21.12.2024

ორი არჩევნების შემყურე

გაერთიანებული არაბული საამიროებისა და ბახრეინის შემდეგ, სუდანი მესამე სახელმწიფოა, რომელმაც ცნო ისრაელი და დაამყარა მასთან დიპლომატიური ურთიერთობები. აშშ-ს პრეზიდენტის განცხადებით, მოსალოდნელია კიდევ ხუთი არაბული ქვეყნის მიერ ისეთივე პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება, როგორიც არაბულმა საამიროებმა და ბახრეინმა მიიღეს.

ახლო აღმოსავლეთისა და ისრაელ-პალესტინის საკითხებში გაუთვითცნობიერებელი მკითხველი უდავოდ დასვამს კითხვას — რა შუაშია აშშ-ს პრეზიდენტი ტრამპიო. და მართლაც, რა შუაშია აშშ-ი აღნიშნული ქვეყნების მიერ ერთმანეთის დიპლომატიურ აღიარებასთან?

პასუხი, კითხვაზე არის ასეთი. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მსოფლიოში ჩამოყალიბებული პოლიტიკიდან გამომდინარე, აშშ-ა იტვირთა, რბილად რომ ვთქვათ, მსოფლიოს ჟანდარმობა და მასთან ერთად საფინანსო-ეკონომიკური საკითხების მოგვარება. ამ პროცესში მას არაერთი ბარიერი შეექმნა, რომლის გადალახვა, როგორც დიპლომატიის, მეტადრე ძალის გამოყენების გზით მოახერხა. გადალახულთა რაოდენობა აჭარბებს გადაულახავთა რაოდენობას. მათ შორის უმთავრესი ისრაელ-პალესტინის მწვავე დაპირისპირებაა, რომელსაც ისრაელის სახელმწიფოს შექმნამ შთაბერა სული.

იმ დღიდან მოყოლებული არაერთ ომს ჰქონდა ადგილი ისრაელ-პალესტინას შორის. თითქოს დაზავების შანსიც გაჩნდა, მაგრამ ბოლო მომენტში დაპირისპირებულ მხარეთა ამბიციები წონიდა მშვიდობას და ვითარება ისევ ძველ, საომარ კალაპოტში ბრუნდებოდა. აშშ-ა, რომელმაც შეფობა იკისრა არაბ-ისრაელელთა შერიგებაში, ვერაფერი გააწყო დაპირისპირებული მხარეების სიჯიუტის გამო.

პალესტინა რომ მარტო ყოფილიყო, ადვილად მოთოკავდა, მაგრამ ზღვა არაბულ-მუსლიმანურ ქვეყნებს — პალესტინელთა ზურგში მდგომებს, ვერაფერი მოუხერხა.

სამწელიწადნახევარი მოანდინა ტრამპმა არაბთა ცალ-ცალკე დაშოშმინებას და მათი ისრაელისადმი პრაგმატულად განწყობას — იმ ქვეყნისადმი, რომელიც ახლო აღმოსავლეთში აშშ-ს პოლიტიკური ინტერესების გამტარებელია. როდესაც ვამბობთ სტრატეგიულ პარტნიორობაზე — ნამდვილს უნდა ვგულისხმობდეთ, ისეთს აშშ-სა და ისრაელს რომ აქვთ, სხვა შემთხვევაში, მათ შორის საქართველო-აშშ-ს, სტრატეგიულს ვერ მივაწერთ — ასეთის არ არსებობის გამო. ეს უფრო სუპერ სახელმწიფოსა და პატარა, სუსტი ქვეყნის ურთიერთობაა.

ისრაელი, ის ქვეყანაა, რომლისთვის აშშ-ი არც ყოველწლიურ მსუყე მრავალმილიარდიან ფინანსურ დახმარებას იშურებს და არც სამხედრო თანადგომას. ისრაელი, აშშ-ს კონგრესისა და პრეზიდენტის ყოველდღიურ დღის წესრიგშია ჩაბეჭდილი.

პრეზიდენტი ტრამპი, წინამორბედი პრეზიდენტებისგან განსხვავებით, გაცილებით მეტ ყურადღებას უთმობს ამ ქვეყანას, ვინაიდან კურირებას მისი მრჩეველი, ქალიშვილის იუდეველი მეუღლე კუშნერი ახორციელებს. სწორედ მან და მისმა გუნდმა მოახერხა არაბთა საამიროებისა და ბახრეინის ისრაელთან შერიგება, ამჯერად კი სუდანის.

ტრამპსა და მის ადმინისტრაციას სხვა ისეთი საკამათო საკითხიც უკავშირდება, როგორიცაა ისრაელის ქალაქ იერუსალიმში აშშ-ს საელჩოს გადატანა, რასაც მუსლიმანურ სამყაროში აღშფოთება მოჰყვა, თუმცა ახალი საომარი დაპირისპირება არ გამოუწვევია.

ტრამპი, ის პოლიტიკოსია, რომელსაც მდინარის აღმა ცურვა ხიბლავს. მისი გადაწყვეტილებები მოულოდნელი და აშშ-ს ისტებლიშმენტისთვის დამახასიათებელი არ არის, პირიქით, გამაღიზიანებელია.

4 წლის პრეზიდენტობისას ტრამპმა ყველასთვის მოულოდნელი პოლიტიკური ნაბიჯები გადადგა, როგორც საშინაო, ისე საგარეო საკითხებში. მათ შორის აღსანიშნავია ჩრდილო კორეის ლიდერთან კიმ ჩენ ინთან პირისპირ შეხვედრები. მართალია, შეხვედრებს ისეთი შედეგები არ მოჰყოლია, ჩრდილო კორეის ბირთვული განიარაღება რომ ჰქვია, მაგრამ დაძაბულობა ვაშინგტონსა და ფხენიანს შორის განელდა.

ტრამპის საგარეო პოლიტიკის არეალში ისეთი საკითხებიც მოექცა, როგორებიცაა კლიმატის ხელშეკრულებიდან აშშ-ს გასვლა; ირანსა და დასავლეთს შორის პრეზიდენტ ობამას დროს დადებული ხელშეკრულების უარყოფა; ჩინეთთან დადებული არაერთი ხელშეკრულების დენონსაცია; რუსეთთან დადებული საშუალო და მცირე მანძილის სარაკეტო ხელშეკრულებაზე უარის თქმა და სხვა.

ტრამპმა, თავისი ზერელე დამოკიდებულებით, მენტორული ტონით, უკიდურესობამდე დაიყვანა აშშ-სა და ევროკავშირის ურთიერთობა; ნატოსთან დამოკიდებულება. ტრამპი მიიჩნევს, რომ გაერთიანებულ ევროპასთან ურთიერთობას ამჯობინებს ევროპის ცალ-ცალკე ქვეყნებთან ურთიერთობას. ამ თვალსაზრისით ევროკავშირში მან მოკავშირეებიც გაიჩინა პოლონეთის, ბალტიისპირა ქვეყნების, რუმინეთ-ბულგარეთის სახით. გაანელა ურთიერთობა გერმანიასთან და შეეცადა პოლონეთის გერმანიასთან დაპირისპირება.

ცნობილია ტრამპის ანტინატოური გამონათქვამები, რომელთა მიხედვით, ნატოს არსებობას დიდი დღე არ უწერია. მაგრამ, ვიდრე ეს ორგანიზაცია არსებობს, აიძულებს მის წევრ ქვეყნებს ნატოს ყულაბაში ბიუჯეტიდან 2%-ს გადახდას. ტრამპს არაერთხელ განუცხადებია, რომ არგადახდის შემთხვევაში აშშ-ი დატოვებს ნატოს.

განვლილი 4 წლის განმავლობაში ტრამპმა ბევრი რამ გააკეთა „ვაშინგტონის ჭაობის“ დასაშრობად, რითაც მან არა მარტო ამერიკის ისტებლიშმენტი გადაიმტერა, არამედ მოსახლეობის გარკვეული ფენებიც.

4 წლის წინათ თეთრ სახლში შესული ტრამპი — ამერიკული პოლიტიკური სისტემიდან შორს მდგარი, ამავე სისტემის მტრად გამოცხადდა, შესაბამისი შედეგებით. მას ჰყავს მომხრეები, მაგრამ ამერიკული მედიის მიხედვით, უფრო მეტი მოწინააღმდეგეები. დემოკრატებმა, რომლებმაც 2016 წლის არჩევნებში ჰილარი კლინტონის ტრამპთან დამარცხება ვერადავერ გადახარშეს, თითქმის მთელი 4 წლის განმავლობაში აწარმოეს ანტიტრამპული პროპაგანდა.

სამი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, 2016 წელს ტრამპისა და რუსეთის ერთობლივი ანტიკლინტონური მოქმედების გამოძიება, თუმცა დემოკრატთათვის უშედეგოდ. კომისიამ ვერ აღმოაჩინა რუსული კვალი ტრამპის გამარჯვებაში.

არანაკლებ სასეირო იყო ტრამპის წინააღმდეგ მისი „მსხვერპლი“ ქალების ხმამაღალი, საჯარო განცხადებები, რომლებმაც პრეზიდენტის პოპულარობას საკმაო ბზარები გაუჩინა.

4 წლის განმავლობაში ტრამპმა შეძლო ეკონომიკური პრობლემების დალაშქვრა, უმუშევრობისა და ინფლაციის შემცირება, რაც 2020 წლის არჩევნებში ტრამპის აშკარა გამარჯვების საწინდარი უნდა გამხდარიყო. მაგრამ, მოულოდნელმა ვირუსმა, მიღწეული წარმატებები ტალახში აზილა — წინწაწეული ეკონომიკა მიწაზე დაანარცხა, 200000 ამერიკელი საიქიოს გაისტუმრა.

ტრამპის მიერ სამწელიწადნახევარში აშენებული, ყველასთვის საოცნებო ამერიკული სახლი ნანგრევებად იქცა, რომელმაც თვით მშენებელი მოიყოლა და ვერვინ იტყვის გადარჩება თუ არა პოლიტიკურ სიკვდილს.

ხშირად აქვს ადგილი, როდესაც ქვეყნის მმართველი, წარმატებული პოლიტიკოსი  მოულოდნელი გამოწვევით არაპოპულარული, საძულველიც ხდება. კორონა ვირუსი ის გამოწვევაა, რომელიც დემოკრატებმა ხელზე დაიხვიეს და სამი თვე მედიაში 24-საათიან რეჟიმში ატრიალეს. დემოკრატების „ყოჩმა“, თუ 77 წლის ბაიდენს ასეთად მოვნათლავთ, ტრამპთან დებატებში მას კორონოვირუსის წინააღმდეგ არასათანადო ბრძოლის ბრალდება წაუყენა, თითქოს თვითონ რომ ყოფილიყო პრეზიდენტი — სხვა რამეს იღონებდა?!

დებატების ორგანიზატორებმა უარყვეს ტრამპის თხოვნა — დებატების გარკვეული დრო საგარეო პოლიტიკას დათმობოდა, სადაც ტრამპს წარმატებები აქვს მოპოვებული. ვირუსი უნდა იყოს მთავარი საკითხი და საშინაო პოლიტიკაო — იყო დებატების ორგანიზატორების პასუხი. დებატებს არჩევნების შედეგზე რაღაც გავლენა აქვს, მაგრამ არა მთავარი. და ის „რაღაც“ ტრამპის სასარგებლოდ არ დასრულდა.

აშშ-ი ჩატარებული არაერთი გამოკითხვის მიხედვით, ტრამპი 10 პუნქტით აგებს ბაიდენთან, თუმცა რამდენად ზუსტი და მიუკერძოებულია ეს გამოკითხვები, ძნელი სათქმელია. გამარჯვებისთვის ტრამპს სჭირდება 538 ხმოსნიდან 270. შეძლებს თუ არა ის ამ რაოდენობის ამომრჩეველთა დაგროვებას, 3 ნოემბერი გვიჩვენებს.

2020 წლის არჩევნები აშშ-ს ისტორიაში შევა როგორც უმძიმესი არჩევნები. ტრამპის დამარცხების შემთხვევაში აშშ-ი დაემშვიდობება ყველა იმ რეფორმას, რომელიც მან წამოიწყო ავანტიურისტულად, რევოლუციურად, პრაგმატულად.

აშშ-ს პრეზიდენტისთვის პირველი ოთხი წელი თეთრ სახლთან, კონგრესთან, ისტებლიშმენტთან შეგუების წლებია. გარდა ამისა მომავალ არჩევნებზე ფიქრის და მოქმედების წლები.

4 წლიდან, ბოლო ერთი წელი მომავალ არჩევნებს უკავშირდება, მასში გამარჯვებისთვის ძალისხმევას ხმარდება. გამარჯვების შემთხვევაში, მომავალ 4 წელს პრეზიდენტი იმ პროგრამის განხორციელებას ახმარს, რომელთა შესრულებაც მას ეწადა. ის აღარ ფიქრობს საპრეზიდენტო არჩევნებზე, ვინაიდან კონსტიტუციით მას მესამედ ვეღარ აირჩევენ. ის ქვეყანაზე ფიქრობს.

ტრამპის არჩევის შემთხვევაში მოსალოდნელია ევროკავშირის სრული დასუსტება და დაშლამდე მიყვანა. ანალოგიური ბედი ეწევა ნატოსაც; რუსეთთან პრაგმატული ურთიერთობების ჩამოყალიბება, რაც მთავარი მამოძრავებელი იქნება მსოფლიოში ახალი გადანაწილების თვალსაზრისით.

რუსეთზე იქნება დამოკიდებული — რა ურთიერთობები ჩამოუყალიბდება აშშ-ს ირანთან და ჩინეთთან. პოსტსაბჭოთა სივრცეში აშშ-ი ამჯობინებს ნეიტრალური პოზიციის დაკავებას. ის არც უკრაინისთვის, მითუმეტეს საქართველოსთვის თავს არ გადადებს.

ტრამპი შეეცდება კონგრესმენთა ორნახევარი წლით, მხოლოდ 2-ჯერ არჩევის პრაქტიკის დანერგვას, სხვა რევოლუციური რეფორმების გატარებას.

ტრამპის წაგების შემთხვევაში, ამერიკა დაემშვიდობება სასიკეთო რევოლუციურ გარდაქმნებს. პოლიტიკური ცხოვრება ძველ კალაპოტს დაუბრუნდება. სისტემა განიმტკიცებს საძირკველს, ელიტარული კორუფცია ისევ ზენიტში ავა, ისე, როგორც ამ ქვეყნის მსოფლიო ჟანდარმობა. ახალი ძალით ამოქმედდება რუსეთის დაშლის პროგრამა. ანტირუსულად განწყობილი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების რუსოფობიური სულისკვეთების ჩვეულებად გადაქცევა.

კორუფცია შემთხვევით არ მიხსენებია. ამ ქვეყნის კორუფციულობის მაგალითია პრეზიდენტობისთვის მებრძოლი ბაიდენი, მისი შვილი და ძმა, რომლებმაც მილიონობით დოლარი  აკეთეს ბაიდენის ვიცე-პრეზიდენტობის დროს. მიუხედავად კორუფციის დამადასტურებელი არაერთი საბუთისა, სამართალდამცველები არაფერს ღონობენ. ბაიდენის გამარჯვების შემთხვევაში ხომ ამ ამბავს აღარვინ გაიხსენებს?

აშშ-ს პრეზიდენტის არჩევნებს ჩვენთვის არანაკლები მნიშვნელობა აქვს, ვიდრე 31 ოქტომბერს დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებს, რომლის ბედი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა და საქართველოში აშშ-ს საელჩომ რახანია გადაწყვიტა.

მმართველი პარტიის მცდელობას უმრავლესობით გამარჯვებისთვის ისეთივე შედეგი მოჰყვება, როგორც ბელორუსიასა და ყირგიზეთში. ამისთვის ამერიკელი კონგრესმენები და სახელმწიფო დეპარტამენტი იმუშავებენ. მათი მიზანი კოალიციური მთავრობაა. ნურვინ იფიქრებს, რომ აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში ჩაფლულ ქვეყანას საქართველოს თავი არ ექნება. ამაზე სხვა ჯგუფი მუშაობს — ის, ვინც რუსეთის ირგვლივ ახალ ფერად რევოლუციებს აწყობს.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი