07.12.2024

რით იყო აღსანიშნავი 2020 წელი?

ბატონ  სპარტაკ ქობულიას

ასეთ კითხვას სვამს ყველა, სახელმწიფო  მოღვაწიდან დაწყებული, რიგითი ადამიანით დამთავრებული. სვამს ხმამაღლა, უფრო მეტად ჩუმათ საკუთარ თავში. პასუხი დასმულ კითხავზე უმრავლეს შემთხვევაში არის უარყოფითი. სხვაგვარი არც შეიძლება ყოფილიყო, იმ უამრავი ნეგატიური მოვლენებიდან გამომდინარე, რასაც 2020 წელს ჰქონდა ადგილი. ნეგატივი კი უცნობმა ვირუსმა მოიტანა, თან ისეთი სიძლიერით, ბევრმა რომ ვერ გაუძლო და სამწუხაროდ, მოულოდნელად შეწყვიტა ცხოვრება.

უცნობმა ვირუსმა გრიგალივით გადაუარა მსოფლიოს, მათ შორის საქართველოსაც. არვინ დაინდო, განსაკუთრებით ისინი, ვისაც ქრონიკული დაავადებები აწუხებდა და არა მარტო. დაბნეული, უსუსური მსოფლიო ახალი ვირუსის მომაკვდინებელმა მოქმედებამ კიდევ უფრო დააბნია, დააშინა, სასოწარკვეთილებაში ჩააგდო.

2020 წლის იანვრიდან დაწყებულმა პანდემიურმა აგრესიულმა შეტევამ სვლა მხოლოდ ზაფხულის მოკლე პერიოდში შეანელა, რის შემდეგ ძალა მოიკრიბა და ისეთი ტემპით შეუტია სამყაროს, უარესს რომ ვერ იწინასწარმეტყველებდა კაცობრიობა. მეორე შემოტევა უფრო მომაკვდინებელი გამოდგა გასულ იანვარ-ივნისთან შედარებით. მეორე, დღესაც გრძელდება და როგორც ვირუსოლოგები ვარაუდობენ, მესამეში გადაიზრდება.

ბუნებრივად თუ ხელოვნურად გაჩენილმა, უხილავმა აგრესორმა, რომ იტყვიან მუხლებზე დააჩოქა ატომურიდან დაწყებული, ჩვეულებრივი იარაღით  დახუნძლული ქვეყნები, რომლებიც უხილავი ვირუსის გამოჩენამდე შიშის ზარს სცემდნენ სამყაროს. ისინიც კი შეუძლონი აღმოჩნდნენ „კოვიდ-19“-ნ ომში. კაცობრიობამ თვალნათლივ დაინახა ყველა სახის, მათ შორის ბირთვულის, წყალბადის, ნეიტრონის იარაღის უმწეობა ბიოლოგიურ იარაღთან შედარებით.

ბიოლოგიური იარაღი შემთხვევით არ მიხსენებია, რამეთუ ექსპერტთა და სამხედრო მედიკოსთა მნიშვნეოვანი ნაწილი ხაზგასმით აცხადებს ასეთის შესაქმნელად კვლევითი სამუშაოების ინტენსიურ წარმოებაზე. ზოგი „კოვიდ-19“-ს არა ბუნებრივად, არამედ ხელოვნურად შექმნილად მიიჩნევს. მათი აზრით, თუ მეოცე საუკუნის მთავარი საფრთხობელა ბირთვული იარაღი იყო, 21-ე საუკუნეში ბიოლოგიური იარაღი იქნება.

მე-20 საუკუნის იარაღს ე.წ. საფრთხობელას — განსაკუთრებით ჰიროსიმასა და ნაგასაკში ხალხზე გამოცდის შემდეგ, საფრთხობელობასთან ერთად კაცობრიობისთვის უაღრესად სასარგებლო თვისებებიც აღმოაჩნდა. მეცნიერებმა შეძლეს მისი მოთვინიერება, ადამიანის სამსახურში ჩაყენების თვალსაზრისით — მედიცინაში, ენერგეტიკაში, სხვა დარგებში.

ბირთვულმა იარაღმა იხსნა მსოფლიო სუპერსახელმწიფოთა სამხედრო დაპირისპირებისგან. ბირთვული იარაღი „მშვიდობის მტრედად“ იქცა. ადამიანმა შეძლო ბირთვულ ენერგიასთან ურთიერთდამოკიდებულების ჩამოყალიბება და მისი კეთილი საქმეებისთვის გამოყენება. შეძლებს თუ არა ადამიანი მსგავსის გაკეთებას ბიოლოგიურ იარაღთან მიმართებაში —  დღევანდელი, მეტადრე ხვალინდელი დღის გადასაწყვეტია.

მანამდე კი მიმდინარეობს საიდუმლოებით მოცული კვლევები, თუმცა შიგადაშიგ მცირედი ნაწილი საიდუმლოებისა საჯარო განსჯისა და კრიტიკის საგანი ხდება. ხშირია ბიოლოგიური იარაღის მავნებლობაზე მიძღვნილი კონფერენციებიც.

სულ ახლახანს, საერთაშორისო ონლაინ-კონფერენციამ, სახელწოდებით „ბიოლოგიური ლაბორატორიები — მსოფლიო საზოგადოების საფრთხე“, მოისმინა ამ დარგის მეცნიერების მოხსენებები და შესაბამისი დასკვნებიც გააკეთა, რომელთა დახმარებით შესაძლებელი გახდება პრობლემების მასშტაბურობის აღქმა, საერთო სურათის წარმოჩენა. კონფერენციაში მონაწილეობდა ცნობილი სომეხი ვირუსოლოგი, პროფესორი, ბიოლოგიური უსაფრთხოების საერთაშორისო ექსპერტი გრიგორ გრიგორიანცი.

„კორონავირუსული ინფექცია არის შედეგი და არვინ იძლევა გარანტიას, რომ მისი გადალახვის შემდეგ, სხვა, ახალი არ გაჩნდება. კორონავირუსი განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს იმათში, ვინც ბიოლოგიურ იარაღზე მუშაობს. „კოვიდ-19“-თან დაკავშირებით შეიქმნა ლეგენდა, რომ ვირუსი ბუნებაში წარმოიშვა. არვინ მიაქცია ყურადღება, რომ ქალბატონი ში ჟენგლი (Shi Zhengli) და ჩინელი ვირუსოლოგები მუშაობდნენ USAID-ს მიერ დაფინანსებულ პროექტზე. ყველა ეძებდა დამნაშავეს, ნაცვლად ამისა, საჭირო იყო უბრალოდ გაყოლოდნენ კვლევის მიმართულებას, კვლევითი სამუშაოების ლოგიკას. ეს კვლევები ხომ კაცობრიობისთვის პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენს?“ — თქვა გრიგორიანცმა.

აშშ-ს ბიოლაბორატორიები უხვადაა რუსეთის ირგვლივ, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში — უკრაინაში, სომხეთში, აზერბაიჯანში, საქართველოში, ცენტრალური აზიის ქვეყნებში.

„ქვეყანა, რომელიც სხვას აძლევს თავისი ბიოუსაფრთხოების სისტემის კონტროლის შესაძლებლობას, კოლონიად იქცევა. კოლონიზაციისთვის არ არის საჭირო ჯარის გამოყენება. ის, რაც შეუძლია გააკეთოს დაავადებას, ინფექციას, ბიოლოგიურ იარაღს, გაცილებით ეფექტიანია სამხედრო ძალასთან შედარებით“ — ამბობს გრიგორიანცი.

ასეათუ ისე, ჩვენდა სამწუხაროდ, კორონავირუსი მძვინვარებს და მიუხედავად მისი შემაკავებელი ვაქცინისა, კარგა ხანს არ შეგვეშვება, შესაბამისი შედეგებით — ეკონომიკური სტაგნაციით, სოციალური ვითარების გაუარესებით, ადამიანთა ერთმანეთისგან დაშორებით და სხვა ისეთი არასახარბიელო მომენტებით, რაც კარდინალურად ცვლის ადამიანის ცხოვრებას.

ადამიანთა ყოფა ვეღარ დაუბრუნდება წარსულ ჩარჩოებს. ის, სხვა იქნება — თავშეკავებული, ეჭვით და შიშით მოსილი. თუმცა, ადამიანი, ვიდრე დედამიწაზე დააბიჯებს, შეეგუება უსასტიკეს გამოწვევას, ისე, როგორც არაერთხელ, განვლილი ათასწლეულების განმავლობაში.

2020 წელი პოლიტიკური თვალსაზრისითაც არ იყო დამშვიდებული. მიზეზი ბობოქრობისა საპარლამენტო არჩევნები იყო. 2020 წლის პოლიტიკური გზამკვლევი 2019 წლის 20 ივნისი იყო — გავრილოვის სახელით შესული საქართველოს უახლეს ისტორიაში. „გავრილოვმა“ გამოაფხიზლა ოპოზიცია, უფრო სწორად ნაცურმა ოპოზიციამ, რუსეთის სათათბიროს წევრის გავრილოვის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდომა ოსტატურად გამოიყენა ანტისახელმწიფოებრივი ბუნტის მოსაწყობად და საბოლოო ჯამში ოპოზიციის გასაერთიანებლად.

ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა ხელისუფლება-ოპოზიციის ვერბალური პაექრობა — ნეიტრალურ მინდორზე, აშშ-ს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში, აშშ-ს ელჩის არბიტრაჟით. შედეგი?

31 ოქტომბრის არჩევნები; „ქართული ოცნების“ გამარჯვება; ოპოზიციის მიერ საკმაო მანდატების მოპოვება, მაგრამ არასაკმარისის, კოალიციური მთავრობის ჩამოსაყალიბებლად.

რა მოგვცა 31 ოქტომბრის არჩევნებმა? ერთპარტიული პარლამენტი, ფორმალურად მრავალპარტიული. დღეს ხშირად სვამენ კითხვას — შევა თუ არა ოპოზიცია პარლამენტში? ეს კითხვა 2021 წლის პოლიტიკურ ცხოვრებას ლაიტმოტივად გაჰყვება. ოპოზიციის გარეშე გვეყოლება არასრული, ერთპარტიული პარლამენტი, რომელიც ვერ მიიღებს ორგანულ კანონებს, ვერ ჩამოაყალიბებს საპარლამენტო დელეგაციას საერთაშორისო ორგანიზაციებში სამუშაოდ და ა.შ.

საპარლამენტო ცხოვრებაში ნაკლებად გათვითცნობიერებული ადამიანების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ არაფერი დაშავდება პარლამენტში ოპოზიციის არყოფნით — ასე იყო საბჭოთა კავშირის დროს და არაფერი დაშავებულაო.

მეგობრებო! თანამედროვე საქართველო არის ევროკავშირის ასოცირებული წევრი, ევროსაბჭოს წევრი, პროდასავლური ორიენტაციის ქვეყანა; ჩვენს ირგვლივ, ყოფილ საბჭოთა სივრცეში აღარ არის ერთპარტიული პოლიტიკური ცხოვრება, ერთპარტიული პარლამენტი. ერთპარტიულობით გამოირჩევიან ჩინეთი, ჩრდილოეთ კორეა, თუმცა მათი პოლიტიკური სისტემა სხვაგვარადაა აწყობილი და წარმატებითაც მოქმედებს ამ ქვეყნებში.

ერთპარტიულობა იყო ტაივანზეც, რომელმაც ეკონომიკური წინსვლით მთელს მსოფლიოში გაითქვა სახელი. დაახლოებით იგივე იყო სინგაპურშიც, რომელიც სამაგალითოა მსოფლიოში. მაგრამ ეკონომიკური პრობლემების და სოციალური ვითარების გამოსწორების, ქვეყნის ფეხზე მტკიცედ დაყენების შემდეგ იქაც გაჩნდნენ პარტიები, მრავალპარტიული საკანონმდებლო ორგანოები. ასე რომ პროდასავლური ორიენტაცია — ერთპარტიულობის ნაცვლად, მრავალპარტიულობას მოითხოვს, რაც შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებას აიძულებს საქართველოს პოლიტიკურ ელიტას.

2020 წელი აღსანიშნავი იყო პოლიტიკური არასტაბილურობით ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებში — აშშ-სა და ევროკავშირში. 2020 წელი ამერიკაში პრეზიდენტის არჩევნების წელი იყო, რამაც მას მოუტანა უკიდურესი დაპირისპირება „დემოკრატებსა“ და „რესპუბლიკელთა“ შორის.

გაჩაღებული ბრძოლა არჩევნების შემდეგაც გრძელდება და როგორც ჩანს 2021 წელსაც არ განელდება. საპრეზიდენტო არჩევნებმა მსოფლიოს დაანახა ამერიკული საარჩევნო სისტემის გაუმართაობა, კორუმპირებულობა, სიყალბე და ყველა ის ნეგატივი, რომელთა ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს.

არჩევნებში გამარჯვებული დემოკრატი ბაიდენი ვერასდროს ივლის პოლიტიკურად წელგამართული, ვიდრე დამარცხებული ტრამპი თავს ასეთად არ ჩათვლის. ტრამპი კი აცხადებს, რომ მან გაიმარჯვა არჩევნებში და არა ბაიდენმა. ის, გააგრძელებს ბრძოლას „თეთრი სახლისთვის“ მომავალი 4 წლის განმავლობაში.

2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობა, თვით არჩევნები და არჩევნების შემდგომი პერიოდი — ამერიკის ისტორიაში უნიკალური, მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე უარყოფით გავლენას ახდენს. ამ საქმეში თავის ნეგატიურ წვლილს შეიტანს თვით ამერიკაში დაწყებული შიდა დაპირისპირება — რასობრივ ნიადაგზე, სოციალურ უთანასწორობაზე, სეპარატიზმზე დაფუძნებული.

2020 წლის ამერიკულ ბუნტს ღრმა ფესვები აქვს. შეძლებს ახალი ადმინისტრაცია აუარება შიდა პრობლემის მოგვარებას ? ძნელი სავარაუდოა.

შეძლებს ის მსოფლიო ჰეგემონის სახელის შენარჩუნებას? ძნელი სავარაუდოა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ზურგს უკან ჩინეთის სუნთქვა ესმის, წინ კი რუსეთის პრიორიტეტულობას ხედავს თანამედროვე, სუპერშეიარაღების სახით.

2021 წელს დაპირისპირება აშშ-ს, რუსეთს და ჩინეთს შორის მეტ სიმწვავეს შეიძენს, რის საფუძველს იძლევა აგრესიულად დამუხტული ახალი ადმინისტრაცია.

მძიმე პროცესებს ჰქონდა ადგილი ევროკავშირში — დიდ ბრიტანეთთან „ბრექზიტით“ და „კოვიდ-19“-ით გამოწვეული.  „კოვიდ-19“-მა მძლავრად შეუტია ევროკავშირის ეკონომიკას, სოციალურ ვითარებას. მდგომარეობის უკეთესობისკენ შებრუნებას არათუ 2021 წელი, მომდევნო 3 წელიც არ ეყოფა.

კავკასიისთვის 2020 წელი არცთუ მშვიდობიანი გამოდგა — ყარაბაღის ომმა, რუსეთის შემწეობით მეომარ აზერბაიჯან-სომხეთის დაზავებამ, თურქეთის გააქტიურებამ, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მისი სამხედრო ბაზის სავარაუდო გაჩენამ დიდი თავის ტკივილი შეიძლება გამოიწვიოს რეგიონში.

თურქეთი რახანია ცდილობს და საკმაოდ წარმატებითაც საკუთარი პოლიტიკური, ეკონომიკურ-სამხედრო გავლენის მოპოვება-განმტკიცებას კავკასიაში — ძველი ოსმალური ისტორიის მიხედვით, რაც თავისთავად გაღიზიანების საბაბია რუსეთისთვის. საქართველოში (აჭარა) მოპოვებული გავლენის შემდეგ, აზერბაიჯანის ძმად და მეგობრად (ორი ქვეყანა, ერთი ხალხი) გამოცხადება, იქ სამხედრო საყრდენის მოპოვება; კასპიის ზღვის გადაღმა, ცენტრალური აზიის ქვეყნებში (თურქულენოვანში) პოზიციების გამაგრება რუსეთს ძილს უფრთხობს და რაც არ უნდა თავშეკავებულად ილაპარაკოს რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა, თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანზე, რუსეთის გაღიზიანება გაღრმავდება შესაბამისი შედეგებით.

აზერბაიჯანი — დსთ-ს წევრი ქვეყანა, ისე დაუახლოვდა თურქეთს, რომ მას „ძმას“ უწოდებს და სამამულო ომში (ასე ახასიათებს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ალიევი სომხეთთან ომში მოპოვებულ გამარჯვებას) გამარჯვების აღსანიშნავ სამხედრო პარადზე, გარდა ერდოღანისა, არვის იწვევს. პარადში,  თურქეთის სპეცდანიშნულების სამხედრო ნაწილებიც იღებდნენ მონაწილეობას, რაც დსთ-ს სივრცეში უცხო ქვეყნის შესვლად აღიქმება.

საერთაშორისო საზოგადოებისთვის უხერხულად იყო აღქმული ორი პრეზიდენტის რეაქციული განცხადებები, გაკეთებული პარადზე, რამაც მკაცრი რეაქცია გამოიწვია თეირანში — თურქეთის ელჩის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარებით.

რუსეთის რეაქცია სხვაგვარი იყო — „ფსბ“-ს („ФСБ“) დირექტორის ბორტნიკოვის საიდუმლო ვიზიტი ერევანსა და ბაქოში, განსაკუთრებით ბაქოში. ამ ვიზიტის შინაარსის თაობაზე საზოგადოებამ არაფერი იცის, თუმცა შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ბორტნიკოვმა განუმარტა ალიევს პუტინის მოსაზრება, თუ რამდენად არის სახიფათო რუსეთისთვის თურქეთის სამხედრო ბაზის გახსნა აზერბაიჯანში. გაიგო თუ არა ალიევმა ბორტნიკოვის ნათქვამი, მომავალი დაგვანახებს ანუ 2021 წელი.

2020 წელს დაწყებული „კოვიდ-19“ პანდემია და მისი ზემოქმედებით გაჩენილი ეკონომიკურ-სოციალური პრობლემები, სხვა საკითხებთან ერთად 2021 წელსაც გაგრძელდება, რაც ნებისმიერი ჩვენგანისგან შინაგანი ძალის და ნებისყოფის გამომუშავება-განმტკიცებას მოითხოვს, რასაც უდავოდ ექნება ადგილი — ჩვენი ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი