რუსეთის არცთუ ისე შორეული ისტორია და დღევანდელობა
„როდესაც მე სტალინის სამუშაო კაბინეტში შევედი, ის მარტო იყო. მისალმების შემდეგ, მან გამომიწოდა რაღაც ქაღალდი და თქვა: აი, წერილი რუზველტისგან. ახლა მივიღე. მინდა, რომ ზეპირად მითარგმნოთ, სხდომამდე რომ ვიცოდე მისი შინაარსი. მე, პირდაპირ ვუთარგმნე. ვიდრე ვთარგმნიდი, სტალინი მთხოვდა ნათარგმნი სიტყვების გამეორებას.
წერილი ეხებოდა კურილიის კუნძულებსა და სახალინს. რუზველტი ატყობინებდა სტალინს აშშ-ს ხელისუფლების მხარდაჭერას, საბჭოთა კავშირის უფლების თაობაზე იაპონიის მიერ ოკუპირებულ სახალინის ნახევარსა და კურილიის კუნძულებზე.
კარგია, ძალიან კარგია, თქვა სტალინმა. მე კი აღვნიშნე — ამჟამად დაკავებული პოზიციით, აშშ-ი ცდილობს ჩვენს თვალში მოახდინოს რეაბილიტაცია 1905 წელს პორტსმუტში, იაპონელთა სასარგებლოდ მიღებული პოზიციის გამო. რუსეთ-იაპონიის ომის შემდეგ დადებული ხელშეკრულებით, იაპონიამ წაგლიჯა რუსეთს ეს ტერიტორიები. სტალინი მთლიანად იზიარებდა სიტყვა „რეაბილიტაციას“.
რუზველტის წერილამდე, თეირანის კონფერენციაზე ამერიკის პრეზიდენტმა სტალინს სთხოვა დახმარება იაპონიის წინააღმდეგ ომში. ჩანდა, რომ მოკავშირეების მიერ ევროპაში მეორე ფრონტის გახსნას ისინი უკავშირებდნენ საბჭოთა კავშირის ჩართვას იაპონიის წინააღმდეგ ომში. ურთიერთობა ამ თემაზე შედგა, თუმცა შეთანხმებას ადგილი არ ჰქონია.
საბოლოო სიტყვა აღნიშნულთან დაკავშირებით ითქვა იალტაში, როდესაც რუზველტმა ამ წერილით ხაზგასმით აღნიშნა, რომ იაპონიის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები უნდა დაუბრუნდეს საბჭოთა კავშირს.
იალტის კონფერენციის ერთ-ერთ სხდომაზე მიღწეულ იქნა შეთანხმება იაპონიის წინააღმგედ ომში სსრკ-ს ჩართვის თაობაზე. საბჭოთა მთავრობამ განაცხადა, რომ ევროპაში ომის დამთავრებიდან 2-3 თვეში წითელი არმია დაიწყებდა ომს იაპონიის წინააღმდეგ“.
ამონარიდი სსრკ-ს საგარეო საქმეთა მინისტრის ა.გრომიკოს წიგნიდან.
გრომიკოს მოგონებების მკითხველისთვის შეხსენება ორ მნიშვნელოვან თემას უკავშირდება — სტალინის წინააღმდეგ ცრუ, ბოროტი ინფორმაციების გავრცელებას და რუსეთის 1993 წლის კონსტიტუციაში (ელცინის) კარდინალური ცვლილებების შეტანას, რასაც საყოველთაო რეფერენდუმზე ა.წ. ივნისის დასაწყისში ჰქონდა ადგილი.
ცვლილებები ძალაში 4 ივნისს შევიდა. ამჟამად კი მიმდინარეობს საკონსტიტუციო კომისიისა და რუსეთის დუმის მუშაობა კონსტიტუციის შესასბამისი საკანონმდებლო აქტების მიღებაზე.
დუმის განცხადებით, კონსტიტუციის ახალი რედაქცია მოითხოვს 100-ზე მეტი კანონის მიღებას. პირველი ნაბიჯები გადაიდგა. დუმამ პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი ტერიტორიული მთლიანობის ურყეობასთან დაკავშირებით. მისი მიხედვით, მსუყე წერტილი ესმება რუსეთის ტერიტორიებთან დაკავშირებით უცხო სახელმწიფოებთან მოლაპარაკებას. ანუ რუსეთ-იაპონიის მოლაპარაკებას კურილიის კუნძულების იაპონიისთვის დაბრუნების შესახებ, ისტორიას ბარდება.
კანონპროექტის თანახმად, რუსეთის ხელისუფალი, რომელიც რუსეთის ტერიტორიას სხვა ქვეყანას გადასცემს, დაისჯება ათწლიანი ციხით.
კანონპროექტში არანაკლები მკაცრი მიდგომაა (ციხე) დაფიქსირებული იმათ მიმართ, ვინც პროპაგანდას აწარმოებს ტერიტორიების გასხვისებასთან დაკავშირებით. ეს ეხება არა მარტო რუსეთის მოქალაქეებს, არამედ უცხოელებსაც. საკმარისია, ასეთი უცხოელი პროპაგანდისტი აღმოჩნდეს რუსეთის ტერიტორიაზე, მას უმალ დააკავებენ და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცემენ.
როგორც ჩანს, რუსეთის ხელისუფლება დაიღალა რუსი ლიბერალების, ავანტიურისტი უცხოელი პოლიტიკოსებისა და ექსპერტების დაუსაბუთებელი, ცრუ განცხადებებით რუსეთის ტერიტორიების უცხო სახელმწიფოებისთვის დაბრუნების თაობაზე, რასაც კონსტიტუციით დაუსვა წერტილი.
სტალინის მიერ ბრძოლით მოპოვებული ტერიტორიები ხრუშჩოვმა — „კეთილი ნებით“ სხვას გადასცა. მაგალითად უკრაინას ყირიმი — სსრკ-ს უმაღლესი საბჭოს ყოველგვარი გადაწყვეტილების გარეშე; იაპონიას, კურილიის კუნძულებიდან კუნაშირი და იტურუპი. ამ შემთხვევაში უმაღლესმა საბჭომ გადაწყვეტილების რატიფიკაციაც მოახდინა, მაგრამ თვით ხრუშჩოვმა საკუთარი „კეთილი ნება“ უკან წაიღო.
მას შემდეგ იაპონიას ამ საკითხებზე მსჯელობისთვის თვეც არ ჩაუგდია. თითქოს, პუტინის ხელისუფლება მზად იყო ხრუშჩოვის დანაპირების შესასრულებლად, მაგრამ იაპონია არ დათანხმდა ხუთიდან, ორ კუნძულს — ყველა მოითხოვა. ახლაკი ის ორიც დაკარგა ახალი კონსტიტუციით და არა მარტო, კუნძულების დაბრუნებასთან დაკავშირებით განუწყვეტელი პროპაგანდით თავს უხერხულობაში ჩაიგდებს.
კურილიის კუნძულების იაპონიისთვის დაბრუნების თაობაზე აშშ-ს დღევანდელი პოლიტიკა ძირფესვიანად განსხვავებულია იმისგან, რასაც 1943 წელს, იალტაში ჰქონდა ადგილი. მაშინ, როგორც ზემოთ აღვნიშნე თვით პრეზიდენტი რუზველტი იყო ამის ინიციატორი.
რუზველტის გარდაცვალების შემდეგ, სსრკ-აშშ-ს ურთიერთობა დაიძაბა და ნელ-ნელა დაპირისპირების ფაზაში გადავიდა. საბჭოთა კავშირმა იალტაში აღებული ვალდებულება პირნათლად შეასრულა და ევროპაში ომის დამთავრებიდან სამ თვეში იაპონიის წინააღმდეგ ომში ჩაერთო.
იაპონიის კაპიტულაციის შემდეგ, მოგვიანებით იაპონიის ხელისუფლებამ მოითხოვა კურილიის კუნძულების დაბრუნება, რაც საბჭოთა ლიდერებისთვის, განსაკუთრებით ხრუშჩოვისთვის, არცთუ საჩოთირო საქმე აღმოჩნდა. იაპონიასთან სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების წასახალისებლად ხრუშჩოვმა ხუთიდან 2 კუნძულის დაბრუნებაზე გამოთქვა მზადყოფნა. თითქოს, იაპონიის ხელისუფლებაც მზად იყო მხოლოდ ორი კუნძულის დაბრუნებისთვის, მაგრამ საქმეში აშშ-ი ჩაერთო, რომელმაც აიძულა იაპონია ხელი აეღო სანახევრო შეთანხმებიდან.
პუტინის, რუსეთის პრეზიდენტად არჩევისთანავე იაპონიის ხელისუფლებას ძალღონე არ დაუშურებია საკითხის გააქტიურებისა და მისთვის სასარგებლოდ დასრულებისთვის. რუსეთის შეფერხებას ხელს უწყობდა აშშ-იაპონიის მჭიდრო სამხედრო თანამშრომლობა და იაპონიის ხელისუფლების მოვალეობა, რომ თანხმობა განეცხადებინა ამერიკისთვის იაპონიის ნებისმიერ ტერიტორიაზე სამხედრო ბაზის გახსნაზე. სავარაუდოდ პუტინიც დათანხმდებოდა ორი კუნძულის იაპონიისთვის დაბრუნებას, რომ არა იაპონიის ვალდებულება აშშ-ს წინაშე.
იაპონიამ დაკარგა დრო, რითაც წერტილი დაუსვა კუნძულების, თუნდაც ორის დაბრუნებას. მოწოდებები კოლექტიური დასავლეთის მხრიდან, რომლებიც იაპონიის სასარგებლოდ ღაღადებენ, ვერ შეცვლიან კრემლის პოზიციას. ამჯერად კრემლს კონსტიტუცია უმაგრებს ზრურგს.
ქართველი ექსპერტები, აშშ-ს პროპაგანდას აყოლილები, ასევე მოითხოვდნენ კუნძულების იაპონიისთვის დაბრუნებას. რომ იტყვიან, სად საქართველო და სად იაპონია, მაგრამ როდესაც ვაშინგტონი გიბრძანებს — იაპონია კარის მეზობელია.
ნაცვლად იმისა, რომ საქართველოს საკუთარი საკამათო საზღვრების დადგენაზე ეფიქრა, იაპონიაზე ფიქრობდა, არადა მეზობელ ქვეყნებთან შექმნილი საზღვრის დამდგენი კომისიების მუშაობა რომ ზერელედ, ზედაპირულად არ წარმართულიყო, 1995 წლის შემდეგ პერიოდში შესაძლებელი იქნებოდა აზერბაიჯანთან და სომხეთთან საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაცია. ქვეყნის საგარეო უწყება ამ ურთულეს და უმნიშვნელოვანეს საკითხს არასერიოზულად უდგებოდა, რამაც მიგვიყვანა იქამდე, რასაც დღეს აქვს ადგილი.
სასაზღვრო პრობლემები, რომლებიც რუსეთთანაც გვქონდა, ახალი კონსტიტუციით ისტორიამ შთანქა.
დიპლომატიაში, ისე, როგორც პოლიტიკაში არის საკითხები, რომლებიც ოპერატიულ გადაწყვეტას მოითხოვენ. მათ შორისაა სასაზღვრო საკითხები. აქ, დროის გაჭიმვა არ წაადგება ქვეყანას.
რუსეთმა, რომელმაც ფართო გასაქანი მისცა ლიბერალურ იდეოლოგიას, დაინახა, რომ ამ იდეოლოგიის წყალობით ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას წყალი უდგება და სწრაფი რეაგირება მოახდინა — კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის სახით.
დასავლეთისა და რუსეთის მედიაში გაჩნდა მოსაზრებები, წერილები, თემატური გადაცემები ტერიტორიების გასხვისებასთან დაკავშირებით. გაჩნდა წერილები, დაფუძნებული რუსეთისთვის საჩოთირო გადაწყვეტილებებზე, რომლებიც სსრკ-ს პირველი და უკანასკნელი პრეზიდენტის, გორბაჩოვის სახელს უკავშირდება — კარელიის, კალინინგრადის, კურილიის კუნძულების დაბრუნებასთან დაკავშირებით.
„რა მოხდა, ამით სახელმწიფო არ გაღარიბდება“ — დევიზი, რომელიც პუბლიკაციების ავტორთა მიერ ჟღერდება, ფართოდ იყო მხარდაჭერილი გორბაჩოვისა და ელცინის ადმინისტრაციაში.
სულ ახლახანს, ფინელმა დიპლომატმა და მკვლევარმა, რომელიც გორბაჩოვის დროს აქტიურ დიპლომატიაში იყო ჩართული, გამოსცა წიგნი, სადაც თეთრზე შავით ჩაწერა, რომ მოსკოვი ძალიან აქტიურად მუშაობდა ჰელსინკთან კარელიის დაბრუნების თაობაზე. ავტორი იუკა სეპინენი, იმასაც წერს, რომ კარელიის გარდა კრემლი ფინეთს ვიბორგის დაბრუნებასაც სთავაზობდა. ამ თემაზე, ერთი წლის წინათ ფინური „ჰელსინგინ სანომატ“-იც (Helsingin Sanomat) წერდა. ის კონკრეტულ თანხასაც აქვეყნებდა — 15 მილიარდ დოლარს ამ „დაბრუნებაში“.
ყოფილი პრეზიდენტის პასუხი არის — „არაფერი ვიცი, პირველად მესმისო“.
არანაკლები ხმაური გამოიწვია გერმანულ „შპიგელში“ გამოქვეყნებულმა სტატიამ, რომელიც ეხება გერმანიისთვის კალინინგრადის დაბრუნებას. სტატიის მიხედვით, მოსკოვში გერმანიის საელჩოს პროტოკოლის სამსახურის ხელმძღვანელს იოჰიმ ფონ არნიმსა და გენერალ გელი ბატანინს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. კრემლი შესაბამის თანხებს ითხოვდა აღნიშნულის გასაკეთებლად.
1988 წელს, მოსკოვში ვიზიტით მყოფმა აშშ-ს პრეზიდენტმა მოსთხოვა მოსკოვს კურილიის კუნძულების საკითხის მოგვარება — იაპონიის სასარგებლოდ. 1990 წელს ანატოლი ჩერნიაევმა, საერთაშორისო საკითხებში სსრკ გენერალური მდივნის თანაშემწემ, იაპონიის ელჩს განუცხადა, რომ „გორბაჩოვს გულით სურს კუნძულების დაბრუნება“. მოლაპარაკებების დროს ფულიც ფიგურირებდა — 28 მილიარდი დოლარი.
დაბრუნებასთან დაკავშირებით საყურადღებოა სსრკ-ს საგარეო საქმეთა მინისტრის შევარდნაძის განცხადებაც: „გვინდოდა კურილების იაპონიისთვის გადაცემა“.
„გადაცემის“ თემა გორბაჩოვისა და მისი მოკავშირეებისთვის უცხო არ იყო. 1990 წელს შევარდნაძე-ბეიკერის შეთანხმებით აშშ-ს გადაეცა 40000 კვ. კილომეტრი ეკონომიკური ზონა და 46000 კვ. კილომეტრი ბერინგის ზღვის შელფი — მდიდარი თევზითა და წიაღისეულით.
დასავლეთი, რომელიც დროდადრო ფარდას ხდის არცთუ შორეულ ისტორიას ახსენებს რუსეთს — რა დამჯერები და კონსტრუქციულები იყვნენ მაშინდელი რუსი პოლიტიკოსები და მოუწოდებენ დღევანდელებს დაემსგავსონ წინამორბედებს.
„დღევანდელებმა“— შეფარული შიშით გააანალიზეს ვითარება და პერესტროიკის „ლიბერალურ-დემოკრატიული“ ტალღის თავიდან ასაშორებლად, გადადგეს პატრიოტული ნაბიჯი, კონსტიტუციის შეცვლის სახით.
ქართულმა პოლიტიკამ, კონსტიტუციის ახალ რედაქციაში, მხოლოდ პუტინის პრეზიდენტობის ვადის გახანგრძლივება დაინახა, მაგრამ ვერ შეამჩნია მთელი რიგი საკითხები, ხალხის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას რომ ეხება. ვერ დაინახა ისიც, რაზეც ზემოთ მოგახსენეთ.
ყოველივე აღნიშნული ანტისტალინური პროპაგანდის ფონზე მიმდინარეობს. ხალხს თავში ტენიან, რომ საბჭოთა პერიოდი იყო აუტანელი. არადა, არც ერთი მეფის, იმპერატორის მმართველობას არ მოუტანია რუსეთისთვის ისეთის წარმატება, როგორიც საბჭოეთმა და სტალინმა მოუტანა.
სტალინის სსრკ გახდა გიგანტი სახელმწიფო არა მარტო ტერიტორიების თვალსაზრისით, არამედ ეკონომიკის და სოციალურ სფეროში მოპოვებული წარმატებების თვალსაზრისით. დღევანდელი რუსეთი გაოცებული უყურებს თავისსავე საბჭოურ ისტორიას და სვამს კითხვას — ნუთუ ასეთის შექმნა ადამიანურ ფანტაზიას შეეფერება?
რუსთა დიდი ნაწილის მოსაზრება, მკვეთრად განსხვავდება ზოგიერთ მოხელეთა, ლიბერალურად მოაზროვნე ადამიანთა მოსაზრებას. ისინი ვეღარ მალავენ საბჭოურ მიღწევებს, მაგრამ აცხადებენ — ხალხმაო, ბელადის გარეშე. სტალინის სახელის ხსენებას ერიდებიან და თუ ახსენებენ — უარყოფით კონტექსტში. სადამდე?
ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი