31.10.2024

მძიმე სოციალური ყოფა და პრეზიდენტის „იდეები“ (04.05.2021)

ქრისტიანთა ბრწყინვალე დღესასწაულს, აღდგომას გილოცავთ ჩვენი ინტერნეტ-ჟურნალის მკითხველო და საქართველოს მოსახლეობავ. სხვა რა უნდა გისურვოთ გაგანია პანდემიის დროს, თუ არა ჯანმრთელობა და კარგად ყოფნა, ამასთანავე ბედნიერება, სიკეთე და წარმატება?!

სამწუხაროდ, სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო, რომელშიც თითოეული ჩვენთაგანის წვლილი მუდამ გვახსენებს თავს, ყოველთვის არ გვაძლევს კეთილი სურვილების აღსრულების შანსს. დაძაბული და გაურკვეველი აწმყო, მითუმეტეს მომავალი ნებისმიერ ჩვენგანს, ვისაც აზროვნების ოდნავი უნარი ბუნების და საკუთარი შემართების წყალობით მაინც შემორჩა, დამეთანხმება გარემოს ენით აუწერელ ზეგავლენაზე. და რაოდენ დასანანია, რომ ჩვენს ირგვლივ არსებულ გარემოში უარყოფითი ტალღები ზედმიწევნით აჭარბებს დადებითს და ნებისმიერ ჩვენგაზე დიდ გავლენას ახდენს.

ნეგატიური განწყობის მრავალ ფაქტორთა შორის უსახსრობას ვერაფერი შეედრება. უსახსრობიდან მიმდინარეობს ზღვა უარყოფითი მსხვილმან-წვრილმანისა, ტვინს რომ უბურღავს კაცს და დადებითზე გაფიქრების საშუალებასაც არ აძლევს.

დადებითზე იფიქრებს სუპემარკეტის ან ბაზრის დახლების წინ მდგომი ქვეყნის მოსახლეობის 80%-ზე მეტი, როდესაც საკვები პროდუქტების ფასები არათუ კბენს, გარეული მხეცივით ყელის გამოღრნით ემუქრება? მერამდენედ უნდა დაიდგას მან წელებზე ფეხი ან როგორ შემოიჭიროს ქამარი ისე, სულის ამოუხდელად მცირედის შესაძენად?

გაორმაგებული, გასამმაგებული ფასებით შეგვხდა წლევანდელი აღდგომა. ყველაფერს ცეცხლი ეკიდა, ცხადია მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობისთვის და არა რჩეულთათვის, მოურიდებლად რომ ყიდულობან ერთ კილოგრამ იმპორტულ ალუჩას 120, ხოლო ესპანურ შებოლილ კანჭს 600 ლარად.

აღარაფერს ვამბობ აღდგომის დამახასიათებელი ატრიბუტიკის ფასების თაობაზე — კვერცხიდან დაწყებული, კვების სხვა პროდუქტებით დამთავრებული. ქვეყნის მოსახლეობის 80%-ზე მეტს სახელმწიფო არაფერს სთავაზობს. ეს სახელმწიფო, ჩვენ რომ ჩვენი გვგონია და არა სხვა, საზღვარგარეთი რომ ჰქვია, სადაც საკუთარი ჯიბიდან გამომდინარე გეძლევა არჩევის საშუალება — პრესტიჟულ სუპერმარკეტში მაღალი ფასებით, ნაკლებ პრესტიჟულში — დაბალით.

საქართველოს ხელისუფლება 30 წელია გვეუბნება, რომ საბაზრო ეკონომიკის პირობები ისეთია, როგორიც აქ და ვერ დაგვეხმარება, თვით ბაზარი არეგულირებს ფასებსო. და ბაზარმაც დაარეგულირა, ანუ განურჩევლად, ყველა მაღაზიაში მაღალი ფასებით — ზოგან, სხვაგან არსებულზე გაცილებით მაღლით.

დამშეულ, ხელმოკლე მოსახლეობას ისღა დარჩენია სუპერმარკეტებში ისე იაროს, როგორც მუზეუმებში — შეხედავ, დატკბები და გამოხვალ, ოღონდ სახლში მისვლა და ოჯახის წევრებისთვის თვალში ჩახედვა ჭირს, დავუმატოთ ამ უხერხულ მომენტს მათი და საკუთარი ბუნებრივი მოთხოვნილებაც და რა ხასიათზე დადგება მავანი — გამოცნობა ადვილია.

აი, ესეც თქვენი გარემო! ვინ შექმნა ეს გარემო ესოდენ გაუსაძლისი, აუტანელი? ვინ? ყველა ჩვენგანმა, ჩვენივე დაუფიქრებლობით, დღევანდელი კვერცხის გამოდევნებით. როდესაც ამომრჩეველი, 30/50/100 ლარად ყიდის თავის ხმას — მთავრობას ამას მაინც გამოვგლეჯ, ვინაიდან მისგან, სხვისი იმედი არ მაქვსო, საბოლოო ჯამში მაღაზიაში ექსკურსანტად და არა მყიდველად გვამწესებს. 30 წლის განმავლობაში ყველა დონის გაყალბებული არჩევნების გარდა გამარჯვებულმა პარტიამ ხომ თქვენგან ნაყიდი ხმებიც მიითვალა?

მიითვალა და ახლა თქვენი სახელით ლაპარაკობს — ხალხმა გადაწყვიტა ჩვენი მთავრობაში ყოფნაო. თქვენ შეგრჩათ ხმაში მიღებული ფული, ხახვი, კარტოფილი, მაკარონი —მათ მიერ არჩევნების წინ ჩამორიგებული და გაუსაძლისი 4-წლიანი ცხოვრება. მათ კი ქვეყნის და თქვენი ღლეტვის შედეგად მისაკუთრებული მილიონები.

30 წელია ხალხი ვერაფრით მიხვდა, რომ ხმაში აღებული ფული არა მარტო მის ცხოვრებას, არამედ ყველას, განსაკუთრებით ქვეყნის ცხოვრებას ანგრევს, იმ ქვეყნისას, რომლის კონსტიტუცია დასაქმების, ცხოვრების გარანტიას იძლევა, სინამდვილეში კი მხოლოდ სუნთქვის, ვინაიდან სუნთქვაზე გადასახადი ჯერ არ დაუწესებიათ. არადა დააწესებენ! ჭკუა დაუშლით თუ მძარცველური სულისკვეთება? იქნებ თქვენ დაუშლით, ხალხო?!

ვერ, უფრო სწორად არ დაუშლით, ვინაიდან ეს საკითხი თქვენი არ გგონიათ, არადა თქვენია, ისე, როგორც ბევრი სხვა, რომელიც თქვენი არ გეგონათ, მაგრამ საბოლოო ჯამში თქვენი გამოდგა. განა თქვენი არ არის თბილისის ყოველ ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოები — ავტომანქანების სადგომების ახალი წესების შემოღებას რომ უკავშირდება? ერთსაათიანი დგომა, რომ 1 ლარი და მეტი დაგიჯდებათ, მაშინ, როდესაც „სტაიანშიკს“ 50 თეთრს უხდიდით?

მერიამ ვერ აიტანა „სტაიანშიკების“ მიერ „მილიონების“ კეთება და როგორც კლასი ისე წაშალა, დატოვა რამ უმუშევრად.

თბლისის მერი და მისი გუნდი ისეთი ხარბები გამოდგნენ, რწყილის გატყვავებაც რომ არ ერიდებათ. ამოიღო ხმა რომელიმე თქვენგანმა ან ე.წ. ინტელიგენციამ, როდესაც კალაძემ ბულდოზერებით გადათხარა ჭავჭავაძის პროსპექტი და ავტოტრანსპორტს, საბოლოო ჯამში ნებისმიერ ჩვენგანს ისეთი პრობლემები შეუქმნა, უარესს რომ ვერვინ მოიფიქრებდა.

ახლა თბილისში არსებულ ბაღებსა და პარკებში შევარდა, ვითომ გაუმჯობესების მიზნით, სინამდვილეში ფულის კეთების. განუკითხავად ჭრის ვითომ დაავადებულ ხეებს, ხოლო მათ ნაცვლად უცხოეთში — თქვენი ჯიბიდან ამოღებული ფულით ყიდულობს ძვირადღირებულ მცენარეებს. ერთხელ მაინც გკითხათ — რაში ფლანგავს ფულს ქალაქის მერი, როდესაც უამრავი პრობლემებია ჩვენს თავს, უპირველესად ყოფნა-არყოფნის?

ვინმემ დასვით კითხვა საჯაროდ, ხმამაღლა — რაში სჭირდება ქალაქს ესოდენ ზედაპირული საქმიანობა, როდესაც მთავარსა და მნიშვნელოვანეს ყურადღებას არვინ აქცევს? ანდა ვის სჭირდება უხალხოდ დარჩენილი ქუჩა, ბაღი, ქალაქი? ნუთუ ვინმეს ხიბლავს წარსულში ხალხმრავალი, სიცოცხლით სავსე „კოლმეურნეობის“ მოედნის უხალხო ზონად გადაქცევა?

დედაქალაქს, ქვეყანას უამრავი პრობლემა დაუგროვდა, რომელთა გადაჭრა არც დღეს და არც ხვალ, სამწუხაროდ, არც უახლოეს მომავალში იქნება შესაძლებელი. ასეთ ვითარებაში ხელისუფლება, პოლიტიკა ფუჭ ლაყბობაში არ უნდა ატარებდეს დროს. არ უნდა აბრუებდეს ხალხს და ისიც არ უნდა ბრუვდებოდეს, რომ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს „ღირსეულად“ წარვადგენთ 2024 წელს. ნატოში შესვლაზე ლაპარაკის ინტენსიურობა და ბრიუსელის კარზე კაკუნს ხომ ბოლო არ უჩანს?

მაშინ, როდესაც დამშეული ხალხი საიქიოს კარზე აკაკუნებს — მთავრომამ ახალი ტენდერი გამოაცხადა კალაძის საყვარელი თეთრი ფერის „პიკაპების“ შესაძენად. იქნებ ვცდები, ნაკლები მომესმა და არა 18 მილიონი?

რა დროს „პიკაპი“, ბაღი, პარკი, ავტოსადგომების მონტაჟი, ელექტრონაგვისსაყრელი ან სხვა სისულელეებში ფულის უზომო ყრაა, როდესაც ხალხი მშიერია?!

ეს კითხვა უნდა დასვას ინტელიგენციის ყველა წარმომადგენელმა, ყველა პოლიტიკოსმა, ყველა არასამთავრობო ორგანიზაციამ, ყველა ჟურნალისტმა, განსაკუთრებით ამ უკანასკნელმა, ვინაიდან მას ევალება ხალხის ინფორმირება, უძღები ხელისუფლების ძარცვა-გლეჯვის გამომზეურება.

ის, რას აკეთებს? ამ მხრივ არც არაფერს! უმთავრესად პოლიტიკური კინკლავით არის დაკავებული, რითაც ხალხს ეუბნება, რომ ქვეყანაში უმძიმესი ეკონომიკურ-სოციალური კრიზისი კი არა, მარტივი პოლიტიკური კინკლავია.

თითქმის ნახევარი წელია მედიამ და ხელისუფლებამ ისე იმუშავეს ტანდემში, ერთხელაც არ უთქვამთ ეკონომიკურ-საფინანსო კრიზისზე და იქიდან გამოსვლის გზებზე. თუ მთავარ დაზარალებულს, ხალხს, რომელსაც უპირველესად უნდა აწუხებდეს ეს პრობლემა, მაგრამ არ აწუხებს, რატომ უნდა შეიწუხოს თავი ხელისუფლებამ?

ნებისმიერი ქვეყნის ხელისუფლება მხოლოდ მაშინ იწუხებს თავს, როდესაც განრისხებული ხალხი უკაკუნებს კარზე. აქ, ბრახუნით რომ კარი ჩამოიღო, არ გამოგვხედავს და იცით რატომ? მარტივი ჭეშმარიტების გამო — თქვენგან ანუ ხალხისგან ასეთს არ მოელის. არადა თუნდაც თვალის ერთი გადავლებით დავინახავთ იმ ცივილიზებულ ევროპაში, საითკენაც ჩვენ „მივდივართ“, რა სისტემატურობით აქვს ადგილი სოციალური საკითხების მოსაგვარებელ მრავალათასიან გამოსვლებს.

გასაოცარი ხალხი ვართ! პატიმრებისთვის სააკაშვილის მიერ ცოცხის ტარის უკან გარჭობაზე ლამის ტანზე შემოვიხიეთ და კარგიც ვქენით, გამოსვლებით ჩამოვიშორეთ სადისტი მმართველი, მაგრამ მის მომხრეებს ტაშით გზა დავულოცეთ პარლამენტში შესვლა. ესენი ხომ ისინია, ცოცხებით ხელში?

„გახარია თვალებთხარიაო“, გალექსილად რომ ყვიროდით 2019 წელს პარლამენტის შენობაზე ულტრანაცური თავდასხმის დროს თვალამოთხრილი მოიერიშის დასაცავად და დამნაშავის დასასჯელად — მაშინ მართალი იყავით, ხოლო დღეს არა? როდესაც გახარიამ მთელს საქართველოს დათხარა თვალი, თურქეთისთვის ტერიტორიების თითქმის საუკუნით გადაცემით? თვალის დათხრა დანაშაულია, მაგრამ ასჯერ და ათასჯერ მეტი დანაშაულია სხვა ქვეყნისთვის 100 წლით ტერიტორიის გადაცემა, მითუმეტეს ისეთისთვის, თურქეთი რომ ჰქვია, რომელსაც ძალით ათეულ-ათასობით კვ.კილომეტრის საქართველოს ტერიტორიები აქვს მითვისებული.

როგორც ჩანს, თანამედროვე გაგლობალისტებული, გაევროპელებული, გაამერიკელებული ქართველობა ისე უყურებს საკუთარ ტერიტორიებს და მათ გასაჩუქებას, თითქოს არაფერი. გავიხსენოთ სამხრეთ-ოსეთის ტერიტორიების დაკარგვა სააკაშვილის მიერ 2008 წელს წამოწყებული ომით და მისი და მისი მიმხრეების გაკეთებული განცხადებები — არაფერი მომხდარა, რამდენიმე ქვაღორღიანი სოფელი დავკარგეთო. მონაგონია მაშინდელ დანაკარგთან, გახარიას დროინდელი მსუყე დანაკარგი. ამოიღო ხმა ვინმემ? იქნებ გამომრჩა და შემახსენოთ?

ნასესხები ტერიტორიების უკან დაბრუნების საქმესაც შევესწარით. მხედველობაში მაქვს ჩინეთისთვის ჰონგ-კონგისა და მაკაოს დაბრუნებას. ეს ტერიტორიები ნასესხები ჰქონდათ დიდ ბრიტანეთსა და პორტუგალიას თითქმის ასი წლით და რომ არა ბირთვული, ეკონომიკურად მძლავრი ჩინეთი და მისი კატეგორიული მოთხოვნა, დაბრუნების პროცესი კარგა ხანს გაიჭიმებოდა.

ჩინეთის მაგალითის ჩვენს თავზე მორგება დამქირავებელი თურქეთის მტაცებლური მადიდან გამომდინარე, უაზრობაა.

როდესაც მედია გაჰყვირის — რუსმა ოკუპანტებმა სამხრეთ-ოსეთის საზღვარი გადმოსწიესო, გული მოგვდის, მაგრამ გახარიას „გულუხვობას“ არაფრად ვაგდებთ. და რატომ? იმიტომ ხომ არა, რომ რუსეთზე უნდა ვიყვიროთ, ხოლო თურქეთზე არა — ნატოს წევრი ქვეყანა და აშშ-ს „ძაღლის შვილია“? შეკვეთილმა პოლიტიკურმა ყვირილმა გადაფარა ნამდვილი, თუმცა ნამდვილი რომ არ ყოფილა?

აუცილებლად უნდა გავიხსენოთ სიტყვა „სეპარატიზმი“ და მისი არსი. სეპარატისტებს ვეძახით ყოფილ ავტონომიურ ფორმირებებს, რომლებთან ვერ გამოვნახეთ საერთო ენა თითქმის 70 წლის განმავლობაში. დაშლისგან მაშინ კრემლი გვიცავდა. მისი შიშით ნაკლებად ისმოდა სოხუმ-ცხინვალის სეპარატისტული ხმა, მაგრამ როგორც კი საბჭოეთმა დაშლა დაიწყო, კნავილი, დიდ ძახილში გადაიზარდა, რომლის ჩაქრობა სიტყვით ვერ შევძელით, ვინაიდან მოლაპარაკებამ მოთმინება მოითხოვა, ამასთანავე სეპარატისტის წინადადების სიღრმისეული განხილვა.

მათ თავი არ გავუყადრეთ ჩვენს ბუნებაში არსებული ქედმაღლობის გამო — „ამათ რატომ უნდა მოველაპარაკოთ, უნდა ვუბრძანოთ და მათ უნდა შეასრულონ ჩვენი ბრძანებაო“. არ გამოვიდა, ვინაიდან სხვა გარემო იყო შექმნილი ჩვენს ირგვლივ, რომელიც ვერ გავითვალისწინეთ და იარაღით შევვარდით ჩვენსავე ტერიტორიაზე, რასაც სამოქალაქო ომი მოჰყვა. მიზანი მისი — უკვე მტრადქცეული ჩვენივე ტერიტორიის მოსახლეობის თბილისის კონტროლქვეშ მოქცევა იყო.

შედეგი? გაერთიანების მსურველი, თვით ვიქეცით გაყოფის ინიციატორად, სეპარატისტად. ომის დამთავრებიდან დღემდე ვერადავერ შევიმუშავეთ ისეთი გეგმა, რომ სეპარატისტებს მოწონებოდათ. არ დავყევით სოხუმის წინადადებას — თბილის-სოხუმს შორის თავდაუსხმელობის ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე იმის შიშით, რომ მსგავსი ნაბიჯი მის დამოუკიდებულობაზე მიანიშნებდა.

ომის დამთავრებიდან დღემდე არც ერთ ორმხრივ მოლაპარაკებას ადგილი არ ჰქონია. ის, რაც ჟენევაში ხდება დასავლეთის აფხაზეთ-რუსეთთან დიალოგია, რომელშიც ჩვენ სტატისტების როლს ვასრულებთ.

აღნიშნულიდან გამომდინარე ჩავუკვირდეთ სიტყვა „სეპარატისტის“ მნიშვნელობას, მათ მიმართ ნათქვამს და ისიც გავითვალისწინოთ ვინ არის ნამდვილი სეპარატისტი, მხარე, რომელიც მზადაა საკითხების განხილვისთვის და მხარე, რომელიც დასავლეთის ბრძანებით უარზეა?

მხარე, რომელიც ნაცვლად მოლაპარაკებისა, იარაღს მოჰკიდებს ხელს, სულ მცირე დამნაშავეა. დამნაშავეა იმათ წინაშე, ვინც ხელისუფალთა უნიათობას, სიბრიყვეს, ამბიციურობას შეეწირა. დამნაშავეა ქვეყნის და ერის წინაშე, რომელმაც ხელისუფალთა მილიტარისტული ნაბიჯით დაკარგა ტერიტორიები.

მას შემდეგ ვტირით და მოვთქვამთ, ყვავილებით ვამკობთ აფხაზეთში დაღუპულ მეომართა მემორიალს — სახელდახელოდ გაკეთებულს, უნიათოს და უმგვანოს, გმირთა მოედნის კუნჭულში — სმოგითა და მავნე აირებით გაჯერებულ ტერიტორიაზე. საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოსულ ყველა დელეგაციას მასპინძელი ხელისუფალნი გმირთა მემორიალისკენ მიაქანებენ და წამითაც არ ფიქრობენ, რამდენად შეეფერება ეს უბადრუკი მემორიალი დაღუპულ მეომრებს ან სუვერენულ სახელმწიფოს?

ხელისუფლებამ, რომელმაც მსგავს მემორიალს შესაფერისი ადგილი ვერ გამოუძებნა, მოლაპარაკებას გამართავს იმათთან, ვისთან ომმა შეიწირა გმირები?

ხელისუფლებას რაც შეუძლია, ისაა, გაჟღერებული საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ თავის ოფიციალურ „ფეისბუქ“ გვერდზე შემდეგი შინაარსის: „შეიქმნას საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ასწლიან ბრძოლაში დაღუპულ მებრძოლთა ერთიანი მემორიალი, ვაკის პარკში, რომლის რეაბილიტაცია დღეს მიმდინარეობს“.

პრეზიდენტის მოსაზრება სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილის ხელმომჭირნეობისა და წუწურაქობის მსგავსია — იაფად გამოვალთ, ყველა გმირს, დაცემულს ბოლო 100 წლის ომში,  ერთ მემორიალში მოვაქცევთ. რატომ ბოლო 100 წლის და არა 1000 წლის და მეტის? მათაც ხომ ქვეყნის „დამოუკიდებლობასა და  ტერიტორიულ მთლიანობას“ შესწირეს თავი?

როგორც ჩანს პრეზიდენტის მწირმა ცოდნამ საქართველოს ისტორიისა, ნაკლები შანსი მისცა მას ადრეული, მართლაცდა ბობოქარი საუკუნეების გახსენების, რომელთანაც ბოლო საუკუნე რა მოსატანია? მითუმეტეს, როდესაც 70 წელი, უდავოდ გამორჩეული აღმშენებლობით, სიმშვიდითა და დემოგრაფიული ბუმით არნახულია სხვა საუკუნეებთან შედარებით. იმ 70 წლის განმავლობაში სერიოზულ, მასშტაბურ, სამამულო, მსოფლიო ომად აღიქმება დიდი სამამულო ომი, რომელშიც საქართველოს 650000 ადამიანი იღებდა მონაწილეობას. მათგან მხოლოდ ნახევარი დაუბრუნდა სამშობლოს.

საქართველოს მსხვერპლი უტოლდება აშშ-სას და აჭარბებს სხვა ქვეყნების მსხვერპლს. ათასობით შინმოუსვლელთა ძეგლები, მემორიალები გაიხსნა საბჭოთა კავშირსა და სხვა ქვეყნებში. მსგავსი გაჩნდა თბილისში — გამარჯვების (ვაკის) პარკში. იქ განისვენებს ქართველი უცნობი ჯარისკაცი. ყოველი წლის 9 მაისს — გამარჯვების დღეს ომის ვეტერანები, საზოგადოების წარმომადგენლები გვირგვინებით ამკობენ უცნობი ჯარისკაცის საფლავს, რითაც პატივს მიაგებენ მას და ყველას, დიდ სამამულო ომში დაღუპულს.

რა კავშირი აქვს ამ წმინდა ადგილს ბოლშევიკების მიერ მენშევიკებთან შეტაკების დროს, ანდა თუნდაც აფხაზეთის ან ცხინვალის ლოკალურ ომებში დაღუპულებთან? არც არაფერი! გარდა სიტყვა „დაღუპულის“. ნუთუ ქალბატონი სალომე ვერ ხვდება განსხვავებას?!

ხვდება, მაგრამ ძალით გვტენის მენშევიკთა „გმირობას“, იმ მენშევიკების, რომლებმაც გაძარცვეს ქვეყანა და ნაძარცვით საფრანგეთში, მრავალი წლის განმავლობაში უზრუნველყვეს საკუთარი ცხოვრება.

ზურაბიშვილი მენშევიკური მთავრობის წევრის ოჯახში დაბადებულ-გაზრდილი ქალბატონი, განა ობიექტური აზროვნებით იქნებოდა შემკული? მენშევიკურ იდეოლოგიაზე აღზრდილი ცდილობს მათი სახელის უკვდავყოფას, განდიდებას.

საერთო მემორიალის პოლიტიკური სარჩული დაპირისპირებაა — საბჭოურსა და მენშევკურს შორის. ამ უკანასკნელის საბჭოურზე მაღლა დაყენება, ხოლო „ტერიტორიული მთლიანობისთვის“ დაღუპულ მეომართა გახსენება, მთავარ საკითხზე უბრალო მიტმასნებაა.

უნდა ვიმედოვნოთ, რომ გონგამოცლილი ხელისუფლება დროებით მაინც მოიხმობს ჭკუას და არ აჰყვება პროვოკატორი პრეზიდენტის შორს მიმავალ იდეებს. იმისთვის, რომ ხელისუფლებამ ეს გააკეთოს თქვენი დახმარებაა საჭირო ინტელიგენციავ, ცნობადო სახეებო, საზოგადოების წარმომადგენლებო, თუმცა ვეჭვობ ხმა ამოიღოთ და გვერდში ამოუდგეთ ევრაზიის ინსიტუტის ხელმძღვანელს გულბაათ რცხილაძეს, საქართველოს კომუნისტთა ლიდერს თემურ ფიფიას, რომლებმაც უკვე გამოთქვეს თავიანთი ნეგატიური მოსაზრება პრეზიდენტის წინადადებაზე.

ამ შემთხვევაშიც პირში წყალს ჩაიგუბებთ, ვინაიდან არ ისურვებთ გადაგვარებული პრეზიდენტის გაკიცხვას, მარტივი მიზეზის გამო — ის ხომ საფრანგეთში დაბადებულ-გაზრდილია და რახან ასეა, თქვენთვის მუდამ სათაყვანებელია, მიუხედავად მისი გონებრივი სისუსტის და ავანტიურისტული ბუნებისა.

დასაწყისში აღვნიშნე და გავიმეორებ, რომ გარემო სერიოზულ გავლენას ახდენს ადამიანზე. მითუმეტეს მძიმე გარემო, რომლის წონა და მასშტაბი ნებისმიერ ჩვენგანზეა დამოკიდებული. ვიქნებით საკუთარი თავისა და ხელისუფლების, პოლიტიკოსთა მიმართ მომთხოვნი? მძიმე გარემო, სასურველით შეიცვლება. წინააღმდეგ შემთხვევაში ვიცხოვრებთ მუდამ სამგლოვიარო პროცესში.

დასასრულს, ერთ ძველ ანეკდოტს გაგახსენებთ — მოსკოვში, წითელ მოედანზე ლენინად ქცეული მავანი დააკავეს და ბლანჟეს მოპარსვა უბრძანეს. „გავიპარსავო“, — თქვა მასხარამ — „მაგრამ იდეებს რა ვუყოო“. ასეა ზურაბიშვილის საქმე, რომელმაც მართლაც არ იცის, უსაქმობის გამო რა გააკეთოს!

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი