ამერიკული ბუნტი და მისი შედეგები

როდესაც ქართულ მედიას, განსაკუთრებით ელექტრონულს, უმზერ, ისეთი შთაბეჭდილება გექმნება, თითქოს მშვიდ, დაპურებულ, უპრობლემო ქვეყანაში ცხოვრობ, სადაც კეთილდღეობის მზეც ანათებს და ხალხიც კმაყოფილია იმ მმართველობით, 30-მდე წელს რომ მოითვლის.

არის პატარ-პატარა ხარვეზები, მაგრამ, რაც მთავარია მშვიდობა გვაქვს — პოლიტიკოსთა ძალისხმევით მოპოვებული. ქვეყანა განვითარების გზას ადგას — დასავლეთისკენ მიმავალის, ევროატლანტიკურის, დემოკრატიულის.

ზემომოყვანილი დახასიათება ბევრს შეიძლება არაობიექტურად მიეჩვენოს, მაგრამ თუ შებრუნებით ვითარებასთან გვაქვს საქმე, სად ჩანს, რომელ სოციალურ მოთხოვნაში, მიტინგსა ან დემონსტრაციაში, ისეთში, რასაც სისტემატურად აქვს ადგილი იმ დასავლეთში, საითკენაც მიგვიხარია?

ქართულ „მშვიდობის ოაზისს“, მხოლოდ ქვეყნის პოლიტიკური პრობლემები თუ გაახელინებს თვალს, თორემ სხვა მხრივ მას არაფერი აწუხებს. არც უმუშევრობა, არც ყველა დასახელების პროდუქტზე ფასების ასტრონომიული ზრდა, არც მედიკამენტების გაძვირება და არც ამ ფონზე ხელისუფალთა თავდაჯერებული ლაპარაკი, რომ კორონავირუსმა ჩვენ კი არა, დიდი ქვეყნებიც დააჩოქა და აქედან გამომდინარე საქართველო უკეთ გამოიყურება, ვიდრე ისინიო.

ხელისუფლებამ ისიც გაგვიმხილა, რომ მომავალ წელს საერთო ეროვნული პროდუქტის წარმოების ვარდნა 4%-ით აღინიშნება, რაც ნაკლებად დასაჯერებელია, ვინაიდან გაჩერებული ეკონომიკის, ინფლაციის, ლარის გაუფასურების და სხვა მრავალი ნეგატიური პროცესის ფონზე 4%-ი, ერთობ თავშეკავებული პროგნოზია.

დავუშვათ, ვარდნა 7-8%-ი კი არა, რასაც ექსპერტები აცხადებენ, არამედ 4%-ი იქნება, მაშინ, მარტივი ენით რომ ვთქვათ, დღევანდელ ცხოვრებასთან შედარებით ხომ 4%-ით გაუარესებული ყოფა გვექნება? წამით დავძაბოთ ჩვენი ტვინები და წარმოვიდგინოთ ის სოციალური ვითარება, რომელიც გველოდება და რომლის გამოსწორების მექანიზმი არც ხელისუფლებას და არც ოპოზიციას აქვს. რაც ამ უკანასკნელს აქვს — ხელისუფლებაში მოსვლის სურვილია — საკუთარი კუჭის დასაკმაყოფილებლად. მისი უმთავრესი კრიტიკის საგანი, ისე, როგორც ნებისმიერი ქვეყნის ოპოზიციის, ხელისუფლების საქმიანობაა. რაც შეეხება ქვეყნის ყოფნა-არყოფნას (როგორც ეკონომიკურის, ისე პოლიტიკურის), მათ გვერდში არ ჩაუვლია და არც ისინი იწუხებენ თავს ამ „მარტივი“ საკითხების გაანალიზება-გაპროგრამებისთვის.

ასე რომ „ქართული ოაზისი“ არხეინად გრძნობს თავს. ოაზისშიგან მყოფთ არ ეტყობათ წუხილი, მითუმეტეს დუღილი. ასეთს რომ ჰქონდეს ადგილი ხომ გადმოდინდებოდა?!

„ქართულ ოაზისს“ ჰგონია, რომ ყველაფერი ისეა, როგორც კორონავირუსამდე. მსოფლიო პოლიტიკაც ურყვევი და ძველებურია, ნატოც ადგილზეა და ევროკავშირიც, აშშ-იც და ერთად აღებული დასავლეთიც. ეს რომ ასეა, პარლამენტის თავმჯდომარე თალაკვაძის განცხადებიდანაც ჩანს: „რუსეთს უნდა საქართველოს ევროატლანტიკურ დღის წესრიგში შესვლა და ჩარევა საქართველოს დემოკრატიაში“.

თუ ვინ ერევა საქართველოს დემოკრატიაში თალაკვაძემ საკუთარი თვალით ნახა ა.წ. 8 მარტს აშშ-ს საელჩოში — მისთვის მიუღებელ დოკუმენზე ხელმოწერისას, მაგრამ გულმავიწყობა ქართული პოლიტიკის განუკურნებელი სენია, ხოლო გუშინდელი მწარე ნათქვამის ალოკვა ჩვეულებადაა ქცეული. დასტურად, მუდამ ოპოზიციონერის ნათელაშვილის სიტყვებიც კმარა: „მაშინ მიშა სააკაშვილზე ისე იმიტომ ვლაპარაკობდი, ისე იყო საჭირო. ახლა ასეა და ასე ვლაპარაკობ. ესაა პოლიტიკა“.

რბილად რომ ვთქვათ ნათელაშვილისეული პოლიტიკა უფრო პოლიტიკური მეძავეობაა და მეტი არაფერი. და როდესაც საქართველოს პოლიტიკური არენა ნათელაშვილების, სააკაშვილების, უგულავების და სხვა მათი მსგავსი ადამიანებითაა დაპყრობილი, იმ ქვეყანაში სიკეთეს არვინ უნდა ელოდეს.

„ქართულ ოაზისში“ კორონავირუსამდე არსებული სულისკვეთებაა. არც მედიას, არც პოლიტიკას, არც ექსპერტობას მინიმალური სურვილიც არ გასჩენია საზოგადოებას აუხსნას რაც „დემოკრატიულ“, ცივილიზებულ დასავლეთში ხდება, განსაკუთრებით დასავლეთის ფლაგმან აშშ-ი. ჩანს არც განათლება, არც ფაქტების ობიექტური აღქმა ხელს არ გვიწყობს შევაფასოთ დასავლეთში მიმდინარე პროცესები, რომლებიც უდავოდ გამოიწვევს მიწისძვრის მსგავს რყევებს დასავლურ პოლიტიკურ სისტემაში და აქედან გამომდინარე მსოფლიოში.

შეგვეხება თუ არა ჩვენ ეს ძვრები? უდავოდ შეგვეხება — ჩვენც ხომ მსოფლიოს ნაწილი ვართ?!

ჩვენი „განსწავლული“, აშშ-ი გამოზრდილი ექსპერტობა გვამშვიდებს — აშშ-ი „გამოძვრება“ ამ ვითარებიდანო. როგორი შესახედია, აქამდე მსოფლიოს ჰეგემონის, ფაქტობრივად მოკავშირეების წინააღმდეგაც მუშტმოღერებული ე.წ. დემოკრატიული ამერიკის პრობლემებიდან „გამოძრომა“? ღობეში გაჩხერილი კვახს არ დაემსგავსოს, ერთ დროს საშური, საოცნებო ქვეყანა!

უყურებ „სი-ენ-ენ“-ს, „ბი-ბი-სი“-ს, „ევრონიუს“-ს, ამერიკულ თუ ევროპულ ტელეკომპანიებს, პრესას და ფიქრობ — ყველაფერი ეს მაძღარ, დემოკრატიულ, ძლიერ, მისაბაძ დასავლეთში ხდება?  მათი მსგავსის გახდომის სურვილმა არ გვიბიძგა კონსიტუციაში  ქვეყნის ურყევი დასავლური ორიენტაციის თაობაზე ჩაგვეწერა?!

ქართული პოლიტიკა რომ „ნოვატორული“ იდეების გენერატორია — არაერთხელ მწარედ იწვინა თავის თავზე მისმა მოსახლეობამ. რა აუცილებლობით თუ არა მოჭარბებული მლიქვნელობით იყო გამოწვეული იმ მოსაზრების ქაღალდზე გადატანა, რასაც არც ერთი ქვეყნის კონსტიტუციაში ადგილი არ აქვს?!

რა გამოდის?  თუ ჩვენ დასავლეთისკენ მივდივართ, ის, დასავლეთი საითკენ მიდის? ის, რომ ისეთი აღარ იქნება, როგორიც კორონავირუსამდე და ფლოიდის მკვლელობამდე, ფაქტია. ლამის სოციალისტურში გადასული საპროტესტო მოძრაობა არა მარტო აშშ-ია, არამედ დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, ბელგიაში, მოკლედ ყველა იმ მაძღარ ევროპაში, საითკენაც კისრისტეხვით გავრბივართ.

ვერაფრით წარმომედგინა, რომ 78 წლის პრეზიდენტობის ყოფილ კანდიდატს, დემოკრატ ბერნი სანდერსს მხარს, სოციალისტურად, მარქსისტურად მოაზროვნე ახალგაზრდები უჭერდნენ მხარს. ორჯერვე, პოლიტიკურმა სისტემამ ათქმევინა უარი სანდერსს პრეზიდენტობისთვის ბრძოლის გაგრძელებაზე, მაგრამ ის, ვინც მას მხარს უჭერდა, ხომ არსად წასულა?!

ისინი იქ დარჩნენ და ახალი ამერიკისთვის იბრძვიან — ნამდვილი დემოკრატიისთვის, სოციალური თანაბრობისთვის, ფერადკანიან და თეთრკანიანთა საუკუნო განსხვავებულობის აღმოფხვრისთვის. დიახ! ამ ბრძოლას თან ახლავს სიკვდილი, ცემა-ტყეპა, კერძო საკუთრების ხელყოფა, ფეშენებელური მაღაზიების ვიტრინების მსხვრევა და ძარცვა, პოლიციის შენობების დაწვა-დარბევა, … .

ხუთჯერ ნასამართლევი ფლოიდი, დახრჩობისთანავე ამერიკის, მსოფლიოს გმირად იქცა, ახალ ქრისტედ, რომლის წინაშე იჩოქებს გუშინ გაბღენძილი ისტებლიშმენტი, აშშ-ს კონგრესმენები, დემოკრატების უმრავლესობის ლიდერის ნენსი პელოსის მოწოდებით. მინიაპოლისის თეთრკანიანი მერი, ფლოიდის ცხედრთან დაჩოქილი, ისე ქვითინებს, თითქოს შვილი დაეკარგოს; ამაყი თეთრი პოლიციელები საჯაროდ ფეხს ბანენ შავკანიან პასტორს; ავად იხსენებენ სამოქალაქო ომის გმირ გენერლებს და მათ ძეგლებს მიწაზე ანარცხებენ. გაზეთ „ნიუ იორკ ტაიმსის“ ერთ-ერთ რედაქტორს თანამდებობიდან ათავისუფლებენ იმიტომ, რომ მან გაზეთში გაუშვა ამერიკელი სენატორის მოწოდება — წესრიგის დამყარებისკენ. იკრძალება ამერიკელი მწერლის მიტჩელის რომანის მიხედვით გადაღებული ფილმი „ქარწაღებულები“; თავი მოაცალეს კოლუმბის ძეგლს. ჯერი ვაშინგტონზე მიდგა, მასაც ხომ ჰყავდა ზანგი მონები?!

აშშ-ს ამბოხი მთელს მსოფლიოს მოედო. ინგლისში მეამბოხეებმა ქ.ბრისტოლში მე-17 საუკუნეში შავკანიანთა ვაჭრობით ცნობილი პიროვნების ძეგლი პიედესტალიდან ჩამოაგდეს და მდინარეში გადაუძახეს. შეუტიეს ჩერჩილის ძეგლსაც და ყველა იმას, ვინც კოლონიალიზმის დროს გამოიჩინა თავი. პრაღაში შეურაცხყვეს ჩერჩილის ძეგლი, ლონდონში — დედოფალი ვიქტორიას, … .

დააკვირდით, უტევენ კოლონიალიზმს — დიდი ბრიტანეთის ისტორიის ფუნდამენტს და იმ მრავალსაუკუნოვან წარმატებას, რამაც ეს ქვეყანა მართლაც დიდად (დიდ ბრიტანეთად) აქცია.

ჩვენს თვალწინ იწერება დასავლეთის ახალი ისტორია, რასაც „ქართული ოაზისი“ ვერ ხედავს. მას ისე უხატავენ დასავლეთს, როგორც სამი თვის წინ.

ამერიკის საზოგადოება ტრანსფორმაციას განიცდის — ხისტს, სწრაფს, წარმოუდგენელს. გუშინდელი რასისტი და სადისტი, დღეს მაზოხიზმს, თვითგვემას მიეცა. მას აღარ უნდა პოლიცია, გავაუქმოთო ამბობს და მის ნაცვლად მილიცია შემოვიღოთო — სახალხო წესრიგი.

არვინ კითხულობს რა ქაოსი შეიძლება მოჰყვეს ამას. დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე მოსახლეობის უმცირესობამ — 13% ზანგობამ, დაჩაგრა უმრავლესობა. მაგრამ 13% ვერაფერს იზამდა, რომ არა ჯერაც დაუდგენელი, მაგრამ მნიშვნელოვანი პროცენტი თეთრკანიანი ახალგაზრდებისა, რომელთაც სიგარამომარჯვებული მდიდარი ძია სემი ისე აღიზიანებს, როგორც თავის დროზე კომუნისტებს.

დასავლეთი ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადავარდა — თეთრკანიანთა მიმართ რასიზმში. სხვას ვერაფერს დაარქმევ ახალი გმირის, უკვე ქრისტედ შერაცხულის, პომპეზური დაკრძალვის ცერემონიალს, ისეთს, ადამიანის უფლებების დამცველ მარტინ ლუთერ კინგს რომ არ ღირსებია. მაშინ ვერ მოიფიქრეს შავკანიანთა ლიდერის, მუხანათურად მოკლულის, მოოქროვილ კუბოში ჩასვენება. არათუ მარტინ ლუთერ კინგს ან ნელსონ მანდელას არ ღირსებია ესოდენ ძვირადღირებული დაკრძალვის ცერემონია, არამედ ამერიკის პრეზიდენტებსაც.

რა გაეწყობა, ასეთია პოლიტიკურ ცხოვრებაში შეტანილი კორექტივები, რომლებიც სულ სხვა მსოფლიო წესრიგს გვპირდება — მრავალპოლუსიან, ჰეგემონის გარეშე დარჩენილ მსოფლიოს. ვეჭვობ, რომ ახალი ამერიკიდან წამოსული დირექტივები ისეთი მუქარით იქნება გაჯერებული, როგორც გუშინ და რომც იყოს, მიაქცევენ მას ყურადღებას თუნდაც მოკავშირეები?

ფლოიდის დახრჩობა და აქედან გამომდინარე მოვლენები აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებით დაორსულებულ ქვეყანაში ხდება, სადაც ერთმანეთს უპირისპირდება დემოკრატები და რესპუბლიკელები — ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის ბაიდენის და ამჟამინდელი პრეზიდენტის ტრამპის სახით. გამოკითხვის მიხედვით, ბაიდენი 10 პუნქტით უსწრებს ტრამპს, რაც არ არის გასაკვირი — დემოკრატთა ამომრჩეველთა შორის ხომ მუდამ გამოირჩეოდნენ შავკანიანები?!

ბაიდენმა, რომელმაც აქტიური მონაწილეობა მიიღო ფლოიდის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებსა და მის დაკრძალვაში, უკვე განაცხადა, რომ ვიცე-პრეზიდენტად ქალს განიხილავს, შესაძლოა შავკანიანს, შესაძლოა ყოფილი პრეზიდენტის ბარაკ ობამას მეუღლეს — მოჭარბებულად აქტიურ ქალს. 78 წლის ბაიდენი, მეტსახელად „მძინარე ჯო“ (ეს სახელი მას ტრამპმა შეარქვა), გაპრეზიდენტების შემთხვევაში ვერ შეძლებს ისეთი დატვირთვით მუშაობას, როგორსაც პრეზიდენტობა მოითხოვს და მის საქმეს ვიცე-პრეზიდენტი იტვირთავს. ფაქტობრივად ბაიდენის პრეზიდენტობა ბარაკ ობამას მეუღლის პრეზიდენტობა იქნება.

რას გააკეთებს ტრამპი? უპირველესად შეეცდება ეკონომიკის ამოქაჩვას, უმუშევრობის შემცირებას, მაგრამ ეყოფა მას დრო ნოემბრის არჩევნებამდე?

ერთადერთი რაც მას მოუტანს წარმატებას — ქვეყანაში მკაცრი წესრიგის დამყარებაა, მაგრამ გაღვივებული საყოველთაო პროტესტის ფონზე არ გამოიწვევს მკაცრი ღონისძიებების გატარება, სამოქალაქო ომს?

რა ძალებით, ვისი მეშვეობით უნდა გაატაროს ტრამპმა მკაცრი ზომები, როდესაც პოლიცია მას არ ექვემდებარება? პოლიცია შტატების მმართველობაშია ანუ გუბერნატორების. გარდა ამისა, კონგრესში დაწყებული განხილვა, პოლიციის გარდაქმნის თაობაზე ითვალისწინებს, როგორც დაფინანსების შეკვეცას, ისე უფლებამოსილების. პრეზიდენტს შეუძლია ჯარის გამოყენება, მაგრამ სამოქალაქო ომის შემდეგ, ჯარს რომ საშინაო საქმეებში არასდროს მიუღია მონაწილეობა?!

ასე რომ, ტრამპი და რესპუბლიკელები დიდი გამოწვევის წინაშე დგანან, ისე, როგორც ქვეყანა — აქამდე მსოფლიო ჰეგემონად წოდებული, გაურკვეველი მომავლით.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი