22.12.2024

ომი კორონავირუსთან გრძელდება

ბატონ გურამ გოგიაშვილს

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ ნახევარმილიონს გადააჭარბა და ვიდრე ეს სტატია მზის სინათლეს იხილავს, რაოდენობა უფრო მეტი იქნება. კლების ტენდენცია მარტო ჩინეთში შეინიშნება, თუმცა, როგორც ჩინური საინფორმაციო საშუალებები გვატყობინებენ, ადგილი აქვს გამეორებით შემთხვევებსაც. ასეათუისე, დაავადების ცენტრ უჰანსა და ჰუბეიში კარანტინი იხსნება და ცხოვრება ნორმალურ რითმს უბრუნდება, რასაც ვერ ვიტყვით იტალიაზე, ესპანეთზე, ევროკავშირის სხვა ქვეყნებზე, აშშ-ზე. ამ უკანასკნელმა, ვირუსით დაავადებულთა რაოდენობით ყველა ევროპულ ქვეყანას და ჩინეთსაც გაუსწრო.

დაავადებით დაღუპულთა რაოდენობა კატასტროფულად იზრდება, მიუხედავად სამედიცინო დარგის მუშაკების თავგანწირული შრომისა. ვირუსისგან დასაცავი წამალი ჯერ-ჯერობით არ ჩანს, თუმცა ჩინელი, ამერიკელი, რუსი, გერმანელი, სხვა ქვეყნის მეცნიერები ძალღონეს, ცოდნას და გამოცდილებას არ იშურებენ ვაქცინის შესაქმნელად. მათი განმარტებით, ყველაზე საუკეთესო შემთხვევაში, ვაქცინას წლის ბოლომდე ან მომავალი წლის დასაწყისამდე არ უნდა ველოდეთ, რამეთუ წამლის შექმნის შრომატევადი პროცესი დროს მოითხოვს და მას ვერც ამ საქმისთვის გამოყოფილი მილიონებით ან ბრძანებით ვერ დააჩქარებ, ისე, როგორც დღეს ჩასახული ნაყოფის, ერთ კვირაში დაბადებას.

დასამშვიდებლად, მედიკები იმასაც გვეუბნებიან, რომ წამლის ბაზარზე გამოჩენამდე, ადამიანის ორგანიზმი შეეგუება ვითარებას და იმუნიტეტს გამოიმუშავებს, თან ისე, რომ წამლის გამოჩენას მისთვის ისეთი სასიცოცხლო მნიშვნელობა აღარ ექნება, როგორც დღეს. მანამდე მსოფლიოს ქვეყნები, მათი ლიდერები, მედიცინის მუშაკები, მეცნიერები ბნელ ოთახში ხელის ცეცებით ეძებენ იატაკზე დავარდნილ რკინის მონეტას, რომელსაც სიცოცხლის შენარჩუნება ჰქვია. მათი მოქმედება, ხშირ შემთხვევაში ერთმანეთისგან განსხვავებულია, თუმცა არის საერთოც — პირადი ჰიგიენის დაცვა, ხელის სისტემატური დაბანვა; ერთმანეთისგან დისტანცირება; ქვეყნებს შორის საზღვრების ჩაკეტვა; ჩაკეტილ ქვეყანაში, ადამიანთა სახლში ჩაკეტვა; გარდა სასურსათო მაღაზიების და აფთიაქებისა ყველა მაღაზიის, გასართობი ცენტრების, კაფეების და რესტორნების ჩაკეტვა, … .

აშშ-ს, ევროპის ქალაქების დაცარიელებული ქუჩები არასასიამოვნო შეგრძნებას იწვევს ყველა იმაში, ვინც ამას ტელევიზიით უმზერს, რომ აღარაფერი ვთქვათ ჟურნალისტებზე, რომლებსაც ეს საზარელი რეალობა ჩვენამდე ვიდეოკამერით მოაქვთ. კაცობრიობა არაერთხელ მდგარა მსგავსი, შესაძლოა უარესი განსაცდელის წინაშე, მაგრამ გაუძლია — მეტი თუ ნაკლები მსხვერპლით, დღემდე მოუტანია სიცოცხლე.

„პარიზი ასეთი დაცარიელებული არასოდეს მინახავს. ვინც მოახერხა, ყველა ქალაქიდან გავიდა. ტურისტებიც კი არსად ჩანან. ამის მიზეზი — ქოლერის შიშია. რესტორნებსა და სასტუმროებში ხალხი თითქმის არ არის. გუშინწინ „გრანდ ოტელში“ ვისადილე. ჩემს გარდა, იქ მხოლოდ რვა ადამიანი იყო. წარმოგიდგენია? არადა, ჩვეულებრივ, წელიწადის ამ დროს იქ რამდენიმე ასეული ადამიანი უნდა სადილობდეს. … .“ — 1884 წელი. ალფრედ ნობელი.

1970 წელს ფინეთში, კერძოდ დედაქალაქ ჰელსინკში გახლდით. აგვისტო იყო — დასვენების თვე. ჰელსინკელთა უდიდესი უმრავლესობა ქალაქიდან იყო გასული. დაცარიელებულმა ქუჩებმა, „გაყინულმა“ ავტომანქანებმა მძიმე შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე — ისეთი, დღესაც რომ მზარავს.

კორონავირუსული თბილისი საბედნიეროდ შორს არის ზემომოყვანილი მაგალითებიდან, მაგრამ ქუჩებში ტრანსპორტის სიმეჩხერე, ისე, როგორც ხალხის, უდავოდ მოგანატრებს უწინდელ სატრანსპორტო საცობებს.

არსებულ არასასიამოვნო ვითარებას ძაბავს ზოგიერთი არაკეთილსინდისიერი მედიის მუშაკის, ექსპერტის თუ ვაიპოლიტიკოსის ან ვაიპოლიტოლოგის გამონათქვამები, შეთქმულების თეორიების გაჟღერება, კორონავირუსის ხელოვნურად თუ ბუნებრივად გაჩენასთან დაკავშირებული „ბრძნული“ დასკვნების გაკეთება, რომელიც ცხადია ხელოვნურობისკენ იხრება.

მიზანი მათი — შიშის, სიძულვილის, მტრობის, შუღლის თესვაა. შედეგიც სახეზეა, როდესაც ინტელექტუალური გარეგნობის ადამიანი სერიოზულად გკითხავთ — სადამდე უნდა ათამაშოს მსოფლიო ერთმა მუჭა ბობოლებმა, სინდის-ნამუს გარეცხილმა მასონებმაო — ხედავთ დეზინფორმაციის „ნოყიერ“ შედეგს.

უფრო მეტიც, ვითომ დეზინფორმაციის წინააღმდეგ მებრძოლი ვინმე ეკა მაღალდაძე, გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ 25 მარტის ნომერში, სათაურით „მთავარი მეტოქე დეზინფორმაციაა“, აქვეყნებს სტატიას, რომელიც თავიდან ბოლომდე სწორედ დეზინფორმაციაზეა აგებული. მისი მიზანი ერთია — „ნაციონალთა“ და „ევროპულ საქართველოს“ მსგავსად და მათ გასახარად, საქართველოს მოსახლეობის ანტირუსულად განწყობა, რუსეთის მორიგი ლანძღვა-გინება.

„თუკი დეზინფორმაციის ერთი ნაწილი უბრალოდ მცდარ ცნობებს ეყრდნობა და ადამიანები მას ცუდი განზრახვის გარეშე ავრცელებენ, მეორე ნაწილი ხშირად — კრემლიდან მოდის და მსოფლიოში ანტიდასავლური განწყობების გაღვივებას და სანიფორმაციო ქაოსის შექმნას ცდილობს. რუსეთის მთავრობის მხარდამჭერი მედია კორონავირუსის შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებს და ევროპის მოსახლეობის დაბნევას, გახლეჩას და უნდობლობის დათესვას ცდილობს“, — წერს ავტორი და მოჰყავს ევროკავშირის საგარეო საქმეთა პრესსპიკერის სტანოს და სხვა დასავლელი „კორიფეების“ სიტყვები:

„ჩვენ შევნიშნეთ გარედან მომავალი დეზინფორმაციის მასშტაბების ზრდა, მათ შორისაა რუსეთის პროსამთავრობო აქტორებთან დაკავშირებული ძალები“.

კითხულობ ამ მართლაცდა დეზინფორმაციის „შედევრს“ და უნებლიედ გებადება კითხვა — რაში სჭირდება რუსეთს „ევროპის მოსახლეობის დაბნევა, გახლეჩვა, უნდობლობის დათესვა“, როდესაც ევროპაში შეფრენილმა კორონავირუსმა იოლად მოახერხა ყოველივე აღნიშნული და ისეთი უნდობლობა დათესა, რომ უარესს „მტერი“ რუსეთი, მითუმეტეს კრემლი ვერ ინატრებდა.

ადამიანი გასაჭირში გამოიცდება, მითუმეტეს ადამიანების მიერ შექმნილი ქვეყანა — ამ მოცემულობაში 28 ქვეყნის კავშირი — ევროკავშირად წოდებული. ის, რომ ეს კავშირი, რბილად რომ ვთქვათ, ერთობ მოუმზადებლად შეხვდა ვირუსულ გამოწვევას — ფაქტია. ფაქტია ისიც, რომ მან ვერავითარი დახმარება ვერ გაუწია მის მკვიდრ შვილს, ევროკავშირის მესამე ეკონომიკას და ამ კავშირის სერიოზულ დონორს არათუ დახმარება, სანუგეშო წერილიც არ გაუგზავნა.

შორიდან, სეირის მაყურებლის პოზაში ჩადგა და ისე დაიმალა, თითქოს იტალია, ევროპის კონტინენტზე კი არა, სამხრეთ აფრიკაში ყოფილიყო. არადა, აფრიკიდან დაწყებული, ჩრდილო ამერიკის, აზიის, ლათინური ამერიკის, ჩინეთის, რუსეთის ჩათვლით ყველა ერთად გაჰყვიროდა საერთო მტრის დასამარცხებლად ბრძოლაზე, რაც „დიდი 20-ულის“ სატელევიზიო სამიტის დროსაც დაფიქსირდა.

სწორედ რუსეთის პრეზიდენტის პუტინის წინადადება იყო ერთიანი ძალით ბრძოლა კორონავირუსის წინააღმდეგ, ყოველგვარი პოლიტიკური პოზიციის გარეშე. კორონავირუსით დაზარალებული ქვეყნების მიმართ შემოღებული სანქციების გაუქმება, დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინის მისაღებად ერთობლივი სამუშაოების წარმოება, კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური ჩავარდნების გამოსწორებისთვის საერთო ფონდის შექმნა და სხვა.

კორონავირუსით შეშინებულმა გერმანია-საფრანგეთმა უარი უთხრა იტალიას ფილტვების სავენტილაციო, სხვა მედტექნიკის, პირბადეების, ხელთათმანების მიწოდებაზე. ეს, ფაქტია, სავალალო რეალობაა, ისეთი, რასაც რუსული პროპაგანდა არ სჭირდება. ბრიუსელის უმოქმედობამ გამოიწვია ევროპის ქვეყნების ხალხებში უნდობლობა და არა რუსეთმა. ბრიუსელის „თავშეკავებულმა“ პოლიტიკამ გამოიწვია შენგენის ზონის ქვეყნებს შორის სახელმწიფო საზღვრების სახელდახელო აღდგენა, რითაც 25 წლის წინათ დაწყებულ თავისუფალ მიმოსვლას წერტილი დაესვა, თანაც ისეთი მსუყე, არვინ იცის როდის წაიშლება.

ბრიუსელით გაწბილებულმა, სასოწარკვეთილმა იტალიის ხელისუფლებამ დახმარებისთვის ნატოს „მტერ“ რუსეთს მიმართა, ისე, როგორც ჩინეთს და კუბას. არც ერთმა მათგანმა არ დააყოვნა და უმალ აფრინა ექიმები იტალიას.

განსაკუთრებით შთამბეჭდავია რუსეთის დახმარება — სამხედრო ექიმების, სპეციალისტების, მოძრავი სამხედრო ტექნიკის, სხვა სახის დახმარების თვალსაზრისით. რუსეთის 100-კაციანი სამხედრო კონტიგენტი იტალიის ყველაზე მძიმე რეგიონში ებრძვის კორონავირუსს და ვიდრე იქ ჩავიდოდა, ქალაქების და დასახლებული პუნქტების გავლისას, საცხოვრებელი სახლებიდან მოსახლეობა რუსეთის ჰიმნს აჟღერებდა. უნდა ამას პროპაგანდა?

რუსი სამხედრო ექიმები, ისე, როგორც ჩინელები და კუბელები, საკუთარი სიცოცხლის ფასად ებრძვიან მსოფლიოს უსერიოზულეს გამოწვევას. მათ კარგად იციან, რომ ერთ ქვეყანაშიც რომ შენარჩუნდეს დაავადება და სხვაგან მოხერხდეს მისი დამარცხება, ის მაინც შეძლებს კვლავ გავრცელებას. რუსმა, ჩინელმა, კუბელმა კარგად იცის რომ იტალიაში კორონავირუსთან ბრძოლა თავიანთ სამშობლოში ბრძოლის ტოლფასია. სამწუხაროდ ეს ვერ გაიგო და გაითავისა ევროკავშირმა, მასში შემავალმა ქვეყნებმა.

„სხვისი ჭირი, ღობეს ჩხირის“ პოლიტიკამ მოიცვა დასავლეთი, რაც ფაქტია, თან ისეთი, ზედმეტი პროპაგანდა, მითუმეტეს რუსული რომ აღარ სჭირდება. ან რა პროპაგანდაა საჭირო აშშ-ს პრეზიდენტის მოქმედების გასაშავებლად, როდესაც თვით ეს მოქმედება პროპაგანდაა იმისა, თუ როგორ არ უნდა მოქმედებდეს სახელმწიფოს მეთაური. მხედველობაში მაქვს ტრამპის მიერ გერმანელი ვირუსოლოგისთვის მილიარდი დოლარის შეთავაზება, ვაქცინის შესაქმნელად ამერიკაში გადასვლა. ვაქცინა მხოლოდ ამერიკისთვის უნდა შექმნილიყო, რის შემდეგაც ამერიკა სხვა ქვეყნებს მიჰყიდდა მას.

ამერიკის პრეზიდენტისგან ასეთი ქცევა გასაკვირი არ არისო, ვინაიდან ბიზნესმენიაო, აცხადებენ ჩვენი კუდრაჭა პოლიტიკოს-პოლიტოლოგები.

ვერ დავეთანხმები, ვინაიდან მსოფლიო კატასტროფა ბიზნესინტერესებს უკანა პლანზე უნდა სწევდეს და არა წინაზე, რამეთუ განადგურებულ მსოფლიოში ფულის კეთება საშური საქმე სულაც არ არის. თუმცა რა გასაკვირია. მეორე მსოფლიო ომის ნანგრევებზე თუ ვინმემ მოითბო ხელი — აშშ-ია. და ამას „დეზინფორმაცია“ არ სჭირდება.

არის თუ არა ნატოს და ევროკავშირის წევრ სახელმწიფო იტალიაში ყველა კმაყოფილი, რუსი სამხედრო ექიმების გამოჩენით?

ცალსახად შეიძლება ითქვას არა! ვინაიდან პოლიტიკური თვალსაზრისით დასავლეთი, დასავლეთად დარჩება — ანტირუსულად განწყობილი, თუმცა მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილში დამოკიდებულება მისდამი პოზიტიურობისკენ შეიცვლება. და ამას რომ არ ჰქონდეს ადგილი, გაზეთი „ლა სტამპა“ თავს უფლებას აძლევს თქვას ის, რაც სინამდვილეს არ შეეფერება: „მედტექნიკა, რომელიც რუსეთმა იტალიაში ჩამოიტანა უვარგისია; რომ რუსი ექიმები პოლკოვნიკებისა და გენერლების ჩინებით აშკარა გამოწვევაა იტალიაში არსებული ამერიკული სამხედრო ბაზებისთვის და ა.შ.“.  ამაზე იტყვიან — „ვირო, მადლიო“.

ის, რომ რუსეთი ჯერ-ჯერობით დასავლეთთან შედარებით უმკლავდება გამოწვევას, სულაც არ არის გასაკვირი, ვინაიდან დროულად ჩაკეტა საზღვრები ჩინეთთან, სხვა ქვეყნებთან. შემოიღო 14-დღიანი კარანტინი ჩინეთიდან, სხვა ქვეყნებიდან, რუსეთში დაბრუნებული საკუთარი მოქალაქეებისთვის. დროულად მოახერხა მოსკოვსა და სხვა ქალაქებში არსებული ინფექციური საავადმყოფოების წესრიგში მოყვანა.

საბჭოთა კავშირის სამედიცინო სისტემასა და დისციპლინაზე დაფუძნებულმა თანამედეროვე რუსულმა მედიცინამ, სხვებთან შედარებით, მათ შორის დასავლეთთან, დადებითად წარმოაჩინა თავი, ისე, როგორც ჩინურმა, კუბის, პოსტსაბჭოთა ქვეყნების მედიცინამ.

არვინ აკნინებს დასავლურს, მაგრამ კრიტიკულ მომენტში რომ პოსტსაბჭოთა მედიცინამ მეტი ორგანიზებულობა გამოავლინა, ფაქტია. მაშ, რატომ ვცდილობთ ჩირქი მოვცხოთ მას, რაღაცაში გამოვიჭიროთ, მოსახლეობას დეზინფორმაციული ისეთი მასალა მივაწოდოთ, მას რომ ცუდი შთაბეჭდილება შეექმნეს რუსეთზე?!

ღვარძლიანი ლაპარაკი, მითუმეტეს სხვის მიერ დაშვებულ შეცდომაზე, რომელსაც ადგილი არ აქვს, ცეკვა-თამაშის მოწოდება საშური საქმე არაა. პირიქით, ესოდენ მძიმე საფრთხის წინაშე მდგომს, მეზობლის უბედურება კი არ უნდა გვახარებდეს, პირიქით, ვინაიდან განგაშის ჟამს, შორეულის, თუნდაც ე.წ. სტრატეგიული პარტნიორის დახმარებას დიდი დრო დასჭირდება, მეზობლისას, ნაკლები.

კითხვაც უნდა დავსვათ ასეთი — იქნება კი დასავლური დახმარება, მაშინ, როდესაც ის დასავლეთი, ერთმანეთსაც რომ არ ეხმარება?!

ისე მივეჩვიეთ რუსეთის გინებას, რომ კორონავირუსის პანდემიის დროსაც აღარ ვინდობთ და ქოქოლას ვაყრით, თან ვაბრალებთ ინფორმაციის დამალვაში. და ამას ვამბობთ ქვეყანაზე, რომლის ყველა სატელევიზიო არხის თოქ-შოუებში მონაწილეობას ამერიკელი, ფრანგი, გერმანელი, პოლონელი, უკრაინელი, ბალტიისპირელი, თურქი, არაბი, … ჟურნალისტი და ექსპერტი იღებს მონაწილეობას. რუსულის მცოდნე ამ კატეგორიას, რომელიც ყოველ გამოსვლაში მკაცრად აკრიტიკებს რუსეთის ხელისუფლებას, რამე გამოეპარებოდა კორონავირუსით დაავადებულთა და გარდაცვლილებთან დაკავშირებით?

მაგრამ თამთა ქარჩავას არ სჯერა და ასეთ გამომწვევ კითხვას უსვამს რესპონდენტს, ანალიტიკოს სალუქვაძეს: „მომაკვდინებელი ვირუსი მთელს მსოფლიოშია, მაგრამ რატომღაც, ჩინეთის მსგავსად, ინფორმაციას მალავს რუსეთი“. და რესპონდენტიც პასუხობს: „ბევრი მიზეზია, ტოტალიტარულ რეჟიმებს ეს ჩვევიათ. რუსეთ-ჩინეთის საზღვრებიდან, ურთიერთმიმოსვლის მასშტაბებიდან გამომდინარე, ამ ციფრების არავის სჯერა“.

ბატონებო, გინდ დაიჯერეთ, გინდ არა. ჯერ-ჯერობით რუსეთში მხოლოდ სამი გარდაცვლილია, დაავადებულთა რაოდენობა 1000-ს გასცდა, რაც „დემოკრატიულ“ ევროპა-ამერიკასთან შედარებით მიზერულია. მიზეზი ამისა, რუსეთის ხელისუფლების სწრაფი რეაგირება იყო — საზღვრების ჩაკეტვიდან დაწყებული, სხვა მკაცრი ზომების გატარებით დამთავრებული.

სწორედ ცენტრალიზებული და არა „ტოტალიტარული“ მმართვის შედეგად აქვს რუსეთ-ჩინეთს გაცილებით უკეთესი მდგომარეობა, ვიდრე სხვას. ისე, როდესაც სხვას „ტოტალიტარულს“ ვუწოდებთ, საკუთარი ფსევდო დემოკრატიაც უნდა გავიხსენოთ — აშშ-ს ელჩის დეგნანის მაგალითით, რომელმაც ისე აფათურა ხელი „სუვერენული“ საქართველოს საშინაო საქმეებსა და კონსტიტუციაში, ისე მოაწერინა ხელი პოზიცია-ოპოზუციას კონსტიტუციაში შესატან ცვლილებაზე, თითქოს საქართველო, ინგლისურად „ჯორჯია“, აშშ-ს შტატი ყოფილიყო.

საქართველოს ეკონომიკა რომ 80%-ით რუსეთზეა ჩამოკიდებული, ფაქტია. იქიდან ვეზიდებით ხორბალს, ხორცპროდუქტებს, თევზეულს, ბურღულეულს, რომელი ერთი ჩამოვთვალო? ჩვენ არაფერს ვაწარმოებთ, თითქმის ყველაფერი იმპორტული გვაქვს. ეროვნული კი — მხოლოდ პირი და გრძელი ენა, რომელსაც ხშირად ქვეყნის და მისი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოდ ვასავსავებთ.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი