ყარაბაღის ომის შედეგები
2020 წელს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებიდან კორონავირუსობას რომ ვერაფერი შეედრება, ფაქტია. გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში გაჩენილმა ვირუსულმა დაავადებამ, „კოვიდ-19“-დ წოდებულმა, 2020 წლის იანვრიდან ფართოდ გაშალა ფრთები და პანდემიად გადაიქცა — შესაბამისი უმძიმესი შედეგებით.
კორონავირუსს „პოპულარობით“ რომ აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნები არ ჩამორჩა, ესეც ფაქტია. 3 ნოემბერს ჩატარებული არჩევნები, თავისი არადემოკრატიულობით, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვით, სიმახინჯეში გადასული სხვა დარღვევებით რომ მძიმე დაღს დაასვამს მსოფლიოს პირველ ქვეყნად წოდებულს, ესეც ფაქტია.
რასობრივ და სოციალურ ნიაგადზე აფეთქებული ამერიკელი ზანგების, სხვა ფერადკანიანი მოსახლეობის მრავალთვიანი ბუნტი — ჯერაც ჩაუმცხრალი, რომ სოციალური რევოლუციის სახით ემუქრება მამალი კაპიტალიზმის ბუდეს, ესეც ფაქტია.
„ვიყოთ გულწრფელნი და ვთქვათ — ჩვენ, რომ ასეთი ქაოსის მატარებელი ქვეყანა გვეხილა, გადაჭრით დავასკვნიდით, რომ ის გაკოტრების წინაშეა — ისეთ სახელმწიფოდ გადაქცევის, რომლის ხელისუფლება უძლურია აკონტროლოს ვითარება.“ — პოლ კრუგმანი, 2008 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ეკონომიკის დარგში, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორი.
ამ ფონზე კავკასიაში დაწყებული ომი — ყარაბაღის ომად წოდებული, ზემომოყვანილ მოვლენებს რომ არ ჩამოუვარდება, ესეც ფაქტია. და არა იმიტომ, რომ კავკასიაა და მისი გაზვიადების სურვილი გვამოძრავებს, არამედ იმიტომ, რომ მრავალ კითხვას და პოლიტიკურ შურს აღძრავს — სამომავლო დაძაბულობით.
შური უკვე გაჩენილია საკუთარი პრობლემებით გადაღლილ ამერიკა-ევროპაში და მიუხედავად ამისა, ისინი იმ მელიას გვაგონებენ, სიკვდილის წინ თავი რომ საქათმისკენ მიაქვს. მხედველობაში არა აშშ-ს, როგორც ქვეყნის ფიზიკური დასასრული მაქვს, არამედ ერთპოლუსიანობის — საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საკუთარ თავზე რომ მოირგო.
„რუსეთმა შეძლო ავტორიტეტის განმტკიცება კავკასიასა და სხვაგან, სადაც იმყოფებიან რუსი სამშვიდოები. მოსკოვმა გვაჩვენა, რომ შეუძლია სწორი გადაწყვეტილებების პოვნა. მხარეებისთვის მის მიერ შეთავაზებული ფორმულები ყველაზე კარგი გამოდგა. მათ რომ მოსკოვის წინადადებებისთვის ადრე მიექციათ ყურადღება, ომს ადგილი არ ექნებოდა. რუსეთმა დაამტკიცა, რომ პრობლემების მოსაგვარებლად იყენებს სწორ, გონივრულ, კონსტრუქციულ მიდგომებს. ერთადერთი შავი ლაქა თურქული გავლენის გაძლიერებაა, მაგრამ შესაძლებელი იყო ამის თავიდან აცილება?“ — ამბობს ისრაელელი პოლიტოლოგი, საიდუმლო სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანი, ამჯერად სამხედრო ექსპერტი იაკოვ კედმი.
კედმის მოსაზრებას მოგვიანებით რუსეთის პრეზიდენტმა გასცა პასუხი — დაიშალა საბჭოთა კავშირი. გაჩნდა დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფოები, მათ შორის აზერბაიჯანი, რომელიც თავისი შეხედულებისდამიხედვით ირჩევს მეგობრებს.
სამართლიანობა მოითხოვს, ვაღიაროთ შემდეგი — რუსეთმა მოახერხა ის, რაც ვერც ამერიკამ და ვერც საფრანგეთმა — მთიანი ყარაბაღის საკითხების მომგვარებელმა მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა.
აზერბაიჯანში ზეიმია. პრეზიდენტი ალიევი აცხადებს აზერბაიჯანის არმიის ტრიუმფალური გამარჯვების შესახებ და სომხეთისგან კომპენსაციას ითხოვს. სომხეთში გლოვაა, ომში დამარცხებით გამოწვეული, რომელსაც თან ახლავს სომხების საპროტესტო გამოსვლები პრემიერ-მინისტრ ფაშინიანის გადადგომის, პარლამენტის დათხოვნის, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით.
საპროტესტო გამოსვლების დროს გაისმის რუსეთის კრიტიკაც, რომელმაც, მათი აზრით, უღალატა სომხეთს. ანალოგიური ნეგატივი აზერბაიჯანშიც შეინიშნება. ისინიც აძაგებენ რუსეთს, რომელმაც აზერბაიჯანს არ მისცა სტეფანაკერტის დაპყრობის საშუალება.
უკმაყოფილოა თურქეთიც — აზერბაიჯანის ძმა და მეგობარი (ალიევის განცხადებით), რომელიც აქტიურად იღებდა მონაწილეობას ომში. მხედველობაში გვაქვს თურქი სამხედრო სპეციალისტები — მჭიდრო თანამშრომლობაში მყოფნი აზერბაიჯანის არმიასთან.
აზერბაიჯანს თურქეთი წლების განმავლობაში აწვდის იარაღს, სამხედრო ტექნიკას, მათ შორის უპილოტო საფრენ აპარატებს — „ბაირახტარის“ სახელით ცნობილს, რომლებმაც გადამწყვეტი როლი შეასრულეს ყარაბაღის ომში. ეს საფრენი აპარატი მისი დამამზადებლის სახელს ატარებს. ის თურქეთის პრეზიდენტის ერდოღანის სიძეა.
ერდოღანი კატეგორიულად მოითხოვდა სამშვიდობო ძალებში თურქი სამხედროების მონაწილეობას, მაგრამ პუტინმა უარყო ერდოღანის მოთხოვნა და დაარწმუნა ის, რომ სომეხთა გენოციდის მომწყობი, ვერაფრით მოირგებდა აზერბაიჯან-სომხეთის გამშველებლის მანტიას, მიუხედავად იმისა, რომ მინსკის ჯგუფის წევრია სხვა თერთმეთ წევრთან ერთად.
ვიმეორებ — აზერბაიჯანს აქვს უფლება მიიწვიოს უცხო ქვეყნის სამხედრო ძალები თავის ტერიტორიაზე, მაგრამ ყოველგვარი სამშვიდობო ძალების სტატუსის გარეშე.
რუსეთ-თურქეთმა შექმნა ერთობლივი საკონტროლო ცენტრი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, რომელიც მონიტორინგს გაუწევს მთიან ყარაბაღში მიმდინარე პროცესებს.
ომი დამთავრდა, თუმცა არვინ იცის რამდენ ხანს გაგრძელდება მშვიდობა, რომელსაც დაბოღმილი დასავლეთი და მის მიერ წაქეზებული თურქეთი სხვადასხვა სახის პროვოკაციით ემუქრება. ამ ომში იმაზე მეტი ჯარისკაცი დაიხოცა, ვიდრე ავღანეთში საბჭოთა კავშირის სამხედრო ოპერაციაში 10 წლის განმავლობაში.
მოდით საღად შევხედოთ მხარეთა პოზიციებს ომის დამთავრების შემდეგ და შევაფასოთ არსებული ვითარება, რომელშიც დაგვეხმარება ანდრია რაევსკი — დაბადებული ციურიხში, ჰოლანდიელი მამისა და რუსი დედის ოჯახში. ის დასავლეთში ცნობილი ბლოგერია. მუშაობდა შვეიცარიის შეიარაღებული ძალების ანალიტიკოსად, გაეროს სტრუქტურებში მკვლევარად. ცხოვრობს აშშ-ი, ფლორიდაში. სწავლობს პოსტსაბჭოთა ქვეყნების ვითარებას.
„არავითარი ეჭვი იმისა, რომ ამ ომში ყველაზე მეტად სომხეთმა წააგო — არ არის. ფაშინიანმა და მისმა რუსოფობ-სოროსულმა ბანდამ საკუთარ ხალხს უბედურება მოუტანა. მას შემდეგ რაც ფაშინიანი მივიდა ხელისუფლებაში, მან გამორიცხა სომხეთის ოდკბ-ში ყოფნა; შეწყვიტა რუსეთთან თანამშრომლობა ყველა საკითხში, მათ შორის დაზვერვასა და უსაფრთხოების საკითხებში; გაწმინდა სომხეთის შეიარაღებული ძალები და უშიშროების ორგანოები პრორუსული ელემენტებისგან; სკოლებში აკრძალა რუსული ენის სწავლება. ომის დაწყებიდან ერთი თვის განმავლობაში ფაშინიანი კატეგორიულად არ თხოვდა რუსეთს დახმარებას. ნაცვლად ამისა მან თხოვნით აიკლო ტრამპი, მერკელი, მაკრონი, რომლებსაც არავითარი დახმარება სომხეთისთვის არ გაუწევიათ.
გამოცდილი და საუკეთესო ოფიცრების ჯარიდან დათხოვნის შემდეგ, მათი ადგილი ჯამბაზებმა დაიკავეს, რომლებიც აცხადებდნენ, რომ სხვათა, მათ შორის რუსეთის დახმარების გარეშე შეძლებენ ომში გამარჯვებას და ბაქოში ჩასვლას.
თურქეთი. მისი მიზანი სტეფანაკერტის აღება და მთიან ყარაბაღზე თურქულ-აზერბაიჯანული კონტროლის დაწესება — ვერ განხორციელდა. მაგრამ თურქეთმა შეძლო გაეფართოებინა თავისი სამხედრო გავლენა აზერბაიჯანში, სამხედრო კონტიგენტის და სპეციალისტების სახით, რაც ხელს შეუწყობს მას იმ იდეის განხორციელებაში, რასაც ნეოოსმანური იმპერიის შექმნა ჰქვია.
რუსეთი. ეს არის ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც ნამდვილად მოიგო ამ ომში. ამერიკასა და ევროპაში, აგრეთვე რუსეთში არის მძლავრი სომხური ლობი, რომელიც ცდილობს დაარწმუნოს ყველა, რომ სომხეთის დამარცხება, რუსეთის დამარცხებაა, რაც აბსოლუტური სიცრუეა.
2000-ი მშვიდობისმყოფელი, ჩაყენებული მთიან ყარაბაღში, პირველი კლასის, კარგად გაწვრთნილი, კბილებამდე შეიარაღებული სამხედრო მოსამსახურით არის დაკომპლექტებული, რომელსაც ზურგს უმაგრებს სომხეთში არსებული რუსული სამხედრო ბაზები.
რუსეთის სამხედრო დოქტრინა წმინდა თავდაცვის ხასიათს ატარებს, რომლის ინტერესშია რუსეთის ტერიტორიაზე მექანიზებული ძალების სწრაფი ამოქმედება და რუსეთის საზღვრებიდან 1000 კილომეტრის დაშორებით არსებული ტერიტორიის კონტროლი და მტრის იმ ძალების განადგურება, ვინც შეეცდება ამ ზონაში სამხედრო შეღწევას.
რუსეთი აკონტროლებს ნახიჩევან—აზერბაიჯანის დამაკავშირებელ გზას, ისე, როგორც სომხეთ—მთიანი ყარაბაღის გზას. სტრატეგიული გეგმის მიხედვით, ეს ნიშნავს იმას, რომ რუსეთს რკინის მარწუხებში აქვს მოქცეული აზერბაიჯან-სომხეთის სასიცოცხლო მნიშვნელობის არტერიები.
დღეიდან რუსეთს მუდმივად ყავს თავისი სამხედრო ძალები სომხეთსა და აზერბაიჯანში. საქართველო პრაქტიკულად სტერილიზებულია. შავი და კასპიის ზღვები დე-ფაქტო რუსული ტბებია, ხოლო რუსეთის სამხრეთის საზღვრები გაცილებით დაცული, ვიდრე ოდესმე.“
დავეთანხმებით თუ არა ავტორის მოსაზრებას — ნებისმიერი ჩვენთაგანის საქმეა, მაგრამ ის, რომ რუსეთის პოზიციები განმტკიცებულია, ფაქტია. ეს ქვეყანა არც საქილიკო, დასაცინი, მითუმეტეს სალანძღავი არ არის. ეს, ისაა, სხვაგვარი სახელმწიფო პოლიტიკის მისადაგებას რომ საჭიროებს და არა ისეთს, ე.წ. ქართველი ექსპერტები რომ მოითხოვენ.
შეგახსენებთ — აშშ-ს სახელმწიფო მდივნის პომპეოს თბილისში ჩამოსვლას ამერიკულ ინსტიტუტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებში მომუშავე 40 ქართველმა „ექსპერტმა“ წერილობითი თხოვნა შეაგება — საქართველოში ამერიკის სამხედრო ბაზის გახსნის თაობაზე, ხოლო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გახარიამ სტუმართან მოლაპარაკება ასეთი სიტყვებით დაიწყო: „ძალიან კარგი შესაძლებლობა გვეძლევა მნიშვნელოვანი საკითხების განსახორციელებლად თავდაცვისა და უსაფრთხოების, ეკონომიკისა და დემოკრატიის კონსოლიდაციის საკითხებზე. … ამ რეგიონში შეერთებული შტატების გაძლიერებული წარმომადგენლობის მომენტი დადგა.“
ანალოგიური წინადადება არაერთხელ გააჟღერა ლეიბორისტთა ლიდერმა ნათელაშვილმა, რაც მაფიქრებინებს, რომ იდეა იქ დაიბადა ე.წ. ჩვენს სტრატეგიულ საძმოში, რომელიც აქაურებს აატაცებინა — ვითარცა ქვეყნის გადარჩენის და უსაფრთხოების ერთადერთი გზა. ცხადია ამ იდეაში, საქართველოს ხალხს არვინ ახედებს. ის, პოსტ-ფაქტუმ გაიგებს. იდეის განხორციელების შემთხვევაში, რაშიც ეჭვი მეპარება, ვინაიდან აშშ-ი ექსტრემისტულად მოაზროვნეთა გარდა, გონიერი ადამიანებიც არიან (ზოგიერთი ჩვენგანისგან განსხვავებით), რომლებიც არ დაუშვებენ რუსული სამხედრო ბაზებით დაძეძგილ ერთ ციდა საქართველოს ტერიტორიაზე, მათთვის სარისკო, აშშ-ს სამხედრო ბაზის გახსნას.
ბაზის გახსნა არ არის „ავერს“-„პსპ“-ს აფთიაქების გვერდიგვერდ განლაგების ღონისძიება, რაც უნდა იცოდეს ქართულმა პოლიტელიტამ და ექსპერტობამ.
ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი