19.07.2024

დაშლილი ევროპა

ბატონ გურამ გოგიაშვილს

„ევროკავშირის ნამდვილ მტრად, ევროკავშირი იქცა. კორონავირუსმა გამოამზეურა ფარისიველობა. აი, ეს არის ევროპის ნამდვილი სახე — კავშირისა, რომელიც თითებზე ჩამოსათვლელ დღეებში დაიშალა, თან ისე, თითქოს არასდროს ყოფილა. წლების განმავლობაში ჩაგვჩიჩინებდნენ, რომ ერთიანი ევროპა ჩვენი ნამდვილი მიზანია; რომ ბრექსიტი ღალატის სიმბოლოა, ბრიუსელი კი მომავალი; რომ ნამდვილი ევროპელი ლიდერები პარიზსა და ბერლინში სხედან და იციან — მტკიცედ შეკავშირებულმა ევროპამ, როგორ იაროს ნათელი მომავლისკენ.

საგანგაშო ვითარება საკმარისი გამოდგა, რათა ევროკავშირის კონსტრუქციის გულმხურვალე მომხრეებს, უმალ დაეკარგათ რწმენა. ევროკავშირის არც ერთ წევრს პასუხიც არ გაუცია ჩვენს განწირულ თხოვნაზე ფილტვების სავენტილაციო აპარატების გადმოცემასთან დაკავშირებით. არვის გამოუგზავნია ექიმები, მედდები დახმარებისთვის.

ინგრევა გლობალიზაცია. წყალი შეუდგა ლიბერალურ საბაზრო ეკონომიკას. უოლ-სტრიტი უპრეცედენტო კრიზისმა მოიცვა. ამ რამდენიმე კვირის განმავლობაში ევროპა გაქრა, შეაქცია ზურგი იმათ, ვინც დახმარებას ითხოვს“, — წერდა იტალიური გაზეთი „ჯორნალე“ ა.წ. 14 მარტს.

კორონავირუსით გამოწვეულმა შიშმა, უიმედობამ, სასოწარკვეთილებამ დასავლური მედია ყალყზე დააყენა. კრიტიკის საგანი არა მარტო ბრიუსელია, არამედ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ხელისუფლებაც, რომელმაც მხოლოდ ერთი მოახერხა — მოსახლეობის ქუჩაში გამოსვლის აკრძალვა. სადღა არის შენგენის „სახელოვანი“ ზონა, ერთმანეთში თავისუფალი მიმოსვლა?!

ევროკავშირში ისევ გაჩნდა სახელდახელო საზღვრები პოლიციელებით, საბაჟო მოხელეებით, სადაც მათი დეფიციტია, ქვეყნის დამაკავშირებელი გზების ლოდებით ჩახერგვა.

იტალია, კორონავირუსის ყველაზე მძიმე მსხვერპლი, საყვედურობს ბრიუსელს უყურადღებობაში. იტალიის ხელისუფალთა აღშფოთება გამოიწვია მოკავშირე ქვეყნების აგდებულმა დამოკიდებულებამ მედტექნიკის მიწოდებასთან დაკავშირებით. გერმანია-საფრანგეთის ხელისუფლების მიერ ამ ტექნიკის ექსპორტზე შეზღუდვების დაწესებამ.

ევროკავშირში შესვლის მსურველმა სერბიის პრეზიდენტმა ვუჩიჩმა მკაცრად გააკრიტიკა ბრიუსელი და აღნიშნა, რომ თანამშრომლობა მხოლოდ ქაღალდზეა. კორონავირუსით დაშინებული ევროკავშირის ქვეყნები ერთმანეთს ემიჯნებიან. თვით ქვეყნებში მოსახლეობა სახლებში იკეტება და გარე სამყაროს ონლაინ-რეჟიმში უკავშირდება.

სპეციალისტთა აზრით, ვირუსით გამოწვეული შედეგი გაცილებით მძიმე იქნება, ვიდრე ვარაუდი. ჩვეულებრივი რამ გახდება სახელმწიფო მართვის, ბიზნესის, სოციალური სფეროს მუშაობის ონლაინ-რეჟიმში გადაყვანა. ზოგიერთი ექსპერტი უფრო შორს მიდის და აცხადებს, მსოფლიოს ეკონომიკის საფუძვლების შეცვლას. ზოგი იმასაც ამბობს, რომ დაიწყო მეოთხე სამრეწველო რევოლუცია, რომლის მთავარი თვისება გადაწყვეტილების მიღებისას ადამიანის გამოთიშვა იქნება. ცხადია ეს პანიკასა და უკმაყოფილებას გამოიწვევს, მაგრმ საბოლოო ჯამში ადამიანი იძულებული იქნება შეეგუოს ახალ ვითარებას, შეზღუდოს გადაადგილება, კავშირურთიერთობები.

კორონავირუსმა შეიძლება ახალი სარკმელის გახსნის უაცილებლობა გააჩინოს სახელმწიფოს, ბიზნესის, სოციალური მართვის საქმეში; განათლების, ჯანმრთელობის დაცვის, დისტანციური მომსახურების სფეროში; კორონავირუსი მეტნაკლებად შეცვლის ადამიანის ცხოვრების წესს — გადაიტანს რა მთელ საქმიანობას ინტერნეტ ქსელში.

ადამიანს ცოცხალი ურთიერთობა მხოლოდ ახლო ნათესავებთან ექნება. ის, შეეჩვევა საკვების სახლში მიტანას, აღარ შეიწუხებს თავს სუპერმარკეტებში სიარულით. აღარც თათბირებზე და კონფერენციებზე დასწრება იქნება აუცილებელი ან თეატრების სპექტაკლებსა და კონცერტებზე. ამას ონლაინ-რეჟიმში მიიღებს.

კორონავირუსი ბოლოს მოუღებს გლობალიზაციას — ასე ფიქრობენ დასავლელი და არა მარტო, სპეციალისტები, თუმცა კორონავირუსამდეც შეინიშნებოდა გლობალიზაციის საწინააღმდეგო ტენდენციები. გაჩნდა ლოკალური ბრენდების მიმართ ინტერესი, ტრადიციული ცხვრების წესისკენ შემობრუნების ტენდენცია. ვირუსი სტიმულს მისცემს საზღვრების აღდგენა-შემოღებას.

დავუბრუნდეთ დღევანდელობას და იმის ძიებას, რამ გამოიწვია კორონავირუსის აფეთქება, ვინ და რა დგას ამ დაავადების უკან. ის, რომ კორონავირუსი ჩინელის მიერ ღამურის და გველის ჭამამ გამოიწვია ნელ-ნელა, მყარი საფუძვლის უქონლობის გამო, მივიწყებას ეძლევა. მაშ, საიდან გაჩნდა ან ვინ გააჩინა ის? ბუნებრივად წარმოიშვა თუ ხელოვნურად?

ეს, ის შეკითხვებია, რომლებიც ხშირად ისმება. პასუხები კი არ ჩანს — საფუძვლიანი, ფაქტებით და არა ვარაუდებით გამაგრებული. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება „ვინ“-ზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ხალხის ის ნაწილი, როგორც აქ, ისე იქ, „ვინში“ იმას მოიაზრებს, ვისაც ძლიერი მედიცინა და ეკონომიკა აქვს და ვისაც მოწინავეობის, უფრო სწორად, მოპოვებული მსოფლიოს პირველობის დათმობა, ცოცხალი თავით არ სურს.

ასეთი ერთი ქვეყანა ვიცით, მას აშშ-ი ჰქვია. მისი დადანაშაულების საბაბად რა არ მოჰყავთ — ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის კონვენციაზე ხელის მოწერაზე უარის თქმა; ბიოლოგიური კვლევების ლაბორატორიების აშშ-ს ტერიტორიიდან სხვა ქვეყნებში გატანა, მათ შორის საქართველოში; ამ ლაბორატორიების მუშაობის გაუმჭვირვალობის მაღალი სტანდარტის შემოღება, ისეთის, იქ მომუშავე ადგილობრივსაც რომ ხელი არ მიუწვდება; აღნიშნული ლაბორატორიების მშენებლობისა და ექსპლუატაციის პენტაგონისთვის დაქვემდებარება და სხვა მრავალი. თვით ამერიკელი ჟურნალისტების მიერ (ჯეფრი სილვერმანი) ლაბორატორიების ნამდვილი მიზნებისთვის „ფარდის ახდა“ და სხვა.

გაზეთმა „საქართველოს რესპუბლიკამ“ ა.წ. 17-18 მარტის ნომერში ფართო მასალა მიუძღვნა აღნიშნულ თემას სათაურით: „ბაქტერიოლოგიური ომი ამერიკამ დაიწყო?!“. გაზეთს მოჰყავს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო დეპარტამენტის წარმომადგენლის ჩჟაო ლიცზიანის მიერ „ტვიტერში“ გამოქვეყნებული შეკითხვები აშშ-ს მიმართ: „როდის დაიწყო დაინფიცირება აშშ-ი? რამდენი ადამიანი დაინფიცირდა? იქნებ ამერიკელმა სამხედროებმა ჩამოიტანეს უჰანში ეპიდემია?“.

ჩინელ დიპლომატს ეს შეკითხვები მაშინ დაებადა, როდესაც მსოფლიოში გავრცელდა ინფორმაცია აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის რობერტ რედფოლდის კონგრესში დახურული გამოსვლის დროს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ სეზონური გრიპით გარდაცვლილთა გაკვეთის შემდეგ დადგინდა, რომ გრიპთან კი არა, ახალ დაავადება —  კორონავირუსთან ჰქონდათ საქმე.

გამოსვლა გასული წლის ოქტომბერში შედგა, რასაც მოჰყვა უჰანში ამერიკელი სამხედროების მონაწილეობა საერთაშორისო სამხედრო თამაშებში. სწორედ, ამ თამაშების დამთავრებიდან ორი კვირის შემდეგ, 19 ნოემბერს უჰანში იფეთქა კორონავირუსმა.

ჩინეთში განვითარებული მოვლენების კვალდაკვალ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა პომპეომ დაადანაშაულა ჩინეთის ხელისუფლება ეპიდემიის გავრცელების შეგნებულ დამალვაში, რის გამოც აშშ-მ ვერ მოასწრო ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლისთვის მომზადება. მან ისიც თქვა, რომ თითქოს ეს ვირუსი უჰანის უნივერსიტეტში გამოიყვანეს და ჩინელ მეცნიერებს ლაბორატორიიდან გაეპარათ.

პომპეოს განცხადებაში ახალი არაფერია. აშშ-ს პოლიტიკა ხომ სწორედ სხვის დადანაშაულებაზეა აწყობილი?! ამის მაგალითები უხვადაა, არა მარტო ვირუსების გავრცელებასთან დაკავშირებით, არამედ სირიის ხელისუფლების მიერ ქიმიური იარაღის ვითომ გამოყენების საქმეში. მაგრამ ამჯერად მას არ გაუვიდა. მუდამ თავშეკავებულმა ჩინურმა დიპლომატიამ დაარღვია ტრადიცია და პომპეოსა და აშშ-ს ხელისუფლებას მწარედ შეახსენა იმ მოხსენების თაობაზე, რედფილდმა რომ კონგრესში გააკეთა, რასაც ოფიციალური ვაშინგტონი საგულდაგულოდ მალავდა.

კორონავირუსის წარმოშობის დადგენა არცთუ იოლი საქმეა, რაც ყველამ კარგად იცის — დამნაშავემავ და დაზარალებულმაც, ოღონდ ერთია, პანდემიამ არ უნდა აიძულოს ქვეყნები ერთმანეთის წინააღმდეგ დარაზმვაში, კრიტიკასა და ჭორების გავრცელებაში, რასაც სამწუხაროდ სისტემატურად აქვს ადგილი.

მაგალითისთვის ავიღოთ მეზობელი რუსეთი, სადაც ხელისუფლების წინააღმდეგ განწყობილი ოპოზიცია პატარა შანსსაც არ უშვებს ხელიდან ხელისუფლების დასადანაშაულებლად. ერთ-ერთმა ასეთმა, ოპოზიციური რადიო „ეხო მოსკვის“ ეთერში განაცხადა, რომ ხელისუფლება მალავს კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობას, რომელიც ათასებს აჭარბებს და მოუწოდა ხალხს სასწრაფოდ შეიძინოს პროდუქტები და ჩაიკეტოს სახლში.

ეს ცრუ ინფორმაცია უმალ აიტაცა ქართულმა მედიამ და მთელი დღის განმავლობაში ატრიალა ეთერში, თან თავისიც დაუმატა — ასე ხდება იმ ქვეყნებში, სადაც ავტორიტარული რეჟიმებიაო.

ამის შემხედვარეს, უმალ გებადება კითხვა — იმ უზომოდ დემოკრატიულ ამერიკა-ევროპაში როგორღაა საქმე? რასაც ვუსმენთ და ვუყურებთ არც დემოკრატიაა და არც ურთიერთგაგება. რაც ჩანს ურთიერთგაუცხოება და ეგოიზმია. სწორედ ამის შესახებ წერს იტალიური გაზეთი „ჯორნალე“.

საგანგაშოა აშშ-ს პრეზიდენტის ტრამპის შეთავაზება კორონავირუსის ვაქცინაზე მომუშავე გერმანელი მეცნიერისთვის, ამერიკაში გადასვლასთან და იქ ვაქცინის დამზადებასთან დაკავშირებით. მეცნიერს მილიარდი დოლარი შესთავაზეს. მას ვაქცინა მხოლოდ ამერიკისთვის უნდა გამოეგონებინა. რას ნიშნავს ეს, თუ არა საყოველთაო გასაჭირზე ხელის მოთბობას?!

ამერიკაში დამზადებულ წამალს, ეს ქვეყანა სხვას მიჰყიდდა, მათ შორის „ძმებს“, „მოკავშირე“ ევროპელებს, „სტრატეგიულ“ პარტნიორებს. ოფიციალურმა ბერლინმა, ოფიციალურად უარყო აშშ-ს შემოთავაზება, განცხადებით — გერმანია არ იყიდება.

კორონავირუსის დამარცხება მხოლოდ ერთიანი ძალისხმევით იქნება შესაძლებელი, რაც დღევანდელ ევროკავშირში დეფიციტია. ასეთ მძიმე ფონზე გაოცებს ევროპარლამენტართა კოლექტიური წერილი საქართველოს პრეზიდენტის სახელზე გამოგზავნილი უგულავას შეწყალების თაობაზე. ნუთუ, კორუმპირებული უგულავა მეტად ფასობს, ვიდრე ერთად აღებული იტალია, რომელსაც არათუ დახმარება, თანაგრძნობის წერილიც არ გაუგზავნეს?!

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი