08.12.2024

ოპოზიცია ქვეყნის მტერი? (16.03.2021)

საქართველო გამორჩეული ქვეყანაა, განსაკუთრებით პოლიტიკური ცხოვრებით. სიტყვა „ოპოზიცია“ ქართულ საზოგადოებაში ისეთივე აგრესიულ განწყობას იწვევს, როგორც კორიდაზე ხარის წინ აფრიალებული წითელი ნაჭერი. ხალხს, უმრავლესობა მყავს მხედველობაში, ოპოზიცია სძულს, თუმცა რატომ, ახსნას ვერ პოულობს. უბრალოდ სძულს იმიტომ, რომ ხელისუფლებას სძულს და რახან ხელისუფლებას სძულს, მასაც სძულს.

საზოგადოებას ჯერაც ვერ გაუგია, რომ თანამედროვე ცხოვრება, მითუმეტეს დასავლური საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი რომ საკუთარ ოჯახად მიიჩნევს, ისეთ სახელმწიფოებრივ სისტემაზეა დაფუძნებული, არჩევნების გზით ქვეყნის მართველობას რომ განსაზღვრავს.

ამ სისტემის მიხედვით, ხელისუფლების ცვლა უმთავრესი მოთხოვნაა. არჩევნები წყვეტს ვინ, რომელი პარტია იქნება ქვეყნის მართვის საჭესთან. არჩევნები წყვეტს არსებული ხელისუფლებისთვის ვადის გახანგრძლივებას მომავალ არჩევნებამდე ან ძველის ახლით ჩანაცვლებას. ძველი ხელისუფლება ოპოზიციაში გადადის და იბრძვის ხელისუფლებაში დასაბრუნებლად.

ხელისუფლება-ოპოზიციის ჭიდილი მუდმივია და იმ დასავლეთში არვინ მიიჩნევს, რომ ოპოზიცია ქვეყნის მტერი და ქვეყნის დაქცევის მომასწავებელია. სამწუხაროდ, ოპოზიციის მიმართ ასეთი დამოკიდებულება აქ არსად შეინიშნება, რაც კიდევ ერთხელ გვაჩვენებს თანამედროვე პოლიტიკაში ჩვენს უცოდინრობას, უმეცრებას.

ოპოზიციის მიმართ უმძიმესი განწყობა ნაკლებად ან საერთოდ არ შეინიშნება პოსტსაბჭოთა სივრცეში. ყველა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში პოლიტიკური სისტემა უკვე მრავალპარტიულ არჩევნებზეა დაფუძნებული. იქაც არიან ოპოზიციური პარტიები, რომელთა მიმართ მაინცდამაინც გულმხურვალე დამოკიდებულებას ადგილი არ აქვს, მაგრამ არც მტრული ჩანს — ისეთი, როგორიც ჩვენში, რაც თავისთავად მეტყველებს შემდეგზე — ევროპული დემოკრატია, ვითომ საითკენაც მივექანებით, გაცილებით შორსაა ჩვენგან, ვიდრე ნებისმიერი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკისგან. ჩვენი ე.წ. დასავლელი პარტნიორები ხშირად ამბობენ, რომ საქართველო, დემოკრატიის თვალსაზრისით, სამაგალითოა რეგიონში და ჩვენ გვიხარია. მაგრამ გასახარი არაფერია, ვინაიდან მათი ნათქვამი შორს არის სინამდვილისგან.

ოპოზიციის სიძულვილი საქართველოს ახალი პოლიტიკური ცხოვრების დასაწყისიდანვე წარმოიშვა, როდესაც მმართველ კომუნისტურ პარტიას დაუპირისპირდნენ სხვაგვარად მოაზროვნე ოპოზიციური პარტიები. საბჭოთა სივრცეში ჩატარებულმა პირველმა მრავალპარტიულმა არჩევნებმა, რომელიც 1990 წელს გაიმართა და რომელშიც ხმათა უმრავლესობით ოპოზიციურმა კოალიციამ „მრგვალმა მაგიდამ“ გაიმარჯვა, ყოფილ დისიდენტ ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით, საქართველო მართლაცდა სამაგალითო ქვეყნად აქცია ჯერაც არსებულ კომუნისტურ სივრცეში.

მაშინდელ პარლამენტში ანუ უზენაეს საბჭოში „მრგვალ მაგიდას“ სამკვდრო-სასიცოცხლოდ დაუპირისპირდა ქუჩაში დარჩენილი პარტიები, რომლებმაც პიონერთა სასახლეში დაიდეს ბინა — პარლამენტის პარალელური ორგანოს სახით. ე.წ. ეროვნულმა ხელისუფლებამ, საკუთარი პოლიტიკური გამოუცდელობიდან გამომდინარე, ვერ გაართვა ქუჩის ოპოზიციასთან მოლაპარაკებების გამართვას თავი. უფრო მეტიც, თვით „მრგვალ მაგიდაში“ გამოიწვია განხეთქილება, რაც ანტისამთავრობო გამოსვლებში და თბილისის ომში გადაიზარდა.

გამსახურდიას მმართველობას დღეს მხოლოდ პოზიტიურად იხილავენ, რაც ჩემის აზრით არ შეეფერება ჭეშმარიტებას და რატომ? უპირველესად იმიტომ, რომ ქვეყანაში არსებული პროცესები ხელისუფლებამ უნდა მართოს — გონივრულად, ყოველგვარი მტრული განწყობის გარეშე. მტრული განწყობა კი იმდენად გამჯდარი იყო ხელისუფლებაში, ძნელად თუ შეიძლებოდა მისი დადებითობისკენ შებრუნება.

უზენაესი საბჭოს სამდივნოს უფროსად ჩემი მუშაობის პერიოდში ვხედავდი პარლამენტის შენობაში მყოფი ხელისუფლების უაღრესად მტრულ დამოკიდებულებას, როგორც შიგნით გაჩენილი ოპოზიციის მიმართ, ისე გარეთ დარჩენილის. ოპოზიცია ლამის ფაშიზმთან იყო გათანაბრებული, ხოლო ოპოზიციის მიერ გამსახურდიას ხელისუფლება — სასტიკ დიქტატურასთან, იმაზე უარესთან, რუმინეთში ჩაუშესკუს მმართველობა რომ იყო.

შენობაში მყოფთ, სისტემატურად გვესმოდა რუსთაველის პროსპექტზე გამართული ოპოზიციის მომიტინგეთა გამაყრუებელი შეძახილები, მიმართული გამსახურდიასადმი — „ჩაუშესკუ, ჩაუშესკუ“. ნაცვლად საღი ნაბიჯის გადადგომისა, გამსახურდიამ რაც მოიფიქრა ხელისუფლების დასაცავი კარვების გაშლა იყო პარლამენტის შენობის წინ. ასე გაჩნდა „შავკოლგოტკიანი“ ქალების რაზმი — მანანა გამსახურიას და თვით პატ. ზვიადის მუდმივი ყურადღების საგანი.

გამსახურდიას კაბინეტის ფანჯრებს, რომელიც პროსპექტზე გადადიოდა, მანანას ბრძანებით მუქი, მძიმე ფარდები ჩამოაფარეს — თავდაცვის მიზნით. დეტალების გახსენება შორს წაგვიყვანს. ვიტყვი მთავარს — დემოკრატიული სტარტი, მრავალპარტიული არჩევნებით და აქედან გამომდინარე სიკეთეებით, ნეგატიური გამოდგა და რატომ? შემსრულებლები იყვნენ დიქტატორული სულისკვეთებით გაჯერებულნი. დისიდენტობის პერიოდის მშფოთვარე ცხოვრებიდან თუ რა ისწავლეს — კომუნისტური მმართველობის ასლად ქცევა იყო.

გამსახურდიას ხელისუფლებით საქართველომ მიიღო სახეშეცვლილი კომუნისტური მმართველობა, გადახრილი ერთპარტიულობისკენ ანუ პარლამენტში, მმართველი პარტიის დომინირებისკენ, ერთპიროვული მმართველობისკენ ანუ ზვიადიზმისკენ. ასეთი, ცხადია ვერ გაიზიარებდა სასტუმრო „თბილისში“ დაბანაკებული ოპოზიციის — სიგუა-კიტოვანის, მოგვიანებით იოსელიანის შეთავაზებას — ახალი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით. ოპოზიციამ დაფიქრების საშუალებაც მისცა გამსახურდიას და პირობაც, რომ ახალ არჩევნებში მასაც შეეძლო მონაწილეობის მიღება.

ომი ჯერაც არ იყო დაწყებული. თბილისი ნანგრევებად არ იყო ქცეული. საქართველოს დაქცევის პერსპექტივა გამოკვეთილი არ იყო. და ყოველივე ამას ადგილი არ ექნებოდა, გამსახურდიას რომ ტვინი აემუშავებინა და დადებითად ეპასუხა ოპოზიციის წინადადებაზე.

მის უარს მოჰყვა, რაც მოჰყვა — ძმათამკვლელი ომი, ქვეყნის გაჩანაგება და რაც მთავარია კრემლიდან ნაბოძები დამოუკიდებლობის ისე გაწყალება, თითქოს ამ ისტორიულ მოვლენას ადგილი არ ჰქონია.

გამსახურდიას არადემოკრატიულობამ, ერთმმართველობის ფარულმა სურვილმა შეაძულა ქართველობას „ოპოზიცია“, რომელმაც „საყვარელი“ მმართველის წინააღმდეგ იარაღი შემართა.

გამსახურდია რომ დათანხმებოდა ოპოზიციას რა მოხდებოდა? — იკითხავს მავანი. ჩატარდებოდა არჩევნები, რომელშიც შესაძლოა ისევ მას გაემარჯვა. აირჩევდნენ ახალ პარლამენტს. ომი იქნებოდა აცილებული. საქართველო არ დაიშლებოდა.

ეს ისტორია იმიტომ მოგიყევით, რომ თქვენთვის შემეხსენებინა — ქვეყნის ახალ სისტემაზე გადასვლა იყო ძნელი და მოჩვენებითი დემოკრატიულობის მატარებელი, რომ ოპოზიცია დასაბამიდან მტრად იყო აღქმული და მასთან რაიმე ურთიერთობის ქონა ნეგატიურის გარდა არაფრის მომტანი იყო. გამომწვევი მიზეზები ამისა არაერთია. მათ შორის საბჭოთა ერთპარტიული, ცენტრალიზებული სისტემიდან დემოკრატიულზე გადასვლა — მოულოდნელად, მოუმზადებლად, ხალხთან შეუთანხმებლად, რაშიც გორბაჩოვის დიდი წვლილია. თუმცა მას ჰქონდა საბჭოთა კავშირის დაშლის 5-წლიანი პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა საბჭოთა რესპუბლიკების ეტაპობრივ, თანმიმდევრულ გასვლას დიდი კავშირიდან, რომელიც არ განხორციელდა.

შევარდნაძის მმართველობაც დიდი დემოკრატიულობით არ გამოირჩეოდა. ის უსასტიკესი იყო ოპოზიციის მიმართ, მხედველობაში მაქვს საპარლამენტო პარტია „აღორძინება“, რომელსაც შავ, ფაშისტურ ძალად მოიხსენიებდა. არადა, ასლან აბაშიძის მიერ შექმნილი პარტია არა მარტო ავტონომიაში ფუნქციონირებდა, არამედ მთელს საქართველოში.

შევარდნაძის მეცადინეობით აჭარის მეთაურიც მტრად იყო წარმოჩინებული ქართული საზოგადოების წინაშე. შევარდნაძის განკარგულებით 1999 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარების წინ, თბილისში არსებულმა ყველა დარბაზმა, სპორტულმა თუ საკონცერტომ, თეატრებმა თუ ოპერამ მტკიცე უარი განგვიცხადა „აღორძინების“ ყრილობის ჩასატარებლად შენობის გაქირავებაზე. ხოლო, როდესაც გადავწყვიტეთ ავტობუსების სახურავებზე მოწყობილი სცენიდან თავისუფალ სივრცეში მიტინგის გამართვა, ბათუმიდან გამოგზავნილ ავტობუსებს, თბილისის შემოსასვლელში, პოლიციამ საბურავები ჩაუფუშა. შევარდნაძემ კი ხალხს მოუწოდა — „აღორძინების“ სახით მოდის შავი ძალა და მას ხმა არ მისცეთო.

რაც შეეხება ერთპიროვნული დიქტატურის მოტრფიალე სააკაშვილს — მან შევარდნაძის პარტია „მოქალაქეთა კავშირი“ მოსპო, ხოლო „აღორძინება“ მიწასთან გაასწორა. შექმნა მართული ოპოზიცია, დასავლელთა მოსაჩვენებლად და ისეთი დაატრიალა ქვეყანაში, უარესს რომ აღა მაჰმად ხანიც ვერ ინატრებდა.

სააკაშვილის ბატონობას წერტილი ივანიშვილმა დაუსვა, თუმცა არა მსუყე და გამოკვეთილი, ვინაიდან მისი მთავარი მიზანი სააკაშვილის გაგდება იყო და არა ნაციონალური პარტიის. „ნაცთა“ მიერ გატანჯული ხალხის სურვილი — ამ პარტიის კანონგარეშედ გამოცხადებისა, აუსრულებელ ოცნებად დარჩა, რომელიც მძიმე შედეგებით გვახსენებს თავს და „ოპოზიციას“, ისედაც საძულველს, სულ უფრო მიუღებელს ხდის. არადა ეს პარტია, ჩადენილი დანაშაულებებიდან გამომდინარე, უდავოდ იმსახურებდა კანონგარედ გამოცხადებას. მისმა გადარჩენამ ივანიშვილს ხელისუფლებაში სამარადისო ყოფნის შესაძლებლობა მისცა.

ივანიშვილის მიერ შექმნილი პარტია „ოცნება“ მესამედ „იგებს“ არჩევნებს და არა იმიტომ, რომ ქვეყნისა და ხალხისთვის რამე სასიკეთო გააკეთა, არამედ „ნაცების“ სიძულვილით და იმის შიშით ისინი არ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში.

„საოცნებო“ პარტია საკუთარი ძალაუფლების განსამტკიცებლად არა მარტო ლანძღავს და აგინებს ნაცურ ოპოზიციას, თავმჯდომარეს უპატიმრებს, ოფისზე თავდასხმებს ახორციელებს და ა.შ.

„ნაცთა“ წყალობით „ოცნების“ მოწინააღმდეგე ყველა ოპოზიციური პარტია ხალხის უნდობლობით, სიძულვილით სარგებლობს, რაც უდავოდ მიუღებელია დემოკრატიული საზოგადოებისთვის. ამას წინათ ერთი ყოფილი საბჭოთა ფუნქციონერი ჟურნალისტს ეუბნებოდა, რომ საქართველოს გასაჭირი კორონავირუსსა და ოპოზიციაშია. ეს პიროვნება მარტო არ არის. მას სხვებიც „უმშვენებენ“ გვერდს.

არადა ქვეყანა, სადაც ოპოზიცია სძულთ, ვერაფრით ააშენებს დემოკრატიულ საზოგადოებას. ვერაფრით დააკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რაც ევროპაში და თუნდაც რუსეთშია ან სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში. ისეთი „დემოკრატია“, როგორიც ჩვენში, უცხოა თურქეთის და ირანისთვისაც. მაშ რა ვქნათ, რა წყალში ჩავვარდეთ?!

„ნაცები“ შორს არიან საპენსიო ასაკისგან, პირიქით მათი ასაკიდან იწყება აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობა. მათ ხალხი მტრულად უყურებს, რაც „ოცნების“ წისქვილზე ასხამს წყალს და რა საძაგლობაც არ უნდა ჩაიდინოს „ოცნებამ“, „ნაცთა“ შიშით მაინც მას დაუჭერს მხარს. ეს კი პირდაპირი მანიშნებელია ივანიშვილთა დინასტიის ხანგრძლივი მმართველობისა.

გავიხსენებ პრეზიდენტ გამსახურდიას პერიოდში აშშ-ს კონგრესის 2 დელეგაციის (თითო 60 კაცის შემადგენლობით) ვიზიტს საქართველოში. გამსახურდიასთან და მის ხელისუფლებასთან შეხვედრის დროს მათი რჩევა იყო ასეთი: თქვენ უნდა გაიზიაროთ სინგაპურის და ტაივანის გამოცდილება სახელმწიფოებრივი სისტემის ჩამოყალიბებაში.

ორივე ქვეყანამ ერთპარტიული მმართველობით და მორჩილი პარლამენტით დაიწყო. ცენტრალიზებული მმართველობის შედეგად მათ შეძლეს ეკონომიკის სწრაფი განვითარება, საზოგადოების სოციალური პირობების შექმნა და როდესაც ისინი ფეხზე დადგნენ პოლიტიკური გალიბერალება დაიწყეს ანუ არჩევნებში სხვა პარტიების დაშვებაც. დღეს, ამ ქვეყნებში მრავალპარტიული სისტემაა, რომელიც ეფუძნება მყარ ეკონომიკურ ფუნდამენტს.

რატომ გვთავაზობდნენ ამერიკელები ამ გზას?

უპირველესად იმიტომ, რომ ჩვენში გამჯდარი იყო საბჭოური მმართველობა, რომლის ხელოვნური ნგრევა ქვეყნისთვის კატასტროფის მსგავსი შედეგებით დასრულდებოდა. ევროპული დემოკრატიის უცბათ შეთვისება ტოტალიტარიზმში გაზრდილი თაობისთვის შეუძლებელი იყო.

ორივე დელეგაციამ გულწრფელად გვითხრა, რომ ამერიკა ფინანსურ დახმარებას ვერ გაგვიწევს, ვინაიდან დასახმარებელი ბევრია — აღმოსავლეთ ევროპის ყოფილი სოციალისტური ქვეყნებიდან დაწყებული, რუსეთით დამთავრებული.

საქართველო, აშშ-ს ინტერესებში მაშინ არ იკვეთებოდა, არც რუსეთის წინააღმდეგ პლაცდარმობა ჩანდა ჰორიზონტზე. მაშინ ამერიკას, გორბაჩოვის საბჭოთა კავშირთან და ელცინის რუსეთთან ჰქონდა მჭიდრო ურთიერთობა და ის ვერასდროს იფიქრებდა, რომ დაჩოქილი რუსეთი წელში გაიმართებოდა და აშშ-ს მეტოქეობას გაუწევდა.

რუსეთთან დაპირისპირებამ გამოიწვია აშშ-ს ყურადღება საქართველოს მიმართ — ანტირუსული პლაცდარმის შექმნით. მაგრამ აშშ-ს კონგრესის დელეგაციების 1991 წლის აგვისტოს ვიზიტიდან პუტინის რუსეთამდე ბევრი იყო გასავლელი და როდესაც ამერიკელებმა ეს გზა გაიარეს, მათი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ ძირფესვიანად შეიცვალა.

დღევანდელი აშშ-ი და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები სხვაგვარად განიხილავენ საქართველოს — ქვეყნად, სადაც სერიოზულად მოიკოჭლებს დემოკრატია. რას არ ცდილობენ ისინი ვითარების შესაცვლელად, მაგრამ ერთპიროვნული მმართველობის სურვილით დაავადებულ ქართულ პოლიტიკას ვერაფერს შველიან.

დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებას ერთი თაობა ვერ მოახერხებს. მას არაერთი სჭირდება და სხვა გარემო, რაც საქართველოში დეფიციტია. რა იქნება მომავალში, ძნელი გამოსაცნობია, თუმცა მტრული განწყობა ოპოზიციისადმი უკეთესობისკენ იოლად არ შეიცვლება.

და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ. სინგაპურისა და ტაივანის განვლილ ცხოვრებაში ეკონომიკურ-სოციალური ვითარების ფეხზე დაყენება იყო მთავარი — ფაბრიკა-ქარხნების, საწარმოების ამუშავება, ხალხის დასაქმება. დასაქმებული საზოგადოება პოლიტიკური პარტიისკენ იშვიათად იყურება. დაუსაქმებელ ქვეყანაში, ისეთში როგორიც ჩვენია, პირიქითაა საქმე. ლუკმა-პურის მოსაპოვებლად ადამიანი პარტიას აკითხავს. ასეთს, ერთი მიზანი აქვს — თავის გამოკვება და არა ქვეყნისთვის სასიკეთო საქმის კეთება. ხელისუფლებაში მოსული ასეთი, ყველანაირად ცდილობს მის შენარჩუნებას. ამის მაგალითია „ოცნება“.

ოპოზიციაში მყოფი თავდავიწყებით იბრძვის ლუკმა-პურისთვის, რომელიც ხელისუფლებას უნდა გამოგლიჯოს ხელიდან. ამ ბრძოლაში ქვეყანა არვის ახსოვს. თავის გადარჩენა არის მთავარი მათთვის, რისთვისაც ისინი ყველაფერს იკადრებენ. ეკონომიკურ-სოციალური საფუძვლების უქონლობა იძლევა მანკიერი პოლიტიკური ცხოვრების შანსს, რომელსაც დემოკრატიასთან არაფერი აქვს საერთო.

P.S. ბრიუსელში მყოფმა საქართველოს პრემიერმა ღარიბაშვილმა იქაურებთან შეხვედრების დროს მტკიცედ განაცხადა — ვადამდელი არჩევნები ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო რამაა, რაზეც „ოცნება“ არ დათანმხდებაო.

ქვეყნის ინტერესები არაფერ შუაშია, აქ „ოცნების“ ხარბ ინტერესებთან გვაქვს საქმე — ხელისუფლებაში დიდხანს ყოფნის მსურველის.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი