08.12.2024

გარედან მოწოდებული შესაშფოთებელი დავალებები

წინა სტატიაში აღვნიშნე იმ ვითარების სერიოზულობაზე, რასაც აშშ-ი აქვს ადგილი. დიდი და ძლიერი ქვეყანა კარდინალური რეორგანიზაციის წინაშე დგას, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყნის შიდა დუღილის პროცესი გაგრძელდება, რასაც სრული შესაძლებელია სოციალური დაპირისპირება მოჰყვეს არა მარტო შავკანიანებსა და თეთრებს შორის (ხელისუფლების სახით), არამედ მექსიკელებს, კუბელებს, სხვა სათვისტომოებსა და მთავრობას შორის. მართალია, მათი „სიყვარული“ ერთმანეთის მიმართ ნაკლებად წარმოსადგენია, მაგრამ თემა, რომელიც მათ აერთიანებს — სოციალური უსამართლობა, რასიზმი და არასწორუფლებიანობა საყოველთავოა. საყოველთავოა არა მარტო მათთვის, არამედ თეთრკანიანი ახალგაზრდებისთვის — მარქსიზმის, ტროცკიზმის იდეებით მოხიბლულთათვის.

2-3 წლის წინათ ერთ-ერთ ამერიკულ გაზეთში თვალი მოვკარი სტატიას, რომელიც მარქსიზმის პოპულარობას ეხებოდა. სტატიის მიხედვით, წიგნის მაღაზიებიდან გაქრა მარქსის „კაპიტალი“. მაღაზიის მეპატრონის განცხადებით, ვეღარ აუდიოდა მოთხოვნებს და იძულებული იყო ახალი პარტია შეეკვეთა.

მარქსიზმით, განსაკუთრებით ტროცკიზმით გატაცება ლათინურ ამერიკაში არახალია; არახალია თუნდაც აშშ-ი, მაგრამ ამ მასშტაბით?

აშშ-ს პრეზიდენტობის ყოფილ კანდიდატს ბერნი სანდერსს ხომ მემარცხენე  ახალგაზრდები უჭერდნენ მხარს, რომლებიც დღეს ფერადკანიანებთან ერთად ბუნტის მოთავეები არიან? ამბოხებული ამერიკის ბუნტის ჩახშობა ზოგიერთ აქაურს იოლი რომ ჰგონია. მწარედ ცდება. პოლიციის მიმართ დაწყებული რეფორმები, ისტებლიშმენტის პერმანენტული ბოდიში შავთა წინაშე. ქვეყნის ისტორიის განქიქება და თვითგამოსწორების მიზნით ისეთი გეგმების დასახვა მემარცხენეობისკენ რომ იხრება, რაღაც სხვის მომასწავებელია.

აშშ-ი გზაგასაყარზეა, რასაც მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების თემაც ართულებს. დემოკრატები უდავოდ შეეცდებიან რესპუბლიკელთა მიერ დაშვებული შეცდომების რეკლამირებას და საზოგადოების დარწმუნებას, რომ ამომრჩეველმა 4 წლის წინათ დაშვებული შეცდომა — ტრამპის არჩევა, არ უნდა გაიმეოროს.

ტრამპის მინუსად დემოკრატებს კორონავირუსის წინააღმდეგ უსუსური ბრძოლა მოჰყავთ. და მართლაც მდიდარ და ძლიერ ამერიკას, სახელგანთქმული მედიცინით 120000 გარდაცვლილი ჰყავს, ასეულ ათასობით ინფიცირებული. ამ ნეგატიური მონაცემებით მას პირველობას ვერვინ შეეცილება.

კორონავირუსმა მოსპო აშშ-ს ეკონომიკა — პრეზიდენტ ტრამპის სამწლიანი მუშაობის თვალსაჩინო მიღწევები. უმუშევართა რაოდენობამ 40 მილიონს გადააჭარბა. კატასტროფულად გაიზარდა მდიდართა და ღარიბთა შორის ისედაც გაზრდილი ზღვარი. სტატისტიკის მიხედვით, 40 მილიონი უმუშევრის ფონზე, კორონავირუსის კრიზისულ პერიოდში თუ ვინ იშოვნა ფული — სუპერმილიარდერები არიან.

აშშ-ი პრობლემებიდან ყურადღების გადატანას უცხოეთზე ცდილობს. პრეზიდენტი ტრამპის განცხადებით, დამნაშავე ჩინეთია, რომელმაც ამერიკას კორონავირუსი აჰკიდა, ვითარცა მეძავმა ქალმა მამაკაცს ვენერიული დაავადება.

აშშ-ს ადმინისტრაციის, კონგრესის, მედიის სისტემატური ლანძღვის საგანი ჩინეთთან ერთად რუსეთია, რომელსაც, თურმე ამერიკის ბუნტის ორგანიზება ეკუთვნის (უშიშრობის საბჭოს ყოფილი მდივანი სუზან რაისი).

გახელებული რესპუბლიკელი კონგრესმენები დოკუმენტს ადგენენ, რომელშიც დაწვრილებითაა ჩამოთვლილი რუსული „ბოროტების“, ანტიამერიკული პოლიტიკის თაობაზე, რომელსაც ხელს უწყობენ პოსტსაბჭოთა სივრცეში მოღვაწე პუტინელები. „ივანიშვილი, პუტინის უახლოესი მეგობარი, მუშაობს რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციისთვის.

კონგრესმა სანქციები უნდა დაუწესოს რუსული პროპაგანდისთვის იმ ლიდერებს, რომლებიც თავიანთი მოქმედებით დეზინფორმაციას ახორციელებენ და აფინანსებენ რუსულ სამხედრო აგრესიას“.

დოკუმენტში რუსეთი ტერორისტთა სპონსორ სახელმწიფოდაა მოხსენიებული. აღნიშნული მასალა (150 გვერდიანი) ჯერ-ჯერობით კანონპროექტად არ არის ქცეული, მაგრამ ის, რომ კანონპროექტი იქნება და მასში აღნიშნული ბევრი რამ იქ პოვებს ასახვას — წყალი არ გაუვა. თუ დავუმატებთ ამას სენატორთა არცთუ დიდიხნისწინანდელ მიმართვას სახელმწიფო მდივან პომპეოსადმი საქართველო-ირანის მჭიდრო „ნავთობური“ კავშირების შესწავლის თაობაზე, ძნელი წარმოსადგენი არ არის დღევანდელი ადმინისტრაციის დამოკიდებულება საქართველოს ხელისუფლებისადმი.

მსოფლიოს პირველობაშერყეულ ქვეყანას, საშინაო პრობლემებით გაავებულს, ისღა დარჩენია მწვავე განცხადებები აკეთოს, არა მარტო მტრების — ჩინეთისა და რუსეთის, არამედ მოკავშირეების (ევროკავშირის) მიმართაც. თავგზააბნეული აშშ-ს ადმინისტრაცია, პომპეოს სახით, როდესაც ჩინეთს ფაშისტურ სახელმწიფოდ მოიხსენიებს — ქვეყანას, რომელმაც მეორე მსოფლიო ომში 30 მილიონი ადამიანი დაკარგა იაპონური მილიტარიზმის წინააღმდეგ ომში, ცინიზმია და მეტი არაფერი.

პომპეოს ალბათ არათუ არ წაუკითხავს, არც გაუგია ნობელის პრემიის ლაურეატის ჩინელი მო იენის ისტორიული რომანის „დიდი ძუძუ-მკერდი, განიერი გავა“ -ს შესახებ, რომელიც ბრწყინვალედ თარგმნა ამ საქმის დიდოსტატმა გურამ გოგიაშვილმა. რომანი ომისდროინდელ ავკაცობასა და სისასტიკეზე მოგვითხრობს — ჩადენილს ფაშისტების მოკავშირე იაპონელი მილიტარისტების მიერ დაპყრობილ ჩინეთში.

არხეინად ყოფნა და იმის ძახილი — ეს კონგრესმენების წერილი არაფერიაო, კარგს არაფერს მოგვიტანს, ისე, როგორც ნატოსთან უზომო ჩახუტება, რასაც დღეს აქვს ადგილი შავ ზღვაზე. საქართველოს ხელისუფლება რახანია დაბეჯითებით მოუწოდებს ნატოს შავ ზღვაზე უსაფრთხოების განმტკიცებისკენ და ამ საქმეში საქართველოს წვლილის გათვალისწინებაზე.

გასული თვის ბოლოს აშშ-ს ბომბდამშენმა B-113 1B Lancer-მა შავი ზღვაზე, ყირიმის სანაპიროებთან განახორციელა ფრენა, რომელიც აშშ-ს საჰაერო ძალების ევროპულმა სარდლობამ წარმატებულად ჩათვალა, როგორც აშშ-ს, ისე მოკავშირეებისა და რეგიონის პარტნიორი ქვეყნებისთვის: „მომავალი მოწინააღმდეგეები შეწუხებული უნდა იყვნენ სარაკეტო თავდასხმებით, რომელიც თქეშად დაეცემათ არა მარტო ამერიკული ხომალდებიდან და თვითმფრინავებიდან, არამედ ხმელეთზე ბაზირებული თვითმფრინავებიდან, რამაც გავლენა უნდა იქონიოს მოსკოვის, პეკინის და თეირანის პოლიტიკის გამტარებელ ჩინოსნებზე“.

ამის წამკითხავ ქართულ პოლიტიკას არ უჩნდება კითხვა — რაკეტების დანაპირები კოკისპირული თავდასხმა შეეხება თუ არა საქართველოს ტერიტორიას? რომ შეეხება — ჩემთვის უეჭველია, თქვენთვის, მკითხველო?

არანაკლებ საყურადღებოა სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში არსებული პრობლემები ე.წ. საზღვრის გავლებასთან დაკავშირებით. ქართველმა მკითხველმა იცის ჩვენი პოლიტიკის, მედიის, საზოგადოების პოზიცია ამ საკითხთან მიმართებაში, მაგრამ საინტერესოა იქაურთა პოზიციაც, ობიექტურობის დასადგენად ან უბრალოდ იმის გასარკვევად რით ცდილობენ ისინი თავის მართლებას.

„ბოლო დროს სამხრეთ ოსეთის მესაზღვრეებმა დააფიქსირეს რიგი პროვოკაციისა ქართველი ძალოსნების მხრიდან, ევროკავშირის დამკვირვებლების წაყრუების ფონზე. ადგილი აქვს საზღვრის დარღვევას, ვერტმფრენების გადაფრენას, რაც ხელს არ უწყობს ჟენევის სამშვიდობო დისკუსიის წარმართვას. მიზეზი ამის არა მარტო შიდაპოლიტიკური დაპირისპირებაა, რასაც ადგილი აქვს საპარლამენტო არჩევნების წინ, არამედ გარე ძალების სწრაფვა გააღვივონ დაძაბულობა რეგიონში.

აშშ-ი და მისი დასავლელი პარტნიორები, გარდა დიპლომატიური და საინფორმაციო ღონისძიებებისა, რასაც ისინი ახორციელებენ, სხვამხრივაც მუშაობენ, რომელიც მიმართულია ქართული პოლიტიკის რადიკალ-ნაციონალისტური ძალების პოზიციების გასაძლიერებლად. ერთ-ერთ ოდიოზურ ნაბიჯად ითვლება „ქართულ ოცნებაზე“ განხორციელებული ზეწოლა ოქრუაშვილ-უგულავას ციხიდან გათავისუფლებისთვის. 2008 წლის მოვლენებში ამ ორი დამნაშავის როლის თაობაზე ყველამ კარგად იცის.

დასავლეთმა კვლავ დააფიქსირა საკუთარი თავი, ქართულ პოლიტიკაში უმაღლესი არბიტრის როლში. საპარლამენტო არჩევნების ბედს არა ქართველი ამომრჩეველი, არამედ ე.წ. სტრატეგიული პარტნიორი გადაწყვეტს, რომელმაც წინასწარ დაგვანახა საკუთარი მხარდაჭერა ოპოზიციის მიმართ“.

არჩევნები — იმ ნეგატიური სცენარის ნახევარია, რასაც საქართველოს უმზადებენ. გაცილებით სახიფათოა საგარეო პოლიტიკური სცენარი, რაც სხვასთან ერთად გულისხმობს სამხრეთ ოსეთის საზღვრებთან ვითარების გაუარესებას.

მკითხველმა იცის 20 ივნისი ანუ „გავრილოვის ღამე“ რა პროვოკაციით არის ცნობილი. მაშინ აშშ-ს გარკვეულმა ძალებმა, ქართველ „ნაცებთან“ ერთად მართალია, ვერ მოახერხეს დაგეგმილი მორიგი „ვარდების რევოლუციის“ განხორციელება, მაგრამ ის მაინც შეძლეს დაესუსტებინათ ხელისუფლება და მძიმე პოლიტიკური ვითარება შეექმნათ ქვეყანაში.

მაშინ ვწერდი, რომ ბუნტის ორგანიზატორი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პროპაგანდისტი ეგორ კუროპტევი და მისი ფონდი „თავისუფალი რუსეთი“ იყო. ფონდის ფილიალი თბილისშია და აწარმოებს ანტირუსულ პოლიტიკას. კუროპტევი სისტემატურად იძლევა ინტერვიუებს, კომენტარებს და საქართველოში ამერიკული სამხედრო ბაზების გახსნის ინიციატივითაც იჩენს თავს. მისი აზრით, ბაზა ქ.გორში უნდა განთავსდეს.

კუროპტევი თბილისში აშშ-ს საელჩოს ხშირი სტუმარია და დავალებებსაც იქიდან იღებს. ის ხშირად წერს „ბორდერიზაციაზეც“ — უკავშირებს რა მას ამერიკულ სამხედრო ბაზას და უსაფრთხოებას. კუროპტევისეულმა პროპაგანდამ უნდა დაარწმუნოს საქართველოს მოსახლეობა რუსეთიდან მომავალ საფრთხეში და არა მარტო საქართველოს, არამედ მსოფლიო საზოგადოება და ამ საფრთხიდან საქართველოს დასაცავად ერთადერთ სწორ ნაბიჯში, ამერიკული სამხედრო ბაზის გახსნაში.

რუსეთის წინააღმდეგ აგორებულ პროვოკაციებში, რომელთა ავტორებიც ამერიკის გარკვეული წრეების წარმომადგენლებია, ნაციონალებთან და სხვა მისნაირ ანტისახელმწიფოებრივად გაჟღენთილ პარტიებთან ერთად, გასული წლის 20 ივნისის მსგავსი დაძაბულობის შემოტანას ცდილობენ საქართველოში. ითხვზება და საზოგადოებას მიეწოდება რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ დაგეგმილი ტერორისტული ღონისძიებების ისტორიები. ჯერიყოდა მთელი მსოფლიო შეძრეს „უძლიერესი“ ესტონური სპეცსამსახურების მიერ „გამოვლენილი“ კიბერთავდასხმის შესახებ.

დღეს კი, ახალი „მზაკვრული“ შეთქმულება გახსნეს გვარამიამ და მისნაირებმა — „ჟურნალისტ“ გაბუნიას მოსალოდნელი ლიკვიდაციის თაობაზე, გვარამიას ნაბოდვარს. ბანი სააკაშვილმა მისცა და აგორდა, მაგრამ რა აგორდა — პუტინი, მკვლელობის შემკვეთი, ბანდიტი კადიროვი, უსუსური ხელისუფლება, ვინაიდან საზღვრები ვერ დაუცავს ქილერებისგან. და ამას გაჰყვირიან ნაცები, რომლებიც სააკაშვილ-ლორთქიფანიძის — მაშინდელი შს მინისტრის მოადგილის ინიციატივით თბილისში „ალ-ქაიდას“ ტერორისტული ორგანიზაციის თავყრილობებს აწყობდნენ (აღნიშნულის თაობაზე აშშ-ს მედია იტყობინებოდა).

რაღა მაინცდამაინც ერთი წლის შემდეგ გაახსენდა პუტინს გაბუნია? რაღა მაინცდამაინც 20 ივნისის თარიღს დაამთხვია ქილერის თბილისში გამოგზავნა? ან რას წარმოადგენს ვითომ ჟურნალისტი გაბუნია, რომ მისი მოკვლით ვიღაცამ ხელი გაისვაროს?!

მკვლელობების შეკვეთა ტოტალიტარული რეჟიმების ანუ რუსეთისთვის არის დამახასიათებელიო — უხსნიან საქართველოსა და მსოფლიოს საზოგადოებას ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები. საზოგადოებაც მშვენივრად ყლაპავს მორიგ ავანტიურას. გონიერ საზოგადოებას არასდროს უჩნდება ცუდი წარსულის მონატრების სურვილი. როგორც ჩანს ჩვენ აქაც უნიკალურები ვართ. როგორც ჩანს, მოგვენატრა აშშ-ს საელჩოს კედელთან რუსი „ტერორისტის“ მიერ ბომბის დადების ისტორია, აფხაზეთის საზღვართან დამწვარი ავტობუსი, წითელსოფელთან რუსეთის მიერ „ჩამოგდებული“ ბომბი, … .

ეს და სხვა მრავალი პროვოკაციული აქტი უხვად იყო სააკაშვილის მმართველობის დროს. მიზანი — რუსეთის გაშავება. რეჟისორი — აშშ-ს გარკვეული ძალები. ისინი დღესაც არ ისვენებენ. თუ მართლაც მოგვენატრა ცეცხლთან თამაში, პროვოკაციული გამოხდომები, ტერიტორიების დაკარგვა, ახალგაზრდების ხოცვა — მხარი დავუჭიროთ სააკაშვილს, ოქრუაშვილს, უგულავას, სხვებს და სხვებს ახალი ფათერაკების დატრიალებაში.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი