ჟენევის სამიტის მოლოდინიდან გამომდინარე ფიქრები საქართველოს მძიმე ყოფაზე (03.06.2021)
ამერიკა-რუსეთის პრეზიდენტების ჟენევის შეხვედრამდე 13 დღე დარჩა. დრო საკმაოდ მცირე, განსახილველი საკითხების სიღრმისეული მომზადებისთვის და საკმაოდ დიდი, აბეზარი კრიტიკოსების მოგერიებისთვის. პირველ შემთხვევაში მხარეების მომზადებას აიოლებს — ხელმოსაწერი დოკუმენტების არ არსებობა. მეორე შემთხვევა, სირთულეებთან არის დაკავშირებული.
რა სირთულეებთან? — იკითხავს მკითხველი. გიპასუხებთ — აშშ-ს რესპუბლიკური პარტიის წევრთაგან დემოკრატი პრეზიდენტის კრიტიკის ქარცეცხლში მოქცევას, ისე, როგორც დემოკრატები აქცევდნენ რესპუბლიკელ პრეზიდენტ ტრამპს. „გამყიდველი“, „პუტინის წინაშე ფიანდაზად გაგებული“, „რუსეთის განდიდების ხელშემწყობი“, „პუტინის ანტიჰუმანური ქცევის არაჯეროვანი შემფასებელი“ და სხვა ანტიბაიდენური განცხადებების კასკადი თავს ეხვევა ამერიკისა და მსოფლიოს საზოგადოებას ინტერნეტიდან, ელექტრონულ-ბეჭდური მედიიდან.
ბაიდენი, რომელიც პუტინზე მეტად არის დაინტერესებული შეხვედრით, ცდილობს თავი შეიკავოს მკვეთრი ანტირუსული, ანტიპუტინური განცხადებებისგან — პუტინის მხრიდან სამიტის ჩაშლის შიშით. წინაპირობა ჩაშლისა უამრავი იყო. მარტო ბაიდენის თანხმობა ჟურნალისტის კითხვაზე — არის თუ არა პუტინი მკვლელი, რად ღირს?
ბაიდენი თავს იკავებს ლანძღვა-გინებისგან, მაგრამ ამერიკელებს პირდება, რომ პუტინთან დიალოგში სულაც არ იქნება ამ პოზიციაზე, პირიქით სათქმელს ეტყვის, განსაკუთრებით ადამიანის უფლებების დაცვის დარგში. ეს განცხადება მან 31 მაისს გააკეთა, რითაც ამერიკელებს, განსაკუთრებით რესპუბლიკელებს უთხრა თუ რა მომთხოვნი, უკომპრომისო, პირდაპირი იქნება პუტინთან ლაპარაკის დროს.
ადამიანის უფლებების დაცვისა და დემოკრატიისთვის ბრძოლა აშშ-ს ყველა ადმინისტრაციის და პრეზიდენტის ძირითადი საგანია. თითქოს, მხოლოდ ისინი იცავენ ერთსაც და მეორესაც პლანეტა დედამიწის ნებისმიერ კუთხეში და არავინ სხვა. თუ რა სახის დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დამცველთან გვაქვს საქმე გასულ წელს დავინახეთ ამერიკაში მიმდინარე ერთწლიანი ბუნტის დროს. საინტერესოა, რეციდივისტი ჯორჯ ფლოიდი — პოლიციელის მიერ კისერში მუხლის დაჭერით დახრჩობილი, დემოკრატიად, ადამიანის უფლებების დაცვად აღიქმება. პოლიცია — დემონსტრანტების, განსაკუთრებით შავკანიანებთან შეტაკებების დროს დახოცილთა მაჩვენებელი დემოკრატია ან ადამიანის უფლებების დაცვაა?
გასულ წელს, აშშ-ს თითქმის ყველა ქალაქში მიმდინარე არეულობა — მაღაზიების ძარცვა და ცეცხლს მიცემა, ქვეყნის ისტორიის ხელყოფა, ისტორიული პიროვნებების ძეგლების მიწაზე დანარცხება და შეურაცხყოფა, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვისგან შორს რომ არის, მტკიცება არ სჭირდება. ასე რომ, თუ ბაიდენი ამ ორ საკითხს პუტინს მკაცრი ტონით ეტყვის, მას პუტინის გრიგალისებური რეაქცია მოჰყვება. სხვათა შორის აღნიშნულის თაობაზე უკვე გააჟღერა ოფიციალურმა მოსკოვმა, რაც რჩევად უნდა მიიღოს ბაიდენმა და საჩოთირო თემის წამოწევისგან თავი შეიკავოს.
მიზანი, ბაიდენის ჟენევის შეხვედრისა არის იმ ორი საკითხის მოსინჯვა, რომელთა დამუხრუჭება, უკუგდება რუსეთისგან, აშშ-ს უმნიშვნელოვანესი რამაა. პირველი — აშშ-ს შეიარაღების მოდერნიზაციას ეხება. მეორე, მოსკოვის პეკინისკენ სვლის შეჩერებას თუ არა შენელებას.
აშშ-ს ბიუჯეტი შეიარაღებისა და პენტაგონის წარმატებული მუშაობისთვის ჯამურად 752,9 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც გაცილებით აჭარბებს, როგორც მისი მოკავშირეების, ისე მეტოქეების, განსაკუთრებით ჩინეთ-რუსეთის სამხედრო ბიუჯეტს.
რუსეთის პრეზიდენტის პუტინის სატელევიზიო განცხადებიდან გამომდინარე, რუსეთის სამხედრო ბიუჯეტი 43 მილიარდი დოლარია და ჩამოუვარდება რუსეთის წინ მყოფი 9 ქვეყნის ბიუჯეტს. თუმცა, სამხედრო საქმეში დახარჯული თანხების მიზნობრიობით და ეფექტიანობით ეს ქვეყანა უსწრებს აშშ-ს და სხვა ქვეყნებს. ბოლო წლების განმავლობაში რუსეთმა შექმნა ბგერაზე ჰიპერ სწრაფი რაკეტები, რითაც აღჭურვა ჯარი. რუსეთმა შეძლო შეიარაღებული ძალების 70%-იანი მოდერნიზაცია. მსგავსს ვერც აშშ და ვერც სხვა ქვეყნები მომავალი 5 წლის განმავლობაში ვერ შეძლებენ და თუ შეძლებენ, რუსი მეცნიერები ხომ ერთ ადგილს არ დატკეპნიან? ისინი სხვას გამოიგონებენ.
იმისთვის, რომ ვაშინგტონმა, იარაღის მოდერნიზაციის დარგში წინ გადადგას ნაბიჯი, რუსეთთან სიმშვიდე სჭირდება. ჩხუბი, დაპირისპირება თეთრი სახლის ყურადღებას გადაიტანს ამ და არა სამხედრო მშენებლობაზე. რაც შეეხება რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობას — ბაიდენის და ნებისმიერი ამერიკელი პოლიტიკოსის მიზანია რუსეთის გადაბირება და ისეთი სამკუთხედის შექმნა, სადაც მოსკოვი, ვაშინგტონისკენ და არა პეკინისკენ იქნება გადახრილი.
ვაშინგტონი თვლის, რომ აშშ-ს N1 მტერი არის ჩინეთი, რომლის ეკონომიკური წარმატებები თვალსაჩინოა. 2028 წლისთვის ჩინეთი უკან ჩამოიტოვებს აშშ-ს, თითქმის ყველა ეკონომიკური პარამეტრით. 2035 წლისთვის ჩინეთი, როგორც სამხედრო, ისე ეკონომიკური პარამეტრებით გახდება მსოფლიოს პირველი ქვეყანა. ამის შესახებ აცხადებენ თვით ამერიკელი ექსპერტები. აშშ-ს ეშინია მსოფლიოს ჰეგემონის პოზიციის დაკარგვის, აგრეთვე რუსეთ-ჩინეთის სამხედრო დამეგობრების.
ეკონომიკური პოტენციალით რუსეთი აშშ-ს ჯერ-ჯერობით საფრთხეს არ წარმოადგენს, რასაც ვერ ვიტყვით სამხედრო მშენებლობაზე. რუსეთი უსწრებს აშშ-ს არა მარტო თანამედროვე სამხედრო ტექნიკით ჯარის აღჭურვაში, არამედ თვით ამ ჯარის წვრთნისა და დისციპლინის საქმეში. რუსეთმა ახალი სამხედრო ტექნიკა სირიის ომში გამოსცადა, რითაც მსოფლიოს დაანახა ამ იარაღის დამანგრეველი ძალა და გასანადგურებელ ობიექტზე დარტყმის სიზუსტე.
ჟენევის შეხვედრა, რომელიც ყოველგვარი დოკუმენტის, ხელშეკრულების ხელმოწერის გარეშე ჩატარდება, უფრო პროტოკოლური ხასიათისა იქნება, თუმცა მას შეიძლება კონკრეტული, პოზიტიური შედეგებიც მოჰყვეს, ისე, როგორც ნეგატიური.
უკრაინა და საქართველო, აღმოსავლეთ ევროპის ყოფილი სოციალისტური ქვეყნები ინატრებდნენ ნეგატიურ შედეგს, ვინაიდან ნეგატივი აძლევს ამ ქვეყნების პროდასავლურ ხელისუფლებებს მათი „სტრატეგიული პარტნიორის“ კეთილგანწყობას. კეთილგანწყობა კი დაფინანსების გარანტიაა. სწორედ ამის იმედით ეხუტებიან ისინი აშშ-ს. „კეთილგანწყობის“ გაქრობის შემთხვევაში, აშშ-ს ჩახუტებულები, სწრაფად შეცვლიან ორიენტაციას საწინააღმდეგო მიმართულებით — რუსეთ-ჩინეთისკენ.
რუსული ანდაზა ამ შემთხვევაში ზედგამოჭრილია ამერიკაზე — „გიყვარს თოვლში სრიალი, გიყვარდეს ციგის ტარებაც“. გინდა ე.წ. მოკავშირეების ყოლა ყოფილ საბჭოთა სივრცეში — გადაიხადე ფული! ეს მარტივი ფორმულა ყველა ყოფილმა სოციალიტურ-კომუნისტურმა ქვეყანამ ისწავლა. ვისწავლეთ ჩვენც, რამაც უმძიმესი შედეგი მოგვიტანა — გადაგვაჩვია შრომას, თუმცა არც მანამდე ვიკლავდით თავს; დაგვაკარგვინა შემოქმედებითი აზროვნების უნარი; გაგვხადა სხვისი ხელის შემყურე მათხოვარი ქვეყანა და არა მთავრობა.
განვლილი 30 წლის მანძილზე ყველა მთავრობა თავს ზომაზე კარგად გრძნობდა. ქონებასაც აგროვებდა და საზღვარგარეთ დროსტარებას არ იკლებდა, ისე, როგორც იქ ბინებისა და ვილების შეძენას. ვაშინგტონის კეთილგანწყობამ მოუტანა ქართულ პოლიტიკას დოვლათი, ხალხს სიდუხჭირე, შიმშილი, სასოწარკვეთილება, მომავლისადმი უიმედო დამოკიდებულება.
ქართულმა პოლიტიკამ გაუმართლა ამერიკელ ჭკუისდამრიგებლებს, რომლებმაც ძირფესვიანად ჩამოაყალიბეს არა მარტო მმართველობის ვერტიკალი, არამედ საზოგადოებრივი ცხოვრების წესები, რომლებიც ვითომ დემოკრატიას, ადამიანის უფლებების დაცვას ეფუძნება, სინამდვილეში ამ ორი მცნების შეურაცხყოფას. თუმცა ქვეყანა, რომელიც საკუთარში ფეხზე იკიდებს ადამიანების უფლებებს, ქართველი ხალხის უფლებების დაცვას მოსთხოვს მათსავე დანიშნულ საქართველოს ხელისუფლებას?
როდესაც აშშ-ი საქართველოს მილიონობით დოლარს უყოფს რუსულ პროპაგანდასთან საბრძოლველად და აინუნშიც არ აგდებს გაუბედურებული, დამშეული მოსახლეობის გასაჭირს, ძნელია ილაპარაკო დემოკრატიაზე, ადამიანის უფლებების დაცვაზე გაპარტახებულ ქვეყანაში.
ძნელია ჩვენთვის, თითო-ოროლა შემორჩენილი ადამიანისთვის და არა ხელისუფალთათვის, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის, ე.წ. პოლიტიკოსებისთვის. მათთვის მოსახლეობის 90%-ს გასაჭირი რა პრობლემაა? თუნდაც ასეთი მოწოდებული საქართველოს სტატისტიკის სამსახურის მიერ, რომლის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურმა სიღარიბემ 2019 წლის 19,5%-თან შედარებით 1,8%-ით მოიმატა და 21,3% შეადგინა. გასულ წელს ამ მაჩვენებელმა სოფლად 27,5%-ს გადააჭარბა, ქალაქში 17,1%. ეს ოფიციალური მონაცემებია, ტრადიციულად შელამაზებული, რეალურად კი გაცილებით მეტი სინამდვილეზე.
ძვირფასო „სტრატეგიულო პარტნიორო“, გინახავთ ნაგვის ყუთებში ჩაკიდებული (როგორც თონეში ხაბაზი) მშიერი ადამიანები, ლუკმა-პურის მოძიების გარდა, რამე სხვაზე ფიქრობდნენ? აქვთ კი მათ იმის თავი უსმინონ რუსულ პროპაგანდას?
ელექტროენერგიის გარეშე, ელექტრონული მედია ვერ იმუშავებს. ელექტროენერგიას ფულის გადახდა სჭირდება, მითუმეტეს დღეს, გაორმაგებული გადასახადის პირობებში, თქვენს მიერ მხარდაჭერილი ხელისუფლების მიერ სულ ახლახანს დაწესებულში. ან როგორ წარმოგიდგენიათ ნაგვის ყუთებში მოძიებული პურის ნატეხებით დაპურებული, „კმაყოფილი“ მავანის მიერ რუსული პროპაგანდის მოსმენა? მასაც ხომ ფული სჭირდება — ანტენების დასამონტაჟებლად, რომელიც რუსული ტელეარხების გადაცემებს მოასმენინებს?
ბეჭდური მასალის მიღებისთვის კოლოსალური თანხებია საჭირო — ფული, მოსახლეობის 90%-ს რომ არ აქვს პურის შესაძენადაც კი, არათუ რუსული პრესის გამოსაწერად. მაშ რისთვის ან ვისთვის ყრით მილიონებს? ხელისუფლებას აძლევთ პროპაგანდის წინააღმდეგ ანუ თქვენებურად „რუსული რბილი ძალის“ წინააღმდეგ ბრძოლის საფარქვეშ, სინამდვილეში მოსასყიდად, რათა მან ისე დაამშიოს ხალხი, მოსმენის თავიც არ ჰქონდეს. ან რა „რუსულ რბილ ძალას“ ებრძვით ისეთს, ჩვენ რომ არ ვიცით, ვერ ვხედავთ?
„გულამოსკვნილი ვტიროდი, სადახარ ჩემო სულიკოს“ პოზიციაში მყოფი, რახანია ვეძებთ „სულიკოს“, ანუ რუსულ დაფინანსებაზე მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციას, ბეჭდურ გამოცემას და ვერ მიგვიგვნია, იქნებ ვაშინგტონიდან გვიკარნახოთ მათი მისამართი?
ერთადერთი ადამიანი, შესანიშნავი პუბლიცისტი, ვალერი კვარაცხელიაა, რომელიც ობიექტურად, მიუკერძოებლად ლაპარაკობს ჩვენს პრობლემებსა და რუსეთის პოლიტიკაზე, სხვათა შორის ხშირად კრიტიკითაც. მიზანი მისი სულაც არ არის რუსეთის სიყვარულის გაღვივება ხალხში, არამედ საზოგადოების გამოფხიზლება, რომ ცეცხლთან არ ითამაშოს. გახსოვთ საბჭოური „რეკლამა“ — ცეცხლთან თამაში იწვევს ხანძარს.
ბატონი ვალერის გარდა სხვა არვინ მომეპოვება და თუ მართლა გსურთ ვირტუალურ რუსულ რბილ ძალასთან იბრძოლოთ ან ხელისუფლება აბრძოლოთ მარტივ გზას გასწავლით — გამოყოფილი მილიონების ნახევარი მაინც მიეცით ბატონ ვალერის და შეწყდება „რუსული პროპაგანდა“, თუმცა ვეჭვობ მიიღოს, რამეთუ თავისი პროფესიის პატიოსანი მიმდევარი, არ გადაუხვევს ჭეშმარიტების გზას.
საქართველოს კატასტროფული ეკონომიკური და აქედან გამომდინარე სოციალური ვითარება არ აწუხებს კოლექტიურ დასავლეთს, მაგრამ აწუხებს პოლიტიკური არასტაბილურობა. ქართულ პოლიტიკაში თავს წამოყოფს თუ არა არასტაბილურობის ნიშნები, დასავლეთი უმალ აქ გაჩნდება — პოლიტიკური პარტიების შესარიგებლად, ცხელ-ცხელი პროექტების შესაქმნელად. მან კარგად იცის, რომ სანდო მწყემსის დაკარგვამ, ხალხის უკონტროლოდ მიტოვებამ, ამ უკანასკნელის ბუნტი შეიძლება გამოიწვიოს, რასაც შეიძლება მოჰყვეს პოლიტიკური ორიენტაციის შეცვლა.
ხალხის მარტივი მოთხოვნების დაკმაყოფილებას დასავლეთის მარტივი გადაწყვეტილება ესაჭიროება — მის მიერ გამოყოფილი ფულის არა „რუსული რბილი ძალის“ წინააღმდეგ საბრძოლველად მიმართვა, არამედ ქვეყნის ეკონომიკური ვითარების გადასარჩენად. მაგრამ, რატომ უნდა შეიწუხოს მან თავი, მაშინ, როდესაც ვინც ვალდებულია (ხელისუფლება) ის არ იწუხებს? გარდა ამისა მშიერ-მწყურვალი მოსახლეობა იოლი სამართავია, ვინაიდან გაბრძოლების თავი არ აქვს.
დასავლეთი და საქართველოს ხელისუფლება ხალხის გამოთაყვანება-გაღატაკების საკითხში მჭიდროდ თანამშრომლობენ ერთმანეთთან და ნაცვლად ქმედითი ღონისძიებების გატარებისა, ჰაერში ნატყორცნი გაუგებარი რეიტინგებით კვებავენ ხალხს — ამადაამ დარგში, ამადაამ გამოკვლევით საქართველომ მოწინავე ადგილი დაიკავა და ა.შ.
მათ ნათქვამს აქაური ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებიც ემატება, მაგალითად ეკონომიკის მინისტრის თურნავას, რომელიც გვმოძღვრავს, რომ ლარის კურსის გამყარება ეკონომიკის გაჯანსაღებაა. რას ნიშნავს ეკონომიკის გაჯანსაღება თუ ის ხალხის ცხოვრებაზე მინიმალურადაც არ აისახება?
არც არაფერს. ლარის კურსის გამყარებას არ მოჰყოლია ფასების შემცირება საწვავზე, მედიკამენტებზე, კვების პროდუქტებზე, მომსახურებაზე. პირიქით, ზევით და ზევით მიიწევს. თურნავა გვამშვიდებს, რომ ტურიზმის სეზონი შვებას მოგვცემს, ფული შემოვა და კრიზისიც დაიძლევა. ტურიზმის სეზონი ხანმოკლეა — სამი თვე. მერე რა ვქნათ?
რაც შეეხება თვით ტურიზმს — საქართველოში ტურიზმი რუსულ-აზერბაიჯანულ-სომხურია. დასავლელი პარტნიორების ჩიჩინით და ჩვენი ხელისუფლების უჭკუობით, რუსეთის ლანძღვა-გინების შედეგად, რუსი ტურისტების ნაკადი ერთი-ორად შემცირდება, რაც თურნავას ოცნებას ვირტუალურს გახდის. ქვეყანა, რომელიც მარტო ტურიზმზეა ჩამოკიდებული, დიდხანს ვერ იარსებებს, რაც კარგად უნდა იცოდეს ე.წ. სტრატეგიულმა პარტნიორმა. იცის, მაგრამ მასაც პრობლემა აქვს — პრობლემა რეალობის აღქმისა.
ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი