22.07.2024

ფაშიზმზე გამარჯვების აღსანიშნავი ზეიმი (15.05.2021)

ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავთან დაკავშირებით წინა სტატიაში აღვნიშნე. ამჯერად გეტყვით იმას, რომ გამარჯვების ზეიმი ტრიუმფალურად მარტო მოსკოვში, სანკტ-პეტერბურგში, რუსეთის სხვა დიდ ქალაქებში გაიმართა და არა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში, რომლებმაც არა მარტო თავდაუზოგავად იომეს ფაშისტურ გერმანიასთან, არამედ უდიდესი წვლილი შეიტანეს ჰიტლერიზმის დამარცხების საქმეში.

76 წელი გავიდა კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დამანგრეველი ომის დამთავრებიდან, რაც მთელი რიგი ქვეყნებისთვის საკმარისი აღმოჩნდა მისი დავიწყებისთვის, უფრო სწორად დავიწყებასთან მიახლოებული აღქმისთვის. ყველა ყოფილმა საბჭოთა რესპუბლიკამ, ბალტიისპირა ქვეყნების გამოკლებით, ომის დამთავრება ვერბალურად გაიხსენა — ზოგმა მეტი დოზით, ზოგმა ნაკლები. ზოგმა ვეტერანებიც მოინახულა და ისეთი კოცონი ააგიზგიზა, თითქოს ფაშიზმზე გამარჯვებაში მხოლოდ მათ და მათმა ქვეყანამ გამოიჩინა თავი და არა საბჭოთა ხალხის გაერთიანებულმა თავდადებამ, რომელთა შორის გამოირჩეოდა რუსი ხალხი.

ყველა მოკავშირე რესპუბლიკამ ათასობით საკუთარი მეომარი შესწირა ფაშიზმთან ომს, მაგრამ ჯამურად მათი მსხვერპლი საგრძნობლად ჩამოუვარდება რუსთა მსხვერპლს. დიდ სამამულო ომში, მეორე მსოფლიო ომში გადაზრდილში ყველაზე მეტი ნგრევა რუსეთმა განიცადა. ამით და კიდევ სხვა მრავლით არის გამოწვეული ის, რომ ხშირად მაშინდელი და დღევანდელი პოლიტიკოსები, ჟურნალისტები საბჭოთ კავშირის ნაცვლად რუსეთს ხმარობენ.

საბჭოთა კავშირის დაშლასთან ერთად, დაიშალა ამ კავშირისადმი ყოფილ რესპუბლიკათა დამოკიდებულება. მოსკოვი, კრემლი, რუსეთი მათთვის არცთუ შორეულ წარსულში ახლობელი, შორეული გახდა, ბევრისთვის მიუღებელი, ახალი, დამოუკიდებელი ცხოვრების შენების საწყის ეტაპზე ბარიერების შემქმნელიც. ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს, რომლებმაც დამოუკიდებლობა რუსეთის ხელგაშლილობით მიიღეს, ეჭვი გაუჩნდათ კრემლის „სიკეთეში“.

„ხელგაშლილობა“, დროებით აქტად შეფასდა და საბჭოეთში ძალით უკან შებრუნებას რომ არ ჰქონოდა ადგილი, მუხლებში ჩაუვარდნენ აშშ-ს — ნაბოძები დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და თავისუფლების მისთვის ჩაბარებით. ამ „საშურ“ პროცესში — ყველა ყოფილმა საბჭოთა რესპუბლიკამ გამოიჩინა თავი, მაგრამ განსაკუთრებით საქართველომ.

ყველას „დაუფასდა“, განსაკუთრებით საქართველოს. ჩვენი ქვეყანა გადაიქცა ამიერკავკასიაში აშშ-ს პოლიტიკის მტკიცე საყრდენად, ანტირუსული გამუდმებული ისტერიის და პროვოკაციების ცენტრად. რეგიონში შემოსულმა ამერიკამ ფართომასშტაბიანი „რბილი ძალის“ გამოყენებით, რუსეთთან არათუ მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობა დაგვავიწყა, არამედ ფაშიზმთან ერთობლივი ომის ისტორიაც, საკუთარი წეს-ჩვეულებებიც და თვითმყოფადი კულტურაც.

საქართველოს მოსახლეობა, ამერიკული წვრთნის ადვილი შემთვისებელი აღმოჩნდა — დამყოლი, დამჯერი, უყოყმანო შემსრულებელი, რომელთა წყალობით მოკლე პერიოდში შესაძლებელი გახდა ამერიკელზე მაგარი ქართველის გამოყვანა. ამერიკული ცხოვრების წესზე დამყნობილი ახალი ქართველი თავისუფალ ქცევაში, ისტორიისადმი ზედაპირულ დამოკიდებულებაში, საერთო გაუნათლებლობაში კოლეგა ამერიკელს უტოლდება და ასწრებს.

ახალმა ქართველმა, ამერიკელთა მიერ გამოყვანილმა, ისეთივე შეფასება მისცა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებულებს, როგორიც ვაშინგტონმა, მისი ზეგავლენით გაერთიანებულმა დასავლეთმა. მან ამერიკელთაგან გაიგო ომის „ნამდვილი“ ისტორია. საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელების, უპირველესად სტალინის 1939-41 წლეების ანტიდემოკრატიული მაქინაციების თაობაზე, ჰიტლერთან დადებული ხელშეკრულების შედეგად დაწყებულ მეორე მსოფლიო ომზე და ა.შ.

საქართველოს ტვინში ჩაუნერგეს სტალინის აგრესიული პოლიტიკის მითი, მეორე მსოფლიო ომის გაჩაღების და ჰიტლერ-სტალინის საზარელი გარიგების ისტორია, რომლის მიხედვით, ხელშეკრულებით შემოფარგლულ „გავლენათა სფეროებში“ სტალინსა და ჰიტლერს  ბანდიტიზმის სრული შესაძლებლობა ეძლეოდათ.

ასე წერს ინგლისელი ნორმან დევისი, აფასებს რა მეორე მსოფლიო ომის პერიპეტიებს.

ცნობილი ისტორიკოსი და პუბლიცისტი იშვიათი გამონაკლისია იმ დასავლელ მეცნიერთა შორის, რომელიც უამრავ ნეგატიურთან ერთად, ცოტა რამ დადებითსაც ამბობს სსრკ-სა და მის ხელმძღვანელ სტალინზე. მას მოჰყავს ინგლისის პრემიერ-მინისტრის ჩერჩილის ავტობიოგრაფიული წიგნიდან „მეორე მსოფლიო ომი“ ფრაგმენტები, სადაც ავტორი ამტკიცებს, რომ ომი დიდმა ბრიტანეთმა მოიგო. აშშ და სსრკ მას ეხმარებოდნენ.

ამ წიგნის პირველი ტომი 1948 წელს გამოვიდა. მეორე კი — მოგვიანებით. ჩერჩილს უთქვამს: „ისტორია ჩემს მიმართ კეთილგანწყობილი იქნება, ვინაიდან თვითონ ვწერ მას“.

და მართლაც, ომის შემდგომი ისტორია ჩერჩილის ნაწერის მიმართ კეთილგანწყობილი აღმოჩნდა. მის მიერ შეთხზულმა ისტორიამ ყველა დაინტერესებული ადამიანის ტვინში ჩაიბუდა, შესაბამისი შედეგით — ომში, სსრკ-ს მეორეხარისხოვნობით, ფაშიზმის განადგურებაში ინგლის-ამერიკის მეწინავეობით.

ჩერჩილის მიხედვით, მოკავშირეების გადმოსხმა ნორმანდიაში არაფრით ჩამოუვარდება რუსთა გამარჯვებას აღმოსავლეთის ფრონტზე. „ჩვენი პატრიოტული წარმოდგენა 1945 წლის მოვლენებზე არ ქმნის ჭეშმარიტებას“, — წერს ნორმან დევისი და აგრძელებს: „ამერიკელებსა და ბრიტანელებს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გვინერგავდნენ, რომ „ჩვენ მოვიგეთ“ ომი. ნორმანდიაში ჯარის გადასხმა არ იყო გადამწყვეტი მომენტი ამ ომში. ფაშიზმის დამარცხებაში მთავარი წვლილი სტალინის არმიამ შეიტანა.

მოვიყვან სტატისტიკას — გერმანიამ აღმოსავლეთის ფრონტზე 75%, 80%-იანი დანაკარგი განიცადა, დასავლეთისაზე — 20-25%. ბრიტანეთმა ფრონტზე 28 დივიზია დააყენა (აშშ-ა 99), რითაც საერთო გამარჯვებაში მისი წვლილი 5-6%-ს არ შორდება. მესამე რეიხის დაჩოქება საჰაერო თავდასხმებით შეუძლებელი იყო, ვინაიდან ჰიტლერს მთელი ევროპა ციხესიმაგრედ ჰქონდა გადაქცეული, მისი აღება მხოლოდ სახმელეთო ჯარს შეეძლო. ასეთი კი წითელი არმია იყო. შეცდომა იქნებოდა იმის უარყოფა, რომ სტალინს გამარჯვებაში გადამწყვეტი როლი არ უთამაშია“.

ნორმან დევისის სტატიიდან მოყვანილი დადებითი ამონარიდები ზღვაში წვეთია იმ უამრავ ნეგატიურთან, რომლითაც გამათრახებულია საბჭოეთისა და მისი ბელადის სტალინის პოლიტიკა. ავტორი აღნიშნავს, რომ წითელი არმიის მიერ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ფაშიზმისგან განთავისუფლებას არ მოჰყოლია დემოკრატია, პირიქით ერთი რეჟიმი, მეორეთი შეიცვალა. „ფაშისტ დამნაშავეთა კოალიციას უნდა დაემატოს სსრკ, რომელიც მიუხედავად ფაშიზმის დამარცხებისა, დამნაშავეა“ — წერს ისტორიკოსი და აგრძელებს: „გამარჯვებაში დასავლელ მოკავშირეთა წვლილი მოკრძალებულია, მაგრამ მათ გააკეთეს ის, რისი შესაძლებლობაც ჰქონდათ და დამსახურებულად აღმოჩნდნენ გამარჯვებულთა რიგებში“.

„აშშ-ი გვიან ჩაერთო ომში, თან მცირე ძალებით, რასაც ომზე გადამწყვეტი გავლენა არ ჰქონია. დემოკრატიულმა ძალებმა თავიანთი წვლილი შეიტანეს ფაშიზმზე გამარჯვებაში, მაგრამ საბოლოო ჯამში მათ კონტროლქვეშ ევროპის ნახევარზე ნაკლები აღმოჩნდა. კონტინენტის დანარჩენ ნაწილს ტირანული, ტოტალიტარული რეჟიმი დაეპატრონა. ასე რომ, რიტორიკული ფრაზა „დემოკრატიის ტრიუმფი“ და „გათავისუფლება“ არ შეესაბამება შინაარსსა და სინამდვილეს“.

ისტორიკოსის მოსაზრება ისეთია, როგორიც თითქმის ყველა დასავლელის, რომელიც მოითხოვს სსრკ-ს მემკვიდრის რუსეთის ისეთსავე დასჯას, როგორითაც 1946 წელს ნიურნბერგის საერთაშორისო სასამართლომ დასაჯა ფაშისტური გერმანია.

მსგავსი და უარესი მოსაზრებებით იკვებებიან დასავლელი პოლიტიკოსები, საზოგადოება. რუსეთი მათი მტერია, ყირიმის დამპყრობი, უკრაინის აღმოსავლეთში ომის გამჩაღებელი, საქართველოს ტერიტორიების ოკუპანტი, შავი ძალა, რომელიც თეთრ, ბუნჩულა, დემოკრატ დასავლეთს წარღვნით ემუქრება. და რომ ამას ადგილი არ ჰქონდეს ნატოს შეიარაღებულ ძალებს ანთავსებს რუსეთის საზღვრების სიახლოვეს, ატარებს ფართომასშტაბიან სამხედრო წვრთნებს; უკრაინას, საქართველოს, მოლდოვას აქეზებს რუსეთის წინააღმდეგ და ისინიც — ბატონის სუფრიდან დარჩენილი საკვების მოლოდინში, თავგადაკვლით ლანძღავენ რუსეთს და უმტკიცებენ დასავლეთს — ისინი არიან დასავლეთის აღმოსავლეთ-სამხრეთის საზღვრების დამცველები და რუსული აგრესიის შემკავებლები.

აი, ასეთ ფონზე გაიმართა ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავის აღმნიშვნელი სამხედრო პარადი მოსკოვში, წითელ მოედანზე, რომელზეც რუსეთმა ტრადიციულად აჩვენა მსოფლიოს ახალი სამხედრო ტექნიკა — სახმელეთო და საჰაერო. თითო ტანკის, რაკეტის, ჯავშანტრანსპორტიორის ფასი ასეულ-ათასობით დოლარს აჭარბებს.

ამ სამხედრო ტექნიკის შემხედვარე საქართველოს ხელისუფლებას მასთან შეჭიდების სურვილი რომ გაუჩნდება, რას ნიშნავს ეს, თუ არა სიბეცეს, უჭკუობას, პოლიტიკასა და სამხედრო საქმეში სრულ უცოდინრობას.

საქართველოს ყველა ხელისუფლებას, რომელიც ბოლო 30 წლის განმავლობაში სათავეში უდგას ქვეყანას, მოჭარბებული დოზით, თავიდან ფეხის ტერფამდე გამჯდარი აქვს ჩამოთვლილი „სიკეთეები“, მაგრამ ასე ღრმად?!

ხელისუფლება, რომელიც ჩამოწერილი ამერიკული „ჯაველინით“ და ფრანგული ანტისარაკეტო სისტემის იმედით ფიქრობს რუსული შეტევის მოგერიებას, ბრმა და ყრუა. ანალოგიური უნდა ითქვას უკრაინის მისამართითაც, თუმცა მასზე უკრაინის მარიონეტმა ხელისუფლებამ იმტვრიოს თავი. საქართველოს თავისი გასაჭირი აქვს ეკონომიკური, ფინანსური, სოციალური, მენტალური, რომელთა გამოსწორება დღევანდელ ხელისუფლებას არ შეუძლია მარტივი მიზეზის — ქვეყნის მართვის არცოდნის და ღორმუცელობის გამო.

უმძიმეს ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი ჯიქურ, ნიშნის მოგებით არ უნდა აცხადებდეს — დიახაც! პოლიციისთვის ახალ ავტომანქანებს შევიძენთ. ან ვის მოუვიდა თავში აზრად „პიკაპების“ შეძენა? ძვირადღირებული უცხოელი ექსპერტების მოწვევა ეკონომიკური ან სხვა დარგების გამოსწორების მიზნით?

30 წლის განმავლობაში რამდენი ასეთი სპეციალისტი მუშაობდა საქართველოში, თუმცა მათი „შრომის“ შედეგი ქვეყნის მოსახლეობამ ვერ იხილა. ხელისუფლება ქმედითი ნაბიჯების გადადგმის ნაცვლად ცრუ ინფორმაციით კვებავს ხალხს — თითქოს ეკონომიკურ-სოციალურ ვარდნას მთელს მსოფლიოში აქვს ადგილი. იქაც ისე უჭირთ, როგორც აქ. განსაკუთრებულ აქცენტს მეზობელ რუსეთზე აკეთებს, სადაც ხალხი თუ მეტნაკლებად კარგად ცხოვრობს მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში, დანარჩენ ქალაქებსა და სოფლებში შიმშილობს.

ცხადია, „კოვიდ-19“-ს პანდემიამ მომაკვდინებლად იმოქმედა ყველა ქვეყანაზე, მაგრამ განსაკუთრებით ისეთზე, რომელიც ერთ დარგზეა ჩამოკიდებული, მაგალითად ტურიზმზე.

სააკაშვილის საქართველომ განვითარების იოლ გასაღებს მიაგნო — არა სოფლის მეურნეობას, არა ტრადიციულ სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოყვანას, არა მრეწველობის ამუშავებას, არა კვების პროდუქტების წარმოებას ან საერთოდ რაიმეს წარმოებას, არამედ ტურიზმს.

მდიდარი ლანდშაფტის, ზღვის და მთის წყალობით ბედოვლათმა ხელისუფლებამ ხელის მოთბობა გადაწყვიტა, დაივიწყა რა ტურიზმით ცნობილი ქვეყნების გამოცდილება. მაპატიეთ, კი არ დაივიწყა, რაც არ იცოდა, იმას ვერ დაივიწყებდა, უბრალოდ ფეხებზე დაიკიდა. ტურიზმით ცნობილი ქვეყნების შემოსავალი ამ დარგიდან მნიშვნელოვანია, მაგრამ არამცდაარამც არ აჭარბებს სხვა დარგებს. ის, სხვა დარგებთან ჰარმონიაში იძლევა შედეგს და არა ცალკე, დამოუკიდებლად.

ტურიზმი არა მარტო სასტუმრო, ჰოსტელი, ტრანსპორტი, კვება, ღირსშესანიშნაობებია, არამედ განვითარებული ინფრასტრუქტურა, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობა — მეცხოველეობა, მებოსტნეობა, მეხილეობა, მეღვინეობა და სხვა. ყველას გვახსოვს სააკაშვილის მეხოტბე უვიცი გოგო-ბიჭების ბრტყელი საეთერო განცხადებები — რომ სოფლის მეურნეობა საჭირო არ არის; რომ საქართველო ტურიზმით და ინტელექტუალური შრომის გაყიდვით ირჩენს თავს. და ამას ამბობდნენ განათლებამოშლილ ქვეყანაზე. რა მივიღეთ შედეგად?

გაჩერებული სასტუმროები, ანაზღაურების გარეშე დარჩენილი მომსახურე პერსონალი, ცარიელი ბიუჯეტი და პარალელურად მოლაქლაქე ხელისუფლება-ოპოზიცია.

30 წლის განმავლობაში ხალხი ვერ მიხვდა, რომ ქუჩის დახვეტას — ხელში ცოცხის დაჭერა სჭირდება. ვერც ხელისუფლება მიხვდა, რომ ქვეყნის შენებას პრაგმატიზმი, საქმის ცოდნა და მუშაობის სურვილი სჭირდება, ნაცლად ნატოსა და ევროკავშირში შესვლისთვის ლამის 30-წლიანი გამუდმებული ბღავილი.

ასე ყვიროდა და ყვირის უკრაინა, ჩვენი მეგობარი ქვეყანა სსრკ-ს დროს აყვავებული, ამჯერად გაპარტახებული, მშიერი.

ამას წინათ საფრანგეთში ვიზიტად მყოფმა უკრაინის პრეზიდენტმა, ევროკავშირ-ნატოზე ნაწყენმა, ჰკითხა მასპინძლებს — რამდენი ხანი უნდა ვიდგეთ ნატო-ევროკავშირის კართანო. პასუხი იყო მოკლე და გასაგები — იმდენი, რამდენიც საჭირო იქნებაო. თან ისიც ითქვა, რომ გაწევრების პროცესი არც დღეს და არც უახლოეს მომავალში არ შედგებაო.

პარიზში მიღებულ პასუხს უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი მედგრად შეხვდა, ვინაიდან წინ აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან, ბლინკენთან იგეგმებოდა შეხვედრა, რომელიც კიევში უნდა გამართულიყო.

სულ ახლახანს ეს შეხვედრაც გაიმართა — უკრაინის ხელისუფალთათვის აშკარად გულისდამწყვეტი. „რეფორმები გაატარეთ, ნატოში შეძრომის მცდელობას შეეშვით“ — დაახლოებით ასეთი იყო ამერიკელი სტუმრების ნათქვამი. უკრაინის რადასა და ფრაქციების წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს სახელმწიფო მდივნის მოადგილე ნულანდის განცხადება იყო შემდეგი: „კიევისთვის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში შესვლის პედალირება არ ღირს, ვინაიდან ეს „წარწერა“ მას არაფერს მისცემს“.

რას ნიშნავს ეს, თუ არა იმას, რომ უკრაინის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის დასავლეთი არ იომებს. არც პრეზიდენტ ზელინსკის თხოვნას მიაქციეს ამერიკელმა სტუმრებმა ყურადღება. თხოვნა კი იყო ასეთი — დამოუკიდებლობის 30-ე წლისთავზე აშშ-ს პრეზიდენტის მიწვევა უკრაინაში.

ბლინკენის პასუხი მოკლე და უარყოფითი გამოდგა — პრეზიდენტი ჩამოვა მაშინ, როდესაც ჩათვლის მიზანშეწონილად.

საინტერესოა, მიაქციეს თუ არა ბლინკენის განცხადებებს ყურადღბა საქართველოს ხელისუფლებამ და ოპოზიციამ? და თუ მიაქციეს, რა დასკვნები გააკეთეს?

მათი და მათი მხარდამჭერი პოლიტიკოსების მოსაზრებების გაგება იოლი არ იქნება, ვინაიდან როგორც ხელისუფლება, ისე მთავარი ოპოზიციური ძალა სხვისგან ელოდება ინსტრუქციებს, ერთი ივანიშვილისგან — პოლიტიკიდან ვითომ წასულისგან, მეორე, უკრაინაში მყოფი სააკაშვილისგან.

ნუთუ უკრაინის მაგალითზე ვერ უნდა დაინახონ ერთიდაიგივე „პლასტინკის“ ტრიალის უპერსპექტივობა? ხალხს შია, მილიონობით პრობლემა აწუხებს და არაფრად ეპიტნავება ნატოსა და ევროკავშირში გაწევრება, მითუმეტეს, როდესაც ასეთი შესაძლებლობა საქართველოს კარგა ხნის განმავლობაში არ ექნება.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი