21.12.2024

„ლიბერალებო ყველა ქვეყნისა, შეერთდით!“ — სახიფათო ლოზუნგი

„იგივე ხდება კომედიაში, რომელიც ჩვენი ცხოვრების ორომტრიალს ასახავს. აქ, ერთი იმპერატორის როლს თამაშობს, მეორე პაპის და როდესაც პიესის დასასრულის ჟამი დგება, ანუ როცა ცხოვრება თავდება, სიკვდილი ყველას ართმევს კოსტუმებს, რითიც ისინი განსხვავდებიან ერთმანეთისგან და საფლავში ყველა თანაბარი ხდება.“ დონ კიხოტის პირით ნათქვამი სერვანტესის სიბრძნე, ამქვეყნიური ცხოვრების პერსონაჟებს მუდამ უნდა ახსენებდეს მარტივ ჭეშმარიტებას, რომ მარადიული სიცოცხლე, ჯერ-ჯერობით მიუღწეველია. მარადიულობა მხოლოდ სიცოცხლეში ნაკეთებმა საქმეებმა — კარგმა თუ ცუდმა უნდა მოიტანოს.

სიცრუისკენ, ფლიდობასა და გაუტანლობისკენ გადახრილი საზოგადოება ავისმომასწავებლად ებრძვის სიკეთეს, წინაპართა მიერ ოფლითა და სისხლით შექმნილ ყოფას, ანგრევს მატერიალურ თუ სულიერ საგანძურს, მათ ნაცვლად სხვას თესავს საზოგადოების მეორე ნაწილისთვის ჯერ-ჯერობით მიუღებელს. მგრეველთა რაოდენობა გაცილებით მცირეა მშენებლებთან შედარებით, მაგრამ ამბიციური, შეუდრკელი, მეომარი, იმავდროულად ფლიდი და მატყუარა. სახელი მისი ლიბერალია — უწინ წელში მოხრილი, დღეს წელგამართული.

ლიბერალობა ისტორიისთვის არახალია, თუმცა მის მიერ დღეს ნაკეთები საქმენი საგმირონი — ენით აუწერელი, უხვი და დამღუპველი. არასდროს ყოფილა ეს ფენომენი ისეთი ძლევამოსილი, როგორც დღეს. არასდროს დამუქრებია ის კაცობრიობის მომავალს ისე, როგორც დღეს. ლიბერალური დიქტატურა დაალაჯებს დედამიწაზე და ფეხებით თელავს ყველას და ყველაფერს, მის საპირისპიროდ წარმოთქმულს, გაკეთებულს.

ლიბერალობა ნიშნავს ქალსა და კაცს შორის საზღვრის მოშლას, თანაფარდობის დაწესებას, კაცსა და კაცს, ქალსა და ქალს შორის ურთიერთობათა ჩამოყალიბებას, ისეთის, ოჯახის სახელი რომ ერქვას — ჯერ-ჯერობით, რამეთუ ლიბერალიზმის განვითარების ახალ ეტაპზე ოჯახიც მოიშლება და დანომრილი მშობლობაც.

ლიბერალიზმი მსოფლიოს, ამაზონის ჯუნგლებში მობინადრე ტომების ცხოვრებისკენ მიაქანებს — კომუნისკენ, ერთი მამრით და მრავალი მდედრით ან პირიქით, ოღონდ ცივილიზაციის შედეგად მოპოვებული ინსტრუმენტებით. ის, ვინც ლიბერალური მოძღვრობის წინააღმდეგია, ჩამორჩენილად, გონებაშეზღუდულად აღიქმება. მათი მორჯულება ლიბერალების მთავარი ამოცანაა, რასაც ისინი განუზომელი ფინანსებით ახერხებენ.

ლიბერალობა 21-ე საუკუნის პირველი ოცეულის დომინანტი და ტონის მიმცემი — პოლიტიკაში, საზოგადო ცხოვრებაში, ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაში — ტრადიციულისა და საუკუნეთა განმავლობაში ცხოვრების წესად ქცეულში, ისე ატრიალებს ხელს, თითქოს ნოყიერი საკვების მიღების შემდეგ პარკში გასეირნება იყოს.

მისთვის სასაცილოა დიდი სერვანტესის შემდეგი ნათქვამი: „ცოლი არ არის საგანი, ნივთი, რომლის ყიდვა, ხოლო შემდეგ უკან დაბრუნება, შეცვლა ან გადაცვლა შეიძლებოდეს. ის, განუყრელი თანამგზავრია, რომელიც არ მოგშორდება ვიდრე თქვენგან არ წავა სიცოცხლე. ის, ყულფია. საკმარისია ჩამოიცვათ კისერზე და გადაიქცევა გორდიას კვანძად, რომელსაც ვერაფრით გახსნით, ვიდრე სიცოცხლის ცელი არ გადაჭრის მას.“

მსუბუქი თანამედროვეობა — ერთობ გამარტივებული, მორალურ საზღვრებმოშლილი, პრიმიტიულად მომზირალი ყველაფრისადმი, მათ შორის პოლიტიკისადმი, ხშირად ადამიანთა მიერ დაწესებულ წითელ ხაზებსაც სცდება, რაც თავისთავად იწვევს გაღიზიანებას, რისხვას, მკაცრი საპასუხო ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობას და რომ არა მასობრივი განადგურების იარაღი — სისხლისმღვრელ შეტაკებას წინ ვერაფერი დაუდგება.

მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებას მას შემდეგ უფრთხის კაცობრიობა, რაც იაპონიის ქალაქებზე ხიროსიმასა და ნაგასაკზე ბირთვული თავდასხმის შედეგებს უმზირა. ასეულ ათასობით ადამიანი შეეწირა ამერიკელთა ექსპერიმენტს, რომლის გამოძახილიც, შთამომავლობით გადმოცემული რადიაციული დაავადებების სახით, დღესაც ჟრუანტელს გვრის შეგნებულ კაცობრიობას, მაგრამ შეუგნებელს, წუთიერი სიამტკბილობით გაუმაძღარს, სიამოვნების შეგრძნებას გვრის მთელს ორგანიზმში, განსაკუთრებით ტვინში, რამეთუ ბირთვული იარაღის მოდიფიცირებული სახეობის გამოგონება, მისი გამოყენების შესაძლებლობას იძლევა.

ბოლო ხანს სისტემატურად ვისმენთ ამერიკელი მილიტარისტებისგან მცირედოზიანი ბირთვული იარაღის იოლად ხმარების თაობაზე. ეს იარაღი წერტილოვანი თავდასხმის ეფექტიანობას ზრდის თან ნაკლები რადიუსის ფარგლებში წამლავს გარემოს. მრავლობით რიცხვში მათი გამოყენება ხომ ისეთივე შედეგის მომცემი იქნება, როგორც ხიროსიმა-ნაგასაკის?!

სულ ახლახანს, აშშ-ს პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა ის, რაც ერთ დროს საბჭოელი, ხოლო ამჟამად რუსი პოლიტიკოსების მიერ ნათქვამს, წყლის წვეთებივით ჰგავს — აშშ-ს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსია ომებისა და სამხედრო კონფლიქტების თავიდათავი, ვინაიდან იარაღის დამზადება-გასაღების საბაბს აძლევს მას.

ტრამპმა, რომელმაც გადაწყვიტა ავღანეთიდან ჯარის გამოყვანა, ილაპარაკა იმ პრობლემებზე, რასაც ახლავს ნგრევა და სისხლი. ის, უდავოდ განსხვავდება წინამორბედებისგან, რომლებსაც, როგორც წესი, მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში საომარი მოქმედების დაწყების დიდი გამოცდილება ჰქონდათ.

ტრამპს 4 წლის განმავლობაში ომი არ დაუწყია და უნდა ვიმედოვნოთ, რომ არჩევნებამდე ვერ მოასწრებს, თან ნობელის პრემიის კანდიდატობაც ხელს უბოჭავს. არჩევნების მოგების შემთხვევაში რა იქნება, არვინ იცის, ვინაიდან მისი პოლიტიკა წინასწარ გამოუცნობი და ზიგზაგურია, რაც სერიოზული დაფიქრების საბაბს იძლევა.

გაოცებას იწვევს ესოდენ „პაციფისტური“ სულისკვეთების მქონე პრეზიდენტის ნათქვამი სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადთან დაკავშირებით, რომ მას სურდა მისი ფიზიკური განადგურება, ისე, როგორც ირანელი გენერლის ყასემ სულეიმანის, მაგრამ უშიშროების საბჭოს ყოფილმა მდივანმა, შემდეგ თავდაცვის მდივანმა მეტისმა ხელი შეუშალა.

ამ ნათქვამს, უდაოდ უნდა მოჰყოლოდა ევროპელი თუ აზიელი პოლიტიკოსების, ადამიანის უფლებების დამცველების, მედიის მუშაკების, დემოკრატიული სულისკვეთების მატარებელთა აღშფოთებული განცხადებები, მაგრამ … . დემოკრატიულმა დასავლეთმა ერთ ყურში შეუშვა და მეორიდან გამოუშვა პრეზიდენტის „კაცთმოყვარული“, „ჰუმანური“, „დემოკრატიული“ განცხადება. რატომ?

რა არის მიზეზი საზარელი ტერორისტული სახის განცხადებაზე რეაგირებისგან თავის შეკავების? ის ხომ არა, ტრამპი რომ აშშ-ს პრეზიდენტია, ხოლო აშშ-ი თანამედროვე დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების „უცილობელი“ დამცველი?!

არავითარ დემოკრატიასთან ან ადამიანის უფლებების დაცვასთან არ გვაქვს საქმე. საქმე გვაქვს ძალასთან, ფინანსებთან, შეიარაღებასთან, მსოფლიოს ჟანდარმობასთან, ჰეგემონიზმთან. მსოფლიოს ბატონპატრონია აშშ-ი, ყოველ შემთხვევაში ასე თვლიან მას ევროპელი თუ აზიელი, ლათინური ამერიკელი „პარტნიორები“, გარდა ზოგიერთი ქვეყნისა — რუსეთის, ირანის, ჩინეთის, ჩრდილო კორეის სახით. და როდესაც მათი სახლის ზღურბლთან აშშ-ს სამხედრო ბაზაა განლაგებული, ხოლო ფინანსები — სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ხელთაა, აშშ-ს პრეზიდენტის ნათქვამი — სახელმწიფო ტერორიზმის ნიშნების აშკარა მატარებელი, იავნანად ჩაესმით.

კარგა ხანია „დემოკრატიული“ ჰანგები გვესმის დასავლეთიდან, მაგრამ დღევანდელი, ყოველგვარ წინანდელს ფარავს თავისი „დემოკრატიულობით“, ადამიანის უფლებების გამომხატველი სიტყვებით, თუნდაც ასეთით — ჯალათი ლუკაშენკო, საპრეზიდენტო არჩევნების გამყალბებელი, მოპროტესტეთა დამბრბევი, ციხეში ჩამყრელი, ძალაუფლების უზურპატორი, … .

ლუკაშენკო რომ ანგელოზი არ არის, ცნობილია, მაგრამ ისიც ცნობილია, რომ მან გაიმარჯვა არჩევნებში. დავუშვათ, არა 80%-ით, 51%-ით ხომ მართლაც გაიმარჯვა?! ან რატომ არ უნდა გაემარჯვებინა? დასავლური პასუხი ასეთია — ბელარუსში არ არის დემოკრატია, სიტყვის თავისუფლება, პოლიტიკური პარტიები, კონკურენტული ბრძოლა ხელისუფლებისთვის.

ჩამოთვლილთაგან მართლაც ბევრი რამ დეფიციტია ბელარუსში, მაგრამ ის, რაც არის, დეფიციტია ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში, მათ შორის უკრაინაში და ევროკავშირში თავშეფარებულ ლიტვა, ლატვია, ესტონეთში.

რა გვაქვს ბელარუსში? საყოველთაო დასაქმება, მოგუგუნე ფაბრიკა-ქარხნები, გამართული სოფლის მეურნეობა და სოციალური ყოფა, მაღალი ხელფასები და პენსიები, დაბალი ინფლაცია. რუსეთთან მჭიდრო სამრეწველო კავშირების მქონე ბელარუსი ახერხებს ისეთ აღმშენებლობას, რაც შურისაღმძვრელია თუნდაც ევროკავშირის წევრ ქვეყნებში.

ისე, როგორც რუსეთი, ბელარუსიც ჩამორჩენილია გეი-პარადებში, ლგბტ-სთან მიმართებით ლოიალურობაში, დასავლეთის მიმართ მოჭარბებულ კუდის ქიცინში. ამიტომაც პრეზიდენტი ლუკაშენკო არაკანონიერი პრეზიდენტია — „პერსონა ნონ გრატა“ დასავლეთისთვის, ხოლო არჩევნებში 10%-ს მიმღები ტიხანოვსკაია — ლეგიტიმური.

მთელი დასავლეთი გამოდის ლუკაშენკოს წინააღმდეგ, ისე, როგორც რუსეთის პრეზიდენტის პუტინის, რომელმაც „მოწამლა“ რუსი ბლოგერი ნავალნი, მომწამვლელი ნივთიერება „ნოვიჩოკით“.

დასავლეთის წყალობით „ნოვიჩოკი“ ისეთ ბრენდად იქცა, როგორც ავტომატი კალაშნიკოვი, რუსული „ვოდკა“, დიდი თეატრი, ხიზილალა, … . ახსენებ „ნოვიჩოკს“ და ყველამ იცის, მათ შორის აფრიკის მივარდნილ ქვეყანაშიც, რომ ლაპარაკი მტარვალ რუსეთსა და პუტინზეა.

იმდენად გონებაჩლუნგად გამოჰყავთ რუსეთის ხელისუფლება, კაცის მოსაკლავად რომ სისტემატურად მხოლოდ „ნოვიჩოკს“ ხმარობს, თითქოს რუსეთში აგურის დეფიციტი იყოს. დავიჯეროთ, ის ვერ მოიფიქრეს რუსეთში, რომ სახლიდან გამოსულ ნავალნის აგური დასცემოდა თავში? მაგრამ არა! „ნოვიჩოკი“ კარგად ჟღერს. მან პროპაგანდისტული წრთობა სკრიპალების „მოწამვლის“ დროს გაიარა.

ახსენებ „ნოვიჩოკს“ და გაერთიანებულ ლიბერალურ დასავლეთს უმალ პუტინის სახე მოელანდება — ოჯახის სიმტკიცის გარანტი, კონსტიტუციით ქალისა და მამაკაცის ურთიერთობის და არა ერთნაირსქესიანთა კავშირის მქადაგებელი.

რამდენად შეწუხებული უნდა იყოს ევროპარლამენტი რუსეთში „დაჩაგრულ“ ადამიანთა ბედით, რომ რუსეთის ხელისუფლებას თითქმის ბრძანების კილოთი განუცხადოს — ახლახანს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების გადახედა, თუ არა სანქციები არ ასცდება.

შეგრძნებაა ისეთი, თითქოს მესამე მსოფლიო ომის მომასწავებელ ვითარებასთან გვქონდეს საქმე. ერთმანეთს წაეწყო ბელარუსში რუსი სამხედროების დაკავება-გათავისუფლება — ოპერაცია, რომელიც ამერიკა-უკრაინის სპეცსამსახურებმა გაითამაშეს, ნავალნის „მოწამვლა“, ბელარუსის ამბოხი, უკრაინის საჰაერო სივრცეში აშშ-ს ბომბდამშენი თვითმფრინავის „ბ-52“ სისტემატური ფრენა, „ჩრდილოეთის ნაკადის“ მშენებლობის შეჩერებაზე ლაპარაკის გააქტიურება და სხვა.

ის, რომ ბელარუსის „ფერადი რევოლუცია“ მრავალი წლის განმავლობაში იგეგმებოდა, ლუკაშენკომ ერთ-ერთ თავყრილობაზე დაწვრილებით ილაპარაკა და მასზე ყურადღებას არ გავამახვილებთ, მაგრამ ვიტყვი, რომ ბელარუსის დაჩოქება მორიგი ეტაპია რუსეთზე იერიშის მისატანად.

დასავლეთმა, რომელმაც სსრკ-ს შიგნით არსებული მოღალატური ძალების ანტისახელმწიფოებრივი მოქმედების შედეგად, მოახერხა საბჭოთა კავშირის დაშლა, მაგრამ რუსეთის დაშლა ვეღარ მოასწრო. ამ სანუკვარი (მისთვის) ოცნების ასრულებას მოგვიანებით შეუდგა — უკრაინის მისგან ჩამოშორებით, უკრაინა-რუსეთს შორის უაღრესად მტრული დამოკიდებულების გაღვივებით, უკრაინის ტერიტორიის რუსეთზე თავდასხმის პლაცდარმად გადაქცევით. ამერიკული „ბ-52“ ბომბდამშენი თვითმფრინავის, რომელიც ბირთვული იარაღის მატარებელია, უკრაინის საჰაერო სივრცეში ფრენა ამის დამადასტურებელია.

თუ რამდენად სახიფათოა რუსეთის საჰაერო საზღვრებთან ამერიკული ბომბდამშენების ფრენა, რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ განმარტა. მან არ გამორიცხა შემთხვევითი საჰაერო კონფლიქტი, რომელიც ფართომასშტაბიანი სამხედრო დაპირისპირების საბაბად შეიძლება გახდეს. შავი ზღვა სამხედრო მოქმედების თეატრად გადაიქცევა, რომელიც ამ ზღვის ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს, განუზომელ პრობლემებს შეუქმნის.

დემოკრატიასა და ადამიანის უფლებების დაცვაზე მოღაღადე დასავლეთი პოსტსაბჭოთა ქვეყნებს, უპირველესად რუსეთს გულისხმობს. კრიტიკის ისრები მხოლოდ მისკენ არის მიმართული, მაშინ როცა არათუ დემოკრატიის წაყრუებასთან, ადამიანის უფლებების სისტემატურ დარღვევასთან გვაქვს საქმე დასავლეთში, აშშ-ი.

სამწუხაროდ, იმ დასავლეთში არვინ აქცევს ამას ყურადღებას. არვინ მოითხოვს, რომ აშშ-ს დაუწესონ ეკონომიკური სანქციები პოლიციელთა მიერ შავკანიანთა ხოცვისთვის. თითქმის სამოქალაქო ომად ქცეულ ამერიკაში დღე ისე არ ჩაივლის პოლიციის მიერ თითო ზანგი არ გაიყოლიოს. როგორც ქათმებს ისე ხოცავენ მათ. უდავოდ აღმაშფოთებელი სანახაობაა, როდესაც ადამიანს კისერზე მუხლის დაჭერით გუდავენ, ან გაქცეულს ზურგში უამრავ ტყვიას ახლიან.

ევროკავშირში შემავალი ქვეყნებიდან ვინმემ ამოიღო საპროტესტო ხმა? არც ერთმა. ცხადია, არც სანქციების დაწესების მოთხოვნაც გაუჟღერებიათ. სანქციები მარტო ჩინეთის, რუსეთის, ირანის, ჩრდილო კორეის, თურქეთის, ბელარუსის წინააღმდეგ არის გამოგონებული?

„პროლეტარებო ყველა ქვეყნისა, შეერთდით!“ — საბჭოთა კავშირის უპოპულარესი ლოზუნგი, რომელმაც მრავალი წლის განმავლობაში თავი მოგვაბეზრა და რომელმაც „დემოკრატიული“ დასავლეთი განუზომელი მტრობით დარაზმა, ამჯერად თვით ქმნის გადასხვაფერებულ, სახიფათო ლოზუნგს — „ლიბერალებო ყველა ქვეყნისა, შეერთდით!“. ის, ვინც არ იზიარებს ამ მოწოდებას დაუძინებელი მტერია.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი