვარება?! ის (დასავლეთი) სტალინმა აიძულა ფაშიზმის წინააღმდეგ გაერთიანებაში.
საბჭოთა კავშირის საძირკველზე დგას დღევანდელი რუსეთი, შეკვეცილი, მაგრამ ტერიტორიითა და სამხედრო ძლიერებით გამორჩეული მსოფლიოში. საბჭოთა კავშირი სტალინისა და სტალინიზმის ფუნდამენტზეა ნაშენი. გამოაცლი მას სტალინს და დაინგრევა საბჭოეთი (დაინგრა კიდევაც შიგნიდან), რასაც რუსეთის ნგრევაც მოჰყვება. პუტინმა, ნაცვლად დასავლეთთან კუდის ქიცინისა და მის საამებლად სტალინის ლანძღვისა, საბჭოთა ეპოქისა და მისი სულისკვეთების წინაშე უნდა ილოცოს, თუ რუსეთის გადარჩენა სურს.
რუსული ოფიციალური მედია უნდა შეეშვას სულელური აზრის განმტკიცებისთვის ბრძოლას, რომ ომი საბჭოთა ხალხმა მოიგო. მსოფლიო ისტორიისთვის უცნობია რომელიმე ხალხის მიერ უმხედართმთავროდ თუნდაც უმნიშვნელო ომის მოგება. რუსეთის ტელევიზიებმა თავს ისტორიის გაყალბების უფლება არ უნდა მისცენ.
23-24 ივნისს, ფაშიზმზე გამარჯვების 75-ე ზეიმის დღეებში, სახელმწიფო ტელევიზიების მიერ ნაჩვენები 75-წლის წინანდელი პარადის ამსახველი დოკუმენტური ფილმიდან ამოიჭრა მარშალ ჟუკოვის სიტყვის დასასრული, მაუზოლეუმზე წარმოთქმული, სადაც ის ასე ასრულებს თავის სიტყვას — „სლავა ველიკომუ სტალინუ, ურა! (Слава великому Сталину, ура!)
არის თუ არა ეს გაყალბება? არის! მაშ, რაზე წყდება გული პუტინს — დასავლეთი აყალბებსო ისტორიას?! იქნებ ერთ-ერთი გამყალბებელი თვითონ და რუსი ანტისტალინელი ლიბერალები არიან, რომლებიც შესანიშნავ საკვებს აძლევენ დასავლეთს? თუმცა ეს სხვა თემაა, რომელზეც შემდეგ წერილში ვისაუბრებთ.
ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი